Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ხმალაძე – მიგრაცია

 

1 წელიწადში საქართველოდან წასულთა რაოდენობა გაორმაგდა

 

2009 წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ეს მონაცემები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია მოყვანილი. ამ მაჩვენებლით საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. 2008 წლის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-17 იყო.

 

ამ “შავ ათეულში” მე-10 ადგილზე მყოფი საქართველოს გარდა შედიან: ავღანეთი, ერაყი, სომალი, რუსეთი, ჩინეთი, სერბია, ნიგერია, ირანი და პაკისტანი.

 

ყველაფერთან ერთად, გაეროს უმაღლესი კომისიარიატის დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით.

 

დასკვნაში საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ოფიციალურად მოითხოვეს საზღვარგარეთ თავშესაფარი. მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა შეფასებით, მათი რაოდენობის გაორმაგება იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში არალეგალურ მიგრანტებად მყოფ ქართველთა რაოდენობაც რამდენჯერმე გაიზარდა.2009 წელს საქართველო, მსოფლიოს 44 ქვეყანაში, მოქალაქეების მიერ თავშესაფრის თხოვნის მიხედვით, მე-10 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, საზვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ორჯერ – 102%-ით არის გაზრდილი. დასკვნის მიხედვით, 2008 წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 5 454-მა მოქალაქემ ითხოვა, 2009 წელს კი – 10 994-მა.

 

დასკვნის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ძირითადად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ითხოვენ. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოდან ავსტრიაში თავშესაფარი 976 ადამიანმა მოითხოვა, ბელგიაში – 327-მა, ბულგარეთში – 16-მა, კანადაში – 66-მა, კვიპროსზე – 73-მა, ჩეხეთში – 33-მა, დანიაში – 11-მა, ესტონეთში – 6-მა, ფინეთში – 22-მა, საფრანგეთში – 471-მა, გერმანიაში – 544-მა, საბერძნეთში – 2 170-მა, უნგრეთში – 116-მა, ირლანდიში – 88-მა, იტალიაში – 82-მა, ლიტვაში – 74-მა, ნიდერლანდებში – 412-მა, ნორვეგიაში – 47-მა, პოლონეთში – 4 182-მა, რუმინეთში – 26-მა, სლოვაკეთში – 98-მა, ესპანეთში – 36-მა, შვედეთში – 359-მა, შევიცარიაში – 536-მა, ბრიტანეთში – 95-მა, აშშ-ში კი – 113-მა ადამიანმა.

 

დასკვნის მიხედვით, თავშესაფარის თხოვნის ობიექტი 44 ქვეყანაა, რომელშიც შედის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, ლიხტენშტეინი, ისლანდია, მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, თურქეთი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეა და აშშ. ამავე მონაცემებით, 2009 წელს ამ ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით, სულ, 377 200-მა აპლიკანტმა მიმართა.

 

დასკვნაში საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფრის მოთხოვნით მიმართული აქვთ კონკრეტული ქვეყნისათვის, თუმცა, მათი ლტოლვილთა სტატუსი ჯერ განსაზღვრული არ არის. დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული ციფრები ეფუძნება თავშესაფრის თხოვნის ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც კანონმდებლობისა და პროცედურების დაცვით ხორციელდება.

 

ექსპერტი დემოგრაფიის საკითხებში ავთანდილ სულაბერიძე საქართველოში მიგრაციის მაჩვენებლის ზრდას 2008 წლის აგვისტოში განვითარებიულ მოვლენებს უკავშირებს. მისი თქმით, ეკონომკიკურ-სოციალური და ფსიქოლოგიურად მძიმე პირობები აიძულებენ საქართველსო მოქალაქეებს თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ითხოვონ.

 

“მაჩვენებლის ასეთი ზრდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოხდა. ჩემი აზრით, უმრავლესობა, ვინც ამ წელს თავშესაფარი ითხოვა, ახლაგორის რაიონიდან დევნილები არიან. ჩვენ შეიძლება ავაშენეთ მათთვის სახლები, თუმცა უმრავლესობის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ამ ხეობის მოსახლეობა, ფაქტობრივად, პირისპირ აღმოჩნდა ოკუპანტებთან. საქართველოს ხელისუფლების უძლურობის გამო, დაუცველები აღმოჩნდენენ და ვერ მიიღეს ელემენტარული პირობები.

 

“ამას დაემატა ისიც, რომ ომის შემდეგ დაინგრა მეურნეობა. სწორედ ამის გამო ბევრი წავიდა საზღვარგარეთ. თანაც, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილებს აკმაყოფილებს ბინით, აძლევს დამხარებას და ა.შ. ეს პროცესი ახლაც მიმდნარეობს. მუდმივი ომის პროპაგანდაც მოქმედებს ამ პროცესებზე.

“საქართველოდან ასეთი გადინება ფსიქოლოგიურმა მომენტმაც გამოიწვია. განცდა, იმისა, რომ თბილისსა და ახლომახლო რაიონებში თავს დაცულად ვერ იგრძნობდნენ. თუმცა, მათ შორის, ვინც თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ითხოვა, არიან აფხაზეთიდან დევნილებიც. იგივე იმ სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო. 

 

“მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც არ არიან დევნილები, ისევ მძიმე პირობების გამო, ყალბი დოკუმენტაციით ჩადიან ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და ითხოვენ თავშესაფარს. ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ლეგალურად წასვლას, ახლა ამ გზით ითხოვენ თავშესაფარს. თუმცა, ასეთი მხოლოდ 5-9 % იქნება.

 

“მაგალითს გეტყვით – ჩემი 2 ახლობელი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გადავიდა სომხეთში, შემდეგ კი იქიდან თავშესაფარი აშშ-ში ითხოვა, როგორც ახალგორის რაიონიდან დევნილებმა, თუმცა რეალურად არ იყვნენ იქიდან”, – ამბობს სულაბერიძე.

 

ა/ო “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმლძღვანელი მანანა კობახიძე ამბობს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნა მნისვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. თუმცა, მისი თქმით, ეს ჩვენს ქვეყანაზე მხოლოდ უარყოფითად აისახება.

 

“ასეთი სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. ხელისუფლებისათვის ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი, ინდიკატორი იმისა, რომ შეფასდეს ქვეყანაში არსებული ვითარება.

 

“ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ამ მიმართულებით. თუმცა, ეს ხუთი წელია საუბარია ამაზე, რომ დასაქმების პრობლემა უნდა მოისპოს და განხორციელდეს კონკრეტული პროექტები, შედეგად კი ვიღებთ ასეთ მაჩვენებლებსა და ამ სიტუაციას. ანუ ის, რაც კეთდება, არ არის ეფექტური, საკმარისი და ადეკვატური. 

“რამდენად გაიზიარებს ამ დასკვნას ხელისუფლება და რამდენად სავალდებულოდ გახდის, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ სიტუაცია საგნაგაშოა. მით უმეტეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ფონის გათვალისწინებით, როგორც წესი, მიგრანტები კარგავენ დაბრუნების საშუალებას.

 

“მგონია, რომ ამ დასკვნაში ნაჩვენები ციფრებისგან რეალობა კიდევ უფრო განსხვავდება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე უცხოეთში არალეგალურად იმყოფება, არსად ფიქსირდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა და სტატუსი”, – ამბობს კობახიძე.

 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ძირითადად, მძიმე სოციალური-ეკონომიკური პირობების გამო ითხოვენ. მისი აზრით, 2009 წელს განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და გლობალური კრიზისის შედეგია.

 

“ეს განპირობებულია შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევით. მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანაში არის დასაქმების პრობელმა და ხალხი სამსახურის საშოვნელად მიდის. არ მგონია, ხელისუფლება რამე ზომებს იღებდეს სოციალური ფონის გასაუმჯობვესებლად და სოციალური პოლიტიკის სწორად წარმართვის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მაჩვენებლები არ იქნებოდა.

 

“2009 წლის მაჩვენებლის გაორმაგება წინა წელთან შედარებით ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და შრომითი პრობლემები, 2-ჯერ უფრო გაუარესდა, სოციალური და ეკონომიკური ფონის გამწვავება, უმუშევრობა და, ზოგადად, დასაქმების სფეროში პრობლემების გამწვავება, პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდაზე, ეს კი თავის მხრიბ მეტყევლებს იმაზე, რომ სოციალურ-ეკონოკმიკური უფლებებები ქვეყანაში სათანადოდ დააცული და უზრუნველყოფილი არ არის.

 

“2008 წელი არის ომის წელი, მოგეხსენებათ აგვისტოს მოვლენებმა ყველა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო, ამას ემატება მსოფლიო კრიზისიც. თუ მოვლენები ისევე განვითარდა, როგორც ახლა, ზრდის ტენდენცია იქნება მომავალ წელსაც, რადგან უმუშევართა რიცხვი იზრდება, არის დასაქმების პრობლემა, განსაკუთერებით მამაკაცებისათვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგრანტების რაოდენობაზე აისახება”, – ამბობს კობახიძე.

 

ლილი ხმალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

26-03-2010

 

 

 

One Response to “• ხმალაძე – მიგრაცია”

  1. giorgi said

    am mtavrobis … sanam qveyanas ar daclian da ar gadaasheneben ar moisveneben

    Like

დატოვე კომენტარი