Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ქართველები და აფხაზები საერთო მტრის წინააღმდეგ

 ლევან და გუბაზ სანიკიძეები:

”უბის ისტორია”

 

132 წლის წინათ:

ქართველები და აფხაზები საერთო მტრის წინააღმდეგ

(ნარკვევი)

 

1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ აფხაზეთში ბევრი ცდილობს ისტორიის ხელახლა გადაწერას. მიზანი ერთია – დაამახინჯონ ნათესავი და მოძმე ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი თანაცხოვრება, ბრძოლა და თავდადება საერთო სამშობლოს – საქართველოს მტრების წინააღმდეგ.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომი ტრაგედია იყო აფხაზი ხალხისათვის, და რა თქმა უნდა, საქართველოსათვის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა საომარი მოქმედება და რომელსაც უამრავი ქართველი და აფხაზის სიცოცხლე შეეწირა, დაცარიელდა აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რწმენით თუ მოტყუებით მაჰაჯირად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი.

129 წლის წინათ, როცა ტერმინში ~აფხაზი~ ჯერ კიდევ მკაფიოდ არ მოიაზრებოდა ~არაქართველი~, (მაგრამ არსებობდა ~არააფხაზეთელის~, ე.ი. მთიდან ჩასულის გაგება), მაჰაჯირები ძირითადში გახდნენ ოსმალეთის იმპერიის ღია თუ ფარული მხარდამჭერები, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოსა და ქვეყანაში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებული რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

აფხაზეთის ისტორიის ამ პერიოდის მარტივი და ცალსახა განხილვა დაუშვებელია, თუმცა, სამწუხაროდ (საქართველოს სახელმწიფოსადმი ანტიპოდური ორიენტაციის მატარებელი) სოხუმის რეჟიმის დაკვეთით ბევრი ახალბედა ისტორიკოსი ცდილობს რაც შეიძლება ხელოვნურად გაბეროს მოტყუებით თუ იძულებით ამ პერიოდში ოსმალეთში გადასახლებულ აფხაზთა რაოდენობა და მათი მემკვიდრეების რიცხვი. ~შეკვეთილი მეცნიერების~ აზრით ამჟამად მათი რაოდენობა მარტო თურქეთში 600-700 ათასიდან 1 მილიონამდეა.

ცხადია, რომ აფხაზეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაუფარავად მხარს უჭერდნენ ოსმალეთის იმპერიის გაბატონებას აფხაზეთში, შავი ძღვის სანაპიროს და დასავლეთ საქართველოს დასაუფლებლად (ძირითადში ბოლო ათწლეულებში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოხვეწილი კომპონენტი) და გააჩნდათ საქართველოში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო პოზიცია. მათ, ორი მჩაგვრელი იმპერიული ძალიდან, იმ დროისათვის ნაკლებად პროგრესულს – ოსმალეთს დაუჭირეს მხარი და სოხუმის პროოსმალური ხელისუფლების მიერ ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს გარეშე დაიყენეს თავი.

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების პოლიტიკის მიზანია მათ მიერ მუჰაჯირთა მემკვიდრეების რეპატრიაციის მცდელობა განიმარტოს სრულიად კანონზომიერ მოვლენად და ობიექტურად გამართლებულად იქნას მიჩნეული მათი ჩასახლება თითქოსდა ~აფხაზეთის კოლონიზატორ~, მაგრამ ახლა განდევნილ ქართველთა სახლ-კარში, მათს კუთვნილ ბინებში.

ნამდვილი ისტორია კი სულ სხვას გვეუბნება. საქართველოში არავინ ცდილობს აფხაზეთის მოსახლეობის იმდროინდელი უბედურების გაუბრალოებას, მაგრამ ამჟამად აუცილებელია რამდენიმე შტრიხის წარმოჩენა იმ ისტორიული ეპოქიდან, როცა ქართველები და აფხაზები მკერდით იცავდნენ საერთო სამშობლოს, მშობლიურ ადგილებს ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მეტოქეობის წინააღმდეგ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გაბატონებისათვის.

ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს 80-იანი წლების ბოლომდე უეჭველად მიაჩნდათ, რომ ქართველები და აფხაზები 1877 წლის გაზაფხულზე (15 აპრილი) მედგრად დაუხვდნენ ოსმალთა პირველ სადესანტო შემოტევას და აფხაზეთის მთელი სანაპიროს საარტილერიო დაბომბვას. ცნობილია, რომ დესანტი უპირატესად შედგებოდა კავკასიიდან გადასახლებულთაგან (მაჰაჯირთა პირველი ტალღა), რომლებიც ოსმალეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სამსახურში იყვნენ და ჰყავდათ მომხრეები აფხაზეთში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.

ცნობილია, რომ ომის პირველსავე დღეებში დესანტმა წარუმატებლობა განიცადა და ოსმალეთი იძულებული გახდა აფხაზეთში რეგულარული ჯარის ნაწილები შემოეყვანა; მათ შესძლეს სოხუმის აღება, აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის, მთელი სანაპიროს დაპყრობა. იმ დროისათვის უნახავი სისასტიკით აჰყარეს მკვიდრი მოსახლეობა, მასობრივად გადაწვეს საცხოვრებლები, მიწასთან გაასწორეს ქალაქი სოხუმი, სამაგალითოდ დასაჯეს ქართული და აფხაზური მოსახლეობის ის საუკეთესო წარმომადგენლები (ბევრი მათგანი ტყეში გაქცევით შველიდა თავს), რომლებმაც მათ არ დაუჭირეს მხარი.

პეტერბურგში გამომავალი გაზეთ ~გოლოსის~ კორესპოდენტი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა: ~ბუნებიდან დაწყებული ირგვლივ ყველაფერი დაცარიელებული და გავერანებულია ….. გაივლი უკიდეგანო სივრცეებს და ნახავ, რომ იქ, სადაც სულ ახლახან დასახლებული ადგილები იყო და სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა მხოლოდ ნანგრევებია და არც ერთი ცოცხალი არსება!~ (~აფხაზეთის ისტორია~, გამომცემლობა ~ალაშარა~, 1986წ).

1877 წლის 13 ივნისს ქართველთა და ადგილობრივი მოსახლეობის (ძირითადში სამურზაყანოელთა) შეიარაღებული რაზმები სოფელ ოქუმთან (ყოფილი სამურზაყანოს ცენტრი) შეეტაკნენ ოსმალთა ჯარებს და ადგილობრივი რელიეფის მოხერხებული გამოყენებით სასტიკად ამარცხებენ მათ. თავი გამოიჩინა სამურზაყანოს თავადაზნაურობამ და გლეხობამ.

1 აგვისტოს ქართველთა და აფხაზთა გაერთიანებულმა რაზმებმა ქ.ოჩამჩირესთან მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს ზღვიდან ზურგგამაგრებული ოსმალები. ადგილობრივ ლაშქარს ავანგარდში ედგნენ სამურზაყანოელი მოლაშქრეები.

იმავე წლის 2 სექტემბერს ქართველები, ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის რეგულარული ნაწილების მხარდაჭერით ოსმალებისგან ათავისუფლებენ ქ.სოხუმს.

ოსმალთა პანიკურ გაქცევას თან ახლდა აფხაზეთიდან მოსახლეობის თურქეთში ძალადობრივი ხასიათის გადასახლება; ოსმალებს მეომარი ძალა სჭირდებოდათ შემდგომი შემოტევებისათვის, რუსებიც, ისევე როგორც ოსმალები, სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს მისდევდნენ, ამასთან დაცარიელებული მიწები რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა მზარდი კაპიტალიზმისათვის სანედლეულო ბაზების მოსაპოვებლად, აფხაზეთის ზღვისპირეთში მომავალი საკურორტო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ადგილობრივი მოსახლეობის (მათ შორის ქართველების) შესამცირებლად.

მაჰაჯირობაში აფხაზი მოსახლეობის წინააღმდეგ ნეგატიური როლი ითამაშა ინგლისმაც, რომელიც თავისი პოლიტიკური ინტერესებს მისდევდა აღმოსავლეთში.

1977 წელს, ცნობილი აფხაზი და ქართველი ისტორიკოსების (მაგალითად, გ.ძიძარია, ზ.ანჩაბაძე, ა.კუპრავა, სხვები) დოკუმენტური მასალებით, აფხაზეთიდან გასახლებულ იქნა 50 ათასი კაცი; მათივე დასკვნით 60-70 წლებში აფხაზ-აბაზინური კუთვნილების მაჰაჯირთა საერთო რაოდენობამ 135 ათასი, უბიხებთან და სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად კი 180 ათასი შეადგინა. შემდგომში ბევრი მათგანი, უმძიმეს პირობებში, კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ადგილებს. აღნიშნულ ისტორიკოსთა აზრით, 1986 წლისათვის 100 ათასზე მეტი მაჰაჯირთა მემკვიდრე ცხოვრობდა თურქეთში, 30 ათასზე მეტი სხვა ქვეყნებში.

1878 წელს სოხუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არაკინმა მთელი აფხაზეთის მოსახლეობა (პირველ რიგში ისინი, ვინც მხარს უჭერდა ოსმალეთის იმპერიას) გამოაცხადა ~დამნაშავე~ ხალხად, რასაც მხარი დაუჭირა ცარისტული რუსეთის ხელისუფლებამ. ცნობილია, რომ აფხაზური მოსახლეობა ~დამნაშავე~ ხალხად ითვლებოდა 1907 წლამდე, სანამ რუსეთმა რადიკალურად არ შეცვალა თავისი პოლიტიკა ამ რეგიონში ანტიქართული მიმართულებით.

აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, რომელსაც უშუალოდ არ შეხებია მაჰაჯირობა, დიდად დაზარალდა ოსმალთა ხანმოკლე ბატონობის პერიოდში: აყრილ იქნა მშობლიური ადგილებიდან, იძულებული იყო შეეცვალა საცხოვრებელი რეგიონები. ამავდროულად, აფხაზეთის ქართველობამ შეიფარა ათეულ ათასობით აფხაზი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, ლუკმა-პური, სარჩო-საბადებელი გაუყო და თავისი ტრადიციული დასახლების ვრცელი ტერიტორიები დაუთმო მათ. ხალხური გადმოცემით, ბევრმა ჩრდილოეთკავკასიელმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ კავკასიის ტრაგიკული მოვლენების გამო ჩამოსახლებულიყვნენ აფხაზეთში, მიიღეს ადგილობრივ მოსახლეთა გვარები, რათა გადარჩენოდნენ მაჰაჯირობას და დევნა-შევიწროებას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ინტელიგენცია, მისი გამოჩენილი წარმომადგენლები ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს მაჰაჯირობის მსხვერპლ მოსახლეობას, შემდგომ ცდილობდნენ დახმარებოდნენ მათ დაბრუნებაში.

საქართველოს ინტელიგენციის, აფხაზეთის ქართველი და აფხაზი თავადაზნაურობისა და მოწინავე შვილების დამსახურებაა, რომ 1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება გადაეცა სამოქალაქო უწყებას და სოხუმის ოლქის სახელწოდებით შეყვანილ იქნა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში, ანუ კიდევ უფრო ინტეგრირებული გახდა საერთო ქართულ სივრცეში.

აფხაზეთის ტერიტორია დაყოფილი იქნა გუდაუთის, გუმისთის, კოდორის და სამურზაყანოს ადმინისტრაციულ ერთეულებად; თანდათანობით იწყება ქართველთა და აფხაზთა დაბრუნება აოხრებულ, გაჩანაგებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში სახლდებიან რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ებრაელები, ესტონელები, მოგვიანებით სომხები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები. იქმნება აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობა.

129 წლის წინათ, 1877-78 წლების შავბნელ დროში უმძიმეს განსაცდელს, რაც გამოიხატა ორი უდიდესი იმპერიის ინტერესების დაჯახებაში, ერთად აღუდგნენ წინ მოძმე ხალხები – ქართველები და ძირძველი აფხაზები და შესძლეს ის, რაც შემდგომ მომხდარისა (1992-93წწ.) და ამჟამინდელი უნდობლობის ვითარებისა, დავიწყება არ უწერია.

უფალმა ინება ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება და უფლის ნებას ვერვინ შეცვლის, თუნდაც უდიდესი გეოპოლიტიკური ძალები, რომლებსაც დღესაც უჭირავთ თვალი აფხაზეთზე.

სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (მთელი აფხაზი ხალხისგან განსხვავებით) აფხაზეთის მოსახლეობაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც კვლავ საქართველოს მოსახლეობისაგან განსხვავებული არჩევანი გააკეთეს და ისევ დაუპირისპირდნენ საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც, ეწინააღმდეგება ქართველი და აფხაზი ხალხების ჭეშმარიტი ძმობისა და ნათესაობის ტრადიციებს, სურვილებსა და სამომავლო მისწრაფებებს.

 

დატოვე კომენტარი