Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ოლთაკე – კოლხეთის “მეფე”

გრანი ქავთარია

ოლთაკე – კოლხეთის “მეფე”

 

რომის აღმოსავლურ აგრესიას დასუსტებული ელინისტური სახელმწიფოები ქედმოდრეკილი შეხვდნენ. ერთადერთი მეფე, რომელიც ღირსეულად აღუდგა დასავლეთს, იყო პონტო. მისმა მეფემ, ძველი სამყაროს უთვალსაჩინოესმა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწემ მითრიდატე II ევპატორმა, რომთან დაპირისპირებამდე ცეცხლითა და მახვილით შექმნა შავი ზღვისპირეთის უზარმაზარი იმპერია.

კოლხეთი, როგორც პონტოს მეზობელი ქვეყანა, თავიდანვე მოექცა მითრიდატე ევპატორის ყურადღების არეში და მტკიცედ დამკვიდრდა იმპერიის შემადგენლობაში. ბერძნულ-რომაულ მწერლობაში ეს რეალობა მწირად არის ასახული. პონტო-კოლხეთის ურთიერთობას შედარებით ვრცლად ეხება სტრაბონი. მის გეოგრაფიაში საინტერესო ცნობებია კოლხეთის წარსულის, განსაკუთრებით პოლიტიკური სტატუსის შესახებ, აგრეთვე მოთხრობილია იმ როლზე, რომელიც ჰქონდა დაკისრებული პონტოს ფლოტის აღჭურვაში.

სტრაბონი წერს: “რამდენად იყო ეს ქვეყანა სახელგანთქმული ძველად, გვიჩვენებენ მითები, რომლებიც მოგვითხრობენ, თუმცა ბუნდოვანი ფორმით, იასონის ლაშქრობაზე, რომელმაც მიაღწია მიდიამდე, და კიდევ უფრო ადრინდელ ფრიქსეს ლაშქრობაზე. მომდევნო მეფე-მემკვიდრეები ფლობდნენ ქვეყანას დაყოფილს “სკეპტუხიებად”, მაგრამ მათი კეთილდღეობა მცირე იყო. როდესაც მითრიდატე ევპატორის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ქვეყანა დაექვემდებარა მის ბატონობას. მეფე მუდმივად გზავნიდა ვინმეს “მეგობრებიდან”, “მოადგილის” ან “გამგებლის” ხარისხით. ამ მმართველთა რიცხვში იყო მოაფერნე – დედაჩემის ბიძა, მამის მხრიდან. ამ ქვეყნიდან მეფე ღებულობდა ყველაზე მეტად დახმარებას თავისი ფლოტის აღსაჭურვად.  მითრიდატეს ძლიერების დაცემის შემდეგ მთელი მისი სახელმწიფო დაიშალა და დანაწილდა მრავალ მმართველთა შორის. ბოლოს კოლხეთს დაეუფლა პოლემონი, მაგრამ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ მართავდა მისი მეუღლე პითოდორიდა, რომელიც იყო კოლხების, ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის დედოფალი” (გეოგრაფია, XI, II, 18).

სტრაბონის თხრობის თანახმად, სკეპტუხიებად დაყოფილი კოლხეთის კეთილდღეობა (უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური) ვერ იდგა სასურველ სიმაღლეზე. დაქუცმაცებულმა ქვეყანამ გაძლიერებულ პონტოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იმდენად შეუვალად გრძნობდა ევპატორი თავის ბატონობას კოლხეთში, რომ მის ბედს საკუთარი შეხედულებების შესაბამისად განიკითხავდა. სტრაბონის ინფორმაციას საფუძვლად ედო ოჯახური გადმოცემები.

კოლხეთისა და პონტოს ურთიერთობა სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ პოპულარული და შესწავლილი თემაა. მაგრამ არის საკითხი, რომელიც განსხვავებულ მიდგომას და ინტერპრეტაციას მოითხოვს. კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს კოლხეთის “მეფედ” თუ “გამგებლად” დანიშნული მითრიდატე ევპატორის “მეგობარი” ოლთაკე. ანტიკური ავტორების (განსაკუთრებით პლუტარქეს) გათვალისწინებით, კარგად ჩანს, რომ კოლხეთის “მეფის” ტიტულის მფლობელი ოლთაკე მითრიდატე ევპატორის გარემოცვაში შემთხვევით პიროვნებას არ წარმოადგენდა და ასევე შემთხვევით არ მოხვედრილა იგი გნეუს პომპეუსის ტრიუმფის საპატიო ტყვეთა ჩამონათვალში.

მითრიდატე ევპატორის ძლიერების ხანაში, კოლხეთის სამი “გამგებლის” თუ “მეფის” სახელია ცნობილი. სტრაბონის ცნობას თუ დავეყრდნობით, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, რადგან კარგად ინფორმირებული ისტორიკოსი გარკვევით წერს, რომ ევპატორი კოლხეთში ხშირად აგზავნიდა დაპყრობილი ქვეყნის მმართველებად თავის მეგობრებს. ამ მრავალი მეგობრიდან სტრაბონმა მხოლოდ თავისი დედის ბიძის სახელი დაუტოვა ისტორიას. დანარჩენი ორის შესახებ ცნობებს გვაწვდიან სხვა ავტორები. რომთან პირველი ომის (ძვ. წ. 89-84 წლები) მომდევნო ხანებში, ევპატორმა აჯანყებული კოლხების ინიციატივით, კოლხეთის მეფედ დანიშნა საკუთარი ძე მითრიდატე. უფლისწულის მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მრისხანე მამას შვილის ერთგულებაში ეჭვი შეუტანია, თითქოს კოლხებსა და მითრიდატე მცირეს შორის არსებობდა საიდუმლო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა პონტოსაგან კოლხეთის ჩამოშორებას. პონტოს მეფემ შვილი გაიწვია, ოქროს ბორკილები დაადო და საპყრობილეში ჩასვა. მოკლე ხანში კი, როგორც მოღალატე სიკვდილით დასაჯა (აპიანე, მითრიდატული ომები, 64).

რაც შეეხება მესამე “მეფე-გამგებელს” ოლთაკეს, იგი იყო მითრიდატე ევპატორის ხელისუფლების უკანასკნელი წარმომადგენელი. მისი დანიშვნა არაორდინალურ სიტუაციაში მოხდა. “მითრიდატული ომების” ავტორის, აპიანეს ყურადღება ოლთაკემ, როგორც კოლხეთის მეფემ მიიპყრო და ამიტომ მიუჩინა თვალსაჩინო ადგილი თავის ისტორიაში.

მითრიდატე ევპატორთან ერთად დამარცხდა მთელი ელინისტური აღმოსავლეთი. ესოდენ დიდი გამარჯვება რომაელებმა გრანდიოზული ზეიმით აღნიშნეს, რაც გამოიხატა ძლევამოსილი სარდლის გნეუს პომპეუსის ტრიუმფში. გამარჯვებულთა ცერემონიალი ფართოდაა აღწერილი ანტიკურ წყაროებში. პომპეუსის ტრიუმფის ყველაზე ვრცელი თხრობა დაცულია აპიანეს “მითრიდატულ ომებში”. ისტორიკოსის თანახმად, ტრიუმფს საზეიმო განწყობას მატებდა აღმოსავლეთის დამარცხებული სამეფოს ოჯახის წევრები. იგი წერს, პომპეუსის ეტლს წინ მიუძღოდნენ დიდებულები, მეფეების შვილები და სარდლები, ნაწილი ტყვეების, ხოლო ნაწილი მძევლების სახით – მათი რიცხვი იყო 324. აქ იყო ტიგრან ტიგრანის ძე, მითრიდატეს ხუთი ვაჟი (არტაფერნე, კიროსი, ოკსატრი, დარიოსი, ქსერქსე) და ორი ასული (ორსაბარისი, ევპატრა). მოდიოდა კოლხების მეფე ოლთაკე და იუდეის მეფე არისტობულე… იბერთა სამი და ალბანთა ორ წინამძღოლი (მითრიდატული ომები, 117). აპიანეს ჩამოთვლილი აქვს აგრეთვე აზიის ყველა დამარცხებული ხალხის მეფე-მთავრები.

პლუტარქეს პომპეუსის ტრიუმფზე მოხსენიებული აქვს მხოლოდ დამორჩილებული ქვეყნები. მისი სიტყვებით, საზეიმო პროცესიაზე მოჰქონდათ დაფები, რომლებზედაც ჩამოწერილი იყო დამარცხებული ქვეყნების სია: პონტო, სომხეთი, კაპადოკია, პაფლაგონია, მიდია, კოლხეთი, იბერები, ალბანელები, სირია, კილიკია, მესოპოტამია, ფინიკიისა და პალესტინის ტომები, იუდეა, არაბეთი (პლუტარქე, პომპეუსი, 45).

ტიტუს ლივიუსი პომპეუსის ტრიუმფზე მხოლოდ მითრიდატეს, ტიგრანსა და მის ძეს ასახელებს (ლივიუსი, პერიოხები, 103). მისი თხზულების ამ ფრაგმენტებში კოლხები და იბერები არ ფიგურირებენ.

ევტროპიუსს პომპეუსის ტრიუმფზე კოლხები და იბერები დასახელებული არ ჰყავს. “რომის მოკლე ისტორიაში” ტყვეების სახით მითითებული არიან მითრიდატეს, ტიგრანისა და არისტობულეს შვილები (ევტროპიუსი, II, 15).

ანტიკურ წყაროებში გნეუს პომპეუსის ლაშქრობა იბერიასა და კოლხეთში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული. აპიანე წერს, პომპეუსმა პონტოს ძლიერი მეფის დამარცხებასთან ერთად, დაამარცხა სხვა ქვეყნებიც, მათ შორის მითითებულია იბერია და კოლხეთი (მითრიდატული ომები, 114). ტიტუს ლივიუსის მიხედვით, პომპეუსმა ჯერ დაიპყრო იბერია, შემდეგ გადავიდა კოლხეთში (ლივიუსი, პერიოხები, 101). პლუტარქესთან პომპეუსმა იბერიის შემდეგ დაიპყრო კოლხეთი (პლუტარქე, პომპეუსი, 34). დიონ კასიოსი ვრცლად აღწერს პომპეუსის ბრძოლებს იბერიის მეფე არტოკესთან. კოლხეთში კი დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია (დიონ კასიოსი, XXXIII, 1-3). ევტროპიუსი ლაკონურად გვაუწყებს: პომპეუსმა დაამარცხა იბერიის მეფე არტაკი, კოლხების მეფედ დასვა არისტარქე (ევტროპიუსი, II, 14). ვინ იყო არისტარქემდე კოლხეთი მეფე ევტროპიუსი არ აღნიშნავს. არც ერთ ავტორს, აპიანეს გარდა, კოლხეთის მეფის ოლთაკეს სახელი ნახსენები არ აქვს. აპიანეც ერთხელ, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან როლში წარმოგვიდგენს მითრიდატე ევპატორის უკანასკნელ დიდ მცველს, რისთვისაც პომპეუსის ტრიუმფზე წინა რიგში დგომა დაიმსახურა.

სამეცნიერო ლიტერატურაში ოლთაკეს სახელი მხოლოდ პომპეუსის ტრიუმფთან დაკავშირებით ფიგურირებს. ცნობების სიმწირის გამო ამ ფაქტის აღნიშვნით მთავრდება მსჯელობა მის შესახებ. უნდა გავითვალისწინოთ, მითრიდატე ევპატორი უთანასწორო ბრძოლების უმძიმეს, თითქმის ტრაგიკულ მომენტში, კოლხეთის “მეფე-გამგებლად” შემთხვევით პიროვნებას არ დანიშნავდა.

ვინ იყო ოლთაკე. რა კავშირი ჰქონდა მითრიდატე ევპატორთან და რა დამსახურებისათვის მიიღო კოლხეთის მეფის ტიტული. ბერძენ-რომაელი მწერლები კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არაფერს გვაუწყებენ. ამის მიუხედავად, ნათელია, რომ ოლთაკე სტრაბონის ხაზგასმულ მითრიდატეს “მეგობართა” ვიწრო წრეში შედიოდა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. ოლთაკეს სახელთან დაკავშირებულ პრობლემას ნათელი მოეფინება, თუ გავითვალისწინებთ “ლუკულუსის” ბიოგრაფიაში პლუტარქეს საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას. დიდი მწერლის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია, ახალი კუთხით დავინახოთ კოლხეთის უცნობი “მეფე”.

ლუკულუსის ბიოგრაფიაში ოლთაკე დახატულია მითრიდატე ევპატორის გარემოცვის გამორჩეულ პიროვნებად. ჩამოთვლილ ღირსებათა გათვალისწინებით, მიგვაჩნია, პომპეუსის ტრიუმფის მონაწილე კოლხეთის “მეფე” და ლუკულუსის ბიოგრაფიაში ნახსენები ოლთაკე ერთი და იგივე პიროვნება იყო. სხვა ოლთაკეს “მითრიდატული ომების” ეპოქა არ იცნობს. პლუტარქე წერს, “მითრიდატეს ბანაკში დანდარიების ერთი ბელადი იყო, სახელად ოლთაკე. დანდარიები ერთ-ერთი ტომია იმ ბარბაროსთა, რომლებიც მეოტისის ტბის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ეს ოლთაკე ყოველგვარ საომარ საქმეში გამოირჩეოდა ღონითა და მამაცობით. მნიშვნელოვან ამბავთა განსჯის დროს მახვილ გონებას ამჟღავნებდა. სხვებთან ურთიერთობაში კი ფრიად ალერსიანი და თავაზიანი კაცი იყო. ოღონდაც მუდამ უთანხმოება და მეტოქეობა ჰქონდა პირველობის გულისათვის ერთ-ერთ თანამემამულე მთავართან. აი ამის გამო ოლთაკემ მითრიდატეს დიდი საქმის შესრულება აღუთქვა: ლუკულუსის მოკვლას დაპირდა. მეფემ ეს მოიწონა და ოლთაკეს განგებ შეურაცხყოფა მიაყენა, რათა მისი მოჩვენებითი რისხვა გამოეწვია. ვითომ ნაწყენი ოლთაკე ცხენზე შეჯდა და ლუკულუსთან გაიქცა.

ლუკულუსმა იგი გულთბილად მიიღო, ვინაიდან რომაელთა ბანაკში დიდად ჰქონდა სახელი განთქმული. მცირე ხნის გამოცდის შემდეგ ლუკულუსი ისე მოიხიბლა ოლთაკეს საზრიანობით და გულისხმიერებით, რომ ხანდახან მასთან ერთად სადილობდა და ბჭობდა კიდევაც” (პლუტარქე, ლუკულუსი, 16).

დიდი მცდელობის მიუხედავად, ოლთაკემ დანაპირები ვერ შეასრულა და გაწბილებული დაბრუნდა. დანაპირების შეუსრულებლობას მითრიდატესთან ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. ოლთაკე ბოლომდე მეფის გვერდით დარჩა და თანაბრად ინაწილებდა “მითრიდატული ომების” დაღმავალი დინების სიმძიმეს. სისხლისაგან დაწრეტილი ევპატორი, პომპეუსისაგან დევნილი, ბოსფორისაკენ გაემართა. ერთგული კარისკაცი ოლთაკე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის “მეფედ” დანიშნა. კოლხეთს, როგორც უკანასკნელ სიმაგრეს აზიაში, უნდა დაეცვა მითრიდატე. ევპატორი არ შემცდარა. საპასუხისმგებლო დავალება და “მეფის” ტიტული უბოძა მრავალ გასაჭირში გამოცდილ “მეგობარს”. ოლთაკემ არ უღალატა დამარცხებულ მითრიდატეს და ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა მეფური ღირსების დასაცავად.

ის ფაქტი, რომ ანტიკური ავტორები კოლხეთში მკვეთრ საომარ ბატალიებს არ მიუთითებენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოლთაკე მტერს უბრძოლველად დანებდა. ასე რომ მომხდარიყო, ოლთაკე პომპეუსის ტრიუმფზე უმაღლესი რანგის ტყვეთა შორის არ მოხვდებოდა. აპიანე რიგითი გამგებლის სახელს, ხაზგასმით არ მოიხსენიებდა აზიის დატყვევებულ მეფეთა გვერდით. პომპეუსის ტრიუმფზე მხოლოდ მეფეები იყვნენ საკუთარი სახელით დასახელებული. მათ შორის იყო ოლთაკე.

ოლთაკე რომაელებს წინ აღუდგა, როგორც ქვეყნის ერთპიროვნული წინამძღოლი და ტყვეობაში მოხვდა გვირგვინოსნის სრული რეგალიებით აღჭურვილი. საპატიო ტყვეთა ჩამონათვალში შესული მისი სახელი მეტყველებს იმაზე, რომ რომაელები ოლთაკეს განიხილავდნენ კოლხეთის მეფედ, დამტკიცებულს მითრიდატე ევპატორის მიერ.

ევპატორმა, უკიდურესი დაძაბულობის ჟამს, კოლხეთის მეფედ თავისი “მეგობრებიდან” ყველაზე ღირსეული დაამტკიცა. ასეთი გადაწყვეტილება ბუნებრივად გამოიყურება, თუ ყურადღებას მივაქცევთ პლუტარქეს შეფასებას: “ოლთაკე ყოველგვარ საომარ საქმეში გამოირჩეოდა ღონითა და მამაცობით. მნიშვნელოვან ამბავთა განსჯის დროს მახვილ გონებას ამჟღავნებდა”. მოტანილი მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ ევპატორმა რომაელებთან ბრძოლის უკანასკნელ ბასტიონს გაემოცდილი ხელქვეითი ჩაუყენა სათავეში. ამრიგად, კოლხეთს მეფედ მოევლინა არა ვინმე ოლთაკე, არამედ “მითრიდატულ ომებში” გამოწრთობილი, სამხედრო ხელოვნებასა და პოლიტიკურ სიტუაციებში განსწავლული პიროვნება, რომლის მხარდაჭერაზეც ევპატორი დიდ იმედებს ამყარებდა.

კოლხეთს, როგორც დაპყრობილ ქვეყანას, მითრიდატეს ნება უნდა შეესრულებინა. პონტოზე მორჩილება ძალას ეყრდნობოდა. ეს ძალა კი აღნიშნულ მომენტში აღარ არსებობდა. საყურადღებოა იმის გათვალისწინება, რომ კოლხები ოლთაკეში დამპყრობელს ხედავდნენ, რაც ხელს შეუწყობდა მისი ძალაუფლების დამხობას.

კოლხეთი რომაელებმა დაიკავეს. ოლთაკე დაატყვევეს და რომის გზას გაუყენეს. აპიანე წერს, ორდღიანი ტრიუმფის შემდეგ, პომპეუსმა ტყვეები, სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა გარდა, სახელმწიფო ხარჯით სამშობლოში დააბრუნა. სიკვდილით დასაჯა მხოლოდ ორი მეფე, იუდეის არისტობულე და სომხეთის ტიგრანი (აპიანე, მითრიდატული ომები, 117). ამ რეალობიდან გამომდინარე, ოლთაკე, როგორც მეფე, ტყვეობაში დარჩებოდა. ოლთაკე კიდეც რომ გაეთავისუფლებინათ, მას მოუწევდა დაბრუნება დანდარიების ტომში, მდ. ყუბანისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე, რადგან რომაელებს კოლხეთში სულ სხვა ხელისუფალი ჰყავდათ დანიშნული.

საეჭვოდ არ მიგვაჩნია ისიც, რომ ოლთაკეს პოპულარობა კოლხთა შორის უმნიშვნელო იქნებოდა. ამ კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა რომაული ორიენტაციის კოლხი დიდებული არისტარქე.

ძვ. წ. I საუკუნის კოლხეთის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ პონტოს მეფე მის “გამგებლებად” თუ “მეფეებად” ერთგულ ქვეშევრდომებს ნიშნავდა. საერთოდ უყურადღებოდ ტოვებდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ასეთ ქვეშევრდომ “მეგობართა” შესახებ გარკვევით მიუთითებდა სტრაბონი. ფაქტის საუკეთესო დადასტურებაა მითრიდატეს ევპატორის უკანასკნელი “მეგობარი” ოლთაკე, რომელსააც კოლხეთთან არაფერი აკავშირებდა.

ოლთაკეს სახით პომპეუსს წინ აღუდგა მითრიდატეს არმიის ნაშთი. რომაელ სარდალს არ გაძნელებია ბრძოლა ევპატორის უკანასკნელ “მეგობართან”. ოლთაკეს დატყვევებით რომაელებმა დაამთავრეს მითრიდატეს მომხრეთა განადგურება. ოლთაკე იყო უკანასკნელი მეომარი, რომელიც მითრიდატეს სახით იბრძოდა. ამიტომაც მიანიჭა გამარჯვებულმა პომპეუსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პიროვნებას და კოლხეთის “გამგებელი” ჩარიცხა უმაღლესი რანგის ტყვეთა სიაში.

 

“საქართველოს რესპუბლიკა”, # 52

შაბათი, 20 მარტი, 2010 წელი

 

 

 

 

დატოვე კომენტარი