Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ვახტანგ ჭაბუკიანი

• Georgian Surnames – ქართული გვარები

Vakhtang Chabukiani

ვახტანგ ჭაბუკიანი – Vakhtang Chabukiani

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი

(1910-1992)

ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი  დაიბადა  1910 წლის 27 თებერვალს  თბილისში. მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო; დედა ― ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი ― წარმოშობით პოლონელი, ქალაქ რიგიდან.
სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია. 1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941).
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერად.
1951 – 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან იყო სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წ. 6 აპრილს, ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იხ. ბიოგრაფია სრულად

 

***

 

ვახტანგ ჭაბუკიანი – შევარდნაძის ინტრიგების მსხვერპლი

 

ვახტანგ ჭაბუკიანი მსოფლიო მოვლენაა საბალეტო ხელოვნებაში… ჭაბუკიანი ეროვნულ სიამაყედ მოგვევლინა”.
სანდრო ახმეტელი

“ადამიანთან, რომელიც ცრუობს, საინტერესო არ არის ურთიერთობა. ის მოსაწყენია… საქართველო ჩემთვის ერთადერთი გულის ფეთქვაა”.
ვახტანგ ჭაბუკიანი

 

დიახ, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება ეს არის უდიდესი ზნეობრივი აქტი. წმინდა საფუძვლის გარეშე შეუძლებელია ის აღმაფრენა, რომელიც გამოხატავს ქართულ გენს. ეროვნული ცეკვის ჰარმონიული შერწყმა კლასიკურ ბალეტთან ეს მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანმა შეძლო. ვახტანგ ჭაბუკიანმა შექმნა მამაკაცის ცეკვის ფენომენი საბალეტო ხელოვნებაში და დაამკვიდრა “მთების გულიდან” ბოლო სპექტაკლამდე. გამჭრიახმა თვალმა და გონებამ ეს უმალ განჭვრიტა და აღიარეს ევგენი მიქელაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, ანდრია ბალანჩივაძემ, ირაკლი გამრეკელმა, კოტე მეღვინეთუხუცესმა, ლადო გუდიაშვილმა, ვერიკო ანჯაფარიძემ, აკაკი ხორავამ, ვერა წიგნაძემ… ზღვა თაყვანისმცემლებმა როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.

დიახ, ურთულეს 1942 წელს განსწავლული ვახტანგ ჭაბუკიანი დაუბრუნდა ქართულ თეატრს და ჩამოაყალიბა ქართული საბალეტო დასი, დააარსა ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შეადგინა საკუთარი ეროვნული რეპერტუარი კლასიკური ქორეოგრაფიული ფონდით გამდიდრებული. “კადრს მიღმა” რჩება მისი დაუღალავი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობა, ნაყოფიერი და უნიკალური თანამშრომლობა უნიჭიერეს ქართველ კომპოზიტორებთან, თეატრალურ მხატვრებთან. ის ხომ მათი შთაგონების სულისჩამდგმელი იყო. პროფესიონალები და უბრალოდ თაყვანისმცემლები, რომლებსაც უყვარდათ და უყვართ მაღალი ხელოვნება, ერთხმად აღიარებდნენ და აღიარებენ, რომ მათმა სათაყვანებელმა ვახტანგ ჭაბუკიანმა – ცეკვის ზეშთაგონების მგოსანმა – შეუძლებელი შეძლო.

დიახ, ეპატიჟებოდნენ ყველგან, სახელგანთქმულ თეატრებში იწვევდნენ – ხელის გულზე გატარებთო, მთელ მსოფლიოში სთხოვდნენ – “თუ თქვენი ჩამოსვლის იმედს დავკარგავთ, ჩვენი ბალეტის მომავლის იმედიც უნდა დავკარგოთ. მოგელით…” მაგრამ ვახტანგ ჭაბუკიანი საქართველოში დარჩა, რადგან მას სწამდა ერთი რამ – სამშობლოში მისი მოღვაწეობა მსოფლიო საბალეტო ხელოვნებას გაუწევდა სამსახურს. და ასეც მოხდა. მისი სახელი საამაყოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისით აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო, რადგან ვახტანგ ჭაბუკიანი განუმეორებელია.

დიახ, ეს ასეა. დაუსრულებლად შეიძლება მისი შემოქმედების განხილვა–ანალიზი, მაგრამ დღევანდელი ჩვენი სათქმელი და ამ წერილის მიმართულება სხვა რამ არის.

1972 წლის შემოდგომიდან იწყება უპრეცედენტო თავდასხმა ვახტანგ ჭაბუკიანზე. გასტროლებზე მყოფს ემუქრებოდნენ, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ და ბოლოს იქამდეც მივიდნენ, ოპერის თეატრის შენობაც კი გადაწვეს.

ვინ იყვნენ ისინი, ვინც ასე ვერაგულად ცდილობდნენ, დაემსხვრიათ შემოქმედი პიროვნება, რომელიც ვერა და ვერ გატეხეს. ჭეშმარიტად ქართული სულის დიდი შემოქმედის, უწმინდესი სულიერი საფუძვლის ხელოვანის წინააღმდეგ დაწყებული ბოროტება, რომლის სათავეში, ყველას კარგად მოეხსენება, ვინ და ვინც იდგნენ – შევარდნაძე და საბჭოთა სუკი – მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, რადგან დღესაც მუშაობს ბინძური სისტემა – ინტრიგები, ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება და ზნეობრივი დეგრადაცია. შეცდომაში შეიყვანეს და დღესაც ცდილობენ აცდუნონ ის ხალხიც კი, ვინც ხელოვნებისა და ქართული ბალეტის მიღწევითაა დაინტერესებული. მავანთ დააკისრეს, დაავალეს და ისინიც ასრულებენ პროვოკაციულ-ფალსიფიკატორულ ფუნქციას – შექმნან არაჯანსაღი ფონი:
ამბობენ…
ამბობენ…
ამბობენ…

მათ ხელთ რომ ყოფილიყო ფაქტობრივი მასალა, ვახტანგ ჭაბუკიანს ისევე დაიმორჩილებდა საბჭოთა КГБ, როგორც არაერთი მათთვის მიუღებელი პიროვნება მიუჩუმათებიათ. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – არც ერთ ქვეყანაში ასეთი ცილისწამება არ უკადრებიათ ვახტანგ ჭაბუკიანისათვის, რის დამკვიდრებასაც გარკვეული წრე გამიზნულად ცდილობდა და დღესაც ცდილობს საქართველოში. ამაზრზენია, რომ ბოლოდროინდელ ყბადაღებულ სიბინძურესთან მის სახელს იმოწმებენ. არც ერთი ღირსეული საზოგადოება ამას არ აკადრებდა არც თავის ქვეყანას და არც საკუთარ თავს, მით უმეტეს, ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის გენიალური შემოქმედი რომ ჰყოლოდათ. რასაკვირველია, ამას შეგნებულად სჩადიან და მათი ჩანაფიქრი ძნელი მისახვედრი არ არის. ამას ბოლო უნდა მოეღოს და ყველა ცილისმწამებელმა პასუხი აგოს.

დიახ, სწორედ ამ სულით და გონებით მდაბიო მსახურთა საქციელისა და ყოველგვარ ზღვარგადასულ მათ ქმედებათა წინააღმდეგ აღშფოთებამ გამოიწვია ის მტკიცებითი ფორმა, რომელიც ამ წერილის რეფრენია. ვახტანგ ჭაბუკიანი იმდენად ამაღლებულია, რომ მისი პიროვნების, მისი სახელის შეურაცხყოფა არც უნდა იყოს ყურადღების ობიექტი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, რადგან უკუღმართთა უპირველესი მიზანი სიწმინდის წაბილწვაა და თან ისე, რომ ეჭვმა ყველა დაღრღნას. მათთვის უმთავრესი სამების წყვეტა-დაქუცმაცებაა: დავიწყებულ უნდა იქნას ან შეურაცხყოფილი წარსული, აწმყოში ყოველგვარი ჭეშმარიტება იავარქმნილი და მომავალი გარყვნილი. ამას სჩადიან არა მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილნი და მხოლოდ მატერიალურით დაინტერესებულნი. სამწუხაროდ. ისინი ჩალის ფასად ჰყიდნენ და ჰყიდიან სახელს, ოჯახს, ქვეყანას… ეს მათი ხელწერაა… ეს მათი პოლიტიკაა… მათთვის ვერ ასატანია უკომპრომისო პრინციპულობა, საქვეყნო ვალის შეგნება. ასე მხოლოდ ეროვნული სულისკვეთებით აღჭურვილი მაღალი ზნეობის ადამიანები აზროვნებენ და მოქმედებენ, რომლებიც მზად არიან დინების საპირისპიროდ განაგრძონ წინსვლა. “ახლა ცეკვავენ ჭაბუკიანის მიხედვით და ავიწყდებათ კიდეც მისი შემქმნელი” – წერს “ტოკიო-ბალეტის” დასის ხელმძღვანელი კატახარა, ხოლო ჩვენ ვაცხადებთ ყველას გასაგონად:

მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი საწყისი მისწვდება იმ მწვერვალს, რომელზეც დგას ადამიანი, რომლის სახელიც უკვდავია – ვახტანგ ჭაბუკიანი!

Vakhtang Chabukiani.jpg

 

***

 

***

***

***

***