Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რუსეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები

რუსეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე

საქართველოსათვის უმთავრესი პრობლემა სადღეისოდ რუსეთია. ამიტომ ყოვლად აუცილებელია ყველაფერი ვიცოდეთ ამ სახელმწიფოს შესახებ და ამის შესაბამისად დაიგეგმოს ჩვენი უახლოესი განვითარების პერსპექტივები. კრიზისამდელ პერიოდში რუსეთმა, ისარგებლა რა მსოფლიოს ნახშირწყალბადების ბაზარზე შექმნილი ხელსაყრელი კონიუნქტურით, ერთი შეხედვით საკმაოდ გამოასწორა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკურ სარბიელზედაც უფრო ამბიციურად დაიწყო მოქმედება. მაგრამ კრიზისმა, რომ იტყვიან, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. დასავლური ბლოკის ქვეყნები, რომელთაც რუსეთი მეტოქეებად მიიჩნევს, ნაკლები დანაკარგებით დააღწევენ თავს ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელსაც მომავალში ურთულესი გამოწვევები ელის და არამარტო ეკონომიკაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მისთვის იქნება დემოგრაფიული პრობლემა და ამ ფონზე გარდაუვალი დაპირისპირება ჩინეთთან. წინამდებარე გამოკვლევა სწორედ აღნიშნულ საკითხს ეძღვნება. 

რუსეთის სახელმწიფოს მთლიანი ტერიტორია შეადგენს  17098242 კმ, მოსახლეობა 2009 წლის ივლისის მონაცემებით 140 მილიონ ადამიანს. ამავე წელს ეს ციფრი შემცირდება 0.467%-ით, რაც აბოლუტურ მაჩვენებლებში დაახლოებით 654000 ადამიანია. ანუ რუსეთში აღინიშნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დეპოპულაციის ტემპი. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის კლებამ გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს. ეს მაშინ, როდესაც ამ წლებში რუსეთში მაღალი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის (ძირითადად ეთნიკური რუსების) იმიგრაციის ტემპი. აქ მხედველობაში არ ვიღებთ არალეგალურ იმიგრაციას, მასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოსახლეობის შევსების ეს რესურსი, ისე რომ არ შეეცვალა ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობა, რუსეთმა უკვე ამოწურა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები უკვე დატოვა იმ რუსულენოვანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელსაც რუსეთში გადასვლის სურვილი ჰქონდა. ეს ფაქტი გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რუსეთს ელის უდიდესი დემოგრაფიული პრობლემა, რომლის გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელი იქნება ეკონომიკური ზრდა, ხოლო მისი გადაჭრის გზები კი ძალიან შეზღუდულია და თავის თავში მოიცავს უზარმაზარ საფრთხეს. პრინციპში დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის ორად ორი საშუალება არსებობს: პირველი, საკუთარი მოსახლეობის მატერიალური წახალისება და ამ გზით შობადობის გაზრდა და, მეორე, იმიგრაციის სტიმულირება. პირველ გზას რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მიმართა, მაგრამ მან არ გამოიღო სათანადო შედეგები. აღნიშნული პოლიტიკის ფორსირებისათვის კი რუსეთს აღარ აქვს სათანადო ფინანსური რესურსები. ეს პოლიტიკა წარმატებული რომც გამოდგეს, ქვეყანა პირველ შედეგებს 2-3 ათწლეულის შემდეგ მიიღებს, ამდენი დრო კი ჩემი აზრით მათ არ აქვთ, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ. ამას გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ შობადობის სტიმულირების პოლიტიკა წარმატებული იყო რუსეთის იმ რეგიონებში სადაც არარუსული მოსახლეობა (ძირითადად ისლამის აღმსარებელნი) ცხოვრობს. ეს კი იმგვარად შეცვლის რუსეთის დემოგრაფიულ სურათს, რომ მხოლოდ დაასუსტებს მის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს პერსპექტივებს. შერჩევითი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას კი ვერც სადღეისოდ ულტრაშოვინისტურ რუსეთში გაბედავენ, რადგან ეს აშკარა ფაშიზმი იქნება და, აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგების მიხედვით, არაპროდუქტულიც. რუსეთი, რომელიც განიცდის შრომითი რესურსების უაღრეს დეფიციტს, თუ ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, მისი ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც თითქოს გაზარდა რესურსებზე ფასების ზრდამ,  ეფემერული და მოკლევადიანი აღმოჩნდება. 2008 წლის მონაცემებით, რუსეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 75,7 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ამ მხრივ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმაო მატებაა, რაც დეპოპულაციის ფონზე ერთი შეხედვით უცნაურადაც ჩანს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ამგვარი მოვლენა გამოიწვია ისევდაისევ იმიგრაციამ. რუსეთში, როგორც წესი, შრომისუნარიანი მოსახლეობა შედიოდა ამ პერიოდში, რის საშუალებაც როგორც აღვნიშნეთ უკვე აღარ არის, რაც ერთი ორად ზრდის ამ მხრივ რუსეთის პრობლემას. ამას შემდეგი მონაცემიც ცხადყოფს, რუსეთში საპენსიო და წინასაპენსიო ასაკშია მოსახლეობის 60 %-ზე მეტი, რაც სამომავლოდ შრომისუნარიანი მოსახლეობის სწრაფი ტემპებით შემცირებას ნიშნავს, ერთის მხრივ, და არამწარმოებლურ მოსახლეობაზე გაზრდილ დანახარჯებს მეორე მხრივ.

დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მეორე გზაც _ იმიგრაციის სტიმულირება _ ასევე საფრთხის შემცველია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, რუსები, ვისაც სურდათ სამშობლოში დაბრუნება, უკვე დაბრუნდნენ. არარუსი მოსახლეობის ხარჯზე კი, რუსეთს შრომითი რესურსების მოზიდვის ორი რეალური წყარო გააჩნია, ეს არის შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი. შუა აზიის საერთო მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 60 მილიონ ადამიანს. სავარაუდოდ ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ცოტა იქნება რუსეთში იმიგრირების მსურველი, ამ ქვეყნების საკმაოდ მკაფიო ეკონომიკური პერსპექტივების გამო. რჩება უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი 40 მილიონი მოსახლეობით. ამ რაოდენობიდან, არ არის გამორიცხული, რამდენიმე მილიონი რუსეთში მართლაც აღმოჩნდეს დროებით თუ მუდმივ მოსახლედ. რუსეთის მთავრობა ცდილობს წაახალისოს ეს პროცესი, თუმცა ეს, ჯერ ერთი, არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მოსახდენად და, მეორე მხრივ, გაზრდის მუსულმანური მოსახლეობის ხვედრ წილს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეცვლის რუსეთის დემოგრაფიულ სურათს. რაც შეეხება ჩინეთს და  მის ხარჯზე შრომითი რესურსების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტას, ეს არის ის “ტროას ცხენი” რაც ჩემის აზრით შიგნიდან ააფეთქებს რუსეთს.

ჩინელების იმიგრაცია რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. სადღეისოდ არსებობს სხვადასხვა მონაცემი, რომელიც ასახავს ჩინელების რაოდენობას რუსეთში და ისინი საკმაოდ დიდ დიაპაზონში _ 1,5 მილიონიდან 15 მილიონამდე მერყეობს. თვით რუსულ წყაროებშიც კი, ვერ მოიძიებ მეტ-ნაკლებად შეჯერებულ მონაცემს, რისი მიზეზიც არის ის, რომ ამ ქვეყნის სპეცსამსახურები ასაიდუმლოებენ რეალურ მაჩვენებლებს, რაც მართლაც საფრთხის შემცველ ვითარებაზე მიუთითებს. რომ დავეყრდნოთ მინიმალურ მონაცემსაც კი, (თუმცა თვითმხილველების მონათხრობით გაცილებით დიდ რაოდენობასთან უნდა გვქონდეს საქმე) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩინელებმა რუსეთში იმიგრირებისათვის უკვე შექმნეს მყარი ბაზები და ამ პროცესს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტემპების მეტ-ნაკლები რეგულირება. საფრთხის მაშტაბებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინეთის სხვა შესაძლებლობებზე, მისი დემოგრაფიული პოტენციალიც მეტყველებს, ამ ქვეყნის მოსახლეობა 2009 წლის ივლისის ოფიციალური მონაცემებით 1,33 მილიარდ ადამიანს შეადგენს, არის მოსაზრება, რომ ჩინეთში გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის გამო აქ დაახლოებით 300-400 მილიონი ადამიანია აღურიცხავი, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ პასპორტი და შესაბამისად ოფიციალურ მონაცემებშიც არ ხვდებიან. უახლოეს წლებში ოფიციალური რაოდენობის 1 %-მაც რომ გადაწყვიტოს რუსეთში მოხვედრა, ეს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია და ამ დანაკლისს ჩინეთი ბუნებრივი მატების ხარჯზე 1,5 წელიწადში აინაზღაურებს. თუ აღნიშნულს დავუმატებთ ჩინეთის მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში გატარებულ პოლიტიკას, რაც ემიგრაციის მხარდაჭერას (მათ შორის ფინანსურადაც) და ჩინელი ეროვნების ადამიანების მთელ მსოფლიოში დაცვას გულისხმობს, ცხადი ხდება, რომ ჩინური დემოგრაფიული ექსპანსია სულ უფრო გაიზრდება. უპირველესი მიზანი მსგავსი დემოგრაფიული შეტევისა კი არის რუსეთი, რასაც მრავალი წინაპირობა გააჩნია. მაგალითად, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ჩინეთსა და რუსეთს გააჩნიათ დაახლოებით 4,3 ათასი კმ საერთო საზღვარი, რომელიც რუსეთის მხრიდან თითქმის დაუცველია, რაც არნახულად ზრდის ამ უკანასკნელში არალეგალურად შეღწევის შესაძლებლობებს. მეორე ფაქტორი რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის მეტად არათანაბარი განაწილებაა. ციმბირში, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის დაინტერესების ობიექტს, ცხოვრობს მთელი რუსეთის მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლები, მაშინ როდესაც მას უჭირავს სახელმწიფოს მთლიანი ფართობის სამ მეოთხედზე მეტი. გამომდინარე აქედან, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ჩინეთისათვის არ იქნება განსაკუთრებული პრობლემა აქ დემოგრაფიული უპირატესობის მიღწევა. ამის მატერიალური რესურსები, რომ გააჩნიათ ამას ქვემოთ შევეხებით.

კიდევ უფრო ცუდი ვითარებაა რუსეთისათვის შორეულ აღმოსავლეთში სადაც მხოლოდ 8 მილიონი რუსეთის მოქალაქეა დარჩენილი. მესამე ფაქტორია ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ, რასაც საკმაოდ მყარი ისტორიული საფუძველი გააჩნია. მართალია, ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს მოხდა საზღვრის ოფიციალური დემარკაცია, მაგრამ ჩინეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში ამას უფრო ტაქტიკურ, დროებით ნაბიჯად აფასებენ. ჯერ კიდევ 1926 წელს ჩინეთმა შესთავაზა რუსეთს საზღვრების აღდგენა ნერჩინსკის ხელშეკრულების შესაბამისად. ხოლო 1964 წელს მან ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩინეთისათვის არამართლზომიერად იყო ჩამოცილებული 1,54 მილიონი კმІ. მსგავსი პრეტენზიები, თუმცა არაოფიციალურად, მაგრამ მაინც გაისმის თანამედროვე ჩინეთში. მეოთხე ფაქტორი არის რესურსები. მართალია, ჩინეთს ამა თუ იმ ფორმით ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია მის თითქმის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან, მაგრამ იგი პირველ რიგში ყურადღებას, რომ რუსეთს დაუთმობს ამის გარანტიას სწორედ რესურსების გეოგრაფიული განაწილება იძლევა. რუსეთის გარდა, ჩინეთის არცერთი მოსაზღვრე ქვეყანა არ ფლობს მნიშვნელოვან წიაღისეულ რესურსებს (განსაკუთრებით ენერგორესურსებს). რაც შეეხება ტერიტორიას, ეს სახელმწიფოები იმდენად მჭიდროდ არიან დასახლებული, რომ ამ მხრივაც იკარგება მიმზიდველობა. ციმბირი კი უმდიდრესი მხარეა როგორც წიაღისეულით, ასევე ეს არის ნაკლებად დასახლებული უზარმაზარი არეალი, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია ტაიგით, რაც რუსეთს ხდის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ტყის რესურსის მფლობელადაც. მეხუთე ფაქტორია XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ჩინეთის გარშემო შექმნილი კეთილსასურველი ვითარება. მან 1999 წელს საბოლოოდ გადაჭრა ჰონკონგის პრობლემა, რაშიც უდიდესი როლი შეასრულა ჩინეთის მთავრობის მიერ გატარებულმა ბრძნულმა პოლიტიკამ სახელწოდებით “ერთი ქვეყანა ორი სისტემა”, აღნიშნული პოლიტიკის უმთავრესი სამიზნე იყო არაიმდენად ჰონკონგი, არამედ ტაივანი. შედეგიც ისტორიული მასშტაბით საკმაოდ მცირე დროში დადგა, 2008 წელს ტაივანში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ “გომინდანმა”, რომელიც ჩინეთთან დაახლოების მომხრეა, ეს მაფიქრებინებს, რომ ჩინეთი ტაივანის პრობლემას სამხედრო ჩარევის გარეშე მოაგვარებს, შედეგად მის განკარგულებაში აღმოჩნდება დიდი პოტენციალის მქონე ეკონომიკა და რაც უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები.

მსოფლიოში სადღეისოდ არ არსებობს ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთისათვის. მას რამდენიმე წლის წინ შეეძლო გაეყინა სამხედრო ხარჯები და ამით არაფერი დაეკლო თავდაცვისათვის, გამომდინარე აქედან, რუსეთის ხელმძღვანელობისათვის დამაფიქრებელი უნდა იყოს ის პოკლიტიკა, რასაც ბოლო წლებში მიმართავენ ამ მხრივ “ცისქვეშეთში”. კერძოდ, სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ამ ქვეყანამ 2006-2007 წლებში 62%-ით შეამცირა შეიარაღების იმპორტი, რამაც განსაკუთრებით დააზარალა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ამგვარი ხისტი ნაბიჯი აშკარად მიუთითებს ჩინეთის საეჭვო განზრახულობათა შესახებ, რადგან ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინეთმა ხელი აიღო ქვეყნის მილიტარიზებაზე, რასაც ადასტურებს სამხედრო ხარჯების უსწრაფესი ზრდის ტენდენცია. კერძოდ, ჩინეთმა 2008 წელს სამხედრო ხარჯები გაზარდა 17,6%-ით, ხოლო 2009 წელს კი გაიზრდება 14,9 %-ით, ანუ აბსოლუტურ მაჩვენებლებში ოფიციალური მონაცემებით მიაღწევს 70 მილიარდ დოლარს, თუ დოლარის პარიტეტულ მსყიდველობით ძალას და იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკლარირებული გაცილებით ნაკლებია რეალურ სამხედრო ხარჯებთან შედარებით, ეს თანხა რამდენიმეჯერ დიდი იქნება. ჩემს სამეცნიერო ნაშრომში “საქართველოს გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივები გეოეკონომიკური ცვლილებების ფონზე” გაკეთებული პროგნოზის თანახმად “2014 წლისათვის ჩინეთის მშპ იქება 11,8 ტრილიონი დოლარი, 2019 წლისათვის 17,3 ტრილიონი, 2024 წლის დასაწყისში კი 25,4 ტრილიონი. თუკი ჩინეთმა ამ პერიოდში მოაგვარა ტაივანის პრობლემა, მაშინ მისი ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. 2008 წლის მონაცემებით ტაივანის მშპ 757 მილიარდ დოლარს შეადგენდა”. ახლა დავუშვათ, რომ ჩინეთის სამხედრო ხარჯები დარჩება მშპ-სთან იგივე პროპორციით (4,3 %)  როგორც ეს 2006 წელს იყო. მივიღებთ, რომ 2014 წლისათვის ჩინეთის რეალური სამხედრო ხარჯები, იქნება დაახლოებით 507 მილიარდი დოლარი, 2019 წლისათვის 744 მილიარდი, ხოლო 2024 წლის დასაწყისისათვის კი დაახლოებით 1,1 ტრილიონი დოლარი. ანუ რუსეთისათვის ეკონომიკური განვითარების ყველაზე ოპტიმისტური სცენარის სავარაუდო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ჩინეთის სამხედრო ხარჯები 2024 წლისათვის იქნება რუსეთის მშპ-ს 1/3-ზე მნიშვნელოვნად მეტი. და ეს მხოლოდ ორდინალურ პირობებში. ვითარების გამწვავების შემთხვევაში ჩინეთს გაცილებით მეტი შანსი ექნება სამხედრო მიზნებისათვის რესურსების მობილიზებისათვის. თავი რომ დავანებოთ ჩინელი ერის ტრადიციებს, რაც სახელმწიფოსადმი უსიტყვო მორჩილებას და მსახურებას გულისხმობს ინდივიდუალური მოთხოვნილებების იგნორირების ხარჯზეც კი, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩინეთში არის დიქტატურა, მკაცრად ცენტრალიზებული სახელისუფლებო ვერტიკალით, ამ პირობებში კი გაცილებით ადვილია მიმდინარე მოხმარების შეზღუდვა და რესურსების სამხედრო მიზნებისათვის გადასროლა. ჩემი აზრით, ექსტრემალურ პირობებში ჩინეთისათვის არ იქნება არავითარი პრობლემა სამხედრო მიზნებისათვის მიმართოს მშპ-ს 20%, რაც 2014 წლისათვის იქნება 2,36 ტრილიონი დოლარი. 2019 წლისათვის 3,46 ტრილიონი დოლარი, ხოლო 2024 წლისათვის კი 5 ტრილიონი დოლარი, ეს მაჩვენებლები არსებითად მეტია ვიდრე ამავე პერიოდის რუსეთის მთლიანი საპროგნოზო მშპ.

რა შეუძლია დაუპირისპიროს ყოველივე ამას რუსეთმა? მისი სამხედრო ბიუჯეტი დოლარის პარიტეტული მსყიდველობითი ძალის გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 52 მილიარდ დოლარს. მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი (ზოგიერთი ექპერტის შეფასებით 40 %-მდეც კი. . .) არამიზნობრივად იხარჯება. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ერთი ფაქტი: რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმას ცნობილი დიზაინერის იუდაშკინის ფირმა ამზადებს, რომლის ერთი კომპლექტი 50 000 რუბლი ანუ 1582 აშშ დოლარი ღირს, მსგავსი საეჭვო გარიგების მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება. რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა უდიდესი დარტყმა განიცადა 80-90-იან წლებში., რაც, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ აწი იჩენს თავს. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ აქ თითქმის შეწყდა კვლევები და ახალი თაობის იარაღზე მუშაობა. ისეთი ტექნოლოგიატევად და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის საჰაერო თავდაცვა, ანუ იქ, სადაც თვით რუსებიც რომ თვლიან თავის თავს ლიდერად, 1994-2007 წლამდე საერთოდ არ მიწოდებულა ახალი ტექნიკა. უკანასკნელ ორ წელიწადში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მიიღო უახლესი რუსული კომპლექსის С-400-ის მხოლოდ ორი დივიზიონი, რაც საკმარისია მხოლოდ ისეთი ქვეყნის ტერიტორიის დაცვისათვის, როგორიც არის სერბია. რუსეთს პრობლემები აქვს შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებშიც. საჰაერო ძალების შესახებ არაფრის თქმა არ ღირს რადგან ამ მხრივ აშშ-ს უიმედოდ რომ ჩამორჩნენ ეს ჯერ კიდევ კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა და დაიწყო საჰაერო თავდაცვის და წყალქვეშა ატომური ფლოტის გაძლიერება, მაგრამ რუსეთს პრობლემები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, როგორიც არის სტრატეგიული კონტინენტური ბალისტიკური რაკეტები. ამ მხრივ ყველაზე თანამედროვე ტოპოლები შეიარაღებაში დადგა 1985 წელს. რაც შეეხება უახლეს კვლევებს, აქ ერთგვარი კომიკური ვითარებაც შეიქმნა, რუსეთის შეირაღებული ძალების მესვეურებმა ჯერ იყო და მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული შეიარაღების “ბარკის” შექმნაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამუშაოები ამ მიმართულბით 70 %-ით უკვე შესრულებული იყო, მაგრამ სამი გამოცდა კრახით დამთავრდა. მათ შეაჩერეს მასზე მუშაობა და გადაერთვნენ სტრატეგიული რაკეტის “ბულავას” შექმნაზე, რომლის მრავალი გამოცდა უკანასკნელ წლებში ასევე კრახით დასრულდა, რამაც გამოიწვია, ამ პროექტის პასუხისმგებელის გადადგომა 2009 წელს. რუსეთის სტრატეგიული ძალების ყველაზე ძლიერი ნაწილი იყო საზღვაო ფლოტი და განსაკუთრებით წყალქვეშა ფლოტი. მაგრამ ამ მხრივაც უკვე საგანგაშო ვითარებაა, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სიმძლავრე შემცირდა 60 %-ით. და ბოლოს სტრატეგიული შეიარაღების უდიდესი ნაწილის საგარანტიო ვადა იწურება 2010-2015 წლებში. მათ განახლებას კი უდიდესი სახსრები სჭირდება. საერთოდ არ ღირს საუბარი ცოცხალ ძალაზე და ჯარში არსებულ მორალურ მდგომარეობაზე.

ზემოთ გაკეთებული ანალიზი არ ნიშნავს, რომ ჩინეთი ემზადება რუსეთზე სამხედრო შეტევისათვის, ეს ამ ქვეყანას არაფერში სჭირდება. დრო მასზე საუკეთესოდ მუშაობს. ჩინეთი თანდათანობით გააქტიურებს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას რუსეთში და სამხედრო მუქარას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. რუსეთი ამ მხრივ კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდება 2014 წლის შემდეგ, ხოლო ჩინეთი შეეცდება მასთან ურთიერთობა მოაგვაროს 2024 წლამდე, რადგან ამ პერიოდის შემდეგ მას შეიძლება წარმოეშვას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები რესურსების მწვავე დეფიციტის გამო, რამაც ქვეყნის დეზინტეგრაციაც შეიძლება გამოიწვიოს. 2014-2024 წ.წ. პერიოდში დადგება ის მომენტი, როდესაც რუსეთში ჩინური მოსახლეობა გადააჭარბებს რუსეთის მთელი მოსახლეობის 10 %-ს, ანუ იმ კრიტიკულ ზღვარს, როდესაც ეთნიკური ან სხვა სახის უმცირესობა აქტიურად იწყებს პოლიტიკური პრეტენზიების დაფიქსირებას. ჩინელების უდიდესი ნაწილი იცხოვრებს სწორედ აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც დიდი ალბათობით მოსახლების უმრავლესობა იქნებიან. აქედან ტერიტორიულ პრეტენზიამდე და კონფლიქტამდე კი დიდი მანძილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს 2014 წლის შემდეგ სულ უფრო მეტი ყურადღების დათმობა მოუწევს აღმოსავლეთის მიმართულებისათვის, რაც პირდაპირპროპორციულად შეამცირებს საქართველოზე დაწოლას. ჩემი აზრით, ვითარების ზემოთ აღწერილი სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთს სრული კატასტროფის თავიდან ასაციელბლად ორად ორი გზა დარჩება: პირველი, ჩინეთს დაუთმოს საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილი და, მეორე, ალიანსი შექმნას დასავლეთთან. პირველი ვარიანტი არ იქნება პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. მეორე კი მას მისცემს საშუალებას განვითარდეს როგორც ნორმალური ევროპული სახელმწიფო, რაც ჩვენთვის მეტად ხელსაყრელია.   

 

ბადრი რამიშვილი,

პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი

 

“საქართველო”

იანვარი, 2010

One Response to “♦ რუსეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები”

  1. irakli said

    kargi nashromi kargad ari asaxuli yvelaferi

    Like

დატოვე კომენტარი