Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ლიბერალური დემოკრატია

 

ნუკრი ბაღდავაძე

თბილისის ბიზნესისა და საერთაშორისო სამართლის უნივერსიტეტის პროფესორი

 

ლიბერალური დემოკრატია

 

დემოკრატია, როგორც ვიცით, სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმი ან პოლიტიკური სისტემაა, როდესაც ხელმძღვანელობა ხორციელდება ხალხის პირდაპირი ძალაუფლებით (პირდაპირი დემოკრატია), ან წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ არჩეულნი ხალხის ან ხალხის გარკვეული ნაწილის მიერ (წარმომადგენლობითი დემოკრატია). დემოკრატიის მთავარი მაჩვენებელი არის ხელისუფლებაში ხალხის რაც შეიძლება ფართო ინტერესების მქონე პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ასევე წარმომადგენლობითი ხელისუფლების შესაბამისი ინტერესების დროში ცვლილებებთან ერთად დინამიური ცვლილებები.

დღეისათვის დემოკრატიულ მართვას უმეტესწილად აქვს დასავლეთ ევროპული საწარმომადგენლო დემოკრატიის ფორმა, რომელმაც მიიღო სახელი _ “ლიბერალური დემოკრატია“.

დემოკრატიული სახელმწიფოს თანამედროვე დემოკრატიის მაჩვენებლები გულისხმობს შემდეგ სამოქალაქო უფლებებს და თავისუფლებებს:

  • სიტყვის თავისუფლება და მასთან ერთად პასუხისმგებლობა ამ უფლების გამოყენებისას;
  • რელიგიის და მისი ტრადიციების თავისუფლება;
  • რელიგიის სახელმწიფოსგან და სკოლისგან გამოყოფა;
  • საუბრის დროს პიროვნების შორის ენის არჩევის თავისუფლება;
  • ბეჭდვითი გამომცემლობებისა და მასმედიის სხვა საშუალებათა (ტელევიზიის ჩათვლით) თავისუფლება;
  • ჯარის, პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს, სახელმწიფო ხელისუფლების მართვის აპარატის შემადგენლობის დეპოლიტიზაცია და დეპარტიიზაცია; 
  • ჯარის, პოლიციის, სახელმწიფო უსაფთხოების ორგანებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების საპარლამენტო, სამოქალაქო საზოგადოებრივი კონტროლი;
  •  სახელისუფლებო ორგანებისა და მათი მართვის შესახებ სრული და სამართლიანი ინფორმაციის თავისუფალი მიღება-გავრცელების უფლება;
  •  შემოქმედების, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და კერძოდ აზრის გამოხატვის თავისუფლება;
  •  მშვიდობიანი შეკრებების, მიტინგების, მსვლელობებისა და დემონსტრაციების თავისუფლება;
  •  კავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კანონებით დასაშვები საქმიანობის თავისუფლება;
  •  მოქალაქის უფლება თავისუფლად გაერთიანდეს ნებისმიერ კანონით არა აკრძალურ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ჯგუფში, კავშირში და პოლიტიკურ პარტიაში;
  •  მოქალაქის პირადი ხელშეუხებლობის გარანტია;
  •  ადამიანის უფლებები სიცოცხლეზე, პირად თავისუფლებაზე და უსაფრთხოებაზე;
  •  კერძო საკუთრების უფლება და მისი ხელშეუხებლობის გარანტიები, ასევე კანონით დასაშვები ეკონომიკური საქმიანობის უფლება და თავისუფლება;
  •  სასამარლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
  •  სასამართლოში, მოქალაქის საქმის სამართლიან და ობიექტურ გარჩევაზე, დაცვისა და ბრალდების რეალური კონკურენტურობის უზრუნველყოფისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის მკაცრი გამოყენების უფლება;
  • საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების გამიჯვნის მკაცრი პრინციპი;
  • წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა;
  • ეკონომიკური სუბიექტების, მოქალაქეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პარტიების, მოძრაობების, რელიგიური კომფესიებისა და ადგილობრივი თვითმართველობათა საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვა;
  • ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობები;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • პარლამენტარიზმის განვითარებული ინსტიტუტები და ინსტრუმენტები,  საპარლამენტო გამოძიების ჩათვლით;
  • სამართლებრივი, კანონიერი, საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლება, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ კანდიდატებს შორის რეალური თანაბრობისა და კონკურენციის უზრუნველყოფა;
  • შიდაპარტიული და შიდაპროფკავშირული დემოკრატიის თავისუფალი არსებობის უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი გარანტიები;

 

დემოკრატია ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. „ინდივიდუალური ავტონომიის“ პრინციპი: რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წესებს, რომლებიც სხვათა მიერ არის დაწესებული;
2. „თანასწორობის“ პრინციპი: რომ ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ადამიანებს საზოგადოებაში.

დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს. თეორიულად, წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს ხელისუფლების თავისუფალ და სამართლიან არჩევას ხალხის ხმათა უმრავლესობით. ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გაყოფა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა. სამართალი და კანონის უზენაესობა არის პრინციპი, როდესაც ხელისუფლება და სასამართლო მხოლოდ დაწერილი კანონების შესაბამისად მოქმედებენ. აღნიშნული პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის პრინციპთან, რომლის თანახმად ხელისუფლების საკანონმდებლო (პარლამენტი), აღმასრულებელი (მთავრობა) და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან  დამოუკიდებლად  მოქმედებენ.  

დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობების სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, მცირე წარმომადგენლობის მქონე ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, როგორიცაა ბავშვები, ქალები, ემიგრანტები, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაცული არიან დისკრიმინაციისგან და ხდება მათი ინდივიდუალობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს უმეტესი ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას, გაცილებით მეტი ადამიანია აქტიური და არა პასიური მონაწილე. დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ, უფრო სავარაუდოც არის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებებს. დემოკრატია უნდა არსებობდეს, როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე.

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აშენებს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტერმინები, ცნებები, სიმბოლოები არ იცვლება. ნაციონალური სახეები, უფრო სწორად, “ნაციონალური სენტიმენტები” მყარად დამკვიდრდა საზოგადოების ცნობიერებაში, ამიტომ ის პოლიტიკოსებიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურის მუშაკებზე), რომელთაც “ლიბერალებისიმიჯი აქვთ და თავიანთ თავს “დასავლური ღირებულებების” დამცველებად მოიაზრებენ, ფილოსოფოსების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, “ნაციონალურ დისკურსებს” ვერ ელევიან.

მოქალაქეთა ჩართულობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ამ შემთხვევაშიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი, მაგრამ ძალზე მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

სხვა დემოკრატიული პრინციპების განხორციელების ხარისხიც ძალზე დაბალია. მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი არიან და ადამიანის უფლებები დაცულად მიაჩნიათ. დემოკრატიული მმართველობის პირობებში ადამიანის წარმატება ძირითადად მის შრომას, ცოდნასა და უნარებს ეფუძნება. მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია შესაძლებლად საქართველოში პატიოსანი შრომით ნორმალური ცხოვრების მიღწევა. განსხვავებული  აზრისა და მრწამსის პატივისცემა დემოკრატიის კიდევ ერთ ძირითად თვისებას წარმოადგენს. ასევე დემოკრატიის ნიშანია თანასწორობა, მათ შორის გენდერული თანასწორობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გენდერულ თანასწორობის მომხრეა.  

ამგვარად, მონაცემები მიუთითებენ მოსახლეობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების აღიარებაზე და ამავდროულად ქვეყანაში მათი რეალიზაციის შესაძლებლობის დაბალ ხარისხზე. საქართველოს დღეს ალბათ სჭირდება როგორც “ეთნიკური დემოკრატია”, ისე “ეროვნული დემოკრატია” და “სამოქალაქო დემოკრატია” ერთობლივად.

2 ივნისი 2010

 

  ***

 

საქართველოს მოსახლეობა აღიარებს დემოკრატიული ღირებულებებს, მაგრამ ნაკლებად ხედავს ქვეყანაში მათი რეალიზაციის შესაძლებლობას. სამოქალაქო აქტიობა დაბალია. ამის ერთერთი ფაქტორი სხვებისადმი  ნდობის დაბალი დონეა,  რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ინტერესის მსგავსად ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად კლებულობს. მცირეა სამოქალაქო სექტორის ხილვადობა. მოსახლეობის საზოგადოებრივი საქმიანობაში ჩართვა ძირითადად ახლობლების ინციატივით ხდება.  ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტელევიზიით იღებს.  თუმცა ნდობა ძირითადი სატელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებების მიმართ მცირეა. ისინი ნაკლებად აღიქმებიან ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედია საშუალებებად.

 მოსახლეობის ნახევარი საკუთარი ცხოვრებით არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო. კმაყოფილების ყველაზე დიდ წყაროს ოჯახური ურთიერთობები, ხოლო ყველაზე მცირეს ოჯახის შემოსავალი წარმოადგენს. ფართოდ არის გავრცელებული ნიჰილიზმი პოლიტიკურ ძალთა მიმართ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობას ფაქტიურად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ იმსახურებს. ძალზე მცირეა ოპოზიციის მომხრეთა წილი. დიდია ასევე უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. ხალხი ყველაზე მეტად ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას ენდობა.

 მოსახლეობის ძირითად საზრუნავს სიღარიბე, უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, მრავალი მათგანი ოჯახიდან სამუშაოდ წასული წევრის გზავნილებით ირჩენს თავს.

 მცირეა ოპტიმიზმი უახლოეს წლებში 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის საკუთარ სოფლებში დაბრუნების მიმართ, თუმცა მოსახლეობა თითქმის ერთსულოვნად წინააღმდეგია მათ დასაბრუნებლად  ძალის გამოყენების. კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ გზად ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაა მიჩნეული. ა.შ.შ.-ს მხარდაჭერა უფრო მეტად არის აღქმული, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ვიდრე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დახმარება.

 დიდია მოთხოვნა დემოკრატიული პრინციპების განხორციელებაზე, მაგრამ ძალზე მცირეა მისი მიღწევის დონე. მონაწილეობის აუცილებლობის  და საკუთარი ეფექტურობის შეფასებებზე დაყრდნობით გამოკვეთილი სამი ჯგუფის:  პირველი -„ეფექტურების“, მეორე -„უძლურების“ და მესამე -„ინდიფერენტულები“-ს შედარებით გამოვლინდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედი ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ზეგავლენას ახდენს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

 შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ უძლურობის განცდა და ინდიფერენტული დამოკიდებულება  ფართოდ არის გავრცელებული. ადამიანები, რომლებიც თავს ეფექტურად მიიჩნევენ  უფრო წარმატებული არიან, მათ უფრო ხშირად აქვთ უმაღლესი განათლება, სამსახური და საარსებო მინიმუმი მაინც. ეს ჯგუფი მრავალ ასპექტში მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი ორი ჯგუფისაგან. პირველი და მეორე ჯგუფები მსგავსებას ამჟღავნებენ მხოლოდ ინტერესში პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ.  მესამე ჯგუფები  ახლოს არიან ერთმანეთთან  მრავალი მაჩვენებლისა და დამოკიდებულების მიხედვით. პირველი ჯგუფი უფრო აქტიურია, მეორე და მესამე კი უფრო უკმაყოფილო და პასიური. ორივე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მათ აზრს. ისინი ნაკლებ ნდობას უცხადებენ სხვებს, ნაკლებ ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუმცა არის ერთი ძირეული რამ, რაც ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან განასხვავებს – მეორე ჯგუფს უნდა არსებული მდგომარეობის შეცვლა, მესამეს კი არა. 

 ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიული პრაქტიკის დეფიციტი, სამოქალაქო საზოგადოების ხილვადობის სიმცირე და მოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობის დაბალი დონეა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დემოკრატი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ძალაუფლება ხალხის ხელშია და ხალხის ხმა გაგონილია. დემოკრატიული ღირებულებების აღიარება ცალსახად დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დემოკრატიისადმი გამოხატული სიტყვიერი მხარდაჭერა ხშირად  ასახავს მხოლოდ ადამიანის სურვილს დადებითად წარმოაჩინოს საკუთარი თავი და არა ღრმად გამჯდარ ორიენტაციას ან მოტივაციას. ლიბერალური დემოკრატია ეყრდნობა ხალხის ხმას, განსხვავებით  ისეთი ცრუ დემოკრატიებისა, როგორიცაა არჩევითი დემოკრატია, ჰიბრიდული დემოკრატია ან ავტორიტარული დემოკრატია, სადაც ხალხის ზეგავლენა უგულველყოფილია პოლიტიკური ელიტის მიერ.

 სოციალური ნდობა და ცხოვრებით კმაყოფილება, რომლის ერთერთ კომპონენტსაც საკუთარი ეფექტურობის განცდა წარმოადგენს, ქვეყანაში დემოკრატიის არსებული დონის მაჩვენებელი და სახელმწიფოს სტაბილობის გარანტიაა. ამდენად უკმაყოფილო ადამიანების ის დიდი რაოდენობა, ვინც თავს უძლურად გრძნობს ზეგავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას. აუცილებელია ქვეყანაში სოციალური ნდობის, საზოგადოებრივი აქტივობის და ტოლერანტობის დამკვიდრება. ცხადია, რომ ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია ხელისუფლების ხელშეწყობით, მაგრამ მათი კულტივირება პოლიტიკური ელიტის ნების არარსებობის შემთვევაშიც არის შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ სწორედ აქ იკვეთება სამოქალაქო საზოგადოების როლი. მან ხელი უნდა  შეუწყოს დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, უნდა მოიპოვოს ყველა ის რესურსი,  რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენა ქვეყანაში ჭეშმარიტი, ლიბერალური დემოკრატიის დასამკვიდრებლად.

 

 

 

 

3 Responses to “•ლიბერალური დემოკრატია”

  1. bembi said

    “წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტერმინები, ცნებები, სიმბოლოები არ იცვლება.”

    -სიმბოლოების შეცვლაც არ მოიტანს არაფერს თუ კანონებმა არ იმუშავა, თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ კანონების ფარგლებში და არა თავხედობაში ,რომელიც მკვეთრადაა დღეს როგორც პოლიტიკოსებში, ასევე საზოგადოებაში. დემოკრატიას, როგორც არ უნდა უწოდო, როგორც ყველაფერს აქვს საზღვარი, ასევე დემოკრატიას აქვს თავისი საზღვარი. კანონი ყველასთვის ერთია.

    Like

  2. თუ შესაძლებელია, მიუთითოთ წყარო. სადიპლომოსათვის გამომადგება. წინასწარ გმადლობთ.

    Like

დატოვე კომენტარი