Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზურაბ ფიფია

 

 გელა ჯიღაური

ზურაბ ფიფია: მ ე   ვ ი ტ ყ ვ ი   ს ი მ ა რ თ ლ ე ს !

 

საქართველოს დამაქცევარი ხელისუფლების მორჩილი და მაამებელი საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ მბრძანებელთა ბინძური დავალებების შესრულებაში და ნაირგვარი სიცრუით, ცილისწამებითა თუ ბრალდებების შეთხზვა-შეკოწიწებით, პატრონთა სიამოვნებასთან ერთად, თავგამოდებით ესწრაფვიან ხალხის მოტყუებას. მათგან მოწოდებულ უამრავ სიცრუეთაგან, მომეტებულად ბატონ ზვიად გამსახურდიას იდუმალი მკვლელობის “გამოძიება გამოკვლევასა და სიმართლის” დასადგენად ირჯებიან. ამ მხრივ, ერთი გამორჩეულთაგანია გაზეთი “ასავალ დასავალი”, ახლახან კიდევ ერთხელ რომ გვაუწყა “სიმართლე” და საქართველოს პრეზიდენტის დაცვის ყოფილ უფროსთან, რობინზონ მარგველანთან საუბარში თქმულით კიდევ ერთხელ “დაგვარწმუნა ჭეშმარიტებაში”.

დასახელებული საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერის მკვიდრი, ბატონი ზურაბ ფიფია გვეწვია და ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსისგან თქმული სიცრუით, სინამდვილის განზრახ დაფარვით გულნატკენმა და უკმაყოფილომ, სიმართლის თქმის სურვილი გამოთქვა.

ზურაბ ფიფია: – ცნობილია, რომ შევარდნაძის მიერ მოხმობილი რუსული ჯარის მეშვეობით და ქართული კრიმინალური ბანდების ღალატით, აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია სამეგრელოში დარჩა. რუსეთის სპეცსამსახურებისა და მხედრიონელთა დევნის გამო, პრეზიდენტი იძულებული იყო გამუდმებით შეეცვალა ადგილსამყოფელი.

1993 წლის 7 ნოემბერს, ბატონი ზვიად გამსახურდია და მისი გარემოცვა ჩქვალერში პრეზიდენტის ჩალისფერი “ვოლგით”, ორი მიკროავტობუსით და სატვირთო ავტომობილით ჩამოვიდნენ. მოსულთა განცხადებით სვანეთში წასასვლელი გზა მდევართაგან დახვედროდათ გადაკეტილი, ამიტომაც წამოსულიყვნენ ჩვენსკენ. პრეზიდენტთან ერთად იყვნენ ბესარიონ გუგუშვილი, დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, დაცვის წევრები: ბაჩუკი გვანცელაძე, გოჩა კეკენაძე და სხვები, სულ ოცდაათ კაცამდე. გვიან საღამოს, ნაწილი შეიარაღებული ახალგაზრდებისა, სატვირთო ავტომობილით სვანეთში გაემგზავრნენ. ამასთან დაკავშირებით, მინდა შემდეგი ვთქვა:

თუკი ჩქვალერში მოსვლამდე ვერაფრით მოახერხეს პრეზიდენტის სვანეთში წაყვანა, მაშინ როგორღა შეძლეს იმავე ღამეს, იმავე გზით იქ აღწევა? ასე მგონია, წინასწარ შედგენილი გეგმით, მოსკოვსა და ხუნტას, პრეზიდენტის მოკვლა უშუალოდ სამეგრელოში ჰქონდათ ჩაფიქრებული.

ბატონ ზვიადსა და მის მხლებლებს სასურველი მასპინძლობა გაუწია რ. მარგველანისგან შერჩეულმა ოჯახმა. მაგრამ, სპეცსამსახურების აგენტებისა და მხედრიონელებისგან გარშემორტყმულ სოფელში (ამგვარ მდგომარეობაში იყო წალენჯიხის რაიონის თითქმის ყველა სოფელი) მათი დარჩენა დიდი ხნით შეუძლებელი იყო. ამიტომ, წალენჯიხის პრეფექტთან, ბატონ ზურაბ გუჩუასთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ პრეზიდენტი და თანმხლები პირები მთაში, ტყეში გაშლილ კარვებში გადაგვეყვანა.

სამი კარავი გავშალეთ. პირველში რ. მარგველანი, მისი თანმხლები ორი ქალბატონი და რამდენიმე ახალგაზრდა მოთავსდნენ. მეორე კარავი პრეზიდენტმა, ბ. გუგუშვილმა, ბ. გვანცელაძემ, გ. კეკენაძემ და დაცვის რამდენიმე წევრმა დაიკავეს. მესამეში კი წალენჯიხის პრეფექტურის ექვსი ახალგაზრდა თანამშრომელი მოეწყო. რაც შეეხება ავტომობილებს, ბ. გვანცელაძის მეშვეობით რ. მარგველანს მათი ჩემთვის ჩაბარებასა და საიმედო ადგილზე გადანახვაზე შევუთვალე, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო ისინი იქაურ საეჭვო ხალხს ჩავარდნოდა ხელში და გაუთავებელი აღმადაღმა ქროლვით, მდევრებს ბატონი ზვიადის იქ ყოფნას გააგებინებდნენ. სამწუხაროდ, პრეზიდენტის დაცვის უფროსმა ეს არ გაითვალისწინა, ავტომობილები მართლაც ყაჩაღებთან მოხვდნენ და საბოლოოდ, უკვალოდ გაქრნენ…..

“ტყეში გასვლის დღიდანვე რაღაც ფაქტორი მუშაობდა, რომ პრეზიდენტისთვის ჩამოეშორებინათ დაცვის ბიჭები. მათი ჩამოშორება ხდებოდა მეგზურების მეოხებით, რომ ოჯახი გაიყიდება, გატყავდება ამდენის შენახვითო და ა.შ. პირადად მე, ხუთი დღე-ღამით ჩამომაშორეს პრეზიდენტს”, – ამბობს რ. მარგველანი დასახელებულ საგაზეთო საუბარში.

მან პირდაპირ ჩვენ დაგვადო ხელი და დაგვადანაშაულა, თითქოსდა ვერ შევძელით პრეზიდენტისა და თანმხლები ადამიანების შენახვა, კერძოდ, მათი საკვებით უზრუნველყოფა. რა დასამალია და იმ ავბედით პერიოდში, ერთი-ორი ოჯახისთვის მართლაც ძნელი იყო რამდენიმე ადამიანის, თუნდაც სამი-ოთხი დღით შენახვა. მით უფრო, სპეცსამსახურების დაგეშილი აგენტებითა და მხედრიონელებით გარშემორტყმულ სოფელში. ესეც არ იყოს, ყველასაც ვერ ვენდობოდით. ვისი ნდობაც გვქონდა, იმათი შემწეობით ყველანაირად ვახერხებდით ძვირფასი სტუმრისა და მისი გარემოცვის უზრუნველყოფას. პირადად მე, იმის მიუხედავად, რომ თავგადაკლულები დამეძებდნენ, სასწაულად ვიძვრენდი თავს და ცხენით ყოველდღე ავდიოდი კარვებში დაბანაკებულებთან. სანდო მწყემსებსაც ვთხოვე, საქონელი დაეკლათ და ხორცი მიერთმიათ მათთვის.

იყო ერთხელ შემთხვევა, რომ ვერ შევძელი სახლიდან გამოსვლა, მითვალთვალებდნენ. მაშინ ჩემმა დამ, მეზობლის გოგონასთან ერთად, ვითომცდა ღორების სამწყემსად, ზურგჩანთებაკიდებულებმა აუტანეს საჭმელი. ერთხელ კი ისე მოხდა, რომ სამივე კარავში მყოფთათვის საკმარისი საჭმელი მარგველანის კარავში დავტოვე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი. მეორე დღეს შევიტყვე, რომ პრეზიდენტისა და მეზობლად მდგარ კარავში მყოფნი იმ ღამეს უჭმელნი დარჩენილიყვნენ… ეხლა რაც შეეხება რ. მარგველანის პრეზიდენტისგან ჩამოშორების მცდელობას. დასახელებულ საგაზეთო საუბარში იგი ამბობს, რომ იქაური მეგზურები ცდილობდნენ პრეზიდენტისგან ჩემს ჩამოშორებასო. ამას იგი სრულ სიმართლეს ამბობს. ამისი მოსურნე ერთი პირველთაგანი მე გახლდით. მე ვიყავი ის კაცი, რომელზეც ამბობს ხუთი დღით ჩამომაშორეს პრეზიდენტსო.

რა შეამჩნიეთ ასეთი დასაეჭვებელი ?

– ჩვენთან ჩამოსულ რობინზონს ორი ქალბატონი ახლდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვინ იყვნენ ისინი. სჯობს მათი ვინაობა თავათ დაასახელოს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის დაცვის უფროსი იმ ქალებს უფრო უფრთხილდებოდა და იცავდა, უპირველესი და უმთავრესი მოვალეობა კი მივიწყებული ჰქონდა, იგი წუთითაც არ უნდა მოსცილებოდა ბატონ ზვიადს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა მისი პრეზიდენტისგან ჩამოშორება. სასწრაფოდ მოველაპარაკე ჩვენს ბიჭებს და გადავწყვიტე ყველაფერი პრეფექტისთვის გვეთქვა, რადგან რასაც ვუყურებდით, ძალზე გვაფიქრებდა, ნამდვილი ქაოსი და განუკითხაობა იყო. არაფერი დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი ბატონ ზურაბს და ჩვენს გადაწყვეტილებაზე მოვახსენე. მითხრა, რომ ჩვენს ამ განზრახვას შეიძლება დაპირისპირება მოჰყოლოდა პრეზიდენტის დაცვის წევრებთან და ამიტომ უმჯობესია ყველაფერი ბატონ ზვიადს ვაცნობოთო.

მდგომარეობა კი თანდათან რთულდებოდა. მოსალოდნელ თავდასხმაზეც შეგვატყობინეს. დრო აღარ გვქონდა. გადავწყვიტე ყველაფერი თავათ მეთქვა ბატონ ზვიადისთვის. მოვახსენე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ადგილსამყოფელის აუცილებელ შეცვლაზე. დამეთანხმა და მითხრა, რომ დაცვას მზადყოფნაში მოიყვანდა. მაშინ რ. მარგველანის ჩამოცილებაზეც ვუთხარი, გაუკვირდა. დაეჭვების მიზეზს ჩამეკითხა. დაწვრილებით მოვახსენე ყველაფერზე. ისიც ვუთხარი, რომ გამყოლი, რომელსაც პრეზიდენტი იქიდან უნდა გაეყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მეგზურობას, თუკი დაცვის უფროსი თან არ გაყვებოდა. პრეზიდენტი დაგვეთანხმა და რობინზონს იქ დარჩენა უბრძანა.

მართლაც, რ. მარგველანი საგაზეთო საუბარში ამბობს: “პრეზიდენტმა მითხრა: რობინზონ, შენ ახლა უნდა დარჩე, სამიოდე დღის შემდეგ კაცს გამოგიგზავნი და ჩემთან მოგიყვანენო”.

სოფლისკენ გამოვეშურეთ. ჩვეთან ერთად წამოვიდნენ ბ. გუგუშვილი, ბ. გვანცელაძე, გ. კეკენაძე და დაცვის ორი წევრი. ჩვენთან ერთად მოდიოდა ზურაბ გუჩუაც. უკუნეთ ღამეში, თავსხმა წვიმასა და ქარიშხალში მივეშურებოდით სოფლისაკენ. ერთგან პრეზიდენტს იარაღი დაუვარდა. მივაწოდე, მაგრამ მითხრა შემენახა და ფრთხილად ვყოფილიყავი, არ დამკარგვოდა მისთვის ესოდენ ძვირფასი ჯოჰარ დუდაევის რევოლვერი.

გაჭირვებით ჩამოვაღწიეთ სოფელში. ორი დღე დარჩა ბატონი ზვიადი ჩქვალერში. შეძლებისდაგვარად წესრიგში მოიყვანა თავი. სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათად გამოიყურებოდა, სავსებით მხნედ გრძნობდა თავს. წასვლისას, ვახშამზე, ხუთი ჭიქა წითელი ღვინით წარმოთქვა სადღეგრძელოები. დაგვლოცა, მადლობა მოგვახსენა, გაგვამხნევა მომავალი ჩვენიაო. დამშვიდობებისას ჰალსტუხი მაჩუქა, რომელსაც უძვირფასეს რელიქვიად ვინახავ.

გვეძნელებოდა პრეზიდენტთან განშორება, მაგრამ აუცილებელი იყო მისი ესოდენ სახიფათო ადგილიდან წასვლა. სოფელში მისვლამდე, სადაც ისინი მიდიოდნენ, გზად ენგურს შეერთებულ მდინარე მაგანაზე უნდა გადასულიყვნენ. უშიშარმა რაინდმა, სრულიად ჯანმრთელმა ვაჟკაცმა, ნოემბრის ცივ ღამეს, ყინულივით ცივი წყლით მხრებამდე დაფარულმა, ტანსაცმლიანმა გააღწია მეორე მხარეს…

ბატონ ზვიად გამსახურდიას ჩქვალერში ყოფნის ორი კვირა ზღაპრულ მოგონებად შემომრჩა. გეტყვით, რომ დღევანდელ უკანონო ხელისუფალთა “მოღვაწეობისას” არავითარი სურვილი არა მქონდა რაიმეს თქმისა, ყველაფერს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის დღისთვის ვინახავდი, მაგრამ დასახელებულ საგაზეთო პუბლიკაციაში თქმულმა სიცრუემ და წალენჯიხელებისადმი წამოყენებულმა გაუმართლებელმა ცილისწამებამ აზრი შემაცვლევინა – თავსგადამხდარის გახსენება და მკითხველისათვის განდობა გადავწყვიტე. სათქმელი კი კვლავაც ბევრი დამრჩა. დარწმუნებული ვარ, სიმართლის გამჟღავნების, ცრუთა მხილების ჟამი ახლოვდება.

 

გაზეთი “ქუჯი”

2001 წელი, მაისი.

 

 

 

დატოვე კომენტარი