Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ მერაბ კოსტავა

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

***

***

მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა

 კინოს სახლის წინ გამართულ ანტიიმპერიალისტურ მიტინგზე

1989 წლის 11 ოქტომბერს

მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

რუსეთის იმპერიის ისტორიაში დამთავრდა შემოკრებისა და ინტეგრაციის დრო. რუსეთის იმპერიას ყავლი გასდის! ახლა იწყება რუსეთის დეზინტეგრაციის და დაშლის ჟამი. ასეთი იყო ნებისმიერი იმპერიის ისტორია; ჯერ შემოკრება ამ ერის, იმპერიის განმახორციელებელი ერის გარშემო, ინტეგრეცია, გაფართოება, გაბერვა და შემდეგ დაშლა ცალკეულ სახელმწიფოებად. ასე დაიშალა, მეგობრებო, მაკედონელის იმპერია, ესპანეთის, ფილიპე II-ის იმპერია. იგივე მოელის რუსეთის იმპერიასაც.

ძმანო და დანო!

იმპერია მოითხოვს გარკვეულ დაკვირვებას. რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ხვდება, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოს, სისხლით შექმნილი, სხვადასხვა ერის ძვლებზე აშენებული და ასე გაბერილი სახელმწიფოს არსებობა, მისი მართვა, მისი პოლიტიკურ- ეკონომიკური მთლიანობის შენარჩუნება შეუძლებელია და იგი დაიშლება. საქართველო ბუნებით უპირისპირდება რუსეთის იმპერიას და მის ვერაგულ ბუნებას. ეს პირდაპირი დაპირისპირებაა, მეგობრებო! მიუხედავად იმგვარი საშიში გეოგრაფიული ადგილისა, როგორიც საქართველოს არგუნა განგებამ, საქართველოს აქვს სურვილი იმპერიას ჩაასოს ისარი გულში. ასე, რომ დღევანდელი აქციის მიზანი, სწორედ, ისრის გაყრის ტოლფასია.

საქართველო ღირსია, რომ ჰყავდეს ეროვნული არმია!

ძმანო და დანო! ჩვენი ახალგაზრდები აპირებენ საპროტესტო აქციის ჩატარებას, რათა არ წავიდნენ დამპყრობლის არმიაში. მოგახსენებთ, რომ ნატოს კავშირი შემდგარია დემოკრატიული პრინციპებით, რადგან იგი შედგება ეროვნული არმიების კავშირისაგან. საბჭოეთში კი თავიდანვე ეცადნენ ზემოთ ნათქვამი პრინციპის მოშლას. ქართველი ერის ნებაა უარის თქმა დამპყრობლის არმიაში სამსახურზე.

ჩვენ გავიმარჯვებთ!

მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აaღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!

ტექსტი დეშიფრირებულია სააგენტო «მაცნეს» აუდიო მასალებზე დაყრდნობით, 1989 წ.

გამოაქვეყნა გაზეთმა «ფორუმი» 11-18 ოქტომბერი, 1994. რედაქტორი ვახტანგ ბახტაძე.

***

ნუგზარ მგალობლიშვილი

 მის გარეშე უმოწყალოდ ცოტანი დავრჩით

შესაძლებელი იყო მიგებაძა მერაბ კოსტავასთვის, მაგრამ შეუძლებელი ყოფილა ისე გვეცხოვრა, როგორც მას. მხოლოდ ღვთის მიერ რჩეულ პიროვნებებს თუ ძალუძთ, მტკიცე, შინაარსობრივ ერთიანობაში მოაქციონ საუკეთესო ადამიანური თვისებები: სამშობლოსადმი

სიყვარული, თავისუფლებისმოყვარეობა, ქედუხრელობა  და შემწყალებლობა, სარწმუნოების მეობის, კულტურის, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ბრძოლის გზაზე ღირსებით სიარული. ამავე დროს თავდავიწყებით შეყვარებული არა მხოლოდ გვერდითმდგომ, არამედ ყველა იმ პატრიოტზე, რომელიც ითავისებს ერის ბედსა და ტკივილს.

საყოფაცხოვრებო, საკუთარ თავზე მზრუნველობას განრიდებული, იობის მოთმინებით, სიძნელეთა გადალახვის უნარითა და საოცარი გულწრფელობით ცდილობდა ამ საუკეთესო ადამიანური თვისებების გადაცემას სხვათათვის, რაც მრავლის გაადამიანებას უწყობდა ხელს.

ტოტალიტარიზმის, მატერიალიზმის და ათეიზმის ხანაში ძე ქარიშხლისა უწოდა მერაბ კოსტავას მისმა სულიერმა მეგობარმა და ქრისტესმიერმა ძმამ ზვიად გამსახურდიამ. უკეთესს, მერაბის ბობოქარი ცხოვრების განმსაზღვრელს, სხვა ვერ იტყოდა. ტრაგიზმით სავსე, რაინდულ-გმირული ცხოვრების გზა მათ ერთად განვლეს სამშობლოსა და ერთმანეთისადმი სიყვარულის უანგარო, წმინდა გაგებამდე ამაღლებულებმა. სწორედ “კოლხური კოშკის” კულტურული წიაღიდან, დიდოსტატ კონსტანტინეს მიერ გაკაფული გზით მომავალი ორი მეგობარი, ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტანჯვა-წამებით, ვერც იმპერიის საკნებში დამწყვდევით ვერ გატეხეს, ვერ დაიმორჩილეს, ვერ წაართვეს უფლისგან ბოძებული სულიერი თავისუფლება და სიმტკიცე. “მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ციხის კედლებშიც თავისუფლად ვგრძნობ თავს”– ამბობდა პატიმარი.

მერაბ კოსტავა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას.

პატიმრობაში მყოფი, ირკუტსკის ოლქის სოფ. კვიტოკიდანაც კი ყოველნაირად ცდილობდა ჩვენს შეგულიანებას და რჩევებით წაშველებას, ხოლო იქედან გათავისუფლებულმა თბილისში ვერ მოისვენა, იმ დღესვე, საღამოს, მატარებლით სოხუმში წამოვიდა, რადგანაც შესანიშნავად აცნობიერებდა იმას, რომ კრემლი აფხაზეთიდან ახორციელებდა საქართველოზე შემოტევას და საფრთხე განმანთავისუფლებელ მოძრაობას სწორედ აქედან ემუქრებოდა. ძალიან დიდი დრო და ენერგია დაუთმო მან აფხაზეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება-გამთლიანებას.

უშიშარი, უდრეკი და მტკიცე, ამავე დროს მეტად თავდაჭერილი და გაწონასწორებული იყო ყოველთვის და არასოდეს ბრაზიანი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით: სოხუმში ხშირად ჩამოდიოდნენ ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც და ღიად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს მიმდინარე მოვლენებზე, ამით გაღიზიანებული ახლადჩამოყალიბებული ბლოკ “სოიუზ”-ის წევრები შეკრებებზე სულ იმას გაიძახოდნენ: “ჩამოსული თბილისელები წყალს გვიმღვრევენ აფხაზეთში”; თურმე ბაბურინები, შანიბოვები, ჟირინოვსკები და ძმანი მათნი აფხაზეთში წყლის დასაწმენდად მოდიოდნენ, ხოლო გამსახურდია, კოსტავა, ჭავჭავაძე და სხვები მათ მიერ დაწმენდილი წყლის ასამღვრევად(?!) გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა და განგვემარტა საზოგადოებისთვის, თუ ვინ და რა მეთოდებით ამღვრევდა არა მარტო წყალს აფხაზეთში.

აქციის ჩატარების ნებართვისთვის მერაბი, ვოვა და მე მივედით სოხუმის აღმასკომის თავმჯდომარესთან ჯონი გუბაზთან, რომელმაც თითქმის იგივე გვითხრა, რასაც “სოიუზ”-ელი სეპარატისტები გაჰყვიროდნენ და ნებართვაზეც უარი მივიღეთ. რა გასაკვირი იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში კაცი გაბრაზებულიყო? მერაბმა კი მისთვის ჩვეული სიდინჯით აბსოლუტურად გაწონასწორებულმა მიუგო: “მიუხედავად თქვენი წინააღმდეგობისა, ჩვენ მაინც ვიპოვნით გზას აფხაზთა გულებისკენ”-ო.

კაბინეტიდან გამოსულებს კი გვითხრა:-”ახლა გუბაზმა იმტვრიოს თავი, ჩვენ კი ჩვენსას მივაღწევთ”. მერაბის ეს ფრთოსანი ფრაზა აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლოზუნგად იქცა. ფასდაუდებელია მერაბის წვლილი როგორც ეროვნული მოძრაობის, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევაში, ის რომ აფხაზეთში 1989 წლის 15-16 ივლისს სეპარატისტთა მიერ განხორციელებული თავდასხმა თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალზე და ქართველ მოსახლეობაზე ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ომში არ გადაიზარდა, მთლიანად მერაბ კოსტავას დამსახურებაა, რადგანაც 16 ივლისს ღალიძგის ხიდთან მოზღვავებულ ათასობით შეიარაღებულ, მომხდარით აღშფოთებულ ხალხს მერაბი გადაეღობა და უკან დახია ისინი. მისდამი სიყვარულმა და პატივისცემამ გააჩერა ფაქტიურად უმართავი ხალხი.

ძნელად წარმოსადგენია თუ რა შედეგს მივიღებდით, ეს ხალხი ღალიძგის ხიდს იქით რომ გადასულიყო. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ მივიღებდით მასშტაბურ სისხლისმღვრელ “ეთნოკონფლიქტს” (ნუ დავივიწყებთ, რომ 1989 წელია).

“ლიხნის წერილი” (და არა მხოლოდ ეს ერთი) რომ საქართველოში არ დაწერილა, არამედ კრემლშია ნამშობიარები, ეჭვს ნამდვილად არ უნდა იწვევდეს. აქედან გამომდინარე, საკითხავია, რომელ ტერიტორიულ-სამართლებრივ სივრცეში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აფხაზეთი? ჩატარდებოდა კი ამის შემდეგ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები ან ერის ნების გამომხატველი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი აფხაზეთის ტერიტორიაზე? აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაც.

ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით მკითხველისთვის მიმინდვია, დაწვრილებით და ვრცლად ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ახლო მომავალში ვისაუბრებ. ახლა კი იმას ვიტყვი, რომ უფლის ნებამ მოგვივლინა მერაბ კოსტავა 1989 წლის 16 ივლისს ღალიძგის ხიდთან, დღეს კი მის გარეშე უმოწყალოდ ცოტანი დავრჩით.

 გაზეთი “განმათავისუფლებელი” N29

***

 კონსტანტინე გამსახურდია

“იგი სიკეთით გახლდათ საცნობი…”

(მერაბ კოსტავას გახსენება)

26 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა ქართული ეროვნული მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, მერაბ კოსტავას. გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებას წიგნიდან: კონსტანტინე ზ. გამსახურდია, წერილები უცხოეთიდან. 1994-2005, თბილისი, 2006. იბეჭდება ავტორის ნებართვით.

მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული მოღვაწის, გმირის, დისიდენტის და პოეტის მნიშვნელობა საქართველოში ჯერაც არ არის აზროვნების თვალით ყოველმხრივ დანახული. ამ გარემოებას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს, რომლებზეც აღარ შევჩერდებით: არ ახალია, რომ ოფიციოზი ყოველთვის ხელს უშლიდა მის ობიექტურად წარმოჩენას. ხელისუფლებას, თუკი არჩევანზე დაუდგებოდა საქმე, ცხადია, ლოზუნგების და პლაკატების მერაბი ერჩია: მაღალფარდოვანი, ტრაფარეტული ეპითეტებით შემკული. მერაბ კოსტავა ათი წლის მანძილზე მოწყვეტილი იყო საქართველოს და როდესაც დაბრუნდა, ყოველივემ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, რომ ბევრმა რიგიანად თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო მისთვის. და ის, რაც დღეს ჩანს, კვალია ელვარე, მეტეორი რომ ტოვებს ხოლმე ღამეულ ცაზე.

მას იმთავითვე ჰქონდა წარმოსახული ხატი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწისა და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა. ეს იყო მისი “ალტერ ეგო”, და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისივე უმაღლესი ინდივიდუალობა იმავდროულად. თუ დაკვირვებით წავიკითხავთ მის ნაწერებს, ცხადი გახდება, რაც განაპირობებდა მის შინაგან თავისუფლებას, აყვანილს ესოდენ მაღალ ხარისხში. მერაბი მისთვის სათაყვანებელ მეფეებს, გმირებს, მწერლებს შეიმეცნებდა არა გავრცელებული ისტორიული სტერეოტიპების მიხედვით, არამედ საკუთარი შინაგანი მიმართებიდან გამომდინარე გაიაზრებდა და არც ობიექტურობას უღალატნია მისთვის. რამდენადაც ცხოვრების ჩინებული დამკვირვებელი იყო, კარგად იცოდა, რა იყო მთავარი და არამთავარი, აგრეთვე ბევრი საგნის ანი და ჰოე. და არა მარტო შეიმეცნებდა, ცოცხლად შეიგრძნობდა კიდეც. ოდესღაც გოეთემ თქვა, რომ მსგავსი მხოლოდ მსგავსს შეიმეცნებსო. ასევე გახლდათ მერაბის შემთხვევაშიც, ის თვით გახლდათ ფარდი თავისი საყვარელი გმირებისა. იგი იდეალებს ბრძოლით მოიპოვებდა, გადაამუშავებდა თავისი სულის ქურაში. ისინი დიდი საქმეებისთვის შთააგონებდნენ. მერაბისთვის თავისუფლება საქმის, მოყვასის მსახურების სიყვარულია. მკითხველმა განსაჯოს, შეიძლება თუ არა სპარტის ფუძემდებლის, ლიკურგეს მერაბისეული დახასიათება თავად მასზევე იქნეს გადატანილი:

იგი სიკეთით გახლდათ საცნობი,
თემიდას სავეტი, მეკვლე დამდეგის,
საკუთარ ეგოს სულმთლად დამთმობი
და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები;
სიმდაბლით თვისით გასაოცარი
და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.

მერაბ კოსტავა ქრისტიანი იყო, მაგრამ მართლმადიდებლობას ალიბივით არ იყენებდა, ხოლო ზნეობა იდეოლოგიად არ უქცევია, რომელსაც “ზნეობის” მქადაგებლები (მეტწილად უზნეონი) ხელკეტივით ატრიალებენ ხოლმე. ზნეობა სრულიად რეალური ძალა იყო, რომელიც სჭვიოდა მისი მთელი არსებიდან. ქვეგამხედვარებს კიდევაც ამხელდა, მაგრამ მხილება ავტომატურში არ გადასვლია და არც საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭის იარაღად უქცევია. ამხელდა სიყვარულისა და სამართლიანობის სულიდან გამომდინარე და ამაში იყო რაღაც იოანე ნათლისმცემლისეული ეთოსისა: “შეინანეთ!…” მეგობრობის რუსთაველისეულ ხარისხში ამყვანს სხვათა დამორჩილება კი არ ახარებდა, არამედ ის, თავისი და ჭეშმარიტ ქართველთა სახელები ცხოვრების წიგნში ჩაწერილი რომ ეგულებოდა.

იგი საზოგადოების გამთლიანებისთვის დაშვრა, მაგრამ ადამიანურმა უგუნურებამ ვერ გაუგო, ვერ ჩასწვდა მის ჩანაფიქრს ბოლომდე. იმად კი არ იღწვოდა, რომ მიამიტური იდეალიზმის სენი სჭირდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანური ბუნების საიდუმლოებანი საკმაოდ კარგად ესმოდა: ადამიანი შესაძლოა იყოს საკუთარი ცოდვიანი წარსულის მონა, მაგრამ პოტენციურად თავისი მომავლის ბატონია, თუკი სიმართლეს ვაჟკაცურად გაუსწორებს თვალს. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო. რამდენად ასრულდა მისი წინასწარმეტყველება, ამის განსჯაც მკითხველისთვის მიმინდია. (თუ რამდენად შეიძლება ებრძოდნენ მერაბის ფენომენს ამ მხრივ, ცხადყოფს პროლეტარულ მოშაირეთა ტრადიციების ერთი ამაღორძინებლის მაგალითი, რომელიც თავს მერაბის ახლობლადაც კი ასაღებდა. მას ეკუთვნის, სხვათა შორის, შემდეგი სტრიქონები: “არაკაცებთან სალაპარაკოდ მხოლოდ მახვილის არსებობს ენა”).

სხვადასხვა ყაიდის ადამიანებს დრო არაერთგვაროვნად წარმოაჩენს. ჩვეულებრივი მოკვდავნი, რომელთაც მხოლოდ ინსტინქტების კარნახით იცხოვრეს და გარდაიცვალნენ, დროთა მანძილზე პატარავდებიან, ვიდრე სულ არ გაუჩინარდებიან დავიწყების ოკეანეში. ამაში სრულიად გარკვეული ლოგიკა ამოიცნობა, რომელიც ძალაშია ხილულ სამყაროში: საგანს რაც უფრო შორდები, მით უფრო პატარავდება. მერაბ კოსტავას და მისებრ კაცებთან მიმართებაში კი დრო ერთ უცნაურობას იჩენს: რაც უფრო შორდები მათ დროში, მით უფრო იზრდებიან. ისინი თითქოს უკუპერსპექტივაში მოსჩანან. ცნობილი რუსი ისტორიკოსის და მოაზროვნის, სერგეი სოლოვიოვის თქმით, ხალხებს უყვართ დიდკაცთათვის ძეგლების აღმართვა, ხოლო თავად ამ დიდკაცთა საქმეები ასევე ძეგლებია, რომლებიც ამ უკანასკნელებმა საკუთარ ხალხებს დაუდგეს. მერაბ კოსტავას მოღვაწეობაც სხვა რა არის, თუ არა ქართველი ერის სადიდებლად აღმართული ძეგლი?

ის, რაც გმირისგან ხალხის ხსოვნაში რჩება, სამაგალითოა, პარადიგმატულია და ხშირად ლეგენდარული ეფექტებით შეიმოსება. თანამედროვე სწავლულ ბიოგრაფებს კი სჩვევიათ მეტისმეტად ადამიანურ მხარეებზე ყურადღების გამახვილება და მათი დაფიქსირება. პირველ შემთხვევაში საფრთხე იმაშია, რომ გმირისგან თანდათან დარჩეს მითოლოგიზებულ-სქემატური ხატება, რომელიც აზროვნების გვერდის ავლით იმოქმედებს ადამიანებზე, რაც ფრიად სახიფათოა. მეორე შემთხვევაში კი საფრთხეა უმთავრესის დაკარგვა ყოფითისა და “ძალზე ადამიანური” მხარეების ჭარბად წარმოჩენისას.
მსურს გავიხსენო ზოგი რამ მერაბ კოსტავას მონაყოლიდან, ზოგიც ნანახი საკუთარი თვალით.

ჭეშმარიტად, მერაბ!

ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით. აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი, საიდანაც ზედამხედველის ფხიზელი თვალის თეთრონი და გუგა მოჩანდა თურმე.

დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს.

ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს. მერაბს შინაგანად უგრძვნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:

“ქრისტე აღსდგა!”

არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალაზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.

“ქრისტე აღსდგა!” – განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, “მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზვავება ვიგრძენიო”, იგონებდა. “ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე”, ფიქრობდა თურმე. არადა, არსაიდან ისმოდა “ჭეშმარიტად!” სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. “ქრისტე აღსდგა!” – ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:

“ჭეშმარიტად!”

ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. “მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს…” იგონებდა მერაბი.

კარცერში

მერაბს ცალ ხელზე ყინვისაგან დაზიანებული ჰქონდა ნეკა თითი და მისი გაგრძელება ხელის მტევანზე. ეს დამართნია ციმბირში, ანგარსკის ციხეში, როდესაც თავისუფალი გადასახლების შემდეგ პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. ბრეჟნევის პოლიტბიუროს განზრახული ჰქონდა მისი სამუდამოდ ჩატოვება ციმბირში. (მერაბი 10 წელიწადი იყო დაპატიმრებული, 1977-1987 წლებში). ციხის ადმინისტრაციას გადაუწყვეტია დაუმორჩილებელი პატიმრის “დაჭკვიანება” და ჩაუგდია იგი ყველაზე საშინელ კარცერში, სადაც ყინვა მინუს 30 გრადუსს აღწევდა. მანამდე მისი ტანსაცმელი საგანგებოდ დაუსველებიათ, რომელიც მალევე გაყინულა და გახამებული, ჯერაც გაუმშრალი სარეცხივით შემდგარა. მთელი ძალები მოვიკრიბე, ენერგიულად დავდიოდი წინ და უკან, არამც და არამც არ მინდოდა კარზე დაბრახუნება და ციხის პერსონალის საშველად მოხმობაო, იგონებდა შემდგომში მერაბი.

კარცერში მალევე შემოუყვანიათ კიდევ ერთი დაუმორჩილებელი ჩრდილოკავკასიელი პატიმარი, თუ არ ვცდები ჩეჩენი. მას რამდენიმე ხანს გაუძლია ყინვისთვის, ბოლოს კი მიფორთხებულა რკინის კართან, ბრახუნი აუტეხია და ითხოვდა: ოღონდ აქედან გამიყვანეთ და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორ მეტყვითო. იგი გაუყვანიათ ზედამხედველებს.

ამ სურათს შემზარავი შთაბეჭდილება მოუხდენია მერაბზე, მაგრამ მეტი დაჟინებით ჩაუდია გულში აღთქმა, შველა არ ეთხოვა მტარვალებისთვის. მიმოდიოდა შემართებული და ხმამაღლა იმეორებდა ზეპირად დამახსოვრებულ ლოცვებს და თავის საყვარელ ლექსებს. თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა ციმბირის ყინვა, ვგრძნობდი როგორ ვკარგავდიო გონებას. შემდეგ აღარეფერი ახსოვდა… გონზე მოსულა ციხის საავადმყოფოში, საბედნიეროდ მხოლოდ ხელის მტევანი ჰქონია მოყინული ოდნავ.

ეს ამბავი რაღაცით ჰგავს 40 კაპადოკიელი მოწამე-მხედრის ისტორიას, რომლებიც ქრისტეს ერთგულებისთვის წარმართი ხელისუფლის ბრძანებით ტბაში გაყინეს და რამაც ასახვა ჰპოვა მე-11 საუკუნის უმშვენიერეს ქართულ ხატზე: ოღონდ განგებამ იმ დროს არ ინება მერაბის წუთისოფლიდან გახმობა.

“საჯაროობის” სიმართლე და კერპი

უცნაურმა მოვლენამ, რომელიც ისტორიაში “საჯაროობის” და “გარდაქმნის” სახელებით დამკვიდრდა, საქართველოში ნელ-ნელა, დაგვიანებით შემოაღწია, ისიც პატიაშვილისეული ცეკას აპარატის ინოვაციებით. ტელევიზია და პრესა ხალხს მცირე ულუფებით, რაციონირებულად აწვდიდა მეტწილად კომუნისტური ურცხვობით შეფერილ ნახევარსიმართლეებს; ხანაც სრულ სიმართლესაც გაურევდნენ ხოლმე, თუმცა მნიშვნელობა ჰქონდა, ვისი პირით ითქმოდა ეს. სიმართლის თქმის უფლებაც სავსებით მონოპოლიზირებული ჰქონდათ კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლებს. რამდენადაც იმხანად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უპირატესობას ანიჭებდნენ “ბალტიურ მოდელს”, როგორც ყველაზე ცივილიზებულ და ევროპულ გზას, ბევრს ბჭობდნენ სახალხო ფრონტის შექმნაზე, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერა და ავერ შეიქმნა 1989 წლის ზაფხულამდე. აქ ორი მიზეზი იყო უმთავრესი: ერთი, რომ ცეკას არ სურდა მისი შექმნა და თუ მაინც დათანხმდებოდა ამაზე, ეს ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო “რუსთაველის საზოგადოების” პირდაპირი ასლი. და მეორეც, მის შექმნას აბრკოლებდა ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენელთა გამძაფრებული ამბიციები, რამდენადაც თითოეულ მათგანს თავმჯდომარეობა სურდა, სავარძელი კი ერთი იყო.

1988 წელს სწორედ ამ ნიშნით უნივერსიტეტეის სააქტო დარბაზში იმართებოდა შეკრებები, რომელშიც სტუდენტობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იმხანად სტალინიზმის მხილება, უშუალოდ მიხეილ გორბაჩოვის მიერ სანქციონირებული, საკმაოდ წინ იყო წასული. თუმცა პერესტროიკის ინიციატორი ხაზგასმით აღნიშნავდა თავის მტკიცე ლენინელობას.

მერაბის გამოჩენას ტრიბუნაზე ტაშით შეეგებნენ. როგორც ჭეშმარიტი ლაკონიელი, იგი მეტყველებდა ოდნავ მძიმედ, თუმცა უაღრესად კონკრეტულად და საქმიანად მოუყრიდა სათქმელს თავს და რამდენადაც თითოეული სიტყვის მიღმა მისი მაღალი ეთოსი ღვიოდა, დარბაზი მონუსხული უსმენდა. და აი, სიტყვამ მოიტანა სტალინიზმის დანაშაულობანიც: “მეგობრებო, ჩვენ ვიცით ვინ იყო იოსებ სტალინი, მაგრამ ჩვენ ეხლა უნდა ვამხილოთ უმთავრესი დამნაშავე…” დაიწყო მერაბმა. დარბაზში მსხდომმა ოფიციოზის წარმომადგენლებმა იმწამსვე იგრძნეს, რომ ორატორი ტაბუირებულ თემას მიადგა. ღეაგირებამაც არ დააყოვნა, პირველ რიგებში აღიმართა უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, ნოდარ ამაღლობელის ფიგურა და ხელები გაასავსავა: “ეგ არ თქვა! ეგ არ თქვა!”

სიტუაციამ კომიკური ელფერი მიიღო. დარბაზში ჟრიამული ატყდა. ვიღაცეები ახარხარდნენ, ახალგაზრდობის ნაწილი კი პროტესტს გამოთქვამდა, რომ ორატორს სიტყვა გააწყვეტინეს. ამ დროს ამაღლობელი კვლავ ფეხზე იდგა და ცდილობდა დისკუსია გაემართა ორატორთან. ჩანს, მერაბი არ მოელოდა ასეთ მძაფრ რეაქციას რექტორის მხრიდან და ოდნავ შეყოვნდა, თუმცა რამდენიმე წამში დაწყებული აზრი დაასრულა: “… ეს იყო ვლადიმერ ლენინი!” დარბაზი მქუხარე ტაშით შეეგება ამ ნათქვამს.

ამაღლობელმა ხელი ჩაიქნია. მოწყვეტილივით ჩაესვენა სავარძელში.

ეროვნული დროშა

ეროვნული რეგალიები ეროვნული სიწმინდეებია. მათში ნაციონალური წმინდად ადამიანურ საწყისთანაა შეწყვილებული, რადგან ისინი უტყვად მოგვითხრობენ სულის ტრიუმფის ამბავს წარმავალობაზე, ამაოებასა და სიკვდილზე. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა მერაბ კოსტავას როგორც ძველი სიწმინდეებისადმი, ისე ახალი დროის სახელმწიფოებრივი სიმბოლოებისადმი.

1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას.

26 მაისს, დაახლოებით შუადღისას მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად “ჰელსინკის”, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის” და “ეროვნული სამართლიანობის კავშირის” წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო თავისთავად ცხადი რამ.

მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და ისე საუბრობდა დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული “ომონის” რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა.

გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: “არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!” თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა:

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ამასობაში მომიტინგეები მიწაზე დავსხედით. მე წინადადება შემოვიტანე, ერთანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა.

შადური კვლავ ცდილობდა დაუფლებოდა დროშას, მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა.

“მომეცი დროშა!” გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა.

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი!” კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა.

“ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!” გასცა ბრძანება. ეზოში “ომონის” რაზმი შემოიჭრა.

მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე “ბერიკონში”.

იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს.

აფხაზეთში

1988 წლის შემოდგომიდან აფხაზეთში სისხლის სუნი დატრიალდა. აშკარა იყო, რომ საბჭოთა იმპერიის ელიტა, ეს “შავი ჯოჯოხეთის კუპრი ნახადი”, სისხლისღვრას გეგმავდა იქ. რამდენადაც იქაური ქართველობა თავს დაჩაგრულად გრძნობდა, მერაბ კოსტავამ მიტინგები ჩაატარა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში.

თბილისში დაბრუნებისას გვიამბო ერთი საუბრის შესახებ, რომელიც შემდგარა ლესელიძეში მიტინგზე. როდესაც ეროვნული დროშა გამოჩნდა, მერაბთან მისულან პრომოსკოვიტი ეთნოკრატის, ოზგანის წარგზავნილები და რუსულად უთქვამთ: “ჩვენ აქ მენშევიკური დროშის აფრიალებას ვერ შევურიგდებით. ეს ჩვენი მიწაა და იცოდეთ, რომ შესაძლოა ცეცხლი გაგიხსნან”.

მერაბი: “მე კი ვუთხარი, ჩვენ კიდევ ვნახავთ-მეთქი, ვისი მიწაა ეს და ავღმართე დროშა”.

ცხადია, მერაბს ამით არ უთქვამს, თითქოს ეს მიწა აფხაზ ხალხს არ ეკუთვნის. მაგრამ მან შერისხა ისინი, ვინც დაინტერესებულია, ეს მიწა არც ქართველს ეკუთვნოდეს და არც აფხაზს.

დღეს აფხაზეთში სულ სხვა სურათს ვხედავთ. და მაინც, მე არ ვთვლი, რომ მერაბი შეცდა, როდესაც დაიქადნა, “კიდევ ვნახავთო”. ქართული დროშა უთუოდ იფრიალებს იქ, როდესაც ისეთი საქართველო გვექნება, მერაბს რომ ეოცნებებოდა.

რაჭაში

1989 წლის ივლისში რაჭაში გადავედი იმერეთიდან მრავალძალის წმინდა გიორგის დღესასწაულზე. ის ეკლესია შემდგომში სავსებით დაუქცევია მიწისძვრას. სამიოდე დღის შემდეგ უკვე ამბროლაურში ვიყავი. აქ ვერტმფრენით ჩამოფრინდა მერაბ კოსტავა. მას თან ახლდა ვაჟა ადამია და საქართველოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. ფრიად გავიხარეთ ამ მოულოდნელი შეხვედრით.

მთელს რაჭას შემოვუფრინეთ. ზემოდან დავყურებდით ულამაზეს ლანდშაფტებს. მერაბს დავანახე ფასის მთა. პავლე ინგოროყვა ვარაუდობდა, რომ სწორედ ამ მთაზე ეგულებოდათ ძველ ბერძენ მწერლებს მიჯაჭვული პრომეთე-ამირანი. “მცირე და დაჩაგრული ერი იმიტომ ვართ, რომ დღესაც მიჯაჭვულია პრომეთე კლდეზე, როგორც კაცის სულია მიჯაჭვული სხეულებრივ-მინერალურ საფუძველს”, – ვუთხარი. “მცირე ერის შვილობა დიდი წყევლაც არისო”, დასძინა ამაზე მერაბმა.

ვერტმფრენი სოფელ შქმერში დაჯდა. დამამახსოვრდა ორი ბერიკაცი, რომელთაც ჩათვალეს, რომ მერაბი “დიდკაცთაგანი” იყო. ეს სიმართლეს დიახაც შეესაბამებოდა, ოღონდ არა ისე, როგორც მათ ეგონათ. შესჩივლეს, სტალინის დროს ყველაფერი რიგზე იყო, ქვეყანაში წესრიგი და კეთილდღეობა სუფევდაო. მერაბი მოიღუშა. თავისი სათქმელი მოკლედ მოახსენა, მერმე მათ შუაში ჩადგა, ხელები ორივეს ღონივრად ჩაავლო მკლავებში და ომახიანად უთხრა:

“აბა, ძიაკაცებო, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ბერიკაცებმა ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ მიხვდნენე, რომ რაღაც ისეთს შეეხნენ, რასაც არასოდეს შეხებიან თავიანთი ცხოვრების მანძილზე.

“გაუმარჯოს! გაუმარჯოს” იძახდნენ ისინი.

ვერტმფრენმა გეზი კვლავ ამბროლაურისკენ აიღო. ვიდრე დაჯდებოდა, გადავუფრინეთ რიონის ერთ-ერთ შენაკადს. მერაბმა გადახედა ჩქერალს და თქვა, აქ ჩინებული კალმახები იქნებაო. იგი ერთ დროს დახელოვნებული მებადური იყო და გუმანი ალბათ არ ღალატობდა.

“ბატონო მერაბ”, ეუბნება გოჩა ბიჭაშვილი, შემდგომში ამბროლაურის პრეფექტი, “დარჩით ამაღამ. ბიჭებს ამოვაყვანინებ კალმახებს და ერთი კარგი ქეიფი გავწიოთ”. მერაბს ჭკუაში დაუჯდა. ჰკითხა ვაჟას, რას ფიქრობ, ვერტმფრენი რომ გავუშვათ და ხვალამდე აქ დავრჩეთო.

“იცით რა, ბატონო მერაბ”, ვაჟა ადამიას ბიუროკრატიული სუსხი გამოერია ხმაში: “მე წავალ, აჭარლები გვყავს მისახედი სამცხე-ჯავახათში. თქვენ თუ გინდათ, დარჩით”. მაგრამ მერაბი ამ სიტყვების შემდეგ რაღას დარჩებოდა. გემოვნება თუ არა, წამის შეფასების უნარი ნამდვილად სჭირდება კაცს იმის გასაგებად, რომ გაჭირვებულნი მუდამ თან გვახლავან, მერაბი კი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.

ზაფხულის სილურჯე გადაჰკრავდა მთებს და სულ რაღაც თვენახევარი რჩებოდა იმ ავბედით 13 ოქტომბრამდე…

როდესაც დღევანდელი გადასახედიდან იმ დღეებზე ვფიქრობ, ეს სიტყვები მახსენდება მერაბის ერთი ლექსიდან:

აუწყვეტია კლდეთით პრომეთეს
დამცხრალა მთებში ზვავი,
ასდევნებიხარ ცაში კომეტებს
ზევსთან შეკრული ზავით.

1999

 http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1741075.html

***

მერაბ კოსტავა და ქართული მარადიულობა

არიან ადამიანები, რომელთაც ახლავს ღვთიური დუმილი, მართალი საქმიანობა და რაინდული პიროვნულობა. მერაბთან ყოველივე ეს თავს იყრიდა და ხშირად გედივით თავდახრილი უსასრულო ფიქრებში იყო ჩაძირული… ზეკაცი გახლდათ, ნათელი განსახიერება და იდეალი ქართული პატრიოტისა, უშიშარი – უდრეკი არწივი მხოლოდ წინ რომ მიილტვოდა და დროს უსწრებდა. ეროვნული მოძრაობის ჯანსაღი მუხა, პიროვნება ბიბლიური სიმბოლოებით შემკული. სიმღერა შავლეგო, თითქოსდა მერაბისთვისაც შეუთხზავს მის გენიალურ ავტორს – შავლეგო, მერაბ შენ! როგორ უხდებოდი უძველეს საქართველოს და როგორ ჭირდებოდი სამშობლოს მერაბ. მარადიულობა ხარ შენი ერის და ურღვევი ბურჯი, შავლეგო მერაბ! – ოი, როგორ უხდებოდი სრულიად საქართველოს და მის სამართლიანობას, მტრის მიმართ ამბოხებულსა და თავდადებულ ერს.

– მოღალატე ქართველებმა, მადლობის მაგიერ სიკვდილი მოგართვეს, იუდა ისკარიოტელზე ბევრად უარესები არიან ისინი, რამეთუ იუდამ მაცხოვართან საშინელი დანაშაული თავის ჩამოხრჩობით აღიარა. ხოლო მერაბის მკვლელები ლაღობენ ილია მართალის (ჭავჭავაძის) მკვლელებივით. ქართულ მიწაზე დადიან ქვეწარმავლები. წარმოიდგინეთ ეკლესიაშიც დაიარებიან ალბათ (ვის ჭირდება მათი ფარისევლური მონანიება!).

– ძალიან ხშირად, ადრევე იფერფლებიან გენიები ან თანამედროვენი იშორებენ თავიდან. მერაბის თვალები გახლდათ იდუმალებით სავსე და წამებული წმიდანის მზერით იხედებოდა. იმზირებოდა ძალიან შორეულში, გონება, ნიჭი, ნერვიული სისტემა და საფშვინველი საქართველოსთვის ჰქონდა შეწირული.

მერაბი ჩემთვის გადარჩენილი საქართველო იყო, შავლეგოს ვხედავდი და ზიარების სითხით სავსე ბარძიმად მესახებოდა. მერაბ კოსტავა გახლდათ უძველესიდან ამოსული, მეორედ მოვლენილი ლეგენდარული – ეროვნული გმირი და გადამრჩენელი ქვეყნისა. რაინდის კოსმიურ პიროვნებას მილიონობით ადამიანთა აღზრდა შეეძლო და ერის სულიერი ამაღლებაც.

1988 წელი გახლდათ. სამეგრელოში კომუნისტებისაგან განადგურებული სამი ეკლესია უნდა აღმედგინა, ჯერ აღრიცხვაზე უნდა ამეყვანა. თბილისიდან დაწყებული მოსკოვის ჩათვლით ყველა ინსტანციას გავდიოდი. სიმართლე არ უნდა დაიმალოს, ბოლო პერიოდის პარტმუშაკები ყოველმხრივ მეხმარებოდნენ. სენაკის რაიკომის პირველი მდივანი თამაზი კოღუა, აღმასკომის თავჯდომარე ტარიელ დგებუაძე – მოადგილე ანზორ ცაგურია, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე ოთარ კოხია, სენაკის რაიონის დიდი მეწარმე დემურ გადელია ეკლესიის აღდგენითი სამუშაოებისათვის არაფერს ზოგავდნენ.

ძველი სენაკის მეურნეობის დირექტორმა რეზო ადამიამაც დიდი თანხა გაიღო ეკლესიის საამშენებლო მასალების და მუშების ხელფასებისათვის. მარტვილში გახლდით. მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან ფონდებში შენახული ეკლესიის დიდი ზარი უნდა მიმებრძანებინა სალხინოს სადადიანოს ღვთისმშობლის ეკლესიისათვის, რომლის სამუშაოებსაც ვაწარმოებდი. მუზეუმის დირექტორმა უნიჭიერესმა მეცნიერმა, არქეოლოგმა გივი ელიავამ მითხრა: რეზო ძალიან პატივს გცემ მაგრამ, მუზეუმიდან ექსპონატის გატანა ყოვლად შეუძლებელიაო. იძულებული გავხდი მარტვილის რაიკომის პირველ მდივანთან შევსულიყავი, ბატონ ვაჟა აბაკელიასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ყველაფერი რომ მოვახსენე ვაჟკაცურად მითხრა, დაგეხმარები და ბატონ გივის დაურეკა: – გთხოვ ბატონო გივი სალხინოს ახლად აღდგენილ ეკლესიის, ერთ დროს ეკლესიის კუთვნილება ზარი პატრონს დავუბრუნოთო. ჩვენც, ჩემი ცოლის ძმა, ეროვნული მოძრაობის წევრი და ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების აქტიური მონაწილე ვანო კვარაცხელია, მარტვილის რაიონის ეროვნული მოძრაობის ლიდერი და თავდადებული მებრძოლი გენო ჭაჭუა და თქვენი თაყვანისმცემელი მივედით მუზეუმში. ბიჭებმა მანქანა რამოდენიმე წუთში ადგილზე დააყენეს და ნანატრი ზარი, დიდმა ქართველმა მეცნიერმა თავისი ხელითვე ჩაგვაბარა სათანადო საბუთების დართვით და ზარი სალხინოს ხვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ზეიმით მივაბრძანეთ.

რთულია აღწერა იმ დღესასწაულისა რაც იმ დღეს სალხინოში მოხდა, დიდი ისტორიული ზარი უკვე სალხინოშია!… მეორე დილას რაიკომის მეორე მდივნის გოგილო ბასილაიას მიერ გამოგზავნილი კაცი მოვიდა: დღეს საღამოს ექვს საათზე საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები მერაბ კოსტავას მოთავეობით ჩამოდიან და მიურატისეულ მარანში მობრძანდიო. დანიშნულ დროზე ადრე ადგილზე ვარ: ამ დროს რაიონის ცენტრიდან ორი მანქანა ჟიგული გვეწვია. ერთ–ერთი მანქანიდან ჩამოვიდა თავშეკავებული და შორსმომზირალი ბატონი მერაბი, მერე ექიმი აკადემიკოსი ბატონი ფრიდონ თოდუა, თეატრალური მხატვარი თემურ სუმბათაშვილი, ვაჟა ადამია, ირაკლი ბათიაშვილი და რამოდენიმე ვაჟკაცები რაიონის ცენტრიდან. ურთიერთ მივესალმეთ, მოვიკითხეთ და ბატონმა გოგილო ბასილაიამ დარბაისლურად გაშლილ სუფრასთან მიგვიპატიჟა. მარანში, ისტორიული და რომანტიული განწყობილებაა, გრძელი უბრალო და საუკუნოვანი ჩაშავებული ხის მაგიდაა, რომელიც თეთრი საფარებით იყო მორთული და პროდუქტს ვერ იტევდა, შემწვარი ციკანიც შემოეტანათ, სუფრის მშვენება ოჯალეშის წითელი ღვინო გამჭვირვალე ღვინის გრაფინებით დადგეს.

ულამაზესი კოლხის გოგოს მაყვლის თვალებივით იმზირებოდა მსოფლიოში ოქროს მედალოსანი  “ოჯალეში”. მერაბიმ თავშეკავებით და დინჯად მითხრა ჩემს გვერდით დაჯექი რეზოვო! ჩვენ გარკვეული დრო და ლამაზი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ყველანი დავსხედით, ფარული დაძაბულობა იგრძნობოდა. ჩემს წინ იჯდა ფილოსოფოს სოკრატეს შუბლის მშვენების მამაკაცი ფრიდონ თოდუა. სიტყვა ძუნწი და ყველგან მზირალი თამადა გახლდათ ბატონი გოგილო, სუფრასთან არ დაუკლია ხიბლი სითბო და მაღალი კულტურა. მე და მერაბი, არც ერთ ჭიქას არ ვტოვებდით დაულეველს. მერაბი ღვინოში რომ შევიდა ოდნავ შეთვრა, უფრო ჩაიკეტა თავის თავში და გედივით ქვევით ერთ წერტილს მისჩერებოდა. ირგვლივ მუსაიფი მიდიოდა. მერაბი ვერაფრით გამოვიყვანე გაუთავებელი ფიქრებიდან და პოლიტიკურ იუმორს მივმართე. ბატონო მერაბ ახალი ამბავი გავიგე, რომელიც დაგაინტერესებს–მეთქი. მადლობა ღმერთს ოჯალეშის ფერის უძირო თვალებით ამომხედა და მომმართა: – გისმენ რეზო! წარმოიდგინე საინტერესოზე მეტიცაა, ვეუბნები. ოდნავ გაეღიმა, თურმე რუსეთი და მისი ხელისუფლება ეროვნულ დამოუკიდებლობას ითხოვს გამწარებული–მეთქი! ოო–ო!–ო! ლომივით ხორხოცი ამოუშვა. რა? რა გითხრა ასეთიო, სუმბათაშვილი ეკითხება მერაბის.

რა და რუსეთი ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ითხოვს, თურმეო. მერმე დაიწყო ისეთი პოლიტიკურ–თეორიული მტკიცებულობები, დაგვიდასტურა, რომ მართლაც ჭირდება მათ სხვა ერებისაგან განთავისუფლება და ნაღდი ეროვნული რუსეთის აღდგენა ჩამოყალიბებაო. მაშინდელ რაიკომის მდივნებს არ ეშლებოდათ სუფრის მსვლელობის და მთლიანობის ზომიერება და დამამთავრებელ სადღეგრძელოებსაც მივადექით.

ამ ძველისძველ მიურატისეულ მარანს გვერდით, ორმოცდაათ მეტრში ჩაუდის მთის მდინარე წაჩხურა, რომელიც ზამთარში თბილია, ყინვის დროს ორთქლი აუდის მდინარეს და სხვადასხვა ზომის კალმახები სიამით დინების საწინააღმდეგოდ სრიალით მიისწრაფიან. ზაფხულობით, ნურას უკაცრავად, ხელსაც ვერ ჩაყოფთ წყალში ისეთი ცივია! მერაბი, ირგვლივ სილამაზით და მდინარე წაჩხურათი აღტაცებულმა, ღობეს ვეფხვივით გადაევლო და მდინარის პირას პერანგის გახდა დაიწყო – უნდა ვიბანავოო. აღელვებული მეტაკა ბატონი გოგილო: რეზო! გეხვეწები მერაბი არ ჩაუშვა მდინარეში, ნასვამია და ამ ყინულოვან მდინარეში მისი ბანაობა ცუდს დაგვმართებსო.

მაშინვე გონს მოვეგე და მერაბს წინ გადავუდექი, მერაბ! წაჩხურაში ზაფხულში ბანაობა შეუძლებელია! კაცს სუნთქვას უკრავს და ადვილად შესაძლებელია გულიც გაუჩერდეს, მდინარე თითქოსდა ყინულის ლოდებიდან გამოდის, ისეთი ცივია – მეთქი!არა რეზო! ნახე რა სუფთაა და კამკამააო. მაშინ, ორივემ ერთად ჩავყოთ წყალში ხელი–მეთქი, შევთავაზე და ასეც მოვიქეცით ოო–ო! ეს რა მართლა ყინულივით ცივი ყოფილა! თქვა და ხალათი ღიმილით ჩაიცვა. იმ დღეს ეს იყო ბედნიერი გასეირნება მის საყვარელ და ზვარაკად შეწირულ სამშობლოში.

– მართალია ეკლესიების რესტავრაცია-აღდგენით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას, სამშობლოსა და მერაბის სიყვარულით ბოლომდე გვერდით ვედექი მერაბის გარდაცვალების შემდგომ, ოჯახით ჩემს სოფელში გადავსახლდი და კეითლშობილი სენაკელების თანადგომით ეკლესიების აღდგენით მთლიანად დავკავდი. საბოლოოდ აღვადგინე და სამოქმედოდ ჩავაბარე ჭყონდიდის ეპარქიის ძველი სენაკის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, გარკვეული წვლილი შევიტანე ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა ეკლესიის აღდგენაში, მერმე ბატონმა სოსო კარტოზიამ, ბოლომდე დააგვირგვინა და სამოქმედო მდგომარეობაში ჩააყენა ეკლესია.

ყოველთვის იდუმალების საგანგაშო ფიქრებში ვიყავი, მერაბის მზერა მისი ხედვის მთავარი არსი იყო არა ამქვეყნიური, არამედ ხედვა, და ფიქრი ძალიან შორეულთან, რომელსაც ახლდა ძლიერ მამაკაცური სევდა. აქედან გამომდინარე, წამებულ წმინდანთა დარად მხიარულ განწყობილებას მის პიროვნებაში ვერ შენიშნავდით. მერაბი მუდამჟამს უხილავ რომანტიულ, დრამანარევ სევდას გზავნიდა ჩემში.

ძველქართული, ლეგენდარული გმირების დარი XX საუკუნის უნიკალური ადამიანის პიროვნებაში ეროვნული მტკიცე ხასიათით, ნიჭით, რაინდობით, სიკეთით, შეუდრეკელი გამბედაობით – ეროვნული მიზანსწრაფვით გამოკვეთილ – ოქროს მასალით გამოქანდაკებულ ლეგენდა კაცად დაიარებოდა იგი. ხოლო ეშმაკის ლანდს, რომელიც მის გვერდით დაძრწოდა, ჩვენდასამწუხაროდ ვერავინ ვამჩნევდით–თურმე!

– მიკვირდა და გამოუცნობი იყო ჩემთვის, სხვადასხვა დედ-მამის შვილები ზვიადი და მერები, აგრე ტყუპებივით როგორ გვანდნენ ერთმანეთს, რომელთაც ერთი ნამცეცი ლაქაც არ გააჩნდათ. ნაღდი ქართული უნაკლო გენი – სისხლი და ზნეობრივი ჭეშმარიტება ვერ აიტანა ბევრმა ქართველმა და უცხოელმა სატანისტებმა და თავიდან მოიშორეს. ყველაზე ჯანსაღი ფესვები ამოგლიჯეს ეროვნული წიაღიდან. ზვიადს და მერაბს რა არ დასწამეს გახელებული გონების ადამიანებმა, მაგრამ ფესვები აღდგენითი თვისებისაა და საბოლოოდ ვერასოდეს ამოთხრიან ვერაგი მტრები…

მინდა ჩემეული გააზრებით დავამთავრო ეს მოგონებათა წერილი. მხოლოდ და მხოლოდ ქართული, ყოველი უძვირფასესი თვისება – ხასიათი და ბრძოლის ფორმა, მოუღლელი სული და საოცარი საფშვინველი, მერაბ კოსტავაშია ჩაწნული: ამიტომ საქართველოსთან ერთად მარად უკვდავია გოლიათი შავლეგო გმირი მერაბ კოსტავა…

რეზო (ემელიანე) ადამია

მხატვარპროზაიკოსი

2012 . 16 მაისითბილისი

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”  N32

***

„ქართველები მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით“

26.05.2012
[ნინო მიქიაშვილი]
საქართველოს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას 26 მაისს დაბადებიდან 73 წელი შეუსრულდებოდა. presage.tv გთავაზობთ მერაბ კოსტავას შთამბეჭდავ გამოსვლას 1988 წლის 26 ნოემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართული შეხვედრიდან, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. მერაბ კოსტავას გამოსვლის ტექსტი რეჟისორ გოგა ხაინდრავას ვიდეოარქივიდან გადმოვწერეთ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს (დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით) ვუპირისპირებდით მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მრავალათასიან მანიფესტაციებსა და მიტინგებს, რის პარალელურადაც სხვადასხვა დარბაზებში სტუდენტების მოთხოვნით შეკრებები იმართებოდა.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მერაბ კოსტავას ზემოხსენებული გამოსვლა სწორედ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. თსუ-ს სააქტო დარბაზში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. დღევანდელი სტუდენტების უმეტესობისგან განსხვავებით, მაშინ იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ემუქრებოდა, პირველად სწორედ სტუდენტები აპროტესტებდნენ.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ქართველ დეპუტატებს კრემლში, საკავშირო სესიაზე 1988 წლის 29 ნოემბერს უნდა წარედგინათ საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის პოზიცია, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ცვლილებათა პროექტი ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა, რასაც რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, 1988 წლის 22 ნოემბერს იმჟამინდელი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით შიმშილობის დაწყება და მრავალათასიანი მიტინგები, მანიფესტაციები მოჰყვა.

ცვლილებების გამოქვეყნებამდე საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ თითოეული რესპუბლიკა თავისი ნებით შევიდა საბჭოთა კავშირში და ასევე თავისივე ნებით შეეძლო დაეტოვებინა ეს კავშირი. პრესაში გამოქვეყნებული პროექტით კი, საბჭოთა რესპუბლიკებს ეკრძალებოდათ საბჭოთა კავშირის თავისი ნებით დატოვების უფლება.

შიმშილობის აქცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1988 წლის 22 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბერს მოშიმშილეების რიცხვმა 500-ს მიაღწია. 26 ნოემბერს, გვიან ღამით თსუ-ს სააქტო დარბაზში სტუდენტების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მწერლებთან, პოეტებთან, რეჟისორებთან, ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებთან ერთად იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა:

„… მე მინდა ჩემი სახელით, ჩვენი ეკლესიის სახელით, ჩვენი მორწმუნეების სახელით ვთხოვო ჩვენს დეპუტატებს, რომ აი, ის სულისკვეთება, რაც არის ჩვენს ერში, ღირსეულად წარადგინონ მოსკოვში. ღმერთმა დაგლოცოთ. მე იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს. ჩვენთან არს ღმერთი“.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას მიერ თსუ-ს დარბაზში 1988 წლის 26 ნოემბერს წარმოთქმული სიტყვიდან დღევანდელობასთან ბევრ საერთოს იპოვით, თუ იგულისხმებთ: 14 წლის წინანდელი კონსტიტუციის ნაცვლად – დღევანდელ კონსტიტუციას, იმჟამინდელი ოპოზიციის ნაცვლად – დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, მაშინდელი დეპუტატების ნაცვლად – დღევანდელ დეპუტატებს, მაშინდელი საინფორმაციო საშუალებების ნაცვლად – დღევანდელ მედიასაშუალებებს.

მერაბ კოსტავა: „მეგობრებო, მე ვიცი დღეს ყველა თქვენგანის გულის ნადები და ის შინაგანი წყენა, რომელიც კანონპროექტმა მოგაყენათ, დამატებებისა და შესწორებების შესახებ. ვიცი აგრეთვე მთელი ქართველი ერის კონსოლიდაციის მიზეზი, რაც 250 000- კაციანი დემონსტრაციისა და მიტინგის დროს გამოვლინდა, როცა ტრიბუნაზე დადგნენ სხვადასხვა არაფორმალური თუ ფორმალური ორგანიზაციის წარმომადგენლები (თუმცა მათ ხშირად კამათი ჰქონიათ, მაგრამ იქ კი ერთად იდგნენ).

საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით, მაგრამ რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როცა აღორძნებაზეა საქმე მიმდგარი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით.

ორი ტექსტი დამზადდა მოსკოვში წარსადგენად. პირველი ტექსტი ნამდვილად არ იყო ღირსეული. რასაკვირველია, იგი მოითხოვდა იმ პუნქტების შეცვლას, რომელიც ქართველ ერს სამუდამოდ აკაბალებდა, არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ყოველხმრივ, მაგრამ ამასთან იგი იქვე სთხოვდა ამ შესწორების ავტორებს – მოსკოვის ხელისუფლებას, რომ მათ სასწრაფოდ შეიმუშაონ მეორე, ახალი კონსტიტუცია, როდესაც მათ არავითარი გარანტია არ გააჩნიათ იმისა, როგორი იქნება ეს კონსტიტუცია. შეიძლება ის გაცილებით უარესიც იყოს.

მეგობრებო, გვინდა თუ არა ჩვენ თავისუფლება? მე გეკითხებით – გვჭირდება თუ არა თავისუფლება?! ამისათვის საჭიროა ნებისმიერი ჩვენი მოქმედება იყოს ღირსეული და ამავე დროს გონიერი. უღირსებს ღვთის მიერ გონება ყოველთვის წართმეული აქვთ.

მეგობრებო, აქ ჩვენ ვხედავთ დეპუტატებს, რომლებიც მოსკოვში უნდა წავიდნენ და ქართველი ერის ღირსება უნდა მიიტანონ, მაგრამ საით უნდა ჰქონდეთ მზერა მიმართული – ხალხისკენ თუ ოფიციოზისკენ?! რა თქმა უნდა, მათ მზერა უნდა ჰქონდეთ მიმართული ერის ხმისაკენ, რომელმაც დაიქუხა წინა მიტინგზე, მთავრობის სასახლის წინ!

ამ დროს მეგობრებო, საბჭოთა ქართული პრესა ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვითაც არ აღნიშნავს არსებულ მდგომარეობას, ერთი სიტყვაც კი არ თქმულა მოშიმშილეებზე. პირიქით მეგობრებო, პირიქით – იქ ყალბ ინფორმაციასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც დაწერეს, რომ თითქოს, დემონსტრანტები კმაყოფილნი არიან ქართული კომპარტიისა და დემონსტრაციაზე ასეთი ლოზუნგიც წარმოდგენილი იყო.

მეგობრებო, ასეთი ლოზუნგი მართლაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს ლოზუნგი მოიტანეს არა დემონსტრანტებმა, არამედ სპეციალურად წარმოვლენილმა პირებმა, პროვოკატორებმა და იქ რაც ეწერა, ეს არ გახლდათ დემონსტრანტების აზრი.

მეგობრებო, დღეს ჩვენ მოვუწოდეთ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორს და მის თანამშორმლებს, რომ დღესვე გააკეთონ ის, რაც ჭეშმარიტ ჟურნალისტებს უნდა გაეკეთებინათ და დღესვე წავიდნენ იქ და აღწერონ ყველაფერი – ფაქტებით პირუთვნელად და ობიექტურად. უმაღლესმა საბჭომ ქართველი ხალხის სურვილი არ მიიღო მთლიანად, ნაწილობრივ მიიღო.

მეგობრებო, როდემდე უნდა გავუფრხილდეთ ჩვენ ჩვენს ადგილებს, ჩვენს თანამდებობებს, როდემდე არ უნდა შევასრულოთ ხალხის ნება-სურვილი ბოლომდე, რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს დეპუტატებს თხოვნა, ხვეწნა და მუდარა, მოდით და დაიცავით ქართველი ერის ღირსება?!

იწყება ახალი ეტაპი ერების ურთიერთობაში – იმ ერების, რომლებიც დღეს შედიან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დღეს ეს არის ფედერაცია. აუცილებელია ეს კავშირი ავიდეს ახალ ხარისხში. ეს კავშირი, რომ ავიდეს ახალ ხარისხში, ამიტომ აუცილებელია ეროვნული კონსტიტუციები მანამ, სანამ შეიქმნებოდეს საერთო კონსტიტუცია. მე ვიტყოდი კიდევ მეტს – საერთო კონსტიტუცია საერთოდ არ არის საჭირო. საჭირო არის რაღაც ხელშეკრულება, ამ კონსტიტუციის გარეშე.

ის ცვლილებები, რომლის შეტანა განიზრახეს, არის ხელწერა და ხელი იმ პირსისხლიანი ჯალათისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ტყვია ესროლა. ეს არის ხელი იმ სისხლიანი ჯალათის და მედილეგისა, რომელმაც 26 მაისის სიხარული და ზეიმი საქართველოს 25 თებერვლის ძაძებად და გლოვად შეუცვალა. მეგობრებო, ეს არის ის ხელი, რომელმაც ქართული მიწები დაარიგა, ნახევარ საქართველოზე მეტი მიწები დაარიგა, დაურიგა მეზობლებს!

ეს არის ის ხელი, რომელმაც მოაწყო სისხლიანი 24 და 37. მეგობრებო, ეს არის ის ხელი, რომელიც დღეს გაჰყვირის და ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ სტალინური ტერორი და სტალინს უნდა შეახოცოს მთელი ის უბედურება და ბოროტმოქმედება, რაც ამ 70 წლის მანძილზე ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, როგორც სტალინური ტერორი, ასევე ლენინური ტერორი.

ახლა საბედნიეროდ ხდება საწინააღმდეგო მსვლელობა, იმისგან განსხვავებით, რაც ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში. თუმცა, 32 წლის შეთქმულების და იმ დიდი უბედურებების შემდეგ, როცა დიდი ხანი აღარ გაისმოდა ხმა მღაღადებელიც კი უდაბნოსა შინა, ილია ჭავჭავაძემ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და აიყოლია რა მთელი საქართველო, მათი მეშვეობით მან შეძლო ნაწილობრივი კულტურული ავტონომიის მიღწევა.

კრემლის იდეოლოგია თანდათანობით, ყოველდღიურად კრახს განიცდის. შეიძლება ჩვენ ცოცხლებიც არ დავრჩეთ, მაგრამ მივაღწევთ, ნამდვილად მივაღწევთ ოპოზიციის აღიარებას, მივაღწევთ მრავალპარტიულობას, პლურალიზმს, მივაღწევთ ჭეშმარიტ დემოკრატიზაციას. მე მოვუწოდებ საქართველოს დელეგატებს, მოსკოვში წარვლენილს – შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება, მოითხოვონ საქართველოს კონსტიტუცია და ამგვარი პასუხით გაემგზავრონ მოსკოვში“.

http://www.presage.tv/?m=society&AID=12805

***

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავას საფლავთან

დატოვე კომენტარი