Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• წითელი დიაც-კაცუნები

 

გელა ჯიღაური

 

“მოთმინების ფიალადაცლილი, ამხედრებული” კაცუნები

ანუ ვინც მახვილს აიღებს…

 

ტევა არ იყო 1992 წლის 7 მარტს თბილისის აეროპორტში. საქართველოსა და ქართველთა თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოძულე, მარადიული მტრისა და დამპყრობლის უტყვი მონები, მისი ნება-სურვილის აღმსრულებლები, შავსა და ბნელ, მაფიოზურ ძალებთან შეკრული, კორუმპირებულ-კლეპტოკრატული, ინტელიგენციის სახელმიწებებული მოღალატე და გამყიდველი, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კანონიერი ხელისუფლების დამამხობელი, “გამარჯვებული”, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით აღტყინებულ-ატაცებული წითელი დიაც-კაცუნები, გულაფრიალებულები ელოდებოდნენ უსაზარლესი ტრაგედიისა და დანაშაულის სულის ჩამდგმელისა და აღმასრულებელი ედუარდ-”გიორგი” შევარდნაძის ბოროტების იმპერიის ბუნაგიდან ჩამოფრენას. ქვეყნისა და ერის დამაქცევართა შორის წილრგებული უფლებით მოსილნი გახლდნენ ორი არნახულად “თავგანწირულ-დამშვრალი” კაცუნა – ერთი “ფილოსოფოსი, მეცნიერი და პროფესორი” ვ.გოგუაძე, მეორე კი “სოციოლოგი და ჟურნალისტი” ვ.კვარაცხელია. იბერთა ქვეყნისთვის მონობის უმძიმესი უღლის ხელმეორედ დადგმისა და უდანაშაულო ადამიანების სისხლის დაღვრაში წილჩადებულებს, მთელ სიცოცხლედ უღირდათ სანატრელი “მესსიის” რაც შეიძლება მალე დანახვა, რადგან იგი მიაგებდათ კუთვნილს მხარში ამოდგომისათვის. ჯოჯოხეთური ტრაგედიის მონაწილენი ღრმად დარწმუნებულები და გულდამშვიდებულები იყვნენ ყველაფრის მათთვის სასურველად დასრულებაში, მომხდარის მალევე დავიწყებაში და “ბევრის მცოდნეთ”, რატომღაც გულდაგულ დაევიწყებინათ ბიბლიაში თქმული: “არა არს დაფარული, რომელ არა განცხადნეს”. აღარც საძულველი პრეზიდენტის მამისგან დაბარებული ახსოვდათ: “ქართველი ხალხის სისხლი არავის შერჩენია. ჯოჯოხეთის ცეცხლით დაიდაღა ქართველი ხალხის სისხლში გავლებული ხელები”.

… და მოევლინათ “მესსია” ურდოდან მოფრენილი ხომალდიდან. ქართველთა სისხლით გაჟღენთილ მიწაზე ფეხდადგმულმა, ქვეყნის გამყიდველნი, ერის მოძულენი გულში ჩაიკრა და ძმათაკვლა, საქართველოს ხელმეორედ დამონება მიულოცა, მადლობა უძღვნა იარაღის ხელში აღებისთვის, ჯვარცმული ქვეყნის დაქცევა-გაპარტახებისთვის. ცხადია, შექებისა და მადლობის კუთვნილი წილი იმ ორ კაცუნასაც ეკუთვნოდა, რადგან ბევრ დანარჩენ მოღალატესა და გამყიდველთან ერთად, ისინიც გამალებულები მიმოსრიალებდნენ მოსკოვში ჩაბუდებულ სისხლიანი გადატრიალების მომწყობებთან, ტრაგედიის მოსახდენი დავალება-ბრძანებების მისაღებად. და ასრულებდნენ ურგები სკამისა და შემოსავლის მომლოდინეები საქართველოს, ქართველთა მოძულეთა ნება-სურვილს. კანონიერებისა და სიმართლის წინააღმდეგ ამხედრებულებს, ხალხის ნებით არჩეული პრეზიდენტისადმი პირადი ანგარიშსწორებით გამძვინვარებულებს, სამოქმედო დევიზად დიდი კონსტანტინესგან თქმული ჰქონდათ აფარებული: “ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ: თუ გინდა ადამიანი უზომოდ დასაჯო, მას ისეთი რამ უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგ იგი თავად იბრძოდა “. და არაფერი იცოდნენ ბრძენკაცისგანვე ჩაგონებულზე: “ქვაი ნატყორცნი გულმართალისა და მდუმარის მიმართ, მის გამტყორცნელს მიუბრუნდება უკან “.

… თუმცა, რომელ შეგონებაზეა ლაპარაკი, როცა სატანასთან ყველა წილნაყარის დარად, ამ ორ კაცუნასაც აღზევებისა და განდიდების ჭია უხრავდათ გულებს. სწორედ მათნაირებზე თქვა საქართველოს პრეზიდენტის მამამ: “ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი და სულითგლახაკნი მიესწრაფვიან აღზევებას მუდამ”. არც ეს სიტყვები იყო მათთვის მცირედ დამაფიქრებელი, გონს მოსასვლელი, რადგან შურითა და ბოღმით გატენილებს, ძმათა მკვლელების მხარის დამჭერთ, ის სკამები ერჩივნათ ყველაფერს, უეჭველად რომ არგუნებდნენ ურგებ პატივსა და დიდებას, ნებიერ ყოფასა და ნეტარ სიცოცხლეს. იაკობმა ასე გვაუწყა სახარებიდან: “სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი საქმე ბოროტი “. ჰოდა, აკეთეს საქმენი შავნი ვ. გოგუაძემ და ვ. კვარაცხელიამ. სწორედ მათით მოიპოვეს ის თანამდებობები, ყოფა “საამო”, სიმართლესთან, პატიოსან ხალხთან დაპირისპირებისა და ბრძოლის დროს რომ ჩაიდეს გესლითა და ბალღამით ამოვსებულ შავ გულებში. პირველი “პარლამენტის სპიკერად” წამოსკუპდა, მეორე კი “დეპუტატად” დაინიშნა, იმავდროულად მამად დაგულებული მბრძანებლისა და “გაპრეზიდენტებულის” პრეს-მდივანი, ანუ სიბილწისა და სიცრუის მომდინებელ-მჯღაბნელ-გამავრცელებელიც გახლდათ. შევარდნაძის ამქარში თავმოყრილ კორუმპირებულ-კლეპტოკრატულ-მაფიოზურ-გამყიდველ-მოღალატე არსებებთან ერთად, ორი კაცუნაც იწონებდა და ტაშს უკრავდა კანონიერი ხელისუფლების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი, მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლი უდანაშაულო ხალხის მანიფესტაციებისა და მიტინგების დარბევა-დახვრეტას, მართალი ადამიანების დაპატიმრებასა და შემზარავ წამებას, მხედრიონისა და სხვა კრიმინალურ-დამსჯელი ბანდების მიერ საქართველოს ცალკეული კუთხეების, მომეტებულად კი სამეგრელოს დარბევასა და აწიოკება-გაპარტახებას. სულგაყიდულ “პარლამენტარებთან”, დამპყრობლისგან გულუხვად გაღებული ბინძური ფულითა და ბრჭყვიალა საჩუქრებით დაკმაყოფილებულ წითელ “ინტელიგენციასთან” ერთად, მათაც კანონიერად ჩათვალეს და მოიწონეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ჩრდილოელი გველეშაპისათვის მირთმევა-ჩუქება, სახელნაცვალ საბჭოთა კავშირში ხელმეორედ შესვლა, მონობის უმძიმესი უღლის განმეორებით დადგმა. სწორედ ამგვარ უღირს ნაშიერებზე უთქვამს ქართველ კაცს: “ხემა თქვა, ცული რას დამაკლებდა, ტარი რომ ჩემი ჯიშისა არ იყოსო”. და ისევ დიდი კონსტანტინეს გულის ტკივილი და გმინვა: “ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი. ეს ჩვენ გავხადეთ ჩვენი ქვეყანა ისეთ დუქნად, სადაც უცხოელები გაცილებით უკეთ ვაჭრობენ, ვიდრე ჩვენ თვითონ, და ყოველი კაცი მეორეს ეჯიბრებოდა, რომ საქართველო ისე გაეყიდა, როგორც ებრაელებს კვართი უფლისა”.

გაყიდვასა და აღებ-მიცემობაში მართლაც ხინჯს ვერ უპოვნით ვ.გოგუაძესა და ვ.კვარაცხელიას. მოსკოვს შეხიზნული ქართველი წითლებისა და ჩრდილოელი დამპყრობელ-მბრძანებლებისგან დაგეშილ-წასისინებულმა წვრილფეხობამ, ვეღარ აიტანა ზვიად გამსახურდიას “შეცდომებს” თანმოყოლილი ქვეყნის “უფსკრულისკენ დაშვება” და იარაღმომარჯვებულებმა გადაწყვიტეს “დამაქცევარის” დამხობა-განადგურება. ამბოხებულებმა ბრძოლის განსხვავებული ფორმები აირჩიეს: ერთნი დაუფარავად, ცხადლივ აჟღარუნებდნენ იარაღს, სხვებმა “ცივილიზებულ” მეთოდს მიმართეს, ვითომცდა მომაკვდინებელ საშუალებათა გარეშე (სინამდვილეში, მათაც გვარიანი არსენალი გააჩნდათ) გაიშოტნენ ზოგი უნივერსიტეტის და ზოგიც ტელევიზიის კიბეებზე. სწორედ “მშვიდობიანებში” ირიცხებოდა ორი კაცუნაც. ყველას მსგავსად, მათაც კუთვნილი დავალება უნდა შეესრულებინათ, განსაზღვრული წილი ჩაედოთ საზარელი ტრაგედიის მოხდენაში და მერე, როგორც აღვნიშნეთ, დამნაშავე ბანდების ყველა წევრთან ერთად, მათაც სათანადოდ დაუფასდებოდათ იგი დანაშაული.

მოსახდენი მოხდა. ბოროტების იმპერიაში ჩაფიქრებულ-დაგეგმილი, დროულად და შესაშური სიზუსტით გაცხადდა. საქართველოში კვლავაც კაცთმოძულე წითლების დიქტატურა დამყარდა. ხანმოკლე შვებასა და თავისუფლებას ნაზიარებ მართალ ხალხს გაუსაძლისი მონობის აღვირი ამოსდეს და გაუგონარი სისასტიკით დაიწყო ქართველების გადაგვარება-გაჩანაგების შემაძრწუნებელი კამპანია. ელვისებური სისწრაფით მოედო ქვეყანას უმუშევრობა, შიმშილი და ავადმყოფობა, მათხოვრობა და სიღატაკე, შეწყდა შობადობა და არნახულად იძალა სიკვდილიანობამ, მცირედი სახსარშემორჩენილებმა უცხოეთს მიაშურეს და თავის გადასარჩენად უმძიმეს, სამარცხვინო საქმიანობაში გაეხლართნენ. შინ დარჩენილთაგან, უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩაცვენილთა ერთმა ნაწილმა თვითმკვლელობით დაასრულა ამაქვეყნად არსებობა, ზოგმა კი სხვათა ქონების ძარცვა-გლეჯით გაიხანგრძლივა ძაღლური ყოფა… და რაც ყველაზე სავალალოა და შემაძრწუნებელი, წინასწარ შედგენილ-შემუშავებული ჩანაფიქრით, ერის არსებობისთვის აუცილებელ წყარო-სათავეს, ახალგაზრდობას, ძირისძირობამდე ამოუშანთეს სამშობლოსა და ერის სიყვარულის, მისთვის თავდადების გრძნობა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაუნელებელი სურვილი და მათი ერთი ნაწილი დამნაშავეობის, სიბილწის, პროსტიტუციისა და ნარკომანიის მორევში ჩაახრჩეს.

ამ მხრივ დიდად შესატყვისი და გამოსადეგი გახლდათ ვ.გოგუაძე. მანამდე პირწავარდნილი ათეისტი, უნივერსიტეტის სტუდენტობის გონების აღმრევ-ამამღვრეველი, მათი წითელი იმპერიის უტყვ მორჩილებად ჩამომყალიბებელი, უფლისა და მართლმადიდებლობის უარმყოფელ-მაგინებელი, დღეს უსინდისოდ იჩემებს ქრისტესთვის თავდადებას და ეკლესია-მონასტრებში კელაპტრებაბრიალებული, სინდისის ძარღვგაწყვეტილი შუბლს “გამეტებით ურახუნებს” ჭეშმარიტ წამებულ მორწმუნეთაგან გაცვეთილ ფილაქანზე. ერთი სიტყვით, ერთი წევრთაგანი გახლავთ თვით “შევის” თავკაცობით მოვლენილი “პავლედ გარდაქმნილი” სავლეების ლაშქრისა.

მეორე სავლეც – ვ.კვარაცხელიაც ზედმიწევნით მორგებული გამოდგა აქ თქმულისადმი. ცხადია, ქართული სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკის “წინა რიგებში მყოფი შორიდან ვერ უყურებდა ნებისმიერი საერო საქმის წამოწყებას და აკი ამიტომაც, ერთი პირველთაგანი შეერწყა” ოთხმოციანი წლების მიწურულში აღზევებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ერთი “საიმედო” საყრდენ-ბურჯთაგანი გახდა იბერთა ქვეყნის ჩრდილოელი დამპყრობლის მომაკვდინებელი ჭანგებიდან თავის დასაღწევად დაწყებული მშვიდობიანი ბრძოლისა. ნათქვამის დასტური გახლავან მისი იმდროინდელი საგაზეთო პუბლიკაციები, რადიო და ტელეგამოსვლები, “გულანთებული” რომ გვმოძღვრავდა, “თავგამოდებული” იჩემებდა კომუნისტი ფუნქციონერების მოწინააღმდეგეობასა და ეროვნული მოძრაობის წინამძღოლთა თანადგომას. სინამდვილეში, წითელთა სამსახურში მყოფი ნიღაბაფარებული ორი კაცუნა სრულ მზადყოფნაში იყვნენ საქართველოს დამაქცევართაგან მოსალოდნელი ნიშნის შესატყობად, უმალ ნიღბების ჩამოგლეჯისა და ნაბრძანების აღსრულების მაუწყებელი რომ უნდა ყოფილიყო. დავალება კი პრეზიდენტისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ “დაშვებული შეცდომების” გამო წარმოქმნილ დაპირისპრებას და სამხედრო გადატრიალებას, სისხლიანი იმპერიისადმი ადრინდელთან შედარებით გაცილებით გაუსაძლის მონობას ითვალისწინებდა. სანაცვლოდ, დამპყრობლისაგან შეგულიანებულებს განაღდებული ჰქონდათ დაკარგულის დაბრუნება და მათს ნასუფრალს მორჩენილი ნამცეცებით დაპურება.

და აიღეს მახვილი ქართველთა უდიდესი ნაწილის თანხმობით არჩეული პრეზიდენტისადმი პირადი ანგარიშსწორების დასაძრახი სურვილით გონებაწართმეულმა გახელებულმა შურისმაძიებლებმა და მსოფლიოსგან მოძულებული სლავი ჯალათების მეშვეობით, ნება-ჩანაფიქრი შეუსრულეს ბოროტების იმპერიის კაცთმოძულე მმართველებს.

მოღალატური სისხლიანი გადატრიალებით წილხვდომილი საქართველოს შემდგომი ბედი ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის უმცირეს წვრილმანებამდეა ცნობილი და თავს გადამხდარი. ამიტომაც არ მივიჩნევთ საჭიროდ მასზე საუბარს, რადგან ამ გაუნელებელი საწუხარისა და ტკივილის მომყენებელთა ბანაკში მყოფი, სადღეისოდ “თვალახელილი, ნეკზე მწარედ მკბენარი, მოთმინების ფიალადაცლილი”, ე.შევარდნაძის “მოსისხლე მტრად გადაქცეული” ორი კაცუნას იმ საგაზეთო “მხილებებს” გვინდა გამოვეხმაუროთ, ზოგიერთ გულუბრყვილოსა და დოყლაპიას რომ “მოფხანა” გული. მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ მისი ყურადღება უკანონო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარ, “შევის” თავდადებულ იაფფასიანსა (ცხადია შინაარსით) და მდაბიურ გაზეთ “შანსის” 1-2 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ ვ.გოგუაძისა და ვ.კვარაცხელიას “გამაოგნებელ, უმკაცრეს, მყვირალა” სათაურიან პუბლიკაციებს გვინდა მივაპყროთ.

ცნობილია, რომ ადამიანები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ერთფეროვანი ცხოვრებისა და საქმიანობის გამრავალფეროვნება-გახალისებას, მომაბეზრებელ ყალიბში ჩაჭედილი ყოფის რამენაირად გამოცოცხლებას, გარკვეული ინტერესის მისანიჭებლად. მართალია, ე.შევარდნაძეს მსგავსი არაფერი სჭირს, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოკვდავი გახლავთ (თუმცა, მისგან დაპურებულები მესსიად და მარადიულ არსებად მიიჩნევენ. ასე ეგონათ შლეგი და ჭკუათხელი ნ.ხრუშჩოვის, ლ.ბრეჟნევის, ი.ანდროპოვის, კ.ჩერნენკოსა და სხვა მათნაირი ტირანებისგან აღზევებულ კაციჭამია კომუნისტ ფუნქციონერებს, მაგრამ ყველა ისინი ჯოჯოხეთმა შთანთქა). ჰოდა, სულაც არ არის გასაკვირვი, თუკი ხანდახან მასაც გაუჩნდეს “მოუცლელი, საინტერესო და გადატვირთული” ცხოვრებისეული ბილიკიდან გადახვევის სურვილი, საკუთარი ყოფისათვის კიდევ უფრო “მეტი დატვირთვის, ინტერესისა და შინაარსის” შესაძენად. სწორედ ამ მიზეზით ჩაიფიქრა და წამოიწყო ყველასთვის ადვილად ამოსაცნობი, იაფფასიანი, პრიმიტიული “ტერაქტობანასა და ოპოზიციონერობანას” სამარცხვინო თამაში. “სიახლის” თარგი კი ტრადიციული, ძალზე ძველმოდური და ჩამყაყებულ-ჩაობებული წარმოადგინა: უერთგულესი ლაქიების, მისი ნაფეხურების მლოშნელთა, ყველაფრის მკადრებელთა ერთ ნაწილს “ვეღარ უნდა გაეძლო” დიქტატორი “პრეზიდენტის” დამანგრეველი რეჟიმისთვის, “ხმა უნდა აემაღლებინა, ეყვირა მის გადადგომასა და ჩადენილის გამო პასუხისგებაზე”. მოკლედ რომ ვთქვათ, “ამბოხებულები, ოპოზიციონერები” უნდა გამხდარიყვნენ. ერთი სიტყვით, გაორებული სულის არსებანი იყვნენ საჭირონი, სწორედ ისეთები, ფაქტობრივ ხელისუფალთა ამალას რომ შეადგენენ.

“გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაში”, – ეს უპირველეს წიგნში წერია და ზედმიწევნითი სიმართლეა.

ესეც არ იყოს, “პრეზიდენტის” ამ ჩანაფიქრს ყველაზე კარგად ვ.გოგუძე და ვ.კვარაცხელია აღასრულებდნენ, რადგან მანამდე ცაში ატყორცნილები, ამჟამად დედამიწაზე გახლდნენ “დაშვებულები” და ადრინდელთან შედარებით “პატივაყრილები, მწარედ ანანებდნენ” მბრძანებელს “ზურგის შექცევასა და სხვებისკენ ყურებას”. მომენტიც ხელსაყრელი მოიხელთეს და ბოროტების იმპერიის კაცთმოძულე თავკაცთა ჩანაფიქრის შემდგომი საფეხურის – მაისის მიწურულს გაჩაღებული გალის რაიონის საქართველოსგან ჩამოცილების გამო დატრიალებული ტრაგედიის დროს “იშიშვლეს” მახვილი. მოთმინების “ფიალადაცლილმა” კაცუნებმა “საჯაროდ მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა”.

პირველი სიტყვა ასაკით უფროსსა და “შევის” სამსახურში გაცილებით დიდი ხნით მყოფს, შესაბამისად მეტი სიკეთისა და სარგებელის მომხვეჭელ ვ.გოგუაძეს ერგო.

 

“მხილება” წითელმა “პროფესორმა” ჩვეული ლიქნ-ლაქუცითა და პირფერობა-ხოხვით დაიწყო: “წერილი, რომელსაც გწერთ, დიდი ტკივილის, მწარე ფიქრისა და განსჯის შედეგია. ჩემს მწარე წერილებში არაერთგზის მომიხსენებია მადლობა ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის. უაზრობაა იმის მცდელობა, ე.შევარდნაძე შემთხვევით პიროვნებად დასახო და ეცადო, არ დაინახო მისი დიდი ნიჭიერება, პიროვნული უნიკალური თვისებები”.

ამის მიუხედავად, “ნასპიკერალი” და ამჟამად “პარლამენტარი”, იმდენად არის “შეძრული” პატრონისგან ჩადენილით, არაფრად უთვლის დაუმსახურებლად ბოძებულ სახელსა და დიდებას და “ჩვეული შეუვალობით, დაუნდობლად ახლის პირში, მანამდე გულში დაგუბებულს”. ქვეყნისა და ერის შავ დღეში ყოფნით “შეძრწუნებული”, გონზე მოგებას ურჩევს ღმერთად დაგულებულ “პრეზიდენტს”, მისეული “ბრძნული, მარადჟამს შეუმცდარი გადაწყვეტილების მიღებას, ჩვეული სწორი” ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს: “თქვენ საქართველოში მსოფლიო პოლიტიკოსად დაბრუნდით. მსოფლიოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოს გასაუბედურებლად. არაბუნებრივი იქნებოდა თქვენ დაგაბრალოთ იმის სურვილი, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. მსოფლიო პოლიტიკა მიჰყავთ იმ დახვეწილ არამზადებს, ვისაც თავისი ქვეყნების ინტერესები ამოძრავებთ. საქართველოს ბედი აწუხებთ მხოლოდ იმ მხრივ, რომ სურთ ეს ქვეყანა ხელში ჩაიგდონ. “მშვენიერია საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ეს ხალხი ამ ბუნებას არ შეეფერება”, – ასე ფიქრობენ თქვენს მიერ საქართველოს მეგობრებად მიჩნეული ქვეყნების მესვეურები.

თქვენ იძულებული ხართ ითამაშოთ. თქვენმა პოლიტიკამ, რომელიც სრულიადაც არ არის დამოუკიდებელი, პატარა საქართველო რუსეთთან ფარულ ომს ხილულად შეალეწა. თქვენ დაგავალეს, რაც შეიძლება გაამწვავოთ რუსეთთან ურთიერთობა, გააკეთოთ ყოველივე, რომ რუსეთსა და საქართველოს საერთო საზღვარი არ ჰქონდეს, რათა სრულიად მოწყვიტოთ საქართველო და კავკასია რუსეთს, რათა დაინგრეს რუსეთი. საქართველო უნდათ, როგორც “პროხოდნოი დვორ”.

ამ ჩიქორთულ “რჩევა-დარიგებასა თუ სურვილში” ვ.გოგუძე თავისდაუნებურად გვამცნობს სიმართლეს, საღად მოაზროვნე ქართველებისთვის დიდი ხანია რომ არის ცნობილი. განა რას ამბობს ახალს ე.შევარდნაძის უტყვი მორჩილი და მსახური, ვითომცდა “მსოფლიო პოლიტიკოსის” უძალობისა და მარიონეტობის, შავბნელ ძალებთან და ჩრდილოელ მოსისხლე მტერთან კავშირის თაობაზე? ყველამ ხომ კარგად იცის სისხლისღვრით მოსულის უძალობასა და სამარცხვინო თვალთმაქცობაზე, დემოკრატობანას მდაბიურ თამაშზე. იციან, რომ იგი სასურველი შემსრულებელი არსებაა პლანეტის ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილის გასაპარტახებლად, იქ მოსახლე იშვიათი მოდგმის გასანადგურებელ-გასაქრობად, რადგან სწორედ ამ გზით ძალუძთ კურთხეული მიწის უმტკივნეულოდ მიტაცება, ვ.გოგუაძის გამონათქვამი რომ გავიმეოროთ, იბერთა ქვეყნის “პროხოდნოი დვორად” გადაქცევა. ბუშებს, ბეიკერებს, გენშერებს, მათს კაცთმოძულე მემკვიდრე “პოლიტიკოსების” ხროვას, მეგობრებად და მოყვრებად რომ დაუგულებია საქართველოს დამაქცევარ “გიორგის”.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთუმე “პროფესორი”, პატრონთან ერთად, “სამშობლოს გადარჩენისა და შემდგომი არსებობის” ერთადერთ პირობად, ყოველთვის ჩრდილოეთელი დამპყრობლის უმძიმესი მონური უღლის ტარებას მიიჩნევს. ეს გასაკვირვი სულაც არ არის, რადგან ვ. გოგუაძესნაირი “პროფესორ-აკადემიკოსები”, მეცნიერების, კულტურის, მწერლობისა თუ სხვა დარგთა კორუმპირებული მოღვაწე-ჩინოსნები, სწორედ მოძულე იმპერიის მმართველი ხროვის ხელშეწყობით ახერხებენ ურგები წოდებების, ხარისხების, თანამდებობების ხელში ჩაგდებას, გაზულუქებული მონაგარის ვინ იცის რომელი თაობის უზრუნველი ცხოვრების მოსაწყობად. სანაცვლოდ, უერთგულესი და მონური აღმსრულებლები უნდა იყვნენ მბრძანებლის შემაძრწუნებელი სურვილის – საქართველოსა და ქართველთა გაცამტვერება-მოსპობისა, სამოთხისდარი ქვეყნის მტაცებლებისთვის ჩასაბარებლად. აკი არცა მალავს ბოროტების იმპერიის სამსახურში ჩამდგარი “ნასპიკერალი” და საგაზეთო თუ რადიო-ტელეინტერვიუებში დანაშაულებრივად ამტკიცებს საქართველოს ურუსეთოდ “დაღუპვის” ამაზრზენ ვერსიას. სწორედ ამგვარ კაცუნაზეა ნათქვამი: “ყველაზე უბედური ბოროტია, რადგანაც გესლის მეტი არაფერი გააჩნია”. ჰოდა, შხამითა და ბალღამით გატენილს, მისი “მხილების” მაუწყებელ გაზეთ “შანსის” მეცხრე გვერდზე დასტამბული თანამოაზრე ლ.სანიკიძის წერილის “ვაი, რუსეთისგან” ქვესათაურების წაკითხვას ვურჩევდით: “დამეხსენი ჩრდილოელო”, – აკაკი; “დაუბანელო რუსეთო, ქვეყანავ მონობა-ბატონობისა”, – ლერმონტოვი; “ჰოი, ჰოი, ივლტოდეთ ქვეყნისგან ჩრდილოისა, ამბობს უფალი”, – ზაქარია, 2,6. დიდმა კონსტანტინემ კი ასე დაგვიბარა: “მონობაში აშენებული ერი ჯერ არავის უნახავს”. დაბოლოს, ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ სლავთა მტარვალურსა და ავსულოვნებაზე ზუსტად და შეუმცდარად ნათქვამიც გვინდა შევაგონოთ მოძულე მტრის ემისარს: “რუსები ბუნებით მუხანათნი არიან, ჭეშმარიტება მათში არ მკვიდრობს, სწორისა და მრუდის გარჩევა არ იციან”.

თუმცა, მისი სხვაგვარად აზროვნება, მოქმედება წარმოუდგენელია და შეუძლებელი, რადგან სწორედ ასეთი გარჯისათვის ღებულობს გასამრჯელოს, ინარჩუნებს სკამს. ისე კი, რუსული ჩექმის მოსურვილესა და “გიორგისგან ზურგშექცეული” სისხლიანი იმპერიის აღზევებაზე მეოცნებე ვ. გოგუაძეს, ნამდვილად არაფერი სჭირს ასაღელვებელ-შესაშფოთებელი, რადგან “პრეზიდენტი” არნახული თავგანწირვით იღვწის დაკისრებული დავალების – საქართველოს რუსეთისთვის საბოლოოდ ჩასაბარებლად. საგაზეთო “მხილებაში” მოხმობილი “მოსაზრებები და ვარაუდები” რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე, მასთან საერთო საზღვრის მოშლაზე, სლავთა ქვეყნის კავკასიიდან გაძევებაზე, სიტყვების რახარუხი და მდაბიური თვალთმაქცობაა. ამის მიუხედავად, მაინც გვინდა ვატკინოთ გული “პარლამენტარობასღა” დაჯერებულ “მეამბოხეს” და პირში მივახალოთ მისთვის მომაკვდინებელი სიმართლე, კავკასიიდან რუსეთის გაპანღურებაზე, მის სამუდამო დაშლა-დანაწევრებაზე. ამას კი აუცილებლად მოჰყვება კაცთმოძულე იმპერატორის ყველა კავკასიელი, წითელი მარიონეტ-ნაცვალის ჩამოგდება, მათი მხარდამჭერების პარპაშის აღკვეთა, ჩადენილზე პასუხისგება, საზარელი წყობის მოსპობა. ადვილი შესაძლებელია ამას წითელთა სამსახურში გაწაფულ-გამოწრთობილი წითელი “პროფესორიც” გრძნობდეს, მაგრამ დანაშაულებრივსა და მოღალატურ თამაშში ჩათრეულს სხვა გზა აღარა აქვს, ბოლომდე უნდ შეასრულოს ბინძური დავალება, ითამაშოს სწორედ ისე, რასაც დასახელებულ საგაზეთო “მხილება”-ნაჯღაბნ-ბოდვაში იქმს.

ვითარცა ენას არა აქვს ძვალი, ისე არ უჩანს ბოლო სულგაყიდულის სიცრუესა და სიყალბეს, ორპირობას: “თქვენმა პოლიტიკამ საქართველო უფსკრულში ჩააგდო. ისტორია არ იცნობს მეორე ქართველს, ვისაც ამდენი უბედურება მოეტანოს თავისი ქვეყნისათვის. თქვენი დაპირებებისა აღარავის სჯერა. რაც შეეხება გალის ტრაგედიას, ესაა საკუთარი ხალხის მიმართ მოწყობილი ტრაგედია”, – ახლის “ყოფილ” მბრძანებელსა და პატრონს “ამბოხებულ-ამხედრებულ-განდგომილ-ოპოზიციონერყოფილი” ყმა-ქვეშევრდომი. ის კი არადა, ტრაგედიით “შეძრული”, გამოსავლისა და თავის გადარჩენის ბილიკზეც მიუთითებს ხელმოცარულ “მსოფლიო პოლიტიკოსს”: “მოგმართავთ არა როგორც თქვენი მტერი, არამედ კეთილი მრჩეველი. მე ერთ გამოსავალს ვხედავ, რათა გადარჩეს საქართველო და გადარჩეთ თქვენი ოჯახით. თქვენ რომ თქვენის ნებით პრეზიდენტობიდან გადადგეთ, უკეთესი მდგომარეობა გექნებათ. შეუცვლელი პიროვნება არ არსებობს. საქართველოში ჭკვიან ადამიანებს რა გამოლევს” (ზვიად გამსახურდიას გარდა, რომლის ჭკუა და ნიჭიერება, კაცუნა – “პროფესორის” სტანდარტებს რომ ვერაფრით მიუახლოვდა).

საგაზეთო “მხილებას” ვ.გოგუაძე “ფარული მუქარა-დაშინებით” ამთავრებს: “ახლოვდება შურისძიების წარღვნა და თქვენი კლანიც განადგურდება. თქვენ უნდა გადადგეთ. სხვა გამოსავალი არ არის. თუ არადა, მკაცრი იქნება უფლისა და ხალხის განაჩენი” (!).

“მხილებამოთავებულ”, უფრო სწორედ პატრონ-მბრძანებლის მითითებებით შეთითხნილი საგაზეთო დავალების შემსრულებელ “ნასპიკერალს”, მთელი ცხოვრება და საქმიანობა, მისთვის საძულველი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნათქვამის “თუ გსურს ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატეები კი გმირებად”, უზუსტესი განსახიერება რომ გახლავთ, საჯაროდ გვინდა ვაუწყოთ, რომ მის პატრონსაც და სისხლიანი გადატრიალების უკლებლივ ყველა მონაწილეს, საქართველოს დამაქცევარ-გამყიდველებს, უფალმა და ხალხმა დიდი ხანია გამოუტანა განაჩენი. უბრალოდ, მისი აღსრულებაღაა დარჩენილი. დღე იგი მამაზეციერის ნებით დადგება მაშინ, როგორც ეს მათეს სახარებაში წერია: “უფლის დღე ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი”. მათე ამასაც შეგვაგონებს: “რომელი საწყაოთიც მიუწყავთ – უკანვე მოგეწყებათ თქვენ”. იბერთა ქვეყნის გამყიდველთა და მოღალატეთა საწყაო კი სამშობლოსა და ერის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული მართალი, უდანაშაულო მამულიშვილების სისხლით არის ავსებული…

სისხლიან გადატრიალებას თანმოყოლილი ურიცხვი შავი დღეებიდან, ერთი დასამახსოვრებელია 1992 წლის 25 მარტი. ამ დღეს ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ “მწერალთა” სამარცხვინო შეკრებაზე, მართალმა, მამულისა და ერის ერთგულმა მწერლებმა უარი განაცხადეს ხუნტის სამსახურში ჩამდგარ “თანამოკალმეებთან” ყოფნა-საქმიანობაზე და მონა-ლაქიათა კავშირი დატოვეს. მათს მხარდასაჭერად მისულმა ხალხმა მათგან განდგომილებს სახეში მიაყარა შესაბრალისი, დამამცირებელი თხოვნა-მუდარითა და ლაქუცის წყალობით დასტამბული ნაჯღაბნ-ნათითხნი “წიგნები” და მათით მოფინეს იქაურობა. ცხადია, ამგვარ “შეურაცხყოფას” ვერაფრით აიტანდნენ “წესრიგის დამცველები” და უმწეოთა ცემა-ტყეპაში გაწაფულებმა, მაშინაც გვარიანად “ივაჟკაცეს”. მართალი ხალხის ამ არაადამიანური დარბევის ნიშნის მიმგებთა და მოსეირეთა შორის, გამორჩეულად თვალმისაპყრობი გახლდათ თეთრ “მაზდაში” ჩასკუპებული ვ.კვარაცხელია, გამარჯვებული და კმაყოფილი რომ აჭყვიტინებდა ძვირადღირებულ ავტომობილს. მაშინ მართლაც გამარჯვებული იყო მანამდე ზოგიერთ მისებრ ვაი-სოციოლოგთან დაპირისპირებული, მერე ტელევიზიაში მოკალათებული, მერე საქართველოს პრეზიდენტთან საგანგებო დავალებით დაპირისპირებული, მისი ლანძღვა-თათხვით გულმოოხებული, სხვადასხვა ნაგებობათა კიბეებზე ნაგორავები, მოსკოვში ე.შევარდნაძის თავკაცობით ჩაბუდებულ შეთქმულებთან მალი-მალ მოსრიალე, რადგან უკეთურსა და მრუდე გზაზე შემდგარს, განაღდებული ჰქონდა ნაოცნებარი და შეპირებული ჯილდო-მდგომარეობა.

იმ წლების პრესა ავსებული იყო, რადიო და ტელეგადაცემებში ბოლო არ უჩანდა “პრეზიდენტის” პრეს-მდივნისა თუ თანაშემწის, “პარლამენტარ” ვ. კვარაცხელიას წერილებსა და გამოსვლებს, თავგანწირული რომ ამტკიცებდა “მესსიად” მოვლენილისგან, მოკლე პერიოდში საქართველოს სამოთხედ გადაქცევას. მერე, როდესაც ის მცირე მონაკვეთი მიიწურა და ქვეყანა არნახული სისწრაფით დაეშვა უფსკრულისკენ, მარადჟამს უკანონობისა და ძალადობის “წინააღმდეგ მებძროლმა”, ქვეშეცნეულად შეიგრძნო პატრონის აუცილებელ გაკოტრებასა და განწირულობაზე და სხვა ხმაზე სიმღერის წამოწყებას შეეცადა. საამისოდ, რუსეთის ტელევიზიის ერთი უხამსი პროგრამა შეასხვაფერ-გადააკეთა და უფროსობასთან შეთანხმებული, შესაბრალისი ღიმილის მომგვრელი უაღრესად “მწვავე, უშეღავათო, დაუნდობელი გადაცემით დაიპყრო” ეკრანი. პროგრამა “პირისპირის” წამყვანი დაუფარავად “ებრძოდა დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მშენებელთა რიგებში შეპარულ” არსებებს. მერე პატრონთანაც “აემღვრა” წყალი, მბრძანებელს დიქტატორობის ჭიის შეჩენა “დასწამა და იმედგაცრუებული მარადიული ოპოზიციონერი იძულებული შეიქნა იგიც არ დაენდო, კრიჭაში ჩადგომოდა”. ცხადია, ქვეყნის “მესაჭე” ვერაფრით იგუებდა უძღები ნაშიერის “განდგომას” და დროზე “ჩამოიშორა და მოიკვეთა უმადური”. ასე დარჩა “უმუშევარი და ოჯახდაუპურებელი” მანამდე ზეცას თავშეხლილი ვ.კვარაცხელია.

საყოველთაოდ არის ცნობილი ფაქტობრივი ხელისუფლების “წინამძღოლის” მიერ ბინძურ საქმეთა და ავისმკეთებელთა აღმოჩენის უტყუარ ალღოსა და უნარზე. ცხადია, მპოვნელ-ნაპოვნთა შემდგომი მოქმედება უღალატოა და ურღვევი. ამ დროს გამორიცხულია ფიცისა და შეთანხმების ოდნავ დარღვევა, რადგან ფეხდაცდენილი უმალ მიიღებს კუთვნილს. მომეტებულად დაუნდობელია და შეუვალი მბრძანებელი “ქვეყანასა და ერს” განდგომილთა მიმართ, უყოყმანოდ რომ მიაგებს “უმკაცრეს” სასჯელს. საბედნიეროდ, ვ.კვარაცხელიას მსგავსი “არაფერი ჩაუდენია” და აკი ამიტომაც, ისევ “მიტევებითა და კაცთმოყვარეობით” ცნობილმა “შევიმ” დათმო, კვლავ თავისთან იხმო “გზასაცდენილი, უმიზეზოდ დაპირისპირებული” ნაპრესმდივან-ნათანაშემწარი. “შეწყალებულმა”, გაზაფხულზე ამის თაობაზე გახარებულმა გვამცნო შავრაზმული “ასავალ-დასავალიდან”. მერე, ისრაელში გასეირნებულთა ჯგუფშიც ვიხილეთ და ტელეეკრანს დაბრუნებული, გულდამშვიდებული შეუდგა უკანონოებთან საქმიანობას, დავალებების შესრულებას. ერთი ასეთი დავალება იყო გალის ტრაგედიით “შეძრული, საბოლოოდ გამოფხიზლებული” და მბრძანებელ-პატრონისათვის ქვის “მსროლელი” ვ.კვარაცხელიას ზემოხსენებული საგაზეთო “მხილება”. ვ.გოგუაძის დარად “მოთმინების ფიალადაცლილი” მეორე კაცუნას ამ გულისამრევ ნაცოდვილარში იმდენი სიცრუე და სიბილწეა წარმოჩენილი, იმდენად აშკარად და დაუფარავად გამოსჭვივის მისი საგანგებო დავალებით შექმნა-გამოქვეყნება, რომ აღარავის შეეპარება ეჭვი, “ერთ დროს მესსიად” მიჩნეული მფარველის წინააღმდეგ “ამხედრებული” ორი უტყვი მონის დასახელებულ საგაზეთო “მხილებათა” ერთობლივ შეთხზვა-შეკოწიწებაში. და ეს შესაბრალისი ფარსი ორივე მხარეს აძლევს ხელს. პატრონისთვის იგი, ვითომცდა მისი დემოკრატულობისა და უსაზღვრო ჰუმანურობის მიმანიშნებელია: გუშინ თანამოაზრე-თანამოსაქმენი (სინამდვილეში კვლავაც ყურმოჭრილი მონები), დღეს “შეურიგებელი მოწინაამდეგეები ხდებიან, დაუნდობლად ამზეურებენ” მის შეცდომებსა და ჩავარდნებს. თუმცა, ამაოა მათი “ფართხალი, უძლეველსა და შეუცვლელს” ვერ მოერევიან, ვერაფერს დააკლებენ. რაც მთავარია, “მტრად მოკიდებულები” ძალზე ცდებიან, რადგან იგი “პრეზიდენტი” აბსოლუტურად “შეუმცდარია” და მსოფლიო დემოკრატიის ერთ-ერთ “მამამთავრად აღიარებული” (ჯერ მარტო მისთვის მიკუთვნებული წოდებები და ჯილდო-პრემიები დაითვალონ). მეორე მხრისთვის, ანუ კაცუნებისთვის კი გაზეთებში ამტყდარი ყაყანი “მაგარ” ბიჭებად დასამტკიცებლად გახლავთ საჭირო, ასე უშიშრად რომ ახლიან პირში “სიმართლეს მსოფლიო რანგის პოლიტიკოსს”, მფარველსა და მარჩენალს. ის კი არადა, საჯაროდ მოუწოდებენ გადადგომისკენ (!). ამასთან დაკავშირებით, გამორჩეულად გვინდა აღვნიშნოთ, რომ “განდგომილთაგან” გამოქვეყნებული “მხილებებიდან”, წითელი “პროფესორისა და ნასპიკერალისგან” თქმული, ასაკის შესაფერისად “დახვეწილია და აკადემიური”, “სოციოლოგ-ჟურნალისტ-ნაპარლამენტარისას” კი მეტი ემოციურობისა და “დაუღვინებლობის” გემო-კვალი დაჰკრავს. აი, როგორია ვ.კვარაცხელიას ანუ გოშიად სახელშერქმეულის საგაზეთო “მხილება”.

“შვიდი წლის წინ თითქმის ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ კატასტროფის გზაზე დამდგარ საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანდით. სამწუხაროდ, ვცდებოდი თურმე. თქვენს ჩამოსვლას არანაირი სიკეთე არ მოჰყოლია. თქვენი პიროვნების მიმართ, არნახული ანტიპატიითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი მთელი საქართველო”, – წერს “იმედგაცრუებული მარადიული მეამბოხე” და მომდევნო წინადადებიდანვე უპირისპირდება საკუთარ არსებას, რადგან კარგად სცოდნია პატრონის ოცდაექვსწლიანი საქმიანობა: “თქვენ თქვენი ზეობის 26 წლიან პერიოდში ვერ შესძელით ხალხის გულის მოგება, რადგან ხალხზე და ქვეყანაზე არასოდეს გიფიქრიათ. ხალხი ხვდებოდა თქვენს ნამდვილ ვინაობას”.

ამასთან დაკავშირებით, “გამოფხიზლებულ” ვ.კვარაცხელიას უკვე უთვალავჯერ თქმული და დაწერილი უნდა შევახსენოთ, რომ მისგან “შეცოდებული” ხალხი ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1990 წლის 28 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთეს და საქართველოს გადარჩენა კანონიერ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დააკისრეს. მერე მალევე, სწორედ ამ ადამიანებს დაუშინეს ტყვიები ძალაუფლებადაკარგულმა და კორუმპირებულმა, სლავი კაციჭამია სალდაფონებით გულმოცემულმა ერთი მუჭა არსებებმა, ქვეყნიდან გააძევეს პრეზიდენტი და კანონიერი ხელისუფლება. მაშინ, “ჟურნალისტი და სოციოლოგი გამარჯვებულთა” ბანაკში იმყოფებოდა და “პროვინციული ფაშიზმის, დიქტატურის” სისხლში ჩახრჩობით იყო აღფრთოვანებული, გულაფრიალებული ელოდებოდა პატრონის ჩამოსვლასა და გამეფებას.

“1992 წელს, ჩამოსვლის წინ, თქვენ ხალხს ოთხი რამ შეჰპირდით. რომელი შეასრულეთ? ვერც ერთი. ან კი როგორ შეასრულებდით, როცა იმთავითვე სიცრუით დაიწყეთ. დეკემბერ-იანვრის მოვლენებს სახალხო აჯანყება და დემოკრატიული რევოლუცია დაარქვით”. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ გოშიას ეს სიტყვები კლასიკური ცინიზმი და სითავხედეა, რადგან ამასვე ამბობდა იმ ძმათამკვლელი, სისხლიანი ტრაგედიის მომწყობთა თანამეინახეც. შემდგომ, ასე “აშავებს მხილებულსა და ნიღაბჩამოგლეჯილ” პატრონს: “ქართული მიწები განიავებული აღმოჩნდა, ასეულ ათასობით ქართული ოჯახი ლტოლვილად იქცა. სამი წელი ომობდით აფხაზეთში, ათეულ ათასობით ახალგაზრდა და პატრიოტი ჩაიხოცა. ბოლოს, იძულებული გახდით, იქიდან გამოქცეულიყავით. უტიფრად დაბრუნდით თბილისში. არჩევნებიც მოაწყეთ, სახელმწიფოს მეთაურის ტიტული პრეზიდენტის ტიტულში გაცვალეთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო. თქვენ ხომ იცით, რაც ხდება საქართველოში, ხალხი გაწყდა წელში. სამაგიეროდ თქვენი კლანი გასუქდა”. და “გადამდგარი” თანამოაზრე მორჩილი, ოჯახის წევრებისა და ძმისწულ-ნათესავებისაგან უკანონოდ ნაშოვნ ფულსა და სიმდიდრეს “ახლის” სახეში პატრონსა და მფარველს. ის კი “ავიწყდება”, რომ წითელ მაფიოზებთან და კორუმპირებულ ინტელიგენტებთან ერთად, იგიც სიხარულით მიიჭრა “საარჩევნო” ყუთთან – საქართველოს დამაქცევარის “გაპრეზიდენტებას” მისცა ხმა. თუმცა, ორპირისა და ცრუსათვის, საჭიროებისდა მიხედვით შავი ყოველთვის თეთრია და ყვავი ფრინველთა მეფე. აკი ამიტომაც განაგრძობს პირუთვნელ “მხილებას”: “თქვენს ჯიშსა და მოდგმას საფლავი რომ არ ეღირსება საქართველოში, ეს ხომ კარგად უწყით. წინასწარ მეცოდება თქვენი ცხედარი, თუ თქვენ გიწერიათ, რომ საქართველოში დაიმარხოთ”. ამით “უმადური” მონა, პატრონს, ქართველთა ღირსებისა და სახელის შემლახველი ფილმის “მონანიების” ერთი მთავარი პერსონაჟის სიკვდილის შემდგომ ვითარებას შეახსენებს. აღსანიშნავია, რომ ამ “მძიმე” განაჩენის გამოტანას უმალ გამოეხმაურა ადამიანთა უფლებების ერთი “დამცველთაგანი”, “შევის” დავალებათა ვინ იცის როდიდან ერთგულად შემსრულებელი რ.ბერიძე და უკიდურესად განრისხებულმა, დაუკრეფავში გადასვლისთვის მკაცრად დაუტატანა “არამკითხე” თანამოაზრე-თანამოსაქმეს.

საქვეყნო და საერო დანაშაულებრივ საქმეთა “გადმოფარჩავების” მერე, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვ.კვარაცხელია, პირადად გაწეულ სამსახურსაც არ ივიწყებს და “უტყუარი ფაქტების” მოხმობით, ცხვირიდან “ძმრად ადენს დაუნახავ პრეზიდენტს”: “იმ დამოკიდებულებისა თუ ურთიერთობის შემდეგ, რომელიც თქვენთან მქონდა, თქვენს ტრადიციულ რადიო-ინტერვიუში წყალს გაატანეთ. როგორც შემეძლო გემსახურეთ და ახლა ამას, აქეთ მაყვედრით? თქვენს უმადურობაზე ანეკდოტებს ჰყვებიან. თქვენ საქართველო დაანგრიეთ, მოსპეთ, გააცამტვერეთ. იგი პრაქტიკულად უკვე დაშლილია. თუ დაგცლდათ, იმ ნაკუწსაც, ოდესღაც საქართველო რომ ერქვა, მალე დაუსვამთ წერტილს. ნუთუ არ დადგა დრო, როცა უნდა გააცნობიეროთ მთელი თქვენი მოღვაწეობის აბსურდულობა და უნაყოფობა. გვეყო. აივსო მოთმინების ფიალა. დაანებეთ თავი საქართველოს და ქართველ ხალხს”.

მოდით და ყოველივე ამის შემდეგ სათანადოდ ნუ დავუფასებთ და “ვაჟკაცობას” ნუ შევუქებთ აგრერიგად “გაბედულსა და თავგანწირულ” გოშიას. განა სხვა ვინმე მისებრ შებედავდა ამგვარ “მწარე და მკვახე სიმართლეს წამოაძახებდა მსოფლიოს შემაზანზარებელ პოლიტიკოსს?” ვიყოთ მიმტევებლები და შემწყნარებლები, მთლად მიწას ნუ მივაყრით და წყალს ნუ გავატანთ ერისა და მამულისთვის “დამშვრალთაგან” გაკეთებულს. როგორც “მხილებებში” გვაუწყებენ, ორივესთვის კარგად ყოფილა ცნობილი პატრონის საქართველოში მოღვაწეობის ოცდაექვსწლიანი პერიოდის ყველა წვრილმანი და ამის მიუხედავად, მაინც “შემცდარან”, იგი მიუჩნევიათ მესსიად. მერედა შეცდომა ვის არ მოსვლია? (მისი დაშვება ყველას ეპატიება, ზვიად გამსახურდიას გარდა). ჩინებულად უთქვამთ ინგლისელებს: “ვინც შეცდომას არ უშვებს, ის არც აკეთებს რამეს”. სამაგიეროდ, ქართველთა უდიდესი ნაწილის ნებით არჩეული პრეზიდენტის, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული მოღალატური სისხლის ღვრისას გააკეთეს ზუსტი და შეუმცდარი არჩევანი – პრეზიდენტგაძევებული ქვეყანა, კვლავაც დამპყრობელსა და დაუძინებელ მტერს უფეშქაშეს. მაშინ სხვა გამოსავალი არა ჰქონიათ. თურმე პატრონის “გენიოსობით” გახლდნენ დაბანგულ-დაშამათებულები, იგი მიაჩნდათ მხსნელად. მაგრამ, მალევე (შვიდი წელიწადი თურმე ცოტა ყოფლია) თვალი “აეხილათ, გონს მოეგნენ” და ამიტომაც “აუმხედრდნენ” მბრძანებელსა და პატრონს, მახვილი “იშიშვლეს” სიმართლისა და კანონიერების, ქვეყნისა და ერის “დასაცავად”. ალბათ ისევ ქუდზე თუ იხმობენ ძველ თანამზრახველებსა და თანამოსაქმეებს, ისევ გადაგორდებიან ნაცნობი ნაგებობების ნაცნობ კიბეებზე და საქართველოს კანონიერი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხარდამჭერი შეუდრეკელი, მართალი ადამიანების დარად, “უშიშრად მიუშვერენ” მკერდს სისხლით მოსული უკანონო მმართველებისგან მისეულ დამსჯელ ბანდებს. ალბათ, სწორედ ამით გულმოცემული შეუძახებს ვ.კვარაცხელია ექსპატრონ-მფარველს: “თქვენ ხომ ყველაფერი იქითკენ მიგყავთ, რომ ტრიბუნალით კი არა, ხალხმა ლამის ლინჩის წესით გაგასამართლოთ! “.

დასრულდა კაცუნების საგაზეთო “მხილებები”. ვფიქრობთ, მკითხველი კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დარწმუნდა მათი შეკვეთით მომზადებაში, “მხილებულ-მამხილებელთა” ერთობლივ გარჯაში, რომლებსაც ყველა სხვა განდგომილ-გამყიდველის, ცრუსა და ორპირის, ფეხის დამდებისგან მანამდე უამრავი მსგავსი ნათითხნის დარად, სიმართლისა და კანონიერების დაუნანებლად ჩაწიხლვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, კანონიერი ხელიუფლების, მათი მხარდამჭერ ქართველთა უმრავლესობის ლანძღვა-გინება, ტალახისა და სიბინძურის შესხმის მისსია აქვს დაკისრებული. თუმცა, ამაოა დასაღუპავად განწირულთა ოფლის ღვრა, სამსალისა და ბალღამის გაუთავებლად ნთხევა, რადგან არქიმანდრიტი რაფაელი შემდეგნაირად გვამშვიდებს: “როცა მტრები გვსაყვედურობენ, გვლანძღავენ და გვთათხავენ, თავისი ენით ჩირქს აცლიან ჩვენს წყლულებსა და იარებს”. წმინდა წიგნში კი წერია: “არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ”.

რაც შეეხება “ნაპრესმდივნალისა და ნაპარლამენტარის” ამზრზენი და სამარცხვინო საგაზეთო “მხილების” დასკვნით ნაწილში, მოთმინების ფიალადაცლილი ხალხის მიერ ქვეყნის დამღუპველის ვითომცდა ლინჩის წესით გასამართლებას, იგიც პროვინციული ნაფიქრ-ნააზრევიდან და იაფფასიანი თამაშიდან მოდის. ამასთან დაკავშირებით, “გონს მოსულსა და გადამდგარს”, საყოველთაოდ ცნობილი უნდა ვაუწყოთ: ბოროტებასა და ღალატს, დანაშაულსა და უკანონობას მალევე ჩაკლავს, ამოშანთავს და მოსპობს სამართლიანი რისხვა, კანონიერება, პირუთვნელი განკითხვა და მხილება. დამნაშავეთაგან და მოღალატეთაგან უსამართლოდ დაწიხლულ-დამონებული ხალხისგან გამოტანილი განაჩენი უმძიმესი იქნება და ზედმიწევნით სამართლიანი. მოახლოებულია და კარს მომდგარია ჟამი განკითხვისა, სამაგიეროს მიგებისა. წმინდა წიგნი გვამცნობს: “ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება”.

მართალთაგან აღებული მახვილი კი ბრძოლის უკიდურესად მშვიდობიანი ფორმაა, ავისმქმნელთათვის უმძიმესი, წარმოუდგენლად ბასრი და მომაკვდინებელი.

 

გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”

1998 წელი, სექტემბერი.

დატოვე კომენტარი