Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ საქართველოს ეროვნული იდეოლოგიისათვის

ნოდარ ნათაძე

საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიისათვის

 შესავალი

ფენომენოლოგია, ანუ ტრანსცენდენტალური ფილოსოფია დღეს, თანამედროვე ფილოსოფიის, _ კაცობრიობის ამ ერთ-ერთი უმაღლესი და უმწვერვალესი მიღწევის _ უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტრანსცენდენტალური ფილოსოფია, იგივე კრიტიკული ფილოსოფია კანტისა, გვიჩვენებს რა ე. წ. თეორიული წმინდა გონების, ადამიანური შემეცნების ამ ტრადიციულად ძირითადი იარაღის, შესაძლებლობათა შეზღუდულობას _ მაგალითად, იმის უუნარობას, რომ არგუმენტებით დაამტკიცოს ღმერთის არსებობა (რასაც გულისხმობს კანტის ცნობილი გამოთქმა, მე სივრცე შევუზღუდე ცოდნას, რათა გამომეთავისუფლებინა ადგილი რწმენისთვისო) _ ამავე დროს ამტკიცებს, რომ თვით შემეცნების კანონები (ამ სიტყვის უხეშად მიახლოებული მნიშვნელობით), ანუ შემეცნების სტრუქტურა, მისი პროცედურა და მექანიზმები, რომელთაც ახასიათებს საყოველთაობისა და აუცილებლობის ნიშანი (ანუ შემეცნება აგებულია ასე და არა სხვანაირად), უმკაცრეს მეცნიერულ შესწავლას ექვემდებარება.

ეს სინამდვილის ერთერთი ნაწილია, ფაქტია, მისი შესწავლა, პრინცეპში, არსებულის შესწავლას ნიშნავს. ჰუსერლის (გარდ. 1934წ.) ფილოსოფიამ (“ფენომენოლოგია” მისი სახელი გახლავთ) დასახსრა და გაამდიდრა კანტის ეს გენიალური აღმოჩენა. მან შენიშნა აუარებელი წინასწარი (ე. წ. აპრიორული, ჩვენეული, შემმეცნებლისეული) ფორმები ჩვენ მიერ საგნების (ანუ გარესამყაროს) ხედვისა, ჩვენი ამ სამყაროსთან შემეცნებითი მისვლისა, რომლებიც, თურმე, ჩვენთვის, შემმეცნებელთათვის, ისევე გარდუვალია და აუცილებელია, როგორც კანტის მიერ ასეთ ფორმებად მითითებული სივრცე და დრო (ჩვენ საგნებს ვხედავთ სივრცესა და დროში და არა სხვაგვარად).

ჩვენს პირველსავე შემეცნებით აქტში, საგნის აღქმაში, ჩვენ მას ვხედავთ აუარებელ სხვადასხვა კონტექსტთა სისტემაში (“ჰორიზონტებში”) მოქცეულად და ჩვენ თვით ამ ხედვის პროცესშივე მასში ვგულისხმობთ მეტს, ვიდრე ისაა, რაც ჩვენი ხედვების, სმენის, გემოს და სხვა შეგრძნებების მიერ მოცემულ სურათში იხატება სახელდობრ, სხვა ყოველივესთან ერთად, ვგულისხმობთ, იგი ჩვენთვის კარგი თავია, მეხსიერებაში აღსაბეჭდია თუ უმნიშვნელოა და ასე შემდეგ. ანუ იმას, თუ რა ადგილი ეკუთვნის მას ჩვენს სასიცოცხლო ინტერესების სისტემაში. რაც ყველაზე არსებითია, ჰუსერლისეული ანალიზი ეხება არა მხოლოდ შემმეცნებლის ზემოხსენებული ე. წ. თეორიული წმინდა გონების მუშაობას, არამედ, მის მიერ სამყაროს წვდომას (დ. უზნაძის ტერმინია) საერთოდ,  ზოგადად, სამყაროსადმი მისი დამოკიდებულების, მის მიერ სამყაროსა და მასში შემავალი საგნების ინტენდირების (მოაზრების, წარმოდგენის, განცდის, ზოგადად _ მათი მისთვის მოცემულობის და მათდამი მისი მიმართების) ყველა სხვა სახეებსაც, მაგალითად, მათს ქვეცნობიერად მონაწილეობას სუბიექტის ცხოვრების განსაზღვრაში, მათს მეტ-ნაკლებად ბუნდოვან სურათს თუ მარტოოდენ გულისხმობა მის წინარეცნობიერებაში, მის მიერ მათ განცდას ამა თუ იმ ელფერით და ა. შ. ანუ ფენომენოლოგია მეცნიერულად სწავლობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების ყველა შესაძლო შინაარსებს მთელი მათი დიაპაზონით, თეორიული გონების მიერ ნათლად მოაზრებული და დეფინირებული ცნებებითა და უმარტივეს გასააზრებელი შეხვედრით, მისი ჩვენს წინაშე, ასე ვთქვათ, წამიერი და ბუნდოვანი გაელვებით დამთავრებული. იმას, რასაც ფენომენოლოგია ადგენს ადამიანის ამ შინაგანი ცხოვრების შესახებ (თუ იგი ამას უშეცდომოდ, ანუ მეცნიერული სიმკაცრით ადგენს), ფაქტის ძალა აქვს. ფენომენოლოგია ემპირიული მეცნიერებაა, ანუ ფაქტებისა და მათი ურთიერთმიმართების დამდგენი მეცნიერებაა. ფენომენოლოგიური ცოდნა ადამიანის შინაგანი ცხოვრების შინაარსობრივი რაგვარობის შესახებ (ანუ იმის შესახებ, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ, რას ვესწრაფით, რა გვიღირს, რისი გვეშინია და ა. შ.), _ და არა ის, თუ როგორ, როგორი პროცესით ვახორციელებთ ამას, რაც ფსიგოლოგიის საგანია და არა ფილოსოფიისა _ არის უკანასკნელი და უმაღლესი ინსტანციის ცოდნა ადამიანის შინაგანი ცხოვრების და, შესაბამისად, მისი, როგორც თავისი ადამიანური სამყაროს, ცივილიზაციის, პოლიტიკისა და კულტურის შემქმნელის, შესახებ.

ამ გარემოებებს, რასაც ახლა ვახსენებთ, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს იდეოლოგიასთან პირდაპირი კავშირი აქვს: ის, თუ რა არის ადამიანი, რისი გამკეთებელია, დამშვებია, მონატრულია და რისი _ არა, ანუ საით წავა ხვალ, ზეგ და მაზეგ კაცობრიობის ისტორია (რომელსაც ადამიანი ქმნის და არა სხვა ვინმე), მყარი, პოზიტიური მეცნიერული ცოდნის საგანია. ის ცინიკურად დაუნდობელი და ვერაგი, მაგრამ ამავე დროს ბავშვურად გულუბრყვილო, ანუ მეტისმეტად დაბალი გონებისთვის გათვლილი იდეოლოგია, რომელსაც დღეს ქართველ ახალგაზრდობას სთავაზობენ, როგორც მისი პროგრესის გზას (ყალბად არწმუნებენ რა, რომ ეს კაცობრიობის მიერ არჩეული და ერთადერთი პერსპექტიული გზაა), მეცნიერულად მხილებადია, როგორც რეალობისადმი (ფაქტებისადმი) შეუსაბამო და როგორც პერსპექტივის რეალური გათვლის ვერშემძლე (ან არმსურველი).

ამ მხილების ამოცანა, სამწუხაროდ, დრომ მოიტანა, როგორც საქართველოს ფილოსოფიური და პოლიტიკური აზრის გადაუდებელი მოვალეობა. ამ ამოცანას ორი მხარე აქვს: ერთია მისი საშინაო პედაგოგიური მხარე, ანუ ქართველი საზოგადოების (პირველ ყოვლისა _ ახალგაზრდობის) თვალში იმის ცხადყოფა, რა არის მართლაც შესაცვლელი ცხოვრების ტრადიციულ ფორმებში მსოფლიო განვითარების რეალური მიმართულებების შესაბამისად და რა არ არის, მეორეა საგარეო მხარე, ანუ იმის მეცნიერულად არგუმენტირებული განსაზღვრა, გარედან მომავალ სტიმულთა შორის რომელია საქართველოს¬თვის მისაღები და რამდენად და რომელი _ არა. გარედან მომავალ სტიმულებში, სხვა სტიმულთა შორის, უნდა ვიგულისხმოთ, ცხადია, ე. წ. ადამიანურ უფლებათა სამართალიც, ანუ ადამიანის ადამიანური უფლებების დაცვისთვის წარმოებული მსოფლიო მოძრაობის იდეოლოგიისა და პრაქტიკის ელემენტებიც, რომელიც დღეს ქმნადობის ცხოველ პროცესში იმყოფება (და, ამგვარად, ცდომის მუდმივი საშიშროების წინაშე დგას).

ამოცანის ამ ორივე მხარის გათვალისწინებით, ქართული აზრის წინაშე მდგარი პრობლემის სტრუქტურა შემდეგნაირად იკვეთება:

პირველი: არსებობს და რეალურად მოქმედებს პრინციპი ე. წ. “ჰუმანიტარული ინტერვენციისა” ანუ მსოფლიო საზოგადოების და ე. წ. მსოფლიო თანამეგობრობის (რასაც დღეს მიახლოებით ასახიერებს ისეთი ქმედუნარიანი ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, ეუთო და ზოგი სხვა) ჩარევისა კონკრეტული ქვეყნების შიგნით სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთობაში.

მეორე: ხსენებული ჰუმანიტარული ინტერვენცია გულისხმობს ადამიანის დაცვას მისივე სახელმწიფოსგან (რაც აუცილებელი ამოცანა იყო, მაგალითად, დედამიწაზე “სოციალისტური ბანაკის” არსებობის ხანაში და ხშირ შემთხვევაში საჭიროა დღესაც).

მესამე: ადამიანის ე. წ. ადამიანურ უფლებათა (იგივე _ ადამიანის ე. წ. ბუნებრივ უფლებათა) თანდათანობით გაცნობიერებისა და კოდიფიკაციის პროცესში (რაც უფლებადაცვითი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

ყოველ ახალ დიდ შეკრებაზე დასაცავ უფლებათა სიას ახალ-ახალი უფლებები ემატება), აქცენტი კეთდება ინდივიდზე ანუ იგულისხმება (და პრაქტიკაში რეალიზდება), რომ ზრუნვისა და დაცვის საგანი უნდა იყოს ინდივიდი, და არა ერი, როგორც ასეთი, და სახელმწიფო, როგორც ერის თვითრეალიზაციის იარაღი (უფრო ფართოდ ამ თემისთვის იხ. ბ. სავანელი, ადამიანის უფლებები, თბილისი, 2001 წ. ინტარვენციის ქმედითობის ილუსტრაციისთვის იხ. ის ფაქტი, რომ ყოფ. იუგოსლავიის დაბომბვა ამ რამდენიმე წლის წინათ განხორციელდა ჰუმანიტარული (ადამიანის უფლებათა დაცვითი) მოტივაციით და არა პოლიტიკურით, ანუ მისი გაცხადებული მიზანი იყო იუგოსლავიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთა და არა იუგოსლავიის სახელმწიფო მოწყობის ასე თუ ისე განსაზღვრა).

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისათვის სამივე ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებელია. პირველიდან გამომდინარეობს ის, რომ საქართველოს თეორიული აზრი მუდამ მზად უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიციის დაცვისათვის მსოფლიოს წინაშე (მხოლოდ თავის ქნევით თავს ვერ გავიტანთ). მეორე და მესამე გარემოება, რაც ადამიანის უფლებათა სამართლის დღევანდელი მდგომარეობით მის პრინციპთა რიცხვს ეკუთვნის, საქართველოს მეტისმეტად ვიწრო ჩარჩოს სთავაზობს მისი რეალური პოლიტიკისთვის. სახელდობრ:

_ რეალურად ადამიანისთვის აბსოლუტურ ღირებულებას წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდი, არამედ აგრეთვე ერი. ინდივიდის სასიცოცხლო ინტერესთა სტრუქტურაში მის ეროვნულ ინტერესს (მისი ერის უკვდავყოფისა და დაუბრკოლებელი თვითრეალიზაციის ინტერესს) ისეთივე არსებითი ადგილი უჭირავს, როგორც მისი ინდივიდუალური არსებობის გაგრძელებისა შთამომავლობის სახით და თვითრეალიზაციისას.

_ ინდივიდის ქმედუნარიანობის არალიმიტირებული გაძლიერება სახელმწიფოს ქმედუნარიანობის ხარჯზე პრინციპულად ნიშნავს ინდივიდის პარალიზაციას, როგორც მოქალაქისას, რომელსაც თავისი ეროვნული და, მაშასადამე, სახელმწიფოებრივი ინტერესის რეალიზაცია ჰსურს.

_ შესაბამისად, საქართველოსთვის (თუნდაც იმიტომ, რომ იგი ისტორიულად ე. წ. “ფრონტისპირა” ქვეყანაა და პერსპექტივაც ანალოგიური აქვს, მიუღებელია სახელმწიფოს ხარჯზე ინდივიდის გაძლიერება, როგორც თვითმიზანი. მისთვის მიზანი შეიძლება იყოს და უნდა იყოს ინტერესთა ბალანსირება-ჰარმონიზაცია ზოგადეროვნული ინტერესების _ ინდივიდის ფუნდამენტალური ინტერესების ამ ერთერთი უმთავრესი კლასის, _ რეალიზაციის უმაღლესი ამოცანის კონტექსტში. დაპირისპირების (მოჩვენებითი დაპირისპირების) გადაწყვეტა, ანუ მორალურად, პოლიტიკურად და პრაგმატულად სწორი პოზიციის განსაზღვრა გულისხმობს ადამიანის რეალური ბუნების, სახელდობრ, მის მოთხოვნილებათა, შესაბამისად _ ინტერესთა, შესაბამისად _ ღირებულებათა სისტემის ადექვატურ შემეცნებას, როგორც ფაქტისას. ფაქტთან კამათი, როგორც ცნობილია, არ არსებობს _ არსებობს მხოლოდ მისი მხედველობაში მიღება და არმიღება, ამათში პირველი პრაქტიკულად მომგებიანია, მეორე კი პირიქით. თანამედროვე ფილოსოფია, კერძოდ ფენომენოლოგია და მასზე დამყარებული ფილოსოფიური ანთროლოგია, საბედნიეროდ, ამ ფაქტის (ფაქტების) დადგენის ობიექტურ საშუალებას იძლევა. წინამდებარე მსჯელობა იმის ილუსტრაციას ემსახურება, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს და რომ, შესაბამისად, მისი უგულებელყოფა ქართული პოლიტიკის მიერ მიზანშეწონილი არ იქნება.

მკითხველს ამ მიმართულებით ჩატარებადი (და ჩასატარებელი) სამუშაოს ერთ-ერთ მონაკვეთს _ ფილოსოფიურ არგუმენტაციას, რომელიც მიდის, როგორც თავის საბოლოო მიზნისკენ, იმის კონსტატაციის უფლების მოპოვებისკენ, რომ დაასაბუთოს საქართველო, როგორც დედამიწის ერთერთი ნაწილი, არის ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთერთი ნაწილის, ქვეყანა (რასაც შემდეგღა მოსდევს დებულება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უკლებლივ თანასწორია კანონის წინაშე, რომ საქართველოს მიწა-წყალი და სასიცოცხლო სხვა შესაძლებლობები განიხილება, როგორც ყველა მოქალაქის შთამომავალთა სამარადისო საარსებო ბაზა, და ა. შ.).

პოზიცია, რომელიც ქვემოთაა ჩამოყალიბებული, მკითხველს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ციტატის სახით ეძლევა: ეს არის დალაგება (გადმოცემა) იმისა, რაც მრავლის, სახელდობრ, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მომხრეებისა და პრინციპის “საქართველოს დღევანდელი ვითარება არის არა მხოლოდ ერთერთი უბანი დღევანდელი მსოფლიო სისტემისა, არამედ ამავე დროს ერთერთი მომენტი საქართველოს ნამყო და მომავალი ისტორიისა” გამზიარებლის აზრი და პოზიცია.

 

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის

ძირითადი პრინციპები

შესავალი

(მსოფლიოს სისტემაში საქართველოს ადგილის სპეციფიკა და მისით განპირობებული სპეციფიკური ამოცანები)

დღეს კაცობრიობა მრავალი უკიდურესად სახიფათო გამოწვევის წინაშე დგას. საყოველთაო გამოწვევათა გარდა მის განსაკუთრებით ცივილიზებულ ნაწილს – პირველ ყოვლისა დასავლეთს და მსოფლიოს მეტ-ნაკლებად ევროპეიზირებული რეგიონებისა და მოსახლეობის განათლებული ფენების დიდ ნაწილს _ ემუქრება აგრეთვე მორალური კრიზისები, დემოგრაფიული რეგრესი, მასობრივი გავრცელება მენტალიტეტისა, რომელიც ესენციურ თვითდამკვიდრებას უფრო მაღალ ღირებულებას ანიჭებს, ვიდრე ეგზისტენციურს /გ. ნათაძე/, რასაც შობადობის კატასტროფული შემცირება მოსდევს. (ამ პროცესის საინტერესო, თუმცა არა ყოველმხრივი დახასიათებისათვის იხ. პ. ბიუკენენი).

მსოფლიოს ნაკლებ ბედნიერ ნაწილს, პირიქით, ემუქრება მასობრივი პაუპერიზაციის და პაუპერობის მდგომარეობაში სტაბილურად დარჩენის მუდმივი საშიშროება. სიმდიდრის მოპოვების შესაძლებლობათა უსასრულო ზრდას მოსდევს ერთის მხრივ მსოფლიო ოლიგარქიის და მეორეს მხრივ მსოფლიოსვე ყველაზე ღარიბი რეგიონებისა და მოსახლეობის ღარიბი ფენების ცხოვრების ხარისხში უფრო და უფრო მკვეთრი კონტრასტის გაჩენა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ტენდენციას ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში მოსახლეობის განათლების დონის ხელოვნური დაწევისაკენ ან მის გაჩერებისაკენ დაბალ ნიშნულზე, რათა არსებული ვითარების გადასინჯვისათვის სტიმული ნაკლები იყოს. შედეგად, არსებობს მუდმივი და რეალური საშიშროება ამა თუ იმ წაგებული ქვეყნისა და ხალხის მიერ დემოკრატიისა და ჰუმანიზმის შეგნებული დათმობისა ძალის და ძალაზე დამყარებული რევანშის ორგანიზების მიზნით, ანუ ამ ქვეყნებში ფაშისტური ან, კიდევ უფრო დიდი ალბათობით, სოციალისტური დიქტატურის დამყარებისა.

მსოფლიოს სატრანსპორტო, კომუნიკაციური, ეკონომიკური, კულტურული, სტრატეგიული შემჭიდროების ბუნებრივი პროცესი, ანუ გლობალიზაცია, ამკვეთრებს ყველა ხსენებულ წინააღმდეგობას და აჩქარებს ყველა ცვლილების პროცესს. იგი იწვევს მსოფლიოს ქვეყანათა და სახელმწიფოთა მკვეთრ დაყოფას გლობალიზაციაში მოგებულ სახელმწიფოებად (Winner states) და წაგებულ სახელმწიფოებად (looser states). დღესდღეობით ღარიბი მცირე სახელმწიფოები, ბუნებრივია, უპირატესად მეორე კლასში ხვდებიან.

მსოფლიო პროცესთა რაციონალური, ჰუმანური და დემოკრატიული მართვის იდეოლოგია დღესდღეობით, სამწუხაროდ, ნაკლოვანია თავისი უსრულობის გამო. მრავალს მიაჩნია, რომ ამის ერთერთი მიზეზია თვით “დემოკრატიის” ცნების არაზუსტი ხმარება. სახელდობრ, ამ შეხედულების თანახმად, დემოკრატია, რომელსაც დღეს მსოფლიოს სთავაზობენ, როგორც ღირებულებას, სინამდვილეში არის არა ღირებულება, არამედ მხოლოდ ერთერთი შესაძლებელი ფორმა საზოგადოების ორგანიზაციისა მის სხვა ფორმათა შორის /ა. ბეზანსონი/.

ამ აზრს ძნელია არ დავეთანხმოთ, მაგრამ ორი აუცილებელი დამატებით.

პირველი: დემოკრატია მაინც ღირს იმად, რომ ადამიანი და მოქალაქე მისთვის თავის სიცოცხლეს სწირავდეს, რადგან იგი ის ფორმაა საზოგადოების ორგანიზებისა, რომელშიც უფრო მეტად, ვიდრე რომელსამე სხვაში, შესაძლებელია ორი აბსოლუტური ღირებულების რეალიზაცია: თავისუფლებისა და თანასწორობის. ამგვარად, დემოკრატია არის საშუალება ამ ორი ღირებულების (და აგრეთვე ზოგი სხვის) წარმატებული და და მაქსიმალურად სრული რეალიზაციისათვის.

მეორე: თავისუფლება და თანასწორობა არ არიან ადამიანებისათვის ცნობილი და მათ მიერ აღიარებული ერთადერთი ღირებულებები. არის სხვებიც, მათ შორის ყველაზე ძლიერი ღირებულებებიც, ანუ სიცოცხლისათვის აუცილებელიც, და ყველაზე მაღალი ღირებულებებიც, ანუ ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგან ყველაზე განუყოფელიც. მსოფლიოს პროცესთა მართვა შეიძლება ეფექტიანად ხორციელდებოდეს და უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ადამიანთა მიერ დღეს მასობრივად აღიარებული ყველა ღირებულებების რეალიზაციის აუცილებლობის გათვალისწინებით და იმის პრინციპული აღიარებით, რომ ადამიანის შეუვალი უფლებაა ისწრაფოდეს ყველა ამ ღირებულებათა დაუფლებისათვის (მათი რეალიზაციისათვის თავის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში), რაშიც მისი შემზღუდავი სხვა ვერა იქნება რა თუ არა სამართლიანი განაწილების პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი უფლება რომელიმე ღირებული საგნის მიმართ თავდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლება მის მიმართ.

საქართველო არის პატარა და დღესდღეობით ღარიბი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც ემუქრება ყველა ის ხიფათი, რაც ტიპიურად ემუქრება ამგვარ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს დღევანდელ მსოფლიოში. მისი მდგომარეობა ამ ქვეყნებთან შედარებით დამძიმებულია კიდევ იმით, რომ მას 1992 წლიდან დღემდე ხელოვნურად დანგრეული ეკონომიკა აქვს და გარედან მართული არაერთგული ხელისუფლება ჰყავს. ამავე დროს საქართველო არის ძველი კულტურის ქვეყანა, რომელიც ქრისტიანულია მეოთხე საუკუნიდან (ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 354 წელს) და რომელსაც ფეოდალური წარსული აქვს, რის გამოც საქართველოში მიღებული ტრადიციული აქსიოლოგიური (ღირებულებრივი) სისტემა ემთხვევა დასავლეთ ევროპულს, და რომელიც თავის კულტურულ განვითარებაში, მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან მაინც, ანუ მას შემდეგ, რაც მას გაეხსნა ევროპიდან ინფორმაციის მიღების მინიმალური გზა, რომელიც გადაკეტილი იყო 1453 წელს თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად, ორიენტირებულია ევროპაზე და ევროპული კულტურული ფასეულობების ათვისებაზე.

ამგვარად, საქართველო არის აღმოსავლეთში მდებარე, მაგრამ ტიპოლოგიურად დასავლური და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანა, რის შედეგადაც მას ემუქრება ის სპეციფიკური მენტალური და მენტალიტეტზე დამყარებული სოციალური და ფსიქოლოგიური ხიფათებიც, რომელიც დღეს დასავლეთს ემუქრება. გარდა ამისა, საქართველო დღეს არის არაერთი მასზე შეუდარებლად უფრო ძლიერი სახელმწიფოსა და ლობის, მათ შორის, როგორც მინიმუმი, ერთი სუპერსახელმწიფოს (სუპერძალის) მიზანმიმართული გამოუცხადებელი ომის ობიექტი მისი მოსახლეობის განადგურების, ამ მოსახლეობის საემიგრაციოდ სტიმულირების, მისი შეძლებისდაგვარად სრული ოკუპაციის, მისი მორალური და გონებრივი დეგრადირების, მასში განათლებისა და მეცნიერების დათრგუნვის და, საბოლოო ჯამში, მისი ახალი, არაქართველი მოსახლეობით პოპულაციური ათვისების მიზნით.

ამგვარად, მეტაფორა რომ ვიხმაროთ, ქართველ ერს დღეს თავისი სახელმწიფოს მშენებლობა უხდება მტრის ცეცხლის ქვეშ. მაგრამ ქართველი ერი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ თავისი ქვეყანა არ დათმოს იმ ბედისათვის, რომლისთვისაც მას არაერთი ძალა ამზადებს, არამედ დაიცვას და შთამომავლობას შეუნარჩუნოს მისი ტერიტორია, დაიცვას ქართველი ერის საკუთრება მის მიწაწყალსა და სხვა სიმდიდრეზე, დაიცვას და განავითაროს მისი ეკონომიკა და უზრუნველყოს მისი სხვა ყოველმხრივი განვითარების შესაძლებლობა, პირველ ყოვლის – განათლებისა და მეცნიერების შენარჩუნების, აღდგენის და განვითარების სრულყოფის გზით, ზოგადად – საქართველოს დღევანდელი დღე განიხილოს, როგორც ერთერთი მომენტი საქართველოს ისტორიისა, რომელშიც წყდება მისი მომავალი ბედი, და შესაბამისად ააგოს თავისი მოქმედება.

საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში აუცილებელია გაეროს პრინციპების, ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე მოძრაობის პრინციპებისა და თანამედროვე დემოკრატიის უკვე გაცნობიერებული და ფორმულირებული პრინციპების განუხრელი დაცვა. მაგრამ ეს პრინციპები არ კმარა ზემოხსენებული უმძიმესი ამოცანის – მტრის ცეცხლის ქვეშ სახელმწიფოს შენების – სამართლებრივ და მორალურ ბაზად. სახელდობრ, ამ პრინციპებში

_  მეტისმეტად მრავალ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული ფიქსირებულ უფლებათა კორელატიური მოვალეობები (შ. ნადირაშვილი)

_  მეტისმეტად მრავალ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული დაფიქსირებულ უფლებათა ადრესატები (ვის ჰმართებს ადამიანისათვის აღნიშნული უფლების რეალიზაცია)

_  არ არის დაფიქსირებული ყველა ძირითადი უფლებები, მაგ. არ არის დაფიქსირებული ინდივიდის ეროვნული უფლებები გარდა ორისა: _ ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლებისა და ეროვნული უმცირესობის იძულებითი ასიმილაციისაგან დაცვის უფლებისა – აგრეთვე არ არის განსაზღვრული თვით ერის უფლებები, როგორც ადამიანთა ისეთი მაკროჯგუფისა, რომელიც მასში შემავალ ინდივიდებს უღირთ, როგორც მთელი და როგორც ის მაკროჯგუფი, რომელთანაც ისინი თავის ძირითად საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ თვითიდენტიფიკაციას ახდენენ და რომლისთვისაც, ტიპობრივ შემთხვევაში, ისინი მზად არიან სიცოცხლისა და სიცოცხლეზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფასეულობების გაწი¬რვისათვის.

_ არ არის მთელი ჯეროვანი სიღრმით გააზრებული და, შესაბამისად, გათვალისწინებული ადამიანის (განსაკუთრებით _ თანამედროვე ადამიანის) პიროვნების სტრუქტურა, სახელდობრ, ის, რომ ამ ადამიანისათვის (ელიტარულისათვისაც და “მასობრივი” ადამიანის მენტალიტეტით მაცხოვრებლისთვისაც) “თავისუფლება” ნიშნავს არა მხოლოდ “თავისუფლებას-რისგან”, სახელდობრ, “თავისუფლებას სახელმწიფოებრივი იძულებისაგან.” (freedom from), ანუ, ლიბერალობის მაღალ ხარისხს, არამედ აგრეთვე (და განსაკუთრებით აქცენტირებულად) “თავისუფლებას-რისთვის, ანუ ძირითადად სოციალური და საჯარო შემოქმედებისათვის, დემოკრატიისთვის ამ სიტყვის ყველაზე საკუთრივი აზრით (freedom to), რის გამოც არის ძლიერი ტენდენცია, რომ ღარიბი ქვეყნების ადამიანისათვის (როგორც “მასობრივისათვის”, ისე ელიტარულისათვის) დემოკრატია მიწოდებულ იქნას, როგორც საკუთარ თავში დესტრუქციული სწრაფვის გახარება, ნაცვლად კონსტრუქციულისა, საჯარო სივრცეში კი მხოლოდ ცენტრიდანული ძალების ხელშეწყობა ცენტრისკენულის, ანუ სახელმწიფოს შენებისკენ მიმართულის, საზარალოდ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის დღევანდელი მძიმე პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვურჩევთ ჩვენს საზოგადოებას, თავის იმ ისტორიულ ამოცანებთან ჭიდილში საკუთარი ძალისხმევა ამ მეტისმეტად უსრული იდეოლოგიით შეზღუდოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველმა ერმა დღეს ორიენტაცია უნდა აიღოს თავის სახელმწიფოში ყველა ძირითადი ადამიანური ღირებულების რეალიზაციაზე როგორც საკუთარი ერის ისტორიისა და კაცობრიობის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ისე ინდივიდის შეძლებისდაგვარად სრული თვითრეალიზაციისა და ბედნიერების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს ღირებულებები და მათგან გამომდინარე მიზნები, ჩვენი ხედვით, სავსებით თავსებადია და ერთმანეთთან ჰარმონიზებადია.

თქმულიდან გამომდინარე, საჭიროდ ვრაცხთ ქართველი ერისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარმოვადგინოთ ჯერ ინდივიდუალური ადამიანის ეროვნული უფლებების და ერის უფლებების განსაზღვრებათა დასაბუთებული ნუსხა, შემდეგ ადამიანის უფლებათა ყველა ძირითად სფეროსთან დაკვშირებული იმ მოვალეობების დასაბუთებული ნუსხა, რომლებიც ადამიანის გარანტირებული ადამიანური უფლებების კორელატიურია და რისი გათვალისწინებაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მიუცილებელია თანამედროვე დემოკრატიული სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში.

ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი განსაზღვრებების გათვალიწინება არა მხოლოდ ხელისშემწყობი იქნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წარმატებული მშენებლობისათვის, არამედ ამავე დროს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც ერის უფლებათა დეკლარაციისათვის, რომელიც (იმედს არ ვკარგავთ) შემუშავდება და მიიღება გაეროს და სხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ, ისე ადამიანის თავისუფლების ხარისხის გაზრდისათვის მისი საჯარო (სოციალური) და პოლიტიკური შემოქმედების სფეროში.

 

 ადამიანის ეროვნული უფლებების და ერის უფლებების დაცვის

ძირითადი პრინციპები დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე

(ფილოსოფიურათნოპოლოგიური და ეთიკური წანამძღვრება)

ადამიანი, როგორც გონიერი, თავისუფალი და პასუხისმგებელი არსება, რომელსაც (იგულისხმება და აღიარებულია) ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება აქვს, თავისი ფილოგენეტური ქმნადობითაც და ონტოგენეტური ქმნადობითაც სოციალური არსებაა. მისი, როგორც სოციალური არსების, ფუნდამენტურ მახასითებელთა შორის არის შემდეგიც.

1. თავის მენტალურ თვითდამკვიდრებას, ანუ თავისთვის საკუთარი მე-ს დამაკმაყოფილებელი კონცეფციის შემუშავებას /ICH-conception/, იგი ახდენს სხვა ადამიანთა ფონზე (ანუ იგი თავს პლუსებად (დადებით მახასიათებლებად) უთვლის და მინუსებად (უარყოფით მახასიათებლებად) უთვლის მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც მას სხვათაგან გამოადიფერენცირებენ, და არა იმას, რაც მას ყველა სხვასთან საერთო აქვს).

2. თავისი თვითშეფასების და სხვა ადამიანთა შეფასების კრიტერიუმთა სისტემას ადამიანი იმუშავებს (ფილოგენეზშიც და ონტოგენეზშიც) სხვებთან ერთად: ეს მოცემული ცივილიზაციისათვის ან კაცობრიობისათვის ერთობლივი სისტემაა (სისტემებია)

3. ადამიანს აქვს მიზნები გარემოს მიმართ, რომლებსაც იგი (იგულისხმება) მარტო წყვეტს (ან ოჯახთან, მიკრო-შიდაჯგუფთან… ერთად), ამავე დროს მას აქვს მიზნები “სამყაროს” მიმართ (მსოფლიოს მიმართ, ისტორიის მიმართ…), მათ შორის ისეთებიც, რომელთა გადაწყვეტა მისთვის პრინციპულად შეუძლებელია მაკრო-შიდაჯგუფის გარეშე. თვითდამკვიდრებას მსოფლიოს სისტემის პირისპირ და ისტორიის პირისპირ, რაც თანამედროვე (და მომავალი) ადამიანისათვის მენტალური, მაგრამ ერთერთი ყველაზე ძლიერი (საარსებო) ღირებულებაა, ადამიანი ახდენს მხოლოდ მაკროჯგუფის, სახელდობრ, საკუთარი მაკრო-შიდაჯგუფის შემადგენლობაში.

4. ადამიანის მოუცილებელი თვისებაა გენუინური თვითიდენტიფიკაცია ჯგუფთან, ანუ იმგვარი, რომლის ძალითაც მას თავისი ჯგუფი (და მისი ინტერესები) თავისთავზე მეტად უღირს და რომლის გამოც იგი, თავისი განწყობით და ღირებულებრივი ორიენტაციით, სიკვდილის შემდეგ ამ ჯგუფში “ცოცხლობს” (ასეთი ჯგუფის მაგალითია ინდივიდისთვის მისი შთამომავლობა).

5. ”2”-დან, “3”-დან და “4”-დან გამომდინარეობს, რომ ადამიანისათვის აუცილებელია (გარდუვალია) გენუინური თვითიდენტიფიკაცია არა მხოლოდ კაცობრიობასთან, ანუ ყველა თავის მსგავსთან ერთობლივად, არამედ აგრეთვე მის ნაწილთან (ნაწილებთან) დანარჩენი ნაწილის (ნაწილების) ფონზე. მაკრო-შიდაჯგუფი, რომლის გზითაც (რომლის შემადგენლობაშიც) ადამიანი თავს იმკვიდრებს (სიკვდილის შემდეგ “ცოცხლობს”) კაცობრიობის სისტემაში და ისტორიის პირისპირ, არის მისი ერი, ქვეყანა, რელიგიური კრებული, კლასი და სხვა. ამ ჩამონათვალის საზღვრები ყოველთვის პრობლემატურია.

თუ ადამიანს (ინდივიდს) აქვს ფუნდამენტური ამოცანები სამყაროს (მსოფლიოს, ისტორიის…) მიმართ (და არა მხოლოდ გარემოს მიმართ) და თუ (იგულისხმება) ამ ამოცანების გადაჭრა მას არ შეუძლია მაკროჯგუფის გარეშე, მაშინ ბუნებრივია, რომ მას თავი ჰყავდეს გენუინურად იდენტიფიცირებული (ანუ გულწრფელად გაიგივებული) შესაბამის მაკროჯგუფთან (ანუ ისეთთან, რომლის შემადგენლობაშიც იგი არის (მისი ნება არის) იდეალური მონაწილე მსოფლიო და ისტორიული პროცესებისა).

ასეთი გენუინური საკუთარი ჯგუფის (შიდაჯგუფის, in-group) არყოლა ინდივიდისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არა აქვს სამყაროზე (მსოფლიოზე, ისტორიაზე), და არა მარტოოდენ გარემოზე, მიმართული ამოცანები და ინტერესები.

თანამედროვე ადამიანისათვის, საშუალო ადამიანის (ე.წ. მასობრივი ადამიანის) ჩათვლით, მის სასიცოცხლო ინტერესთა ამგვარი შეზღუდულობის მიწერა რეალისტური არ იქნებოდა.

6. თქმულიდან გასაგები ხდება ერის, როგორც ადამიანთა ერთობის ფორმის (მაკრო-შიდაჯგუფის), რაობა, მისი არსებობის საფუძველი, მისი ფუნქცია და მისი ღირებულება ინდივიდისათვის. სახელდობრ:

_  ერი არის ადამიანთა იმგვარი ერთობლიობა, რომელთანაც მის ელემენტებს (წევრებს) ბუნებისმიერი იგივეობის, ერთი “სისხლის” ცნობიერება აქვთ და რომელსაც ისინი, ამგვარად, მიკუთვნილები არიან ერთხელ და სამუდამოდ. ამდენად, ინდივიდის მიერ მისი ერი განიცდება, როგორც მისი გენუინური შიდაჯგუფი. (ამ გარემოების ფსიქოლოგიური შედეგია ის, რომ ინდივიდი მზადაა მოკვდეს ერისათვის და “იცოცხლოს” მასში სიკვდილის შემდეგ. სხვა მაკრო-შიდაჯგუფებს, როგორიცაა “კლასი”, “კორპორაცია” ეს თვისება არ ახასიათებს).

_  ერი არის მსოფლიო პოლიტიკური სისტემის და ისტორიის ქმედითად მონაწილე ის ერთი სუბიექტი, რომელთან იდენტიფიკაციითაც ინდივიდს ძალუძს გენუინურად, ანუ თავისი განცდის მთელი ძალითა და სიღრმით, მიიღოს მონაწილეობა (ლაპარაკია ე.წ. იდეალურ მონაწილეობაზე) მსოფლიო სისტემაში და ისტორიაში – მას, როგორც იტყვიან, შეუძლია თავისი ფესვების ჩაყვანა უსაზღვრო წარსულში და თავისი გაგრძელების ხედვა უსაზღვრო მომავალში _ და რომელსაც იგი, ამგვარად, მიკუთვნებულია ერთხელ და სამუდამოდ. ეს მას გენუინურად (გულწრფელად) შეუძლია მხოლოდ თავისი ერის შემადგენლობაში, და არა ყველა მაკრო-შიდაჯგუფებისაში. ამგვარად, ერი კულტურული (ისტორიისმიერი და განვითარებისმიერი) ერთობაცაა, და არა ოდენ-ბუნებითი, როგორც რასა.

_  ერისთვის, როგორც გენუინური შიდაჯგუფისათვის, ინდივიდის ცნობიერებაში ადგილი ჩნდება მხოლოდ განვითარების ისეთ ეტაპზე, როცა ამ ინდივიდის ჰორიზონტში შემოდის კაცობრიობის, როგორც ასეთის, და ისტორიის, როგორც ასეთის, ცნობიერება: ერი თავის თვითდამკვიდრებას ახდენს კაცობრიობის კონტექსტში (სხვა ერთა შორის) და კაცობრიობის მიერ შემუშავებული, დღეს მასში მოქმედი კრიტერიუმების შესაბამისად, ამავე დროს – ისტორიის კონტექსტში. ამ აზრით – და მხოლოდ ამ აზრით _ არის ერი ისტორიული კატეგორია: მას ისტორიაში დასაწყისი აქვს (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლოც აქვს. ისტორიის არსი არის ის, რომ იგი შექცევადი არაა).

7.  თვითდამკვიდრება მსოფლიო სისტემის წინაშე და ისტორიის წინაშე ადამიანის, როგორც ზემოხსენებული ფუნდამენტური თვისებების მატარებელი არსების, განუშორებელი, ფუნდამენტური მოთხოვნილება და ინტერესია. ვინაიდან ადამიანის უფლების ცნება, როგორც თანამედროვე უფლებადაცვითი მოძრაობის იდეოლოგიის ერთ-ერთი საყრდენი, გულისხმობს ადამიანის ფუნდამენტურ სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, ლოგიკურად გარ¬დაუვალია ადამიანის, როგორც ერის ელემენტის, მორალური დაკმაყოფილების უფლების აღიარებაც, მაშასადამე, ერის, როგორც მაკროჯგუფის, განუყოფელი უფლებების აღიარებაც. ამ უფლებათა ჩამონათვალი დადგენადია. რამდენადაც ადამიანთა პრინციპული თანასწორობა თანამედროვეობის ერთერთი პოსტულატია, ერთა პრინციპული თანასწორობაც, ლოგიკურად, მისი ერთ-ერთი შეუვალი პრინციპი უნდა იყოს. ყოველი კონკრეტული ერი არის კაცობრიობის, როგორც მთელის, შემადგენელი ერთერთი პრინციპულად თანასწორი და თანასწორუფლებიანი სუბიექტი. ერის უფლებათა დეკლარაციის მიღება კაცობრიობის ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა.

შენიშვნა 1: იმის განსაზღვრის მეთოდოლოგიურ პრინციპებს, თუ როგორ მოიაზრება ადამიანთა პრინციპული თანასწორობა მათი რეალური არათანასწორობის პირობებში და მის ფონზე, იძლევა ქრისტიანული სულისკვეთება და პრაქტიკა: არის პარამეტრები, რომელშიც ადამიანები უთანასწორონი ვართ (ბუნებით), მაგ. ზომა, წონა, სილამაზე, ძალა, ნიჭი და ა.შ., და არის პარამეტრები, რომელშიც თანასწორნი ვართ: პასუხისმგებლობა, თავისუფლება, სიკეთე-ბოროტების გარჩევის უნარი, ინდივიდუალობა საერთოდ და ა. შ.

შენიშვნა 2: თქმული შეეხო ადამიანის მხოლოდ მენტალურ თვითდამკვიდრებას და ამ თვითდამკვიდრებაში ეროვნული ინტერესის მონაწილეობას. აქ არაფერი თქმულა ადამიანის მატერიალურ თვითდამკვიდრებაზე, სახელდობრ, იმაზე, თუ რატომ და როგორ აქვს ადამიანს მოთხოვნილება და, აქედან გამომდინარე, უფლებაც, რომ თავისი ქვეყანა (ტერიტორია) სამარადისოდ დაუტოვოს თავის შთამომავლობას (მოცემულ ერს), როგორც ექსკლუზიური საარსებო ბაზა.

8.   რამდენადაც ერი არის კაცობრიობის ერთერთი (პრინციპულად თანასწორი) წევრი, რამდენადაც ერის მიერ თავისი თავის განსაზღვრის არე არის კაცობრიობა, ანუ ერი განსაზღვრავს თავის თავს, როგორც ცალკე სუბიექტს, კაცობრიობის ფონზე და მისი დანარჩენი ნაწილის პირისპირ.

ამდენად მისი უფლებები და მოვალეობები აგრეთვე უნდა განისაზღვრებოდეს – და ერის მიერ მართლაც განისაზღვრება (რაც ფაქტია) _ ამავე კონტექსტში, ანუ კაცობრიობის კონტექსტში. ერს აქვს (უგამონაკლისოდ) კაცობრიობის, როგორც გარკვეული უფლება-პასუხისმგებლობებითა და (მორალური) ნორმებით რეგულირებული საზოგადეობის, წევრად ყოფნის ცნობიერება, რაც მისი ისტორიული მეხსიერების და ისტორიული დაგეგმვისუნარიანობის აუცილებელი პირობაა. მას აქვს ისტორიული მონაპოვარის ცნობიერება, ანუ თავისი და სხვისი უფლებისა, რომ თავისი დღევანდელი ძალისხმევის ნაყოფი თავის შთამომავლობას დაუტოვოს (რისი ერთი კერძო მომენტია ეროვნული საკუთრების ცნობიერებაც), აქვს პასუხისმგებლობის ცნობიერება თავისი წინაპარი თაობების ავ ნამოქმედარზე და სიამაყე მათი კარგი ნამოქმედარის გამო, აქვს სხვა ერებთან როგორც სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებებში, ისე არაფორმალურ მორალურ შეთანხმებებში ყოფნის ცნობიერება და ა. შ..

ერის, როგორც ადამიანთა ერთობის ფორმის, ეს მახასიათებლები პიროვნების მახასიათებლებია, მაშასადამე, ერი თავის წევრთა ცნობიერებასა და განცდაში არსებობს როგორც კოლექტიური პიროვნება, როგორც სუბიექტი, და არა როგორც მის შემადგენელ სუბიექტთა ჯამი. იგი ჰიპოსტაზირებულია, როგორც ერთი სუბიექტი, რომელიც თავისთავში მოიცავს ცოცხლებსაც, მკვდრებსაც და მომავალში დასაბადებლებსაც. ეროვნული ნებაც ჰიპოსტაზირებულია, როგორც ერთი და არა როგორც ერის წევრების ნებათა ჯამი. ეს არის ინდივიდის მიერ თავისი ერის ინტენდირების (მოაზრების, განცდის) უნივერსალური, პრაქტიკულად ერთადერთი ფორმა. ინდივიდები (თაობები) თავის ცნობიერ ძალისხმევას აბანდებენ ამ ჰიპოსტაზირებული ერთეულის (სუბიექტის) სამსახურში, ამდენად, მათი სავარაუდო ინტერესებისაგან და ნებისაგან გადახვევა რომელიმე კონკრეტული დღეს მაცხოვრებელი თაობის მხრიდან შეიძლება განიხილებოდეს (ლოგი¬კურად), როგორც ამ ძალისხმევის შემომტანთ ხელიდან მათი უფლებამოსილების უზურპაცია.

თქმულიდან გამომდინარეობს, რომ

ა)  ერს, როგორც ისტორიულად დაგროვილ ძალისხმევათა ადრესატს და თვითცნობიერ ერთობას, აქვს მისი წინა თაობების მონაპოვრებზე საკუთრების უფლება, მათ შორის – ტერიტორიაზე. ერი, როგორც კაცობრიობის ნაწილი, მესაკუთრეა თავისი ტერიტორიისა, როგორც დედამიწის ნაწილისა.

ბ)  ერის მთლიანობას (ერთობას, ერთსუბიექტობას) ქმნის არა მისი შინაგანი ერთგვაროვნება (გაუდიფერენცირებლობა), არამედ მისი ერთობლივი მიმართება დანარჩენ კაცობრიობასთან – მისი თვითმოაზრება და თვითგანცდა, როგორც კაცობრიობის ერთი წევრისა, და მისი განცდა საკუთარი უნარისა, რომ, როგორც მთელი, ახორციელბდეს კაცობრიობის წევრობისათვის საკმარის ამა თუ იმ ფუნქციებს კაცობრიობის კონტექსტში. ამიტომ არავის აქვს უფლება ერის წინაშე წარდგომისა რეკომენდაციებით (მით უმეტეს, მასზე ძალადობის მცდელობისა), რომ ერი დაშალოს მისი შინაგანი მრავალფეროვნების საფუძველზე (როგორიც ახასიათებს ქართველ ერს, გერმანელ ერს და არაერთ სხვას).

გ)   არ არსებობს ერის შემადგენელ ადამიანთა ერთი ნაწილის უფლება, რომ, თუ ამა თუ იმ მიზეზით მოიწადინეს ერიდან გასვლა (ვთქვათ, განიცადეს ასიმილაცია სხვა ერის მიერ), ამ საფუძველზე მოითხოვონ მოცემული ერის ტერიტორიიდან ერთი ნაწილის გამოყოფა ამა თუ იმ ფორმით (იხ. გათურქებული ქართველების მაგალითი მესხეთში)

დ) ისეთ შემთხვევებში, როცა ამა თუ იმ ეთნიკურ ერთეულს ეროვნული ცნობიერება არ შეუმუშავებია ბუნებრივი გზით თავისი ისტორიის მანძილზე და დღეს თავი ერად მიაჩნია, ამასთან, შესაბამის ეროვნულ ატრიბუტებს ითხოვს, თავისი ტერიტორიული თვითგანსაზღვრის ჩათვლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სტატუსის და ასეთი უფლებების არსებობა მისთვის ცნობილია სხვათა მაგალითზე (რასაც სოციოლოგიაში “მოლოდინის აფეთქება” ეწოდება), მისთვის არც უარის თქმა შეიძლება, არც მისი დაკმაყოფილება სხვა ერის, სახელდობრ, ამავე ტერიტორიაზე სახელმწიფოს მქონე სხვა ისტორიულად თავისით ჩამოყალიბებული ერის ხარჯზე, არამედ საჭიროა გონივრული და სამართლიანი ბალანსირების მეთოდიკის შემუშავება.

9) ერს აქვს, როგორც განუყოფელი თვისება, წარსულში განხორციელებული ქმედებების თაობაზე პასუხისმგებლობის ცნობიერება და მათზე სინანული, ერთ შემთხვევაში, და თავისი მოქმედების შედეგთა თავის მონაპოვრად ჩათვლის ცნობიერება, მეორე შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ მას ამ ცნობიერების შესაბამისად მიზანთა დასახვის და ამ მიზანთა განხორციელებისათვის მოქმედების უფლებაც აქვს, რომელიც (ეს უფლება) არაფრით არაა შეზღუდული გარდა სხვა ერთა ანალოგიური უფლებებისა (პრინციპით: “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება”).

ერს აქვს და, მასში შემავალ ადამიანთა თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს თავისი დღევანდელი აქტივობის პოზიტიურ შედეგთა ხვალისათვის და ზეგისათვსის შენახვის, შთამომავლობისათვის მათი გადაცემის უფლება, ანუ საკუთრების უფლება ზოგადეროვნული კეთისაგნების (Wertding) _ ტერიტორიის, წიაღის, ტექნოლოგიების, ზოგადად _ ცივილიზაციური ობიექტების მიმართ.

ერის საკუთრების უფლება მისი წინა თაობების მონაპოვრის (ასევე, მათ მიერ დაცული ტერიტორიისა და სხვა სიმდიდრის) მიმართ აუცილებელი პირობაა მის წევრთა შრომითი და სხვა სახის კრეატიულობის (შემოქმედობის) სტიმულირებისათვის მისი ისტორიის ყოველ ეტაპზე. სოციალისტური პრინციპით “ყველას – მისი მოთხოვნილების მიხედვით” (მაგალითად “საქართველოს წყალი კაცობრიობას ეკუთვნის და არა საქართველოს”) კაცობრიობა ვერ იცხოვრებს.

 

I. ადამიანის ეროვნული უფლებები ანუ

ინდივიდის, როგორც ერის ელემენტის, უფლებები

რამდენადაც ადამიანისათვის (ე.წ. “მასობრივი ადამიანის” ჩათვლით) მისი ერი, მისი ერის მარადიულყოფა, როგორც ერისა, და მის მიერ ღირსეული ადგილის ჭერა კაცობრიობის მთლიან სისტემაში და ისტორიაში ფუნდამენტური ღირებულებებია როგორც მათი სიძლიერის (ანუ სასიცოცხლოობის ხარისხის) თვალსაზრისით, ისე მათი სიმაღლის (ანუ ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგან გაუყოფლობის ხარისხის თვალსაზრისით), ამდენად ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის ამოცანა მოითხოვს მისი, როგორც მისი ერის ელემენტის (წევრის), უფლებათა დაცვასაც, ანუ იმის გარანტიის შექმნას, რომ ადამიანს ჰქონდეს თავის ამ უძლიერეს და უმაღლეს ღირებულებათა დაუზარალებლობის მინიმალური გარანტია. ინდივიდის ღირებულებათა ეს კლასი, მათი მეცნიერული გაცნობიერების თანამედროვე ეტაპზე, ჩვენის აზრით, შემდეგია:

1.    ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავს აკუთვნებდეს იმ ერს, რომელსაც ჰსურს. არავის აქვს მისი იძულების უფლება, რომ თავი მიაკუთვნოს სხვა ერს (ანუ დაუშვებელია ადამიანის იძულებითი ეროვნული ასიმილაცია)

ადამიანის ამ უფლების ადრესატია მისი იძულებითი ასიმილაციის ყველა მსურველი. ამ უფლების რეალიზაციის ადგილია დედამიწის ყველა წერტილი.

2. ყველა ადამიანს აქვს უფლება (პრინციპულად ყველა სხვა ადამიანთა თანასწორი უფლება), იცოდეს, რომ მისი ერი (ის ერი, რომლის ელემენტად იგი თვლის თავს) აღჭურვილია მარადიული (განჭვრეტად მომავალში) არსებობის და დაუზარალებლობის პრინციპულად იმავე ალბათობით, რაც ნებისმიერი სხვა ადამიანის ერი (ანუ არა აქვს ადგილი იმგვარ ხდომილებებს და იმგვარ პროცესებს, რომელთაც ძალუძთ განაპირობონ მისი ერის, როგორც ასეთის, გაქრობა, შემცირება, გადაგვარება, ტერიტორიული შეკვეცა და ა.შ)

ამ უფლების ადრესატია ამ ადამიანის ერის გაქრობის ან ზემოხსენებული სახით დაზარალების ყველა მსურველი. ამ უფლების რეალიზაციის ადგილია, ტიპიურ შემთხვევაში, მოცემული ადამიანის სამშობლო.

3. ადამიანს აქვს უფლება, ძალისხმევა მოახდინოს იმის მისაღწევად აწ და სამარადისოდ, რომ არსებობდეს დედამიწაზე ადგილი, სადაც ამოცანად არის დასახული მისი “2”-ში აღნიშნული უფლების რეალიზება, ანუ არსებობდეს და დაუზარალებლად ფუნქციონირებდეს მისი სამშობლო, როგორც მისი ერის მარადიული და დაუზარალებელი არსებობის გარანტია.

ადამიანის ამ უფლების ოფიციალური გაცნობიერება და ფიქსაცია კაცობრიობის მიერ განაპირობებს ლოგიკურად იმასაც, რომ ადამიანის უფლებად აღიარებულ იქნას იმის გარანტიის ქონა, რომ მისი სამშობლო დაცულია (და დაცული იქნება) სხვა ერის ადამიანთა შემოსახლებისაგან ისეთი რაოდენობით, რომ მის შედეგად მისი ერი თავის სამშობლოში უმცირესობად იქცეოდეს და, ამგვარად, პერსპექტივაში სამშობლოს კარგავდეს. ამ უფლების არარსებობა ადამიანის უფლებათა კოდიფიცირებულ ჩამონათვალში განაპირობებს იმას, რომ ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულად არ არის აღიარებული.

_ არც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების მოქმედება, რომელიც ეწევა ტიბეტელთა ერის მიმართ დემოგრაფიული წალეკვის პოლიტიკას, _ არც საქართველოს დღევანდელი ანტიეროვნული ხელისუფლების მოქმედება, რომელიც ამ პოლიტიკას ატარებს ქართველი ერის მიმართ.

ამ უფლების ადრესატია ამ ადამიანის ერის სამშობლოს გაუქმების, შეკვეცის, მიტაცების ან სხვაგვარად მისი დაზარალების ყველა მსურველი, აგრეთვე იმის ყველა მსურველი, რომ მოცემული ადამიანი აიძულოს მის მიერ სამშობლოდ აღიარებული ერთეულის ან მისი ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ადამიანის ამ უფლების უპირობო რეალიზაციის ადგილი არის მისი სამშობლო, დედამიწის ის ერთი ადგილი,

_ რომელსაც, როგორც მთელს, აქვს მორალური და პოლიტიკური ნება მოცემული ერის, როგორც ერის, უკვდავყოფისა და რომლის ეს ნებაც უმაღლესი განმსაზღვრელია _ ან, როგორც მინიმუმი, ერთერთი განმსაზღვრელია, _ ამ ადამიანის პოლიტიკური და მილიტარული ქმედებისათვის, და

_ რომლის მოსახლეობასაც, სახელმწიფოებრივად (იდეალურ შემთხვევაში) ან სხვა ფორმით ორგანიზებულს (ან: მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ ერს ეკუთვნის) აქვს ამ ერის უკვდავყოფის და საამისოდ ადეკვატური ორგანიზაციული ფორმის შექმნის ნება.

4. ყველა ადამიანს აქვს ყველა სხვა ადამიანის პრინციპულად თანასწორი უფლება ძალისხმევისა ისეთი პირობების შექმნისათვის, რომელშიც იგი შეძლებს იცხოვროს თავისი ეროვნული კულტურის თვალსაზრისით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში: ილაპარაკოს დედაენაზე, ისწავლოს დედაენაზე, განავითაროს და გამოიყენოს თავისი ერის კულტურული ფასეულობები (მათ შორის, ინსტიტუციონალიზებული ფორმითაც: ტელევიზიის, თეატრის, აკადემიის, გაზეთების და ა.შ. სახით), მოქმედი კანონმდებლობა მიუსადაგოს თავისი ერის მეტაიურიდიულ კულტურას (მასში მიღებულ აქსიოლოგიურ შეხედულებებს, ოჯახური და პირადი ურთოერთობების წესებს და ა. შ.), მის ფსიქოლოგიურსა და კულტურულ მახასიათებლებს

ამ უფლების ადრესატია ყველა მსურველი ამ ადამიანისათვის ამ უფლების წართმევისა ან შეკვეცისა. მისი რეალიზაციის ადგილია დედამიწის ყველა წერტილი.

ადამიანის ამ უფლების უპირობო რეალიზაციის ადგილი არის მისი სამშობლო, დედამიწის ის ერთი ადგილი,

_ რომელსაც, როგორც მთელს, აქვს მორალური და პოლიტიკური ნება მოცემული ერის, როგორც ერის, უკვდავყოფისა და რომლის ეს ნებაც უმაღლესი განმსაზღვრელია _ ან, როგორც მინიმუმი, ერთერთი განმსაზღვრელია, _ ამ ადამიანის პოლიტიკური და მილიტარული ქმედებისათვის, და

_ რომლის მოსახლეობასაც, სახელმწიფოებრივად (იდეალურ შემთხვევაში) ან სხვა ფორმით ორგანიზებულს, (ან: მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ ერს ეკუთვნის) აქვს ამ ერის უკვდავყოფის და საამისოდ ადექვატური _ ორგანიზაციული ფორმის შექმნის ნება.

5. ადამიანის იმგვარ ადამიანურ უფლებათა მთელი რიგი, რომლებიც ქვესახეებია მისი ზოგადი უფლებისა, რომ არ იყოს ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის (და ჩაგვრის) ობიექტი, შესულია საერთაშორისოდ მიღებულ კონვენციებში და სხვა დოკუმენტებში, რომლებიც მსოფლიოს დიდი ნაწილის მიერ მიღებულია, როგორც სახელმძღვანელო ნორმები. ამ უფლებათა ადრესატები არიან ყველა ხელისუფლებანი სათანადო კონვენციებზე და სხვა დოკუმენტებზე ხელისმომწერი ქვეყნებისა, სადაც ცხოვრობენ განსხვავებული ეროვნების (ეთნიკური კუთვნილობის) ადამაინები უმცირესობების სახით, დიასპორების სახით ან ცალკეული ინდივიდების სახით.

ზემოთ ჩამოთვლილ “1-4” პუნქტებში დასახელებულ უფლებათა შორის უფლებადაცვით დოკუმენტებში დაფიქსირებულია _ ანუ უფლებადაცვითი მოძრაობის მიერ გაცნობიერებულია და ოფიციალურად ფიქსირებულია _ მხოლოდ “1”, ხოლო “2-4”, რომელიც სასიცოცხლოა და როგორც ზნეობრივად, ისე ზოგადად მენტალურად კრიტიკულია თანამედროვე ადამიანისათვის, ე.წ. “მასობრივი ადამიანის” ანუ რიგითი ადამიანის ჩათვლით, და რომელთა ხელყოფა საკუთარ ერთან მიმართებაში არა თუ პროტესტის აღმძრველია, არამედ გარდუვალად მამობილიზებელია საბრძოლველად ე.წ. ელიტარული ადამიანისათვის (ლაპარაკია ე.წ. გონებისა და სულის ელიტაზე), _ ამ მოძრაობის მიერ სრულად გაცნობიერებული და კოდიფიცირებული არ არის. ეს ვითარება ჩვენ მიგვაჩნია უფლებადაცვითი მოძრაობის დღესდღეობით არსებულ ფუნდამენტურ ხარვეზად, რომლის ლოგიკური შედეგი, მაგალითად, ის არის, რომ ადამიანის უფლებათა შელახვად ოფიციალურად არ არის აღიარებული რიგი ისეთი ხელყოფებისა, რომელნიც დიდი ალბათობით იწვევენ ეროვნულ (ეთნიკურ) დაპირისპირებას, სიძულვილს, დემოკრატიის და თვით სამართლებრიობის ნორმებისადმი დაპირისპირების ცდუნებას (“ფაშიზაციას”, კომუნისტური დიქტატურის “პოპულარიზაციას” და ა. შ.).

 

II. ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპები

პირველი პრინციპი: სახელმწიფო არის თავისუფლების ძირითადი ასპარეზი. სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, შენახვა და დაცვა ადამიანის თავისუფლების უმაღლესი გამოვლენაა.

სახელმწიფო (სადღეისოდ) არის პიროვნებათა თანაცხოვრების ის ერთადერთი ფორმა, რომელიც შეესაბამება ადამიანის, როგორც გონიერი, თავისუფალი და პასუხიმგებლობის ცნობიერებით აღჭურვილი არსების, ბუნებას. ადამიანი საკუთარი გონების კარნახით ადგენს (იაზრებს) კანონს, როგორც მოქალაქეთა ურთიერთობის ანუ მათი უფლება-მოვალეობების საუკეთესო (ოპტიმალურ) წესს, რომელიც ერთნაირადაა სავალდებულო ყველასათვის, და ამ თავისი აზრის შესაბამისად აძლევს ხმას სათანადო კანდიდატურებს არჩევნებში, აგრეთვე მონაწილეობს, თავისი ადგილისა და ფუნქციის შესაბამისად, კანონის განხორციელებაში და საკუთარ ქცევას ნებაყოფლობით წარმართავს ამ კანონის მიხედვით. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის შექმნაში (ყველას აქვს თითო ხმა) და ყველა ერთნაირად ემორჩილება მას. ეს, იმ ფაქტთან ერთად, რომ კანონის წინაშე მოქალაქე და სახელმწიფო თანასწორნი არიან, შეადგენს სახელმწიფოს სამართლებრიობას. კანონთა ხარისხი ქმნის სახელომწიფოს სამართლიანობის ხარისხს, აგრეთვე სახელმწიფოს გონივრულობის ხარისხსს. ამგვარად, სახელმწიფოს სამართლებრიობა და მისი კანონის სამართლიანობა (აგრეთვე, ცხადია, კანონის განუხრელი შესრულება) არის მოქალაქის სასიცოცხლო ინტერესი და უფლება. ყველასათვის გასაგები ტრადიციული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, სამართალი არის ადამიანის, როგორც მოქალაქის, ერთერთი პირველი მოთხოვნილება და სახელმწიფოს ერთერთი პირველი მოვალეობა მოქალაქის წინაშე.

 

უცხოელისაგან დამოუკიდებელი მონაწილეობა საკუთარი სახელმწიფოს შენებასა და მართვაში ამ წესით _ საკუთარი გონებითა და არჩევანით კანონის, როგორც საყოველთაოდ სავალდებულო ნორმის, მოაზრება და მისდამი ნებაყოფლობით დამორჩილება – არის ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება, მის მიერ თავისი თავის რეალიზაციისა და გამოვლენის ძირითადი სფერო (ფორმა). ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება ესაა და არა საკუთარი სხეულის ისე განკარგვა, როგორც მოეხასიათება, რაც სავსებით მისაწვდომია ცხოველისთვისაც, სქესობრივი აღვირახსნილობა, სასწავლო პროგრამების კვეცა და საკუთარი მდარე (დესტრუქციული) ინსტნიქტების აყოლა ყველა სხვა მახინჯ ფორმაში (ნაცვლად საკუთარი კონსტრუქციული, შემოქმედებითი, მამობილიზებელი სტიმულების აყოლისა, რასაც დღეს საქართველოში ხელოვნურად და ფართოდ გავრცელებული ანტიპედაგოგიური დემაგოგია ქადაგებს).

საზოგადოების მიზანია, ამ შეგნებით გაზარდოს თავის მოქალაქეთა ახალი თაობები (და არა დივერსანტული დესტრუქციული ყალბი პრინციპით, თითქოს ადამიანის თავისუფლება მდგომარეობდეს მის მიერ მოვალეობებზე თანდათანობით ხელის აღებაში, ზნეობის ტრადიციულ ნორმათა გადაგდებაში, სწავლის ტვირთისაგან მაქსიმალურ თავის გარიდებაში, უპირობო ჰედონიზმში, ფსიქოლოგიურ უსამშობლოობაში და ნაჰილიზმის სხვა ნაირსახეობებში).

მეორე პრინციპი: სახელმწიფო არის თავის მოქალაქეთა ინტერესების დამცველი, ამასთან, იგი მათი ერთადერთი დამცველია ყოველდღიური ცხოვრების მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგში.

ყველა სახელმწიფო, _ როგორც დემოკრატიული, ისე ნაკლებ დემოკრატიული – იცავს თავისი მოქალაქეების სასიცოცხლო და სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ინტერესებს. რამდენიმე კატეგორიის ინტერესებისათვის სახელმწიფო არის ერთადერთი დამცველი (სხვა სახელმწიფოებისაგან დაცვა, ეპიდემიებისაგან დაცვა, ეკოლოგიური დაცვა, დანაშაულებისაგან დაცვა და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან გრძელია). ეს ეხება ეკონომიკურ ინტერესბსაც, რომლებსაც მარტოოდენ თავისუფალი ეკონომიკის პრინციპით ცხოვრება, სახელმწიფოს აქტიური როლის გარეშე, ვერ იცავს. (მაგალითი: თურქეთში ელექტროენერგიის ერთერთი ყველაზე ძვირი ბაზარია. მარტოოდენ თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, მარტოოდენ თვითდინებაზე დამყარებული ეკონომიკის პირობებში საქართველოში წარმოებული მთელი ელექტროენერგია თურქეთში გაიყიდება, ხოლო საქართველოს მოსახლეობას, ფოსტას, საავადმყოფოს სრულებით არაფერი დარჩება. ამ ბედისაგან საქართველოს მოსახლეობის დაცვა არავის და არაფერს შეუძლია სახელმწიფოს გარდა).

შენიშვნა: ზეგანვითარებულსა და, პირველ ყოვლისა, სუპერსახელმწიფოებში, მაგ. ამერიკაში შესაძლებელია ისეთი კერძო კომპანიების არსებობა, რომელთა ეკონომიკური ინტერესი სავსებით ემთხვევა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს. (ეს კომპანიები მსოფლიოში ბატონობენ ამერიკული საზოგადოების ძლიერებაზე დაყრდნობით და ამით აძლიერებენ ამ უკანასკნელს. ამიტომ ამ კომპანიათა ძლიერება, იდეით, ყოველთვის მუშაობს ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ თავისივე ინტერესების შესაბამისად. მაგ. ამერიკაში მოარულია გამოთქმა “რაც კარგია, “ჯენერალ მოტორსისათვის”, ის კარგია ამერიკისათვის). საქართ¬ველოში ასეთი კომპანიები არ არსებობს და არცაა მოსალოდნელი, რომ იარსებოს ახლო მომავალში. ამიტომ პრინციპი, რომ სახელმწიფო მოსახლეობის ერთადერთი დამცველია ეკო¬ნომიკური ცხოვრების მრავალ სფეროში, საქართველოსათვის განჭვრეტად მომავალში ძალაში რჩება.

მესამე პრინციპია: სახელმწიფო არის ერთადერთი ორგანიზაციული ფორმა (ინსტიტუტი), რომლითაც საზოგადოებას (და, კერძოდ, ერს) ძალუძს თავისი დღევანდელი აქტივობა წარმართოს თავისივე ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების შესაბამისად, ანუ პრაქტიკულად განახორციელოს ის მცნება, რომ ერისა და ქვეყნის დღევანდელი ვითარება და ამოცანები უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ერთერთი ელემენტი მსოფლიოს სადღეისო სისტემისა, არამედ აგრეთვე როგორც ერთერთი მომენტი მოცემული ქვეყნის წარსული და მომავალი ისტორიისა. ამ მიზნის მიღწევისათვის ფასდაუდებლად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ზოგად მენტალიტეტს, კერძოდ, მასში ეროვნული ისტორიული პასუხისმგებლობის შეგნების დონეს. მაგრამ რაც უნდა მაღალი იყოს ეს დონე, თავისი პრაქტიკული რეალიზაციისათვის იგი მაინც საჭიროებს სახელმწიფოს, როგორც ქმედითს ორგანიზაციულ იარაღს – და ერთადერთ შესაძლო იარაღს – აუცილებელ მოქმედებათა ფართო სპექტრის განხორციელებისათვის, დაწყებული ომიდან (რაც ყოველთვის უაღრესად არასასურველია, მაგრამ ქვეყნისა და ერისათვის ყველაზე დიდი უბედურება არ არის) და დამთავრებული ყოველდღიური ღონისძიებებით, როგორიცაა იმიგრაციული პოლიტიკის რეგულირება, დემოგრაფიული პოლიტიკის რეგულირება, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განათლებისა და მისი ევოლუციის დაგეგმვა და უამრავი სხვა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არის ორგანიზაციული ფორმა ამ სახის ქმედებისათვის, იგი არის – აგრეთვე პირველ ყოვლისა, – ინიციატორი და სტიმულატორი საზოგადოების ძალისხმევისა ამ მიმართულებით, მისი გუშაგი და მასწავლებელი (თავის სათანადოდ აწყობილ ინსტიტუტთა სახით), განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სადღეისოდ სახელმწიფოებრივი აზროვნების ის სიმწიფე არა აქვს, რაც უწყვეტი დემოკრატიული ტრადიციის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საზოგადოებებს, როგორიცაა, მაგალითად, ინგლისისა და ზოგი სხვა.

მეოთხე პრინციპი: სახელმწიფო არის ერთადერთი (ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ძირითადი მაინც) ამრჩევი მოცემული საზოგადოების (ანუ ერისა და ქვეყნის) სტრატეგიისა მის მიზანსახვაში, რომელიც მიმართულია მსოფლიოს დღევანდელ სისტემაში ამა თუ იმ (შეძლებისდაგვარად მაღალი) ადგილის დაკავებისაკენ. ეს, შესაძლებელია, _ მაგრამ მხოლოდ შესაძლებელია, და არა უეჭველი _ ნაკლებად ეხებოდეს იმ ქვეყნებს, რომელთაც წამყვანი ადგილი მსოფლიოში უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე მოპოვებული აქვთ და რომელთა კურსი, შესაბამისად, დღეს პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ კერძო დეტალებში და არა ძირითადი მიმართულების მხრივ. საქართველო ამ სახელმწიფოთა, ქვეყანათა და ერთა რიცხვს არ ეკუთვნის: საქართველო დღეს არჩევანს ახდენს (უნდა ახდენდეს) თავისი მომავლის რამდენსამე რადიკალურად განსხვავებულ პერსპექტივას შორის, დაწყებული უინდუსტრიო, უგანათლებო, ეკონომიკური ხერხემლის არმქონე ე.წ. “მომსახურე ერის”, “მედუქნეებისა და ოფიციანტების ერის” მდგომარეობიდან და დამთავრებული მყარი სასოფლო-სამეურნეო ბაზის მქონე, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მქონე, განათლების თვალში საცემად მაღალი დონის მქონე და, დიდწილად, მაღალტექნოლოგიური სამრეწველო და მაღალინტელექტუალური “სოფტვეირის” რიგის პროდუქციის ექსპორტერი ქვეყნის მდგომარეობით. დღეს მსოფლიოს ყველა კარგად ორგანიზებული და მოსახლეობის ნების ამსახველი ხელისუფლების მმართველობაში მყოფი ქვეყნის ამბიცია სწორედ ეს არის, მათ შორის – ძალიან მცირე ქვეყნებისაც, და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ უკანასკნელთა თვალსაჩინო მიღწევებიც იშვიათი არ არის (ამის მაგალითად იკმარებს ფინელი ბავშვების წარმატებებიც საშუალო განათლების მადემონსტრირებელ არაერთ საერთაშორისო შეხვედრაში. ამისივე მაგალითია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რა დიდი როლი ითამაშა სამხრეთ კორეის სახელმწიფომ ამ ქვეყნის ჩამოყალიბებასა და ერთერთ აღმოსავლელ ინდუსტრიულ “ვეფხვად” გაზრდაში).

ამ პრინციპიდან, ისევე როგორც ზემოთ დასახელებული სამიდან, გამომდინარეობს საქართველოში სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, ეფექტიანობისა და ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში მისი აქტიური მონაწილეობის ხარისხის გაზრდის საჭიროება. უცხოური გრანტებისა და სხვა სახის ეკონომიკურ წახალისებათა განაწილების პროცესში გადამწყვეტი და დემოსტრაციული უპირატესობის მიცემა არასახელმწიფო ორგანიზაციებისათვის (ენ-ჯი-ოებისათვის) სავსებით გამართლებულია, ალბათ, ინიციატივის სტიმულირების თვალსაზრისით, მაგრამ ნაკლებ შედეგიანია ქვეყნის ჯამური ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ზოგადკულტურული წინსვლის თვალსაზრისით.

და ბოლოს, მეხუთე პრინციპი სახელმწიფოსადმი, როგორც ინსტიტუტისა და ორგანიზაციული ფორმისადმი, მიდგომისა საქართველოს დღევანდელ პირობებში გახლავთ ის, რომ სახელმწიფო აქტიური მოქმედება დღეს საქართველოს საზოგადოებისათვის აუცილებელია და შეუცვლელია, უფრო ზუსტად _ შეუცვლელი უნდა იყოს, თუმცა დღეს იგი ამ ფუნქციას სრულებით არ ასრულებს (პირიქით: სახელმწიფო აქტიურად დგას ეროვნული ქონების სრული და მიზანმიმართული განიავების გზაზე), როგორც ეკონომიკური სუბიექტი, რომელსაც მიზნად აქვს

_ ეკონომიკის საჭირო, მაგრამ დამოუკიდებლად ფეხზე დადგომის ნაკლები შანსის მქონე განხრების “ამოწევა” ან შექმნა

_ პირველი საჭიროების მარტივ საგანთა ადგილობრივი წარმოების დაუყოვნებლივ აწყობა და ამით იმპორტის მკვეთრი შემცირება

_ მეწარმეთა ხელშეწყობა (საგადასახადო კანონმდებლობის გზით და რეალური კონტროლის გზით) მათს კონკურენციაში იმპორტერებთან და მრავალი ანალოგიური სხვა, აგრეთვე (მაგრამ არა უკანასკნელ რიგში) – მომხმარებლის დაცვა მონოპოლიზმისაგან ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ უფრო დაბალფასიანი, მაგრამ მომგებიანი საკუთარი წარმოების აწყობის გზით (მაგალითი: საქართველოში დღეს გაბატონებული ორი სატელეფონო კომპანია – მაგთი და ჯეოსელი – მომსახურებას ყიდიან უფრო მაღალ ფასში, ვიდრე მსოფლიო ფასებია (და ვიდრე მათთვის მომგებიანია), რასაც მათ საკუთარ გარიგებასთან ერთად, ტელეფონშივე დასაქმებული მაფიაც აიძულებს. სახელმწიფო კომპანიის კონკურენცია (თუკი იგი შეიქმნება) აიძულებს მათ ხელი აიღონ მონოპოლიურ გარიგებებზე (თუკი ასეთი არსებობს) და ფასები მკვეთრად დაწიონ.

ყოველივე თქმული და აუარებელი სხვა ანალოგიური გარემოებები სრული უეჭველობით მოწმობს, რომ საქართველოში დღეს გავრცელებული იდეოლოგია, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფოს მიერ მართული ტელეარხები და სხვა საინფორმაციო თუ სადეზინფორმაციო საშუალებები _ თითქოს სახელმწიფოს ჩაურევლობა ქვეყნის ცხოვრებაში, პირველ ყოვლისა კი მის ეკონომიკურ ცხოვრებაში, არის დემოკრატიის საზომი, დემოკრატია კი მოსახლეობის ბედნიერების ერთადერთი საზომია, არის ყალბი.

პირიქით: რთული (ანუ განშტოებული) ეკონომიკა ყოველმხრივ უმჯობესია მარტივზე, ხოლო რაც უფრო წინ მიდის ეკონომიკა განშტოების, მაშასადამე, განვითარების გზაზე, მით უფრო დიდი ხდება მასში სახელმწიფოს როლი, როგორც წარმმართველისა და, ამის პარალელურად, როგორც ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის დღევანდელი და სამომავლო ინტერესებისათვის ფიქრობს. ამიტომაცაა (და ეს საანბანო ჭეშმარიტება გახლავთ), რომ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში მაქსიმალურია, ხოლო მინიმალური იგი იქაა, სადაც მაფიები ბატონობენ და სადაც ამ უკანასკნელთა ხელში დარჩენილი ეკონომიკა მოსახლეობას მარადიულ სიღატაკეში ტოვებს.

ციტირებული არგუმენტაცია არის საფუძველი საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის ამოსავალი დებულებისათვის: საქართველო (სომხეთი, საფრანგეთი, ჩინეთი…), როგორც დედამიწის ერთერთი ნაწილი, არის ქართველი (სომეხი, ფრანგი, ჩინელი…) ერის, როგორც კაცობრიობის ერთიერთი ნაწილის, ქვეყანა.

ამ ფუძე-დებულებას მოსდევს (რიგით მოჰყვება) სხვა დებულებები, რომლებიც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მიუცილებელ პრინციპებს გამოხატავენ (“საქართველოს (სომხეთის, საფრანგეთის, ჩინეთის) ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე”, “საქართველოს (სომხეთის, საფრანგეთის, ჩინეთის…) მიწაწყალი და მისი სიმდიდრე მარადიული საარსებო ბაზაა საქართველოს (სომხეთის, საფრანგეთის, ჩინეთის…) ყველა მოქალაქის შთამომავლობისათვის” და მრავალი სხვა) და მას ლოგიკურად მოსდევს სახელმწიფოს მიზანთა ოფიციალურ ჩამონათვალში შეტანა ობიექტური პირობების შექმნისა მოცემული სახელმწიფოს მარადიულყოფისათვის, როგორც

_ ამა და ამ საზღვრებში მოქცეული ქვეყნისა,

_ სახელის “საქართველო” (სომხეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) მატარებელი ქვეყნისა,

_ დამოუკიდებელი ქვეყნისა და

_ ქართული (სომხური, ფრანგული, ჩინური…) ქვეყნისა, ანუ თავის მოქალაქეებთან კონტაქტის სალიტერატურო ქართული (სომხური, ფრანგული, ჩინური…) ენით განმახორციელებელი ქვეყნისა,

აგრეთვე მოსდევს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო წესები პრაქტიკული მოქმედებისა, მაგალითად, ის, რომ თუ იმიგრაცია აღწევს იმ ზომას, რომ მოცემულ ქვეყანაში ის ერი, რომლის ქვეყანაც იგი არის უმცირესობაში მოქცევის საფრთხის წინაშე დგას, იმიგრაცია წყდება შემდგომი მოტივაციის გარეშე. ეს დებულება _ რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორია, როგორც დედამიწის ერთერთი ნაწილი, მოცემული ერის ქვეყანაა, როგორც კაცობრიობის ერთერთი ნაწილისა, თავისთავად ცხად ჭეშმარიტებათა, ე.წ. ევიდენტურ ჭეშმარიტებათა რიცხვს ეკუთვნის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი კითხვის ქვეშ არ დგება, უფრო ზუსტად _ არ უგულებელიყოფა მსოფლიო პროცესთა ძალიან დიდი მონაკვეთების მმართველი (ან: თანამმართველი) აზრისა და პრაქტიკის მიერ. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სამართალს ტენდენცია აქვს, არ დაუშვას რელიგიური პროზელიტიზმის (მივაქციოთ ყურადღება: პროზელიტიზმის, ანუ რწმენის გავრცელების, და არა კულტის აღსრულების) შეზღუდვა სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ უფლება მისცეს რომელსამე სექტას, სახელმწიფოში ავრცელოს ჯარში არწასვლის რელიგიური პროპაგანდა სახელმწიფოს თავდაცვითი, ანუ სადღეისოდ და სამომავლოდ სასიცოცხლო ამოცანების საზარალოდ.

ამ ტენდენციის ამოსავალი განწყობა და რწმენა არის ის, რომ ერი (და, მაშასადამე, მისი ისტორიული იარღიც, სახელმწიფო), არის არარა, არის შეზღუდულ ადამიანთა ილუზია, რომელსაც რაც მალე მოეღება ბოლო საპროპაგანდო საშუალებების გამოყენებით, მით უკეთესია კაცობრიობისათვის. როგორც ვცდილობდით გვეჩვენებინა ზემოთ, რწმენა სინამდვილეს არ ასახავს და ეს დამტკიცებადია მეცნიერების მიერ, თანამედროვე ჭეშმარიტად მკაცრად მეცნიერული ფილოსოფიის _ ფენომენოლოგიის ჩათვლით (მკაცრი მეცნიერული მეთოდიკების გამოყენება, კითხვარებისა და მათ შედეგად მიღებული სტატისტიკის ჩათვლით, ამ მიმართულებით დიდი წვლილის შემომტანი იქნება).

განვითარების პერსპექტივა, თუ გლობალური მასშტაბით მივუდგებით, ამ შემთხვევაში შემდეგია: ის, რომ ეროვნული ცნობიერება, სულისკვეთება და ინტერესი ადამიანისთვის, როგორც პიროვნებისთვის, ერთერთი უძირითადესია, არის ფაქტი. ვინც მას უარყოფს ან უგულებელყოფს, პერსექტივაში, მარცხდება (რადგან კაცობრიობა ერთი მმართველობის ქვეშ არასოდეს ყოფილა და არც ოდემე იქნება. კაცობრიობის ცხოვრების არსია, რომ იგი ურთიერთმეტოქე და მოჯიბრე ნაწილებისაგან შედგება). ისტორია მიდის _ და მუდამ ივლის _ ისე, როგორც შეესაბამება ადამიანის ჭეშმარიტ, ანუ რეალურ ბუნებას. შესაბამისად, კაცობრიობა ერებად დანაწილებული იცხოვრებს მანამდე, სანამ იგი არ აღმოჩნდება სხვა “კაცობრიობის” (ვთქვათ, უცხო პლანეტის მოსახლეობის) წინაშე, რომელთანაც მტრული, მოყვრული თუ მტერ-მოყვრული ურთიერთობის ამოცანა დედამიწელი კაცობრიობის შინაგან ზღვრებს ფსიქოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად წაშლის. ის ერი, რომელიც თავს შეინახავს ერად მანამდე, ამას მოესწრება, რომელიც არ შეინახავს _ ვერ მოესწრება. ცხადია, უფრო ბედნიერი ამათში ის არის, რომელიც მოესწრება, და არა ის, რომელიც წაიშლება იმის გამო, რომ ერის, როგორც ადამიანთა ერთობის ფორმის, არარაულობის ყალბ პროპაგანდას აჰყვა.

ის ფაქტი, რომ 1992 წლიდან, როცა საქართველო მსოფლიოს ერთა და სახელმწიფოთა სისტემაში შევიდა, საქართველოს არც ერთი ინიციატივა არ გამოუჩენია ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმების დადგენაში მონაწილეობის მიმართულებით, ანუ არც ერთი წინადადება არ წამოუყენებია იმ კონვენციებისა და სხვა უფლებადაცვითი დოკუმენტების ტექსტის თაობაზე, რომელთაც ხელს აწერს, უკიდურეს ინტელექტუალურ დეფიციტზე მეტყველებს. მაგრამ ქართველ საზოგადოებრიობას, რამდენადაც ვიცით, ეს დეფიციტი არ გააჩნია. ამიტომ მისი მონაწილეობა კაცობრიობის ამ პარამეტრის გააზრებაში უნდა იყოს აქტიური. მისი პოტენციალის გამოყენება ამ მიმართულებით ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა.

 

“საქართველო”

 2007

 

დატოვე კომენტარი