Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•მამულიშვილთა დაბრუნება

 

მამულიშვილთა დაბრუნება სამშობლოში

 

საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით ცხოვრობდა ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე განსვენებული კეთილშობილი ქართველი მამულიშვილის კოკი დადიანის საფლავის ქვაზე წარწერილი ეპიტაფია – “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე…” არ არის პოეტური ფრაზა. ეს რეალური განცდისა და ტკივილის გამოხატვაა. მათი სული ზეცად დამკვიდრებული ქართველ მამულიშვილთა დასში, დღენიადაგ აღავლენს ლოცვას საქართველოსთვის.

ქართული პოლიტიკური ემიგრაცია შესაძლოა მრავალფეროვანი გახლდათ თავისი პოლიტიკური შეხედულებებითა და ბრძოლის მეთოდებით, მაგრამ მათი ოცნება და მიზანი იყო ერთადერთი – საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან და მისი სრული დამოუკიდებლობა.

“ვიდრე არსებობს ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ის ვალდებულია დარჩეს თავის ისტორიულ დანიშნულების სიმაღლეზედ: ყოველივე ყოყმანის, ორჭოფობის და დათმობის გარეშე… უნდა დაიცვას საქართველოს საერთაშორისო უფლებები და მისი ისტორიული სახეობა. …ყოველივე იღონოს, ხელი შეუწყოს საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის ოკუპაციისაგან… ამ ჩვენი ორგანოს სამოქმედო დედა აზრიც სწორედ ეს არის. … ამრიგად არსებობდეს მყარი ნიადაგი საერთო ეროვნული ფრონტისა” – წერდა ბატონი ლევან ზურაბიშვილი 1974 წელს ჟურნალ “თავისუფლების ტრიბუნას” პირველი ნომრის სათაო წერილში.

უფრო ადრე კი, 1968 წლის 14 იანვარს, კვირას, პარიზში “მიუზე სოსიალ”-ის დიდ დარბაზში თბილისის უნივერსიტეტის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ყრილობას ლევან ზურაბიშვილი თავმჯდომარეობდა. ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვები მალევე დაიბეჭდა ჟურნალ “კავკასიონის” 1968 წლის XII ნომერში.

ლევან ზურაბიშვილმა წარმოთქვა შესავალი სიტყვა:

“…ჯერ კიდევ 1917 წლის (12) 25 მარტს, მცხეთას შემდგარმა საქართველოს ეპისკოპოსთ – სამღვდელოების ყრილობამ აღდგენილად გამოაცხადა მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ეს გახლდათ საქართველოს სულიერი სუვერენობის აღდგენა.

26 იანვარს 1918 წ. – უკვე დამოუკიდებელი კავკასიის პირობებში – მოხდა გახსნა თბილისის სახელმწიფო ქართული უნივერსიტეტის – მემკვიდრე გელათის და იყალთოს აკადემიებისა. ეს იყო საქართველოს სუვერენობის აღდგენა: გონების სფეროში!

და ბოლოს – 26 მაისს 1918 წ. საქართველომ აღადგინა თავისი საერთაშორისო სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური სუვერენობა.

ყველასათვის ნათელია, რომ სამივე ეს, ერთი მეორის მიმყოლი, უდიდესი მნიშვნელობის აქტი, ამონახეთქია ქართველი ერის ნებისყოფისა ისტორიული სინამდვილიდან”.

ეს დიდებული განცდა ლევან ზურაბიშვილს დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ თორმეტიოდე წლის ყმაწვილს დაეუფლა და ამ სიამაყით, აღტაცებითა და ტკივილით იცხოვრა მთელი ცხოვრება.

გასული XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქართველ ემიგრანტთა “დაბრუნება” საქართველოში. ისინი მხოლოდ ხორციელად იყვნენ გასულნი ქვეყნიდან, სულით კი აროდეს განშორებიან სამშობლოს. დაბრუნდა მათი სიტყვა საქმედ ქცეული, დაბრუნდა წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ხელნაწერების, ფოტოების, მემორიალური ნივთების სახით. მრავალი საგაზეთო წერილი, შრომა და წიგნი მიუძღვნა ქართულ ემიგრაციას ბატონმა გურამ შარაძემ, მოუარა, უპატრონა და სამუდამო სავანეც მიუჩინა მათ ნაღვაწს სწორედ იმ უნივერსიტეტში, რომლის იუბილესაც აღნიშნავდნენ გულანთებული ქართველები პარიზში 1968 წელს. მათ თავისი ცხოვრების წესით, ბრძოლითა და ღვაწლით თავადვე დაიმკვიდრეს ადგილი და წვლილი შეიტანეს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურასა და მეცნიერებაში, მაგრამ ბატონმა გურამმა მართლაცდა ღირსეულ კვარცხლბეკზე დადგა მათი ძეგლი და, რაც მთავარია, აღადგინა ერის ისტორიული მეხსიერება. ქართული საზოგადოების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს არასოდეს დავიწყნია ისინი, მეორე და უფრო დიდმა ნაწილმა კი უბრალოდ არაფერი იცოდა ქართველ ემიგრანტთა შესახებ.

2010 წლის 18 ოქტომბერს ქართულ საზოგადოებას ორი ქართველი ემიგრანტი დაუბრუნდა. დაუბრუნდა წიგნის სახით, რომელიც ეძღვნება ლევან ზურაბიშვილისა და პეტრე ხვედელიძის მეგობრობას და რომელსაც ეწოდება “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით”. წიგნის ავტორი, ქალბატონი ციცინო ჯერვალიძე დიდ და მნიშვნელოვან საქმეს შესჭიდებია, რადგან ეპისტოლარული მემკვიდრეობის მკითხველის წინაშე წარდგენა ფრიად საფრთხილო და ფაქიზი საქმეა. ავტორს წიგნში დაცული აქვს ქრონოლოგია წერილებისა და ამავე დროს, შიდა თანმიმდევრულობაც. წიგნი იკითხება არა როგორც ცალკეულ წერილთა კრებული, არამედ როგორც ერთი მთლიანი ისტორია იმჟამინდელი ემიგრაციისა, კონკრეტულად კი ორი ჭეშმარიტი ქართველისა, რომელთაც ერის წყლული მართლაც რომ წყლულად აჩნდათ და პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოსა და ქართულ სულზე ფიქრითა და ზრუნვით გაუმართავთ დიალოგი. აღსანიშნავია, რომ ეს არის წიგნი პირველი და იმედია, ახლო მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო გამოცემის მომსწრენი გავხდებით, რისთვისაც წინასწარ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ქ-ნ ციცინო ჯერვალიძეს. გვერდს ვერც წიგნის რედაქტორის ქ-ნი სოფიკო ჯერვალიძისა და მთელი სარედაქციო ჯგუფის როლს ავუვლით. მათ მკითხველ საზოგადოებას პროფესიონალურად და კულტურულად მომზადებული წიგნი შესთავაზეს და როგორც ქალბატონი სოფიკო აღნიშნავს თავის წინასიტყვაობაში, ამ წიგნით მართლაცდა უმნიშვნელოვანეს მასალას გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ისე ლიტერატორები და ქართული ენის სპეციალისტები.

ახლა მთავარს მივუბრუნდეთ. მთავარი და უპირველესი კი ამ წიგნში ბატონი ლევან ზურაბიშვილია, რომელიც ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი და ივანე ზურაბიშვილის ვაჟი გახლდათ. ლევან ზურაბიშვილმა თავისი სიტყვითა და საქმით დაიმკვიდრა ადგილი ჯერ ქართულ ემიგრაციაში, ხოლო შემდეგ საქართველოში.

ალბათ, უმჯობესი იქნება მივყვეთ წიგნს, რომელიც თავად დაგვიხატავს ერთი ჭეშმარიტი ქართველი ემიგრანტის პორტრეტს…

წიგნი “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” იწყება ბატონი პეტრე ხვედელიძის წერილით “ლევან ზურაბიშვილი ყველა პარტიულობაზე მაღლა იდგა…” ავტორი მოკლედ მოგვითხრობს მათი დამეგობრების ისტორიას, ლ. ზურაბიშვილის პიროვნებისათვის დამახასიათებელ რამდენიმე თვისებასაც უსვამს ხაზს და ასე ამთავრებს წერილს: “ლევანი ხომ სიცოცხლის ბოლომდე ყველაზე თანაბრად ზრუნავდა, მიუხედავად მათი პარტიულობისა”.

ლევან ზურაბიშვილის მთავარი საზრუნავი საქართველო იყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ მან გაერთიანებისკენ მოუწოდა ემიგრაციაში მყოფ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს და 1947 წელს შექმნა “თავისუფალ ქართველთა კავშირი”, რომლის მუდმივი თავმჯდომარე თავად იყო.

წიგნში სულ გამოქვეყნებულია ორმოცდაათამდე წერილი. მიმოწერა გრძელდება თვრამეტი წლის მანძილზე და უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა პოლიტიკური დოკუმენტია.

ლ. ზურაბიშვილის პირველი წერილი 1952 წლის 18 მარტით თარიღდება. ამ დროს პეტრე ხვედელიძე ჯერ კიდევ ევროპაშია. წერილით ფაქტიურად ვეცნობით ემიგრაციის ახალი თაობის პოლიტიკური ბრძოლის გზას. მიზნის მისაღწევად მათი მთავარი იარაღი გულწრფელობა და უანგარო პატრიოტიზმია. “მარქსისტების” მწვავე შეფასების შემდეგ ბატონი ლევანი დასძენს: “ნეტავი, მხოლოდ, ღმერთმა ისინიც კეთილ გზაზე დააყენოს, რადგან სამშობლოსთვის ეს იქნება უკეთესი! ჩვენ-კი ვეცადოთ ჩვენ სწორ გზას მივსდიოთ!”

“სამშობლოსთვის ეს იქნება უკეთესი” – ეს არის უმთავრესი საზრუნავი ეროვნული ცნობიერების პოლიტიკოსისა,მნიშვნელოვანი შტრიხი ლევან ზურაბიშვილის პორტრეტისათვის.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანია ბატონი ლევანის რწმენა, რომ საქართველო გადარჩება. მისი თითქმის ყველა წერილი ამ ოპტიმისტური შეძახილით სრულდება. შეძახილით, რადგან ამით თავის თავსაც ჰმატებდა რწმენას და ადრესატსაც აფხიზლებდა, ძალას აძლევდა, რწმენაში ამყარებდა: “იმედს ნუ ვკარგავთ – საქართველო აღსდგება”, “ნუ ღონდები – მტკიცედ და ოპტიმისტურად გრძნობდე თავს”, “ჩვენი ნატვრა – დამოუკიდებელ საქართველოს ნახვისა აღგვისრულდება”. აკი, აღსრულდა კიდეც 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ ბატონი ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ბატონი ლევან ზურაბიშვილი ამ ბედნიერ დღეს ვერ მოესწრო, მისი სული, ალბათ, ზეცად ზეიმობდა. ბატონმა პეტრე ხვედელიძემ კი თავად იხილა დამოუკიდებელი საქართველო.

“მე ნამდვილად მჯერა, რომ ჯერ კიდევ 1970 წლამდე რუსეთის იმპერია დაიწყებს ნგრევას”, – წერდა ლევან ზურაბიშვილი ერთ წერილში. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია და მისი რწმენა არ არის მხოლოდ შიშველი რწმენა და ოცნება, იგი ფიქრის, განსჯისა და ღრმა ანალიზის საფუძველზეა განმტკიცებული.

სრულ აღფრთოვანებას იწვევს ლევან ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და მოღვაწის იშვიათი და შესაშური თვისება – იყო პოლიტიკაში დამოუკიდებელი და სუფთა. იგი საკმაოდ თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ აცხადებს უარს ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობაზე და წერს თავის მეგობარს პეტრე ხვედელიძეს: “ეს უხერხული იყო ე.წ. “პოლიტიკურ მოღვაწემ” მიიღოს რამე დავალება, ან გასამრჯელო, უცხოეთის ოფიციალურ უწყებისაგან!.. “პოლიტიკაში” ადამიანი უნდა რჩებოდეს 100% დამოუკიდებელი…” ვფიქრობ, სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებით.

1969 წლის 22 თებერვლის წერილში ლევან ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამერიკელებთან თანამშრომლობის საკითხს და წერს: “ვალდებული ვარ როგორც ლტოლვილი პოლიტიკური მოღვაწე ძალიან ვუფრთხილდე, არ მივცე საშუალება ჩვენს მტრებს თქმისა, რომ “ცენტრი”, ან “თ. ქ. კავშირი” ან თვით “სათვისტომოც” – ვისიმე “დამოკიდებულებაშია”. – აუცილებელია, რომ საქართველოში სწორედ ესმოდეთ ჩვენი “პოზიცია”, და მეტიც – ჩვენი “უფლება” ვიყოთ კატეგორიულები”. კატეგორიულობა, სიმტკიცე, ურყეობა, სისპეტაკე, სიფრთხილე, რწმენა – ლევან ზურაბიშვილის თვისებებია. სასურველია ეს იყოს პოლიტიკაში ჩართული ყოველი ადამიანის ნიშან-თვისება. უკიდურეს შემთხვევაში, სურვილი მაინც – ვიყოთ ასეთნი.

ისევ ბატონი ლევანის პორტრეტს მინდა დავუბრუნდე. მტკიცე, ურყევი, კატეგორიული… და იქვე ფაქიზი, ადამიანის მოყვარული. იგი სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა თავის მეგობარს პეტრე ხვედელიძეს, დიდი სიყვარულითა და სიფრთხილით ეკიდებოდა თურქეთში მცხოვრებ ქართველობას. მეგობრობდა ქართული საქმისთვის თავდადებულ თურქეთში მცხოვრებ მამულიშვილთან ახმედ მელაშვილთან. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ლ. ზურაბიშვილის წერილები იქაური ქართველების განწყობაზე, აზროვნებაზე, პატრიოტიზმზე, მაგრამ საფიქრალიც გასჩენია: “მათს გონებაში არ ხდებოდეს “იდენტიფიკაცია” სრული გათანასწორება საქართველოს იდეის – და “საბჭოთა” საქართველოს იდეის… რამოდენიმესთან მიწერ-მოწერაში ვართ – ქართულ წიგნებსაც უგზავნით – მაგრამ ეს ხომ წვეთია, საჭიროების ზღვაში!”

წიგნი დიდ ინფორმაციას გვაძლევს ლევან ზურაბიშვილის აქტიური ურთიერთობის შესახებ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებთან, ქართულ სათვისტომოებთან. იგი უგზავნიდა მათ ქართული სათვისტომოს ორგანოს “ცნობის ფურცელს”, რითაც ცდილობდა მუდმივად გარკვეული ყოფილიყო საქმის ვითარებაში უცხოეთში გადახვეწილი ყოველი ქართველი და ამითვე მოეხდინა მათი სულიერი და ფიზიკური კონსოლიდაცია. 1929 წელს მართლმადიდებლური სამრევლოს შექმნის, ხოლო შემდეგ წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნის მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო – რწმენაში განმტკიცებულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ დევნილი ქართველები.

წიგნი “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” ფაქტიურად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო და, შეიძლება ითქვას, დოკუმენტიც დამადასტურებელი იმ ურთიერთობებისა, რაც ემიგრანტ ქართველებსა და საბჭოთა ქართველებს შორის დამყარდა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა ბატონი ლევანი მათთან ურთიერთობას. იგი არ მალავდა აღფრთოვანებას საქართველოდან ჩასულთა პატრიოტული განწყობის გამო. ეს, როგორც ჩანს, კიდევ უფრო უმყარებდა რწმენას ემიგრანტებს – რადგან არ გადაგვარებულან “საბჭოთა” ქართველები, გადავრჩებით. ლევან ზურაბიშვილს ახარებს ქართველთა ასეთი განწყობა, მაგრამ მისი სურვილია, გააგებინოს სამშობლოში დარჩენილთ, რა არის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მიზანი:

“უკეთ გავაგებინოთ, ჩვენ თანამემამულეთ საქართველოში – რომ ჩვენ თუ ვრჩებით უცხოეთში ამას აქვს მიზეზიც, და მიზანიც, მაღალხარისხოვანი და არა ეგოისტური ან მატერიალისტური. ისიც გავაგებიოთ, რომ ჩვენ მათ სიძნელეებს და მსხვერპლს ვიცნობთ, მათი მიღწევებით ვამაყობთ… – მხოლოდ ვფიქრობთ, რომ რუსეთი უძლეველი არ არის, და რომ დღევანდელ უთანასწორო ექსპლუატაციას ბოლო მოეღება და რომ მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს უფლებები დავიწყებისგან და მიჩქმალვისგან”.

ან კიდევ: “გასაოცარია რამდენსაც ვხვდები იქაურებს ჩვენ თანამემამულეთ: ყველანი შოვინიზმამდე პატრიოტებია, მხოლოდ ასე ვსთქვათ “არ ბედავენ” დამოუკიდებლობაზე ოცნებას. (ბევრს მწვავედ ახსოვს 1956 წ. სისხლიანი დღეები და გაგონილი აქვთ მამებისგან 1924 წლის აჯანყების ამბავი)”.

და იქვე ასკვნის: “ოკუპანტმა ვერ მოახერხა უნდობლობის ჩათესვა ჩვენდამი”. ნდობის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა უცხოობაში მყოფი ქართველებისათვის. ათეულობით წლების მანძილზე იმპერიული მანქანა მრავალ საშინელ აზრს უნერგავდა საბჭოეთში დარჩენილთ მათ მიმართ. ისინი გამოცხადებულნი იყვნენ სამშობლოს მოღალატეებად, გამყიდველებად, აგენტებად და ფაშისტებად. ქართულ ემიგრაციას მუდმივად მოსდიოდა ინფორმაცია საქართველოდან. ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებში სპეციალური რუბრიკაც კი არსებობდა – “ამბები საქართველოდან”. ამიტომ იყო, რომ საქართველოდან ჩასულებისაგან ნდობისა და სიყვარულის გამომჟღავნება მათ ახარებდათ და საქართველოს გადარჩენის იმედით აღავსებდათ.

ლევან ზურაბიშვილს, როგორც საზოგადო მოღვაწესა და პოლიტიკოსს, ბოლომდე შეცნობილი ჰქონდა ქართველი კაცის ხასიათი, იცოდა მისი ღირსებაც, ნაკლიც და სწორედ ასეთი უყვარდა, ასეთისთვის იღვწოდა: “ქართველები ყოველთვის იყვნენ მოუსვენარნი, არეულები და ჟინიანები: მაგრამ საქართველო მაინც დიადობდა გაჭირვებაშიაც და მშვიდობიანობაშიც. რას იზამ ასეთ ძნელ ხალხთან გვაქვს ყოველთვის საქმე – მაგრამ სიმართლე და უანგარობა თავის გზას არ დაჰკარგავს”.

სიტყვა “უანგარობას” ბატონი ლევანი ხშირად გამოთქვამს. ეს კიდევ ერთი შტრიხი მისი პორტრეტისათვის, უანგარობა ლევან ზურაბიშვილის ცხოვრების წესი იყო.

აი, ასეთი ავტოპორტრეტი დაგვიხატა ბატონმა ლევან ზურაბიშვილმა – პალიტრიდან გადმოსულმა ფერებმა ტილოზე შესაბამისი ადგილები დაიკავა და მივიღეთ პორტრეტი ეროვნული მოღვაწის, გამჭრიახი გონების პოლიტიკოსის, მორწმუნე ქრისტიანის, უანგარო ადამიანის, უკომპრომისო, მაგრამ ამავე დროს ზრდილი, სამშობლოს მსახური რაინდის, კარგი ქართველის…

წიგნში გამოქვეყნებული წერილებით ვეცნობით ლევან ზურაბიშვილისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთ დიდ მონაკვეთს. ბ-ნმა ლევანმა ფაქტიურად მთელი თავისი ცხოვრება ქართულ საქმეს მიუძღვნა. წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეობა, თავისუფალ ქართველთა კავშირის ხელმძღვანელობა მას ბევრ საზრუნავს უჩენდა და დიდ მოვალეობებს აკისრებდა. იქნებოდა ეს საეკლესიო თუ საერო დღესასწაულების გამართვა, დიდ ქართველთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნა თუ ემიგრანტებზე ზრუნვა. მისი მოღვაწეობის არეალი, რასაკვირველია, ამით არ შემოიფარგლებოდა. თუკი სადმე ტარდებოდა კონფერენცია დაპყრობილ ერთა საკითხებზე, ლევან ზურაბიშვილი იქ იყო. აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ტყვეობაში მყოფ ერთა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იყო ყველგან, სადაც კი საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ამიტომაც იყო, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაცია – პოლიტიკური ცენტრი მუდმივად იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ობიექტივში.

1974 წელს ბრიუსელში, ლიუცერნში და პარიზში – შეხვედრები ევროპის თავისუფლების და უშიშროების კონფერენციის თაობაზე, სადაც, როგორც თავადვე ამბობს: “ყველგან ქართულ საკითხის, ქინძის მარცვლის რაოდენობით, შიგ ჩასართავად!… “ცდა ბედის მონახევრეა”, საჭიროდ მიმაჩნია”.

1974 წელსვე, აპრილში, ვაშინგტონში “მსოფლიო თავისუფლების ამერიკული საბჭოს” მე-7 კონფერენციის დელეგატია.

ეს მხოლოდ დროის აღნიშნულ მცირე მონაკვეთში და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდებოდა.

დუღს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრება. წიგნში გამოქვეყნებული წერილები გვაძლევს ინფორმაციას ქართველ ემიგრანტთა თითქმის მთელ სპექტრზე, არც გეოგრაფიული არეალია ვიწრო. ამდენად კიდევ უფრო ფასეულია ყოველი წერილი, ყოველი ფრაზა და, რაც მთავარია, მთლიანად წიგნი “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით”.

ეპისტოლარული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ ამ მიმოწერაში იხატება პორტრეტი არა მხოლოდ კორესპონდენტისა, არამედ ადრესატისაც. და კიდევ, ეს ფარატინა ფურცლები ფლობს უზარმაზარ ინფორმაციას, რასაც ხშირად სამეცნიერო, ლიტერატურულ თუ საგაზეთო ნაშრომებში ვერ ამოიკითხავთ. ამდენადაც ძვირფასია ჩვენს ხელთ არსებული წიგნი.

ავტორმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წიგნის ბოლო გვერდები ბატონ პეტრეს დაუთმო. მისი მოკლე ბიოგრაფია, ინტერვიუები, პ. ხვედელიძის “ფრაგმენტები ჩემი წარსულიდან” გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ლევან ზურაბიშვილის ადრესატის ვინაობაზე და თუ ზუსტ პორტრეტს ვერა, სილუეტს მაინც ვხედავთ, საინტერესო იქნება თავად ბატონი პეტრეს წერილები ლევან ზურაბიშვილისადმი, სხვა ცნობილი ქართველი ემიგრანტებისადმი და იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს ეპისტოლარული მემკვიდრეობაც იხილავს მზის სინათლეს.

“უბრუნდებიან” ქართველი ემიგრანტები სამშობლოს! უბრუნდებიან სიტყვითა და საქმით!

აღსრულდა ბატონი ლევან ზურაბიშვილის სურვილი, ქართველმა თანამემამულეებმა დღეს უკვე იციან, რა იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მიზანი – საქართველოს უფლებების დაცვა და გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისაგან.

 

რუსუდან კობახიძე

 თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი

 

One Response to “•მამულიშვილთა დაბრუნება”

  1. […] რომ ქმნის?  ამ ყველაფრის მიუხედავად სამშობლოში დაბრუნებული ადამიანები მაინც იმედის თვალით უყურებენ […]

    Like

დატოვე კომენტარი