Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ისა კოძოევის წერილი

♥ მამულიშვილებს

kodzoev

 ინგუში მწერლის ისა კოძოევის წერილი

 ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და თითქმის ვეღარ ვიგებ რა ხდება.

მე ვარ ადამიანი წარსულიდან. წარსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანების მიმართ, მკაცრი იყო.

ამ ბრძოლას მხოლოდ რომანტიკოს-პასიონარები თუ წამოიწყებდნენ და გაუძლებდნენ. ეს სიტყვები დღევანდელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაცინვითაც კი გამოიყენება. მაგრამ მაშინ ჩვენ სიცილისთვის არ გვეცალა.

დიახ, ჩვენ ვიყავით რომანტიკოს-პასიონარები და ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო.

ჩვენ გვამოძრავებდა წმინდა სული, პრაგმატულობის გარეშე. და სული იყო ძლიერი. მან დაამხო კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი.

მე გადავწყვიტე ზვიადის დაბადების დღეს გამომეთქვა ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ, რომ ქართველები მე გამიგებენ.

“დროთა განმავლობაში შეიცვალა განგება კაცთა მოდგმის მიმართ და ადამიანის ევოლუციისათვის, ჭეშმარიტებისა და სიკეთის მცნების გარდა, საჭირო გახდა თავისუფლების შემეცნება და გათავისება”.

 (ყველა ციტატა აქაც და შემდგომ მოყვანილია ზ. გამსახურდიას სტატიიდან “კაცობრიობა დილემის წინაშე” 1993 წ. )

ჩვენმა ეპოქამ ჩაიარა როგორც ბედნიერმა სიზმარმა, როგორც პოეტის ბობოქარმა შთაგონებამ, როგორც ახლის დაბადების დღესასწაულმა. შესაძლოა, კავკასიელების ახალმა თაობამ ვერ გაგვიგოს იმ წლების ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ჩვენს გასასრესად გამზადებული იყო ორი ბეტონის ფილა. ერთი – კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი, ხოლო მეორე – რუსული შოვინიზმი.

გამუდმებული შიში იყო იმისა, რომ ეს ფილები ჩამოვარდებოდა და ხალხს ქვეშ მოიყოლებდა.

საზოგადოებას ამოძრავებდა შიში. ყველაზე მდაბიო, ცხოველური შიში – ღამე თბილი საწოლიდან წამოგდების, დაუნდობლად ცემის, წამების, ფეხის ქუსლებზე ჯოხით ცემის, მამაკაცებისათვის გენეტალიებზე გირების დაკიდების, ქალების გაუპატიურების, ბოთლებზე დასმის, ფრჩხილების ქვეშ ნემსების გაყრის, თითების დამტვრევის, დღეების განმავლობაში თვალებში კაშკაშა შუქის მინათების . . . შედეგად – “მოაწერეთ ხელი, რომ თქვენ გეგმავდით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას” – დახვრეტა და კირის ორმო.

სსრკ-ს არცერთი “მოქალაქე” არ იყო დაზღვეული მსგავსი შემთხვევისაგან.

ეს იყო საზოგადოებაში გამეფებული შიში, რომელიც ყველგან აღწევდა. ადამიანებმა, თითქმის ყველამ, ისწავლა ტყუილი. სიცრუე ითვლებოდა საბჭოთა ადამიანის ღირსებად და სიამაყედ. ის ვინც მოხერხებულად ცრუობდა იმედი ჰქონდა, რომ არ მოხვდებოდა სუკ-ის თვალთახედვის არეში.

საზოგადოებაში არსებობდა სრული უნდობლობა.

მე ვახსენე ორი ფილა. პირველი ეკიდა მთელი საბჭოთა კავშირის თავზე, როგორც “დამოკლეს მახვილი”. მეორე – “ნაცმენებზე”, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ არარუს მოსახლეობას.

აი, ასეთი ქვეყნიდან ვიყავით ჩვენ, მაშინდელი დისიდენტები, რომელთა რიცხვს ეკუთვნოდა სუვერენული საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია – დიდი განმათავისუფლებელი!

მე ვიცი, ძალიან ბევრს საქართველოში მოეწონება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას ღვაწლის ჩემეული შეფასება, რაც შემდგარი ისტორიული ფაქტია. საქართველოს აღორძინების საქმეში, ზვიადის მიერ გაღებული სისხლი წარუშლელ ფურცლად დარჩება ისტორიაში. არავის არ ხელეწიფება ზვიად-განმანთავისუფლებელის გადაგდება მისი დიდებული კვარცხლბეკიდან.

ქართველებო, მას უნდა დაუდგათ ქვის ქანდაკება. რა თქმა უნდა, მას ეს არ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს მომავალი თაობისთვის.

ზვიადი არ იყო ერთადერთი, ვინც იბრძოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის. ჭეშმარიტად არა. ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ იგი იყო ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის.

დიახ, ეს იყო ჩვენი რომანტიკული ეპოქა – მოკლე, ბედნიერი გაელვება, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა ჩვენი სუფთა გულებისა და მძიმე შრომისათვის.

მივმართავ ჩემს ზუგდიდელ მეგობრებს: “თუ თქვენ ცოცხლები ხართ, მეც მომიხსენეთ, თქვენი სულიერი ძმა და თანამესაკნე მორდოვიის დაწყევლილი ბანაკებიდან. მე თქვენ მახსოვხართ ყოველ წამს, ხოლო როცა ვიძინებ, მე კვლავ თქვენთან ვარ. ღმერთს გეფიცებით, ეს იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი ხანა – მე თქვენთან ერთად შევიგრძენი ჭეშმარიტი ბედნიერება. სხვა როგორც ჩანს, არც არსებობს დედამიწაზე. ადამიანები ისე არიან მოწყობილნი, რომ ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და ვერც იქნება”.

არ გამართლდა ოდესღაც სსრკ-ში დამკვიდრებული გამონათქვამი: “ბეტონის კედელს შუბლით ვერ გაანგრევ” – შეუპოვარმა მებრძოლებმა შეძლეს და შუბლით გაანგრიეს ბეტონის კედელი. გაჩნდა ნაპრალი თავისუფლებისაკენ და ამ ნაპრალს მიაწყდა ყველა. 70 წელი ტყვეობაში და უცებ – თავისუფლება! დათვრა, თავისუფლებას შეუჩვეველი ხალხი და ბევრმა უბედურება დაატრიალა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, მაგრამ წარსულს ვერ დავუბრუნდებით და არც უნდა დავუბრუნდეთ.

“ …… და ჩვენ, კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად გონიერი, კეთილი, უნივერსალური ძალის მიერ <…> . . . ჩვენ გვაქვს დიადი დანიშნულება, ამაღლებული მიზნები, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეის გულისათვის და არა მიწიერი კეთილდღეობისათვის, ჩვენ მსხვერპლი უნდა გავიღოთ”. ასე აღწერს ზვიადი იმ ძალის არსსა და მნიშვნელობას, რომელიც შთაგვაგონებდა შუბლით შევსკდომოდით ბეტონის კედელს.

“მსხვერპლად შეწირვა” – არის ის გრძნობა, რომელიც ამოძრავებდა იმ ეპოქის სულიერ თანამოძმეებს და ამიტომაც მათი ქმედება ზოგჯერ გონიერებისა და უგუნურობის ზღვარზე გადიოდა.

შესაძლოა, კავკასიელების ახალი თაობა ამას ვერც აცნობიერებს.

ზვიადი იყო ღრმად განათლებული და მოაზროვნე ადამიანი. იმ საზოგადოებაში, რომელშიც აღიზარდა: “ერთის მხრივ – სამოქალაქო თავგანწირვა, სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი ფასეულობების წამოწევა, ხოლო მეორეს მხრივ – ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, გულგრილობა ყოველგვარი უმსგავსობის მიმართ, სისტემატურად სინდისის საკუთარ სულში ჩახშობა, რომელიც სრულდება ამა თუ იმ საზოგადოებრივი სისტემისა თუ ცალკეული ადამიანის მიერ . . .… დისიდენტებმა აირჩიეს დილემის პირველი მხარე, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და მედგრობით. ალბათ, ასე ხდებოდა იმის გამო, რომ მათ შორისაც არიან ადამიანები, რომელთაგან ყველას არ აღმოაჩნდა ერთნაირი შორსმჭვრეტელობა და სიმამაცე, ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე მსხვერპლის გასაღებად”.

1989 წელი. თბილისი. საბჭოთა ჯარისკაცები თავს ესხმინ მშვიდობიან დემონსტრაციას. ხალხს ორლესულ ნიჩბებს ურტყამენ თავში. იყენებენ საშიშ-მომწამვლელ გაზს. ქუჩები სავსეა გვამებით, ხოლო საავადმყოფოები – მოწამლული ხალხით. ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა, რომ სხვა გზა არ იყო, გარდა თავისუფლების მოპოვებისა. ორი ეროვნული გმირი, ორი ლიდერი – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მათ ხალხი დარაზმეს იმისთვის, რომ კეთილშობილი ქართველი ერისთვის სამუდამოდ მოეშორებინათ სხვა ქვეყნის უღელი. ეს მხოლოდ გმირებს შეეძლოთ. ეს იყო სახიფათო ნაბიჯი.

ქართველი “სეპარატისტების” ქმედებით აღშფოთებულმა მიხეილ გორბაჩოვმა სატალეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებლობას მიიღებდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიების გარეშე. როგორც ჩანს, კრემლი იმ პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონებზე სერიოზულად არ ფიქრობდა. თუმცა, შემდგომ გადაწყვიტა უძველესი სახელმწიფო დაენაწევრებინა პატარა “სათავადოებად”: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი. მოსაზღვრე რაიონები მიეერთებინა სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის _ იყო ასეთი ქვეყანა საქართველო – და აღარ არსებობს. მაგრამ არ გამოუვიდათ, თუმცა ამისთვის კოლოსალური ძალისხმევა იყო ჩადებული. ღმერთი ზეციდან იყურება! ის არ დაუშვებს კეთილშობილი ერის განადგურებას.

მე ვესწრებოდი საქართველოს უმაღლესი საბჭოს იმ ისტორიულ სესიას, რომელზეც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, და ორჯერ გამოვედი სიტყვით. სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დამავიწყდება ის დღე. სესიის შემდეგ ზვიადისთან ერთად გამოვედით მიტინგზე. მსგავსს ვერასოდეს ნახავ – მილიონზე მეტი საქართველოს მაცხოვრებელი გამოსული იყო რუსთაველის პროსპექტზე. იქ იდგა თითქმის მთელი საქართველო.

მე მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ არა “ლავაშისა“ და “ჯინსებისათვის”, არამედ თავისუფლებისთვის.

მაშინ ჩვენ ყველა გვიყვარდა, ჩვენს სულში არავის მიმართ არ იყო მტრობა და სიძულვილი. ჩვენ ველოდით მსგავს დამოკიდებულებას რუსეთისგანაც, მაგრამ მწარედ შევცდით.

ზვიადს არ მისცეს მშვიდობიანი მუშაობის საშუალება, რათა გადაეწყვიტა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პრობლემები, რომელიც საკმაოდ იყო დაგროვილი. მას აღმოაჩნდა მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მოსკოვის დიასპორაში იქმნებოდა ანტიზვიადისტური კოალიციები. ბორის ელცინი ხელს უწყობდა მსგავს ფაქტებს. ჩვენთვის ნაცნობი სტრუქტურები ასწავლიდნენ და ამარაგებდნენ მომვალ მემბოხეებს.

1991 წლის 23 და 24 მარტს, ყაზბეგში, ბ. ელცინი სამუდამო მეგობრობას ეფიცებოდა ზვიადს. ქართველებმა მას მიართვეს უძვირფასესი ხმალი. აღფრთოვანებული ელცინი ხმლით ხელში ყვირობდა: “აბა, გამაგრდი მიშკა გორბაჩოვ”. იგი ძლივს დაამშვიდეს და კვლავ მაგიდასთან დასვეს. ამ შეხვედრას ვესწრებოდით ორი ინგუში – მე და სალამ ახილგოვი. ჩვენ სპეციალურად მიგვიპატიჟა ზვიადმა. მას უნდოდა ბ. ელცინთან ინგუშეთის საკითხზე მოლაპარაკება. ასევე, მონაწილობდნენ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი პირებიც. ამბობდნენ, რომ იმყოფებოდნენ ბ.ელცინის მიწვევით.

როდესაც ჩვენ ავდექით მაგიდიდან, ზვიდმა შეარჩია შესაფერისი დრო და ბ.ელცინი შეიყვანა პატარა კაბინეტში, სადაც მიუხედავად მისი თანმხლები პირების წინააღმდეგობისა, მეც ვიმყოფებოდი. შედგა მოკლე საუბარი. ჩვენ სამნი ვიყავით: ბორის ელცინი, ზვიად გამსახურდია და მე – ისსა კოძოევი.

მე მოკლედ ავხსენი ჩვენი თხოვნის არსი. ზვიადმა დამაჯერებლად დაამატა: “ბორის ნიკოლოზის ძევ, გადაწყვიტეთ ინგუში ხალხის საქმე სამართლიანად და ისინი თქვენ არ დაგივიწყებენ. მე ამას გთხოვთ მთელი ქართველი ხალხის სახელით”. აღნიშნულზე ბ. ელცინმა უპასუხა _ “ზვიად, მე ხომ უკვე დაგპირდი. ინგუშებო, ხვალ მე ნაზრანში ჩამოვალ”.

მე მართლაც დავუჯერე მას. ზვიადმა დამშვიდობებისას მითხრა – “ისა, იმედიანად იყავი! ნუთუ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვებს ჰაერში ისვრის?!”

აღმოჩნდა, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა კაპიკიც არ ღირს. ტყუილს მათთან “პოლიტიკა” ჰქვია.

მეორე დღეს, 24 მარტს, ბ. ელცინი მართლაც ჩავიდა ნაზრანში. თანხმობის მოედანზე იგი დაგვპირდა, რომ ინგუში ხალხის ბედი “სამართლიანად” გადაწყდებოდა. ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორ გადაწყვიტა. ვხედავთ, როგორ ესმით სამართლიანობა.

დღეს, ბორის ელცინი ცოცხალი არ არის. იგი გარდაიცვალა და თან წაიღო წყევლა ჩვენი ხალხისა, რომლის იმედიც 1992 წლის შემოდგომაზე სისხლში ჩაკლა.

ზვიად გამსახურდიამ “განთავისუფლებული” მოკავშირე რესპუბლიკების პრეზიდენტებთან ურთიერთობა ვერ დაამყარა. რატომ? იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტები – იმჟამად უკვე სუვერენული სახელმწიფოების მეთაურები – მანამდე ჯიბით ატარებდნენ სკკპ-ს ბილეთებს. იმიტომ, რომ მათ საკუთარი სულები, “სკამების” გამო, ეშმაკს მიჰყიდეს. როგორც ცნობილია, თუ ეშმაკი ერთხელ იყიდის ვინმეს სულს, უკან აღარ აბრუნებს. ისინი ისევ ემორჩილებოდნენ კრემლიდან თავიანთ “სუზერენს”. იგი მათ უკრძალავდა ურთიერთობას დაუმორჩილებელ რესპუბლიკასთან, სადაც პრეზიდენტი იყო სუფთა ადამიანი, რომელიც არ იყო გასვრილი ათეისტი-კომუნისტის ბილეთით – თავისუფალი რესპუბლიკის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, კავკასიელი დემოკრატი. მე ხაზს ვუსვამ, იგი იყო არა უბრალოდ დემოკრატი, არამედ კ ა ვ კ ა ს ი ე ლ ი დემოკრატი და ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი. მე ვერც კი წარმომიდგენია ზვიადი კომუნისტებიდან დემოკრატებად გარდაქმნილ ადამანთა შორის. ზვიადი ბრწყინავდა თავისი სიწმინდითა და კეთილშობილებით. იგი გახდა მოწამე თავისი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იგი მოვიდა, როგორც განმათავისუფლებელი და თავისი მისიის შესრულების შემდგომ, ღმერთმა თავისთან წაიყვანა. ალბათ, მსგავსი პრეზიდენტების დრო ჯერ არ დამდგარა.

1977 წელს ზვიად გამსახურდიამ დაწერა სტატია “კაცობრიობა დილემის წინაშე”, საიდანაც მომყავს ამონარიდები და ციტატები.

ეს არის ძალიან კომპაქტური ტრაქტატი, სადაც თეზისებად აქვს ჩამოყალიბებული თავისი სწავლების ძირითადი დებულებები საზოგადოების განვითარების შესახებ.

“კაპიტალისტურ ქვეყნებში ადამინებმა უნდა მოახერხონ გათავისუფლება სნობიზმისგან, კომფორტის სიყვარულისაგან და გამორჩენის კულტისაგან. ხოლო სოციალისტურ ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დაძლიონ შიში, ვიწროეგოისტური ჩაკეტილობა, ასოციალურობა, სამოქალაქო დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფილება, აგრეთვე თავის მოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით.

შენ სეირნობ დიდი ქალაქის ქუჩებში, სარგებლობ კომფორტით, მსახურობ, მოგზაურობ საზღვარგარეთ, “აფრქვევ ოპოზიციურ აზრებს” მეგობრების ვიწრო წრეში. სიტყვებით – გმირი ხარ, ხოლო საქმით –თავს არიდებ თავისუფლებისთვის ბრძოლას. <…> შენ სულ არ გადარდებს ბედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ბანაკებსა და ციხეებში იმყოფებიან, კლავენ, აავადებენ… . . .… თანდათანაბოთ ასეთი ცხოვრების წესს მიჰყავხარ დეგრადაციისკენ, ამორალურობისკენ. შესაძლოა, ბოლოს შენ შეგძულდეს შენი თანამოძმე, რომელიც იბრძვის სიმართლისა და სიკეთისათვის. შენ მისთვის იგონებ სხვადასხვა განსაზღვრებას: “უცნაური”, “დონ კიხოტი”, “პოზიორი”. იქექები მის წვრილმან ნაკლოვანებებში და აკრიტიკებ. მოკლედ, გინდა დაამტკიცო შენი გზის სამართლიანობა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავხარ. < > მაგრამ სამართლიანობის საკურთხეველზე შენი სიცოცხლის დადება, უეჭველად მიგიყვანსს სიკეთისა და სიმართლის სათავესთან – ღმერთთან!”

ეს არის ზვიადიზმის ძირითადი პოსტულატი – სიმართლისათვის მსხვერპლშეწირვა. ეს კავკასიური პასიონარიის ძირითადი იდეაა.

თქვენ ქართველებო, შტორმის დროს გემზე მყოფი ადამიანების მსგავსად, ბორტიდან ბორტს ეხეთქებით. ყველფერს ამ ქვეყანაზე აქვს დასასრული და ჩვენს უბედურებასაც ბოლო მოეღება. შვებით ამოვისნთქავთ და დავუბრუნდებით ზვიად-განმათავისუფლებლის სწავლებებს.

დაე, იყოს ღმერთი კეთილი და მოწყალე ჩვენს მიმართ.

2 Responses to “• ისა კოძოევის წერილი”

  1. გურამი said

    ერთის მხრივ, ძირმომპალი ბოროტების იმპერია რუსეთისა (მთელს მსოფლიოში მიმობნეული აგენტ-მარიონეტებით) და, მეორეს მხრივ, პუტჩისტი შევარდნაძე (თავისი ბინძური მოქ-ნაც-ქოსატყუილა ივანაშვილის მსგავსი ბინძური ნაგროთი) მოლოდნელად და მყისიერად წარიხვეტებიან ვითარცა “…მტვერი, რომელი აღგავის ქარმან პირისაგან მიწისა…” (ფს.1).
    რაც ეხება სააკაშვილის მხრიდან თავისუფალი საქართველოს შემომქმედთამი დამოკიდებულების თავის დროზე პირუთვნელად არგამოხატვას , იგი სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად განაპირობა პუტჩისტი შევარდნაძის კალთაში მისმა ერთხანს თბილად წამოგორებამაც და ვარდების რევოლუციის რუსების მხრიდან ფარისევლურმა მხარდაჭერამაც.
    საყოველთაოდ ცნობილია აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავის დროზე სააკაშვილმა უგულებელჰყო ჭეშმარიტი სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა და არ მისცა მსვლელობა რუსეთუმე პუტჩისტ სამხედრო დამნაშავეთა საქმეების გამოძიებას, რიკოშეტი-პასუხის სახით კი მათგანვე მიიღო პუტინის ხელწერისეული ამჟამინდელი ფარსი “სამართლიანობის აღდგენისა”, რაც საბოლოო მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ოპონენტთა მარგინალიზაციას და საბჭოურ-რუსული ტიპის ავტორიტარიზმის გაპარპაშებას და, მეორეს მხრივ კი, მცოცავ რეჟიმში საქართველოს უკან შებრუნებას რუსული მონობის უღელში.
    კგბ-ს მარიონეტ შევარდნაძის მიერ ტირაჟირებული საერო კაცუნებისა და კგბ-ს მოშიშ საეკლესიო ტიკინას მიერ მომრავლებული სულიერი კაცუნების სიმბიოზმა ჩამოაყალიბა დღევანდელი ეროვნული ნიჰილიზმის ატმოსფერო იმ სულსწრაფ მოქალაქეთა შორის, რომელნიც მოიმედენი არიან ახლა და აქვე ერთი კაცისა ან დაწინაურებულ კაცთა ჯგუფისა(სულერთია ვინ იქნებიან ისინი – თვითმარქვია პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, პატრიარქი, ეპარქები, სპიკერები, პარტიიების თუ კოალიციების ლიდერები, ძლიერი მოკავშირეები…) და არა სამართლიანი საღმრთო განგებულებისა.
    ამ მოქალაქეებს ავიწყდებათ, რომ 200 წლიანი რუსული მონობის სინდრომით არიან სასიკვდილოდ ინფიცირებული და აღთქმულ თავისუფალ, გამთლიანებულ საქართველოში ისევე ვერ შევლენ, როგორც ვერ შევიდა ბიბლიურ აღთქმულ ქვეყანაში ებრაელების ის თაობა, რომელიც 400 წლიანი ეგვიპტური მონობის სინდრომით შეპყრობილი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ 40 წელი უგზოუკვლოდ და უშედეგოდ დაბორიალობდა უდაბნოში.
    აღთქმულ თავისუფალ ქვეყანაში კი მაშინ მოხვდნენ და ახლაც მოხვდებიან მხოლოდ მონური სინდრომისაგან თავისუფალი თაობები.
    სწორედ ამიტომ უპრიანია დამოუკიდებელ საქართველოში 9 აპრილის შემდგომ შთასახულ, დაბადებულ და აღზრდილ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ გაემიჯნონ 200 წლიანი რუსული მონობის სინდრომით შეპყრობილ მამა-პაპათა(როგორც საეროთა ასევე სასულიეროთა) სასოწარკვეთილ განწყობას და ღირსეულად იპყრან ხელთ დამოუკიდებელი და ღირსეული სამშობლოსათვის 1989 წლის 9 აპრილს სისხლდანთხეულ მამულიშვილთა საბრძოლო დროშა.

    Like

  2. jaba melkadze said

    “batoni” bidzinas xelebicaa gasvrili zviadis sisxlit da ese rogor daylevda es eri, temur lengis ert dros 8-jer momgeriebeli, rom lamisaa bidzina elcinashvilis sudnod ikces!..

    Like

დატოვე კომენტარი