Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აფაქიძე– დამწერლობა

♥ დამწერლობა – Geo Alphabet

ანდრია აფაქიძე – ქართული დამწერლობა

 

უკანასკნელი ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები საინტერესო მასალას ამჟღავნებენ საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, უძველესი დამწერლობის ნიმუშების გავრცელების გამოსარკვევად. ჯერ კიდევ ოცდახუთიოდე წლის წინ მიიქცია ყურადღება თრიალეთის ზეგანზე, სოფ. ბეშთაშენში აღმოჩენილმა ადრებრინჯაოს ხანის თიხის ჯამმა, რომლის ზედაპირი გაკრული ხელით ნაკაწრი გამოხატულებებით – პიქტოგრამული სახეებით იყო შემკული (1). უფრო გვიან სოფ. ოზნში აღმოჩნდა ორი ჯამი, შემკული ხუთი გეომეტრიული ნიშნით, რომელთაგანაც ორი სავსებით ერთნაირია (2).

თრიალეთში აღმოჩენილ ნიშანთა მსგავსებამ პროტოელამური დამწერლობის ნიშნებთან წარმოშვეს საფუძველი მოსაზრებისათვის, რომლის თანახმად, ოზნის ჯამებზე შესაძლოა აზრის ნიშნებით გადმოცემის ცდასთან გვქონდეს საქმე (3).

ასევე უჩვეულო მოყვანილობის ნიშნებითაა შემკული ახალციხის ამირანის გორაზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი. ამ შემთხვევაში ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ ჭურჭლის შემკულობა მკვეთრად განსხვავდება ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი სამკაულისაგან. ეს სამკაული ხატოვანი დამწერლობის ნიშნების ერთგვარ მიბაძვას უნდა წარმოადგენდეს (4).

ამრიგად, მესხეთ-ჯავახეთშიაც გაჩნდა თრიალეთის პიქტოგრამულ ნიშანთა ტიპის ხატოვანი გამოსახულებები და თანაც მათი თანადროული.

სულ ახლახან ისევ თრიალეთში, გომარეთის ზეგანზე შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხის (ყორღანის) გათხრისას თავი იჩინა ქვაზე ნაკაწრ ნიშანთა დიდმა ჯგუფმა. მაგალითად, ზურტაკეტის მესამე გორასამარხის კედლებში 60-ზე მეტი ნიშნიანი ქვა იყო ჩატანებული, ხოლო მეოთხე გორასამარხში 120-ნიშნიანი ქვა აღმოჩნდა. ამ ქვებზე ამოკაწრულ ნიშანთა შორის გვხვდება სამკუთხედები, რომბები, კვადრატები, წიწვიანი სახეები, ხარის სქემატური გამოსახულება და ა.შ. შესაძლებლად მიიჩნევენ ეს ნიშნები დაკავშირებული იყოს რაიმე მაგიურ ან რიტუალურ წესთან (5).

ბუნებრივია, რომ თიხის ჭურჭლებსა და ქვებზე გამოყვანილი ნიშნები სპეციალისტთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, პირველყოვლისა იმის გამო, რომ ამ ამონაკაწრთა თუ ”ნაწერის” ერთი ჯგუფი შეიძლება სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგენდეს ან ყოველი მათგანი შესაძლოა ცალკე ცნებას გამოხატავდეს ისევე როგორც არქაული დამწერლობის სხვაგან (ურუქი, ჯემდეთ-ნასრი, ური და ა. შ.) აღმოჩენილი მეტ-ნაკლებად მსგავსი ნიშნები. ამგვარად, შეიძლება თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში აღმოჩენილ სიმბოლურ ნიშნებში დამწერლობის ჩანასახი ვივარაუდოთ (6). რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი ითქმის ამ ნიშნებით გადმოცემულ ცნებათა ფონეტიკური ფორმების შესახებ და ასევე შეუძლებელია მათი დანამდვილებით დაკავშირება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან. თავისთავად დიდი მნიშვნელობისაა აღმოჩენილი ნიშნების სიმრავლე, ფართოდ გავრცელება და ხანგრძლივი გამოყენება.

ხატოვანი დამწერლობის თუ ცნებათა სიმბოლური ნიშნები ახლა ცნობილია კავკასიის სხვა კუთხეებშიაც. ისინი ამასთანავე ზოგადად ერთდროულია. ასეთია, მაგალითად, კობისტანის ცნობილი გამოსახულებანი აზერბაიჯანში და, როგორც ჩანს, უკანასკნელი წლების აღმოჩენები სომხეთში – მეწამორის ნამოსახლარზე. მეწამორში კლდეზე გამოყვანილ გამოსახულებათა შორის მიუთითებენ იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებს (7).

ამრიგად, სულ უფრო და უფრო ფართოვდება ხატოვან ნიშანთა აღმოჩენის წრე კავკასიაში. რამდენად სწორია დღემდე გამოთქმული ვარაუდები, ვინ იცის, მაგრამ ქვებსა და თიხის ჭურჭლებზე ”ნაწერი” ნიშნები თუ ”ხატები” მეტ ყურადღებას დამწერლობის ისტორიის თვალსაზრისით განხილვასა და შესწავლას იმსახურებენ. საუბარია ხატოვანი – პიქტოგრამული დამწერლობის შესახებ, რომლის არსებობა კავკასიაში ამ სამი-ოთხი ათასი წლის წინ არ შეიძლება გამოირიცხოს.

საკუთრივ ანტიკური ხანის საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, დამწერლობის არსებობისათვის საყურადღებო ჩანს ძვ. წ. IV-III სს. ავტორის – პალეფატეს თხზულებიდან მომდინარე ცნობა, რომელსაც გადმოგვცემს ანონიმური ავტორი მითოგრაფიული ტრაქტატის ერთ-ერთ თავში: ”ოქროს საწმისისავჳს”. აქ ნათქვამია, რომ კოლხეთში დაცული იყო არა ოქროს საწმისი, არამედ ტყავზე ნაწერი წიგნი, რომელშიაც აღწერილი იყო ქიმიის საშუალებით ოქროს მიღების შესაძლებლობანი. კოლხეთის ოქროს საწმისის ანალოგიური განმარტებაა შემონახული იოანე ანტიოქელთანაც (VII ს.) და სვიდას (I ს.) ლექსიკონშიაც (8). ამ ცნობებში განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ ბერძენთა წარმოდგენით ქართულ (კოლხურ) დამწერლობას ასე ძველი ფესვები აქვს.

კიდევ უფრო ადრინდელ ვითარებას ასახავს აპოლონ როდოსელის “არგონავტიკაში” დაცული პირველი ცნობა ძველ ქართველ ტომებში (კოლხებში) არსებული დამწერლობის შესახებ (9). ესაა ეპიზოდი, როდესაც ფრიქსესა და აეტის ასულის ქალკიოპეს უფროსი ვაჟი არგოსი კოლხეთიდან ელადისაკენ მიმავალ არგონავტებს მოუთხრობს აიას დაარსების ამბავს და მონათხრობს თითქოს ასაბუთებს იმით, რომ კოლხებს “შენახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კჳრბები, რომლებზედაც მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი (10).

კჳრბების საკითხი კვლავ საკვლევია, მაგრამ შესაძლებლად თვლიან, რომ აპოლონ როდოსელის ეს ცნობა ძველ კოლხეთში დამწერლობის არსებობის მაჩვენებლად მიიჩნიონ (11). თუმცა, არაფრის თქმა არა ხერხდება თვით დამწერლობის ხასიათის შესახებ და, მიუხედავად მრავალჯერ განხილვისა, ისევ ვარაუდის სფეროში ვრჩებით. როგორც ჩანს, დღეისათვის შედარებით აშკარაა, რომ კჳრბებს რუკის მაგივრობის გაწევა შეეძლოთ და, იქნებ, ეს უძველესი ქართული რუკაც იყო იმავე დროს ქართული (კოლხური) დამწერლობის უძველესი ნიმუშიც.

გარესამყაროსთან გაცხოველებული ურთიერთობის შედეგად ანტიკური ხანის საქართველოში ფართო გამოყენება პოვა დამწერლობის უცხოურმა – ბერძნულმა და არამეულმა სისტემებმა. როგორც ცნობილია, ამ დამწერლობითა და ამ ენებზე ჩვენამდე მოაღწია ანტიკური საქართველოს არაერთმა საყურადღებო ძეგლმა.

აღმოჩენილ წარწერათა შორის გვხვდება ბერძნული, არამეული და, აგრეთვე, ზოგჯერ ებრაულიც. გამოირჩევა სამშენებლო წარწერები, ეპიტაფიები, წარწერები ხელისუფლების ნიშნებზე (ინსიგნიებზე), სამკაულზე და ვერცხლის ჭურჭელზე. ერთ შემთხვევაში ვარაუდობენ საზეიმო სტელას, აღმართულს დედაქალაქის (მცხეთის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილში, რომელიც მოგვითხრობს ქართველთა მეფის დიდ გამარჯვებათა შესახებ.

ჯერ კიდევ ასი წლის წინ (1867 წ.) მიიქცია ყურადღება ახ. წ. 75 წელს შესრულებულმა ბერძნულმა წარწერამ, რომელშიაც მოთხრობილია, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანე ავგუსტუსმა, იმპერატორმა ტიტე კეისარმა ავგუსტოსის ძემ და დომიციანე კეისარმა ავგუსტოსის ძემ ქართველთა მეფეს მითრიდატეს, ფარსმანისა და იამასასპოის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ქართველ ხალხს გალავანი გაუმაგრეს (12). ვესპასიანეს წარწერა ახ. წ. 75 წლისა ანტიკური ხანის ერთადერთი სამშენებლო წარწერაა აღმოჩენილი მცხეთაში.

მცხეთაში აღმოჩენილი საფლავის ქვის წარწერები ძალიან საყურადღებო ცნობებს შეიცავენ ქალაქური ცხოვრებისა და სახელმწიფო წყობის საკითხების შესასწავლად. ასეთია მაგალითად, მცხეთაში სამთავროს ველზე 1938 წელს აღმოჩენილი საფლავის ქვის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს, რომ იქ განისვენებს მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი ავრელი აქოლი მის მეუღლესთან – ბევრაზურიასთან ერთად (13). საგანგებო ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ წარწერაში მოხსენიებული ავრელიუს აქოლისი (ან ავრელი აქოლი) პროფესიით ყოფილა მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი (14).

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა იმასა აქვს, რომ მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ინსტიტუტი არსებულა ანტიკური ხანის საქართველოს ძველ დედაქალაქში. ეს ქალაქური ცხოვრების განვითარების მჭევრმეტყველი მანიშნებელია არა მხოლოდ ახ. წ. III-IV საუკუნეებში, ე.ი. წარწერის შესრულების ხანაში, არამედ გაცილებით უფრო ადრე, ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც (15). დამახასიათებელია, რომ თვითონ ტერმინი არქიძოგრაფოს (“მხატვართუხუცესი”), როგორც აღნიშნავენ, ბერძნულენოვან წერილობით ძეგლებში არ გვხვდება XII საუკუნემდე და ის ადგილობრივი საჭიროებისათვის უნდა იყოს საგანგებოდ შექმნილი მცხეთაში არსებული თანამდებობის პირის სახელოს გამოსახატავად (16). ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ბერძნული ტერმინი გაჩენილია ადგილობრივი წარმომავლობის თანამდებობის აღსანიშნავად. ქართული წოდებულობის “მხატვართუხუცესის” ბერძნულად თარგმნის გზით. შედარებით უფრო ღარიბია მცხეთაში აღმოჩენილი ორი ებრაულწარწერიანი საფლავის ქვა, რომელთაც IV-V სს. მიაკუთვნებენ. ისინი რაიმე მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას არ გვაძლევენ, მაგრამ იმას კი უჩვენებენ, რომ მცხეთაში მართლაც ისმოდა, როგორც ჩანს, ებრაული და მართლაც არსებობდა ებრაელების კვარტალი.

საფლავის ქვებზე ამოკვეთილთაგან საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1940 წელს არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნის თხრისას აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში “არმაზის ბილინგვის” სახელითაა ცნობილი.

არმაზის ბილინგვა ამოკვეთილია ქვიშაქვის დიდ ლოდზე, შესრულებულია კარგად; ასოები თითქმის თანაბარია, კარგად განაწილებული და, თანაც, ადვილად იკითხება. სტელის ზედა ნაწილზე ბერძნული ტექსტია ამოკვეთილი, მის ქვემოთ კი – არამეული. ბერძნული ტექსტის თარგმანი ასეთია:
სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოჲსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთისა წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა” (17).

ამ ორენოვანი წარწერის მეორე, არამეული ასოებით შესრულებული ტექსტის თარგმანი კი ასეთია: “მე (ვარ) სერაფიტი, ასული ჯავახ მცირისა, პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მოპოვებული ეზოჲსმოძღურის ხსეფარნუგ მეფისა – ძისა აგრიფა ეზოჲსმოძღუარისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის, ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო (მისი) მსგავსი სილამაზით. გარდაიცვალა 21 წლისა” (18). არმაზის ბილინგვა მრავალმხრივ საყურადღებო გამოდგა. იგი უძვირფასეს მასალას იძლევა ამ დროის ქართლის სახელმწიფოებრივი წყობის, პოლიტიკური ისტორიისა და სხვ. შესასწავლად (იხ. ზემოთ).

მცირე წარწერათა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფია “დიდ მცხეთაში” აღმოჩენილი. ამათგან, როგორც აღინიშნა, ბევრი ბეჭდის თვლებზეა ამოკვეთილი, რამდენიმე კიდევ – მინისა და ვერცხლის ჭურჭელზე. ორივე ჯგუფშია აღმოჩენილი ისტორიულად მნიშვნელოვანი წარწერა. ასე მაგალითად, არმაზისხევის ერისთავთა (პიტიახშთა) სამაროვნის პირველ სამარხში აღმოჩენილ საერისთავო ბეჭდის თვალზე ამოკვეთილ მამაკაცის მკერდსზედა გამოსახულებას შემოუყვება ბერძნული ნეგატიური წარწერა: ასპარუკის პიტიაქსეს – ასპარუგ პიტიახში. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლების ნიშანია – საერისთავო საბეჭდავია, რომელზედაც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მოხელის გამოსახულებაც არის შემონახული, სახელიცა და თანამდებობაც.

იმავე სამარხში აღმოჩენილ საერისთავო ოქროს სარტყლის ერთ-ერთი ბალთის თვალზე ქალ-ვაჟის პირისპირა პორტრეტულ გამოსახულებას შემოუყვება ინტიმური შინაარსის ბერძული წარწერა: “ჯავახი სიცოცხლეა ჩემი – კარპაკ” (19).

ასევე საყურადღებო აღმოჩნდა ვერცხლის ჭურჭლებზე გამოყვანილი წარწერები. ერთი მათგანის წყალობით არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნის მესამე სამარხი ბერსუმა პიტიახშს მიეკუთვნა. ამ სამარხში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგრის ფსკერზე ბერძნულად აწერია: ”მე, მეფე ფლავიოს დადემ ვაჩუქე ბერსუმა პიტიახშს” – იგულისხმება ეს ლანგარი (20). (მეორე წარწერა, რომელიც ქართულად მიაჩნიათ, მოთავსებულია ფსკერის შუაგულში, წრით შემოვლებულ არეში, იგი შეიცავს ორ ასოს, რომლებიც აღნიშნავენ პატრონის ინიციალებს– ბ ქ )

ამ სამოციოდე წლის წინ ზესტაფონთან ახლოს, სოფ. ბორში აღმოჩენილ იმავდროულ ვერცხლის თავზე ამოკაწრულმა წარწერამაც გაგვაცნო “პიტიახში, ბუზმიჰრ კეთილი” (21), ხოლო არმაზისხევის მეორე სამარხში ნაპოვნი ვერცხლის ჯამზე გამოყვანილი ფალაური წერტილოვანი წარწერა გვამცნობს, რომ ”ფაფაკ პიტიახში ღვთაებრივი არდაშირისა, ღვთაებრივი ფაფაკის ძისა გურზან ქვეყნის პიტიახშს არზამეს უძღვნის” ვერცხლის პინაკს, რომლის ფსკერზე სასანიანთა მმართველი დინასტიის წარმომადგენელი, შესაძლოა, თვით ფაფაკი იყოს გამოსახული (22).

ახ. წ. დამდეგის საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების გასათვალიწინებლად დიდად საყურადღებო ცნობები ჩანს დაცული არმაზისხევის ერთენოვან წარწერაში, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ გამარჯვების სტელად (23). წარწერა არამეული ასოებითაა შესრულებული, მაგრამ გადაშლილი და დაზიანებულია, რის გამოც მისი ამოკითხვა დიდ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული. აკად. გ. წერეთელმა გამოაქვეყნა ამ წარწერაზე მის მიერ წარმოებული მუშაობის შედეგები (24). წარწერის პირველი სამი სტრიქონის თარგმანი ასეთია: “მეფე მითრიდატე, მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, მეფისა დიდისა. მე შარაგასმა, ძემ ჯავახ უფლისამ, მე შარაგასმა, პიტიახშმა მითრიდატ მეფისა, სიტყვა და ასეთი სიტყვა წარმოვთქვი…” (25). ამას გარდა, როგორც ირკვევა, წარწერაში საუბარია საქართველოს მეზობელი ქვეყნის ვითარებაზე, სხვადასხვა ადგილებისა თუ ქვეყნების დაპყრობაზე და მრავალრიცხოვან გამარჯვებაზე, რაც ქართლის მეფეს მოუპოვებია. წარწერაში ნახსენებია სამი გამაგრებული ადგილი, რომელიღაც სხვა ციხეები და სომხეთი. თითოეული გამარჯვების ანუ ლაშქრობის თხრობა მთავრდება სიტყვებით: “ეს გამარჯვებანი ჩვენმა მეფემ მოიპოვა”. წარწერა მოგვითხრობს აგრეთვე ხალხის მღელვარებათა შესახებ, ახსენებს ასპარუგს. აქ გვხვდება ნიშანი, რომელიც მოგვაგონებს იმდროინდელი დიდი თანამდებობის პირის ხელისუფლების სიმბოლოს. ტექსტი გამარჯვების აღნიშვნით მთავრდება.

გ. წერეთელი მიიჩნევს, რომ წარწერა ეხება იბერიის სამეფოს მმართველთა ძლევამოსილი ომების, ხალხის მღელვარებათა და აჯანყებათა ხანას. შესაძლებელია აქ იყოს გამოძახილი იმ ამბებისა, რაც ახ. წ. I საუკუნეში იბერიასა და სომხეთში მოხდა, რომელსაც უკავშირდება ფარსმანის, მითრიდატეს და რადამისტის (26) სახელები.

ასეთია უმთავრესი ჯგუფი ანტიკური ხანის წარწერებისა საქართველოში.

აღმოჩენილი წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ ანტიკური ხანის ქართლში (იბერიაში) გამოიყენებოდა ბერძნული და არამეული დამწერლობა, ე.ი. ამით ხდებოდა აქ იმ დროის ოფიციალური დოკუმენტების შედგენა. რაკი ასეა, მოულოდნელი არ უნდა იყოს ბერძნული წარწერა ასპარუგის საერისთავო ბეჭედზე და არამეული – გამარჯვების სტელაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძნელდებოდა “სხვათა ენაზე” წერა და უნაკლოდ ვერ შეუსრულებიათ ის დახელოვნებულ წარმწერელთაც კი (მხედველობაშია ბილინგვის მეორე – არამეული ასოებით შესრულებული წარწერა, რომელსაც “მდარე” არამეულადაც კი მიიჩნევენ) (27).

არამეული ასოებით შესრულებულ წარწერათა შესწავლის შედეგად კულტურის ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებო საკითხები წამოიჭრა. სახელდობრ, მოხერხდა გამოყოფილიყო არამეული დამწერლობის ახალი შტო, რომელსაც აკად. გ. წერეთელმა “არმაზული დამწერლობა” უწოდა (28). ამასთანავე მოხერხდა ქართულ და არმაზულ დამწერლობას შორის შეხვედრის დადგენა. საინტერესოა, რომ აკად. გ. წერეთლის აზრით, ქართული ,, და ზოგიერთი სხვა ასო “ამჟღავნებენ გაცილებით უფრო მეტ არქაულობას, ვიდრე არმაზული ნიშნებია და თვით წარმოადგენენ პროტოტიპს, საიდანაც წარმოიშვა სათანადო არმაზული ნიშნები. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ქართული დამწერლობა, როგორც არმაზული დამწერლობის განვითარება. ის მხოლოდ მონათესავეა მისი და მასთან ერთად წარმოდგება საერთო წყაროდან – არამეულიდან“ (29).

 ამრიგად, ირკვევა, რომ ზოგიერთი ქართული ასო ამჟღავნებს გაცილებით უფრო მეტ არქაულობას, ვიდრე I-II საუკნეების არმაზული წარწერების შესაბამისი ასოები. ამაში უნდა დავინახოთ ქართული დამწერლობის სიძველის უტყუარი ნიშანი. ამრიგად, ახლა ქართული დამწერლობის სიძველისა და მისი ფესვების საკვლევად გაცილებით უფრო მეტი მასალა მოიპოვება, ვიდრე ამ ორმოციოდე წლის წინ, როდესაც ივანე ჯავახიშვილი ქართული დამწერლობის უძველეს საფეხურს იკვლევდა. ასეთ ვითარებაში სულ უფრო და უფრო მეტად დამაჯერებელი ჩანს ვარაუდი ქართული დამწერლობის სიძველისა და, შესაბამისად, კარგავს დამაჯერებლობას მტკიცება ქართული მწიგნობრობის მაინცდამაინც V საუკუნეში გამოგონების შესახებ (30).

 

 

ლიტერატურა:

 

1. Б. А. Куфтин, Археологические раскопки в Триалети, გვ. 109-110.
 
2. Б. А. Куфтин, Археологические раскопки в 1947 г. в Цалкинском районе, Тб., 1948, გვ. 32, ტაბ. XXXVI, სურ. 15; ო. ჯაფარიძე, ენეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლები, საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959, გვ. 71-72.
 
3. Б.А. Куфтин, Археологические раскопки в 1947 г…, გვ. 71-72; შ. ამირანაშვილი, საქართველოში ნაპოვნი არქაული ხანის დამწერლობის ნიმუშები, გაზეთი “კომუნისტი”, 1961 წლის 2. XII, N273 (12187).
 
4. ტ. ჩუბინიშვილი, ამირანის გორა, გვ. 89-90, ტაბ. V.
 
5. ო. ჯაფარიძე, 1960-1961 წლების თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 5, 1963, გვ. 201, ტაბ. IX-XI; О. Джапаридзе, Археологические раскопки в Триталети в 1959-1962 гг., СА, №5, 1963 გვ. 119, სურ. 17-20.
 
6. შ. ამირანაშვილი, საქართველოში ნაპოვნი არქაული ხანის დამწერლობის ნიმუშები, “კომუნისტი”, N273, 2. XII, 1961; ტ. ჩუბინიშვილი, ამირანის გორა, გვ. 89; ტ. ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965, გვ. 119, ტაბ. VIII.
 
7.  К.А. Мкртчян, С.М. Айвазян, Мецаморское древнейшее горно-металлургическое сооружение; Вопросы истории науки, Ер., 1967, გვ. 253.
 
8. ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში, თბ., 1964, გვ. 150-151. იქვეა ლიტერატურა ამ საკითხზე; შდრ. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, თბ., 1946, გვ. 50-51.
 
9.  ა. ურუშიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 151.
 
10.  ა. ურუშაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 151-152.
 
11. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, გვ. 52-53; ალ. სიჭინავა, ძველი კოლხეთის კულტურის ისტორიიდან (კოლხური “კჳრბების” ადგილისათვის ქართული დამწერლობის ისტორიაში), ბათუმის პედინსტიტუტის შრომები, ტ. III, 1953, გვ. 81-101, Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 215. დაწვრილებით ეს საკითხი განხილულია უკანასკნელად ა. ურუშაძის ზემოდასახელებულ ნაშრომში, გვ. 151-168.
 
12.  გ. წერეთელი, მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ., 1958. ესაა ამ წარწერის ყველაზე უფრო სრული და ყველაზე უკანასკნელი გამოკვლევა. აქვეა ამ წარწერის შესახებ არსებული ლიტერატურის სრული მიმოხილვა. აღმოჩენის ვითარების დაწვრილებითი განხილვა ნახეთ: ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, გვ. 125-134.
 
13.  ს. ყაუხჩიშვილი, მცხეთა-სამთავროს ახლად აღმოჩენილი ბერძნული წარწერა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. II, 1941, N1-2, გვ. 581 შმდ.; თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951, გვ. 255-256, ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, I, გვ. 134-137; Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 23.
 
14.  ს. ყაუხჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 582.
 
15.  ა. აფაქიძე, ქალაქები…, გვ. 136.
 
16.  ს. ყაუხჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 582.
 
17.  ბილიგნვის ბერძნული ტექსტის ერთიმეორისაგან მცირედ განსხვავებული თარგმანი გამოაქვეყნეს აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და სიმონ ყაუხჩიშვილმა ბილინგვის აღმოჩენისთანავე. შემდეგ, არმაზის ბილინგვამ სპეციალისტთა ფართო წრის ყურადღება მიიქცია და ის არაერთხელ გამოქვეყნდა კიდევაც – იხ. А. Шанидзе, Данные грекопехлевийской билингвы из Армази для истории термина ეზოჲსმოძღვარი – эзойсмодзгвари в древнегрузинском, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, ტ. II, N1-2, თბ., 1941, გვ. 181-186; ს. ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, ტ. II, N1-2, თბ., 1941, გვ. 172-173; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, ტ. XIII, თბ., 1942, გვ. 17. მომდევნო ხანის გამოცემათაგან აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმეს, რომლებშიაც დაინტერესებული მკითხველი იპოვის სათანადო ლიტერატურის მიმოხილვას და საკმაოდ სრულ ბიბლიოგრაფიას, ასეთია მაგალითად, თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951, გვ. 249-254; ა. აფაქიძე, გ. გობეჯიშვილი, ა. კალანდაძე, გ. ლომთათიძე, არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები, მცხეთა, I, გვ. 60-62; ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, გვ. 147-152.
 
18.  ტექსტის ამოშიფვრა, თაგმანი, ანალიზი და ისტორიული მნიშვნელობის დახასიათება იხ. გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, ტ. XIII, თბ., 1941; Г. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета – древней столице Грузии, ВДИ, №2, М., 1948, Г. Церетели, Армазское письмо и проблема происхождения грузинского алфавита. Эпиграфика Востока, т. III, Л., 1949; Г. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета, ДАН СССР, М.-Л, 1948. აქ წარმოდგენილი ჩვენი ვარიანტი ოდნავ განსხვავდება ადრე გამოქვეყნებულთაგან.
 
19. ს. ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, გვ. 169; მცხეთა, I, გვ. 25.
 
20. ს. ყაუხჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 170-171; მცხეთა, I, გვ. 52-55.
 
21. მცხეთა, I, გვ. 59.
 
22.  გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, გვ. 9, 55-56; შ. ამირანაშვილი, არმაზისხევის გათხრების დროს ნაპოვნი ადრესასანური ეპოქის ვერცხლის თასი. იხ. კრებული, “თბილისი – 1500”, თბ., 1958, გვ. 89; მცხეთა, I, გვ. 45-46.
 
23.  მცხეთა, I, გვ. 62-63.
 
24.  Г.В. Церетели, Армазская надпись эпохи Митридата Иверийского «Труды двадцатьпятого международного конгреса востоковедов», том I, М., 1962, გვ. 374-378.
 
25.  Г.В. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета – древней столице Грузии, ВДИ, №2, 1948, გვ. 52.
 
26.  Г. В. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета – древней столице Грузии, ВДИ, №2, 1948, გვ. 52; მცხეთა, I, გვ. 62.
 
27.  В. Абаев, Вокруг армазской билингвы, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, ტ. V, N8, თბ., 1944, გვ. 828.
 
28.  გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, გვ. 5, 31.
 
29.  Г. Церетели, Армазское письмо и проблема происхождения грузинского алфавита, ЭВ, III, Л., 1949, გვ. 68; გ. წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960, გვ. 47-48.
 
30.  ზოგი ძველი სომხური წყარო ამას, როგორც ცნობილია, მესროპ მაშტოცს მიაწერს. უკანასკნელად ამ საკითხს შეეხო ა. პერიხანიანი, სომხური დამწერლობის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. მკვლევარი მიიჩნევს, რომ მესროპ მაშტოცის მისია საქართველოსა და ალბანეთში მართლაც შესაძლებელია ყოფილიყო. ა. პერიხანიანის შეხედულებით მაშტოცმა მოიტაცა ამ ქვეყნებში არამეული მოდელი, მის მიერ გამოგონილი სომხური ანბანი და გაუზიარა აქაურებს ახალი დამწერლობის შექმნის გამოცდილება, საერთო პრინციპები. რაც შეეხება საკუთრივ ქართულის და ალბანურის შექმნაში მაშტოცის როლს, ა. პერიხანიანი წერს: «Иной вопрос, мог ли Маштоц выступать в качестве непосредственного изобретателя грузинской и албанской письменностей. На этот вопрос а priori можно дать отрицательный ответ. Создание новой письменности, обслуживающей тот или иной язык, нельзя свести к «буквотворству» – это большой и сложный процесс, включающий прежде всего выделение фонем данного языка и предполагающий тонкое знание как фонетики, так и строя языка. Маштоц же не знал ни грузинского ни албанского языков, и сообщению Корюна о том, что он, Маштоц, там на месте, собрал сведения о звуковом составе этих языков, не следует придавать большого значения, так как собранные таким образом сведения никак нельзя считать адекватным для подобного предприятия». იხ. А. Периханян, К вопросу о происхожднении армянской письменности. Переднеазиатской сборник, II, М., 1966, გვ. 126-127.

 

 

 

დატოვე კომენტარი