Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ოქროპირიძე- აჭარა IV

 

უჩა ოქროპირიძე

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X– 1994.III)

თავი I

 

თავი IV. აჭარა “იმედის” არჩევნებიდან უიმედო არჩევანამდე
(1992.XI.10 – 1994.I.03)

 

აჭარაში არც თუ ცოტა გაკეთდა ანტისახელმწიფოებრივი და პუტჩისტური ძალების მხილებისა და მათი სიკეთის გზაზე დაბრუნების მიზნით, მაგრამ აღნიშნული ძალები ყრუნი დარჩნენ გონიერების ხმისადმი, ისინი ისევ მისტიროდნენ ხუნტის ხელისუფლების აჭარაში გაუვრცელებლობას. თამაზ დიასამიძე ამის შესახებ შემდეგნაირად მოსთქვამს: “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახორციელებს კონტროლს აჭარაში, რომლის მთავრობაც ბევრ უკანონო დადგენილებას იღებს, რაც საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება… სასიცოცხლო არტერიაა აჭარა, სადაც ვიმეორებ, საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს კონტროლს საზღვაო სივრცეზე, საბაჟოზე… ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტი, სახელი, ენერგიულობა აშკარად გამოჩნდება ამ საკითხის მოგვარებაში, მაგრამ მე ჯერ ვერ ვხედავ აჭარის მიმართ რაიმე პროგრესს. აქ სრული მიშვებულობა და უკონტროლობაა. მე ვხედავ პრიორიტეტული მიმართულებებია სამაჩაბლოში და გნებავთ აფხაზეთში, მაგრამ არ შეიძლება რომელიმე რეგიონის მიტოვება, იმის მოტოვება, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებისაგან მაგზე დგომით ბანანების სახელმწიფოს ქმნის ფეოდალური ურჩობით, ამას ამტკიცებს აჭარის დღევანდელი ხელისუფლება…” [167] აი, ისტორიული პროცესების მათეული ხედვა – ხელოვნურად ცეცხლში გახვეულ აფხაზეთში და უკვე დაგომისის გარიგებით გასხვისებულ სამაჩაბლოში პრიორიტეტებს რომ დაინახავ კაცი და მათ ბედს რომ მისტირის აჭარისათვის, რა შეიძლება ამას ეწოდოს?! ალბათ პოლიტიკური სიბრმავე და სიბარიტიზმი ამაზე შორს ვერ წავა, რადგან თურმე, ყველაფერი შეიძლება გამოიყენო შენი უდღეური ამბიციების გასამართლებლად. ამის გამო მათ სამართლიან შეფასებებსაც ეკარგება ქმედითობა, რადგანაც ისინი საქართველოში 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას ძირითადად ისევ მხოლოდ აჭარაში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. [168, გვ. 1] მაგრამ აჭარაში იყვნენ ძალები, რომლებიც ობიექტურად აფასებდნენ საქართველოში შექმნილ ურთულეს ვითარებას და აქიურად მოქმედებდნენ საერთო ქართული ინტერესების შესაბამისად.

საკმაოდ მიზანმიმართული იყო აჭარაში მოქმედ ეროვნულ პოზიციებზე მდგარი ძალების მუშაობა საქართველოში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის ანალიზისა და ძალადობით მოსული უკანონო ხელისუფლების ანტიეროვნული საქმიანობის მხილების თვალსაზრისით. ბევრი რამ კეთდებოდა რათა ადგილობრივ მოსახლეობაში დროულად გავრცელებულიყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მხარდამჭერთა იდეები. სისტემატიურ ხასიათს ატარებდა ამ იდეოლოგიის გამტარებელი პრესისა და ინფორმაციის გავრცელება. აქ ჯერ კიდევ 1992 წლის ზაფხულსა და შემდგომაზე აქტიურად ხდებოდა ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციის პროცესი და ამავდროულად ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული ხსნისა და დაუმორჩილებლობის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ეროვნული მოძრაობის ცნობილმა აქტივისტებმა ნინო ნოღაიდელმა, ნიაზ მალაყმაძემ, ნოდარ შარაძემ, ლამარა კერვალიშვილმა, გიორგი ჯიჯავაძემ, ლევან დუმბაძემ, ნუნუ ქაჯაიამ და სხვებმა. აღნიშნულმა ჯგუფმა მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან (მათგან ნინო ნოღაიდელი, ნიაზ მალაყმაძე, დალი ხიდაშელი, ბადრი სარჯველაძის თანხლებით ჩავიდნენ გროზნოში პრეზიდენტ გამსახურდიასთან) და აჭარაში გააჩაღეს აქტიური მუშაობა ეროვნული მოძრაობის ძალთა გაძლიერება-განმტკიცებისა და აქ, ადგილზე კანონიერი ხელისუფლების მომხრე ორგანიზაციების ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ აჭარის ხელისუფლების ელიტაშიც იყვნენ ძალები, რომლებიც აშკარად თანაუგრძნობდნენ ეროვნულ ძალთა ამ ძალისხმევას. სწორედ ერთ-ერთი მათგანის (აჭარის მაშინდელი უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე) ცისანა ანთაძის დამსახურებაა ის, რომ 1992 წლის 10 დეკემბერს აჭარის რადიოში გავიდა საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ყველა დანაშაულთა მამხილებელი გადაცემა, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოს საინფორმაციო სივრცეში, და რისთვისაც აჭარის რადიო-ტელევიზიის ორმა თანამშრომელმა რუბენ ბურჭულაძემ და ზეინაბ ფილიპოვამ მიიღეს დისციპლინარული სასჯელები (ზ. ფილიპოვა კიდეც დაითხოვეს სამსახურიდან). მოხსენებას, რომელიც გადაცემაში გავიდა ერქვა – “თქვენდამი სიყვარულის სახელით”, და იგი შემდეგ გაზეთმა “აღდგომა” გამოაქვეყნა სათაურით – “მძევლები”. [169] მასში ნათქვამია: “შევარდნაძის ფარულ თუ აშკარა მიზნებში… უპირველეს ყოვლისა შედიოდა და შედის ქართული ეროვნული მოძრაობის იდეისა და მისწრაფების საბოლოო დევალვაცია-ჩაკვლა, ქართველი ხალხის კვლავ დამონება და მისი დარწმუნება იმაში, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა, ჯერჯერობით მაინც, არ შეუძლია (აბა დააკვირდით რა მიზანსწრაფულად კეთდებოდა და კეთდება ყველაფერი ამისათვის). მან ჩვეული ოსტატობითა და მზაკვრობით მოახერხა ამ საქმეში ყოფილი ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა ფრთის ჩათრევა ისე, რომ მათ უკან დასახევი გზა თითქმის აღარა აქვთ და ისინი გახდნენ კიდეც მისი ნების ყურმოჭრილი აღმსრულებლები ნეობოლშევიზმის ლეგიტიმური რეანიმაციის საქმეში… მაგრამ იგი არ ენდობოდა და არც ენდობა “ეროვნულ ძალებს” და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეემზადებინა დასაყრდენი საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მისი საბოლოო გაბატონებისათვის. სხვათა შორის მეტად ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობისთანავე რუსის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მოუხსნეს და ეს ნურავის აკვირვებს, რადგან სამხედრო პუტჩის დროს ფაქტიური მოკავშირისა და თანამებრძოლების ოკუპანტის სტატუსში დატოვება თავიანთი თავის იმავე სტატუსში აღიარების ტოლფასი იქნებოდა… ამასთან… როცა სისხლისაგან ცლიან ქართულ ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს, ამხანაგი ედუარდი ათასგვარ ტრიუკს მიმართავს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულ შემცდარ თუ აშკარა მტერს ეს პროცესი გაუადვილოს. ეტყობა ბატონი ედუარდი გათვალისწინებული აქვს რა, რომ ეროვნული შეიარაღებული ძალები თავისი საბოლოო მიზნის მისაღწევად შეიძლება არ გამოადგეს, იმზადებს ახალ ძალებს ხელისუფლების ძალით შენარჩუნების შემთხვევისათვის. მერე კი 1921 წლის ამბებივით 70 წელი არკვიე რა მოხდა. აღარაფერს ვამბობთ ფაქტიურად დაკარგულ სამაჩაბლოზე და ომის ცეცხლში ხელოვნურად გახვეულ აფხაზეთზე, რაც მას ზუსტად ქართველებისათვის მათი უსუსურობისა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის შეუძლებლობის ფსიქოზის განვითარებისათვის სჭირდებოდა, რადგან იგი ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი, ბედს დამორჩილებული ფარასავით შედენოს ე.წ. “სნგ”-ში…“, – აღნიშნულია მიმართვაში, – (რაც სამწუხაროდ, ზუსტად ამგვარად იქნა რეალიზებული – უ.ო.) და ბოლოს, მათი ჭეშმარიტების გზისკენ მოსაბრუნებლად გაკეთებულია შემდეგი მოწოდება, – “…თქვენდამი სიყვარულის სახელით, ყველას ერთად უნდა შეგახსენოთ, რომ არ არსებობს შეცოდება, რომელიც ღმერთისა და თავის წინაშე გულწრფელი მონანიებით არ მიეტევება მოკვდავს. ხოლო თუ კიდევ ამ გზით გააგრძელებთ გზას, თავად განსაჯეთ სად მიგიყვანათ და სად მიგიყვანთ ასეთ შემთხვევაში საკუთარი სინდისის კარნახის წინააღმდეგ სვლა. თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ქართველები, საქართველოს მსახურებისათვის გაჩენილი სულები ხართ. დასძლიეთ ამბიციები და დაუბრუნდით დედის წიაღს, აკეთეთ მხოლოდ საქართველოს საქმე…” [იქვე, გვ. 4, 6]

1993 წლის დასაწყისში გააქტიურდა აქციები ბათუმში, რის შესახებაც გაზეთ “საქართველოს სამრეკლოს” 1993 წლის 2 თებერვლის პირველ გვერდზე იტყობინებიან, რომ “სამწუხარო ცნობა მოვიდა ბათუმიდან – დაარბიეს სტუდენტთა მჯდომარე აქცია და დააპატიმრეს აქციის 6 მონაწილე.” [170, გვ. 1]

1993 წლის დასაწყისშივე გაკეთებულ გამოსვლაში პრეზიდენტმა გამსახურდიამ გააკეთა განცხადება, რომ “ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომაც უნდა დავიმსახუროთ უკეთესი… ასე, რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩენია… მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.

საქართველოს იხსნიან მისი ჭეშმარიტი შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი.” [171]

 იმავე გაზეთის საიუბილეო წერილში (გაზეთის “ქართული აზრი” პირველი ნომერი გამოვიდა 1992 წლის 26 იანვარს) დასმულია კითხვა: “…რაში ვეძიოთ საქართველოზე თავსდატეხილი უბედურების სულიერი მიზეზები?” – და იქვეა პასუხიც; რომ “გამოვიჩინოთ უმაღლესი ვაჟკაცობა, ვიყოთ პირუთვნელნი და თვალი გავუსწოროთ ჭეშმარიტებას – უმთავრესი მიზეზი ჩვენში ძევს!” – მართებულად შენიშნავს გაზეთის რედაქცია და განაგრძობს, – “თითოეულმა ჩვენგანმა ვკითხოთ საკუთარ თავს – ყველაფერი გავიღეთ საქართველოს თავისუფლებისათვის? სრულად ავიღეთ ის პასუხისმგებლობა, რისი ზიდვის უნარიც შეგვწევდა? ვიყავით მაქსიმალურად მომთხოვნი ჩვენივე თავის, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოაზრეების მიმართ? თუ ერთ ადამიანს გადავაბარეთ თითოეული ჩვენგანის საკეთებელი საქმე, გული დავიმშვიდეთ და არხეინობა მოგვეძალა?..

დღევანდელი ხუნტა ოდენ იარაღია განგების ხელში. ესენი გაცამტვერდებიან და გაქრებიან, მაგრამ ჩვენ თუ არ დავრჩით ღირსეულნი, განვლილმა თუ არაფერი გვასწავლა, ისევ სხვას თუ გადავაბარეთ ჩვენი საკეთებელი და რაც მთავარია, ისევ ოდენ სხვის სიგლახეს თუ დავაბრალეთ ჩვენი უბედურება და საკუთარ ცოდვათა განცდა არ გვექნა, ხუნტას სხვა ავაზაკები შეცვლიან… “ [იქვე] ამასთან პრეზიდენტი გამსახურდია გაზეთ “საქართველოს რესპუბილიკის” მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში პირდაპირ მიუთითებს, რომ “საჭიროა ვამხილოთ და დოკუმენტურად დავასაბუთოთ, რომ დღეს საქართველოში არის არა მხოლოდ ანარქია, უკანონობა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, არამედ ავაზაკების მმართველობა, ავაზაკების დიქტატურა. უნდა გაირღვეს საინფორმაციო ბლოკადა, რომელშიც მოგვაქციეს ბუშებმა, ბეიკერებმა, გენშერებმა და სხვებმა… ახლა საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით. ამის გარეშე ვერასოდეს აღდგება კანონიერი ხელისუფლება…” [იქვე, გვ. 2] 1993 წლის 23 იანვარს ინგლისში ჩატარდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების ინგლისის სექციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია “დასავლეთი აჯილდოებს რეპრესიულ რეჟიმებს”, რომლის მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებები საქართველოში. მის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში ბატონმა მარკ ალმონდმა აღნიშნა, რომ “საქართველოში იანვრის გადატრიალებას და შევარდნაძის მოსვლას ხელისუფლების სათავეში მოჰყვა უსასტიკესი ტერორი და რეპრესიები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი მიესალმა საქართველოს ახალ რეჟიმს, რითაც უგულებელყო საკუთარი დებულებანი და წესები, რომლებიც ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსაგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ელემენტარული სტანდარტების დაცვას მოითხოვს.” [170, გვ. 1] ხოლო ფინელ დამკვირვებელთა მოხსენებაში საქართველოში 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნები, შეფასდა როგორ დემოკრატიული არჩევნების პრინციპების დაცინვა, [იქვე, გვ. 6, 12] იგივე მოსაზრება გამოთქვეს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სხვებმაც. ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად კიდევ უფრო დაირაზმა ქართველი ხალხი და გაიზარდა მისი აქტიურობა მის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად. სულ ახალახალი ძალები ებმებიან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში.

ამ ამოცანათა გადასაჭრელად გააქტიურდა ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციის და მასში ახალი ძალების ჩართვისათვის ბრძოლა აჭარაშიც 1993 წლის დასაწყისიდან დაიწყება აქ ნიადაგის შემზადება საქართველოს კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყინდიდელის” შესაქმნელად. 1993 წლის მარტის პირველ ნახევარში შეიქმნა საქართველოს კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების აჭარის სამხარეო ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარეც გახდა რევაზ ნაკაშიძე, მისი მოადგილე ნოდარ შარაძე, ხოლო გამგეობაში შევიდნენ ნინო ნოღაიდელი, ნუგზარ ჩხაიძე, ოთარ გოგოლიშვილი, ზურაბ ცეცხლაძე და სხვები.

1993 წლის 21 მარტს ჩატარდა სრულიად საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, რომელმაც ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩია მაშინ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმის დირექტორი უჩა ოქროპირიძე; ორგანიზაციის გამგეობაში შევიდნენ ნინო ნოღაიდელი, ლამარა კერვალიშვილი, ბეჟან მელუა, ვილენ სხილაძე, გიორგი ჯიჯავაძე, ლევან დუმბაძე და ეროვნული მოძრაობის სხვა აქტივისტები. აღნიშნულ ორგანიზაციებს ირგვლივ უნდა შემოეკრიბა ეროვნული მოძრაობის ძალები აჭარაში და ერთად ემოქმედათ ამ კუთხეში თავიანთი მიზნების განსახორციელებლად, რაშიც უმთავრესად საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად წარმოებული ბრძოლისათვის ხელის შეწყობა იგულისხმებოდა. მათ დაიწყეს მოქმედება აჭარაში თავიანთი სარაიონო ორგანიზაციების ჩამოსაყალიბებლად, ამასთან აქტიურად მონაწილეობდნენ კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად გამართულ ყველა ღონისძიებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ ბათუმში ჩატარებული რამდენიმე წარმატებული აქციის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა და კონფრონტაციისაკენ მიდრეკილება დაეტყო. მანამდე კი, 1993 წლის 24 მარტს, მოხდა აჭარის ჭყონდიდელური მოძრაობის პირველი სამიტინგო ნათლობა ქ. ზუგდიდში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ნინო ნოღაიდელი და უჩა ოქროპირიძე.

სიტყვაში აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნებისა და ღირსების შელახვას ვერავინ შეძლებდა, თუ არა ზოგიერთი ჩვენთაგანის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და სამშობლოს ბედისადმი. ჩვენ რომ დროზე ერთად დავმდგარიყავით მისი ინტერესების დასაცავად ისე, როგორც დღეს ვდგავართ, ჩვენს დამარცხებას ვერავინ შეძლებდა.

ამიტომაც დღეს მაინც უნდა შევიგნოთ ყველაფერი ეს და კანონიერების აღდგენა გამოვაცხადოთ ქართველი ერის ღირსების საქმედ… და სხვა. განვაცხადე, რომ ფაქტიური ხელისუფლება ცდილობს ქართული ცნობიერების დანაწევრებას და ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოს ბედი დღეს წყდება და აქ უნდა შეიკრიბოს ყველა ჭეშმარიტი ეროვნული ძალა (ხელისუფლება ცდილობდა სამეგრელოს ხელოვნურ გამოცალკევებას საერთო ქართული საქმიდან – უ.ო.).

1993 წლის 27 მარტს აჭარის დელეგაციამ უჩა ოქროპირიძის, ნინო ნოღაიდელის, ლამარა კერვალიშვილის, ბეჟან მელუას და სხვათა წარმომადგენლობით მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” პირველი კონფერენციის მუშაობაში.

კონფერენციისადმი მიძღვნილ საგაზეთო ანგარიშში ვკითხულობთ: “1993 წლის 27 მარტს ზუგდიდში შ. დადიანის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა სრულიად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელის” პირველი კონფერენცია… გაწეული მუშაობის და მომავალი გეგმების შესახებ მოხსენებით გამოვიდა მოძრაობა “ჭყონდიდელის” პრეზიდენტი ვალერი გაბელია. თანამოხსენებები წაიკითხეს “ჭყონდიდელის” ცხუმ-აფხაზეთის თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და “ჭყონდიდელის” მწიგნობართა კარის უხუცესმა სერგი საჯაიამ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების თავმჯდომარე მუხრან მაჭავარიანი, გაზეთ “საქართველის სამრეკლოს” რედაქტორი ელიზბარ ჯაველიძე, საქართველის უზენაესი საბჭოს წევრები: ბიძინა დანგაძე, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ავთანდილ რცხილაძე, გია მამფორია, ზაურ ქობალია, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის შექმნილი გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი ვახტანგ ქობალია, საქართველოს ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ დავითაია, ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” გამგეობის წევრი ზურაბ კვარაცხელია, “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე უჩა ოქროპირიძე, კ. გამსახურდიას საზოგადოების ზუგდიდის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რენე კალანდია და სხვ.

კონფერენციამ ცვლილებები შეიტანა ე.პ.მ. “ჭყონდილელის” წესდებაში, “ჭყონდიდელის” ვიცე-პრეზიდენტად დაამტკიცა მწიგნობართა კარის უხუცესი სერგი საჯაია.

სათათბიროს ახალ წევრებად არჩეული იქნენ: უჩა ოქროპირიძე, ჯემალ გამახარია, დავით ქობალია, ავთანდილ ჩიტაძე და როლანდ გაგუა.

კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია.” [172]

აჭარის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის შესვენებისას ზუგდიდის კინოთეატრის წინ, მოედანზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგში.

ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელისა” და კ. გამსახურდიას აჭარის ორგანიზაციებმა ბათუმში თავიანთი პირველი გაერთიანებული აქცია ჩაატარეს 1993 წლის 31 მარტს, რომლის შესახებ საქართველოში პუტჩისტთა ერთ- ერთი რუპორი გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავდა: “31 მარტს ბათუმში თეატრალურ მოედანზე ორგანიზაცია “ჭყონდიდელის” ბათუმის განყოფილებამ ჩაატარა მოტინგი, რომელიც მიეძღვნა 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმს და ექსპრეზიდენტის დაბადების დღეს. მიტინგს დაახლოებით 30 კაცი დაესწრო (გაზეთის კორესპოდენტი ვინმე გოგავა, აშკარად ტყუის, რადგან მიტინგს დაესწრო 1500-მდე კაცი – უ.ო.) გამომსვლელებმა კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. მხარდაჭერა გამოხატეს აჭარის ხელისუფლებსი მიმართ. მიტინგს “ჭყონდიდელის” ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი უჩა ოქროპირიძე უძღვებოდა.” გაზეთი ყველანაირად ცდილობს დააკნინოს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა აღნიშნული აქცია, თუმცა მას საკადრისი პასუხი გაეცა იმავე წლის 9 აპრილს გამართულ მიტინგ-მანიფესტაციაზე, როდესაც ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა “რეზონანსის” კორესპონდენტ გოგავას შესთავაზეს 2000-მდე დათვლა მაინც ესწავლა თუ სხვა არაფერი არ იცოდა და არც ანაღვლებდა. აღნიშნული მიტინგი-მანიფესტაცია მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ბათუმის თეატრალურ მოედანზე გამართული მიტინგის შემდეგ მისი მონაწილენი წინასწარ დაგეგმილი სვლა-გეზით მივიდნენ ქ. ბათუმის ბულვარში “9 აპრილის ცრემლი” მემორიალთან და იქ განაცხადეს (ტექსტს კითხულობდა ზურა ხომასურიძე – უ.ო.): “მუხლს ვიდრეკთ 9 აპრილის უმანკო მსხვერპლთა წინაშე და ვაღიარებთ, რომ იდეალები, რომლებსაც ისინი შეეწირნენ დღესაც ყველა ჩვენთაგანისათვის ძვირფასია. ამიტომაც

ვაღიარებთ, რომ დღეს ქართველი ერის ნება, მისი ღირსება შელახულია და შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი ვიბრძოლო მისი ნებისა და ღირსების აღსადგენად – (ხალხის პასუხი) ვაღიარებთ!!!

ვაღიარებთ, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, რომ ქართველი ერის ნებისა და ღირსების აღდგენა ყველა ჩვენთაგანის წმინდათაწმინდა ვალია – ვაღიარებთ!

ვაღიარებთ ქართველი ერის წინაშე ფაქტიური ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებათ და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისადმი მის გამყიდველურ დამოკიდებულებას – ვაღიარებთ!

ვაღიარებთ, პოლიტიკური მეთოდებით კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობას და ვიბრძოლებთ ამ მიზნის მისაღწევად – ვაღიარებთ!

ვაღიარებთ, რომ კანონიერების აღდგენა არის საქართველოს პოლიტიკური და სულიერი მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტია და დღევანდელი ფაქტიური ხელისუფლება უნდა გადადგეს – ვაღიარებთ!

ამ სამართლიან ბრძოლაში ჩვენთან არს ღმერთი!!! – არს და იყოს!!!”

აღნიშნულ მანიფესტაციაში დისონანსის შეტანა სცადეს მილიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ გარკვეულწილად გადამეტებულია გაზეთში “საქართველოს სამრეკლო” გამოქვეყნებული ცნობაც, რომ ბათუმში “ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაარბიეს მშვიდობიანი ხალხმრავალი მიტინგი.” [174, გვ. 3] ამ ინციდენტის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია 1993 წლის 28 აპრილის ამავე გაზეთში, სადაც ნათქვამია: “1993 წლის 9 აპრილს კ. გამსახურდიას საზოგადოებისა და სრ. საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციებმა გამართეს 1989 წლის 9 აპრილის ხსოვნისა და 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი და შემდეგ – მანიფესტაცია წინასწარ განცხადებაში მითითებული სვლა-გეზით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალისაკენ ქ. ბათუმში.

მანიფესტაციის მსვლელობისას კოლონას თავს დაესხნენ ავტომანქანა “ჟიგულში” (სახელმწიფო #35-24 გგ) მსხდომი აჭარის შ/ს ბათუმის განყოფილების მილიციის მუშაკები: იბრაგიმ ქადაგიძე, ჯამბულ დავითაძე და ბიჭიკო ბოლქვაძე. ისინი მანქანიდან გადმოცვივდნენ და ხალხის წინ სასტიკად სცემეს მანიფესტაციის ერთერთი მონაწილე… შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს შ/ს ბათუმის განყოფილებაში, სადაც… მილიციის უფროსის მოადგილის ზურაბ დიასამიძის კაბინეტში მას კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა…

მიტინგის ორგანიზატორებს მიგვაჩნია, რომ მილიციის ამ მუშაკების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეშად შემლახავი ეს ბინძური პროვოკაცია მიმართულია აჭარის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიცაზიის შენარჩუნების საერთო კურსის წინააღმდეგ და ემსახურება ზოგიერთთა მცდელობას რამენაირად ახალი ძალები ჩაითრიონ აჭარის ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიაში.” [175, გვ. 3] ამავე მიტინგის მიერ მიღებული მიმართვის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: “…გვეყოს გამბედაობა და სიმამაცე, ვაჟკაცურად გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის ნებისა და ღირსების შელახვას ვერავინ შესძლებდა, თუ არა ბევრი ჩვენგანის დანაშაულებრივი დუმილი და უპასუხისმგებლობა მომავლის წინაშე.

ეს აღარ უნდა განმეორდეს!

შთამომავლობისადმი ჩვენი წმინდათაწმინდა ვალია, ქართველ ერს აღვუდგინოთღ შელახული ღირსება და ჩამოვწმინდოთ ეს დიდი ისტორიული სირცხვილი. კანონიერების აღდგენა ქართველი ერის ღირსების საქმეა! გვჯერა, ამ დიდ საქმეში ჩვენს გვერდით დადგება ყველა შეჭმარიტი და ღირსეული მამულიშვილი…” [176]

აღნიშნული აქციები მნიშვნელოვანი ეტაპი იყო აჭარის ეროვნული მოძრაობის ძალთა განვითარება-განმტკიცებისათვის. მისმა ორგანიზატორებმა საქარტველოში გამეფებულ საყოველთაო განუკითხაობისა და ტერორის პირობებში შეძლეს ხალხის ორგანიზება, მათი შიშის დაძლევა და ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის ხალხის დარაზმვა. ბათუმში ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმის ყოფილ შენობაში (ახლა ხელოვნების მუზეუმი) გამართულ საკვირაო შეკრებებზე ხდებოდა ადგილებიდან ჩამოტანილი ვიდეო მასალის ჩვენება, რომელშიც ასახული იყო არა მარტო საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები, არამედ პრეზიდენტის მიმართვები ქართველი ერისადმი იმ დროის საქართველოსათვის მეტად საჭირბოროტო საკითხებზე. აჭარიდან ჩასული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, ხშირად საკმაოდ სოლიდური დელეგაციებითურთ, მონაწილეობდნენ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით გამართულ ყველა პოლიტიკურ აქციაში. აჭარაში ადგილებზე კი ამ იდეების მხარდასაჭერად იმართებოდა საინფორმაციო შეკრებები, მიტინგები და მანიფესტაციები, რომელთაც საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ ტერორისა და ძალადობის აშკარა წაქეზების მიუხედავად აჭარის ხელისუფლება თითქმის არ უპირისპირდებოდა და პირიქით, – ეროვნული მოძრაობის ძალებს ესმოდათ რა იმ პერიოდში აჭარის ხელისუფლების წინაშე მდგარი პრობლემების მთელი სირთულე, ისინი ცდილობდნენ დარჩენილიყვნენ მისდამი ლოიალურ, მაგრამ მისგან დამოუკიდებელ ძალად, რაც გარკვეულ ეტაპზე ამ ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. [იქვე, გვ. 4]

ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი იყო აჭარის დელეგაციის მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ორგანიზაციათა “მრგვალი მაგიდის” გამსვლელ სხდომაში, რომელიც 1993 1, 2 მაისს ზუგდიდში გაიმართა. მას აჭარიდან ესწრებოდნენ ნინო ნოღაიდელი (როგორც საქ-ოს მრგვალი მაგიდის წევრი), ლამარა კერვალიშვილი და უჩა ოქროპირიძე (როგორც სრ. საქ-ოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” წევრები). სხდომაზე დრის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს “მრგვალი მაგიდის” წევრები: ვახტანგ ცაგარეიშვილი, ბიძინა დანგაძე, ვახტანგ ჭითავა, ვალერი გაბელია, მერაბ ჩუხუა, გურამ ისაკაძე, ნინო ნოღაიდელი, ანზორ გვარამია, ზურაბ კვარაცხელია, რობერტ პეტრიაშვილი და სხვები… გამსვლელ სხდომას პირველ დღეს თავმჯდომარეობდა ზაურ ქობალია, მეორე დღეს თენგიზ კიკაჩეიშვილი. [172, გვ. 8-9]

ამავე სხდომებზე მიიღეს “საქართველოს პოლიტ. ორგანიზაციათა “მრგვალი მაგიდის” მიმართვა ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ”, “მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, “მიმართვა კავკასიელი ხალხებისადმი”, “მიმართვა საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირებებისა და პოლიციისადმი”. აგრეთვე ორი განცხადება. [იქვე]

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული მოძრაობის ძალები მონაწილეობდნენ აჭარიდან საქართველოს სხვა რეგიონებში ჩასახლებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაშიც. რადგან ძლიერ გააქტიურდა აჭარაში მოქმედ ეროვნულ ძალთა სამეგრელოსთან ურთიერთობა, განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება ამ რეგიონში, სადაც, როგორც ჩანდა, ფაქტობრივი დანაშაულებრივი ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობდა სიტუაციის დაძაბვას ადგილობრივ მოსახლეობასა და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენსა (იქედან ერთი ოჯახის გარდა ყველა ჩასახლებული უკვე წამოსული იყო) და ხეცერაში ჩასახლებულ ოჯახებს შორის. ინფორმაციის მიღებისთანავე “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციამ ადგილზე ჩასვლითა და ზუგდიდში კანონიერი ხეისუფლების ძალთა თანადგომით, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ეროვნული მოძრაობის ცნობილმა წარმომადგენელმა, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა ზაურ ქობალიამ (კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების 12 კაციანი ჯგუფი ჩააყენეს იმ სოფლების დასაცავად, რომელთა აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებს სპეციალურად თავს ესხმოდნენ ხუნტის ბანდფორმირებების წარმომადგენლები). ეს ფაქტია ასახული სრულიად საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციის დოკუმენტში, სადაც წერია: “მიმდინარე წლის 20 მაისს სრულიად საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” და ჰელსინკის ჯგუფის ინიციატივით ზუგდიდის რაიონის სოფ. ხეცერაში აჭარიდან ჩასახლებული ოჯახებისათვის ჩატანილი იქნა ჰუმანიტარული დახმარება (საკვები პროდუქტები), რომელიც ადრესატთა ინიციატივით მთელ დასახლებაზე გადანაწილდა. მადლიერების გრძნობით უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემები, რომელთა შექმნის მცდელობასაც აშკარად კომუნისტური რეჟიმისდროიმდელი ხელწერა, ხოლო მისი ხელოვნურად გაღვივების მსურველებს პროკომუნისტური პროვოკატორული საქმიანობის დიდი გამოცდილება ეტყობოდათ, ეროვნულ ძალთა თანადგომითა და ერთიანი ძალისხმევით უკვე დაძლეულია.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ხელი გაგვიმართა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და მისი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებაში. ესენია ქ. ბათუმის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პირველი მოადგილე ბატონი თეიმურაზ კომახიძე, თამბაქოს ფაბრიკის დირექტორი ვახტანგ მეხეშიძე, ციტრუსკომბინატის დირექტორი ბატონი პეტრე არძენაძე, რძის კომბინატის დირექტორი ბატონი როლანდ ჩანტლაძე და სხვები.” [177, გვ. 8]

ამავე პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად 1993 წლის 26 მაისის ბათუმში გამართულ მიტინგზე. რომელმაც მასთან დაკავშირებით მიიღო ორი მიმართვა, “აჭარის მოსახლეობას!” და “თანამემამულენო!”

მიმართვაში “აჭარის მოსახლეობას!” ნათქვამია: “საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა. რაც ადრე ვერ მოახერხა კომუნისტურმა რეჟიმმა, დღეს მისი მემკვიდრეები ცდილობენ განახორციელონ. მათ მაშინ ვერ შესძლეს ის, რომ აჭარის მოსახლეობა გამოეყენებინათ თავიანთი შავბნელი ზრახვების განხორციელების იარაღად, საერთო ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩაშლილი იქნა კომუნისტური აგენტურის ყველა მცდელობა აჭარაშიც მიეღწიათ სიტუაციის ისეთნაირი სცენარით წარმართვისათვის, როგორც ეს სხვა ავტონომიურ ფორმირებებში მოხდა. მაგრამ მაშინ აჭარის მოსახლეობას აღმოაჩნდა საჭირო სიბრძნე, მიმდინარე მოვლენებში საღად გარკვევის უნარი და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, არ წამოეგო პროვოკაციას, არ გაყვა მტრის მიერ დაგეგმილი ავანტიურის გზას და პირნათელი დარჩა საერთო ქართული საქმის წინაშე. ყველაფერ ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის აჭარის მოსახლეობას, რომელმაც დრიულად შეძლო ყურისგდება გონიერების ხმისათვის და თავი დააღწია გამოცდილი ხელით დაგებულ მახეს.

რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის საერთო აღმავლობის დროს, მის განხორციელებას ამ მოძრაობის დროებითი, იძულებითი უკანდახევის პერიოდში ცდილობს ძალმომრეობის გზით საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული ხუნტა. მისი აგენტურა ყველა ღონეს ხმარობს, რათა მიაღწიოს აჭარის მოსახლეობის უარყოფით განწყობილებას, აქედან საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში ჩასახლებული აჭარის მკვიდრთა მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების ხელოვნურად გაღვივების გზით და ამის საფუძველზე ნიადაგი მოუზადონ არარსებული “აჭარული სეპარატიზმის” ფარსის გათამაშებას. ხელოვნურად დააპირისპირონ იგი ცალკეულ კუთხეებთან და მით სრულიად საქართველოსთანაც.

…მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული პროკომუნისტური ხუნტის ამ პროვოკაციებს, გამოიჩინოთ მაღალი ეროვნული თვითშეგნება და ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ მტრული ძალების ქმედებას ისევ დავუპირისპიროთ გონიერება და მოთმინება.” [176, გვ. 4] მიმართვაში როგორც ვხედავთ, მოკლედ და კონკრეტულად მხილებულია საქართველოში ხუნტის მიერ წარმოებული მოღალატური პოლიტიკის თითქმის სრული სახე და გაკეთებულია მოწოდება მისი თავიდან აცილების მიზნით. ხოლო მიმართვაში “თანამემამულენო!” ზემოთ აღნიშნული მამხილებელი პოზიციის შემდეგ აღნიშნულია: “…ერმა, რომელსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება, სიბრძნე და გონიერება, ბოლოსდაბოლოს ზღვარი უნდა დაუდოს პროკომუნისტი ვანდალების არნახულ თავხედობასა და უგუნურ თარეშს, არ მისცეს მათ იმის ხელყოფის საშუალება, რასაც მთელი ქართული ეროვნული ენერგია საუკუნეობით ადუღაბებდა.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გამოვიჩინოთ მაღალი ეროვნული თვითშეგნება და არ ვიქცეთ ხუნტის მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციების იარაღად. გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და მით საქართველოს ერთიანობასა და მთლიანობას…” [იქვე, გვ. 4-5]

 უნდა აღინიშნოს, რომ მიტინგზე დაფიქსირებული ასეთი მკვეთრი მამხილებელი პოზიციის შემდეგ ამ მიმართულებით ხუნტის მცდელობანი საკმაოდ შესუსტდა, თუმცა არ შეწყვეტილა. ხოლო რაც შეეხება აჭარაში მოქმედ ეროვნული მოძრაობის ძალთა დამოკიდებულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა თუ მისი ოპოზიციისადმი მან ასახვა ჰპოვა ჩვენს ინტერვიუში, რომელშიც ნათქვამია: “…აჭარაში მოხერხდა თითქმის ყველა ბუტაფორიული თუ ნამდვილი ძალის გაერთიანება სიმშვიდისა და სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, რაც თავისთავად არ არის ცუდი. რაც შეეხება ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, დღევანდელ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში მისი წაყენება არც თუ დიდ სირთულეს წარმოადგენს; მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალის თუ პიროვნების უპირველესი მოვალეობაა ასეთ უმძიმეს პირობებში არ იქცეს დესტაბილიზაციის წყაროდ, რათა ადგილზე, ამ რეგიონშიც არ წამოიწყოს იგივე ავანტიურა, რისი საერთო ქართული საქმის სასარგებლოდ წარმართვა და დაბოლება ადრე მან ვერ შეძლო…” [178]

 თუ ხელისუფლების რა ფორმასთან ჰქონდა საქმე საქართველოში ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული მოძრაობის ძალებს, ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ერთერთი ძირითადი შემმზადებელ იდეოლოგის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ცნობილი წევრის ივლიანე ხაინდრავას წერილიდან – “ხელისუფლების გენეზისი საქართველოში.”, – შეფასებებს:

“…შარშან ახალი წლის მოსვლას დაემთხვა ხელისუფლების სათავეში ახალი ძალების მოსვლაც. 2 იანვარს გამოცხადდა შექმნა სახელმწიფო საბჭოსი, რომელმაც თენგიზ სიგუას დაავალა დაეკომპლექტებინა დროებითი მთავრობა… ოდნავ მოგვიანებით – იანვრის მიწურულს ჩამოყალიბდა საკონსულტაციო საბჭო. თავდაპირველად მასში მიწვეული იყო სულ 39 კაცი, რა პრინციპით, იცის, ალბათ, თენგიზ სიგუამ და შესაძლოა, რამდენიმე მრჩეველმა, რომლებიც კადრს მიღმა დარჩნენ… საკონსულტაციო საბჭოს როლი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძე… 10 მარტს საკუთარი გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭო გარდაიქნა სახელმწიფო საბჭოდ, შევარდნაძე დამტკიცდა მის თავმჯდომარედ, ხოლო… პრეზიდიუმში, მის გარდა შევიდნენ სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი… (ე.ი. პარტიული ნომენკლატურის ელიტარი, წითელი პროფესორი, ბატია დურაჩოკი და კანონიერი ქურდი – ასეთ ნაზავს, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ ჰყოლია ბალთაზარ კოსას შემდეგ, და არც გამოუჩნდება საუკუნეთა განმავლობაშიც კი – უ.ო.) შევარდნაძის გამოჩენამ ძლიერ გაზარდა სახელმწიფო საბჭოში მოხვედრის მსურველთა რიცხვი და შედეგმაც არ დააყოვნა – მისი შემადგენლობა საბოლოოდ გასამმაგდა,” – აღნიშნავს ავტორი და იქვე ცდილობს აღნუსხოს სახელმწიფო საბჭოს მოღვაწეობის შედეგად მიღწეული “წარმატებანი” თუ ნაკლოვანებანი. პირველ მათგანში მოხსენიებულია “11 ოქტომბრის არჩევნების მომზადება და, ავად თუ კარგად ჩატარება.” მაგრამ იქვე მიუთითებს საარჩევნო დებულებების შემუშავებისას გამოვლენილ სრულ თვითნებობასა და განუკითხაობაზე და ამბობს: “რესპუბლიკელთა და დასელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე დამტკიცებული საარჩევნო დებულება ძირფესვიანად შეიცვალა, ხოლო კიდევ რამდენიმე დამატების შემდეგ მან საერთოდ უპრეცედენტო სახე მიიღო… ყოველივე ამან მოგვცა პარლამენტი, რომელშიც მეტნაკლებად გამოკვეთილი პოლიტიკური სახის მქონე პარტიებთან ერთად, თითო-ოროლა კაცით არიან წარმოდგენილი მცირე პარტიები და ადგილობრივი დეპუტატები…”

აი, ე.წ. კონგრესმენთა და “ოპოზიციონერთა” ნამდვილი სახე, მათი ბრძოლის მთავარი მიზეზიც და მიზანიც, რომელიც ასეთი მახინჯი ფორმით იქნა დაკმაყოფილებული შევარდნაძის მიერ, და აი, მათი პასუხისმგებლობის ხარისხიც ქვეყნის წინაშე, რომლის უკეთესი მომავლისათვის თითქოსდა იბრძოდნენ.

ამავე წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული “პარლამენტის” მუშაობის დაწყებისთანავე ე. შევარდნაძე დახუნძლული იქნა ახალ-ახალი უფლებამოსილებებით: “სახელმწიფოს მეთაური – აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – მთავარსარდალი – თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. მისი ერთპიროვნული კომპეტენციის სფერო გახდა აგრეთვე ადგილობრივ ხელისუფალთა – გამგებელთა, ხოლო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში – ადგილებზე სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურთა დანიშვნაც.” ავტორი აქვე აღნიშნავს: “ნიშანდობლივია, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება სისტემატიურად ხდება არა პარლამენტისა ან მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, არამედ თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში, რომელიც ფაქტობრივად იქცევა ქვეყნის მართვა-გამგებლობის განმსაზღვრელ ორგანოდ… პარლამენტი უახლოეს ხანში რეალურად ვერ განახორციელებს მაკონტროლებელ ფუნქციას, მით უმეტეს, რომ დეპუტატთა საკმაო ნაწილს ამის მოთხოვნილება არც კი გააჩნია. დადგენილების გამოცემის უფლება, რითაც სარგებლობს თავდაცვისა და უშიშროების საბჭო, სხვა არაფერია თუ არა საკანონმდებლო ფუნქციების ნაწილის მის ხელში თავმოყრა… თავისთავად ის ფაქტი, რომ შევარდნაძის ხელში ამჟამად თავმოყრილია პრაქტიკულად მთელი შესაძლო ძალაუფლება, სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდი მოხდა. საქმე ის გახლავთ, თუ რისთვის იქნება ეს ძალაუფლება გამოყენებული…” [179, გვ. 1-2] და ამას ამბობს ის ხალხი, ვინც ათასი სიყალბე მოიგონა ზვიად გამსახურდიას დიქტატორად შესარაცხავად, პრეფექტურის ინსტიტუტთან მათი თავგამოდებული ბრძოლის ჩათვლით, – აქ კი სახეზე გვაქვს მთელი სახელმწიფო ხელისუფლების აშკარა უზურპაცია, რაშიც, როგორც ვნახეთ, რესპუბლიკელები ცუდს ვერაფერს ხედავენ. აი, ასეთია, სამწუხაროდ, ამ ძალთა მიერ გამოყენებული ორმაგი სტანდარტი. თუმცა ბატონი ივლიანე აქ აღიარებს, რომ “სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ისევ მისადაგებულია ერთ კაცს, ერთ ხელმძღვანელს, რომლის უნარსა და შეძლებაზე ლამის ყველაფერი არის დამოკიდებული.” [იქვე] ამგვარ ფონზე კი აჭარის ე.წ. ოპოზიციონერ მესვეურთა მიერ ყურადღების ცენტრის აჭარის პრობლემებზე გადატანა და ზემოთ მოტანილ ამბებთან შედარებით ბანალური კითხვის დასმაც კი – “არის თუ არა აჭარის დღევანდელი ხელისუფლების კურსი სეპარატისტული?”, [179 ა] – რბილად რომ ვთქვათ, ტენდენციურია, რადგან საქართველოში ხუნტისტური მმართველობის ერთპიროვნული დიქტატურისაგან აჭარის მმართველობა დიდად არაფრით განსხვავდებოდა, და თუ მისი ძალადობრივი ზეწოლისაგან თავის დაცვას ახერხებდა, ეს მის ღირსებად უნდა ჩაითვალოს და არა ნაკლად, რადგან ამ ძალადობის შედეგები საყოველთაოდ ცნობილია (დღეს მაინც) საქართველოში.

სადამდე მიიყვანა ქართული საზოგადოება საქართველოში ხუნტის მოღვაწეობის შედეგად შექმნილმა ატმოსფერომ, ამის ადექვატურ სურათს გვაძლევს პროფესორ გივი გაჩეჩილაძის სტატია – “ზნეობისა და კანონიერების შესაბამისობა”, – რომელშიც ავტორი აღნიშნავს: “დღევანდელი პარლამენტის ყველაზე გავლენიანი ნაწილი, რომელიც გუშინ სახელმწიფო საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კრინტს არ ძრავდა ადამიანის ძირითად უფლებათა უკიდურესად უხეშ დარღვევებზე, რაც მიტინგების სისხლიანი დარბევით, უდანაშაულო მომეტინგეთა არც თუ მცირე რაოდენობის დაღუპვითა და მრავალი მათგანის რეპრესიებით აღინიშნა. აი, ასეთი ამბების მოწმე, თავისი დუმილითა და პასიური პოზიციით გარკვეულწილად ხელისუფლების უკიდურესად რეპრესიული პოლიტიკის წამაქეზებლები, დღეს გამოდიან კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს უმძიმესი დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოში შემოგზავნილი დაქირავებული ბანდიტების სკივდილით დასჯას. როგორი ალტერნატივაა?”, – კითხულობს ავტორი და განაგრძობს, – “დაუნდობელი ანგარიშსწორება თვისტომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და ლმობიერება და მიმტევებლობა არაადამიანიური სისასტიკით და ველური სადიზმით მებრძოლ გარეშე მტერთან? იქნებ ჩვენ ისეთ ერად გადავიქეცით, რომელსაც თვითლიკვიდაცია უფრო ეხერხება, ვიდრე თავდაცვა გარეშე მტრისაგან?” [180] – ავტორის ეს პასაჟი ყველაზე მეტყველი დადასტურებაა შევარდნაძის რეჟიმის მიერ საქართველოში გაბატონებული მაზოხისტური ზნეობრივი ატმოსფეროს დასახასიათებლად – დაუნდობელი ბრძოლა შიგა ეროვნული ძალებისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და გაუგონარი მიმტევებლობა ჩვენი ქვეყნის აშკარა მტრებისადმი.

1993 წლის 5, 14 და 28 აპრილს ქალაქ თბილისში, ასევე 28 აპრილს ქ. სამტრედიაში დარბეული მშვიდობიანი მიტინგების შესახებ, რომლებიც მოითხოვდნენ შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომას და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას, განცხადება გააკეთა მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, [181] რომელსაც პროტესტით გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდიას აჭარის ორგანიზაციის გამგეობაც. მასში ნათქვამია “1. შეწყდეს “დემოკრატ” ხელისუფალთა მიერ საკუთარ ხალხთან ძალისმიერი მეთოდებით ლაპარაკი, მათი ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული ქმედებები, 2. შეწყდეს განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნა-რეპრესიები… 3. ბოლო მოეღოს პოლიტპატიმართა წამებას და დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ისინი. 4. …გადადგეს ფაქტიური ხელისუფლება. 5. საქართველოს დაუბრუნდეს დევნილი პრეზიდენტი და აღდგეს კანონიერი ხელისუფლება.” [182, გვ. 14]

კანონიერების აღდგენის მოთხოვნით გაიშალა აქტიური მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 103 თანამშრომლის მიმართვისადმი მხარდაჭერამ საქართველოში საყოველთაო ხასიათი მიიღო, რამაც ფაქტობრივი ხელისუფლება დიდ საგონებელში ჩააგდო და ამ მიმართვაზე ასეულ ათასობით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეჩერება მან მხოლოდ იმით მოახერხა, რომ გაზეთი “იბერია-სპექტრის” გამოცემა, სადაც ეს ხელმოწერები ქვეყნდებოდა, კარგა ხნით აკრძალა. [183] საქართველოში აღნიშნულ მიმართვას ერთერთი პირველი გამოეხმაურა აჭარაც. სრულიად საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერდნენ უჩა ოქროპირიძე, ნინო ნოღაიდელი, ლევან დუმბაძე, გ. სვანიძე, გელა დუნდუა, თემურ ბერიძე, მ. ქვილითაია, მანანა ჩხიკვაძე, ლამარა კერვალიშვილი, ანზორ გვარამია, გიორგი ჯიჯავაძე და სხვები, აღნიშნულია: “სრულიად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაცია მხარს უჭერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 103 მეცნიერისა და თანამშრომლის მიმართვას ედუარდ შევარდნაძისადმი.

მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მის გადადგომას მოჰყვება ყველა დაპირისპირებულ ძალთა შერიგება და ურთიერთნდობის აღდგენა.

თუ ბატონი ედუარდი მართლა ფიქრობს საქართველოს გადარჩენაზე, ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიმოქმედებს.” [იქვე, გვ. 2]

ანალოგიური განცხადებით მიმართა ედ. შევარდნაძეს კ. გამსახურდიას საზოგადოების აჭარის ორგანიზაციამაც. მასში აღნიშნულია, რომ “სამხარეო ორგანიზაციის წევრები ვთვლით, რომ მიმართვაში დაყენებული მოთხოვნა ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შესახებ იხსნის საქართველოს და მის ერს გადაშენებისაგან. მხოლოდ კანონიერების აღდგენა საფუძველია თავისუფალი, დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის.” – ქ. ბათუმიდან მიმართვას ხელს აწერენ რევაზ ნაკაშიძე, ნოდარ შარაძე, ნუგზარ ჩხაიძე, ნათელა ასკურავა, ანგელინა გაბრიაძე, ნათელა სულავა და სხვა, ხოლო ქობულეთიდან მაყვალა ბუკია, მანანა ანთაძე, თაიგულ გვასალია, ლამზირა და გულიკო ოქროპირიძეები, იასგულ მჟავანაძე, ჯონი კუტალაძე, ნოდარ მამისაიშვილი, ნაილა ჩელებაძე, ნანა ოქროპირიძე, ოთარ ნაკანი, გივი ცივაძე, ნოდარ მამულაძე და სხვები. [184, გვ. 2]

ამავე პერიოდში უნდა აღნიშნოს, რომ ქართული პრესის ფუყრცლებზე იბეჭდებოდა აჭარიდან გაგზავნილი მამხილებელი წერილები, რომლებშიც ასახვას პოულობდა საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ განვითარებული მოვლენები; 1993 წლის 18-24 მაისის გაზეთში “იბერია-სპექტრი” რუბრიკის ქვეშ – “წერილი ბათუმიდან” – გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოში ხუნტის მიერ ჩადენილი თითქმის ყველა დანაშაულთა მხილების შემდეგ საუბარია აჭარის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, მასში ნათქვამია: “…კარგად ვხედავთ, რომ პუტჩისტური მმართველობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა საბოლოოდ გათიშოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს საქართველოს ცალკეული რეგიონები და მათ შორის აჭარაც… დღეს აჭარაში შედარებით სიმშვიდეა (თუ შეიძლება დღევანდელ საქართველოში საერთოდ სიმშვიდესა და მშვიდობაზე ლაპარაკი), რომელსაც ზოგიერთები “შეიარაღებულ მშვიდობას” უწოდებენ. მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ მაშინ, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეიარაღებული კრიმინალური ბანდები დათარეშობენ… სიმშვიდისა და მშვიდობის დაცვა-შენარჩუნების სხვა რა გზა ესახებათ, ან თვითონ რა ძალებს დაუპირისპირებდნენ ქვეყნის საძარცვავად აღმდგარ შეიარაღებულ ბრბოებს, რომელთაც უკვე რამდენიმე გზის გადაჭამეს და მოიალაფეს თითქმის მთელი საქართველო. თუ აქაოდა, აჭარა “განსაკუთრებული” რეგიონია და ხელი არ ვახლოთო, – ამგვარად ნამუსზე შეგდებით მოულბობდნენ გულს ძარცვა-გლეჯის დაკანონებით გაქსუებულ და სხვისი ქონების განუკითხავ მიტაცებაზე კბილებდალესილ არამზადებს??!!

არა ბატონებო! ისინი, ვინც თუნდაც ერთხელ დაუმსახურებლად შეურაცხყო თანამოძმე და არ მოინანია, ან მას ძალადობით წაგლიჯა თუნდაც ერთი გროში, საქართველოს და ქართველების ინეტერესების დამცველებად არსად გამოდგებიან… ამიტომაც ისინი, ვინც საქართველოს საზღვრებში მათი შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობის მომიზეზებით, მათი აჭარაში შემოყვანის აუცილებლობაზე ყბედობენ, საერთი ქართული საქმის კეთილმოსურნეებად არ შეიძლება ჩაითვალონ…

 …უკვე წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ბევრ რამეს გაურკვევლობის ბურუსი აბუნდოვნებდა და მასზე დაფუძნებული დემაგოგიისა და დეზინფორმაციის გზით დეზორიენტაციის შეტანა შესძელით საერთო ქართულ ეროვნულ საქმეში… საკმაოდ ცნობილია თქვენი “მზრუნველობა” და მის გამო ატეხილი ფაციფუცი აჭარის გარშემოც და რადგანაც თქვენი ამ “მზრუნველობის” შედეგები მთელს საქართველოში სახეზეა, ამიტომაც გაფრთხილებთ, რომ ყოველი თქვენი ნაბიჯი, რომელიც აჭარაშიც გამოიწვევს დესტაბილიზაციისა და ქაოსის სტიმულირებას, შეფასდება როგორც ამ რეგიონის მოსახლეობისა და საქართველოს მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული გამყიდველური ქმედება, რომლის ავტორებიც დაუყოვნებლივ მიიღებენ საკადრის პასუხს.

ჩვენ მაინც გვინდა გვჯეროდეს… ახალი ავანტიურებისაგან თავს შეიკავებთ, სულ მალე დაიწყებთ ჭეშმარიტი ტაძრისაკენ დასაბრუნებელი გზების ძიებას… და თქვენს თავთან ერთად გადაარჩენთ საქართველოსაც…” [183, ოქროპირიძე უ., ვერ გაგიმეტე ძმაო, გვ. 11] – ნათქვამია წერილში.

ეროვნული მოძრაობის ძალთა ერთიანი ძალისხმევით სოლიდარული მიტინგი- მანიფესტაციით აღინიშნა ბათუმში 1993 წლის 26 მაისი. აღნიშნულ აქციაზე მიღებულ რეზოლუციაზე ხელი უნდა მოეწერათ სრულიად საქართველოს ე.პ.მ. “ჭყონდიდელის”, ჰელსინკის კავშირის, ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის, წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების აჭარის ორგანიზაციებს; მაგრამ პირველი ორი ორგანიზაციის გარდა, დანარჩენებმა ადრევე შეთანხმებულ მიტინგზე მიღებულ რეზოლუციის ტექსტს ხელი არ მოაწერა, რაც ამ ძალთა ურთიერთობაში უკვე შეჭრილი არაჯანსაღი იმპულსების შედეგს წარმოადგენდა. რეზოლუციაში აღნიშნულია:

1. ვიზიარებთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის 103 მეცნიერისა და თანამშრომლის მიმართვის ყველა პუნქტს ე. შევარდნაძისადმი და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას.

2. მოვითხოვთ საქართველოს ფაქტიური ხელისუფლების მიერ ანტიეროვნული საქმიანობის შეწყვეტის და ე.წ. პარლამენტის უპირობო დაშლას.

3. დაუყოვნებლივ აღდგეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფლებამოსილებანი.

4. შეწყდეს მშვიდობიანი მიტინგების დარბევა-დახვრეტები და პოლიტიკური მოტივებით ადამიანთა დევნა-შევიწროება. ქართველ ხალხს მიეცეს მისი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

5. შეწყდეს საპატიმროებში პოლიტპატიმართა წამება, მათი ღირსების შელახვა და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ყველა მათგანი.

6. შეწყდეს ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში.

7. ქ. ბათუმის ერთ-ერთ მაგისტრალურ ქუჩას ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელი.

8. გამოვაცხადეთ რა კანონიერების აღდგენა ქართველი ერის ღირსების საქმედ, მოვუწოდებთ მას გაააქტიუროს მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლა ამ მიზნის მისაღწევად.

სრულიად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელისა” და კ. გამსახურდიას საზოგადოების აჭარის სამხარეო ორგანიზაციებმა დაიწყეს თავიანთი ფილიალების ჩამოყალიბება აჭარის რაიონებში. ქობულეთის რაიონში ამ საქმეს “ჭყონდიდელის” ორგანიზაციიდან ხელმძღვანელობდა რეზო ტაკიძე, რომელსაც მხარში ედგნენ ადგილობრივი პატრიოტები – ნოდარ მამისაიშვილი, სულიკო ვერულიძე, გივი ცივაძე და სხვა, ხოლო ხულოს რაიონში ამავე ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული მოძრაობის ცნობილმა წარმომადგენელმა ვალერი რიჟვაძემ, რომელმაც ამ საქმეში მხარში ამოიყენა ბადრი შანთაძე (შემდგომში ხულოს ორგანიზაციის თავ-რე), თამაზ კოჩალიძე და სხვები.

 კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე ძალები ამ დროისათვის აჭარაში საკმაოდ მომძლავრდნენ და საქართველოში მათი საყოველთაო დევნის პირობებში ბათუმში შესაძლებელი გახდა კონსტანტინე გამსახურდიას 100 წლისთავისადმი სოლიდური საიუბილეო ღონისძიების ჩატარება. ამის შეახებ გაზეთში “საქართველოს სამრეკლო” ნათქვამია: “14 ივნისს ბათუმში ჩატარდა კონსტანტინე გამსახურდიას 100 წლისთავისადმი მიღძვნილი საიუბილეო კონფერენცია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა კ. გამსახურდიას საზოგადოების აჭარის სამხარეო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ რევაზ ნაკაშიძემ… კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ოთარ გოგოლიშვილმა… სიტყვით გამოვიდა… ნოდარ შარაძე.

დარბაზი ფეხზე ადგომით, ივაციებით შეეგება სრულიად საქართველოს კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების პრეზიდენტს ბატონ მუხრან მაჭავარიანს, ვიცე-პრეზიდენტებს ბატონებს: ელიზბარ ჯაველიძეს, თამაზ ვაშაძეს, სოსო სიგუას…” კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მუხრან მაჭავარიანი, ელიზბარ ჯაველიძე, სოსო სიგუა, მოძრაობა “ჭყონდიდელის” პრეზიდენტი ვალერი გაბელია, პოეტი ნოდარ ჯალაღონია, თამაზ ვაშაძე, ბადრი მელაძე და სხვები.

აქვე ნათქვამია, რომ – “ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტმა გელა ნიკურაძემ მოუწოდა აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას – გაწევრიანდეს კ. გამსახურდიას საზოგადოებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კანონიერების, სამართლიანობის აღდგენისათვის უკომპრომისო ბრძოლაში.

დიდმა დარბაზმა ხალხი ვერ დაიტია” [185, გვ. 4] – აღნიშნულია გაზეთში. ამ ღონისძიების ჩატარების საკმაოდ მაღალი დონე განსაზღვრა აჭარის ხელისუფლების პოზიციამაც, რომელიც ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენდა პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც შევარდნაძის ხუნტისტური ხელისუფლების მიერ საქართველოში შემქმნილი აუტანელი ვითარების გამო, ადვილი არ იყო. აი, როგორ ახასიათებს ამ ვითარებას უცხოური პრესა:

“საქართველო შევარდნაძის არჩევამ პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად ვერ შეაჩერა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ავტორიტეტის დაცემა. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი ძალისმიერი პუტჩის შემდეგ ქვეყანაში ბატონობენ შეიარაღებული ბანდები. იმავდროულად შევარდნაძე აქტიურად ეწევა ყოფილი კომუნისტური აპარატის აღდგენას… გამოყენებულია ექს-საბჭოთა კავშირისათვის ტიპიური პროკომუნისტური შერევა სახელმწიფო მონოპოლიისა და მაფიოზური ბანდების ბაზარზე, სადაც ძლიერი პიროვნებები ნადავლს ერთმანეთში ინაწილებენ…”, [183, რას წერენ ჩვენზე ევროპაში, გვ. 12] – აღნიშნულია გაზეთ “ნოიე ციურიხერ ცაიტუნგის” 1993 წლის 8-9 აპრილის ნომერში. ხოლო ამავე გაზეთის 13 მაისის ნომერში ნათქვამია: “234 ნომინალურ დეპუტატთა შორის, რომელნიც 26 პარტიად და მოძრაობად არიან დაჯგუფებულნი, არის ოთხი ყოფილი კომპარტიის ცკ-ის მდივანი, ყოფილი ცკ-ის რამდენიმე წევრი, საერთოდ ყოფილ პარტიულ ფუნქციონერთა არაპროპორციულად მაღალი წილია. საქართველოში დღეს ისევ განუყოფელად ბატონობს ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა, თანაც იმდენად, რომ შევარდნაძემ “კგბ”-ც ააღორძინა “დაზვერვისა და ინფორმაციის სამინისტროს” სახით…

მთავრობის მეთაურის მოადგილე რომან გოცირიძე და შევარდნაძისადმი მეგობრულად განწყობილი დეპუტატი ირინა სარიშვილი – ედპ-ის ლიდერის გიორგი ჭანტურიას მეუღლე – იძულებულნი არიან აღიარონ, რომ საქართველოში დღეს განუკითხაობა და ქაოსი ბატონობს. ი. სარიშვილს თუ დავუჯერებთ,“ – აღნიშნავს გაზეთი – “ამას ემატება კონფლიქტი აფხაზეთში, პირველ რიგში იოსელიანის და კოტოვანის შეიარაღებულ ბანდებს რომ აწყობს, რომელნიც მშვიდობიან და სტაბილურ ვითარებაში ძალაუფლების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდებიან. ბ-ნი გოცირიძე და ქ-ნი სარიშვილი იმასაც აღიარებენ, რომ ეკონომიკის მართვაც აგრეთვე მნიშვნელოვანწილად ბანდების ხელშია.

მაშ, რატომ უჭერენ ეს პირნი მხარს შევარდნაძეს?”, – კითხულობს გაზეთი და იქვე პასუხობს, – “ყველაფრის გასაღებია სიტყვა “ფარდობითობა”. სახელმწიფოს მეთაური (ასე თვლის ქ-ნი სარიშვილი) ერთადერთი მასტაბილიზებელი ფაქტორია, უიმისოდ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. “ის რომ წავიდეს, სხვები გაიმარჯვებენ” – და ის მხოლოდ გამსახურდიას კი არ გულისხმობს, არამედ ამ ბანდების მეთაურებს, მათ შორის კიტოვანსა და იოსელიანს,” – აღნიშნავს გაზეთი და ბოლოს აკეთებს ასეთ დასკვნას: “ალბათ შევარდნაძე მართლად მასტაბილიზებელი ძალაა, მაგრამ ის ასტაბილებს ანარქიას, ნეოკომუნისტურ ოლიგარქიას და – თუნდაც აფხაზეთის მაგალითზე – აშკარა სამხედრო აგრესიას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა წინააღმდეგ.

საქართველოში ამჟამად ბევრად უფრო ნაკლები დემოკრატიაა, ვიდრე “დიქტატორად” მონათლული გამსახურდიას დროს და ამაზე შევარდნაძე არის პასუხისმგებელი”, [184, რას წერენ ჩვენზე ევროპაში, გვ. 6] – აღნიშნავს გაზეთი.

ასეთ უმძიმეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში აჭარაში მოქმედმა ეროვნული მოძრაობის ძალებმა საქართველოში კანონიერების აღსადგენად გასაწევი მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებისათვის საჭიროდ მიიჩნიეს ბათუმში მაშინ არსებული საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე შეექმნათ პროპაგანდა-აგიტაციის ცენტრი “შავლეგო”, რომლის წესდების პროექტის მუხლში მიზნები და ამოცანები, ნათქვამია:

“ქართული ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე კავშირი მიზნად ისახავს ეროვნული თვითშეგნების ყოველმხრივ აღორძინებას, საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისთავადობის დაცვას, მშვიდობიანი ფორმებით სამართლიანობის და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.” მაგრამ ეროვნული მოძრაობის შიგნით წამოჭრილი წინააღმდეგობის და აჭარის ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოზიციის გამო ეს წამოწყება ჩაიშალა.

საქართველოში ფაქტობრივი ხელისუფლების შესახებ მამხილებელი წერილები გამოაქვეყნეს უცხოელმა ჟურნალისტებმა, – იოჰან მიქაელ გინტერმა და ფელიქს შულცმა, ვანდა ვანზიდლერმა, ანდრეას ერბერმა, მათიას ვალენტინმა და სხვებმა. [186, გვ. 8] პირველი ორი თავიანთ ჟურნალში “Dიე Dრეი” წერენ: “…ყოველ ღამეს ავტომატის გაბმული ჯერის ხმა გვესმის. ერთხელ ვიღაც სწორედ ჩვენი ფანჯრების წინ მოკლეს. დღეს თბილისში სხვადსხვა ჯურის შეიარაღებული ბანდები ბატონობენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ურთიერთს ებრძვიან, ყოველი მათგანი ამჟამინდელ ხელისუფალთა დასაყრდენს წარმოადგენს…

როდესაც გენშერი პრესკონფერენციაზე ადასტურებდა (თბილისში ყოფნისას – უ.ო.), თითქოს ხუნტამ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა, სასტუმროს წინ თავმოყრილი სტუდენტები ხელკეტებით დაარბიეს… ჯეიმს ბეიკერმა როდესაც თბილისში ე. შევარდნაძე მოინახულა, მისი გამოსვლის ბოლო სიტყვები: “მე აქ დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყანა ვპოვე”, ხმამაღლა გადასცეს, რათა ჩაეხშოთ სროლის ხმა, რითაც ხუნტის ბანდები ათიათასიან საპროტესტო დემონსტრაციას არბევდნენ,” – აღნიშნავენ ავტორები და იმავე წერილში ამბობენ, რომ 1991-92 წლის დეკემბერ-იანვრის ამბებს “პარიზიდან ე. შევარდნაძემ “დემოკრატიული რევოლუცია” უწოდა… მოგვიანებით “საქვეყნოდ ცნობილი დემოკრატი” შევარდნაძე ქება-დიდებას ასხამდა ბანდების დანაშაულს, როგორც დიდ წვლილს დემოკრატიულ რევოლუციაში”. მათ სწორედ დემოკრატია დაასამარეს საქართველოში” – მართებულად შენიშნავენ ავტორები და იქვე მოგვითხრობენ ხუნტის ზოგიერთი ფუნქციონერის უშედეგო მცდელობაზე რამენაირად გაამართლოს ხუნტის მმართველობა და უარყოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი, მათ შორის ხალხის მკვლელობანი. ავტორთ მოჰყავთ ასეთი თვალსაჩინოება მათი ტყუილის სამხილებლად, რომ მრავალგზის შეკითხვის მიუხედავად იგი (ვახტანგ გოგუაძეზეა საუბარი – უ.ო.) ვერცერთ გვარს ვერ იხსენებს. დაგვპირდა სიას “არამკვდართა” გვარებით, რაც ვერასგზით ვერ მივიღეთ მიუხედავად ყოველდღიური მოთხოვნისა.

“ზაზა წიკლაური მანქანიდან გადმოვარდა”, ირაკლი გოცირიძის ვაჟი ფსიქიურად არამდგრადი იყო, არაფერია ცნობილი დევნილ პარლამენტართა დაპატიმრების შესახებ.” თვით გამსახურდია? – ზის გროზნოში ლენინის ბიუსტის ქვეშ. იგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, როგორც მოსკოვის იმპერიული ცენტრის შავი ძალების იარაღი. “იგივე გვითხრა მანამდე სანდრო კავსაძემ” [იქვე, გინტერი ი.მ., შულცი, ფ., კავკასიური მოგზაურობის ჩანაწერები] წერენ ავტორები ქართველ ფუნქციონერთა ვირეშმაკული პასუხებით საგონებელში ჩავარდნილნი, რადგან კარგად იცოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ ამ ხალხის უპასუხისმგებლობა და თვითნებობის უსაზღვროება, ძალიან აკვირვებდათ. აქვე თავიანთ სტატიას რამდენიმე დამახასიათებელი შტრიხით ავსებენ: “…გოგუაძის კაბინეტიდან ერთი, ხოლო შევარდნაძის ბიუროდან სამი სართულით ქვევით დღესაც არსებობს ჯერ კიდევ სტალინისა და ბერიას დროინდელი საპყრობილე… მთავარ როლს ოფიციოზის გაზეთებთაბ ერთად სრულებით დეგენერირებული ტელევიზია ასრულებს. თვითდაცვის მიზნით თვეების მანძილზედ თავშეუკავებლად იტყუებიან ისე, რომ მოსახლეობა საყოველთაო საინფორმაციო ფსიქოზმა მოიცვა. გამსახურდიას სახელით ტელევიზია თხზავდა მოწოდებებს, სადაც იგი თითქოსდა პროპაგანდას უწევდა შეიარაღებულ ბრძოლას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველო-ჩეჩნეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ა.შ… ცნებების აბრუნდი საქართველოში გახშირდა. სიცრუე განსაზღვრავს ყოველდღიურობას…” [იქვე] შემდეგ ავტორები ხაზს უსვამენ თუ ცილისწამების რა ფორმებს მიმართავდნენ გამსახურდიას წინაშე, თუ რა უბედურებები დაატრიალეს ხუნტისტებმა სამეგრელოში და ბოლოს მოგვითხრობენ იმ უდიდესი შთაბეჭდილებების შესახებ, რაც მათზე ზვიად გამსახურდიასთან პირად შეხვედრას მოუხდენია.

“ზვიად გამსახურდია, როგორც პოლიტიკოსი, მეცნიერი და პიროვნება, – მოწყვეტილი იქნა საქართველოდან. კითხვაზე – ლიტერატორ-მეცნიერ გამსახურდიასათვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა უნივერსიტეტში დარჩენა, – მან გვიპასუხა: როგორ შემეძლო ჩვენს საზოგადოებრივ მდგომარეობაში შინ ჯდომა და მხოლოდ ცქერა? ადამიანი ქრისტიანი უნდა იყოს არა მარტო სულიერი თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულადაც,” – ყვებიან ისინი და თავიან ძალზე მნიშვნელოვან წერილს ასე ამთავრებენ, – “მიწაზე ისე, როგორც გულმოწყალე სამარიტელი ხედავდა ტანჯვას და მოქმედებდა. მებრძოლი ქრისტიანობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა ქართული კულტურის შინაგან არსს, ურჩხულზე გამარჯვებული წმინდა გიორგის თაყვანისცემაში გაცხადებულს.” [იქვე, გვ. 9]

ასეთი ვრცელი ამონაწერების მოტანა ნაშრომში უცხოეთის წარმომადგენელთა წერილებიდან საჭიროდ ვცანით, იმიტომ, რომ დღევანდელმა ახალთაობამ და უბრალოდ საქმეში ნაკლებად ჩახედულმა ხალხმა ნათლად დაინახონ თუ რა ფორმები მიიღო საქართველოში ეშმაკეულისა და სიკეთის, წარმავალისა და მომავლის გასაგნებულმა ბრძოლამ, – რა დონეზე შეიძლება დაიყვანოს ადამიანი აზროვნების “მესამე მდგომარეობაში” ყოფნამ, და საერთოდ, რას ნიშნავს “ჰომო სოვეტიკუსი” და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს მისი შინაარსის სიღრმისეულმა ხვეულებმა ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობების გადაგვარებაში. ასეთ ფონზე კი სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ე. შევარდნაძის 1993 წლის 9 ივნისის განცხადება, რომ “რუსეთი ის რუსეთი აღარაა, გამოიცვალა და “სნგ”-ში შესვლასთან დაკავშირებით უნდა მოეწყოს რესპუბლიკური რეფერენდუმი”, რამაც საქართველოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ქართველმა ახალგაზდრობამ პირდაპირ განაცხადა: “რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ ე. შევარდნაძის განცხადება.

მეგობრებო, გაერთიანებული ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი პასიურობით არ დაიკარგოს ის, რის მოპოვებასაც ჩვენის თანატოლების სიცოცხლე შესწირეს.” [185, გვ. 15]

აი, ასე ანგრევდა და ანადგურებდა ე. შევარდნაძე ქართული ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაგარის, და ამიტომაც იბეჭდებოდა უცხოურ პრესაში მის შესახებ სტატიები ასეთი სათაურებით: “მომაკვდავი დემოკრატია საქართველოში, – შევარდნაძე – ბანდიტური ძალაუფლების მომხვეჭელი”, [187, გვ. 12] “ქართველი ხალხი ვერაგობის და ცინიზმის მსხვერპლია” [184 ა, გვ. 6] და სხვა. ამ უკანასკნელ სტატიაში “სოვიეტ ანელისტის” მიერ გაკეთებულ ანალიზში სხვასთან ერთად აღნიშნულია, რომ “როგორც ჩანს, დასავლეთი, მეტადრე შეერთებული შტატები, თავის დროზე დათანხმდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სურვილს, რომ საქართველოში შექმნილიყო მარიონეტული რეჟიმი.” – დროა დასავლეთმა აღიაროს “დოკუმენტურად დადასტურებული ეს უდავო ფაქტი, რომ ჩვენ ვერაგულად ვუღალატეთ ამ მამაც ხალხს და მათ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას. დროა, სადაც ჯერ არს, მთელ მსოფლიოში სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული ამ შეცდომათა აღიარებისათვის”, – ამბობს ჟურნალ “სოვიეტ ანალისტის” რედაქტორი, ქრისტოფერ სტორი და დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებს: “მოიკრიბონ მორალური ძალა, გამოავლინონ კეთილგონიერება და აღიარონ, რომ დასავლეთი საქართველოს უსინდისოდ მოექცა და არ დაკარგოს დრო, ამ ვითარების გამოსასწორებლად…” [იქვე]

ამავდროულად საქართველოში ხუნტას მიერ გაღვივებული სამოქალაქო დაპირისპირება თავის პიკს აღწევს და შევარდნაძის კრიმინალური ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს თავის გადასარჩენად, მის საპირისპიროდ კი ფართო გაქანებას ღებულობს ეროვნული დაუმორჩილებლობის მოძრაობა. ამასთან მდგომარეობა ე.წ. აფხაზეთის ომში საკმაოდ რთულდება. მოწინააღმდეგე ცდილობს ისარგებლოს საქართველოში შექმნილი ვითარებით და გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს ომში. მაგრამ საქართველოს კანონიერი და ფაქტობრივი ხელისუფლების შეიარაღებულ ძალთა ერთობლივი მოქმედების შედეგად მტერი სასტიკ მარცხს განიცდის ტამიშთან და მისი გეგმები იფუშება. [188, გვ. 1] დაიწყო ქართულ ფორმირებათა შორის ურთიერთგაგების და სწრაფი დაახლოების პროცესი. ამ პროცესის ჩასაშლელად შევარდნაძის საინფორმაციო სააგენტო ”მაცნე” ავრცელებს ცილისმწამებლურ დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაეწესებინოს ჯილდო აფხაზეთიდან გამოქცეული მეომრებისათვის, [იქვე] რომლის მიზანსაც ამ ორ ბანაკს შორის ურთიერთუნდობლობის გაღვივება წარმოადგენდა (სრულიად საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის პრესცენტრის მამხილებელი განცხადება, თუ სინამდვილეში რაში იყო საქმე, აღნიშნულმა საგენტომ არ გადასცა). საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება და მისი მიზნები ე.წ. აფხაზეთის ომში თავიდან ბოლომდე ამხილა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის “მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი” და ბოლოს მასში აღნიშნა: “…მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძეს და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის, – ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!…” [189] მაგრამ საკმარისი არ იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი მარტო დასავლეთის გამოფხიზლება. აქ კანონიერების აღსადგენად აიცულებელს წარმოადგენდა მთელი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ძალისხმევათა გაერთიანება და კოორდინაცია საერთო მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ მიმართულებით გაიშალა მძლავრი მუშაობა მთელ საქართველოში 1993 წლის ზაფხულში, რასაც შედეგად მოყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია ამავე წლის 8, 9 და 10 ივლისს ქალაქ ზუგდიდში [190, გვ. 1-4] და ამავდროულად აქვე საქართველოს მრგვალი მაგიდის სხდომის ჩატარება. [იქვე, გვ. 5]

8 ივლისს ჩატარდა სესიის მოსამზადებელი სამუშაოები, საბოლოოდ დაიხვეწა დოკუმენტები, რომლებიც სესიაზე უნდა გასულიყო. 9-10 ივლისს ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია, რომელზედაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს დეპუტატებმა გ. ფირცხალაიშვილმა, შ. აბიზანიძემ, ვ. ცაგარეიშვილმა, მ. გაბაშვილმა, რ. პეტრიაშვილმა. გ. თაქთაქიშვილმა, ნ. მოლოდინაშვილმა და სხვ.

განხილული იქნა საკითხები საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 9 ივლისის კანონის სამოქმედოდ შემოღების შესახებ და სხვა. მეტად მნიშვნელოვანი იყო დეპუტატ ბ. გიორგობიანის განცხადება – საკუთარ მოქალაქეთა წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკის გატარებისათვის შევარდნაძის მეთაურობით მოქმედი რეჟიმის საერთასორისო სამართლის მიერ გასამართლების მიზანშეწონილების შესახებ.

სესიამ მოისმინა და დაამტკიცა შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვები ქართველი ერისადმი, ლტოლვილებისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო პარლამენტებისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მებრძოლი მეომრებისადმი, კავკასიის ხალხებისადმი, უკანონო ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიისა და პოლიციისადმი, საქართველოს პრეზიდენტისადმი. განცხადებები ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებისა და ე. შევარდნაძის საერთაშორისო სამართლის მიერ გასამართლების აუცილებლობის შესახებ.

გაიმართა დებატები, დაისახა საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლის საგანგებო ღონისძიებები. [191, გვ. 1]

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აღნიშნულ სესიას დეპუტატის სტატუსით ესწრებოდა აჭარიდან ტ. ფუტკარაძე, ხოლო სტუმრად მიწვეულნი იყვნენ უ. ოქროპირიძე, ნ. ნოღაიდელი, ლ. კერვალიშვილი, რომლებმაც აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდში ამავდროულად გამართულ სრულიად საქართველოს მრგვალი მაგიდის პარტიებისა და ორგანიზაციების გამსვლელ სხდომაში. მრგვალი მაგიდის გამსვლელ სხდომაზე დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა, მიმდინარე პლებისციტის შედეგები, დაისახა მისი დროულად დამთავრებისათვის კონკრეტული გზები, მოისმინეს ინფორმაცია უზენაესი საბჭოს მუშაობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: თენგიზ კიკაჩეიშვილმა, ზაურ ქობალიამ, ნუგზარ მოლოდინაშვილმა, ავთანდილ რცხილაძემ, ბიძინა გიორგობიანმა, ნინო ნოღაიდელმა, ზაურ კვარაცხელიამ და სხვებმა. სხდომამ მიიღო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ხუნტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გაუქმებამ და 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენამ ხელი შეუწყო იმპერიული ძალებისა და მისი ქართველი ემისრების დანაშაულებრივი მიზნების განხორციელებას. ამდენად სახელმწიფო გადატრიალებით იმთავითვე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე.

ამ მიზნის მიღწევის გზაზე თვისობრივად ახალი ეტაპია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის პირველი სესიის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე.

მრგვალი მაგიდის პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები მხარს უჭერენ სესიის გადაწყვეტილებებს…” [190, იქვე] და აშ.

 როდესაც საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა აფხაზეთში ქართული პოზიციების განსამტკიცებლად და სოხუმის გადასარჩენად, ე. შევარდნაძე სოჭში დებს მორიგ კაპიტულანტურ შეთანხმებას, რითაც ფაქტიურად ახდენს მტრის წინაშე მდგომი სოხუმის თავდაცვის პარალიზებას და მისი დამცავი სამხედრო ძალების განიარაღებას. ამ ხელშეკრულების სარგებლიანობას აფხაზური მხარისათვის ცნობილი გუდაუთელი ლიდერი კ. ოზგანი ასე ახასიათებს: “თითქოსდა ეს არის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება, მაგრამ მინდა გულახდილად გითხრათ და დაგარწმუნოთ ყველა, ვინც მისმენს: ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება – ეს გამორიცხულია – აფხაზეთი არ იქნება საქართველოს შემადგენლობაში. ის თავისუფალი სახელმწიფო იქნება…”

“მე ვიცი, რომ ამ დოკუმეტს – სოჭის ხელშეკრულებას – მხარს არ დაუჭერს საქართველოში ფართო საზოგადოებრიობა, რადგან ეს დოკუმენტი არ არის სასარგებლო საქართველოს სახელმწიფოსათვის, საქართველოს არმიისათვის. ეს დოკუმენტი სასარგებლოა აფხაზი ხალხისათვის, აფხაზეთის სახელმწიფოსათვის. და თუ პერსპექტივაში ამ დოკუმენტს ნორმალურად გამოვიყენებთ, მჯერა, აფხაზეთი მიაღწევს ყველაფერ იმას, რისი მიღწევაც უნდა. ამ დოკუმენტის მეშვეობით ჩვენ მივალთ მთლიან სამხედრო-პოლიტიკურ გამარჯვებამდე.” [192, გვ. 1] ასეთმა დოკუმენტმა, რა თქმა უნდა, საქართველოში აღშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია და ე. შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით გამართულმა მიტინგებმა და მანიფესტაციებმა მთელს ქვეყანას გადაუარა. აჭარაში მოქმედ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ხალხმრავალ მიტინგზე 1993 წლის 2 აგვისტოს წაკითხულ იქნა მიმართვა “მამულოშვილნო!”, [176, გვ. 5] ხოლო აღნიშნული მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების განცხადება გაიგზავნა და გამოქვეყნდა გაზეთში”იბერია- სპექტრი”. [193, გვ. 6] მასში ნათქვამია: “…შევარდნაძემ ვერ მოახერხა მის მხარდამჭერ ძალებზე დაყრდნობით ჭეშმარიტი ქართული ეროვნული მოძრაობის განადგურება. ამ მიზნითაა გადადგმული მორიგი “საზავო” ნაბიჯიც, ფაქტობრივმა ხელისუფლებამ რუსეთთან მის მიერ ადრე დადებული შეთანხმებების (1992 წ. 3 სექტემბერი, 1993 წ. 14 მაისი) აშკარა კრახის ფონზე ხელი მოაწერა ქართული მხარისათვის კაპიტულანტურ გარიგებას, რითაც რუსეთს შესაძლებლობა მისცა ამ შეთანხმების ყველა პუნტქი გამოიყენოს საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუ ადრე რუსეთი იძულებული იყო საქართველოს წინააღმდეგ შენიღბულად ემოქმედა, ახლა მას ეს ფორმალობაც მოეხსნა, რადგან ამ შეთანხმებით მას შეექმნა საქართველოს შინაურ საქმეებში აშკარა ჩარევის ახალი სამართლებრივი ბაზისი.

ჩვენ აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები სასტიკ პროტესტს ვაცხადებთ შევარდნაძის რეჟიმის კაპიტულანტური პოლიტიკის წინააღმდეგ, ვგმობთ ქართველი ერის გენოციდსა და საქართველოს ტერიტორიული მთიანობის დარღვევისაკენ მიმართულ ქმედებებს.

მოვითხოვთ ე. შევარდნაძის დაუყოვნებლივ გადადგომას და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.” [იქვე] ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ამავე გაზეთს ბათუმელ ინტელიგენტთა ჯგუფმა ნუნუ სკამკოჩაიშვილის, გიორგი არველაძის, ინგა ფაცურიშვილის, თალიკო შეყილაძის, ლია ვანაძის და სხვ. სახით. [იქვე]

საქართველოს დევნილმა უზენაესმა საბჭომ მორიგი ნაბიჯი გადადგა და 1993 წლის 2 სექტემბერს გამართულ თავის სესიაზე მიიღო დადგენილებანი “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქართველოში ფუნქციონირების აღდგენის შესახებ” და “საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის დევნილობიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ”. ამ უკანასკნელში აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 1) მოთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბრუნდეს დევნილობიდან საქართველოში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების შესრულება.” [194, გვ. 2] ამ დადგენილებებს მოჰყვა დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, განსაკუთრებით სამეგრელოში სახელმწიფოს ხელისუფლების კანონიერი სტრუქტურების აღდგენისა და მისი მშვიდობიანი დამკვიდრების უწყვეტი პროცესი, რასაც შევარდნაძემ აღნიშნული პროცესის ჩასაშლელად ხელისუფლების მორიგი პროვოკაციებით უპასუხა. მათ შორის თავისი ხასიათის ყველაზე ორიგინალური იყო დაუმორჩილებელი რეგიონებისაგან ფოთის პორტისა და მისგან მომარაგების მიღების ბლოკირებისათვის რკინიგზაზე მის მისადგომებთან ვაგონების დადუღება და ამ ქმედების გამსახურდიას მომხრეებზე გადაბრალება. [იქვე, გვ. 1] ამავე მიზნით ე. შევარდნაძემ მოაწყო მორიგი ვოიაჟი დასავლეთ საქართველოში და თავისი პოზიციების განსამტკიცებლად 1993 წლის 5 სექტემბრისათვის შეხვედრები გამართა ქუთაისში, ფოთში, იმავე დღეს ეწვია ბათუმს და შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს. ამავე შეხვედრების დროს იგი შეხბდა სამხედრო ნაწილის მეთაურებს, შ/ს სამინისტროს, თავდაცვისა და საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებს – გ. ყარყარაშვილს, თ. ხაჩიშვილს, ჯ. იოსელიანს, კ. კობალაძეს [იქვე] და სხვა. გააქტიურდნენ შევარდნაძის მარიონეტული რეჟიმის მსახური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. როგორც რადიო-სადგურ “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ამბობს – “ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, …თხოვნით მიმართა ბ-ნ შევარდნაძეს, რომ საგანგე მდგომარეობა გამოაცხადოს და სასტიკი ზომები მიიღოს იმ სიტუაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც დღეს სუფევს დასავლეთ საქართველოში…” [194, გვ. 2] ხოლო იმავე რადიო-სადგურისათვის მიცემულ ინტერვიუში გაზეთი “იბერია-სპექტრის” რედაქტორი ბ-ნი ირაკლი გოცირიძე ლაპარაკობს რა საზოგადოება “თბილისელზე” ამბობს: “…ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია ამ ფაქტმა, რომ დღეს ფილარმონიის დიდ დარბაზში შეიკრიბნენ საზოგადოება “თბილისელის” წევრები, რომლებიც მოითხოვენ იმ ადამიანთა დათრგუნვას, თავიანთ ნებას რომ გამოხატავენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის დაახლოებით იგივე, რასაც მოითხოვს ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის უფროსი. შემაშფოთებელია იმით, რომ კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. იმის მაგივრად, რომ კომპრომისზე წავიდეს ეს ხელისუფლება, რაც მის სისუსტეს კი არ გამოამჟღავნებს, არამედ – კეთილ ნებას, ზოგიერთები კიდევ უფრო ძაბავენ სიტუაციას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფოს მეთაური უფრო კომპრომისულ პიროვნებად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე მისი ფანატიკურად მხარდამჭერი ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელი”. [იქვე, 2-4]

კანონიერი ხელისუფლების მომხრეებისადმი დაუნდობელი ღონისძიებების გატარებას მოითხოვენ და სახელმწიფო მეთაურს ეპირფერებიან ვ. აფრიდონიძე, მარიამ ძაძამიძე, ვალერი ვ. კვარაცხელია, დავით ზეიკიძე და სხვები. [195, გვ. 3] გაზეთი “საქართვლოს რესპუბლიკა” ცდილობს რა ზეწოლას ეროვნულ პოზიციებზე მდგარ პრესაზე, აცხადებს: “…მეტად მარტივად და ცალსახად განაწილდა პოზიციები – ზოგმა დაინახა შუქი, ზოგმა არა. აქ მოვიშველიოთ სოციოლოგთა ხერხი: “დრონი”, “ახალგაზრდა ივერიელი”, “სვობოდნაია გრუზია”, “საქართველოს რესპუბლიკა” ჩანს, ამჩნევენ შუქს გვირაბის ბოლოში, რასაც ვერ ვიტყვით გაზეთებზე: “რეზონანსი”, “ივერია-ექსპრესი”, “საქართველო”, “იბერია-სპექტრი”, “საქართველოს სამრეკლო”. [იქვე] ეს არის ხუნტისტური მმართველობის პერიოდში მეტად წახალისებული საინფორმაციო საშუალებების მიერ თავიანთ მოწინააღმდეგეთა დასმენის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ხოლო ჭაბუა ამირეჯიბი, რომან მიმინოშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი ასე გამოხატავენ თავიანთი სულიერი ლიდერისადმი ხბოს აღტაცებას: “თქვენ დაშლილი საბჭოთა კავშირიდან კი არ მოსულხართ ჩვენთან, კი არ გარდაქმნილხართ, არამედ ჩვენთან იყავით, ჩვენი თაობის თაობის წინამღძოლი იყავით (ფერი ფერს, მადლი ღმერთს, – იტყოდა ქართველი – უ.ო.)

მადლობას მოგახსენებთ ბატონო ედუარდ თანადგომისათვის, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ საქართველოს გადარჩენის, თავისუფლებისა და აღორძინებისათვის ბრძოლაში.” [იქვე] – (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1993 წ. 24 ივლისი)

როდესაც ქართული “ნაღები ინტელიგენციის” ნაწილი ამგვარი საქმიანობით იყო დაკავებული, აჭარის ხელისუფლებამ სცადა ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთკომპრომისის მიღწევის მიზნით ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა ერთმანეთს ქობულეთის მახლობლად ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვედროდნენ. აქ მოლაპარაკება გაიმართა 1993 წლის 8 და 9 სექტემბერს. აი, როგორაა მოთხრობილი მის შესახებ გაზეთში “იბერია-სპექტრი”: “…საქართველოს ყველა კეთილი ნების ადამიანი დაძაბულად ელოდება ამ შეხვედრის შედეგს. და აი ცნობა მოვიდა, მაგრამ სამწუხარო: ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს!

რატომ მოხდა ეს?” [195. გვ. 1] ამის შესახებ დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში ბ-ნი თენგიზ ჩაჩავა გვიამბობს: “7 სექტემბერს ჩვენი დელეგაცია ჩავიდა ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში. დაგვხვდა მოლაპარაკების მასპინძელი აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ასლან აბაშიძე. საღამოს ჩამოვიდა დელეგაცია თბილისიდან, რომესაც ხელმძღვანელობდა ე. შევარდნაძის ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი ბ-ნი ავთაბდილ მარგიანი… მძიმე, მაგრამ კონკრეტული კამათის შედეგად შევთანხმდით სამ აქტუალურ საკითხზე. თითქმის ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად აღიმართა ბარიერი: თბილისის მხარემ მოითხოვა, რომ მიღებულ დოკუმენტზე ყველას ხელი მოგვეწერა არა ოფიციალური დელეგაციების სახელით, არამედ პერსონალურად, პირადად. ეს ყოვლად მიუღებელი მოთხოვნა იყო, რადგან ჩვენც და ისინიც გამოყოფილნი ვიყავით, როგორც ოფიციალური დელეგაციები – ჩვენ დევნილი ხელისუფლების მიერ, ისინი ფაქტობრივ ხელისუფლების მიერ – და არავითარ შემთხვევაში არ წარმოვადგენდით დამოუკიდებელ პიროვნებებს.

ეს ფრიად საეჭვოდ გამიზნული მოთხოვნა იყო, მითუმეტეს, რომ იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა თედო ნინიძემ ჩვენ მხარეს უწოდა ბანდიტთა მხარე და მოითხოვა ჩვენი პასუხისგებაში მიცემა სისხლის სამართლის 73-ე მუხლით. ამას დაერთო უზენაესი საბჭოს დეპუტატის შოთა ქიტიაშვილის დემონსტრაციულად დაპატიმრება და ფრიად შემაშფოთებელი აქცია თბილისის ფილარმონიის დარბაზში ბ-ნ ე. შევარდნაძის თანდასწრებით და მისი წაქეზებით (იგულისხმება ზემოთ ჩვენს მიერ ნახსენები საზოგადოება “თბილისელის” შეკრება – უ.ო.) ამ მიზეზების გამო მიღებულ დოკემენტს ხელი არ მოვაწერეთ. სხვათა შორის, თბილისელთა მოთხოვნამ პროტესტი გამოიწვია თვით თბილისის დელეგაციის რამდენიმე წევრში” [იქვე] – აღნიშნავს თ. ჩაჩავა.

როგორც ვხედავთ, ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა ხსენებული მოლაპარაკების ჩასაშლელად, რაზეც აჭარის ხელისუფალთ ადრევე ვაფრთხილებდით, რომ შევარდნაძე არ დაუშვებდა იმ პრობლემის ასლან აბაშიძის ხელით მოგვარებას, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა. ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ე. შევარდნაძით სათავეში, კვლავ გააგრძელა ქვეყნის ხელოვნურად დაშლა-დანაწევრების მოღალატური კურსი. რის გამოც იმავე დღეებში ე.პ.მ. “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციამ გააკეთა “მიმართვა ქართველი ხალხისადმი”, რომელშიც ე. შევარდნაძის ხელისუფლების ზემოთ აღნიშნული პოზიციის გამო გამოსთქვა სასტიკი პროტესტი და დაუნდობლად ამხილა მთელი ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის გამცემლური ხასიათი: “როგორც ადრე გითხარით, თქვენ იქეცით საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან მებრძოლი რეაქციული, ანტიეროვნული – ძალების ნების ყურმოჭრილ აღმსრულებლებად და თანამზრახველებად, – ლოზუნგები, რომლითაც ეროვნულ ხელისუფლებას და მის გვერდით მდგომ ძალებს ებრძოდით და ებრძვით, თქვენივე მსგავსი ფუყე, ყალბი შინაარსის დემაგოგიაა და სხვა არაფერი. მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი სცენარით სამხედრო გადატრიალების გზით განდევნილი იქნა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და კანონიერი ხელისუფლება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს უმსგავსობა “სახალხო აჯანყებად” და “დემოკრატიულ რევოლუციად” გაგესაღებინათ. ხოლო როცა ქართველმა ხალხმა თქვენი არ ირწმუნა, გამოვიდა ქუჩაში და მრავალათასიანი მანიფესტაციებითა და მიტინგებით გამოხატა თავისი ურყევი ნება საქართველოში კანონიერების აღსადგენად, თქვენ მათ ტყვიებით გაუმასპინძლდით და სისხლი ადინეთ სრულიად საქართველოს. როდესაც საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური განუკითხაობა, ქვეყნის მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა და ძარცვა-რბევა, ქაოსი და ტერორი იყო გამეფებული, ზოგიერთი პარლამენტარისათვის, როგორც მათ უყვართ თქმა – “პოზიციების დაფიქსირება”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ბრძოლით ამოიწურა, რითაც ხელი შეუწყვეს აჭარის საკითხის ხელოვნურად გამოცალკევებას საერთო ქართული პროცესებიდან და ამით ხაზი გაუსვეს იმას, რასაც თითქოსდა ებრძოდნენ – ე.წ. “აჭარულ სეპარატიზმს”, რომლის უკანაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ილანდებოდა მათი შეუნიღბავი კარიერიზმი და ამ კუთხის დაჩემების მცდელობა…”, [197, გვ. 3] – ნათქვამია მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ “…იმდენად დიდია თქვენში სურვილი პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე იტივტივოთ, რომ ათასგვარ ოინბაზობას მიმართავთ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით… რაც სადამსჯელო შტაბების შექმნამ და “დემოკრატიის გვირგვინის” ე.წ. “თბილისელის” აქტივის კრების შინაარსმა, რომელიც 10 სექტემბერს დიდი რიხით უჩვენეს ტელევიზიით, სრულიად დაადასტურა;” – ბოლოს გაკეთებულია ამ საქმიანობის შეჯამება, როგორც მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ლოგიკური დასასრულისა და იქვე გაკეთებულია შემდეგი საბოლოო დასკვნა: “…მაგრამ საქართველომ წინ უნდა იაროს და ამიტომაც თქვენს ფიქრს განხორციელება არ უწერია. ქართველის ერის წინსვლისა და პროგრესის შეჩერება შეუძლებელია და ვინც ამას ცდილობს, მათ ისტორიისაგან განაჩენი გამოტანილი აქვთ.

ადრეც ბევრჯერ ვცადე შემერხია თქვენი ზნეობის ძარღვი,” – მიუთითებს მიმართვის ავტორი, – “საქართველოსთვის გადამერჩინეთ… ღმერთმა ხომ იცის, დღესაც მენანებით, როგორც სხვა მრავალი, ჩვენი საერთო დედის, უძღები შვილები. მაგრამ როგორც ჩანს, ნამდვილი თავისუფლება წარმავალისა და მომავალის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილში იშობა. ამიტომაც ამართლებთ თქვენს არსებობას… მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ ჭიდილში საქართველოს ისტორიული მტრების, – ცრუ იდეოლოგიის, ცრუ რწმენისა და ცრუ მეგობრების გვერდით აღმოჩნდით.

ღმერთმა შეგინდოთ!” [იქვე]

აღნიშნულ მიმართვასა და ბათუმში ადრე გამართულ მანიფესტაცია- მიტინგებზე ეროვნულ ძალთა რადიკალური ფრთის მიერ გამოხატული ასეთი რადიკალური პოზიცია და განსაკუთრებით, მისგან დამოუკიდებლად თავის დაჭერა, გაკვეულ მომენტში მიუღებელი აღმოჩნდა აჭარის მაშინდელი ხელისუფლებისთვისაც და მან გამოიყენა რა აქ ეროვნულ ძალთა შორის არსებული წინააღმდეგობანი, სცადა მისი გავლენისაგან რამდენადმე თავისუფალი ეროვნულ- პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელის” აჭარის სამხარეო ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზება, რაც ამავე ძალთა თანადგომითა და ზოგიერთთა წაყრუების წყალობით მოახერხა კიდეც (ელიზბარ ჯაველიძე, ბადრი მელაძე, ცისანა ანთაძე და სხვები). ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დარტყმის ერთ-ერთი რეალური გამოხატულება იყო ბათუმში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმისა და მისი კოლექტივისადმი ამავე ხელისუფლების მიერ თავს მოხვეული პროვოკაცია, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ქართული კულტურის იმ უმნიშვნელოოვანესი კერის გაუქმება, სადაც 1993 წლის ოქტომბრის თითქმის შუა რიცხვებამდე იყო გამოფენილი საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასადმი მიღძვნილი მასალები, და სადაც აღნიშნულ დრომდე ვერაფრით მოახერხეს უზურპატორი ხელისუფლების სულისჩამდგმელის ე. შევარდნაძის სურათის შეტანაც კი. ყოველივე ეს არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა აჭარაში მოქმედი ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტ ძალთა უდიდესი პრინციპულობის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეალებისადმი მათი ერთგულების შედეგი.

ასეთ ვითარებაში, 1993 წლის 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც ქართველმა ხალხმა გრანდიოზული შეხვედრა მოეწყო. იმავე დღეს ქალაქ ზუგდიდში სახელდახელოდ შეკრებილ მიტინგზე თავი მოიყარა ათეულ ათასობით ადამიანმა, რომლებიც კანონიერი პრეზიდენტის დაბრუნებაში ხედავდნენ საქართველოს ხსნის ერთადერთ გზას. აჭარიდან ამ ისტორიულ შეხვედრაზე ჩავიდნენ და მასში მონაწილეობა მიირეს უჩა ოქროპირიძემ, ნინო ნოღაიდელმა, ლამარა კერვალიშვილმა (და თუ მეხსიერება არ მღალატობს), ბეჟან მელუამ და ანზორ გვარამიამ. ჩამოსვლის მეორე დღესვე პრეზიდენტმა გამსახურდიამ გააკეთა “მიმართვა ქართველი ერისადმი”, რომელშიც ნათქვამია: “ძვირფასო თანამემამულენო! ძმანო და დანო!

მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავბრუნდი სამშობლოში და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას… მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმისათვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზადა ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები. ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია…

დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.

გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!.. [198, გვ. 1] – ხაზგასმულია პრეზიდენტის მიმართვაში.

იმავდროულად გაკეთდა “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება”, რომელშიც აღნიშნულია: “…საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აღიარებს საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა კანონიერების აღდგენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოხდეს მშვიდობიანი გზით, არ დაუშვებს აფხაზეთის მოწყვეტას საქართველოსაგან… პრეზიდიუმი მოუწოდებს შევარდნაძის უკანონო რეჟიმსა და მის მომხრე შეიარაღებულ ფორმირებებს, გონს მოეგონ, სრულიად გაიაზრონ და მოინანიონ ის დანაშაულობანი, რომლებიც მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე, დროზე გადადგნენ და ნებით, წინააღმდეგობის გარეშე დაუთმონ გზა კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შეუქცევად პროცესს. ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი, როგორც ქრისტეს გზის მიმდევარი ერი, შეუნდობს მათ…” [იქვე]

1993 წლის 26 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი (200 ათასზე მეტი კაცით), რომელზეც ისევ დეკლარირებული იქნა საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ აღნოშნული პოზოციები. აქციას აჭარიდან დაესწრო ზუგდიდში სპეციალურად ჩასული სოლიდური წარმომადგენლობა. მასზე საქართველოში კანონიერების აღდგენისადმი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ნინო ნოღაიდელი და უჩა ოქროპირიძე.

პრეზიდენტი გამსახურდია მიტინგიდან პირდაპირ გაემართა ფრონტის ხაზზე, სადაც შეხვდა სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებათა ხელმძღვანელებს ორივე მხრიდან და მათთან ერთად დასახეს შემდგომი ერთობლივი მოქმედების გეგმა. მაგრამ შევარდნაძის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე მორიგი ღალატი ჩაიდინა და საკუთარ ხალხთან კონსესუსსა და შერიგებას, მტრის დახმარებით მისი დათრგუნვა და ყველანაირი საშუალებით ხელისუფლების შენარჩუნება არჩია, რამაც საქართველო 1993 წლის 27 სექტემბრის მორიგ ტრაგედიამდე მიიყვანა. სოხუმის დაცემამ ხუნტისტური ხელისუფლების მომხრეთა ნაწილი შევარდნაძის მმართველობისადმი კრიტიკულად განაწყო; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გ. ჭანტურიამ 1993 წლის 27 სექტემბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღიარა: “…შეიძლება ითქვას, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში, ბრძოლაში და არა მარტო ომში, ჩვენ მარცხი განვიცადეთ (როგორც კონტექსტიდან ჩანს გ. ჭანტურია ე.წ. აფხაზეთის კონფლიქტს პოლიტიკური ბრძოლის ნაირსახეობად განიხილავდა, როგორც საშუალებას ხელისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე – უ.ო.)… შევარდნაძემ განაცხადა, – ამბობს გ. ჭანტურია, – თუკი აფხაზეთის პრობლემა მოგვარდებოდა, საქართველოს შეიძლება განეხილა სნგ-ში შესვლის საკითხი, მაგრამ ფაქტიურად ამას სოხუმის დაცემა მოჰყვა. ასე რომ, ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სნგ-ში შესვლა რომელიმე პრობლემას გადაგვიწყვეტს, არასწორია… სნგ-ში შესვლით ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ… სნგ არის დიდი ტყუილი, საუკუნის ტყუილი. ობივატელის მოტყუება სწორედ ამ დიდი ტყუილით სურთ: თუ სნგ-ში შევალთ, ომი არ იქნება, მოხდება ერთგვარი ეკონომიკური გაუმჯობესება. პირიქით, ყველაფერი გაუარესდება. დღეს თუ ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, სნგ-ში შესვლის შემთხვევაში, ქართველთა ფიზიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კომპლექსურ ღალატს აქვს ადგილი…” [199, გვ. 1] მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ მათი გადარჩენისა და წამოწყებული ავანტიურის ბოლომდე მიყვანის ერთადერთ შანსს შევარდნაძე წარმოადგენდა და სწორედ ამან განსაზღვრა მათი შემდგომი პოზიციაც. მათ ისიც კარგად იცოდნენ, თუ რა დონის სიბინძურეში იყვნენ ყელამდე ჩაფლულნი და ამიტომაც, ამ შემთხვევაში მათთვის მთავარი იყო თავის გადარჩენა, ამასთან საკუთარი უდღეური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველა საშუალებით ბრძოლის გაგრძელება და არა სამშობლოს ხსნა. და რაკი მათი ეს პოზიცია საბოლოოდ გაშიშვლდა და გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენის შემთხვევაში მისი მხილება არავითარ პრობლემას აღარ წამოადგენდა (ამ შემთხვევაში სრულიად უნდა მინდობოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას გულმოწყალებას, რასაც მათ თავისი ქვეყნის საბოლოო დაღუპვა არჩიეს), ამიტომაც მათმა დაპირისპირებამ ზვიად გამსახურდიასადმი სამკვდრო- სასიცოცხლო ხასიათი შეიძინა და მათ წრეებში უკვე აშკარად დაიწყეს საუბარი ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურების შესახებ. გვამცნობს რა თავის “ბრძნულ” მოსაზრებათ სოხუმის დაცემისა და თუ საქართველოს სხვა პრობლემების შესახებ, ფაქტობრივი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გ. ლანჩავა ამბობს: “საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებისათვის, ჩემი აზრით, აუცილებელია ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურება…” [200, გვ. 5] აი, ასეთი იყო “მსოფლიო რანგის პოლიტიკოს” შევარდნაძის გარემოცვის “დემოკრატიული” იმიჯი.

სოხუმის ჩაბარებას მოჰყვა ადმირალ ბალტინის სადამსჯელო ექსპედიცია საქართველოში; შემდეგ კი შევარდნაძის შესაფერისი უმაგალითო ტრაგი-კომედია საქართველოს ისტორიაში, – როცა აფხაზეთიდან სამარცხვინო გამოქცევის, თანამოძმეთა დათრგუნვის, მათი ლტოლვილებად ქცევისა და საქართველოს განახევრებისათვის უმაღლეს “სახელმწიფო” ჯოლდოებს არიგებდა სამშობლოს გამყიდველი. [201, გვ. 6-7]

გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი ამ მოვლენების შესახებ ამბობს: “საქართველოსთვის იქნებ ყველაზე საბედისწერო იყო 1993 წლის სექტემბერ-დეკემბრის მოვლენები. სწორედ ამ მოვლენებმა გადაწყვიტეს საქართველოს ბედი, უახლოესი ათწლეულებისთვის მაინც… ამ მოვლენებმა, არსებითად, გადაწყვიტეს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების ბედიც.” [202, გვ. 8, 12] შემდეგ კი ეყრდნობა რა უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს – “თანამედროვე სიტუაცია საქართველოში და დასკვნები აშშ პოლიტიკისათვის”, [203] – მასთან საკუთარი მონაცემების შეზავების შედეგად აკეთებს ანალიზს 1993 წლის სექტემბერ- დეკემბრის მოვლენათა შესახებ, აღნიშნავს: “…ხალხი ყველგან სიხარულითა და პატივისცემით ხვდებოდა თავის პრეზიდენტს… ამ დროისათვის სავსებით რეალური გახდა კანონიერი ხელსუფლების მშვიდობიანი, უსისხლო აღდგენა საქართველოში. …პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კვლავ განახლდა ეროვნული დაზავების განახლების გზების ძიების პროცესი – ხუნტის ელიტის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდს კვლავ მოაშურეს თბილისიდან სხვადასხვა ორიენტაციის პოლიტიკოსებმა. 1993 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ხუნტის ელიტის დამხობა მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ვითომ სამოქალაქო ომის გარეშე უკვე გარდაუვალი გახდა,“ – მიუთითებს ბ-ნი ბ. გუგუშვილი და იქვე მოჰყავს ზემოთ დასახელებული დოკუმენტიდან ერთ-ერთი მომხსენებლის თომას გოლცის მოსაზრებანი ამ ორი ხელისუფლების შესახებ; 1993 წლის 25 ოქტომბერს გოლცი ამბობს: “ბატონი გამსახურდია უდავოდ ძალზე პრობლემური პიროვნებაა. მაგრამ მას გააჩნია ის, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვუწოდებთ… და იგი ხელისუფლებას პუტჩის მეშვეობით ჩამოაშორეს… ე. შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება, მდგომარეობს იმაში, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით.” [იქვე, გვ. 7]

შემდეგ ყოფილი პრემიერი გუგუშვილი საუბრობს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა და წინსვლის გამო შევარდნაძის და მისი პატრონებისათვის შექმნილ ვითარებაზე. ის მიუთითებს, რომ “კანონიერი ხელისუფლების წინსვლამ და მთელ საქართველოში მისი გარდაუვალი აღდგენის პერსპექტივამ უკვე შეაშფოთა და შეაშინა არა მხოლოდ შევარდნაძე, არამედ მისი მესვეურებიც, მისი დამსმელები. შევარდნაძე, რომელიც უკვე ვერავითარ, საკუთრივ ქართულ სამხედრო ძალას ვეღარ ფლობს, აღარავის ენდობა და ყველგან ღალატს ხედავს, შველისათვის მიმართავს ამერიკას და საქართველოს მთავარ მტერს – რუსეთს. იმ რუსეთს, რომელმაც საქართველოს წაართვა აფხაზეთი და იქ ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოაწყო,“ [202, იქვე] – აღნიშნავს ავტორი, შემდეგ კი იქვე განაგრძობს: “შეგახსენებთ ერთ-ერთ სამარცხვინო, მაგრამ ფრიად დამახასიათებელ მოვლენას ხუნტის ამ პერიოდის ისტორიიდან. სწორედ ამ დღეებში შევარდნაძემ მოაწყო ხუნტის ქურდულ-ინტელიგენტური ელიტის “აქტივის დიდი შეკრება”, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა… თუ როგორი დაბნეული იყო აქტივი, გამოჩნდა იქედან, რომ პირველივე გამომსვლელმა შესძახა: “შევარდნაძემ დაღუპა საქართველო”-ო. შემდეგ კი მთავარმა გამომსვლელმა, ნომენკლატურულმა ინტელიგენტმა, პათეკიტურად მოუწოდა დამსწრეებს: “ახლა ყველამ უნდა ავისხათ იარაღი და შევებრძოლოთ გამსახურდიას”-ო. კარგად მახსოვს, რომ სამოქალაქო ომის გაჩაღების ამ მოწოდებას დარბაზი სამარისებური სიჩუმით შეხვდა – ხუნტაში საბრძოლო განწყობა აღარ იყო. შევარდნაძეს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა რუსეთის დაუფარავი ინტერვენციისა. მოვლენების შენიღბვა უკვე შეუძლებელი გახდა.” [იქვე]

ხუნტის ამ ქმედებაზე ამერიკის კონგრესის ზემოხსენებულ დოკუმენტში ამ კომისიის თავმჯდომარის სამუელ ვაისის ანგარიშში ვკითხულობთ: “შევარდნაძე დამდაბლდა იქამდე, რომ დახმარებისათვის მიმართა რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირს… რათა აღმოუჩინონ დახმარება სტრატეგიული სარკინიგზო ხაზების დაცვაში, რომლებიც აკავშირებდნენ დასავლეთ საქართველოს ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან, აგრეთვე სომხეთთან და აზერბაიჯანთან… საქართველოში შევარდნაძის მომხრეებს შორისაც კი რუსეთის ძალების მოწვევამ მწვავე რეაქცია გამოიწვია და მისი პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბნელით მოცული გახადა… პრეზიდენტმა კლინტონმა გასულ კვირას შევარდნაძეს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა და მოიწვია ვაშინგტონში…” [203, გვ. 1]

ბესარიონ გუგუშვილი შენიშნავს, რომ ყოველივე ამით “შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა იმის გარანტია მიეღოთ, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს…” [202, იქვე] შემდეგ ექსპრემიერი საუბრობს იმაზე, თუ როგრ მოხდა აშშ-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის წაქეზება და მისი რეგიონის ჟანდარმად გამოყენება, პრინციპით – “ძალაყინისთვის წინაღობა არ არსებობს.”

და ბოლოს, მის მიერ გაანალიზებული მასალიდან იგი აკეთებს ლოგიკურ დასკვნას: “1993 წლის მიწურულის მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს კანონიერი, ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ – საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გაფორმდა ერთობლივი, რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური და გარკვეული თვალსაზრისით სამხედრო- სტრატეგიული ალიანსი – ფრონტი. ამან დაამკვიდრა საქართველოში ნომენკლატურის რევანში და საქართველოს, ქართველ ხალხს დააკარგვინა კანონიერების, დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის უკანასკნელი შესაძლებლობა… ეს ზვიადის სიტყვებია,“ – რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლო დღეებში ხშირად იმეორებდა, – შენიშნავს გუგუშვილი და განაგრძობს – “გარესამყარომ უკვე მერამდენედ ილიას, მერაბს, ზვიადს – სტალინი, ბერია, შევარდნაძე არჩია…

…საქართველოს ხელისუფლების ბედი არ გადაუწყვეტია საქართველოს შინაგან ძალებს, ეს არ გადაუწყვეტია ქართველ ხალხს, თუნდაც მის რომელიმე ცალკეულ, მცირე ნაწილს. ეს არ იყო შინაგანი ფაქტორის მოქმედების შედეგი. სავსებით უსაფუძვლოა საქართველოში რამე სამოქალაქო ომზე ლაპარაკი.

ისტორიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით, 1989-1993 წლებში ომი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს იყო ომი დამოუკიდებლობისათვის, სამამულო ომი… 1989 წლის 9 აპრილიც და თვით პუტჩიც კი ამ ეროვნულ- განმათავისუფლებელი ომის შემადგენელი ნაწილები, ეპიზოდები და დეტალები იყო”, [იქვე] – ამბობს ავტორი დ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ. ამასთან აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ კომუნისტებმა “გულაგების” გასაკონტროლებლად ე.წ. ქურდული სამყარო ჩამოაყალიბეს, დასავლეთელი “ლიბერალ-დემოკრატები” კი ამავე მიზნით ბოლშევიკ არამზადებს იყენებდნენ, რადგან სსრ კავშირი და პოსტ- საბჭოური სივრცე იმ ხანებში მათთვის თავისებური “გულაგის” ნაირსახეობა იყო… მათ გამოიყენეს ამ სივრცეში არსებული ყველა საბჭოური მექანიზმი – სუკ-ის და მისი აგენტურის, კოლაბორაციონისტებისა და აშკარა მოღალატეების ჩათვლით – რათა საქართველოსთვის ამ ჭეშმარიტად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომში მას მარცხი განეცადა და ძალაუფლება აქ ხელთ ეგდოთ აშშ-რუსეთის ალიანსის მარიონეტებს. ამან შვა ქვეყნის მოღალატე, ანტიქართული, მარიონეტული დიქტატურა ძალადობით, გარყვნილებით, ყველაფრის კადრების უნარით, კორუფციით, ეკონომიკური და სოციალური უსამართლობის გაუგონარი წახალისებით, ძარცვა-გლეჯით და ა.შ. ეს დღესაც და სამომავლოდაც ყველას უნდა ახსოვდეს და როცა სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ზრუნვის ტვირთს თავზე ვიღებთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.

განხილული მასალის ფონზე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება 1993 წლის 24 ოქტომბრის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიმართვა ბატონ ზვიად გამსახურდიასადმი”, რომელშიც ნათლად არის დახატული საქართველოში შექმნილი უსაშინლესი ვითარება, შემდეგ კი ნათქვამია: “…პრინციპულად ვგმობთ და ვემიჯნებით ძალისმიერ პოლიტიკურ კურსს. ჩვენ პირველებმა ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობა დანაშაულია.

დღეს კიდევ დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ დანაშაულია იარაღის ძალით პოლიტიკური მიზნების მიღწევა, რადგან ასეთი გზა დამღუპველია საქართველოს მომავლისათვის. მას პერსპექტივა არა აქვს… მოგმართავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შეწყდეს სისხლისღვრა, ყველაფერი გადაწყდეს პოლიტიკური დიალოგით, მშვიდობიანი გზით. ამას მოითხოვს ერის გადარჩენისა და საქართველოს ერთიანობის ინტერესები… მხოლოდ ახალი არჩევნები და მასში ჯანსაღი, ერის ღირსეული, პარტიოტული ძალების მონაწილეობა, არჩევნების სრული დემოკრატიული პრინციპებით მოწყობა და ჩატარება განსაზღვრავს ახალი საქართველოს ბედს და მომავალს. ჩვენი სამშობლოს გარეშე, თუ შინაგანი მტრების საბოლოო დამარცხებას.

ახლა კი საჭიროა გამოვიჩინოთ სიბრძე და გამჭრიახობა, სულგრძელობა და კეთილშობილება, მსგავსად ერის იმ ღირსეული შვილებისა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ, ოღონდ კი გადაერჩინათ ერი.

საქართველოს უქართველებოდ მტერთა ოცნებაა! ნუ გავახარებთ მათ! [204, გვ. 1] – აღნიშნულია მიმართვაში.

ეს იყო უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოში შემორჩენილმა იმ ერთადერთმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელიც სრულიად აკონტროლებდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ქედს არ უხრიდა ხუნტის მმართველობას საქართველოში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეგიონის პუტჩიტების შემოსევისაგან დასაზღვევად და აქ თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად აჭარის ხელისუფალთ ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უხდებოდათ (ადგილობრივი რეაქციისადმი დროებითი დათმობა, რელიგიური მომენტების ხელოვნურად წინ წამოწევა, ხუნტის საწინააღმდეგოდ რუსეთის არმიის ადგილზე დისლოცირებულ შენაერთებთან ალიანსი, “მოწინააღმდეგეთა” დაშინება და სხვა.).

ეხება რა საქართველოში ამ დროს მიმდინარე მოვლენებს უცხოური “ტაიმ კოლონისტი” წერს: “ახლახან ამ ქვეყნის მეთაურმა, მისი ძლიერ ნაციონალისტური ერი, რუსეთით დომინირებულ თანამეგობრობაში შეიყვანა, მას შემდეგ რაც ორი წელი ცდილობდა დამოუკიდებლად ევლო. “ჩვენი ჯარი დაიშალა და მთელ იმედებს რუსებზე ვამყარებ” – უთხრა მან ჟურნალისტებს 18 ოქტომბერს.

და იმავე კვირას თითქმის წაგებული ომის ბედი დრამატულად შეიცვალა მის სასარგებლოდ. თუმცა კი ყველა იმას ამტკიცებდა, რომ რუსული ტანკების ეკიპაჟები, მოულოდნელად რომ გამოჩნდნენ შევარდნაძის დასახმარებლად, მოხალისეთაგან შედგებოდა,” – ამბობს კორესპონდენტი და შემდეგ ირონიით შენიშნავს, – “და აი შევარდნაძემ, რომელიც წინათ აფხაზეთში დამარცხებას რუსებს აბრალებდა, რუსებისავე დახმარება ითხოვა და თანამეგობრობაში შევიდა, რის შემდეგაც მოხდა საოცრება, მისი გაჭირვებაც მაშინვე გაქრა. თითქოს ციდან ჩამოვიდნენ რუსულად მოლაპარაკე მოხალისეები, რომლებსაც საკუთარი ტანკებიც აღმოაჩნდათ, შეუერთდნენ შევარდნაძის დაქსაქსულ, დემორალიზებულ ჯარს და ამბოხებულები (ზვიად გამსახურდიას მომხრეები – უ.ო.) უკუაქციეს…” [207, გვ. 2]

 საქართველოში ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ე. შევარდნაძის მიერ რუსეთის არმიის მოპატიჟებას, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოჰყვა ზოგიერთი პუტჩისტურ ალიანსში მყოფი ძალის პროტესტი და ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. 1993 წლის ნოემბრის დასაწყისში ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ მიიღო დადგენილებები, რომლებშიც დაგმობილია შევარდნაძის ანტიდემოკრატიული რეჟიმი, გამოხატუალი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დსთ-ში შესვლისა და მისი ჯარების საქართველოს შიდა კონფლიქტებში გამოყენების მიმართ. “დსთ-ში შესვლა რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში დაბრუნებას ნიშნავს” [205, გვ. 2] – აღნიშნავს ირაკლი წერეთელი. მაგრამ ეტყობა მან ის ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამ როგანოში შესვლაც სახვეწარი გაუხდა საქართველოს ხუნტისტურ ხელისუფლებას შევარდნაძის ხელში. [იქვე, გვ. 1] ამიტომაც, გამწარებულს, ერთი თვის შემდეგ ყველა მოღატალედ მიაჩნია, ვინც ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლას, [206, გვ. 1] ამასთან იქვე შეფასებას აძლევს ახლადშექმნილ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს და შენიშნავს: “მოქალაქეთა კავშირში გაერთიანებულ პარტიებს მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი ამოძრავებთ და ამისთვის იყენებენ შევარდნაძის ავტორიტეტს.” [იქვე]

მაგრამ ზოგიერთებისათვის, ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ ვითარებათა გამო, დაპირისპირებულობამ სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათი შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტი ამ უთანასწორო ბრძოლას შეეწირა, სიმართლის აღიარება შეუძლებელი აღმოჩნდა და ისევ წარმოუდგენელი ცილისწამების ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას, შევარდნაძესთან თავიანთი ალიანსის და საკუთარი მოღალატური პოზიციის გამართლებას, თანაც საერთაშორისო მასშტაბით აწარმოებენ ამ მუშაობას. აი, რა განაცხადა ჩილეში გამართულ ქრისტიანულ-დემოკრატიული ინტერნაციონალის (ქდი) კონფერენციაზე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გ. ჭანტურიამ: “…ჩვენი მამაცი ერი მაინც არ ტყდებოდა და არ იჩოქებდა რუსეთის წინაშე, მაგრამ მას შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან რუსივე ინსტრუქტორების თანხლებით, რუსული იმპერიალიზმის მარიონეტი, საქართველოს ექს-დიქტატორი გამსახურდია საქართველოში დააბრუნეს და ქვეყანას, არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ დედაქალაქ თბილისის დაკარგვის საფრთხე შეექმნა, მაშინ სახელმწიფოს მეთაურმა ვეღარ გაძლო და რუსეთს დახმარება სთხოვა – კომპენსაცია საქართველოს სნგ-ში შესვლა იყო,” [207, გვ. 1] – ამბობს გ. ჭანტურია და კანონიერი ხელისუფლების მიმართ ამ უსინდისო ცილიწამების შემთხზველს ყოფნის ურცხვობა და იქვე ასეთ განცხადებას აკეთებს: “ჩვენ ერთად უნდა ვიხსნათ კაცობრიობა და სანამ დედამიწაზე ყველაზე პატარა ერიც კი იჩაგრება, მანამ ჩვენი ქრისტიანული სინდისი არ უნდა დამშვიდდეს…” [იქვე] ამას ამბობს პიროვნება, რომელმაც თავის უდღეურ ამბიციებს, მართლაც კინაღამ შესწირა ჩვენი პატარა ქვეყანა და მისი ერი, – აღარაფერს ვამბობ მის გაუგონარ დაჩაგვრასა და ხალხის ნების ტყვიებით ჩახშობაზე. საქართველოს ფარგლებს გარეთ ხომ ამგვარად ასმენს საკუთარ ქვეყანასა და მის კანონიერ ხელისუფლებას, არც აქ არის “მშვიდად” და აქტიურად განაგრძობს ანალოგიურ საქმიანობას – 1994 წლის 26 იანვარს გაზეთში “ახალგაზრდა ივერიელი” ვკითხულობთ: “ედპ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე სახელმწიფო მეთაურის მოწინააღმდეგე ძალები გეგმავენ მასობრივ ანტისამთავრობო აქციებს. გ. ჭანტურიას თქმით, ედპ ყოველგვარი დესტაბილიზაციის წინააღმდეგია და სხვა პარტიებისაგან განსხვავებით ე. შევარდნაძის გადადგომას არ მოითხოვს…” [208, გვ. 1]

ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური ატმოსფეროსა და გაბატონებული უზნეობის ფონზე ე. შევარდნაძის (რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ მას ცოცხალი ზვიად გამსახურდია არ სჭირდებოდა) უსუსური სიხარული ქართველი ერის უღირსშესანიშნავესი შვილის დაღუპვის გამო ასე გამოიხატა: “ყოველი ადამიანის გარდაცვალება ჩემში სერიოზულ სინანულს იწვევს,” – ნიანგის ცრემლებს აფრქვევს ეს, მართლაც. მსოფლიო რანგის ფარისეველი და არამზადა, და განაგრძობს, – “მით უმეტეს, რომ ექსპრეზიდენტი დღევანდელ საქართველოში რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდა იმ მოვლენების შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში მოხდა. მისი იდეოლოგია, მისი მსოფლმხედველობა, და მისი მომხრეებიც ყოველმხრივ, ყველა თვალსაზრისით დამარცხდნენ ყველა მოქმედი კანონის შესაბამისად”, [209, გვ. 1] – ამ სიტყვებით მასხრად იგდებს ქართველ ხალხს, ეს რუსული ტანკებით საქართველოს ხელისუფლებაში გოდრით დადგმული არაკაცი და, იცოდეს ყველამ, – სანამ ე. შევარდნაძე არ გასამართლდება ყველა იმ ბოროტების და დანაშაულისათვის, რას მას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ჩაუდენია, მანამდე ჩვენც მასთან ერთად ვართ ამ ცოდვათა თანაზიარნი და საქართველოსაც არაფერი ეშველება.

ზემოთ აღნიშნულ ატმოსფეროსა და პოლიტიკურ ვითარებაში ე. შევარდნაძე გამალებით მიიწევს თავისი მიზნისაკენ და დგამს მორიგ ნაბიჯებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ოფიციალურად გაწევრიანებისაკენ. ამ გზის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა 1993 წლის 3 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ერთობლივ კომუნიკეში ვკითხულობთ: “…აღინიშნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის, კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებასთან მისი შეერთების მნიშვნელობა… ბ. ელცინმა და ე. შევარდნაძემ ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის სრულმასშტაბიან ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ… ბ. ელცინმა დაადასტურა, რომ რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი საშუალებებით სრულმასშტაბიან პოლიტიკურ მოწესრიგებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესების სრული უზრუნველყოფის პირობებში…” [210, გვ. 1]

აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაზეთი “სარანგი” იუწყება: “3 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორის ელცინი. საქართველო-რუსეთის ლიდერთა შეხვედრაზე ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულებათა პაკეტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ. ამ ფაქტს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია უკმაყოფილებით შეხვდა” – მიუთითებს გაზეთი და შენდეგ მოჰყავს რამდენიმე კომენტარი ამ ფაქტზე უცხოური პრესიდან.

“ვაშინგტონ პოსტი” 4 თებერვლის ნომერში კომენტარს უკეთებს რუსეთ- საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას… სტატიის ავტორი ფ. ჰაიატი აღნიშნავს: “რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. პატარა, გახლეჩილი ერი დაბრუნდა უკან, მოსკოვის გავლენის სფეროში. შეთანხმება საშუალებას აძლევს რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე იქონიოს სამი სამხედრო ბაზა და ითვალისწინებს რუსეთის დახმარებას ქართული არმიის მომზადებასა და შეიარაღებაში… საქართველოს ოპოზიციურმა ძალებმა ბრალი დასდეს ე. შევარდნაძეს ახალშობილი, დამოუკიდებელი ერის “გაყიდვაში”. თუმცა, შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სხვა არჩევანის საშუალება არ ჰქონდა…” [211, გვ. 1] “ფრანკფურტერ ალგემაინეს” მიერ გაკეთებული კომენტარი ასეთია: “…ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც დღეს რესპუბლიკის კომპარტიის ყოფილი შეფი ე. შევარდნაძე ხელმძღვანელობს, სრული ქაოსისა და უსამართლობის კერად იქცა.

ოდესღაც ამაყი საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ იმპერიის დაშლამდე საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი გამოეყო მოსკოვს, ხოლო უკანასკნელი შევიდა სნგ-ში, დღეს პირველი სახელმწიფო ქვეშევრდომია, რომელიც კრემლმა შეიძლება მიაკუთვნოს თავის პირდაპირი გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებს…” [იქვე, გვ. 1-2] იგივე გაზეთი შენიშნავს, რომ “შევარდნაძემ საზღაური გაიღო რუსეთის დახმარებისათვის გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში… კრემლის იმპერიალისტური ძალები მიუახლოვდნენ თავის მიზანს, კავკასიაზე კონტროლის აღდგენას…”, [იქვე, გვ. 2] – წერს გაზეთი, – ჩვენის მხრით დავამატებდით, რომ ზუსტად ამისთვის გადმოისროლა ე. შევარდნაძე აშშ-რუსეთის ალიანსმა კავკასიაში, კერძოდ საქართველოში.

საქართველოს სახალხო ფრონტმა შევარდნაძის ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც “უპირობო კაპიტულაციის პოლიტიკა, რასაც საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდი ატარებს…” აქვე აღნიშნულია, რომ “…დღევანდელ ეკონომიკურ და სამხედრო კატასტროფას საქართველოს სახალხო ფრონტი თვლის ხელოვნურ მოვლენად, რომელიც გამოწვეულია არა მხოლოდ ობიექტური პირობებით, არამედ აგრეთვე ქართველის ერის დაუძლურებისა და დესტაბილიზაციის წინასწარდასახული გეგმით, რომლის მიზანიცაა ერის დაყოლიება რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე და თავისუფლების დათმობაზე. საქართველოს სახალხო ფრონტი უნდობლობას უცხადებს ამ გუნდს…” [212, გვ. 2] მაგრამ უკვე ყველაფერი ძალიან გვიან იყო და ე. შევარდნაძემ შეასრულა რა თავისი მისია, ალბათ, გამარჯვებულის ირონიული ღიმილით გადმოხედა მისგან იავარქმნილ ქვეყანასა და მის იმ პოლიტიკურ “მოკავშირეებს”, რომელთა გამოყენება ამ მისიის შესრულებისას ვირტუოზული ხელოვნებით შეძლო, – ისინი ხომ მისთვის მიზნის მიღწევისათვის უბრალო, მაგრამ აუცილებელი ჭანჭიკები იყვნენ, რომელთაც საკუთარი ხელით გააყრევინა სამშობლოს გულში მისგან ნალესი ლახვარი.

1994 წლის 1 მარტს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა იმით, რომ სამშობლოზე შეორგულებულ კონდოტიერთა კასტამ, რომელსაც მითვისებული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა უფლებამოსილება – 125 ხმით, 69-ს წინააღმდეგ რატიფიცირება გაუკეთა საკუთარ სამშობლოზე მონობის უღლის ხელახლა დადგმას. მათ შორის ამ აქტს დადებითი ხმა მისცა აჭარიდან დეპუტატებმა – დავით ცივაძემ, თამაზ ცინცაძემ, როსტომ დოლიძემ, ვიქტორ ლორთქიფანიძემ, ბადრი ნაკაშიძემ, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინეს ამავე კუთხიდან – დავით ბერძენიშვილმა, თამაზ დიასამიძემ და ასლან ფაღავამ. [213, გვ. 1- 2] მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ისინი ამ საქმეში თანასწორნი არიან, რადგან მათ ყველამ ერთად მიიყვანეს აქამდე საქმე. და თუ არა თავის დროზე საქართველოში მომხდარ უკანონობაზე მათ მიერ თვალის დახუჭვა, მისი მხარდაჭერა და აშკარა წახალისება, რამაც მათ საბოლოოდ იმ არალეგიტიმურ ორგანოში მოუყარა თავი, რომელსაც მათ საქართველოს პარლამენტი თვითნებურად უწოდეს, – შეუძლებელი იქნებოდა შევარდნაძეს მარტო მოეხერხებინა ჩვენი ქვეყნის ამ მოღალატურ აქტამდე მიყვანა. აღარც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის 1994 წლის 2 მარტს ატეხილი გოდება და ამავე პარტიისა და საპარლამენტო ფრაქცია “ეროვნულ- დემოკრატის განცხადებანი ცვლიან რაიმეს, თუმცა საინტერესოა იმ მხრივ, რომ უკანასკნელში გ. ჭანტურია იყენებს ადრე მისგან განქიქებულ და სარკაზმით აღსავსე ირონიის ადრესატ დოკუმენტებს საკუთარ პოზიციათა დასასაბუთებლად, ამიტომაც სრულიად მოვიყვანთ მას. მიმართავს რა აშშ ხელისუფალთ განცხადებაში აღნიშნულია:

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი საპარლამენტო ფრაქცია გაყენებთ საქმის კურსში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში 1994 წლის 1 მარტს ადგილი ჰქონდა სნგ-ს წესდებასთან საქართველოს შეერთების მცდელობას და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტოი უმრავლესობა საკითხს უკვე გადაწყვეტილად თვლის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს მიღებულად შემდეგი მიზეზების გამო:

1. ვინაიდან, საკითხი არ ეხებოდა მხოლოდ რიგითი ხელშეკრულების რატიფიკაციას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურისა და მდგომარეობის შეცვლას, არსებული კანონის თანახმად გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხმების 2/3-ით და არა უბრალო უმრავლესობით, როგრც ეს მოხდა;

2. გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომელნიც არსებული კანონის თანახმად აღარ ითვლებიან პარლამენტის წევრებად და უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო კენჭისყრაში.

3. საპარლამენტო უმრავლესობის უკანონო გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იმყოფება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებთან, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილის აქტთან საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე (რომელსაც “კონგრესმენებმა” ბათუმში ბოიკოტი გამოუცხადეს – უ.ო.).

4. ამას გარდა, უკანონო გადაწყვეტილების მიღება მიმდინარეობდა ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური ტერორის ფონზე და პარლამენტის შენობის წინ შეგროვილ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეთა ჯგუფების სასტიკი დარბევით პოლიციის, ომონისა და მოქალაქეთა კავშირის მიერ.

ქართველი ხალხი მხარს უჭერდა და მიუხედავად რუსეთის დაწოლისა, თუ საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა, დღესაც მხარს უჭერს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას, ხოლო სნგ ჩვენს მიერ განიხილება როგორც პირველი ეტაპი რუსეთის იმპერიის მოდერნიზაციისაკენ. ამიტომაც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვთვლით უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ.

პარტიისა და ფრაქციის სახელით – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გ. ჭანტურია.

თბილისი, 2 მარტი, 1994 წელი.” [214, გვ. 1]

როგორც ვხედავთ, გ. ჭანტურიამ ყველაფერი თავიდანვე კარგად იცოდა, მაგრამ, სანამ, მოქალაქეთა კავშირის შექმნისა და მისი საქმიანობის გაშლის შემდეგ, არ მიხვდა, რომ მის მიერ “თავშეწირულ” ე. შევარდნაძეს მისი სამომავლო ალტერნატივა და საპირწონე უკვე გამონახული ჰყავდა და მის ოცნებას, გამხდარიყო სახელმწიფო მეთაურის ფავორიტი მომავალ სახელისუფლებო ბრძოლებში, ახდენა არ ეწერა, მანამ ერთგულება უმტკიცა და ემსახურა მას. ხოლო როდესაც ყველაფერს მიხვდა, ისევ თავგანწირვით გადაეშვა იმავე შევადნაძის წინააღმდეგ სახელისუფლებო ომში, რასაც შეეწირა კიდეც. ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსხვერპლი გახდა იმ სისტემისა, უზნეობისა და სახელმწიფოებრივი ტეროტის ზეობისა, რომელსაც ე. შევარდნაძესა და მის გუნდთან ერთად თავგამოდებით ნერგავდა (როდესაც საქართველოს პარლამენტის მაშინდელ დეპუტატს თამაზ დიასამიძეს შევეკითხე – თქვენი ერთ-ერთი ლიდერი თავზე დაგაკლეს და რას წარმოადგენთ, რომ საქმის გამოძიებაც ვერ მოახერხეთ-მეთქი?, – მან მიპასუხა – გამოძიება დავიწყეთ, მაგრამ თავი გავანებეთ, რადგან ბოლომდე რომ მივყოლოდით ამ საქმეს გ. ჭანტურიასაგან, როგორც პოლიტიკური მოღვაწისაგან აღარაფერი დარჩებოდაო).

საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შედეგად შემქნილ ვითარებას, მის ლოგიკურ შედეგებს, 1994 წლის 1 მარტის საქართველოს პარლამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ მათ მიმართ გამოვლენილი წაყრუების პოლიტიკას კიდევ ერთხელ სათანადო შეფასება მისცა აჭარაში მოქმედმა ეროვნულ-პოლიტიკურმა მოძრაობამ “ჭყონდიდელი”, რომელმაც ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ თავის 1994 წლის 25 მარტის განცხადებაში აღნიშნა: “ვინაიდან საქართველოს დღვანდელმა ხელისუფლებამ რესპუბლიკაში აღადგინა პროკომუნისტური – ტოტალიტარული ტირანია;

ვინაიდან სასტიკ დევნა-შევიწროებას განიცდიან ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრის მქონენი, შეწყვეტილია ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, საპატიმროებში ჩაყრილი, ფიზიკურად განადგურებულია და ასევე განადგურების ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იმყოფება ქართული ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი, როს შედეგადაც დატერორებულია საზოგადოებრივი აზრი, შექმნილი საყოველთაო განუკითხაობის, ფსიქოლოგიური დეპრესიისა და უიმედობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს საერთო ნიჰილიზმის დამკვიდრებას და ქართველ ხალხს მსოფლიოს წინაშე წარადგენს, როგრც პრინციპების არმქონე, მუდამჟამ სხვისი ხელის შემყურე არასრულფასოვან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ერთეულს;

ვინაიდან საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მესვეურთა მიერ საკუთარი პასუხისმგებლობით (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სფეროში) გადადგმული ყველა ნაბიჯის უშუალო შედეგს წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისათვის დამღუპველი დამარცხებებისა და განადგურების კასკადი;

ვინაიდან იმავე ხელისუფლების მთელი მოღვაწეობა ემსახურებოდა და ემსახურება ქართველი ერის წინაარმდეგ მიმართული ამ მზაკვრული შეთქმულების გეგმაზომიერ განხორციელებას;

ვინაიდან ყოველივე ამის ლოგიკური შედეგია 1994 წლის 1 მარტის მორიგი სახელმწიფო გადატრიალება და საქართველოს რესპუბლიკის დსთ-ში ყოველგვარი კანონის უგულვებელყოვით გაწევირანება, რითაც, თავი რომ დავანებოთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას და მის საფუძველზე გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის ფეხქვეშ გათელვას, მან იგნორირება გაუკეთა მის მიერვე მიღებულ კანონებს და ერის წინაშე საყოველთაოდ გამოცხადებულ ვალდებულებებს, ამიტომაც:

მივმართავთ რა მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებრიობას, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო ვაცხადებთ სასტიკ პროტესტს და მოვითხოვთ:

1. საქართველოს მმართველი ელიტის მიერ მომხდარი 1994 წლის 1 მარტის სახელმწიფო გადატრიალება შეფასდეს, როგორც რესპუბლიკაში პროკომუნისტურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეანიმაცია და მისი საბოლოო დაბრუნება რუსეთის იმპერიის ხელში. მის ორგანიზატორებს დაეკისროთ მთელი პასუხისმგებლობა ამ უკანონო, ანტისახალხო და ანტიეროვნული აქტისათვის;

2. 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა საყოველთაო რეფერენდუმზე გამოხატა თავისი ურყევი ნება – ჰქონოდა თავისი ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა შორის, შეწყდეს მისი ამ ნების იგნორირება და ბოლო მიეღოს მის სუვერენულ უფლებებზე შეტევას;

3. ქართველ ხალხს მიეცეს თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, შეწყდეს მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და მიტინგების დარბევა, დევნა-შევიწროებისა და რეპრესიების გზით საზოგადოებრივი აზრის დატერორება და საქართველოს მოსახლეობის შეგნებული გენოციდი;

4. შეწყდეს პოლიკიტურ ნიადაგზე რეპრესიები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი;

5. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მსოფლიოს დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, ყველა კეთილი ნების ადამიანმა, ვისთვისაც ძვირფასია საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დროულად აღიმაღლოს ხმა საქართველოში ამ უფლებებისა და სხვა საერთაშორისო დეკლარაციებით განცხადებული პრინციპების დასაცავად და თავისი წვლილი შეიტანონ ქართველი ხალხის ნებისა და უფლებების დაცვის წინდათაწმინდა საქმეში;

6. შეწყდეს ქართველი ხალხის ნების იგნორირება და მისი დრტვინვისადმი საერთაშორისო წაყრუების პოლიტიკა. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე მართებული შეფასებანი მიეცეს ფაქტობრივი ხელისუფლების ანტისახალხო, ანტიეროვნულ მოღვაწეობას და გამოცხადდეს იგი კანონგარეშე (ბოლო მოეღოს XXI საუკუმის მიჯნაზე ამ უმაგალითო ტირანიას).” [176, გვ. 5-6]

ასეთია ეროვნული მოძრაობის აჭარაში მოქმედი ამ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული პოზიცია საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შედეგების გამო, მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესოა ის ემოციური მუხტი, როგორ აღიქვეს ეს მოღალატური აქტი მისი წინმსწრები მოვლენებითურთ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე მისმა რიგითმა წევრებმა. ამის მაგალითად გამოდგება ერთ-ერთი მათგანის, ჩვენს მიერ წიგნში ადრე მოხსენიებული, ქალბატონი ნუნუ ქაჯაიას მიერ 1994 წლის 9 აპრილს მიტინგზე წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ნათქვამია:

“ჩემო შვილებო! ალბათ ზოგიერთებს კიდეც გიკვირთ, ამ მოხუცებულ ქალს რა ემიტინგება… სახლში ვერ დაჯდებაო, – მაგრამ ზოგიერთებს რომ ჰგონია არც ისეა საქმე, – ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ნუნუ დეიდას ბევრი ქარტეხილი გამოუვლია, ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა აუტანია. …მინდა ვიბრძოლო თქვენთან ერთად და გავინაწილო ის ყველა ტკივილი, რასაც საქართველოს გარეშე თუ შინაური მტრები გვაყენებენ.

დღე მითუმეტეს სახლში რა გამაჩერებს. დიახ, დღეს 9 აპრილს, როდესაც ამ დღეს დაიღვარა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გოგო-ბიჭების უმანკო სისხლი,

სისხლი, საქართველოს ჭეშმარიტი შვილების…

სისხლი, რომელსაც ვერ ჩამორეცხს საუკუნეები…

სისხლი, რომელმაც შავი ჩააცვა ჩემისთანა დედებს…

სისხლი, რომელმაც შავი ჩააცვა მთელ საქართველოს…

ჩემო შვილებო! თქვენ კარგად მოგეხსენებათ როგორ დააფასა ქართველმა ხალხმა იმ პატრიოტების თავდადება, როდესაც 31 მარტის რეფერენდუმით ერთსულოვნად ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, და როგორი სიმბოლური იყო მათი სულების უკვდავსაყოფად, როდესაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ამ ტრაგედიის 2 წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა და ამით კიდევ ერთხელ სული შთაბერა გამოღვიძებულ ქართველ ერს და საქართველო აღმავლობის გზაზე დააყენა! მაგრამ… ვაი სირცხვილო, შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით… მე არ მყოფნის სიტყვები და ძალა ამის აღსაწერად… საქართველოს შინაურმა მტრებმა, გარეშე ძალის ხელშეწყობით იარაღის ძალით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი, თბილისი გადაწვეს, სამეგრელო დაარბიეს, სამაჩაბლო გააჩუქეს, აფხაზეთი გაყიდეს, მაფიას ხელ-ფეხი გაუხსნეს… და ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ დაქცეული და დამშეული საქართველო სნგ-ში შეეყვანათ და კიდეც შეიყვანეს.

აი, შვილებო როგორ გადაუხადა და უხდის დღევანდელი მთავრობა 9 აპრილს დაღუპულ პატრიოტებს მათი თავდადების საფასურს… და მთლიანად სრულიად საქართველოს ხალხს და მათ ნებას, რომელიც 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატეს.

არა!!! შვილებო, ფარ-ხმლის დაყრა არ გამოგვადგება. საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაა საჭირო, მე ღრმად მწამს თქვენი. თქვენ, საქართველოს ჭეშმარიტი შვილები მუდამ იბრძოდით და იბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისათვის.

მეც თქვენთან ვარ და სანამ შემიძლია ჩემი მანდილის ტარება თქვენთან ვიქნები. დაგიფარავთ ამ შავი მანდილით და თეთრი თმებით.

შვილებო!! იბრძოლეთ, რომ უკვდავყოთ 9 აპრილს დაღუპულები. პატივი ეცით მათ სულებს… პატივი ეციტ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სულებს.

გლოცავთ ქართველი დედის სახელით. გფარავდეს ღმერთი. ამინ!” [215]

ქართველი პატრიოტის, ეროვნული მოძრაობის მიერვე აჭარის ეროვნული მოძრაობის დედად შერაცხული ქალბატონის ამ სიტყვებით მსურდა საუბრის დამთავრება თანამედროვე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აღნიშნულ ეტაპზე, – მაგრამ სანამ მას დავასრულებდეთ, მინდა გაგაცნოთ 1990 წლის ოქტომბერში “დემოკრატიჩესკაია რასიას” მეოთხე ნომერში დაბეჭდილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა სოციალისტური ქვეყნების ხელისუფლებას და რომელიც გამოყენებული აქვს ცოტნე ქართველიშვილს მის მიერ გაზეთში “საქართველოს სამრეკლო” დაბეჭდილ სტატიაში, – პასუხი “მოწინავე ინტელიგენციას”. [185, გვ. 10] ავტორი მიგვითითებს, რომ აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლში წერია: “მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ უნარიანი, ორგანიზატორული ნიჭისა და ხალხში ავტორიტეტის მქონე ადამიანები, საჭიროა ზრუნვა მათ გადმობირებაზე. მაგრამ თუ უარს აცხადებენ, მაშინ უნდა აღიკვეთოს მათი მაღალ პოსტებზე მოხვედრა…”

მე-10 მუხლში მითითებულია, რომ “მართვის ორგანოებში და უმეტეს წარმოებაში ყველა პოსტზე (ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე) აუცილებელია დაინიშნონ ადამიანები, რომლებიც ჩვენს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ…”

მუხლი 22. “აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა დაუწესდეს სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებს…”

მუხლი 27. “ადგილობრივი წარმოშობის ხელმძღვანელთა საჯარო გამოსვლებს, დასაშვებია, ჰქონდეს ნაციონალური შეფერილობა (ფორმა), მაგრამ ისინი ხელს არ უნდა უწყობდეს ნაციონალური ერთსულოვნების ზრდას” ე.ი. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დაწინაურებულ ინტელიგენციას შეეძლო ფორმით ყოფილიყო ეროვნული და არა შინაარსით, მხოლოდ სიტყვით ყოფილიყო პატრიოტი და არა საქმით…” [იქვე] და ა.შ. აი, ჰომოსოვეტიკუსის “მესამე მდგომარეობის” განმსაზღვრელი მუდმივა, ანუ როგორ უნდა იმოქმედოს მან ინსტრუქციის მიხედვით.

აღნიშნული ინსტრუქცია (და მისი მსგავსი მრავალი სხვა რამ) არ იყო მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირებული რაღაც მითითებათა კრებული, – იგი საბჭოთა ტოტალიტარულ-კომუნისტური სისტემის ცხოვრების წესის განმსაზღვრელს, მისი არსებობის უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენდა. ამ სისტემაში მოხვედრილი ადამიანი განწირული იყო, რომ აღნიშნული წესებით ცხოვრების მსხვერპლი გამხდარიყო. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვაკეთებთ უმწვავეს შეფასებებს, ჩვენ ამ ადამიანებს დამნაშავეებად კი არ განვიხილავთ, არამედ არაადამიანურად მანკიერი სისტემის პროდუქტად, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს სისტემის მომსახურების სფეროდ აქცევდა და იქ, სადაც არსებობდა ეს სისტემა, ადამიანისათვის ადგილს აღარ ტოვებდა, ხოლო მისგან სასწაულებრივად თავდაღწეული პიროვნებები ამავე სისტემის მიერ შექმნილი საყოველთაო გამასების ფონზე მოჩანდნენ როგორც “თეთრი ყვავები”, რომელთაც ეს გამანქურთებული სოციუმი მთელი სისასტიკით უპირისპირდებოდა. ამიტომაც ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ამ სისტემიდან გამოსულ ადამიანებს (თვით ე. შევარდნაძესაც კი) შეძლონ საკუთარი შინაგანი არსისათვის, სინდისის ქენჯნის გარეშე თვალის გასწორება, – უკუაგდონ აღნიშნული სისტემის მიერ თავსმოხვეული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული განწყობილებანი და თუ სურთ იქონიონ თავისუფალი სამშობლო, თავდაპირველად თვითონ განთავისუფლედნენ ტოტალიტარული სისტემის მიერ მათში ჩანერგილი ამ ანტიჰუმანური ფსიქოზისაგან. ამაში, ჩვენი ღრმა რწმენით, მათ უდიდეს დახმარებას გაუწევს საქართველოში ლუსტრაციის კანონის ცხოვრებაში გატარება, – ეს სამოქალაქო მონანიების ნამდვილი აქტი.

თანამედროვე მსოფლიოს, კაცობრიობის წინაშე მდგარ ურთულეს პრობლემებს შეეხო ჯერ კიდევ XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ზვიად გამსახურდია თავის უნიკალურ ნააზრევში – ”დილემა კაცობრიობის წინაშე”, სადაც ავტორი საუბრობს რა საკაცობრიო პრობლემებზე, ეხება მსოფლიოში იმ დროისთვის გაბატონებული ორი სისტემის, – ტოტალიტარულ-კომუნისტური და ლიბერალურ-ბურჟუაზიული დემოკრატიის, – განვითარების გზებს, შესაშური სიზუსტით მიუთითებს ორივეს ნაკლოვანებებზე და ადამიანის ადგილზე ამ სისტემებში. და ბოლოს, ეხმიანება, რა ჩვენს მიერ ზემოთ წამოწეულ თემას, ზვიად გამსახურდია მსჯელობს საბჭოთა ინტელიგენციის მიერ საკუთარი პოზიციის “კეთილგონიერებით”, “შორსმჭვრეტელობით”, თუ სხვაგვარად გამართლებისა და ოპორტუნისტულად განწყობილთა “გონივრული ოპოზიციის” ნიღბით შენიღბვის შესახებ, მიუთითებს, რომ “ამიტომ გამრავლდა ჩვენში “მინიშნებითი აწმყოფითი ლიტერატურა”, ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან” და ა.შ. – აღნიშნავს, რომ “ამგვარ პოლიტიკას, ე.წ. ორთქლის გამოშვების მიზნით, სახელმწიფოც უწყობდა ხელს, “რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომელიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება, ან პირდაპირ რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერისა; დისიდენტის დისკრედიტაცია, როგორც “უტაქტო”, “დიპლომატიას მოკლებული ადამიანისა”, ან ფრთხილი შეფასება, როგორც “ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა”, ზემოხსენებულ “ბრძენ ოპოზიციონერთაგან” განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს გამგებლობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც დისიდენტები რეალობის გრძნობას მოწყვეტილი ხორცმეტნი, ან “დემაგოგი, ავის მჩხრეკელი, ნაძირალები” არიან, ხოლო სუკის აგენტები – “ჭეშმარიტ ინტელიგენციას” წარმოადგენენ…” [216]

ზვიად გამსახურდიას ეს თვალსაზრისი ისე თვალნათლივ არის ილუსტრირებული მთელი საბჭოური ცხოვრების წესით, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დგას და სრულიადაც არ არის საკვირველი, რომ სწორედ ამ წერილის დაწერისა (1977 წლის აპრილი) და მისი დაპატიმრების შემდეგ გააქტიურდა დღესაც პრეტენზიების მქონე ზოგიერთი პოლიტ-მოღვაწე, რომელთა შემდგომმა ქმედებებმაც სრულიად დაამტკიცა ბატონი ზვიადის მიერ ზემოთმოყვანილ დებულებათა სრული საფუძვლიანობა; [217, გვ. 36] და ალბათ, ზვიადისეულ ამ სიტყვაშიც ბევრი თავის თავს შეიცნობს: “შენ დაბრძანდები დიდი ქალაქის ქუჩებში, სარგებლობ კომფორტით, მსახურობ, საზღვარგარეთ დაბრძანდები, მეგობართა ვიწრო წრეში ოპოზიციურად ყბედობ. სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც წამებით კლავენ, აავადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან. შენთვის ისინი “არაპიროვნებანი” არიან… ამით კი თავად შენ ხდები “არაპიროვნება”, ამით შენ ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის ყვედობის სენით დაავადებული, თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში. შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტის გამოგონებასაც: “უცნაური”, “დონკიხოტი”, “პოზიორი”. მისი წვრილმანი ნაკლის ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიყავხარ…” [216, გვ. 25-26]

აი, ასეთია ზვიადისეული ყოვლისშემმუსვრელი, გამანადგურებელი სიმართლე და მისი ეს ნაწარმოები რომ ბევრს ადრევე გაეცნო, ვფიქრობ არასდროს დაადგებოდა თვითგანადგურებისაკენ მიმავალ დამღუპველ გზას, რადგან სიმართლეს აქვს ერთი საოცარი თვისება – შენდა უნებურად შინაგანად გაგაცისკროვნოს. და ჩვენი მიზანიც სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ჩვენს ცოდვილ მოძმეთ ხელი შევაშველოთ ამ გზაზე, საბოლოოდ ვიხსნათ ისინი პირქუში წარსულისაგან საქართველოს მომავლისათვის…

ქართველმა ერმა და, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ საქართველოს ირგვლივ აღნიშნულ პერიოდში დატრიალებული ტრაგედიიდან. თუ გადავხედავთ ამ ტრაგედიის უშუალო ქრონიკას და ჯანსაღი, ემოციისაგან თავისუფალი თვალთახედვით გავაანალიზებთ მომხდარს, დავინახავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში რა მიზანმიმართულად მზადდებოდა ყველაფერი. ამასთან შეუმჩნეველი არ დაგვრჩება საკუთარი უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე, ისევ ქართული ელემენტის მიერ შესრულებული როლი ყველაფერი მომხდარის შემზადებასა და განხორციელებაში. აქედან სწორი ანალიზი უნდა გავუკეთოთო მომხდარს და დავსახოთ გზა მომავალში მსგავსი მოვლენების დროულად აღსაკვეთად.

იმჟამად, როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველმა ძალებმა საერთაშორისო გლობალური პოლიტიკის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს და საჭიროდ არ ჩათვალეს ქართველის ხალხის ნებისა და მისი სამართლიანი ბრძოლისათვის მხარდაჭერა. ამიტომაც ქვეყანა ისევ აღმოჩნდა იმ სივრცეში, საიდანაც თავდაღწევას თავგანწირვით ცდილობდა. მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ ედუარდ შევარდნაძეს და K°-ს შეასრულებინა საკუთარი დაკვეთა და კავკასიის “სტაბილიზაციას შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობა.” [218]

თავის მოტყუება იქნებოდა ის, რომ ასეთ პირობებში ერთეულმა პიროვნებებმა რაიმეს გადაწყვეტა შესძლონ, რადგან აქ, როგორც ჩანს, ყველაფერი გადაწყვიტა საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკასთან იმჟამინდელი ქართული ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანთა შეუსაბამობამ. მათთვის მთავარი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ადგილზე ახალი, მათი ინტერესების შესაბამისად რეფორმირებული, აღნიშნული სივრცის მაკონტროლებელი სტრუქტურის, ისევ რუსეთით სათავეში, ჩამოყალიბება, რადაც მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა მიაჩნდათ. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოების ძირითადი მამოძრავებელი ინტერესების დაქსაქსულობა და პირველ ყოვლისა, აქედან გამომდინარე რეალური თავისუფლების მისაღწევად, მისი მომზადების ხარისხი, რაც არც თუ მაღალი აღმოჩნდა.

ასე, რომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თუ ამჯერადაც მარცხით დამთავრდა, აქ დამარცხდა არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე ან პოლიტიკოსთა ესა თუ ის დასი, არამედ სრულიად საქართველოს მომავლისა და პროგრესისაკენ წამყვანი იდეა. ამასთან ქვეყნის მომავალი რეალური დამოუკიდებლობისათვის მიღწევაზე ორიენტირებული ერი, აუცილებლად აგრძელებს ბრძოლას საბოლოო მიზნის მისაღწევად, – და მან ამ მიზნის სამსახურში უნდა ჩააყენოს თავისი ყველა პოტენციური შესაძლებლობანი, – ქვეყნის შიდა თუ საგარეო ურთიერთობების მოწესრიგებისას ისარგებლოს საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკის რეალურ ანალიზზე გათვლილი შორსმჭვრეტელური დიპლომატიით.

ცნობილია, რომ დიდი პოლიტიკის მკეთებელი გლობალისტებისათვის საყოველთაო სიკეთისა და თანასწორობა-დემოკრატიის ქადაგება, მხოლოდ თავიანთი უმთავრესი მიზნის შესანიღბად მომარჯვებული ლოზუნგებია და ისინი თავიანთ საქმიანობაში ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებენ მათთვის სასარგებლოსა და პრაგმატულს; – ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს კი ასეთ პირობებში ხშირ შემთხვევებში არ ასცდებათ “შესაწირი პაიკის” როლი… ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მისი გათვალისწინებით, ფრთხილად უნდა გადავდგათ ყველა მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯი.

მაშინ კი, თუ რა დონეზე იყო პოლიტიკური აზროვნება სამშობლოს პატრიოტობაზე მოპრეტენზიე ელიტარებში, ამის მაგალითად მოვიყვანთ, მართლაც შესანიშნავი მებრძოლის, მაგრამ ამდენადვე წარმოაუდგენლად არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკანის, გია ყარყარაშვილის მოსაზრებათ: “ექსპრეზიდენტის მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა ფართო ფრონტით აიღეს ხონი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ხონი, სამტრედია. ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა აღფრთოვანებით ხვდებოდა გამარჯვებულებს, შეიარაღებულ ძალებს აძლიერებდნენ კიდეც. მოიერიშეები ქუთაისს მიადგნენ. საქართველოს აშკარა საფრთხე დაემუქრა – საქართველო ლიხს იქით და ლიხს აქეთ!” [218, გვ. 11] – პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებს რაიმე ძალით კი არ აუღიათ, როგორც ამ ტერმინის გამოყენებაში დახელოვნებული “მთავრსარდალი” აღნიშნავს, არამედ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რასაც ე. შევარდნაძემ მისი მარიონეტებითურთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა და რაზედაც იქვე მიუთითებს გ. ყარყარაშვილი, როდესაც აღნიშნავს: “ამ დროს პრეზიდენტსა (ე. შევარდნაძეს გულისხმობს, – და მათი უბედურებაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ კანონიერ პრეზიდენტს ექსპრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ხოლო თვითმარქვია უზურპატორს, – პრეზიდენტად. – უ.ო.) და რუსეთის რეაქციულ ძალებს შორის (პროგრესულებიც ეგულება რუსეთში, რომლებიც დღემდე ვერავინ აღმოაჩინა – უ.ო.) პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს. საქართველო შედის სნგ-ში, ინიშნებიან მინისტრები მოსკოვის შეკვეთით… ქვეყანა გაივსო ტალეირანებით, ჟოზეფ ფუშეებითა (შიც! – უ.ო.) და ყვარყვარეებით.” [იქვე] (პირველ ორზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ყვარყვარეებით რომ გაივსო ქვეყანა, ეს ნამდვილად იყო – უ.ო.) გია ჭანტურია კი, რომელიც ზვიად გამსახურდიას უკიჟინებდა რუსეთთან ალიანსს, ამაზე ხმასაც არ იღებს და პირიქით, ადვოკატად უდგება შევარდნაძის ხელისუფლებას, რაც საერთოდ პროჭანტურიზმის უპირველესი მახასიათებელია, – ყველაფერი იკადროს მისთვის არასასურველი პიროვნებების დისკრედიტაციისათვის და ასევე მოიქცეს დროებით პოლიტიკურ მოკავშირედ მიჩნეულთა დასაცავად, რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, როდესაც საქმე დაიჭირა მისივე ზნეობის ბადალ “მსოფლიო დონის პოლიტიკოსთან”.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის საქართველოს დაუღალავი ქრისტესმიერი ქადაგის, ზვიად გამსახურდიას უარმყოფელნი, მისი მოშურნე და ამ ნიადაგზე მომტერენი, – ეს ჩვენი თანამედროვე კაიაფები, რომელთაც ვერაფერი შეასმინა ბიბლია-სახარებისეულმა ისტორიამაც კი, საკუთარ თავსა და შთამომავლობასაც კიდევ ერთხელ სწირავენ მარადიული წყევლისათვის. სწორედ ამ კაიაფათა ურწმუნოებამ და სისასტიკემ არჩია ბარაბას გზა და მით ებრაული მოდგმა ათასწლოვანი ტანჯვისათვის გასწირა.

ეპოქალური გზის გასაყარზე ზვიად გამსახურდიამაც მიმართა ქართველ ერს: “თქვენს წინაშეა ორი გზა – გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი. ქართველო ერო, ამოირჩიე რომელი გინდა!” –  მაშინ ქართველი ერის საუკუნოვანი მონობიდან ამონთხეულმა ბარაბას მიმდევრებმა, რომელთაც ვერც კი შენიშნეს მათ გამოსაფხიზლებლად მიმართული ქართველი მამულიშვილის გია აბესაძის მოწამეობრივი თვითშეწირვა, კიდევ ერთხელ აზეიმეს კაიაფა, რომელმაც მიიღო ხელისუფლება და სატანის კვერთხით მართვის უფლება საქართველოში; და მრავალნი დღესაც უფასო ვექილებად უდგანან მის ცოდვათა არა მარტო სადღეისო, არამედ სამომავლოდ გამართლების საქმეს.

ყველა ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელისა და კეთილმოქმედის გასაგონად უნდა ითქვას, რომ სანამ საბოლოოდ არ მხილებულა კაიაფა და მის მიმდევარ-მორჩილთა დასი, მანამ ჩვენც მის საქმეთა თანამოზიარედ და თანაზიარად ვითვლებით ყველა. კაიაფას მხილება, ეს ღვთის ნებაა და მისი აღსრულებით დაიწყება ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება (მისთვის მეორედ მოსვლა), უფლის დაბრუნება ადამის მოდგმაში. იყავი გაბედული – ეზიარე უფალს!

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები: 
 
167. გაზ. “მაჭახელა”, #19 (36), 1992 წ., ქრისტეშობისთვე: გაზ. “თბილისი”,
1992 წ., 10 ნოემბერი

168. გაზ. “მაჭახელა”, #18 (35), 1993 წ., გიორგობისთვე

169. ოქროპირიძე უ., მძევლები, გაზ. “აღდგომა”, #15 (47), 1992 წ., 4 მაისი

170. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #3 (5), 1993 წ., 2 თებერვალი

171. გაზ. “ქართული აზრი”, #1 (29), 1993 წ., 26 იანვარი

172. გაზ. “ჭყონდიდელი”, #2, 1993 წ., 18 ვარდობისთვე (მაისი)

173. გაზ. “რეზონანსი”, #32 (59), 1993 წ., 7 აპრილი

174. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #13 (15), 1993 წ., 14 აპრილი

175. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #15 (17), 1993 წ., 28 აპრილი

176. გაზ. “აღდგომა”, #6 (103), 1993 წ., თებერვალი

177. გაზ. “ჟამთააღმწერელი”, #3, 2005, 15 ნოემბერი

178. გაზ. “ბათუმის ხმა”, #2 (20), 1993 წ., მაისი

179. ხაინდრავა ივ., ხელისუფლების გენეზისი საქართველოში. 1992 წელი, გაზ. “საქართველოს კარიბჭე”, #1, 1993 წ., იანვარი

179 ა. მგელაძე ნ., რელიგია და ეროვნული ფასეულობანი, გაზ. “საქართველოს კარიბჭე”, იქვე

180. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #63, 1993 წ., 17 იანვარი

181. გაზ. “საშუალო ფენა”, #5, 1993 წ., მაისი

182. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #18 (20), 1993 წ., 25 მაისი

183. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #79, 1993 წ., 18-24 მაისი

184. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #80, 1993 წ., 1-7 ივნისი

184 ა. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #81, 1993 წ., 8-14 ივნისი

185. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #23 (25), 1993 წ., 24 ივნისი

186. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #16 (18), 1993 წ., 5 მაისი

187. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #20 (22), 1993 წ., 3 ივნისი

188. გზ. “აღდგომა”, #22 (54), 1993 წ., 3 ივლისი

189. გზ. “აღდგომა”, #25 (57), 1993 წ., 31 ივლისი

190. გზ. “საქართველოს სამრეკლო”, #25 (27), 1993 წ., 16 ივლისი

191. გაზ. “ეგრისი”, #1, 1993 წ., 28 ივლისი

192. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #86, 1993 წ., 18-24 აგვისტო

193. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #85, 1993 წ., 11-17 აგვისტო

194. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #89, 1993 წ., 8-14 სექტემბერი

195. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #90, 1993 წ., 15-21 სექტემბერი

195 ა. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1993,24.07

196. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #28 (30), 1993 წ., 14 აგვისტო

197. გაზ. “თავისუფლება”, #2, 2005 წ., 3 ნოემბერი

198. გაზ. “აღდგომა”, #32 (63), 1993 წ., 26 სექტემბერი

199. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #27 (117), 1993 წ., 29 სექტემბერი

200. გაზ. “ფაქტი, აზრი, კომენტარი”, #15 (26), 1993 წ. 8 ოქტომბერი

201. ოქროპირიძე უ., რასპუტინიდან პუტინამდე, გაზ. “ბათუმის ხმა”, #3, 2004 წ., აპრილი

202. გუგუშვილი ბ., დღემდე უცნობი დოკუმენტები საქართველოს სამოქალაქო ომის შესახებ, გაზ. “ალია”, #144 (943), 2000 წ., 12-13 სექტემბერი

203. Briefing on Current in Georgia and implications for US policy, Commission on Security and Cooperation in Europe, Monday, October 25, 1993, Washington, DC.

204. გაზ. “აღორძინება”, #22, 1993 წ., 28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

205. გაზ. “ახალი თაობა”, #14, 1993 წ., 4 ნოემბერი

206. გაზ. “რეზონანსი”, #121, 1993 წ., 4 დეკემბერი

207. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #40 (127), 1994 წ., 13 იანვარი

208. გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”, #3 (11906), 1994 წ., 26 იანვარი

209. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #6 (809), 1994 წ., 11 იანვარი

210. გაზ. “აჭარა”, #21 (19333), 1994 წ., 8 თებერვალი

211. გაზ. “სარანგი”, #2 (58), 1994 წ., 19 თებერვალი

212. გაზ. “საქართველო”, #3 (1377), 1994 წ., 19-25 თებერვალი

213. გაზ. “ქართველი ერი”, #5 (59), 1994 წ., 22 მარტი

214. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #21 (130), 1994 წ., 2 მარტი

215. ნ. ქაჯაიას პირადი აქრივი

216. გამსახურდია ზ., დილემა კაცობრიობის წინაშე, თბ., 1991 წ.

217. ოქროპირიძე უ., ო ცნების შემეცნება, ანუ საკრალური პოეზია, ბათუმი, 2008

218. გაზ. “ბათუმის ხმა”, #1 (21), 1994 წ., აპრილი

219. დილის გაზეთი, #198 (433), 1997, 22 სექტემბერი, გვ. 11

 

 

 

 

3 Responses to “•ოქროპირიძე- აჭარა IV”

  1. ლომისა said

    ღმერთმა დაგლოცოთ ქ-ნო დარეჯან! ძალიან დიდ შრომას ეწევით.
    ეროვნული მოძრაობის უახლესი ისტორიის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანი მასალაა გამოქვეყნებული.

    Like

  2. ლომისა said

    „ბესარიონ გუგუშვილი შენიშნავს, რომ ყოველივე ამით “შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა იმის გარანტია მიეღოთ, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს…” [202, იქვე] შემდეგ ექსპრემიერი საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა აშშ-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის წაქეზება და მისი რეგიონის ჟანდარმად გამოყენება, პრინციპით – “ძალაყინისთვის წინაღობა არ არსებობს.”

    ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი დღესაც ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრია და რის საფუძველზე დაიწერა ეს აბზაცი სრულიად გაუგებარია. ზოგი ამბობს, რომ მანანა არჩვაძემ დაავალა დეპუტატებს კენჭი ეყარათ მისი თანამდებობიდან გადაყენებაზეო. მართალია? მოკლედ, პრეზიდენტის დანიშნულების ლეგიტიმურობას, თურმე მისი ქვრივი განსაზღვრავდა.

    Like

  3. AFXAZI said

    გაიხარეთ ქართველებო, როგორც ჩანს საქართველო ცოცხალია, ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ მომავალ ეროვნულ მოძრაობამდე.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s