Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•კიუსტინი – მემუარები

 Маркиз де-Кюстин и Его Мемуары

 

მარკიზ დე კიუსტინი 

 

ნიკოლოზ I-ის დროინდელი რუსეთი

 

პირველი ნაწილი

 

 ”როგორც საფრანგეთში, ასე აქ, გემზე, მე მუდამ ორნაირი ტიპის რუსებს ვხვდებოდი: ერთნი ამაო თავმოყვარეობით შეპყრობილნი უზომოდ აქებენ თავიანთ სამშობლოს, ხოლო მეორეთ სურთ თავიანთი თავი კულტურულ და განათლებულ ადამიანებად გვაჩვენონ.  […] მაგრამ მე მსურდა მესამე ტიპის რუსებიც მეპოვნა – უბრალო, გულწრფელი ადამიანები, და აი სწორედ იმათ დავუწყებ ძებნას რუსეთში.”

  ”მე ჯერ არ ვიცი ვიტყვი თუ არა მათი ქვეყნის შესახებ ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ისინი მართლები არიან, როდესაც ეშინიათ, რომ მე მთელ სიმართლეს ვიტყვი.”

  ”პირველი რაც თვალში მეცა რუსეთის მეფის კარისკაცების დანახვაზე მათ მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს, იყო რაღაც განსაკუთრებული მლიქვნელობა და მორჩილება. ისინი გვანდნენ ერთგვარ მონებს, მხოლოდ მაღალი წოდებიდან გამოსულთ. მაგრამ მოშორდებოდა თუ არა მათ ტახტის მემკვიდრე, ისინი უმალ დამოუკიდებელ სახის გამომეტყველებას იღებდნენ და თავხედები ხდებოდნენ, რაც ჰქმნიდა უკიდურეს და ნაკლებად მომხიბლავ კონტრასტს მათს ერთი წუთის წინათ გამომჟღავნებულ ყოფაქცევასთან შედარებით. შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ მეფის მემკვიდრის ამალაში გამეფებულია მლიქვნელობის სული, რომლისგანაც წარჩინებული კარისკაცნიც ისევე ნაკლებად არიან თავისუფალნი, როგორც მათი საკუთარი ყმები. ეს არ წააგავდა ჩვეულებრივ სასახლის ეტიკეტს, არსებულს სხვა ქვეყნებში, სადაც ოფიციალური ხარისხის პატივისცემა, თანამდებობის მაღლა დაყენება პიროვნებაზე და როლი, რომელსაც ძალაუნებურად ყველა ასრულებს, ჰქმნის მოწყენილობას და იწვევს ხშირად დამცინავ ღიმილს. არა, აქ უფრო ცუდი რამ იყო: მონური აზროვნება, რომელიც ამავე დროს არ იყო მოკლებული ბატონურ მედიდურობას. ასეთი აღრევა თავის დამცირებისა და მედიდურობის არასასიამოვოდ მეჩვენა; იგი არაფერს ამბობდა იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომლის ნახვაც მე განზრახული მქონდა.”

  ”რუსი თავადი კ. ბრძანებს: რუსეთში თათრების შემოსევის შემდეგ თითქმის ოთხი საუკუნე გავიდა, დასავლეთ ევროპაში კი ამ კრიზისმა უკვე თოთხმეტი საუკუნის წინად გაიარა. ათასი წლით უფრო ხნიერი ცივილიზაცია ჰქმნის უფსკრულს ნაციათა ზნე-ჩვეულებებსა და ადათებს შორის. შეუბრალებელი დესპოტიზმი, რომელიც ჩვენშია გამეფებული, წარმოიშვა იმ დროს, როდესაც მთელ დანარჩენ ევროპაში უკვე მოსპობილი იყო ბატონ-ყმობა. მონღოლების შემოსევის შემდეგ სლავიანები, რომელნიც უწინ ყველაზე თავისუფალ ხალხს წარმოადგენდნენ მთელ ქვეყანაზე, გახდნენ მონები ჯერ მათზე გამარჯვებულებისა ხოლო შემდეგ თავიანთი საკუთარი თავადებისა. მაშინ ბატონ-ყმობა წარმოიშვა, არა მარტო ფაქტიურად, არამედ სახელმწიფოებრივი კანონების ძალითაც. მან იმდენად დაამცირა ადამიანის სიტყვა, რომ ეს უკანასკნელი ხაფანგად იქცა. მთავრობა რუსეთში მხოლოდ სიცრუით ცხოვრობს, რადგანაც სიმართლისა მტარვალსაც ეშინიან და მონასაც. ჩვენმა ავტოკრატებმა მტარვალობის ძალა ოდესღაც თავიანთი საკუთარი გამოცდილებით გაიცნეს. რუსის მთავრები, რომელნიც იძულებული იყვნენ ხარკის ასაკრებად დაემონებინათ თავიანთი ხალხი, ხშირად თითონვე მიჰყავდათ მონებად თათრებს. ისინი ბატონობდნენ იმ დრომდე, ვიდრე თათრის ხანების ერთგული იარაღები იყვნენ ხალხის დასამონებლად და მას უკანასკნელ ლუკმას ართმევდნენ. მათ კარგად შეისწავლეს დესპოტიზმის ძალა თავიანთი საკუთარი მონობის გზით და ყველაფერი ეს, გახსოვდეთ, ხდებოდა მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში მეფეები და მათი ვასალები ერთმანეთში ქიშპობას ეწეოდნენ თავიანთი ხალხის გასანთავისუფლებლად. პოლონელები რუსების მიმართ დღესაც იმ მდგომარეობაში არიან, რა მდგომარეობაშიც რუსები იმყოფებოდნენ მონღოლების მიმართ. ვისაც თვით უტარებია მონობის უღელი, არასოდეს არ შეეცდება იგი შეუმსუბუქოს იმათ, ვისაც ამ უღელს ადგამს. მთავარნი და ხალხნი ხშირად თავიანთ დამცირების ჯავრს უდანაშაულოზე იყრიან და მათზე შურს იძიებენ ხოლმე, მათ თავი ძლიერებად მიაჩნიათ, რადგანაც შეუძლიანთ სხვები მსხვერპლად შეიწირონ.”

 ”უნგერ ფონშტერნბერგის ამბავზე – ეს რომანტიკული ამბავი მოგვაგონებს ჩვენ საშუალო საუკუნოებს, მაგრამ, როგორც ხედავთ, რუსეთში ეს თითქმის ჩვენ დროში ხდება. რუსეთი დასავლეთს ყველაფერში ჩამორჩა ოთხი საუკუნით.”

 რუსი მეზღვაურების შესახებ: ”როდესაც მათ ტანჯულ სახეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მათი სიცოცხლის მთელი აზრი და დანიშნულება განუწყვეტლივ კატორღულ მუშაობაშია, ძალა-უნებურად ვეკითხებოდი ჩემ თავს, რა სასტიკი დანაშაული მიუძღვის ადამიანს ღვთის წინაშე, რომ 60 მილიონ ადამიანის მსგავს არსებას მისჯილი აქვს რუსეთში ცხოვრება?”

  ”…მეფეს ”მამად” იხსენიებს სწორედ ის ხალხი, რომელიც მეფის უბრალო ჟინიანობის გულისთვის უსიტყვოდ მსხვერპლად სწირავს თავის თავს. [. . .] იმ მილიონებმა, რომლებიც დაიხარჯა ვერსალის აშენებაზე, იმდენივე ფრანგი მუშის ოჯახი გამოკვება, რამდენი რუსი მონაც მოჰკლა ზამთრის სასახლის 12 თვის მშენებლობამ. [. . .] სჩანს, რომ მეფე რუსეთში შეიძლება უყვარდეთ, თუნდაც იგი არ ზოგავდეს ძალიან თავისი ქვეშევრდომების სიცოცხლეს.”

  ”თუ თქვენ მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სიმხიარულეთა მოკლება, თუ შეგიძლიანთ დაისახოთ სურათი მუდმივი მოუსვენრობის და განუწყვეტლივი ცხარე ბრძოლისა მეფის ყურადღების დასამსახურებლად და ბოლოს, თუ შეიგნებთ ადამიანის ნების გამარჯვებას ღვთიურ ნებაზე, – მხოლოდ მაშინ გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. რუსული სახელმწიფოებრივი წესწყობილება, ეს – სასტიკი სამხედრო დისციპლინაა ნაცვლად სამოქალაქო მმართველობისა, ეს – პერმანენტული სამხედრო მდგომარეობაა, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს ნორმალურ მდგომარეობად.”

  ”რუსები შეპყრობილნი არიან თავის გამოჩენის სურვილით. ამიტომ მათ სასტუმრო ოთახებში ყვავილები ისე კი არ არის განმწკრივებული, რომ სასიამოვნო იყოს ამ ოთახების ცქერა, არამედ ისე, რომ გაკვირვება გამოიწვიოს გარედან. სრულიად საწინააღმდეგო ხდება ინგლისში, სადაც ქუჩაში თავის გამოჩენას ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.”

  ”მე რუსებს არ ვკიცხავ იმისათვის, რაც ნამდვილად არიან, მაგრამ ვგმობ მათს სურვილს თავი ევროპელებად მოგვაჩვენონ. ისინი, ჯერ კიდევ სრულიად უკულტურონი არიან. მაგრამ შეიძლებოდა იმედი არ დაგვეკარგა მათ მიერ კულტურის შეთვისებისა, ისინი რომ მაიმუნებივით არ ბაძავდნენ სხვა ერებს და იმავე დროს არ დასცინოდნენ მათვე, ვისაც ჰბაძავენ. კაცი იფიქრებს, რომ ეს ხალხი დაკარგულია პირველყოფილი მდგომარეობისთვის და უვარგისია ცივილიზაციისთვის.”

 

 ”რუსებს მხოლოდ სახელწოდება აქვთ ყველაფრის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი აქვთ. რუსეთი ფასადების ქვეყანაა. წაიკითხეთ ეტიკეტები, – მათ აქვთ ცივილიზაცია, საზოგადოება, ლიტერატურა, თეატრი, მეცნიერება, ხელოვნება; სინამდვილეში ექიმებიც კი არ ჰყავთ. [. . .] თუ შემთხვევით თქვენს ახლოს მცხოვრებ რუს ექიმს დაუძახებ, შეგიძლიანთ თქვენი თავი წინდაწინ მკვდრებში ჩათვალოთ. [ . . . ] ყველა დანარჩენი ექიმები, რომლებიც არ ცდილობენ თავიანთი პაციენტები საიქიოს გაგზავნონ გერმანელები არიან. . .”

  ”რუსები უზენაეს ხელისუფლებას თაყვანსა სცემენ, როგორც სარწმუნოებას, რომლის ავტორიტეტი მათ შორის მუდამ დიდია, დამოუკიდებლად მღვდელ-მსახურთა პირად ღირსებებისა.”

  ”იმ დღეს, როდესაც ნიკოლოზი ტახტზე ავიდა, ამბოხებამ იფეთქა გვარდიაში. პირველი ცნობის მიღებისთანავე ჯარებში მომხდარი აჯანყების შესახებ იმპერატორი და დედოფალი მარტოკანი სასახლის ეკლესიაში გაემგზავრენ და იქ საკურთხევლის წინ დაჩოქილთ შეჰფიცეს უფალს, რომ დაიხოცებოდნენ ტახტზე, თუ ვერ გაიმარჯვებდენ აჯანყებულებთა წინააღმდეგ. იმპერატორს ეს საფრთხე სერიოზულად მიაჩნდა, რადგანაც მან იცოდა, რომ მიტროპოლიტი ამაოდ ცდილობდა ჯარისკაცების დამშვიდებას: რუსეთში სერიოზულად ითვლება ის აღელვება, რომელსაც ვერ ამშვიდებს სასულიერო ძალაუფლება.”

  ”რუსები რომაელებს გვანან სხვა მხრივაც. როგორც ამ უკანასკნელთ, მათაც მეცნიერება და ხელოვნება გარედან გადმოიღეს. მათ ბუნებრივი ჭკუა არ აკლიათ, მაგრამ ეს ჭკუა მიმბაძველია, და ამიტომ უფრო ირონიული, ვიდრე შემოქმედი. დაცინვა ტირანების და მონების დამახასიათებელი თვისებაა. ყოველი დაჩაგრული ხალხი ბოროტ სიტყვას, სატირას და კარიკატურას მიმართავს. სარკაზმებით იგი შურს იძიებს იძულებითი უმოქმედობისა და თავის დამცირებისთვის.”

 ”წარმოიდგინეთ ჩვენი მთავრობების ასეული წლების განმავლობაში შექმნილი ხელოვნება, გადასული ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ნახევრად ველური საზოგადოების განკარგულებაში, დასავლეთის მთელი ადმინისტრაციული გამოცდილება, გამოყენებული აღმოსავლეთის დესპოტიზმის მიერ; ევროპული დისციპლინა, დამცველი აზიური ტირანიისა; პოლიცია, რომელიც იმის მაგივრად რომ ბარბაროსობას ებრძოდეს, მიზნად აქვს დასახული დამალოს იგი; ევროპული არმიების ტაქტიკა აღმოსავლეთურ პოლიტიკის მეთოდების განსახორციელებლად; წარმოიდგინეთ ნახევრად ველური ხალხი, გასამხედროებული და ძალით გაწვრთნილი და არა ჭეშმარიტად განათლებული, – და თქვენ მიხვდებით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება რუსის ხალხი.

 იცით თუ რას ნიშნავს რუსეთში მოგზაურობა? ზერელე ჭკუის ადამიანისათვის ეს ნიშნავს ილუზიებით საზრდოობას. მაგრამ იმ ადამიანისათვის, რომელსაც ცოტად თუ ბევრად დაკვირვების ნიჭი აქვს და ამასთანავე დამოუკიდებელი ხასიათიც, ეს – მძიმე, სასტიკი და უმადური შრომაა. ვინაიდან ასეთი მოგზაური უდიდესი ჯაფით და მეცადინეობით ყოველ ნაბიჯზე არჩევს ორ ნაციას, რომელიც ერთმანეთს ებრძვის: ერთი ამ ნაციათაგანი – რუსეთია, როგორიც იგი სინამდვილეშია, ხოლო მეორე – რუსეთი, როგორც იგი სურთ ევროპას მოაჩვენონ.”

 

”რუსეთის მთავრობა, განმსჭვალული ბიზანტიური სულით – (შეიძლება ეს ითქვას მთელ რუსეთზე),  მუდამ უცქეროდა დიპლომატიურ კორპუსს და საერთოდ ევროპელებს, როგორც შურიან და ბოროტ ჯაშუშებს. ამ მხრივ ჩინელებსა და რუსებს შორის განსაცვიფრებელი მსგავსებაა: ორივენი დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ შურის თვალით ვუყურებთ მათ. ისინი თავიანთებურად მსჯელობენ ჩვენზე.”

 

 ”მე აქ მძაგს ყველაფერი, რითაც სხვა ქვეყნებში აღფრთოვანებული ვარ, ვინაიდან ამაში აქ მეტად ძვირი საფასური უნდა გადაიხადო. წესიერება, მოთმინება, ზრდილობა, თავაზიანობა, პატივისცემა, ბუნებრივი და ზნეობრივი დამოკიდებულებანი, რომელიც არსებობს იმათ შორის, ვინც განკარგულებას აძლევს და ვინც ასრულებს ამ განკარგულებას, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც კი შეადგენს კეთილმოწყობილ საზოგადოებათა მთავარ სილამაზეს და რაშიაც მდგომარეობს პოლიტიკურ დაწესებულებათა არსებობის აზრი, – ყველაფერი ეს ერთად-ერთი გრძნობით თავდება – შიშით. რუსეთში შიში სცვლის, ანუ უკეთ, ახშობს აზრს. როდესაც შიშის გრძნობა უაღრესადაა გამეფებული, მას შეუძლიან მხოლოდ მოჩვენებითი ცივილიზაცია შექმნას.”

  ”რუსეთში ადამიანმა არ იცის არც კულტურული ცხოვრების მაღალი სიამოვნება, არც ველურის სრული და უხეში თავისუფლება და არც ბარბაროსის დამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლობა. იმას, ვისაც წილად ხვდა უბედურება ამ ქვეყანაში დაბადებულიყო მხოლოდ ის დარჩენია, რომ თავი ინუგეშოს ამაყი ოცნებით და მთელ ქვეყანაზე გაბატონების იმედით. ასეთ დასკვნამდე მივდივარ მუდამ, როდესაც ვცდილობ ანალიზი გავუკეთო რუსეთის მცხოვრებთა მორალურ მდგომარეობას. რუსეთი ცოცხლობს და აზროვნებს, როგორც დამპყრობელი არმიის ჯარისკაცი. ხოლო ყოველი ქვეყნის ნამდვილი ჯარისკაცი მოქალაქე კი არ არის, არამედ მუდმივი ტუსაღია, რომელიც განწირულია თავის ამხანაგებს უდარაჯოს უბედურებაში – ისეთივე ტუსაღთ, როგორც თვითონაა.”

 

 Маркиз де-Кюстин и Его Мемуары

 

 

დატოვე კომენტარი