Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

g.robakidze

რუსუდან შარაძე
გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი I

*ეს მასალები, ჯერ კიდევ, 2004 წელს გამოვაქვეყნე ,,ლიტერატურულ საქართველოში“, სტატიების ციკლის სახით. ახლა ხელახლა გთავაზობთ, ოდნავ შესწორებულს. როდესმე თუ მოვიცალე შესავსებად და გამოსაცემად, რა თქმა უნდა, სათითაოდ მივუთითებ ყველა წყაროს. კითხვისას რომ არ დაგღალოთ, ახლა ამ სახით შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა ლევან თაქთაქიშვილს, რომ მიმაბრუნა ამ თემისკენ.

რუსუდან შარაძე

* * *

შევეცადეთ, ჩვენს ხელთ არსებული, ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალების მიხედვით, დაახლოებით აღგვედგინა სურათი, რაც გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებას მოჰყვა. მწერლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ უცნობი ან სადავოა, რასაც მისი არქივის დაკარგვაც უწყობს ხელს. უცნაურია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა შვეიცარია, გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი უგზო-უკვლოდ გაქრა. მითუფრო საკვირველია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მემკვიდრეებს შორის, ისეთი დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის მსგავსი, არაერთი დავის მომსწრე ქართულ ემიგრაციას, ცოტა თუ ახსოვს.

რისთვის იბრძოდნენ და სად წავიდა გრიგოლ რობაქიძის არქივი? ქართველებისთვის პირველ კითხვას დეტალური პასუხი, მხოლოდ, მაშინ გაეცა, როდესაც გიორგი შარაძემ, შვეიცარიაში, გრიგოლ რობაქიძის არქივის აღწერილობას მიაკვლია, ხოლო მეორე კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერ-ჯერობით, არავის აქვს.

* * *

რა მოხდა მას შემდეგ, რაც 1962 წლის 20 ნოემბერს ჟენევის პოლიციამ მარტოხელა გრიგოლ რობაქიძე თავის ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა?!

დიდ წარმატებასთან ერთად, ყოველთვის ფეხდაფეხ სდევდა განსაცდელი. უცხოეთში აღიარებული, სამშობლოში აკრძალული, სკანდალური და ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გარდაცვალების შემდეგაც არაერთი სკანდალის მიზეზი გახდა. ,,მე ვუძღვი თვითონ, რადგან მძღოლი არ მესაჭიროება!” – ამ ხასიათმა განსაზღვრა, ალბათ, მთელი მისი ცხოვრება და ის ამბებიც, რაც მის გარდაცვალებას მოჰყვა.

1962 წლის 20 ნოემბერს, ჟენევის პოლიციამ გრიგოლ რობაქიძე თავის ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა (გარდაიცვალა 19 ნოემბერს). ვინაიდან, მწერალი მარტო ცხოვრობდა, პოლიციამ იმდღესვე ბინა დაბეჭდა. შვეიცარიაში არსებული კანონის თანახმად, თუ მემკვიდრეობა სადაო შეიქნებოდა, ბინის გახსნა ჭიანურდებოდა სამ თვემდე. გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაშიც იგივე მოხდა.

მემკვიდრეობის მაძიებლებისთვის თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ პირს, რომელიც თავის თავს აღიარებდა მწერლის მემკვიდრედ, შვეიცარიის მთავრობისთვის უნდა აენაზღაურებინა თანხა, რომელიც მან 17 წლის მანძილზე, გრიგოლ რობაქიძისა და მისი ოჯახის შენახვისათვის გაიღო (როგორც ,,ინტელექტუალური ლტოლვილი”, სახელმწიფო დახმარებით ირჩენდა თავს). 1945-დან 1962 წლამდე, ეს 75 ათას (ზოგიერთი ცნობით, 67 ათას) შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა. ამხელა თანხის გადახდის საშუალება მემკვიდრეებიდან არავის ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ისეთი დავა ატყდა, რომ შვეიცარიელები განცვიფრებულან: ,,ქართველებმა როგორ გაძელით და მოატანეთ აქამდე, თუ ასეთი დაუდევრები იყავითო”.

* * *

მემკვიდრეები

მემკვიდრეობაზე თავიდანვე გამოთქვა პრეტენზია მწერლის შვილობილმა, მისი მეუღლის დისშვილმა, ალიამ, რომელსაც ქართველები არ უყვარდა. ალია გათხოვილი იყო იტალიელ დიპლომატზე, გვარად კალლეაზე, რომელიც შვეიცარიაში, იტალიის საელჩოში მუშაობდა.

356668218_9469446633128723_305582283693305001_nგრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდა, აგრეთვე, მისი ერთადერთი სისხლით ნათესავი უცხოეთში, პარიზში მცხოვრები ალექსანდრე ფანჩულიძე. სიცოცხლის ბოლო წლებში, მწერალს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებდა. ალექსანდრე ფანჩულიძე ხშირად ჩადიოდა ჟენევაში მის მოსანახულებლად. გარდა მორალური მხარდაჭერისა, უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა ქართულ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, რაც, იმ დროს, უცხოეთში, ნამდვილი ფუფუნება იყო. ალექსანდრე ფანჩულიძეს მართლაც ჰქონდა როგორც მორალური, ისე, იურიდიული უფლება მემკვიდრეობაზე პრეტენზიის გამოთქმისა. მას გულწრფელად სურდა, რომ საქართველოს არ დაეკარგა კუთვნილი განძი – გრიგოლ რობაქიძის არქივი!

356928477_9469446599795393_736999036393219018_nიგივე სურდათ სხვა ქართველებსაც, მათ შორის, კალისტრატე და ნინო სალიებს (პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ჟურნალ ,,ბედი ქართლისას“ გამომცემლები). სიცოცხლის ბოლო წლებში, სანამ ფანჩულიძე დაუკავშირდებოდა და მერეც, გრიგოლ რობაქიძეს ცოლ-ქმარი სალიები ეხმარებოდნენ. მათ დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მწერლის მიმართ მაშინაც, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მეუღლე – ლენა ფიალკინა გარდაეცვალა (1957). ამ სამწუხარო ამბავმა ისე იმოქმედა გრიგოლზე, რომ ცოტაც და ,,ნერვული დაავადება’’ შეჰყრია, მაგრამ ,,როგორც ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, მალე განიკურნა“-ო, ამბობდნენ. კალისტრატე და ნინო სალიები უბეჭდავდნენ თხზულებებს თავიანთ ჟურნალში. გარდა ,,მამულიშვილური საქციელისა’’, ეს იმასაც ადასტურებდა, რომ გრიგოლ რობაქიძე ნამდვილად ,,კულტურული მოღვაწე“ იყო, რისთვისაც შვეიცარიის მთავრობა მას დახმარებას აძლევდა. მართალია, სალიების ზრუნვა ზოგიერთს ანგარებად მიაჩნდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი მხრიდან გრიგოლ რობაქიძეს ყურადღება არ აკლდა, რაც სწორედ რომ მისწრება იყო მარტოობაში მყოფი და თანამემამულეებისაგან ხშირად გულნატკენი მწერლისთვის. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ რობაქიძეს თბილი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმართან და ისევე, როგორც ალექსანდრე ფანჩულიძის, მათი მადლიერიც იყო.

356994231_9469446616462058_6650555501834718071_n

გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი და ნინო სალია (გურამ შარაძის კოლექციიდან)

მწერლის სიცოცხლეში სალიების ოჯახი და ალექსანდრე ფანჩულიძე ერთმანეთში მეგობრობდნენ. გრიგოლის გარდაცვალების შემდეგაც, თითქოს, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ, თავიდან აცილებინათ ირგვლივ არსებული ინტრიგები, რაც უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. საბოლოოდ, მაინც გაირბინა შავმა კატამ მათ შორის, თუმცა ოფიციალურად, ინარჩუნებდნენ ნორმალურ დამოკიდებულებას.

357052891_9469446576462062_6841903369082827897_n

კალისტრატე სალია (გურამ შარაძის კოლექციიდან)

გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების პირველივე დღიდანვე კალისტრატე სალია ყველგან აცხადებდა, – გრიგოლ რობაქიძის ხელნაწერები ,,ბედი ქართლისას“ ეკუთვნის, რადგან თვითონ მწერალს სურდაო ასე: – ,,ამის დამადასტურებელი უამრავი საბუთი მაქვს ხელთ!“, – ამტკიცებდა და გულისხმობდა გრიგოლ რობაქიძის ,,ასზე მეტ პირად წერილს’’.

ეს იგივე პრეტენზია იყო ,,ბედი ქართლისას“ სახელით მწერლის არქივზე, მაგრამ სალიებმა სასამართლოში ოფიციალური განცხადებისაგან თავი შეიკავეს და სხვა გზა აირჩიეს: მათ თავიდანვე მხარი დაუჭირეს ალექსანდრე ფანჩულიძეს. წარადგინეს კიდეც ჟენევის სასამართლოსა და პოლიციაში, როგორც მემკვიდრე. თავის მხრივ, მწერლის ნათესავმა პირობა დადო შვეიცარიელ ქართველებთან: ხარიტონ შავიშვილთან, კიტა ჩხენკელთან, ნიკოლოზ ჩხოტუასთან, ნიკოლოზ მაყაშვილთან, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ ხელნაწერებს ,,ბედი ქართლისას” გადასცემდა.

როგორც ჩანს, გულის სიღრმეში, კალისტრატე სალია იმედოვნებდა, რომ გრიგოლ რობაქიძე, ანდერძის გზით, არქივს მას დაუტოვებდა. ალბათ, იგივეს ფიქრობდა ალექსანდრე ფანჩულიძეც. ამის საფუძველი მათ ნამდვილად ჰქონდათ: რობაქიძეს საკუთარი შვილი არ ჰყავდა; საქართველოში ცხოვრობდნენ მისი დები, დისშვილები და ნათესავები, მაგრამ ცხადია, ,,საბჭოეთის პირობებში’’, მემკვიდრეობას ის მათ ვერ და არ დაუტოვებდა, მითუმეტეს, ხელნაწერებს. მართალია, უცხოეთში ჰყავდა ცოლის დისშვილი, რომელსაც პატარაობიდანვე საკუთარი შვილივით ზრდიდა, მაგრამ, ყველამ იცოდა, რომ სიცოცხლის ბოლოს, მწერალს იგი მოკვეთილი ჰყავდა ქართველების სიძულვილისთვის.

დარწმუნებით რამის თქმა შეუძლებელი იყო ბინის გახსნამდე, რასაც გაუთავებელი დავით თავადვე აყოვნებდნენ. ერთ საკითხში ყველა თანხმდებოდა – ალიას არაფრით არ უნდა დარჩენოდა გრიგოლ რობაქიძის არქივი, ეს არ უნდა დაეშვათ! არადა, ქ-ნი კალლეა თავგამოდებით იბრძოდა მემკვიდრეობისთვის.

მონაწილეთა წრე ფათოვდებოდა.

***

წერილი II

356264801_9473107562762630_6987149487063528443_n

,,აურაცხელი მემკვიდრე’’

ყველამ იცოდა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ალია ოფიციალურად ნაშვილები არ ჰყავდა და ანდერძი თუ არ აღმოჩნდებოდა, კანონი არ აძლევდა მემკვიდრეობის მიღების უფლებას; ხოლო როდესაც ალიას მეუღლე, „Monsieur კალლეა“ საკითხის მოგვარებას იტალიის საელჩოს მეშვეობით შეეცადა, „საქმეს სხვაგვარი პირი გამოუჩნდა“. ამას ,,ერთგვარი გავლენა მოუხდენია’’ კალისტრატე სალიაზე, რომელსაც უფიქრია, – ალექსანდრე ფანჩულიძე ,,მაინც ვერაფერს მიიღებს’’ და მეც შემიშლის ხელს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ნათესავი საერთოდ დაანებებს თავს მემკვიდრეობის ძიებას, „რადგან იქ არაფერია სამემკვიდრეო“-ო. მისივე თქმით, ავეჯი შვეიცარიის მიცემული იყო და მასვე ეკუთვნოდა (მართლაც, ასე იყო, რ.შ.), ხოლო ხელნაწერები ,,ბედი ქართლისას’’ უნდა დარჩენოდა! ალიაზე კი ამბობდა: ,,ჩვენი სინდისისა და გრიგოლის ხსოვნის წინაშე არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ გრიგოლი ამ ქალს უყურებდა, როგორც შვილს და ერთადერთ მემკვიდრედაც მიაჩნდა! ეს მას მრავალჯერ უთქვამს ჩვენთვის“-ო.

როგორც ვხედავთ, კალისტრატე სალია აღარ იყო კატეგორიული ქალბატონი კალლეას მიმართ და ამის მიზეზი ის იყო, რომ მისივე თქმით, ალია თანახმა იყო ქართული ხელნაწერები და წერილები ,,ბედი ქართლისას“ დარჩენოდა. სალიას უცნობებია კიდეც ალ. ფანჩულიძისთვის, მაგრამ რჩევით არაფერი ურჩევია, რადგან ,,ისეთ წრეში ტრიალებდა, მაინც არაფერს დაუჯერებდა“.

პირიქით არწმუნებდნენ მწერლის ნათესავს კეთილისმსურველები ჟენევიდან: ,,სალიას არანაირი უფლება არ აქვს პრეტენზიის გამოთქმისა და ერთადერთი მემკვიდრე, სწორედ, შენ ხარ’’… ქ-ნ კალლეას შენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ხოლო სალიაზე უთქვამს: ,,ოღონდ, ეგ არა და ვინც გინდა დაეპატრონოს!”-ო.

საბოლოოდ, იტალიის საელჩოს საქმეში ჩართვამ, მხოლოდ, ის შედეგი გამოიღო, რომ მემკვიდრეობის საკითხი უფრო მეტად გამწვავდა.

ამასობაში, კალისტრატე სალია საქმის მოგვარებას სხვა გზებითაც შეეცადა. მისი თხოვნით, ,,ბედი ქართლისას“ მხარდასაჭერად, შვეიცარიის მთავრობისათვის ,,საგანგებოდ’’ მიუწერიათ: ირაკლი ბატონიშვილს ესპანეთიდან; გერმანიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერების – მიხეილ წერეთლის, ივანე ნიკურაძის, მიხეილ ახმეტელის სახელით – პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძეს; გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეს – ნიკო ნაკაშიძეს; ინგლისში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეს – ალექსანდრე ყიფიანს; ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეს – ირაკლი ოთხმეზურს; სოშოს (საფრანგეთი) ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეს – ალექსანდრე შათირიშვილს; ქართული ეროვნული საბჭოს კომიტეტის მდივანს – ნიკო ურუშაძეს; მალტის ორდენის რაინდს – ნიკოლოზ ჩხოტუას; ნიკოლოზ მაყაშვილს, დავით ბერეკაშვილს, იოსებ გოგოლაშვილს

ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმასაც ამბობდნენ, ,,აურაცხელი მემკვიდრე’’ გამოჩნდაო. – ,,ეს განგებაა მოგონებული“, – აცხადებდა გაბრაზებული კალისტრატე სალია, ხოლო ალექსანდრე ფანჩულიძის ცნობით, ,,კულისებიდან მიწერილმა, ისე გაართულა მდგომარეობა, რომ მთელი საქართველოს საქმეში ჩარევაც ვერაფერს უშველიდა”.

მართლაც, საქმეში მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი ქართული ემიგრაცია მაინც ჩაება. იცოდნენ, ,,სირცხვილი იყო ამხელა დავის ატეხვა გრიგოლ რობაქიძის სახელის ირგვლივ’’, „ეს შელახავდა მის ხსოვნას“, მაგრამ მაინც, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ, მათი ჩარევა თუ უშველიდა საქმეს.

***

ვის ,,წრეში ტრიალებდა’’ ალექსანდრე ფანჩულიძე? განსაკუთრებით აქტიურობდა ჟენევაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – ნინო დადიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მეგობრობდა რობაქიძესთან. კალისტრატე სალია კი ირწმუნებოდა, რომ ის ,,სიკვდილის წინ საშინლად დასწყევლა გრიგოლმა და გვთხოვა, ხელი არ ჩამოგვერთვა მისთვის“-ო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობაშერყეულიც, ნინო დადიანი მიდის ბერნში, ხვდება უამრავ ადამიანს, გაუთავებელ რჩევებს აძლევს ალ. ფანჩულიძეს, აქვს ხშირი ურთიერთობა მის ვექილთან, რომელიც მისივე შერჩეულია. კალისტრატე სალია საქმის არევ-დარევას ამ ქალბატონს აბრალებდა: ,,ვიცი, ვინც შეუშალა ხელი ,,ბედი ქართლისას”. მთავარი მანდ გიზით ჟენევაში, რომელიც სრულებით არ უნდა ჩარეულიყო ამ საქმეში. რატომ? თვითონ უკეთ იცის. მან შეიყვანა აქაურებიც შეცდომაში”.

თავის მხრივ, ნინო დადიანი საკუთარ აქტიურობას ასე ამართლებდა: ,,მე მაქვს თვისება: უსამართლობას თუ ვხედავ ან გაჭირვებას, გავერევი წაუჯიკავებლად, მე თვითონ… და გათრევა ჩემი არ შეუძლია არავითარ ძალას, მივდევ ბოლომდის. შენ არხეინად იყავი! სწორი არ წაიგება, თუ იფხიზლებ!”, – სწერდა ალ. ფანჩულიძეს.

საქმეში ჩართული იყო, აგრეთვე, ჟენევაში მცხოვრები ხარიტონ შავიშვილიც, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ერთა ლიგაში, გრიგოლ რობაქიძის მეგობარი, რომელსაც დიდი ამაგი ჰქონდა მწერალზე. სწორედ, ხარიტონ შავიშვილის დახმარებით იყო, რომ 1945 წლის გაზაფხულზე, შვეიცარიაში, ,,ინტელექტუალურ ლტოლვილად“ მოეწყო და მისივე დამსახურებით ჰქონდა ,,ბინა და კვება, ასე თუ ისე, უზრუნველყოფილი’’. მართალია, ხარიტონ შავიშვილი მემკვიდრეობის საკითხში მხარს ,,ბედი ქართლისას’’ უჭერდა, მაგრამ არც ალექსანდრე ფანჩულიძის საწინააღმდეგო ჰქონდა რამე, რასაც არ მალავდა. თავიდანვე ურჩევდა ყველას, რომ არ იყო საჭირო ამხელა დავის გაჩაღება, ეს ზიანს მოუტანდა მემკვიდრეობის საქმეს, შებღალავდა მწერლის სახელს. ყველა ეთანხმებოდა, მაგრამ სხვაგავარად იქცეოდნენ.

***

ძმის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი, საქართველოში, ლიდა რობაქიძემ კალისტრატე და ნინო სალიების პარიზიდან გაგზავნილი სამძიმრის წერილიდან გაიგო. იმასაც ატყობინებდნენ, რომ მემკვიდრეობისთვის იბრძოდა გრიგოლის ცოლის დისშვილი, ალია, რომელიც ოფიციალურად ნაშვილები არ იყო და თუ ლიდა რობაქიძე გამოთქვამდა მემკვიდრეობის მიღების სურვილს, ეცნობებინა სალიებისთვის.

სალიებმაც და ფანჩულიძემაც კარგად იცოდნენ – მიუხედავად იმისა, რომ ლიდა რობაქიძე ძმის კანონიერი მემკვიდრე იყო, გაუჭირდებოდა არქივის მიღება. სწერდნენ კიდეც ერთმანეთს: ,,შვეიცარია წითლებს არაფერს მისცემს“-ო. სამაგიეროდ, თუ ლიდა რობაქიძის მინდობილობა ექნებოდათ ხელში, შესაძლოა, ეს გაეთვალისწინებინა შვეიცარიის სასამართლოს. კალისტრატე სალიამ მეორედაც მისწერა ლიდა რობაქიძეს და უკვე ,,რწმუნებულების“ გაგზავნა სთხოვა, რაც კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ,,არც ისე იოლი’’ აღმოჩნდა.

ლიდა რობაქიძემ არაფერი იცოდა ძმის მემკვიდრეობის ირგვლივ ატეხილ სკანდალებზე, გარდა სალიას წერილში მოთხრობილი მწირი ამბებისა. შეწუხებულმა, რომ გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობა შესაძლოა ,,სხვა გვარს“ (გულისხმობდა ალიას) მიეღო და ამით საქართველოს დაეკარგა ,,დიდი განძი’’, ლიდა რობაქიძემ წერილი გაუგზავნა ალ. ფანჩულიძეს და სთხოვა, როგორც უახლოესი ნათესავი, ,,დაპატრონებოდა მემკვიდრეობას’’ და ,,რწმუნებულების საკითხის გარკვევაც’’ მას მიანდო.

ფანჩულიძის პასუხს დააგვიანდა…

დრო იკარგებოდა და მასთან ერთად, მემკვიდრეობის გადარჩენის იმედიც ქრებოდა. ლიდა რობაქიძემ ჯერ იგივე სიტყვიერი, ხოლო ბევრი წვალების შემდეგ, უკვე ნოტარიულად დამოწმებული ,,რწმუნებულება“ ,,ბედი ქართლისას“ გამომცემლებს გაუგზავნა (მას ალიასთვისაც მიუმართავს წერილით, მაგრამ მისი შინაარსი ჩვენთვის უცნობია).

გადაწყვეტილება რომ შეცვალა, წუხდა ლიდა რობაქიძე, რომელიც ოდნავ მოგვიანებით, სწერდა ნათესავს პარიზში: ,,ძვირფასო დიდად პატივცემულო სანდრო! მივიღე თქვენი წერილი რაზედაც გპასუხობთ. ვინაითგან თქვენს წერილს დააგვიანდა და დრო არ ითმენდა, ამიტომ მე, როგორც გრიგოლის მემკვიდრემ, მივმართე ბატონ სალიას, რომ მას მოეგვარებინა მემკვიდრეობის საკითხი… იმედია, ნაწყენი არ დარჩებით და გამიხსენებთ წერილებით გრიგოლის მაგივრად. თქვენი წერილები ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, ვინაითგან თქვენ გრიგოლთან ახლოს იყავით. ჩემი ჯანმრთელობის საკითხი ძალიან ცუდია. ვწევარ საავადმყოფოში, მაქვს გულის შეტევები, მთავარი ნერვების მოშლილობა და ეს ალბათ ცუდად დამთავრდება. ეს ბარათი დავწერე ისე, რომ ექიმს არ გაეგო. მე სიცოცხლე მაინც აღარ მიყვარს გრიგოლის შემდეგ. იცოცხლეთ და ბედნიერად! თქვენი ტანჯული ლიდა ტ. რობაქიძე”.

სამწუხაროდ, ლიდა რობაქიძის ,,რწმუნებულებამაც” კალისტრატე სალიას ვერაფერი უშველა.

***

წერილი III

357421537_9479338975472822_2143444859661627903_n

„ჰიტლერის მდივანი“, „დიდძალი ფული“, ,,თავისმომჭრელი საბუთები’’ , „პოლიტიკური დოკუმენტები“?

რა იყო ასეთი გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობაში და რისთვის იბრძოდნენ, დანამდვილებით, არავინ უწყოდა. ცნობილი იყო, რომ მწერალს დიდი ქონება არ ჰქონდა. მცირერიცხოვანი ავეჯი, რომელსაც ,,არანაირი ღირებულება არ გააჩნდა, გარდა სამუზეუმო თვალსაზრისისა’’, როგორც აღვნიშნეთ, შვეიცარიის მიცემული იყო და მასვე ეკუთვნოდა. რაც შეეხება დავის მთავარ საგანს – არქივს, ვარაუდობდნენ პირადი წერილებისა და როგორც ნაცნობი, ისე უცნობი თხზულებების არსებობას; იქვე უნდა ყოფილიყო გრიგოლის წიგნები (იქნებ, არამარტო ისინი) მუსოლინსა და ჰიტლერზე. მათი აღმოჩენა კი 17 წლის წინანდელ, მივიწყებულ ამბავს მთელი სიმწვავით წამოჭრიდა.

ამასობაში, ქართველებში ხმა გავრცელდა – ,,გრიგოლ რობაქიძე სახლში დიდძალ ფულს ინახავდა’’ და მისი ,,სახელი სირცხვილს ვერ ასცდება“-ო. დადასტურების შემთხვევაში, თანხას (რამდენიც არ უნდა ყოფილიყო) სახელმწიფო წაიღებდა, მაგრამ მისი აღმოჩენა უხერხულ კითხვებს გააჩენდა ,,გერმანიიდან შვეიცარიაში ფეხით ჩასული’’ და სიკვდილამდე სოციალურ დახმარებაზე მყოფი მწერლის მიმართ, რომელსაც ,,რაც ტანთ ეცვა“, იმის მეტი არაფერი ებადა. საჭიროების შემთხვევაში, ხარიტონ შავიშვილს პასუხი მზად ჰქონდა – ,,იმ თანხას თავისი დანიშნულება ჰქონდა და გრიგოლს არ შეეძლო მისი გამოყენება საცხოვრებლად“, – ასე აპირებდა მეგობრის დაცვას.

თავის მხრივ, კალისტრატე სალიას თანხის არსებობის არ სწამდა, სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ არქივში გრიგოლისთვის ,,თავისმომჭრელი საბუთები’’ იქნებოდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ სხვები და ხელს სალიასკენ იშვერდნენ: ,,მწერალს შენახული ჰქონდა წერილები, სწორედ, სალიასთვის თავისმომჭრელი და ამიტომ იბრძვის თავგამოდებით, რომ მის გარდა არავის ჩაუვარდეს ხელში“-ო.

„ბედი ქართლისას“ რედაქტორი წერილს წერილზე უგზავნიდა ხარიტონ შავიშვილს და სწერდა: ,,ნურავინ იფიქრებს, რომ მანდ რაიმე საბუთია ჩემ წინააღმდეგ. მე ასეთი სულელი არა ვარ. პირიქით – გრიგოლთან არსებული ჩემი წერილებიდან, აშკარად ჩანს ჩემი ნამდვილი, ეროვნული, უკომპრომისო პოზიცია. დავა გრიგოლთან ისეთ საკითხებზე, რაც მის ხსოვნას შებღალავს და დაამცირებს – რუსეთზე, ამერიკის კომიტეტზე, ბოლშევიკებზე და ბევრი სხვა, ჩემს სახელს ასწევს, არამც თუ დაამცირებს. მარტო წერილები კმარა, სადაც მე კატეგორიულ უარს ვეუბნებოდი მისი ცოლის შოვინისტური «Няня»-ს თარგმანის ,,ბედი ქართლისაში” დაბეჭდვაზე და რამდენი კიდევ სხვა… ბევრი იმ საცოდავისათვის თავისმომჭრელი საბუთები აღმოჩნდება. აი, რისთვის ვწუხვარ მე, ბატონო ხარიტონ, ეს ამბები მე ხომ ყველაზე უკეთ ვიცი! მას ბევრი მტერი ჰყავდა. ამიტომაც არის საჭირო გაუხმაურებლად, თქვენს მეტმა არავინ იცოდეს ისე, მე გადმომეცეს ყველაფერი. ღირებულება კი არავითარი არა აქვს მის არქივს!..”… „და არც არავითარი კომპრომატია ჩემთვის… მაგრამ მე ვიცი, რა ჰქონდა თვითონ გრიგოლს დაწერილი და აქაა ძაღლის თავი დამარხული”.

ხარიტონ შავიშვილი ლოგიკურად მსჯელობდა: ,,თუ ბ-ნ სალიასათვის იქ რაიმე სასირცხოა, იმდენადვე გრიგოლისთვისაც იქნება, ისე იყვნენ ერთიმეორეზე თანამშრომლობაში განუყრელად გადაბმულნი. ერთი სიტყვით, რა აზრისაც არ უნდა ვიყოთ გრიგოლზე, მისი გაბახება დაუშვებელია!”, – ეუბნებოდა ალ. ფანჩულიძეს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ გრიგოლის არქივზე თვალი ეჭირათ კომუნისტებსაც. იმასაც ამბობდნენ, ,,წითლები’’ ლიდა რობაქიძეს და ალექსანდრე ფანჩულიძეს ,,იყენებდნენ’’ ისე, რომ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რათა შემდგომში, მემკვიდრეობა იოლად ჩაეგდოთ ხელში. კალისტრატე სალია უფრო შორს მიდიოდა და 1963 წლის 29 იანვარს, ხარიტონ შავიშვილს ,,ძალიან კონფედენციალურად” აცნობებდა: ,,ჰგონიათ (კომუნისტებს, რ.შ.), თურმე, აღმოაჩენენ დიდ პოლიტიკურ დოკუმენტებს. აკი გაუვრცელეს თბილისში, რომ ჰიტლერის პირადი მდივანი იყოო. ვიცით, რომ თვალითაც არ უნახავს უბედურს ჰიტლერი და არაფერი საქმე მასთან არ ჰქონია… წიგნი დასწერა, მხოლოდ ფულის გასაკეთებლად. დისთვის მიუმართავთ თბილისში – იქ გყავთ ნათესავი და მისი საშუალებით შეგიძლია ყველაფერი მიიღოთო, სალია კი არაფერს არ გადმოგცემთო და სხვა… ვერ წარმოიდგენთ, რა ენერგიულად მუშაობენ… მე ვფიქრობ, ახლა კი დადგა მომენტი თქვენი აქტიურად ჩარევისა ამ საქმეში, როგორ და რანაირად, ეს თქვენ უკეთ იცით… უნდა დავიცვათ იმ უბედურის ხსოვნა (ბევრი კი დააშავა, მაგრამ მკვდარს ანგარიშს ვერ მოვთხოვთ)”.

* ეს შესანიშნავი ფოტო ამ გვერდიდან წამოვიღე:
https://encrypted-tbn3.gstatic.com/licensed-image…

***

წერილი IV

salia

მიხაკო წერეთელი, ნინო სალია და გრიგოლ რობაქიძე

„სასამართლო განაჩენი და ბინის გახსნა“

1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, განაჩენი გამოიტანა:
,,გაუქმდეს გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობის უფლება!“
„ზემოხსენებული მემკვიდრეობა ოფიციალურად იქნას ლიკვიდირებული!”

ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი გმირებიდან, ვერცერთი ვერაფერს მიიღებდა, ხოლო მწერლის ჯერ კიდევ უცნობ ქონებას, მათ შორის არქივს, საჯარო აუქციონზე გაიტანდნენ, რომლის უზრუნველყოფა Office la Faillite-ს დაევალა.

ეს იყო ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო!

უაღრესად აღშფოთებულმა კალისტატე სალიამ იმავე დღეს გაუგზავნა სასამართლოსა და Office la Faillite-ს ,,მკვახე წერილები”, სადაც, სხვათა შორის, წერდა: ,,თქვენ ამას ვერ იზამთ!“; გრიგოლ რობაქიძის არქივი ,,არავითარ კომერციულ ღირებულებას’’ არ წარმოადგენს და ის კანონიერად ეკუთვნის ,,ბედი ქართლისას”; ,,კაცს კეთილი გაუკეთეთ და ახლა გინდათ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენოთ, ეს რომ სცოდნოდა, არ დათანხმდებოდა თქვენს დახმარებას!’’ და ა.შ…

ეს საქციელი, ,,ბედი ქართლისას’’ რედაქტორს, შვეიცარიის მთავრობისადმი ,,უმადურობად“ და ,,ურიგო დავის ატეხვად“ ჩაუთვალეს (*ხოლო მოგვიანებით, რობაქიძის ნეშტის ლევილში გადასვენების დროს, ხარიტონ შავიშვილს, შვეიცარიის მთავრობისაგან ნებართვის აღება გაუჭირდა, სწორედ, ამ ფაქტის გამო). თუმცა, თვითონ კალისტრატე სალიას აზრით, სხვაგვარად მოქცევა არ შეძლო, რადგან, „ბოლოს და ბოლოს, ქართველები მას მოსთხოვდნენ პასუხს – რატომ არ მოუარე გრიგოლის ნაწერებს“-ო.

კალისტრატე და ნინო სალიების, ხარიტონ შავიშვილის, აგრეთვე, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები შვეიცარიის მთავრობისადმი ,,საგანგებო’’ წერილის ავტორების ჩარევის შედეგად, აუქციონი გაუქმდა. ცოტა მოგვიანებით, 1964 წელს, ნინო სალია ამ ამბავს ასე განმარტავდა: ,,მთავარმა დეპარტამენტმა ბერნში ჩვენი თხოვნა შეიწყნარა, მოხსნა ,,საჯარო ლიკვიდაცია“ და სპეციალური მოხელე (კარგად დაიმახსოვრეთ, ის მთავარი გმირია ამ ამბებისა, რ.შ.) გააგზავნა ჟენევაში…“

მემკვიდრეობის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. ბოლო იმედად ანდერძიღა რჩებოდა, თუ საერთოდ, არსებობდა ასეთი.

***

ბინის გახსნის თარიღი, მხოლოდ, ალიას შეატყობინეს. ქალბატონ კალლეას წინასწარ მოუწვევია მოწმეებად: ხარიტონ შავიშვილი, ნიკოლოზ ჩხოტუა და ნიკოლოზ მაყაშვილი. არ გაუფრთხილებია სალიები, არც ალექსანდრე ფანჩულიძე, რომელმაც, ბედის ირონიით, იმ დილით დატოვა ჟენევა და გაემგზავრა პარიზში ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენიმე საათში, დიდ გაურკვევლობას ბოლო უნდა მოღებოდა.

მაშინ პატარა ინციდენტიც მოხდა: პარიზიდან ჟენევაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ალ. ფანჩულიძეს ხარიტონისთვის უთხოვია, დაეხვედრებინა ჟენევაში ვექილი, ხარჯებს თვითონ გაიღებდა. ხ. შავიშვილს სასწრაფოდ მოუნახავს გამოცდილი ადვოკატი, კონსულტაციაც უწარმოებია, მაგრამ ცოტა ხანში, ფანჩულიძეს მოუბოდიშებია – ნუღარ შეწუხდებით, ვექილი პარიზში ავიყვანეო. არადა, ხარიტონმა დანამდვილებით იცოდა, რომ მან ნინო დადიანის ნაცნობი ადვოკატი არჩია. ამიტომ, ბუნებრივია, ჰგონებოდა, ბინის გახსნის ამბავსაც მიმალავსო:

,,დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ იცოდით მეორე დღეს გრიგოლის არქივის გარჩევა და მიმალავდით, ამიტომ, განგებ მითხარით ხვალ დილით 7 საათზე პარიზში მივდივარო…. ვფიქრობდი, მატყვილებს-თქო. დარწმუნებული, ბინაზე გარჩევის დროს თქვენთან შეხვედრის, მიველი… ვერ გნახე. მაინც არ მჯეროდა და მივბრუნდი 15 საათზე. ჩემი ეჭვები მართალი არ გამოდგა. აღმოჩნდა, შემდეგ, რომ ასეთი უბრალო რამ ვერ შეგიტყვეს თქვენმა ,,მრჩევლებმა” და არც თქვენმა აქაურმა ვექილმა!” – სწერდა მწერლის ნათესავს გაკვირვებული და იმედგაცრუებული.

გრიგოლ რობაქიძის ცხედრის აღმოჩენიდან, თითქმის, სამი თვის შემდეგ, 1963 წლის 13 თებერვალს, ჟენევის პოლიციამ ბინა გახსნა. მოხდა წარმოუდგენელი რამ!

***

წერილი V

357370217_9490762864330433_6913720540588491858_n

გრიგოლ რობაქიძის ანდერძი

აღმოჩნდა მწერლის ხელით დაწერილი ანდერძი ალიას სახელზე. სწორედ, ის გამოაცხადა რობაქიძემ თავის კანონიერ მემკვიდრედ. ამ ამბავმა ქართველებში ნამდვილი შოკი გამოიწვია. გრიგოლს სასტიკად ადანაშაულებდნენ და ათას ჭორ-მართალში დებდნენ ბრალს: ,,ყველას აგვიარა გვერდი, არად მიგვიღო და აღიარა უკანონო ცოლის დისწული (სინამდვილეში მისი უკანონო შვილი – ასე ამბობენ). მუდამ უკუღმართი იყო: პირველი ცოლი რუსი; მესამე (? რ.შ.) რუსი; მემკვიდრეთ გაიხადა რუსი; ქონოდა მაინც ფული, ნივთი, მამული?! ქართული შემოქმედების მემკვიდრეთ გაიხადა რუსი და ისეთი რუსი, რომელსაც გუშინაც ეთქვა: ,,პრეზირაიუ გრუზინოვ”!.. განსვენებული გრიგოლი სიყმაწვილიდან უკუღმართი იყო და ისე დაამთავრა მისი დღეები, არ უვლია სწორ გზაზე… ვერ მოვსულვარ გონს, ისე მეოცა მისი საქციელი… სალიას უკვე მისწერეს, ეტყობა. აკი იკვეხნიდა, მე დამიტოვებდაო!”, – სწერდა ნინო დადიანი ჟენევიდან პარიზში ალექსანდრე ფანჩულიძეს.

ანდერძის არსებობა ალიას ყველაფერის დაპატრონების საშუალებას აძლევდა, ოღონდ მაინც უნდა გადაეხადა 75 ათასი შვეიცარიული ფრანკი (ზოგიერთი ცნობით, 67 ათასი შვ.ფ., რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფომ, 17 წლის მანძილზე, დახმარების სახით გაიღო გრიგოლისთვის).

საბოლოოდ, ქალბატონმა კალლეამ ხელი აიღო მემკვიდრეობაზე, რაც ,,ყველას უხსნიდა ხელს თავისუფალი მოქმედებისათვის“.

,,რამდენი ხლაფორთი მქონდა ის საწყალი ცოცხალი რომ იყო… გრძელდება ყველაფერი მისი სიკვდილის შემდეგაც“, – ამბობდა კალისტრატე სალია და ფარ-ხმალს არ ყრიდა. მის მომხრეებს შვეიცარიელებისთვის უთხოვიათ, რომ ახლა მაინც გადაეცათ ხელნაწერები ,,ბედი ქართლისასთვის”. ნინო დადიანს ეს სასწრაფოდ უცნობებია ალ. ფანჩულიძის ვექილისათვის, რომელსაც ,,შეუტევია“: ,,ეს რა უკანონობას სჩადიხართ? ამბობენ, რომ აღუთქვით ვიღაც კერძო პირებს, რომ ,,მანუსკრიპტებს“ გაუგზავნით სალიას, ვიღაც სალიას?..” რაზეც უპასუხიათ, რომ ბატონი სალიასათვის არაფერი მიუციათ.

არც ალექსანდრე ფანჩულიძე ეგუებოდა ბედს და ბოლო იმედად პარიზის ქართველთა სათვისტომო ეგულებოდა. 1963 წლის 26 თებერვალით დათარიღებულ წერილში, გამგეობის თავმჯდომარეს – ლევან ზურაბიშვილს, თავის გეგმას აცნობდა და დახმარებას სთხოვდა: ვინაიდან, მემკვიდრეობას „ვერ იკისრებდა თანამედროვე საქართველო“, გამგეობას შვეიცარიის მთავრობისგან უნდა მოეთხოვა, მის განკარგულებაში გადმოსულიყო რობაქიძის არქივი, ხოლო, ქართული ხელნაწერების შეფასებულ ღირებულებას, თვითონ ფანჩულიძე გადაიხდიდა. რაც შეეხება არქივში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას, უსასყიდლოდ უნდა გადაეცათ, რადგან მისივე მიცემული იყო. ამაზე მეტყველებდა იქ არსებული ფანჩულიძის კუთვნილი საგვარეულო ლექსიკონი, რომელსაც ადვოკატი, როგორც ,,ნათესაური ერთსულოვნების გამოხატულებას“, ისე გამოიყენებდა. ,,რასაკვირველია, შენაძენ ხელთნაწერებს მთლიანად სათვისტომოს გადავცემ. ამით მოვიხდი განსვენებული გრ. რობაქიძის წინაშე ნათესაურ მოვალეობას, ქართველთა წინაშე – ეროვნულს“-ო, დასძენდა ალ. ფანჩულიძე.

ლევან ზურაბიშვილის პასუხს ორი თვე დააგვიანდა.

ნინო დადიანი ბობოქრობდა: ,,ჰეი, ბებია, სიცოცხლეში იყო უცნაური და აღზნებული და აწც… ხომ ხედავ! გაჭიანურდა! რა მოუვიდა დალოცვილ ლევანს, რომ ვეღარ შვა პასუხი?.. თუ ხათრი გაქვს, არ მომწერო ,,მუშაობენ”, ,,ხომ იცი, ძნელია” და სხვა. როგორ? ზესტაფონია? ზედა ლეჩხუმია?.. დაუთმობენ? ეს მით უარესია. თუმცა, ეს უკანასკნელი მე არ მჯერა, რადგან წევრებიც და მეთაურიც, უეჭველად, პატიოსნები არიან…“. თავის მხრივ, ნინო დადიანიც სწერდა ლ. ზურაბიშვილს, დახმარებოდა მწერლის ნათესავს, თან სთხოვდა – არ გაეხმაურებინა მისი მონაწილეობა ამ საქმეში.

პასუხის დაგვიანების მიზეზი ის გახდა, რომ გამგეობის თავმჯდომარეს ჯერ ალიასთვის მიუმართავს კითხვით – როგორც კანონიერი მემკვიდრე, იყო თუ არა თანახმა, რომ სათვისტომოს გადასცემოდა „განსვენებულის ხელნაწერები“, რაზეც ქ-ნ კალლეას უპასუხია: ,,მემკვიდრეობის საკითხი უკვე მოსპობილია! უკეთესია, შვეიცარიამ შეინახოს ხელნაწერები რომელიმე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში!“

,,…მაშ, ფაქტიურად, ჩვენ შეკითხვაზე უარყოფითად გვიპასუხა… ამ პირობებში, ჩვენმა კომიტეტმა, უკანასკნელ კრებაზე გადაწყვიტა, რომ მდგომარეობის გამოსარკვევად მიგვემართა უშუალოდ შვეიცარიის საიუსტიციო დეპარტამენტისადმი. იქამდე, შედგენილი ტექსტი ჯერ უნდა ,,გავაფორმიოთ” იურიდიულად ერთ ჩვენ მეგობარ იურისტს. წერილი გადაცემულია ამ გაფორმებისთვის და როდესაც მივიღებთ პასუხს ,,დეპარტამენტისაგან”, შეგვეძლება საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილების გამოტანა. სხვანაირად მოქმედება ჩვენთვის შეუძლებელია, ვინაითგან ჩვენ არა გვაქვს მანდატი არც ერთი ლეგალური მემკვიდრისაგან და არც ჩვენ სათვისტომოს საფრანგეთში აქვს რამე იურიდიული პრიორიტეტი. კიდევ გთხოვთ, მაპატიოთ ეს დაგვიანებული პასუხი. იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს ყოველმხრივ დატვირთულ მდგომარეობას (და თანაც ჩემ ჯანმრთელობის საკითხს)“, – სწერდა ლევან ზურაბიშვილი ალექსანდრე ფანჩულიძეს.

***

რა ნახეს მწერლის არქივში, ამაზე დაწვრილებითი ცნობები ქართველი ემიგრანტების დღემდე ცნობილ არქივებს არ შემოუნახავთ (*მას მხოლოდ გიორგი შარაძემ მიაკვლია შვეიცარიაში, 1999 წელს და მოგვიანებით გაგაცნობთ). ნინო დადიანის ცნობით, ნიკოლოზ მაყაშვილსა და ხარიტონ შავიშვილს, როგორც დამსწრეებს, უთქვამთ, რომ გრიგოლის ,,არქივში აღმოჩნდა ბევრი წიგნი სხვადასხვა ენაზე, წერილები და სულ ცოტა ხელთნაწერები“. ქართული ნაწილი დაუტევია ორ ,,კარტონს“, ერთში წერილები მოუთავსებიათ, მეორეში – ხელნაწერები და ,,რასაც სხვები უწოდებდნენ ,,შემოქმედებას“, მნახველები – ,,არარას”.

იგივეს ადასტურებდა კალისტრატე სალიაც, რომელიც სწერდა ალ. ფანჩულიძეს: ,,ხელნაწერების რაოდენობაზე მეც გელაპარაკე, ძალიან ცოტა აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ქართულად. როგორც კი რამეს დაამასალებდა, მაშინვე მიგზავნიდა და ვბეჭდავდით. გერმანულის ასლები დიდი ხანია მე მაქვს…’’

საბოლოოდ, ალექსანდრე ფანჩულიძემ, მემკვიდრეობიდან ვერაფერი მიიღო, ხოლო სალიებს საკუთარი წერილები ერგოთ – უკლებლივ, რაც გრიგოლისთვის, ჟენევაში ცხოვრების 17 წლის მანძილზე, მიუწერიათ. ასეთი წერილი 400-ზე მეტი იყო: ,,ღმერთო ჩემო! ყველაფერი შეუნახავს იმ ცხონებულს… წარმოდგენილი მაქვს რამდენი წერილი აქვს დატოვებული სხვებისა თავის არქივში“, – გაოცებული აღნიშნავდა ,,ბედი ქართლისას’’ რედაქტორი და ალბათ, ინტერესი კლავდა ამ „სხვების“ წერილებისა.

*აქვე გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ გიორგი შარაძის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის ანდერძი ოფიციალურად დამოწმებულია იურლინგენში, 1945 წლის აპრილის თვეში. ეს ის დროა, როდესაც მწერალი ,,ჰიტლერიანელობისათვის”, ლენასთან და ალიათან ერთად, გარბის გერმანიიდან და მათი ბედი სასწორზე ჰკიდია.

ანდერძის საკითხს კიდევ დავუბრუნდებით.

***

წერილი VI

358090992_9497821630291223_1603590031473013026_n

გრიგოლ რობაქიძე, შარჟის ავტორი მ. ჭიაურელი, 1916

„სპეციალური მოხელე“ და გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის ოფიციალური ვერსია“

1964 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ნინო სალია აღნიშნავდა, რომ „სპეციალურმა მოხელემ“ ,,გრიგოლის მთელი არქივი შეაგროვა და ჩააბარა ბერნის სასამართლოსა და პოლიციის დაპარტამენტს“ (როგორც სხვა დოკუმენტებიდან ჩანს, ეს მწერლის ბინის გახსნისთანავე, 1963 წლის 13 თებერვალს მომხდარა, რ.შ.). ნ. სალია იმასაც წერდა, რომ „შვეიცარიის მთავრობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბედი არქივისა დღიდან, რაც ბერნში ჩაიბარა იგი“ და დასძენდა, რომ ის ციურიხის „გენეტიური ფილოსოფიის საარქივო დაწესებულებას“ გადასცეს შესანახად. ნინო სალია ეყრდნობოდა ოფიციალურ წერილს, რომელიც 1963 წლის ნოემბერში, მისმა მეუღლემ პარიზში მიიღო, სადაც, სხვათა შორის, აცნობებდნენ:

„… შვეიცარიის ფედერალური ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვის საფუძველზე, ბ-ნი რობაქიძის დატოვებული ნაწერებისა და თხზულებების საჯარო ლიკვიდაციის დადგენილება გაუქმდა: გადაწყვიტეს, რომ იგი გადასცენ შესანახად „Archiv fur genetische Philosophie“ Kapfesteïng 44, Zurich, სადაც დაცული იქნება და კონსულტაციას გაუწევს იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ არქივზე სამეცნიერო მუშაობით. სასამართლოსა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი, პოლიციის განყოფილება, ბერნი, 14 ნოემბერი, 1963“.

ნინო სალიასავე ცნობით, საბოლოოდ, გრიგოლის არქივი ,,დიდ პიროვნებათა საარქივო აკადემიაში” დაიდებდა ბინას, რომელიც უნდა დაარსებულიყო ციურიხში; იქვე დადგამდნენ გრიგოლის ბიუსტსაც.

ასეთი იყო ოფიციალური ვერსია!

თუმცა, ნინო დადიანი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ არქივი „დაბეჭდვისთანავე გააგზავნა ციურიხში და არა ბერნში, მაგრამ განაგებდა ბერნი!“ მოგვიანებით, კალისტრატე სალია უფრო შორს მიდიოდა და ირწმუნებოდა, რომ „სპეციალურ მოხელეს“ ის არასდროს ჩაუბარებია ბერნისთვის და თავისთან ჰქონდა შენახული!

უტყუარი ფაქტია – დღემდე, არავის არსად უნახავს გრიგოლ რობაქიძის არქივი, მითუმეტეს, ბიუსტი.

***

სპეციალური მოხელე“ – მთავარი გმირი ჩვენი შემდგომი წერილებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა მწერლის არქივი შვეიცარიაში დარჩენილიყო, გახლდათ Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი. ის რობაქიძის ახლო ნაცნობი და მისი შემოქმედების შესანიშნავი მცოდნე იყო და თავადაც მწერლობდა. როგორც ირკვევა, მისი მისია არ ამოიწურებოდა მხოლოდ არქივის „დაბეჭდვითა“ და ბერნში გაგზავნით, არამედ, მასვე ჰქონდა დავალებული მწერლის მემკვიდრეობის შეფასება და დასკვნის გაკეთებაც. ბუნებრივია, ქართულის არცოდნის გამო, ამას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და ,,ექსპერტიზის“ საქმეში, დახმარება გაუწევია მეგობარს, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს – კიტა ჩხენკელს (კიდევ ერთი პერსონაჟი ამ ჩახლართული ამბებისა), რომელთანაც, აგრეთვე, მეგობრობდა გრიგოლ რობაქიძე.

2005 წელს, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“, ამ შინაარსის წერილებს ვაქვეყნებდით, გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ ცოტა უცნაური იყო, მაინცდამაინც, არმენ ზიგრისტს რომ მოუწია ამ საქმეში მონაწილეობა და დამაფიქრებელი იყო ეს ერთგვარი „სამკუთხედიც“ – რობაქიძე-ზიგრისტი-ჩხენკელი, თუმცა მაშინ, ჩვენ ხელთარსებული არქივები მეტის თქმის საშუალებას არ გვაძლევდა. ზუსტად, ამ დროს, გიორგი შარაძემ გადმოგვცა მის მიერ, 1999 წელს, შვეიცარიაში აღმოჩენილი, სრულიად უცნობი დოკუმენტები, რომლებმაც განამტკიცა ჩვენი არაერთი ეჭვი და ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.

შემდეგ წერილებში, თქვენ ნახავთ, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“; რაც მთავარია, გაეცნობით იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტისთვის გაგზავნილ გრიგოლ რობაქიძის არქივის აღწერილობას, რომელსაც დოქტორი არმენ ზიგრისტი აწერს ხელს.

***

წერილი VII

რუსუდან შარაძე:

“ბოლო წერილში შეგპირდით, რომ გიამბობდით, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები გრიგოლ რობაქიძის არქივისთვის, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“. 2005 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ დროისთვის სრულიად უცნობ მასალებს როცა ვაქვეყნებდი, აშკარა იყო, გიო და მე სწორ კვალზე ვიდექით, მაგრამ მალე ცხოვრება თავზე დაგვემხო. გამართლება არა მაქვს, მითუმეტეს, რომ სწორედ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ,,დამარხულია“ ჩვენი განძი, მაგრამ სურვილის მიუხედავად, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაბინავების მეტს, თითქმის, ვერაფერს მივეკარე. ახლა თავიდან შევისწავლე გიოს მოცემული უნიკალური დოკუმენტები და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს მივაქციე ყურადღება. წლები გავიდა და არ ვიცი, ვინ რას მიაკვლია, რა გამოქვეყნდა და რა არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის შესახებ, ისევ არავინ არაფერი იცის. მართებულად ვთვლი, რომ ახალი მიგნებები სათანადოდ გადავამოწმო და მერე გამოვაქვეყნო. იქამდე, დასკვნის სახით, რამდენიმე წერილში დავწერ იმას, რაც 2005 წელს, ვრცლად დავბეჭდე და ბოლოს, ყოველივეზე საკუთარ აზრსაც მოგახსენებთ.”

* * *

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები გრიგოლ რობაქიძის არქივის შესახებ

როგორც გიამბეთ, 1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლომ გრიგოლ რობაქიძის არქივის აუქციონზე გატანის განაჩენი გამოიტანა; მისივე გადაწყვეტილებით, უნდა განადგურებულიყო მწერლის პირადი კორესპონდენცია. ბინის გახსნაზე, ბერნიდან ჟენევაში გაგზავნეს Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი, რომელმაც 1963 წლის 13-14 თებერვალს, მოწმეების თანდასწრებით, რობაქიძის არქივის წინასწარი დათვალიერება მოახდინა. ამის შემდეგ, გავრცელებული ვერსიით, მთელი არქივი დაბეჭდა და ჩააბარა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებას ბერნში.

საქართველოს კულტურის ატაშემ შვეიცარიის კონფედერაციაში (1999-2001), გიორგი შარაძემ, საელჩოს და კერძოდ, მაშინდელი ელჩის – ამირან კავაძის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის მისაკვლევად, დიდი სამუშაო გასწია. აღმოჩნდა მეტად საინტერესო და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი მასალები, საიდანაც დოკუმენტურად დასტურდება ყოველივე, რასაც ქვემოთ შეიტყობთ:

1. დოქტორი ზიგრისტი შემთხვევით არ მოხვედრილა ამ საქმეში, მეტიც – ყველაფერი გააკეთა, რომ სწორედ, მისთვის მიენდოთ ეს მისია. თავად წერს: ,,მწერალთან (გრიგოლ რობაქიძესთან, რ.შ.) მრავალწლიანი კავშირის და მისი პოეტური ქმნილების პატივისცემის გამო, შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებისაგან მემკვიდრეობა რომ მიმეღო და შემენარჩუნებინა, ძალიან გამოვიდე თავი. ჩემი განკარგულების ქვეშ მოვაქციე ლიტერატურული მემკვიდრეობის მოკვლევა მისი ინვენტარიზაციის მიზნით…“ „გარდა ამისა, ორჯერ თავადვე დავაფინანსე ჟენევაში წასვლა და ასობით სამუშაო საათი დავახარჯე ლიტერატურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მოკვლევას…”

2. დოქტორი ზიგრისტი, 1936 წლიდან, პირადად იცნობდა გრიგოლ რობაქიძეს და მისი გერმანიიდან შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ, „ახლო მეგობრობა აკავშირებდა“. აგრეთვე, ზედმიწევნით იცნობდა „მითიური მწერლის” ფილოსოფიურ ნაშრომებს, რომელთა ,,ჰუმანიტარული მნიშვნელობა ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო”. ბინის გახსნამდეც სწამდა, რომ გრიგოლს ჰქონდა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომელთაც დღის სინათლე არ ენახათ, რადგან II მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში გამოცემული წიგნები მუსოლინსა და ჰიტლერზე, სიცოცხლის ბოლომდე უშლიდნენ ხელს ავტორს და ისიც ამაოდ ცდილობდა გამომცემლების დაინტერესებას. უშედეგო აღმოჩნდა, 1962 წლის შემოდგომაზე, თავად ზიგრისტის შუამდგომლობაც ციურიხელ გამომცემელთან.

3. არმინ ზიგრისტმა დაარწმუნა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილება ბერნში, რომ ,,მიუხედავად დღეს არსებული რთული პოლიტიკურ-პუბლიცისტური არეულობისა, რობაქიძის, როგორც მწერლის მნიშვნელობა, ხელშეუხებელი რჩება”-ო. მისივე დამსახურებით, არქივი გადაურჩა აუქციონს (თუმცა, ქართველების როლიც უდავოა) და საბოლოოდ, შვეიცარიაში დარჩა: „ვინაიდან, ვიცნობ და ვაფასებ მის შემოქმედებას, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ლიტერატურული მემკვიდრეობა კი არ განადგურდეს, არამედ შვეიცარიაში დარჩეს“, – სწერდა ზიგრისტი ბერნს.

გადარჩა გრიგოლ რობაქიძის პირადი კორესპონდენციაც. ავტორებს გარკვეული ვადა მიეცათ, უკან მოეთხოვათ თავიანთი წერილები. რაც არ მოიკითხებოდა, დროის ამოწურვის შემდეგ, განადგურდებოდა. ზიგრისტის წინადადებით, ჯერ ვადა გადაიდო და საბოლოოდ, არაფერი განადგურებულა. ,,აღგზნებული გონების დასამშვიდებლად”, კალისტრატე სალიას გადაეცა თავისი წერილები, მიუხედავად იმისა, რომ ,,ისინი მწერლის პიროვნების და მისი ნაშრომების შეფასებისათვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ”. ეს წერილები 400-ზე მეტი იყო და ამის შესახებ, უკვე გიამბეთ.

4. მართალი იყო კალისტრატე სალია, რომელიც, 1965 წელს, აცხადებდა: ,,,ყველაფერი მოჩმახა თვითონ ზიგრისტმა. გრიგოლის არქივი მას არასოდეს ჩაუბარებია ბერნისათვის. ბერნმა გადაწყვიტა ის, რაც მისწერა ზიგრისტმა, რომელსაც ეტყობა მადა გაღვიძებია…”

დოკუმენტურად დასტურდება, რომ მართლაც, ბერნმა ზედმიწევნით გაითვალისწინა „ხანგრძლივი ფიქრის შედეგად“ წარმოშობილი ზიგრისტის ყველა წინადადება; მათ შორის, ნება დართო, გრიგოლ რობაქიძის არქივი შინ წაეღო, რადგან ბინის გახსნისას, დროის სიმცირის გამო, ვერ მოასწრო სათანადოდ შესწავლა.

აქვე, დანამდვილებით ვიტყვი, რომ დოქტორ ზიგრისტს არც ამის შემდეგ გადაუცია გრიგოლ რობაქიძის ხელნაწერები ვინმესთვის.

5. არმინ ზიგრისტს გვერდში ედგა Bauhutte der Academic-ის საქმეთა მმართველი, ციურიხის ,,გენეტიური ფილოსოფიის არქივის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – დოქტორი ვალტერ რობერტ კორტი. მისი მნიშვნელოვანი როლი არაერთი დოკუმენტიდან ჩანს, თუმცა საკმარისია თავად ზიგრისტის სიტყვები: ,,მე და დოქტორმა კორტიმ უზარმაზარი ჯაფა გავწიეთ, რათა ლიტერატურული მემკვიდრეობა შვეიცარიისთვის შეგვენარჩუნებინა“.

6. საქმეში, გარკვეულწილად, ჩართული იყო გრიგოლის და ამავე დროს, ზიგრისტისა და კორტის მეგობარი, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პროფესორი – კიტა ჩხენკელი, რომელმაც, ზიგრისტის თხოვნით, გადასინჯა არქივში არსებული ქართულენოვანი წიგნები და ჟურნალები და დაადგინა, რომ „მათში ღირებული არაფერი იყო“. კიტა ჩხენკელს უნდა შეედგინა ამ წიგნებისა და ჟურნალების კატალოგიც, მაგრამ არ დასცალდა (1963 წლის 22 ოქტომბერს, ბრონქოპნევმონიის სნეულებით გარდაიცვალა). ეს საქმე მისმა ასისტენტმა ქალბატონებმა – ლეა ფლურმა და იოლანდა მარშევმა დაასრულეს.

ადრე გიამბეთ, რომ გრიგოლის არქივში არსებული ქართულენოვანი წიგნებისა და ჟურნალების უმრავლესობა ალ. ფანჩულიძის ნაქონი იყო და სამართლიანად ითხოვდა უკან დაბრუნებას. თუმცა, ზიგრისტმა არც ისინი დათმო, რადგან ,,პუბლიკაციები ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენად ითვლება და სავარაუდოდ, შუმერულიდან წარმოდგება, იშვიათობას წარმოადგენს”. ამიტომ „სამი დიდი შეკვრა“ (სულ 34 წიგნი და ჟურნალი), რომელიც არქივთან ერთად, ზიგრისტის სახლში ინახებოდა, 1964 წლის ბოლოს, საჩუქრად გადაეცა ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ინდოგერმანიკული სემინარის ბიბლიოთეკას. აღწერილობა ჩვენ ხელთაა და ფოტოებში იხილავთ.

7. ზიგრისტის მონდომებითა და აგრეთვე, „ანდერძის თანახმად, ერთადერთი მემკვიდრის“ – ქალბატონი კალლეას თანხმობით, გრიგოლ რობაქიძის უცხოენოვან თხზულებებზე საავტორო უფლებები შვეიცარიას დარჩა (ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მემკვიდრეებიდან ვერავინ გადაიხადა თანხა, რომელიც, 17 წლის მანძილზე, გრიგოლ რობაქიძისთვის გაიღეს). ქართულ მხარეს, მხოლოდ, ქართულენოვანი ნაშრომების გამოცემის უფლება დაუტოვეს:

,,ნიშნად იმისა, რომ თქვენ მსგავსად, ჩვენი სურვილიც გახლავთ, ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს, ჩვენი კეთილი ნების გამოსახატავად, შვეიცარიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ გითმობთ საავტორო უფლებას ქართულენოვანი ნაშრომების გამოცემაზე, ხოლო, სხვა ენებზე შესრულებულ ნაწარმოებებზე ყველა საავტორო უფლებას ვიტოვებთ ჩვენს მხარეს.
გთხოვთ, მიიღოთ, ბატონო სალია, დასტური თქვენ მიმართ ჩვენი განსაკუთრებული მოწიწებისა“, – სწერდა არმინ ზიგრისტი „ბედი ქართლისას“ რედაქტორს 1963 წლის 28 დეკემბერს.

(გასადიდებლად “დააწკაპუნეთ”)

***

წერილი VIII

რა ნახა დოქტორმა ზიგრისტმა გრიგოლ რობაქიძის არქივში ქართულენოვანი წიგნებისა და პირადი კორესპონდენციის გარდა?

გრიგოლ რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობის აღწერილობა

სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი, თავად არმინ ზიგრისტმა დაგვიტოვა და ვინაიდან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თავია ჩვენი წერილებისა, მართებულად მიმაჩნია, პირდაპირ გადმოვიტანო დოქტორის ბერნის მიმართ გაკეთებული მოხსენებებიდან ამონარიდები.

აღწერილობა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, არქივის „წინასაწარი დათვალიერების“ შედეგია, რომელიც, როგორც უკვე ვიცით, გრიგოლის ბინის გახსნისას, 1963 წლის 13-14 თებერვალს ჩატარდა. ზიგრისტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყოველივე კარგად შესწავლილი და ვინ იცის, კიდევ რა მნიშვნელოვანი დოკუმენტები დატოვა რობაქიძემ; ხოლო დანამდვილებით, აი, რას ვეძებთ დღემდე (სათაურები ორიგინალში დავწერე და იქვე, ქართულად მივაწერე):

„ლიტერატურული მემკვიდრეობა შედგება, ერთი მხრივ, ძირითადად, გერმანულ ენაზე გამოქვეყნებული თხზულებებისგან, მეორე მხრივ, მთელი რიგი მანქანაზე ნაბეჭდი მასალებისა და შვეიცარიაში შესრულებული ხელნაწერებისგან, რომელთაგან თითქმის ყველა ფილოსოფიურ-მსოფლმხედველური ხასიათისაა (უმთავრესად გერმანულად, მცირე მოცულობით – რუსულ და ქართულ ენებზე). ამას ემატება პირადი კორესპონდენცია აღნიშნულ სამ ენაზე […].

გერმანულ ენაზე გამოცემული თხზულებები წარმოადგენს არქივს წიგნების სახით, უმეტესწილად, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად („Der Ruf der Göttin“ „ქალღმერთის ძახილი” – რამდენიმე ცალი); აკლია ბროშურები ჰიტლერსა და მუსოლინზე […]. გარდა ამისა, არის ჩეხურ ენაზე წიგნად დაბეჭდილი თარგმანი რომანისა „Der Ruf der Göttin“; ასევე ამ რომანის ბეჭდური თარგმანი ფრანგულ ენაზე („L’Appel de la Déesse“), რომელიც არასდროს გამოცემულა; აქვეა მსგავსი თარგმანი „Mégui“ (მეგი, ქართველი ასული).

გარდა აღნიშნულისა და აგრეთვე, ლექსების კრებულისა „Der sterbende Adler“ – „მომაკვდავი არწივი”, რომელიც ომის დროს უნდა გამოცემულიყო, მაგრამ განადგურდა, გამოუქვეყნებელი შრომები შედგება სუფთად აზრობრივი ტიპის მოთხრობებისა და მეცნიერული შრომებისგან. მათში მითიური მწერლის, როგორც შეიძლება რობაქიძეს ვუწოდოთ, მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, განიხილება სულიერი საკითხები და ფენომენები, რომელთა საკაცობრიო მნიშვნელობა ჯერ კიდევ გარკვეულ უნდა იქნას.

„Friedrich Nietzsche, ein metaphysisches Bildnis“ – „ფრიდრიხ ნიცშე, მეტაფიზიკური პორტრეტი“, (1948, მოცულობა 61 გვერდი), რომელსაც რობაქიძე განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მინდა აღვნიშნო, რომ Eugen Diederichs Verlag-მა და სხვა გამომცემლობებმა გამოსაქვეყნებლად არ მიიღეს […]

აი, სხვა ნაპოვნი მნიშვნელოვანი შრომები, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ გამოქვეყნებულა:
„Mose“ – „მოსე” (1946, 125 გვერდი) და ალბათ, მასთან დაკავშირებული „Israel als Geheimnis und Schicksal“ – „ისრაელი, როგორც საიდუმლო და ბედისწერა”;

„Das Nessus-Hemd“ – „გველის პერანგი” (ფსევდონიმი Avallon Cardwell, 81 გვერდი; სტატიით „Stalin“, 9 გვერდი) (უცნაურია, რომ ზიგრისტმა არსად ახსენა 1928 წელს, იენაში, სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით გამოცემული გერმანულენოვანი „გველის პერანგი“, რ.შ.);

„Am Isisbrunnen“ – „იზისის წყაროსთან” (სხვადასხვა რედაქციით 20-დან 57 გვერდამდე);

„Atlantischer Traum“ – „ატლანტური ზმანება” (67+5 გვერდი);

„Briefe an die Welt“ – „წერილები სამყაროს” (ფსევდონიმი Avallon Cardwell);

„Rasputin, der russische Engidu“ – „რასპუტინი – რუსი ენგიდუ” (20 გვერდი);

„Georgien in seine Weltbild“ – „საქართველო თავის სამყაროსეულ პორტრეტში” (53 გვერდი), თარგმანით „La Géorgie en son image du monde“;

„Begegnungen mit Leopold Ziegler, Hermann Kayserling, Hans Blüher“ – „შეხვედრები ლეოპოლდ ციგლერთან, ჰერმან კაიზერლინგთან, ჰანს ბლუერთან” (გეგმაში არსებული წიგნიდან „Begegnungen“ – „შეხვედრები).

გარდა ამისა, აქვეა მთელი რიგი მოთხრობებისა, ჩანაწერებისა და ა. შ., ყველას ვერ ჩამოვთვლი.

მინდა აღვნიშნო, რომ მცირერიცხოვანი რუსულენოვანი ხელნაწერების ასლებთან ერთად, ლიტერატურულ მემკვიდრეობაში არის ორი თუ სამი ხელნაწერი მოთხრობა ქართულ ენაზე; აგრეთვე, ხელით შესრულებული მრავალი ქართულენოვანი ჩანაწერი და წერილი“, – სწერდა არმინ ზიგრისტი ბერნს, გრიგოლის ბინის გახსნიდან რამდენიმე დღეში.

***

როგორც ნახეთ, არქივში არ აღმოჩნდა წიგნები მუსოლინსა და ჰიტლერზე – გრიგოლ რობაქიძეს ისინი არ შემოუნახავს. ამ ფაქტს თავიდანვე ხაზს უსვამდა დოქტორი ზიგრისტი, ხოლო სამი თვის შემდეგ, როდესაც ალბათ უკეთესად იცოდა, რას შეიცავდა ლიტერატურული მემკვიდრეობა, წერდა: „შემორჩენილია, მხოლოდ, ,,მუსოლინი, მზის შუქით აღბეჭდილი”-ს პირველი თავი, გვერდი 8-16 (5 მანქანით ნაბეჭდი გვერდი), სადაც კაპრიზე პირადად განცდილია წარმოდგენილი და სახელი ,,მუსოლინი” არაერთხელაა ნახსენები“.

ზიგრისტის თქმით, გრიგოლის სიცოცხლეში, ჰიტლერზე ნაწარმოები არ ჰქონდა წაკითხული და ხელნაწერი, გასაცნობად, 1963 წლის მარტში, ვენელი მეგობრისგან მიიღო. ის არ აზუსტებს მეგობრის ვინაობას და არც კონკრეტულ ცნობებს იძლევა ხელნაწერის შემდგომი ბედის შესახებ. ამბობს, მხოლოდ, რომ ის ვალტერ კორტის გადასცა წასაკითხად, ხოლო „მას შემდეგ, ხელნაწერი შვეიცარიაში აღარ შემხვედრია“-ო (საინტერესოა, სად უნდა „შეხვედროდა“ ხელნაწერი, როდესაც მისი მიღებიდან სულ ორი თვე იყო გასული?! რ.შ.)

აღსანიშნავია, რომ არმინ ზიგრისტი კარგად იცნობდა გრიგოლ რობაქიძის „ახსნა-განმარტებას” შვეიცარიის მწერალთა კავშირის მიმართ, რომლის ასლი თავად გრიგოლს, ჯერ კიდევ, 1947 წლის შემოდგომაზე პირადად გადაუცია. ისიც იცოდა, რომ რობაქიძე არასდროს ნანობდა ამ წიგნებს, – „მათში ერთი წვეთიც არაა ნაციზმისა, მე სულ სხვა მქონდა მხედველობაში, ცუდად გაიგეს ატმოსფეროში ომისა“-ო, – ამბობდა ყველგან. მიუხედავად ამისა, ჰიტლერზე ნაწარმოების გაცნობამ, ზიგრისტს „მწერლის მიმართ, აღუწერელი იმედგაცრუება მოუტანა” (იგივე აზრზე დარჩენილა ვ. კორტიც) და „მეტი სიცხადისთვის“, დაუკავშირდა ქ-ნ კალლეას, ,,ინტელიგენტ და დახვეწილ ქალბატონს”, რომელიც ჟენევაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის დათვალიერებისას“ გაიცნო. ალიას მაშინ უთქვამს, რომ სიცოცხლის ბოლოს, უვლიდა (?) მწერალს და ზიგრისტის აზრით, მას ბევრის თქმა შეეძლო.

აი, გრიგოლ რობაქიძის ერთადერთი მემკვიდრის, ქ-ნი კალლეას წერილობითი პასუხი:

,,ბიძაჩემის წიგნი ჰიტლერზე არასოდეს წამიკითხავს, ეს არ იყო ის, რაც მე, ახალგაზრდა გოგონას, მაინტერესებდა. მაშინ რუსი ბოისკაუტების ჯგუფის წევრი ვიყავი და რუსეთში დასაბრუნებლად ვემზადებოდი (საკმაოდ სერიოზულად!).

ჩვენ გერმანელებს ვუყურებდით, როგორც ,,საშუალებას მიზნისათვის”, მათ ჩვენთვის კომუნიზმი გზიდან უნდა ჩამოეცილებინათ. დანარჩენს ჩვენ თვითონ გავაკეთებდით: მოგვიანებით უნდა მომხდარიყო თვით ამ გერმანელების რუსეთიდან გამოძევება!!! რა თქმა უნდა, ჰიტლერი გვეზიზღებოდა, რადგან ის ყველა რუსსა და სლავს, როგორც დაბალი რასის წარმომადგენელს, ისე უყურებდა.
რასაკვირველია, ამის გამო, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ბიძაჩემის წიგნისა (ასევე იყო მისი ყველა მეგობარი და ნაცნობი!), რომლის დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილი იყო. უნდა ითქვას, რომ ბიძაჩემი ადამიანებსა და მოვლენებს აფასებდა ისე, როგორც სურდა დაენახა და როგორც ესადაგებოდნენ მისი იდეალების სამყაროს. ვერავინ შეძლებდა მის იძულებას, უარი ეთქვა თავის იდეებზე: ის კლდესავით მყარად იყო დარწმუნებული თავის თავში მაშინაც კი, როდესაც სიმართლე ტყუილში ამხელდა.

გარდა ამისა, ბიძაჩემი ეგზალტირებული იყო სხვადასხვა იდეოლოგიურ სფეროში. ამას, მხოლოდ, იმიტომ გწერთ, რომ გაიგოთ – მას სჯეროდა რასაც წერდა და „ჰიტლერის პრობლემას” ის არა ჩვეულებრივ, არამედ ,,მისტიკურ” სიბრტყეში განიხილავდა (ეს მისთვის უფრო მოხერხებული იყო, რადგან სინამდვილესთან არაფერი ჰქონდა სადისკუსიო!).

მოგვიანებით, არასდროს მისაუბრია მასთან ჰიტლერის წიგნზე და არ მიკვირს, თქვენ რომ მითითებთ – ის თავის შეცდომას არ აღიარებსო. მას არ შეეძლო საკუთარ თავსაც გამოტყდომოდა, რომ შეცდა – მთელი მისი პიროვნება და სამყარო ლიტერატურულ „უცოდვილობას” ემყარებოდა, რომელიც ცდომილების შემთხვევაში, დაიმსხვრეოდა!
და მაინც, იგი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თავისი სიცოცხლის ბოლოს, ხელმოცარული იყო. არ მიგაჩნიათ მისატევებლად, რომ სინამდვილის წინაშე ის თვალებს ხუჭავდა?”.

***

368922078_9763811143692269_3419152670586258686_n

წერილი IX
სად იკარგება გრიგოლ რობაქიძის არქივის კვალი?!
არმინ ზიგრისტიდან ვალტერ კორტიმდე

მოდით, ჩვენ ხელთარსებული მასალების მიხდვით, თავიდან გავყვეთ გზას, რომელიც გრიგოლ რობაქიძის არქივმა ფიზიკურად გაიარა და ზუსტად ვნახოთ, სად არ ემთხვევა ერთმანეთს რეალობა და გავრცელებული ინფორმაციები, თორემ ყველაფერი ისეა „აბურდული“, ეშმაკიც დაიბნევა.

მაშასადამე:
1963 წლის 13-14 თებერვალს, ჟენევის პოლიციამ, არმინ ზიგრისტისა და მოწმეების თანდასწრებით, გრიგოლ რობაქიძის ბინა გახსნა. გავრცელებული ვერსიით, აღმოჩენილი არქივი ზიგრისტმა ჩააბარა ბერნს, მაგრამ დოკუმენტურად მტკიცდება, რომ წლების მანძილზე, შინ ინახავდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 1964 წელს, გრიგოლის ქართულენოვანი წიგნები და ჟურნალები ზიგრისტმა გადასცა ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ინდოგერმანული სემინარის ბიბლიოთეკას.

ე.ი. არქივში, ძირითადად, დარჩა: რობაქიძის უცხოენაზე გამოცემული თხზულებები წიგნების სახით; აგრეთვე, გამოუქვეყნებელი შრომები, ხელნაწერები, პირადი კორესპონდენცია – სხვადასხვა ენაზე და ა.შ. (ავტორებს, რომლებმაც საკუთარი წერილები მოითხოვეს, უკან დაუბრუნეს)…

ზიგრისტის წინადადებითა და ბერნის 1963 წლის დადგენილებით, რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა (უცხოენოვან თხზულებებზე საავტორო უფლებების ჩათვლით), დროებით უნდა გადასცემოდა ციურიხში მდებარე „გენეტიკური ფილოსოფიის არქივს”, რომლის დამფუძნებელი იყო თქვენთვის უკვე ნაცნობი ვალტერ კორტი; ხოლო მოგვიანებით, რობაქიძის არქივი სამუდამოდ დაიდებდა ბინას „აკადემიის საქველმოქმედო ფონდში“, რომლის ჩამოყალიბება მომავალში იგეგმებოდა ციურიხში, „აკადემიის ამქარის“ („Bauhütte der Akademie“) მიერ. როგორც ადრე გითხარით, ამ უკანასკნელის საქმეთა მმართველი იყო ასევე კორტი, ვიცე-პრეზიდენტი – თავად ზიგრისტი.

აქ, ორი სიტყვით, უნდა შევჩერდეთ დოქტორ ვალტერ რობერტ კორტის პიროვნებაზე – შვეიცარიის საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ქველმოქმედი და არაერთი პრემიის მფლობელი კორტი, 1950-1951 წლებში, საერთაშორისო სამართლის პროფესორის – ჰანს ვებერგის მიერ, წარდგენილ იყო ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ბავშვებს შეეხებოდა, მთელი ცხოვრება აგროვებდა მნიშვნელოვან არქივებსა და ბიბლიოთეკებს. 1950-იანი წლებიდან, მონაპოვარ მასალებს აბინავებდა თავისავე დაარსებულ „გენეტიკური ფილოსოფიის არქივში”, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინეტერსებული პირისთვის. ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან, მისი მიზანი იყო, რომ საბოლოოდ, შექმნილიყო კეთილმოწწყობილი აკადემიური სივრცე, სადაც ყველაფერი ერთად მოიყრიდა თავს და ახალ-ახალი მასალებით, კიდევ უფრო გამდიდრდებოდა. კორტისა და ზიგრისტს ასეთად ესახებოდათ „აკადემიის საქველმოქმედო ფონდი”, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, გრიგოლ რობაქიძის არქივიც დაიდებდა ბინას.

მათი გეგმის მიხედვით, ფონდის დაარსებისთანავე, გაუქმდებოდა „გენეტიკური ფილოსოფიის არქივი” და ბაზის შესაქმნელად, მთლიანად (16 ათასი დასახელება 1963 წლისთვის) გადაეცემოდა ფონდს; ხოლო ციურიხის ტბაზე, უეტიკონში მდებარე მიწის ნაკვეთს (დაახლოებით, 22 ათას მ2), სადაც „მიზნების გასახორციელებლად“ ფონდისთვის შენობას ააგებდნენ, უკვე მიწის მფლობელი – „აკადემიის ამქარი“ გაიღებდა:

ეს გარანტირბული გზაა, რომ მწერლისა და ფილოსოფოსის – გრიგოლ რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა, მეცნიერების და ხელოვნების ჭეშმარიტად დაინტერესებული და ყოველგვარი სულიერი ფენომენებისთვის გახსნილი წრისთვის, გახდეს ხელმისაწვდომი და ცოცხალი სხივოსნობა შემდგომშიც შეინარჩუნოს“, – სწერდა ზიგრისტი ბერნს, 1963 წლის თებერვალში, როდესაც მის დაყოლიებას ცდილობდა.

ასეთი იყო ოფიციალური გეგმა, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?

„აკადემიის საქველმოქმედო ფონდის“ დაარსება გადაწყდა, ჯერ კიდევ, გრიგოლის გარდაცვალებამდე – 1962 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბერნმა რობაქიძის არქივს საბოლოო აგილსამყოფელი მიუჩინა, ფონდი ფორმალურადაც არ იყო ჩამოყალიბებული. როგორც ირკვევა, ეს არც არასდროს მომხდარა, რადგან უეტიკონის მეზობლები მშენებლობის წინააღმდეგ წავიდნენ.

1964 წლიდან, კორტიმ განაგრძო თავისი უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობა და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. წლების განმავლობაში, ის ამდიდრებდა თავის არქივს მნიშვნელოვანი ფონდებით და რა გასაკვირია, რომ არმინ ზიგრისტმაც (გარდაიცვალა 1975 წელს), თავისი პირადი მასალები „გენეტიკური ფილოსოფიის არქივს“ (ამ დროისთვის, უკვე 30 ათასზე მეტ დასახელებას ითვლიდა) დაუტოვა. ე.ი. გრიგოლის მემკვიდრეობა, ამ გზით მაინც უნდა მოხვედრილიყო იქ, სადაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული.

დოქტორების გეგმა, მხოლოდ, 1976 წელს აღსრულდა, როდესაც ვალტერ კორტიმ „გენეტიკური ფილოსოფიის არქივი“ საჩუქრად გადასცა ფონდ „ეთიკური კვლევის აკადემიას”, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სემინარის სახელოვანი პროფესორი, დოქტორი ჰელმუტ ჰოლცეი.

კორტის გარდაცავალების შემდეგ (1990 წ.), მისი პირადი არქივიც, რასაკვირველია, აღნიშნულ დაწესებულებას დარჩა. მაშასადამე, ზიგრისტის, კორტის და წესით, გრიგოლის რობაქიძის პირადმა არქივებმა, ერთად მოიყარეს თავი.

დოქტორი ჰოლცეის 1999 წლის განცხადებით, რასაც ციურიხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მცველი – მარილიზ შტაილიც ადასტურებს, 90-იან წლებში, „ეთიკური კვლევის აკადემიის” მფლობელობაში არსებული ბიბლიოთეკა საჩუქრად გადაეცა ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სემინარს (რომლის პროფესორიც თავად იყო ჰოლცეი, რ.შ.); ხოლო იქ არსებული სხვადასხვა პიროვნებების პირადი არქივები, მათ შორის, ზიგრისტისა და კორტის ფონდები – ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას; რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობას, დოქტორი ჰოლცეის თქმით, „წიგნები და ხელნაწერი მასალები“, კორტის გარდაცვალების შემდეგ, მის არქივში იპოვა და 1991 წლის 30 სექტემბერს, ციურიხში, გადასცა „გრიგოლ რობაქიძის ფონდის” პრეზიდენტს – ავთო ჩხიკვიშვილს.

ახლა სხვა გზა არ მაქვს და პირველად უნდა მოვყვე ერთი უხერხული ამბავი. ბატონ ავთო ჩხიკვიშვილს, რომელიც გრიგოლ რობაქიძის ახლო ნათესავი იყო (თუ სწორად მახსოვს, დისშვილი), დიდი ხანია ვიცნობდი ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახიდან. 2005 წელს, როდესაც ზემოხსენებული ცნობა გაზეთში გამოვაქვეყნე, ბატონი ავთო გამიბრაზდა და მამაჩემისთვის საყვედური უთქვამს, – ჩემთვის არაფერი გადმოუციათო. თავიდან მომერიდა შეხმიანება, სულ მომავლისთვის ვდებდი, მერე დედაჩემი უმძიმეს ავარიაში მოყვა და ამასობაში, ბატონი ავთოც გარდაიცვალა. ჩემთვის ეს გამოცანა დარჩა ამოუხსნელი. არადა, ხელთ მაქვს ხელშეკრულების ასლი და ახლა, იძულებული ვარ, პირველად გამოვაქვეყნო.

ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ „გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობა“ შეადგენდა 37 წიგნს და 18 კონვერტში განთავსებულ კორესპონდენციას (ჩვენ ხელთარსებულ მასალებში, აღწერილობა არ არის). ე. ი. გამოდის, რომ არმინ ზიგრისტს „გენეტიკური ფილოსოფიის არქივისთვის” (თუ პირადად კორტისთვის, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს), გრიგოლის მემკვიდრეობიდან მეტი არაფერი გაუმეტებია.

სად წავიდა რობაქიძის არქივის მთავარი ნაწილი, რომლის აღწერილობა თავად ზიგრისტმა დატოვა, დღემდე არავინ იცის. მისი კვალი არც ზიგრისტის და არც კორტის პირად ფონდებში ჩანს.

ეს საიდუმლო შვეიცარიელმა დოქტორებმა საფლავში ჩაიტანეს.

P.S. ჩვენ ხელთაა კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც ციურიხის ფილოსოფიის ინსტიტუტის მაშინდელი ასისტენტი და შემდგომში, შვეიცარიის მწერალთა საზოგადოების გენერალური მდივანი – პეტერ შმიდი ადასტურებს, რომ რობაქიძის არქივის ნ ა წ ი ლ ი რობერტ კორტის მფლობელობაში მართლაც იყო და 90-იანი წლების დასაწყისში (არ აკონკრეტებს), პროფესორ ჰელმუტ ჰოლცეის მიერ, გადაეცა საქართველოს საელჩოს პარიზში.

ვიცით, რომ ახლადშობილმა დამოუკიდებელმა საქართველომ, უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა 1992 წლიდან, ხოლო საფრანგეთში, საელჩო გაიხსნა 1993 წელს. სავარაუდოდ, შმიდი იმ „ნაწილზე“ ლაპარაკობს, რომელზეც ჰოლცეი გვიამბობს, ხოლო ცნობა მისი საელჩოსთვის გადაცემის შესახებ, ზუსტი არაა. თუმცა მაინც, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეხსენებინა.

ვინ იცის? არც ისე დიდი დროა გასული და იქნებ, ვინმეს ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ ამბების შესახებ და უმორჩილესად ვთხოვ, გამომეხმაუროს.

***

369270809_9774801715926545_2913519416103321079_n

მეგობრული შარჟი გრიგოლ რობაქიძეს (ავტორი უცნობია)

დასასრული
მითი და რეალობა

სად და რატომ გადამალეს შვეიცარიელმა დოქტორებმა ასე საგულდაგულოდ „მითიური მწერლის” არქივი, რომლის არსებობა მართლაც ,,მითიურ” სახეს იღებს, ჯერ-ჯერობით, უცნობია და ახალი წყაროს გამოჩენამდე, შეუძლებელია რამის დაჟინებით მტკიცება. ვერსია არაერთი შეიძლება იყოს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ:

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ზიგრისტმა და კორტიმ ყველაფერი გაკეთეს, რათა ქართველი მწერლის არქივი ქართველებს არ დარჩენოდათ. არადა, შეუძლებელია, გრიგოლ რობაქიძე სიცოცხლეში არ დაფიქრებულიყო თავისი მემკვიდრეობის შემდგომ ბედზე; პირიქით, მისი ,,დავარცხნილი“ არქივი, სწორედ, საპირისპიროზე მეტყველებს – ყველაფერი ზედმეტად „ჩაწიკწიკებული“ დატოვა. რატომ არის გამორიცხული, რომ მწერალს თავად სურდა ასე – მისი არქივი შვეიცარიაში დარჩენილიყო? ამ შემთხვევაში, ხომ საუკეთესოდ იქნებოდა დაცული, პირველ რიგში, კომუნისტებისგან?!

მოდით, გავყვეთ ამ ვერსიას:
გრიგოლს დიდი გამოცნობა არ დასჭირდებოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ, არაერთი მემკვიდრე გამოუჩნდებოდა და რაც მთავარია, „წითლები“ ყველანაირი გზით შეეცდებოდნენ არქივის ხელში ჩაგდებას. „აურაცხელ მემკვიდრეზე“ უკვე გიამბეთ, ხოლო რაც შეეხება კომუნისტებს, მართლაც, გრიგოლის გარდაცვალებიდან მალევე გააქტიურდნენ და ჩვენ ხელთარსებულ მასალებში, ამის დამადასტურებელი არაერთი ცნობა მოიპოვება:

ჯერ კიდევ, 1963 წელს, ზიგრისტი წერდა: „ჩვენს ყურამდე მოაღწია, რომ საბჭოთა საელჩომ ბერნში, გარკვეული დოკუმენტების ხელში ჩასაგდებად, უკვე ძებნა დაიწყო“;

იმავე წელს, კალისტრატე სალია ამბობდა, – „მემკვიდრეობის იოლად ხელში ჩასაგდებად“, „წითლები’’ ლიდა რობაქიძეს (გრიგოლის დას) და ალექსანდრე ფანჩულიძეს (უცხოეთში ერთადერთი ნათესავს) „იყენებდნენ’’ ისე, რომ მათ წარმოდგენაც  არ ჰქონდათ;

ბედი ქართლისას“ რედაქტორი იმასაც წერდა, რომ 1964 წელს, არქივის თაობაზე, ის მოინახულა პარიზში მივლინებით მყოფმა ქართველმა პოეტმა (თავს ვიკავებ ვინაობის დასახელებისგან, ვშიშობ, ამ „ატმოსფეროში ომისა“, სხვანაირად არ გაიგონ, რ.შ.), რომელმაც გრიგოლის არქივის შესახებ მასალები სთხოვა და უთხრა: „რობაქიძეს დიდი სახელი აქვს საქართველოში და მისი რეაბილიტაცია გვინდაო“;

ჩვენ ხელთაა, აგრეთვე, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მწერლის არქივის მისაკვლევად, კომუნისტები (ამჯერად, მოსკოვი) 1989 წელსაც არ იშურებდნენ ძალისხმევას, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა…

ალბათ, ამას შიშობდა კიდეც გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ხშირად ამბობდა: ,,მეექვსე კი არა მეშვიდე გრძნობა მაქვს”-ო.

მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე იურიდიული განათლების მქონე და არქივის ბედზე მოფიქრალ მწერალს, უნდა სცოდნოდა შვეიცარიული კანონები, რომლის თანახმად:

– სახელმწიფო დახმარებაზე მცხოვრებ ადამიანს, ვალად ეწერებოდა თითოეული სანტიმი, რომელსაც მთავრობა ხარჯავდა მისთვის;

– გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის მისაღებად, შვეიცარიის მიერ გაწეულ ხარჯს ანაზღაურებდა მემკვიდრე;

– თუ ასეთი არ აღმოჩნდებოდა, მაშინ იხდიდა სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქედ სცნობდა დახმარებაზე მყოფს;

– თუ ასეთიც არ აღმოჩნდებოდა, მაშინ გაწეული ხარჯის ნაწილს ანაზღაურებდა საერთაშორისო დამხმარე საზოგადოება, რომელიც მასზე ზრუნავდა, დანარჩენს იზარალებდა შვეიცარია.

დიდი ალბათობით, გრიგოლი ამ კანონს იცნობდა და ისიც უნდა ევარაუდა, რომ მემკვიდრეებს გაუჭირდებოდათ ათეულათასობით ფრანკის გადახდა (თუმცა გამორიცხული არაფერი იყო); ვერც საბჭოთა საქართველო და ვერც საფრანგეთი მემკვიდრეობას ვერ გამოიხსნიდნენ, რადგან მწერალი მათ მოქალაქეობას არ ფლობდა; ხოლო ბოლო პუნქტის მიხედვით, არქივი დარჩებოდა შვეიცარიაში, თუმცა წინასწარ შეუძლებელი იყო გამოცნობა, საბოლოოდ, რა მომავალი ელოდა მას. ამ შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა უფრო კონკრეტული გეგმა, რომელიც არქივის დაბინავებას დააზღვევდა. მაშინ ორი მთავარი ამოცანა იქნებოდა გადასაჭრელი: პირველ რიგში, „მემკვიდრეების“ საქმიდან ჩამოცილება და მეორე – არქივის უსაფრთხოდ შენახვა.

პირველ შემთხვევაში, გარანტირებულად დაეხმარებოდა ანდერძი. როგორც გითხარით, რობაქიძემ ის ალიას სახელზე დატოვა და ამით ქართველ ემიგრანტებში ნამდვილი შოკი გამოიწვია:

,,განსვენებული, ყოველ შემთხვევაში, მანამ შენ დაუკავშირდებოდი, არსებობდა სალიების საშუალებით და მოვლით (იყო ის ანგარება თუ წრფელი განცდა, ეს საკითხავია!). დაუკავშირდი შენა! გაუხსენი გული, ჯიბე და ყველა შესაძლებლობა: წიგნი, ჟურნალი, საჭმელი, სასმელი, ფული და სხვა… ჯდება, აწ განსვენებული და წერს ანდერძს ვიღაც (ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში) რუსის სახელზე. ეს მაშინ, როცა იცის, რომ: თუ ვინ და რა არის ქართველისთვის ,,რუსი”! და უმთავრესი – იცის, დაბეჯითებით იცის, რომ ალიას სძულს ქართველები და სძულს გრიგოლის გარემოცულობა! და და მამიდაშვილი, თითქოს, არ არსებობდნენ!“, – სწერდა ნინო დადიანი, ანდერძის აღმოჩენის შემდეგ, ალექსანდრე ფანჩულიძეს.

იგივე ნინო დადიანი ამ ფაქტს ასე ხსნიდა, რომ გრიგოლმა „მით გზა მოუჭრა სალიას“. თუმცა, ფაქტია – საბოლოოდ, „გზა მოეჭრა“ ყველა მემკვიდრეს, გარდა ალიასი, რომელსაც ერთადერთი დაბრკოლებაღა რჩებოდა – თანხის გადახდა. გაიმეტებდა კი ალია 75 ათას ფრანკს (ზოგიერთი ცნობით, 65 ათასს, რომელიც 17 წლის მანძლზე, გაიღო შვეიცარიამ გრიგოლისთვის) იმაში, რაც არ უყვარდა?

გრიგოლი მართლა შვილივით ზრდიდა ცოლის ობოლ დისწულს, რომელსაც მშობლები ტრაგიკულად დაეღუპა. მცირეწლოვანი ალია, მან და ლიდამ, სტავროპოლიდან თბილისში ჩამოიყვანეს და მათთან ცხოვრობდა გათხოვებამდე. ქართველებში გავრცელებული ვერსიით, რომელშიც ყველა დაპირისპირებული მხარე თანხმდებოდა, სიცოცხლის ბოლოს, გრიგოლს ის მოკვეთილი ჰყავდა ქართველების კვლავ უდიერად მოხსენიებისათვის.

საპირისპიროს ვკითხულობთ ზიგრისტის მასალებში, რომელიც ასე ახასიათებს ალიას: „რობაქიძის მომვლელი, რომელიც ლიტერატურული მემკვიდრეობის დათვალიერებისას, ჟენევაში გავიცანი და მის მიმართ მოწიწებით განვეწყვე […], ის თავად არის ინტელიგენტი და დახვეწილი ქალბატონი“. ზიგრისტი იმასაც ამბობს, რომ ალიამ ის დაარწმუნა, სიცოცხლის ბოლოს, ვუვლიდი ბიძაჩემსო.

ნაკლებად დამაჯერებლად ჩანს, რომ ისინი კარგ ურთიერთობას ყველას უმალავდნენ და ქართველებიდან, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. თუმცა, ჩემ ხელთარსებული მასალები, დღეს მეტის თქმის საშუალებას არ მაძლევს.

ასეა თუ ისე, ალიას ბიძამისის არქივი არ აინტერესებდა და ეს ლოგიკურად გამოიცნო მწერალმა თუ მასთან შეთანხმებით, საბოლოოდ, „ქალბატონმა კალლეამ, გრიგოლ რობაქიძის მომვლელმა და ანდერძის თანახმად, ერთადერთმა მემკვიდრემ, […] გადახდის უნარის არმქონე პირის (იგულისხმება რობაქიძე, რ.შ.) ქონების (აქტივები და პასივები) მიღება არ ისურვა“.

რაც შეეხება მეორე ამოცანას – არქივის უსაფრთხოდ დაბინავებას – ვის შეეძლო ეს უკეთესად, თუ არა გავლენიან და სახელოვან დოქტორებს – ზიგრისტსა და კორტის, რომლებმაც საუკეთესოდ იცოდნენ რობაქიძის ფასი და მათ გაკარგულებაში იყო „გენეტიკური ფილოსოფიის არქივი“, „აკადემიის ამქარი“ და ა.შ.?! რატომ არის გამორიცხული, რომ გრიგოლ რობაქიძეს წინასწარ ეზრუნა და ზიგრისტთან, რომელთანაც მეგობრობდა, შეეთანხმებინა თავისი არქივის მომავალი ბედი?

აქვე უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ზიგრისტის და კორტის საერთო მეგობარი – კიტა ჩხენკელიც, რომელიც გრიგოლთანაც მეგობრობდა. როგორც გიამბეთ, ზიგრისტის თხოვნით, მან გადახედა გრიგოლის არქივში აღმოჩენილ ქართულენოვან წიგნებსა და ჟურნალებს, კატალოგიც უნდა შეედგინა, მაგრამ ვერ მოასწრო – გარდაიცვალა.

კალისტრატე სალიას მტკიცებით, „კორტიც და ზიგრისტიც კიტას მეგობრები არიან. ერთად გადაწყვიტეს და მერე თავზე მოახვიეს ბერნს“-ო; სალია იმასაც ამბობდა, სიცოცხლის ბოლოს, გრიგოლი მასთან „წაჩხუბებული“ იყოო, თუმცა კიტა ჩხენკელის ცხოვრება-მოღვაწეობიდან გამომდინარე, ჩემი პირადი აზრით, გრიგოლის წინააღმდეგ, ის არ წავიდოდა.

ვინმე იკითხავს და მართალიც იქნება – ეს ვერსია თუ სიმართლესთან ახლოსაა, რატომ არ დაუტოვა რობაქიძემ თავისი არქივი პირდაპირ შვეიცარიას და კერძოდ, ზიგრისტსა და კორტის პირადად, ან რომელიმე მათ დაწესებულებას, ასე ხომ მარტივად დასრულდებოდა ყოველივე? ამ შემთხვევაში, მართლაც, იოლად გადაწყდებოდა მემკვდირეობის საქმე, მაგრამ ნუთუ, რობაქიძის სახელს არ შებღალავდა ის გარემოება, რომ მან ქართველებს არ დაუტოვა არქივი? ალიაზე რა ამბავი ატყდა, მწერლის მიმართ რა სიბინძურე აღარ ითქვა, რა არ დააბრალეს… არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, ფანჩულიძის თვალით დანახული გრიგოლ რობაქიძე მახსენდება, რომელიც, თითქოს, სცემს კიდეც პასუხს ამ კითხვას; ამოუცნობი იყო ყოველთვის და ვინ იცის, რა ჩაიფიქრა სიცოცხლეშივე გამოცანადქცეულმა მწერალმა:

,,საშუალო სიმაღლის, სახე – კუშტი, ცივი გამომეტყველების, მაგარი, ექსპრესიული; მოძრაობა – დინჯი; აზროვნება – ფილოსოფიური, მაღალი, ჩაღრმავებული; საუბარი – დინჯი ბარიტონით, ცეცხლოვანი, მზიური… უბადლო მჭერმეტყველი; პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, კრიტიკოსი, მუსიკის და მხატვრობის შემფასებელი, მცოდნე ღვთისმეტყველიც, ქართული ენის არაჩვეულებრივი მზმელი… არც წინაპარი ჰყავდა და არც გამგრძელებელი – ნამდვილი მეტეორი! მისი წამკითხველი მიხვდება, ვინ იყო გრიგოლ რობაქიძე!”

ეს ყველაფერი ვერსიაა, ხოლო ფაქტი ერთია – არმინ ზიგრისტმა და ვალტერ კორტიმ გრიგოლ რობაქიძის არქივი ნამდვილად იხსნეს კომუნისტებისაგან და შესაძლო დაშლა-განადგურებისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობის მეტი, ქართველებს არაფერი გვეთქმის. თუმცა, დასანანზე მეტია, რომ უცხოენოვან თხზულებებზე საავტორო უფლებები შვეიცარიელებს დარჩათ. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ – რომელი ქვეყნის მოყვარული ადამიანი იტყოდა უარს შესაძლებლობაზე, რომ თავისი სამშობლოსთვის შეემატებინა ისეთი განძი, როგორიც იყო არქივი ერთ დროს მსოფლიოს მიერ აღიარებული და სიცოცხლეშივე არაერთ ცნობილ ენციკლოპედიაში შესული მწერლისა; აქვე ისიც ვკითხოთ საკუთარ თავს – მოვუვლიდით კი ქართველები, განსაკუთრებით, იმ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენი დიდი მწერლისა და კლასიკოსის – გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობას?

და მაინც, სად არის არქივი?!

გურამ შარაძე, 1991 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში, ამბობდა, რომ შესაძლოა, ის შვეიცარიის რომელიმე ბანკში ინახებოდესო; ხოლო ჩემი პირადი აზრით (რომელსაც, მგონი, აქვს არსებობის უფლება) – სადაც არ უნდა იყოს, არქივის გამოჩენას, სავარაუდოდ, 2032 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ, მაშინ, როდესაც გრიგოლის გარდაცვალებიდან გავა 70 წელი. სწორედ, ეს დროა საჭირო საავტორო უფლებების ოფიციალურად დაკანონებისთვის, რომელიც, რობაქიძის შემთხვაში, ისედაც აქვს შვეიცარიას, თუმცა მეტი გარანტია არაფერს დააკლებდა, პირიქით – ისტორიული კატაკლიზმებიდან გამომდინარე, იმ დრომდე, თუ ქართველებს მაინც შეგვეძლო არგუმენტები მოგვენახა, მერე სადავოც ვეღარაფერი იქნებოდა.

„დღეს-დღეობით, გრიგოლის ნაწერები ქართველი ხალხისთვის დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ალბათ დადგება დრო, მის ნაწერებს გადასცემენ საქართველოს. ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში, შეიძლება ასი წლის შემდეგ…”, – წერდა ალექსანდრე ფანჩულიძე.

მართლაც, გრიგოლ რობაქიძის სახელი კიდევ რამდენჯერ „მოვარდება ქარიშხალივით“ (პაოლო იაშვილი), არავინ იცის!

368214244_9774801742593209_7687242363546550039_n

ალექსანდრე ფანჩულიძე გრიგოლ რობაქიძის საფლავზე, ლევილში

(1976 წელს, ცოლ-ქმარი სალიების, ხარიტონ შავიშვილისა და ალექსანდრე ფანჩულიძის თაოსნობით, მწერალი ჟენევიდან ლევილში გადაასვენეს)

დატოვე კომენტარი