Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

 

შეაყარე კედელს ცერცვი!

დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

noe & zviadi

ყველასათვის ცნობილია ის, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფო დღესასწაულთაგან დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღად იქცა 26 მაისი, რაიც მცდარია როგორც ისტორიულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

ცნობილია, რომ 1918 წლის 26 მაისს ქალაქ თფილისში, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.

26 maisi

იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა.

ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა.

როგორც ვიცით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იარსება 1921 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ძალისმიერი გზით დამყარებამდე,

26 მაისი, როგორც დამოუკიდებლობის დღე რუსული საბჭოთა უკუპაციის პირობებში უკანასკნელად ქართველმა ხალხმა აღნიშნა 1922 წლის 26 მაისს, შემდეგ კი ამ დღესასწაულს დაედო კომუნისტური ტაბუ.

მამულიშვილი ქართველები ამ თარიღს ოჯახურ და სამეგობრო წრეში აღნიშნავდნენ მალულად, ფარულად.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში 26 მაისის დღესასწაული ქართველ მამულიშვილთა მცირე ჯგუფმა ღიად 65 წლის შემდეგ აღნიშნა 1988 წლის 26 მაისს თბილისსა და ქუთაისში.

შეგახსენებთ, თუ დაგავიწყდათ:

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გამართულ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ძალებმა ზვიად გამსახურდიას თავკაცობით, რამაც სათავე დაუდო ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

თუ გვახსოვს, 1991 წლის 31 მარტს ქვეყანაში გაიმართა საერთო სახალხო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. სარეფერენდუმო კითხვა კი ასეთი იყო: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.

სარეფერენდუმო კითხვის ასეთი სახით დასმას ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშთობას 1921 წლის 25 თებერვალს.

ამგვარად, საქართვლო აუწყებდა თანადროულ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ საქართველოს დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო 70 წლის წინ დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა და იქ დაამყარა საოკუპაციო რეჟიმი კომუნისტურ-საბჭოთა „ხელისუფლების“ სახით.

1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

zgamsakhurdia2[1]რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამ დღეს საქართველოს ისტორიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა 1989 წელს 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეროვნულმა ხელისუფლებამ ამით უკვდავყო საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირების სახელი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა 9 აპრილი, ამ დღესასწაულმა კი სამწუხაროდ ერთი წელიც ვერ მოათია.

1992 წლის 6 იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ხუნტამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ფიქტიური აღნიშვნის დღედ 26 მაისი დატოვა „მიმოქცევაში“, იმიტომ რომ 9 აპრილი ზვიად გამსახურდიას სახელთან არის დაკავშირებული.

1992 წლის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა…

2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციად“ მონათლული პოლიტიკური ფარსის შემდეგაც ეს ვითარება უცვლელად დარჩა. 2012 წელს ქვეყანაში „სამართლიანობის აღდგენის“ ეგიდით გამართული „არჩევნების“ შემდეგაც 9 აპრილი კვლავ რჩება დატუსაღებულად, იმიტომ რომ ქვეყანაში “ხელისუფლება აიღო” შევარდნაძის გერების მეორე ჯგუფმა, რომელსაც იგივე, შევარდნაძისეული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პირველ პრეზიდენტთან!

იგივეს აგრძელებს შევარდნაძის ძირის მეორე ტოტი დღესაც!

ახლა გადავხედოთ, თუ როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს ყოფილი საბჭოთა იმპერიის ექსკოლონიებში:

ლიტვა: რუსეთის ცარისტული იმპერიისაგან თავდახსნისას 1918 წელს 16 თებერვალს ლიტვის ტარიბამ (Lietuvos Taryba) ანუ ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად, 20 ხმით, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

1944 წლის ივლისის მეორე საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ 1990 წლის 11 მარტს ლიტვამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა, დღეს ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენა იზეიმება სწორედ ამ თარიღით.

აქ უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება, მეოცე საუკუნის 80 წლების ბოლოს ლიტველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის თავკაცობა წილად ხვდა ვიტაუტას ლანდსბერგისს, რომლის ბაბუა გაბრიელიუს ლანდბერგის-ჟუამკალნისი და მამა ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟიამკალნისი, ლიტვის პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი, იყვნენ ლიტვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ავანგარდში გასული ორი საუკუნის მიჯნაზე.

შვილმა გააგრძელა წინაპრების საქმე და სამშობლო გაათავისუფლა.

ლატვიამ რუსულ ცარისტულ იმპერიას თავი დააღწია 1918 წლის 18 ნოემბერს და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მსგავსად ლიტვის სახელმწიფოსი, ლატვიაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის კვლავ მოექცა რუსული საბჭოთა იმპერიის მარწუხებში. 1991 წლის 21 აგვისტოს ლატვიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს ეს თარიღია დამოუკიდებლობის საზეიმო დღე.

ესტონეთმა 1917 წლის 12 აპრილს, რუსეთის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ გამოაცხადა ავტონომია. დამოუკიდებლობის დეკლარაცია კი მიიღეს 1918 წლის 24 თებერვალს, მსგავსად მეზობელი ქვეყნებისა, გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში ესტონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ხელყო საბჭოთა რუსეთის იმპერიამ. ესტონეთმა რუსული საბჭოთა იმპერიის ტყვეობას თავი დააღწია 1991 წლის 20 აგვისტოს. სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ დღეს სწორედ ეს თარიღი იზეიმება.

ანალოგიური ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც: როგორც ვიცით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 28 მაისს თბილისში და დღეს ეს თარიღი აღინიშნება, როგორც რესპუბლიკის დღე. აწინდელი დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია 1991 წლის 18 ოქტომბერი და შესაბამისად სახელმწიფო დღესასწაული თავისუფლებისა.

სომხეთის დამოუკიდებლობა, მსგავსად აზერბაიჯანისა გამოცხადდა თფილისში 1918 წლის 28 მაისს და დღეს ეს თარიღი აღინიშნება როგორც პირველი რესპუბლიკის დღე.

საბჭოთა იმპერიაში სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა 1991 წლის 21 სექტემბერს და აღინიშნება, როგორც დამოუკიდებლობის დღესასწაული.

როგორც ამ მიმოხილვიდან სჩანს, საქართველო ამოვარდნილია ისტორიული სამართლიანობისა და კანონზომიერების ჩარჩოდან!

მიზეზი კი, კვლავ გავიმეორებთ, არის საქართველოს ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, დამოუკიდებლობის აღდგენის ხელდამსმელი და სულისჩამბერი.

სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცოცხლებული სახელმწიფოს კოცონზე ითბობს ხელს მეოთხედი საუკუნის მანძილზე ათასი პოლიტიკური შარლატანა, მისი სახელს და საქმეს კი მკაცრი ტაბუ და სიძულვილის ბოქლომი ადევს დღესაც!

ქართულ საზოგადოებას კი ეს საკითხი ფეხის ნეკა თითზეც არ ჰკიდია დღეს!

საქართველოს წკვარამით დასუდრულ ცისთავანზე მოგუდულად გაისმის კითხვა:
კატალინა, როდემდე უნდა გძულდეს?!

 

ზიგმუნდ ვოლთეთერი

26 მაისი, 2020