Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ილია ჭავჭავაძის უნებლიე მისია

 

ილია ჭავჭავაძის უნებლიე მისია

(ბოლოსიტყვაობა წერილისათვის „ბრიტანული პროექტის შესახებ“)

 

„იბერიანას“ საიტმა “ჩეჩენპრესიდან“ გადმობეჭდა 01.04.09–ში გამოქვეყნებული  სტატია, სათაურით: ბრიტანული პროექტი გამოჩენილ თანამემამულეთა შესახებ საქართველოს ტელევიზიაში“.  თავის დროზე ჩეჩნური საიტის რედაქციამ არა მხოლოდ  დაბეჭდა ეს  წერილი, როგორც ჩანს, მას საგანგებო მნიშვნელობაც მიანიჭა, რაც თუნდ იმაში გამოვლინდა, რომ  საკუთარი ინიციატივით დაურთო ქვესათაური: „ხალხმა აჩვენა, ვინ არის მისთვის ძვირფასი“.

არც გასაკვირია, წერილში მოთხრობილი იყო საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის შედეგების შესახებ და იგი კავკასიელ და, უპირველეს ყოვლისა, ჩეჩენ და ინგუშ თანამოძმეებს განეკუთვნებოდა, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან ქართველებისაგან პირველი და ერთადერთი ღირსეული პრეზიდენტის მიმართ პატივის მიგების ყველა სახის გამოვლინებას. ავტორი კავკასიელ მკითხველს, საკუთარი ერის ღირსების სრული შეგნებით, აუწყებდა, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა –   უღირსი მეთოდებისა და საშუალებებისა, რომლებსაც მიმართავდნენ პროექტის ქართულად დუბლირების მესვეურები, რათა  არ დაეშვათ  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოწინავე ადგილზე ყოფნა ნომინანტთა შორის, ქართველმა ერმა მაინც შეძლო თავისი დიდი თანამედროვისათვის  ღირსეული ადგილის მინიჭება –  მადლიერმა თანამემამულეებმა ღირსეულ შვილთა ათეულის პირველ სამეულში –  მეფე დავითისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით დაუმკვიდრა ადგილი. ხალხის არჩევანი სავსებით ლოგიკურ ისტორიულ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა და იგი სრული შესატყვისობით პასუხობდა ცნობილი ქართველი პოეტის მიერ ჯერ კიდევ 1972 წელს დაწერილ ლექსს – „მკითხე და გეტყვი“:

                                        მკითხე და გეტყვი: რისი თამარი! –

                                        ქართლის ცხოვრების რა ვიცი მეტი!

                                        დავითი იყო ჩვენთვის მთავარი,

                                        დავითი იყო პირველი სვეტი!

                                         მკითხე და გეტყვი, რის ვაჟა, მენდე,

                                        ერის მეობით და თვისი მეთი,

                                        არც თვითონ შოთა!  – დავითის მერე

                                        ილია იყო მეორე სვეტი!

                                         გაზნექილია

                                        ქარში ალვისხე,

                                        აწეწილია

                                        სამშობლოს ხედი…

                                        ღმერთო, გვაღირსე,

                                        ღმერთო, გვაღირსე,

                                        ღმერთო, გვაღირსე

                                        მესამე სვეტი!

იქვე  განსაკუთრებული გულისტკივილით იყო აღნიშნული, რომ  პოეტმა, ვინც საქართველოს ორი „სვეტის“ შემდეგ მესამეზე ოცნებობდა და მას წინასწარმეტყველებდა, როდესაც უფალმა მოუვლინა იგი საქართველოს, არათუ  ვერ იცნო იგი, არამედ ცდუნდა  და  სწორედ ამ „მესამე სვეტის“ დამაქცევართა რიგებში ჩაეწერა. მაგრამ არ შემცდარა ზვიად გამსახურდიას  მშობელი ერი, რომელმაც ზუსტად შეაფასა მისი დამსახურება საკუთარი ხალხის წინაშე და  ღირსეულად აღმართა იგი მესამე სვეტად საქართველოს  თავისუფლების დიდ ციტადელში! 

ამ წერილში, რომელიც გამოქვეყნებული  იყო 1 აპრილს,  გამოთქმული იყო იმედი, რომ: „პროექტის დასრულების წინ (დარჩა მხოლოდ ერთი ტური, პროექტი დასრულდება 3 აპრილს) უკვე ნათლად წარმოჩინდება სურათი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია მხოლოდ ცენზურის უხეში ჩარევით”. ხოლო, აი, როგორი იყო ეს სურათი 1 აპრილისათვის და პირველი ათეულიდან ვის რამდენი ხმა ჰქონდა მოგროვილი:   „დავით აღმაშენებელი – 16 226, ილია ჭავჭავაძე – 14 962, ზვიად გამსახურდია – 13 287, ვაჟა–ფშაველა – 11 141, თამარ მეფე – 10 555, შოთა რუსთაველი – 9 480, ექვთიმე თაყაიშვილი – 8 977, გიორგი ბრწყინვალე – 8 005, იაკობ გოგებაშვილი – 7 676 და  უცნობი გმირი – 7 669. „

მაგრამ, როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელჰყო, ბოლო ორ დღეში მოხდა ცენზურის სწორედ ის უხეში ჩარევა, რასაც თვით მრავლისმხილველი წერილის ავტორიც კი ვერ წარმოიდგენდა,  და, ამდენად, „ჩეჩენპრესში“ დაბეჭდილ მასალას თან უნდა ხლებოდა  ბოლოსიტყვაობაც, რაც საგანგებოდ საიტ „იბერიანასთვის“ მოწოდებული ჩვენი დღევანდელი წერილის თემა გახლავთ, რისი გამხელა მოსარიდებელია ვაინახი მკითხველისათვის და მხოლოდ  ქართველი მკითხველისათვის არის განკუთვნილი.

თუმცა, მანამდე მოგვიხდება ერთი არალირიკული გადახვევა:  გასული საუკუნის დამლევს ფრანგებმა ორგზის სცადეს საკუთარი ნების გაცხადება ორ სხვადასხვა არჩევნებში, რაც ერთობ ოდიოზური შედეგებით დაბოლოვდა. პირველად მათ 90–იანი წლების დამდეგს წინააღმდეგობა გაუწიეს მაასტრიხტის უნიფიცირებული ხელშეკრულების რატიფიკაციას და ხელშეკრულების მომხრე ძალების მხრიდან ძლეულ იქნენ ხმათა 1%–ით, ხოლო 1995 წლის დამლევს – კანადიდან კვებეკის ტერიტორიის გამოყოფის მოსურნეთ სულ ნახევარი პროცენტი დააკლდათ მიზნის სისრულეში მოსაყვანად. ამრიგად, ევროპული ინტეგრაციული ძალები და უნიტარული ამერიკა აღმოჩნდნენ დამაბრკოლებელნი ფრანგული ეროვნული ცნობიერების განვითარების გზაზე.

ახლა პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ და ვნახოთ, რა მოჰყვა ორ დღიან შუალედს „ჩეჩენპრესში“ დაბეჭდილი წერილიდან ბრიტანული პროექტის ბოლო ტურამდე: ილია ჭავჭავაძემ, რომელიც 1 264 ხმას აგებდა დავით აღმაშენებელთან, უეცრად ერთ დღეში, ხმათა არნახული რაოდენობა მოიპოვა და საბოლოოდ, დამთვლელი  კომისიის შედეგებით, 1 ხმით გაუსწრო დავით აღმაშენებელს!

სწორედ ამ ერთმა ხმამ გაგვახსენა საფრანგეთის თავისთავადობის აღმკვეთთა 1 და კვებეკის  თავისუფლების მოწინააღმდეგეთა ½ პროცენტები. მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებს ალალად მინდობილი ფრანგი  ხალხისათვის ეროვნული მისწრაფებების ეს დამარცხებები ალბათ ეთნიკური თვითშეგნების სამწუხარო ხარვეზებად იქნებოდა აღქმული,  ჩვენ კი, საბჭოურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობაგამოვლილ ქართველობას, რომელსაც პოსტსაბჭოური შევარდნაძის მმართველობაც დაებედა – არ გვესწავლება არჩევნების გაყალბების სტალინური ფორმები და მეთოდები („მთავარი ის კი არ არის, ვინ აძლევს ხმას, მთავარია – ვინ ითვლის“). თუკი ხალხის ეროვნული მისწრაფებანი არ მოდის უნისონში მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებთან, მაშინ დინების საწინააღმდეგოდ  ცურვის ყოველი მცდელობა დამარცხებისათვის არის გაწირული – ამ კანონზომიერებას შეეწირა დავით აღმაშენებელიც!   

შედეგების გამოცხადების შემდეგ არანაირი ეჭვი არ გასჩენია ქართველობას. ყველამ ბუნებრივად მიიღო ილია ჭავჭავაძის გამარჯვება – ოღონდაც, ერისთვის შეწირული წმინდანისთვის პირველობა ვის დაენანებოდა! ცხადია, აღნიშნული მოვლენა არც არავის გაუპროტესტებია  და არც არავის გახსენებია ნომინანტთა ორი დღის წინანდელი რეიტინგები. მართლაც, რიგითი ქართველისათვის განა რა სხვაობაა, ილია ჭავჭავაძე გაიმარჯვებს, თუ დავით აღმაშენებელი!

მაგრამ თუ მოვლენას განვიხილავთ საქართველოს მსოფლიო პროცესებში ჩართულობის პოზიციიდან, იოლად მივხვდებით, რომ  ამ ადგილმონაცვლეობას  გადაცემის მესვეურებისა თუ მეოხებისთვის ჰქონდა  მნიშვნელობა – ვისთვისაც სულაც არ არის სულ ერთი,  ილია ჭავჭავაძე გაიმარჯვებს თუ დავით აღმაშენებელი. ბრიტანული პროექტის შედეგებს ხომ მთელი მსოფლიო იხილავს – საქართველოში პროექტის დამთავრების დროისთვის უკვე ცნობილი იყო გამარჯვებულები რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, რომელთა სახელების მიხედვით სულ იოლი გახლდათ ამ ქვეყნების ეროვნული მრწამსისა და იდეალების დადგენა. ამ დროს საქართველოში უეცრად იმარჯვებს მეფე და ისიც მე–12 საუკუნისა! ესე იგი, რა გამოდის  განათლებული მსოფლიოს წინაშე: ერთი, რომ ამ ახლადგამოჩეკილ  ამერიკული ჯორჯიის მოსახელეს თურმე ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში ჰქონია სახელმწიფო, თან მეფეც ჰყოლია და მეორეც – ამ მეფეს დღემდე სამაგალითოდ ისახავს ქართველობა! რას ჰგავს ეს? რაგვარად შეეფერება გლობალიზაციის  საყოველთაო კანონზომიერებებთან ფეხშეწყობილი  დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს? 

ზემოთ აღვნიშნეთ, არჩევნების შედეგების კორექტირების საშუალებები ძლიერთა ამა ქვეყნისათა ნება–სურვილზეა დიდწილად დამოკიდებული, და წარსული დროისაგან განსხვავებით, დღეისათვის უხეში გაყალბება სულაც არ არის საჭირო – საჭიროების შემთხვევაში, დროის სულ მოკლე შუალედში, ზუსტად შეიძლება ტელეფონის ზარების, SMS-ების თუ ინტერნეტ–გამოკითხვის მეოხებით რაოდენობრივად ზუსტად ერთი ხმით გაამარჯვებინო შენს ფავორიტს! ხოლო ეს ერთი ხმა სჭირდებოდა მათ, ვინც თავისი განაზრახით საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნებას ცდილობდა, რათა ქართველები,  საკუთარი  მეფის სახელ–დიდების გამო,  კონსერვატიულ ერად არ დაესახა მსოფლიოს! მართლაც, აბა დახეთ – არალობიოური დემოკრატიისა და ვარდების რევოლუციის შემოქმედი ხალხი  შორეულ მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე მონარქის აღიარებით ხომ გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა  მსოფლიოს წინაშე დაგდებულ სახელს!

სამაგიეროდ, ილია ჭავჭავაძის გამარჯვება ერთობ დამამშვენებელი უნდა ყოფილიყო პროექტის ფინალისათვის – ეს მე და თქვენ ვიცით, ძვირფასო მკითხველო, რომ ილია ჭავჭავაძე იყო ერის მამა,  საქართველოს უგვირგვინო მეფე, იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის წინამძღოლი – მაგრამ რას ეტყოდა ეს სახელი მსოფლიო საზოგადოებრიობას, როდესაც ზემოხსენებული ეპითეტების ნაცვლად დაიწერებოდა ოდენ: „XIX  საუკუნის ქართველი დემოკრატი მწერალი“? მორჩა და გათავდა!  ეს იქნებოდა ის, რისი დემონსტრირებაც აძლევდათ ხელს ბრიტანული პროექტის ჩვენებურ მესვეურებს!

–აჰა, ზვიად გამსახურდია არ იკმარა და ახლა დავით აღმაშენებელს დასდგომიაო ქომაგად – იტყვის შეცბუნებული მკითხველი – თანაც ვის წინააღმდეგ, დიდი  ილია ჭავჭავაძისა?! მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ, როგორც გამოჩნდა,  დავით აღმაშენებელსაც სჭირვებია ქომაგობა და მერე როგორ სჭირვებია; დაცვა მათგან, ვინც დღეს დემოკრატიის ნიღაბქვეშ ცდილობს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების თავის საკუთარ თარგზე მოჭრას.

თავს ნურავინ მოიტყუებს – ეს პროექტი ცალკეული ქვეყნების შინაური პროცესებისა და ისტორიულ–კულტუროლოგიური საკითხების გასარკვევად არ შექმნილა – მისი უმთავრესი დანიშნულება გახლდათ, ერებსა და ხალხებს  მსოფლიო ჭრილში წარმოედგინათ საკუთარი ეროვნული პრიორიტეტები.  უნდა ითქვას, რომ ყველა ერი უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტს – სადაც ამის საჭიროება არსებობდა, მას სათანადო ახსნა–განმარტებებსაც უტარებდნენ. რუსეთში, მაგალითად, ჯერ კიდევ მიტროპოლიტის რანგში მყოფი კირილ გუნდიაევი საგანგებოდ მოძღვრავდა ხალხს, თუ რატომ უნდა აერჩიათ ალექსანდრე ნეველი და რატომ არ უნდა აერჩიათ სტალინი და ივანე მრისხანე. და ამ შეგონებას რუსმა ხალხმა მორჩილად უგდო ყური.

 ქართველ ხალხს მსგავსი შეგონებები არ სჭირდება – მან თავად უწყის შესანიშნავად, თუ ვის და რატომ უნდა მისცეს ხმა – ოღონდ, მთავარია, მას ეს ხმა არ წაართვან, არ გაუყალბონ და თვით ილია ჭავჭავაძესაც კი არ დააკისრონ ერის მხსნელის ოდინდელ მისიასთან  შეუსაბამო დღევანდელი მისია – მსოფლიოს წინაშე ერის არასათანადოდ წარდგომის თვალსაზრისით!

  საბა იბერი, „იბერიანასთვის“,

4 დეკემბერი  (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება)

 

***

 

 ხალხმა აჩვენა ვინ არის მისთვის ძვირფასი

„ბრიტანული პროექტი გამოჩენილ თანამემამულეთა შესახებ საქართველოს ტელევიზიაში. ისა ქაძოევის მარტიროლოგია“

 

საბა იბერი, თბილისი, ჩეჩენპრესისთვის 01.04.09

გაიარა თხუთმეტმა წელმა გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან.

იმ ტრაგიკულ დღეებში კავკასიის ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანმა ეს აუნააზღაურებელი დანაკარგი მწუხარებით აღიქვა, მაგრამ ნამდვილად გულისშემძვრელი სამძიმარი 1994 წლის იანვარში მოვიდა ინგუშეთიდან – ცნობილმა ვაინახმა მწერალმა, სამართალდამცველმა ისა ქაძოევმა დაწერა მარტიროლოგია – “სიტყვა მეგობარზე”, რომელიც საქართველოში დღესაც ხელიდან ხელში გადადის. მასში ძირითადად ნათქვამია:

“ზვიად გამსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა.… ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლებების აღდგენისათვის, ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე:

1. ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან;

2. დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე;

3. პოლიტიკურად და ეკონომიურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა;

4. – კავკასიელ ხალხთა ძმობა. საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვის.

აი ის დოქტრინა, რომელიც გაუნათებს გზას მომავალ პატრიოტებს საქართველოს თავისუფლებისათვის, სრულიად კავკასიის თავისუფლებისათვის.. ღმერთი იყოს მათი შემწე! დაე, მათი ხვედრი იყოს წარმატებული და საბედნიერო ვიდრე ჩვენია!

არა! ზვიად გამსახურდიას იდეაზე ჯვრის დასმა არ გამოუვათ. ზვიადი დაიღუპა ფიზიკურად, იდეა ზვიადისა კი იცოცხლებს“.

 

ყოველივეს მიღწეულ გავლენიან ხელისუფალთ და პატივდებულ დიდებულთ კლერიკალთაგან უცბად “გაახსენდათ”, რომ მიუღებელია ასეთი პატივსაცემი პიროვნებების ნუმერაცია რიგის მიხედვით და ამასთანავე უხერხულია ერთ სიაში წმინდანთა და საეროთა მოქცევა, თუმცა კონკურსის პირობები ადრევე იყო შეთანხმებული ამათთანაც და სხვებთანაც. მაშ რა მოხდა?

აი რაც მოხდა: გამოირკვა, რომ პირველ ორ ადგილზე ერთმანეთს მისდევდენ მეფე დავით აღმაშენებელი და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, სხვა დანარჩენისაგან დიდი დაშორებით. აღმოჩნდა, რომ იდეა ზვიად გამსახურდიასი ჯერ კიდევ ცოცხალია? რამდენადაც იდეები (და იდეალები, თუ გნებავთ) გამსახურდიასი, დეკლარაციული განცხადებების გამონაკლისით, დღეს არც მათ შორის და არც სხვათა შორის მოდაში არ არის. მომხდარი არც დამფუძნებლების გეგმაში იყო, რომლებსაც არ ძალუძდათ წარმოედგინათ გარემოების ამგვარი წარმართვა. დისიდენტ-პრეზიდენტისადმი სახალხო პატივგების გამო „დემოკრატიული“ საზოგადოების წინაშე არასასურველი სახით რომ არ წარმდგარიყვნენ, ისინი უკვე მზად იყვნენ ტელეგადაცემის შეჩერებისათვის, მაგრამ შეეშინდათ რა სახალხო შფოთისა, წავიდნენ კომპრომისზე – აღედგინათ პროექტი და 50 კანდიდატის შერჩევის შემდეგ, „ათეულის“ გამოვლენისას ჩამოეშორებინათ არასასურველი კანდიდატი. გადაწყვიტეს ნომინანტების რეიტინგისათვის დაემატებინათ რეიტინგი წარმდგენებისა და ავტორიტეტული პიროვნებებისა. და ისე გამოვიდა, რომ თანამედროვე მსახიობმა გადაუსწრო თამარ მეფეს, ზვიად გამსახურდია კი როგორც იყო პირველ რიგებში ისევე დარჩა (ამასთან, ხმების დათვლა ხელახლა წარიმართა და ადრინდელი ხმები ნომინანტს არ მიეთვალა). ვერ უშველათ იმანაც, რომ ზვიად გამსახურდიას ინდივიდუალური წარდგინება დანიშნეს ბოლო ტურში, რათა მაყურებელთა ემოციურ განწყობილებას ხმათა გადამწყვეტი რაოდენობა არ დაემატებინა. მაგრამ “პირველი სამეული” ბოლო ტურამდე ბევრად ადრე გახდა მიუღწეველი და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს უკანდახევა, დაეტოვებინათ ყველა ნომინანტისათვის მათ მიერვე მოპოვებული რეიტინგები. და ახლა, პროექტის დასრულების წინ (დარჩა მხოლოდ ერთი ტური, პროექტი დასრულდება 3 აპრილს) უკვე ნათლად წარმოჩინდება სურათი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია მხოლოდ ცენზურის უხეში ჩარევით. და აი ვინ ხვდება „დიდ ათეულში“ და როგორი რეიტინგით (2009 წლის 29 მარტის 01 საათის რეიტინგი):

1. დავით აღმაშენებელი – 16 226

2. ილია ჭავჭავაძე – 14 962

3. ზვიად გამსახურდია – 13 287

4. ვაჟა-ფშაველა – 11 141

5. თამარ მეფე – 10 555

6. შოთა რუსთაველი – 9 480

7. ექვთიმე თაყაიშვილი – 8 977

8. გიორგი ბრწყინვალე – 8 005

9. იაკობ გოგებაშვილი – 7 676

10. უცნობი გმირები – 7 669

სხვაობა სიებს შორის პროექტის შეწყვეტამდე და მას შემდეგ მხოლოდ მე-9 და მე-10 ადგილებშია. შეწყვეტამდე იქ ფიგურირებდნენ გაბრიელ ბერი (ახლა მე-14 ადგილი) და ივანე ჯავახიშვილი (ახლა მე-11 ადგილი), აწინდელში კი იაკობ გოგებაშვილი და უცნობი გმირები.

ეს სია ხომ თავისთავად, მასში ზვიად გამსახურდიას არჩათვლის მიუხედავად, ვერ გაახარებს ვერც პროკრემლისტურ და ვერც პროდასავლურ ძალებს. ყველა პიროვნება საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მოღვაწეა, პატივი და ღირსებაა, იმყოფება ეროვნული თავისუფლების სადარაჯოზე. იქ არ არიან კონდეტიორები და გლობალისტები.

მოდით გავეცნოთ ახლოს: სამი მეფე – XII საუკუნეში დიდი დავითი – შემქმნელი დიდი და გავლენიანი სახელმწიფოსი და შეუდარებელი თამარ მეფე – საქართველოს ძლიერების მწვერვალი, XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალე – უკანასკნელი ერთიანი სამეფოს გვირგვინოსთაგან, მონღოლთა ურდოების გამრეკი; ილია ჭავჭავაძე – პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს უგვირგვინო მეფე – რუსული მმართველობის მუხანათ XIX საუკუნეში საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნების მცნების გადამრჩენი; ზვიად გამსახურდია – საქართველოსთვის აღთქმული თავისუფლების დამბრუნებელი; შოთა რუსთაველი და ვაჟა ფშაველა (XII და XIX სს.) ხარკი მსოფლიო კულტურისათვის – დიდი მოაზროვნენი და შემოქმედნი; ექვთიმე თაყაიშვილი – დასავლეთში ბოლშევიკებისაგან განრიდებული საქართველოს ისტორიული საგანძურის თვალის ჩინივით მოდარაჯე; იაკობ გოგებაშვილი – XIX საუკუნეში ქრისტიანობამდელი, 23 საუკუნოვანი ანბანის საფუძველზე ბავშვებისათვის „დედა ენის“ შემქმნელი და მომავალი თაობის ტოტალური გარუსებისაგან გადამრჩენი და ბოლოს, უცნობი ქართველები, საკუთარ სამშობლოსათვის სისოცხლის შემწირველნი საუკუნეთა მანძილზე.…

ნიშანდობლივია, რომ ორ სიას შორის მხოლოდ ერთი არსებითი სხვაობაა – პირველში მე-5 ადგილზე იმყოფებოდა გაბრიელ ბერი (მეორეში მე-14 ადგილზე გადანაცვლებული – 6 520) – აგრეთვე პროექტის კინაღამ ჩაშლის ერთერთი ბრალეული. რელიგიური ქველმოქმედება, გამოცხადებანი და სასწაულთმოქმედებანი, რაც მას მიეწერებოდა, როგორც ღვთის ბოძება, საკვირველი არ არის ბერისათვის. თანამემამულეები მას სიცოცხლეშივე მიაგებდნენ პატივს საერო გმირობისათვის – 1965 წელს საპირველმაისო დემონსტრაციაზე მან დასწვა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი, რის გამოც ერგო ციხე და ფსიქიატრიული კლინიკები. 90-იან წლებში კი გამოდიოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ნათელმხილველის სენაკიდან რისხვას ატეხდა რენეგატ შევარდნაძეს და მთელ მის სამწყსოს ამცნობდა – „ზვიად გამსახურდიას მტრები საქართველოს მტრები არიან“. და დღემდე შერისხულია როგორც ხელისუფალთაგან, ასევე წარჩინებულ კლერიკალთა უმეტესი ნაწილის მიერ.

პირველ სიაში მყოფი ივანე ჯავახიშვილი (6 802) კი წარსულის უმაღლესი სასწავლებლების – ფაზისის (I ს.), იყალთოსა და გელათის აკადემიების (XII ს.) საძირკვლებზე მდგომი – მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთისაგან სამი წლით განთავისუფლებული საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი.

იქვე, მე-12 ადგილზე იმყოფება მერაბ კოსტავა – ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი (6 8019);

მე-13 ადგილზეა კონსტანტინე გამსახურდია – ზვიად გამსახურდიას მამა (6 765), ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, სიტყვითა და კალმით კომუნისტურ ტირანიასთან მებრძოლი, რომელმაც თავის ძეს ანდერძად დაუტოვა რუსული უღლისაგან საქართველოს განთავისუფლება.

 

მთლიანობაში 50-იანელთა სიაში არან:

მეფენი: ფარნავაზი – ჩვენს ერამდე III საუკუნეში ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ქართული დამწერლობის შემომღები, ვახტანგი – V. საუკუნეში საქართველოს ახალი დედაქალაქის – თბილისის დამაარსებელი და ქართულ ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მბოძებელი; დიმიტრი თავდადებული – საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი, XIII საუკუნეში მტრების ძალმომრეობისაგან თავისი ხალხის გადამრჩენელი;

წმინდანები: ათონელი ბერები, პატრიარქი ამბროსი – ბოლშევიკურ ჯურღმულებში ნაწამები, რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთის ახალმოწამე – მამა ანდრია;

დიდი მხედართმთავრები: გიორგი საკაძე – საკუთარი ხალხის სპარსელების გენოციდისაგან მხსნელი, გიორგი მაზნიაშვილი – გენერალი, 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დამცველი; ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საქართველოს ანექსიის შემდეგ ბოლშევიკების წინააღმდეგ ოთხწლიანი შეუწყვეტელი ბრძოლის წარმმართველი.

– თუ მათ მკვდრეთით აღვადგენთ, როგორ ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველებო, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ზემოთ მოყვანილი გავლენიანი პიროვნებების ეჭვისა და შფოთის მიმართ? რათქმა უნდა ისინი არ შეეწინააღმდეგებოდნენ ერთ სიაში წმინდანთა და საეროთა ყოფნას, უფლის ხმისა და ერის ხმის შემაერთებელს, ხოლო პირველი ათეულის ნომინანტების გამო ყველანი ერთხმად ტაშს დაუკრავდა ქართველ ხალხს, რომელმაც დღევანდელი საბრძოლო განწყობილება უჩვენა – მაშ სხვაგვარად როგორ გვიბრძანებთ მის შეფასებას, რომ პირველ სამ ადგილზე ქართველებმა აირჩიეს ყველაზე ნამდვილი პროკავკასიური მოღვაწენი:

 

1. მეფე დავითი, რომლის ძალისხმევითაც რეალურად იქნა მიღწეული მთელი კავკასიელი ხალხების ერთობა;

2. ილია ჭავჭავაძე, რომელიც უმღეროდა იმ დროს, როს „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა ხალხი მოქმედებს, კავკასის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ჰფიქრობს, და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!“

3. ზვიად გამსახურდია, რომელმაც ჯოხარ დუდაევთან ერთად საძირკველი ჩაუგო „კავკასიურ სახლს“!

ეს კი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა სთქვას ოფიციოზმა, ოპოზიციამ ან კლერიკალების ნომენკლატურულმა ნაწილმა, როგორ ესენგეში და ნატოშიც არ უნდა შემალონ, ქართველი ხალხი როგორც იღწვოდა თავისუფლებისა და ერთიანი კავკასიისთვის, ისევე იღწვის და სახელდობრ, ამ იდეას უკავშირებს თავის იმედებს მომავლისას!

ახლა ისევ მივუბრუნდეთ ისა ქაძოევის მარტიროლოგიას. 1994 წელს, მიმართა რა ქართველ ხალხს, რომლის სათავეშიც აღმოჩნდა კრემლის სატრაპი შევარდნაძე, თანამგრძნობლურ სიტყვებს ასრულებს საზრიანი კითხვებით:

ნუთუ ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი საქმისას წმინდანი ჩეკისტზე გაცვალა? მიჭირს მე, ტირანიასთან მებრძოლს, ამის დაჯერება.”

შთამომავალნი იკითხავენ: როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

რატომ ვერ გაუფრთხილდნენ ქართველები ღმერთისგან ბოძებულ გენიას? ამაზე პასუხი არ ადვილია. ზვიადმა და მისმა თანამოაზრეებმა მოულოდნელი დარტყმით, მთელი ქართველი ხალხის არნახული წყრომით, მიწის პირისაგან აღგავეს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი. დაიმსხვრა სათავე, ნაწილებად დაიშალა. უღმერთონი, კომუნისტები, ფულის მაფია, კორუმპირებული ჩინოვნიკობა, ყოველი ჯურის ქურდები, სუკელები, დამსმენები და წარმონაქმნი, თავისი თავის ეროვნულ ინტელიგენციად მომნათლავნი, და უფრორე გაწვრთნილები უმეცრობის სხვადასხვა მსუბუქ ხელობაში. ყველა ეს ძალა ტოტალურ რეჟიმს შეეზილნენ და ცხოვრობდნენ ღიღინით ქვეყნის დოვლათის და უბრალო ხალხის ოფლის ხარჯზე. დაიხიეს რა უკან ამ ძალებმა, გადაჯგუფნდენ და წამოვიდნენ შეტევაზე. და იპოვნეს მათთვის ღირსეული “ბელადი”, თავიანთი სახის და თავიანთი მსგავსი.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ზემოთ მოხსენიებული ფენები ჯერ კიდევ ვერ გარდაიქმნენ – ისინი საკმაოდ წონიან ნაწილს შეადგენენ ოფიციოზისას და ე. წ. ოპოზიციისას. დღეს რაღაც ხარისხში სიტუაცია მეორდება – პოეტიც კი, ჩვენი თანამედროვე, რომელმაც გაუსაძლის სამოცდაათიან წლებში დაწერა თავისუფალი სულის ლექსი სამი დიდებული სვეტის – საქართველოს მხსნელების დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და მესამე უცნობის შესახებ, რომელიც უნდა მოევლინა უფალს ხალხის გადასარჩენად – როდესაც ღმერთმა მოავლინა ის ზვიად გამსახურდიას სახით, ამ პოეტმა ის მაინც ვერ ამოიცნო, და როგორც სხვა „დამსმენი წარმონაქმნები“ აღმოჩნდა მაღალჩინოსანი ჩეკისტის მოსამსახურეთა რიგებში. აწ რა უნდა ვთქვათ უბრალო მოკვდავთა შესახებ, რომელთგანაც ყველას არ უნდა ღირსების მიხედვით შეაფასოს თავისი თანამედროვე თამამემამულეები! ცნობილია, რომ ამგვარ ახლომხედველთაგან უმეტესწილად იზრდება ყოველი დროის ნომენკლატურა, ამიტომ ქართველი ხალხი დღეს დიდ იმედებს არ მოელის არც ოფიციალური ხელისუფლებისაგან, არც მარიონეტული ოპოზიციისაგან და არც კლერიკალთა უმრავლესობისაგან.

მაგრამ სჩანს, თვით არის იმედიანი. ამ ხალხს – ბრიტანული პროექტის მიღებული შედეგების საფუძველზე თამამად შეუძლია ერწმუნოს კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქს – ბატონ ისას;

პატივცემულო ისა, ქართველი ხალხს არც მაშინ, მძიმე 90 წლებში და არც ახლა არ დაუყრია ფარ-ხმალი და თვისი თავისუფლების იდეალები არ დაუტოვებია!

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 70 წლის იუბილეა.

მადლიერმა ქართველებმა ღირსეული საჩუქარი მიუძღვნეს თავიანთ პრეზიდენტს – ჩარიცხეს რა ყოველი დროის უკვდავ თანამემამულეთა პირველ სამეულში! იუბილეს დამდეგისათვის მთელს საქართველოში გაიმართა რეფერენდუმი თავიანთი პრეზიდენტის ანდერძის ერთგულების შესახებ – და ქართველმა ხალხმა უჩვენა, რომ მისთვის ძვიარფასია არა „კრემლი“ ან „დასავლეთი“, არამედ, როგორც დავითის, ილიას და ზვიადის დროს, ასევე დღესაც მხარს უჭერს თავისუფლების მოყვარე მეზობელი ხალხების ერთმუშტად შეკვრას და მხოლოდ ელოდება დროს, როს გამოჩნდება მიმდევარი ზვიადისა და ჯოხარის გზისა, რომელიც წარუძღვება მას კავკასიის თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში!

რუსულიდან თარგმნა ალექსანდრე სანდუხაძემ

 

 

                

 

 

One Response to “● ილია ჭავჭავაძის უნებლიე მისია”

  1. iberiana said

    შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით გადაიტანეს დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომ თვალში არ მოხვედროდა თბილისში ჩამოსულ სტუმარს და არ ეკითხა: “ვისია ეს ძეგლი?”. ცხადია, აწ უკვე რედისონში თუნდაც ერთი დღით დაბინავებული სტუმარი გვერდს ვერ აუვლიდა და შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

    Like

დატოვე კომენტარი