Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კვირიკაშვილი – დაპირისპირება

 ♥ სამაჩაბლო – Samachablo

ვასილ კვირიკაშვილი

ექსპერტთა კლუბი 

დაპირისპირება

ნაწილი – I

 

წერილობით წყაროებში, სამეცნიერო შრომებში, პუბლიცისტურ თუ მხატვრულ ლიტერატურაში მეტნაკლები ღირებულების ცნობებია აღბეჭდილი ოსებისა და ოსეთის შესახებ. ამ ცნობების დიდი ნაწილი გვაუწყებს ქართველი ხალხისადმი ოსთა უდიერ დამოკიდებულებას, რაც უმთავრეს შემთხვევაში დაუნდობლობითა და მტრული ქმედებით აღინიშნებოდა. ამაზე მეტყველებენ ვახუშტი ბაგრატიონის, გერმანელი მეცნიერის, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსის ი.გიულდენშტედტის, ალექსანდრე ყაზბეგის, სოფრომ მგალობლიშვილის, კოსტა ხეთაგუროვის და სხვათა დაკვირვებები, ეთნოგრაფიული თუ ფოლკლორული მასალები.

შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყველა თხზულებაში ალ.ყაზბეგი ოსებს უარყოფითად ახასიათებს და მათი ქმედების ჩვენებით იმ ვითარებას გვაცნობს, რაც “ლეკიანობის” ანალოგიური “ოსიანობით” იყო ცნობილი და ეს მოვლენა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას წარმოადგენდა მოსახლეობის ძარცვა-გლეჯით, ადამიანების დატყვევებით, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დაუნდობელი მკვლელობით.

ქურდობის, ავაზაკობისა და კაცისკვლის “ტრადიციები” ერთ-ერთი ყველაზე უფრო ექსპრესიული ფორმით ოსთა ეთნოგრაფიულ წარსულში არის წარმოდგენილი და მათთან კულტურის დონემდე აყვანილ ზოგადეროვნულ მოვლენად გვაცნობს თავს. ამასთან თვალნათლივ მოწმობს ოსეთში ერთი მხრივ, ქურდების და ყაჩაღების, ხოლო მეორე მხრივ, მკვლელების მფარველი ღვთაებების(!!!) არსებობის ფაქტები. მთელ ოსეთში ფართოდ არის ცნობილი ალაგირის თემის სოფელ ბიზში მდებარე შავი მხედრის ჯვარის (ოს. Дзуар Саубараг) – ქურდების, ყველა ჯურის ღამის თავგადასავალთა მაძიებლისა და მოძალადის მფარველი ღვთაებების სახელი, რომელმაც ერთ-ერთი უპოპულარესი სასოფლო სალოცავის რანგში XX საუკუნის დასაწყისამდე შემოინახა თავი.

საუბარაგს თავისებურად “გვერდს უმშვენებს” და ერთგვარად ჩრდილავს კიდეც ოსეთის სოფელ პანაიგანში XIX საუკუნის მიწურულისათვის ფიქსირებული ფარინჯი ძუარი – ყოველთა მკვლელთა მფარველი ჯვარ-სალოცავი.

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესაბამისად ოსებთან ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისა იყო. ქვეყნის თავ-დაცვისუნარიანობის მიზნით ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოსთა ლაშქრის დაქირავებას, რაც თავისთავად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა, ხოლო მეორე მხრივ მათი ორგანიზებული შემოსევების შემთხვევებს, რაც იწვევდა ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგებას, მატერიალური კულტურის ძეგლების ნგრევას, მოსახლეობის აკლებას და დატყვევებას. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, აღნიშნული ორმხრივი ურთიერთობა დამახასიათებელი იყო ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა ჩამოსახლებამდე. ამის შემდეგ კი ვითარება აშკარად შეიცვალა, როდესაც სა-ქართველოში დასახლებულ ოსთა ბრძოლამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მძაფრი ხასიათი მიიღო თვით ჩვენი ქვეყნის შიგნით. მათი ეს ბრძოლა სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა. ისინი ერთ შემთხვევაში შეიარაღებულ რაზმებს ქმნიდნენ და დამარბეველ ლაშქრობებს ორგანიზებულად აწყობდნენ. მეორე შემთხვევაში კი ქვე-ყანას აოხრებდნენ მცირერიცხოვანი ბანდები ან ინდივიდუალურად მოქმედი ყაჩაღები.

დიგორელი ოსები ტერიტორიული სიახლოვის გამო ძარცვის მიზნით, ხშირად ესხმოდნენ თავს რაჭის სოფლებს. ზოგჯერ წარმატებას აღწევდნენ, ხშირად კი დამარცხებული ბრუნდებოდნენ “სამშობლოში”.

1746 წელს ქსნის საერისთავოს მცხოვრები ოსები ზემო ქართლს შეესიენ. ერეკლე მეორე იძულებული გახდა ლეკები დაექირავებინა. ლეკებს სათავეში ჩაუდგნენ მაჩაბელი და იესე ამილახვრის ძე. ქართველთა და ლეკთა გაერთიანებულმა რაზმმა დაამარცხა ოსები.

წყარო არაფერს გვეუბნება რა მიზეზით უკუდგნენ საერისთავოში მცხოვრები ოსები, მაგრამ მათ რომ კავკასიაში მცხოვრები ოსები აქეზებდნენ ეს კარგად ჩანს. ქსნისა და არაგვის საერისთავოში მცხოვრებ ოსთა დამშვიდება მაინც არ მოხდა. პერიოდულ თავდასხმებს ახორციელებდნენ ქართველ მოსახლეობაზე და ძარცვავდნენ. ერისთავს ბეგარის გადახდა შეუწყვიტეს და არც მოხელეებს უშვებდნენ ოსებით დასახლებულ სოფლებში.

გაერთიანებული ქართლ-კახეთის ჯარით მეფეებმა თეიმურაზმა და ერეკლემ ორი მხრიდან შეუტიეს. თეიმურაზმა ვანათის მხრიდან მიიტანა იერიში. ერეკლემ ანანურის მხრიდან განახორციელა საბრძოლო ოპერაცია. 40 გამაგრებული ციხე აიღეს. მრავალი ოსი დაატყვევეს.

როგორც ჩანს ოსთა ანტიქართული გამოსვლა საკმაოდ ორგანიზებული ყოფილა. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა ქსნისა და არაგვის საერისთავოებში მცხოვრებ ოსებს ასეთი აგრესია წამოეწყოთ. მათ მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ოსებიც. არაგვის საერისთავოს ოსების დამარცხების ამბავი რომ შეიტყვეს, ქსნის ოსები მაშინვე ვანათს მოვიდნენ და მეფე თეიმურაზს პატიება სთხოვეს. ამავე დროს სრული ბეგარა გადაიხადეს. ბეგარის აღების შემდგომ ქსნის საერისთავოზე ლაშქრობა აღარ მოუწყვიათ. თუმცა ოსები როდის გამოაცხადებდნენ კვლავ დაუმორჩილებლობას, არავინ იცოდა.

ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქსნის საერისთავოს ოსთა გამოსვლებში ქართლის ხელისუფლებისადმი შანშე ერისთავის ხელიც ერია.

XVIII საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში მყოფი გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ ძველი ქვიტკირის ეკლესია, რომლის მახ-ლობლად თავად მაჩაბელს მოგზაურის მოსვლამდე 40 წლით ადრე საზაფხულო სახლი ჰქონოდა, იმ მომენტისათვის “მხოლოდ დამნაშავე ოსებს ემსახურებოდა თავ-შესაფრად”.

 

ქართველი ხალხის წინააღმდეგ განწყობილი ოსების ერთ-ერთ სამოსახლო მხარეს წარმოადგენდა ქართლის ორივე არაგვის სათავეები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ისინი განსახლებული იყვნენ როგორც პირაქეთა არაგვის (მთიულეთის არაგვის) სათავეში – ღუდის ხევში, ისე პირიქითა არაგვის (თერგის) ზემო მხარეში – თრუსოში. ორივე არაგვის ოსები კვლავ გაერთიანდნენ და განიზრახეს ქართული მოსახლეობის აკლება. ეს საშიშროება დროულად იქნა შეფასებული საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ და მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილების მიზნით ერეკლე მეორის წინამძღოლობით და ჯიმშერ თუშთ მოურავის თანასარ-დლობით ოსთა ბოროტი განზრახვა სრული კრახით დამთავრდა. ქართველი მემატიანის პაპუნა ორბელიანის მონათხრობიდან ნათლად ჩანს, რომ ოსები უმოწყალოდ ხოცავდნენ ერისთავებს. რისი კონკრეტული მაგალითიც არის ბეჟან არაგვის ერისთავის მკვლელობა.

ქართველთა გამარჯვება დაგვირგვინდა დამნაშავეთა უსასტიკესი დასჯით, რაც დამაფიქრებელი აღმოჩნდა ქსნის საერისთავოში მოსახლე ოსთათვისაც, რომელთაც ამ საომარ ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ფაქტია არაგვის ოსთადმი მათი თანადგომა, რაც ხელსაყრელ მომენტში ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსალოდნელ მონაწილეობას არ გამორიცხავდა. ამას ადასტურებს მეფე თეიმურაზის წინაშე მათი მლიქვნელური სინანული. ისინი იმიტომ შემოეხვეწნენ მეფეს და დაიკისრეს სრული ბეგარა, რომ სამეფო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი სასჯელი აეცილებინათ თავიდან. საკითხავია, ქსნის საერისთავოს ოსები რისთვის უნდა მოლაქუცებოდნენ მეფეს და რატომ უნდა აღეთქვათ “სრული ბეგარა”, თუკი ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლ ოსებს არ თანაუგრძნობდნენ?

ოსების მოთარეშე ბანდებს ეკავათ საქართველოში შემავალი ვიწრო გასასვლელები, სახელდობრ დარიალის ხეობა. ვინაიდან ისინი ამ ხეობის ქვემოთ, თაგაურის ხეობაში ცხოვრობდნენ და დარიალის ხეობაში საყაჩაღოდ მოკალათებისათვის ხელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. ოსებს საამისოდ სასარგებლო მდგომარეობას უქმნიდა აგრეთვე ის გარემოება, რომ მათ საცხოვრებელ ზონაში ხიდების გაკეთება, რომლის გარეშე შეუძლებელი იყო მგზავრთა გადაადგილება, მხოლოდ თაგაურელ ოსებს შეეძლოთ. ეს კი შემკვეთ მხარესა და ოსებს შორის გარიგებით ხდებოდა, რაც ზოგჯერ რთულდებოდა ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში.

ამავე დროს ერეკლემ საკუთარი სამართლებრივი უფლების გამოყენებით უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა ოსთა ჯგუფურ ყაჩაღურ ქმედებას, როგორც ოსიანობის ფართომასშტაბიან გამოვლინებას. მეფემ შესანიშნავად იცოდა, რომ ოსებთან ურთიერთობა ერთობ რთულ მდგომარეობაში აყენებდა ქვეყანას და მათი დამნაშავეობა ხშირად სასამართლოს განხილვის საგანი ხდებოდა. მან განჩინებით განსაზღვრა ის ვალდებულებანი, რაც უნდა აღსრულებულიყო მხარეთა სამართლის მიხედვით და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. განჩინებით გათვალისწინებული სასჯელი ეხებოდა დაბალ სოციალურ ფენას. რაც შეეხება სოციალურ ზედაფენას, რაკი იმათი “სისხლი ძველთაგანვე გაჩენილი არის”, მის შეცვლაზე მეფეს აღარ უფიქრია.

განჩინებაში ისიც აღინიშნა, რომ სისხლი არ გაიღებოდა საქართველოში ქურდობის დროს მომკვდარ ოსს და არც ოსების მხარეში ქურდობის დროს მომკვდარ ქართველს. ე.ი. ქურდობა ერთნაირ დანაშაულადაა კვალიფიცირებული, სულ ერთია, ქურდი ოსი იქნებოდა თუ ქართველი. ამის შესაბამისად, სისხლის გაუცემლობაც ორივე მხარეს ერთნაირად ეხებოდა.

ოსური სეპარატიზმი რუსეთის იმპერიის ხანაშიც, ავთვისებიან სიმსივნესავით ღრღნიდა ქართულ ეროვნულ ორგანიზმს, რაც სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა. ამგვარი ბრძოლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა სამოსახლო სივრცის გაფართოება, ე.ი. კოლონიზაცია, და თანაც უხეში მეთოდებით: მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის აკლებით, დაუნდობელი მკვლელობით, ადამიანთა დატყვევებით თუ ქურდობა-ავაზაკობით.

ცნობილია, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლებიც კი მრავალგზის მიუთითებდნენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე. ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად ისინი გადაუდებელ ზომად თვლიდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმასოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მაცხოვრებთ უნდა მიეცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქარ-თველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ – ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა და ძარცვის დროს.

როგორც ჩანს, ისე ხშირად იყო ოსების მხრიდან გორის მაზრაში მკვლელობები, ძარცვა და ადამიანთა ტყვედ წაყვანა, რომ გენერალი ახვერდოვი გენერალ ტორმასოვისადმი გაგზავნილ პატაკში საჭიროდ თვლის ოსებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ სავაჭროდ ჩასვლა ქართულ სოფლებში და განსაკუთრებით ქართულ სოფელ ცხინვალში, მიეცეთ სპეციალური ბილეთი რევაზ მაჩაბლისა და ერისთავისაგან…

 

 ნაწილი – II

 

XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში ტყით სარგებლობის პრაქტიკა გარკვეულ საბაბს ქმნიდა ქართველთა და ოსთა დაპირისპირებისათვის. მაგალითად, სოფელ ავლევში მცხოვრებ ოსებს, რომლებიც ხიზნის უფლებებით იყვნენ აღჭურვილი, შეეძლოთ უფასოთ ესარგებლათ ტყით. აბორიგენი, ქართველი გლეხები კი ამ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ტყის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო თანხის გამონახვის მიზნით, სოფლის აღმასკომმა 1917 წლის ზაფხულში დაადგინა, რომ ტყით სარგებლობისათვის (მაგალითად, შეშის გამოტანისათვის) თითოეულ ქართულ კომლს 5 მანეთი უნდა გადაეხადა, ოსებს კი როგორც ხიზნებს, გადასახადი არ დააკისრეს. და ეს მაშინ, როცა თვით მიწათმფლობელებსაც აღარ ჰქონდათ უპირატესობა ტყის სარგებლობაში. ქართველთა პროტესტმა ნაყოფი ვერ გამოიღო, რადგან სოფლის აღმასკომში უმრავლესობას ოსები შეადგენდნენ.

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ფრონტიდან ჯარისკაცების დაბრუნების შემდეგ (1918 წლის იანვრიდან). მათ შექმნეს ძირითადად ოსებით დაკომპლექ-ტებული 300 კაციანი შეიარაღებული რაზმი და “წესრიგის დამყარების” საბაბით დაიწყეს მემამულეთა ოჯახებზე, საერთოდ, ქართველებზე თავდასხმები ძარცვის მიზნით. ამ ფაქტს აღიარებს “სამხრეთ ოსეთის” ეროვნული საბჭოს პირველი სესიაც, რომელიც 1918 წლის 3-4 მარტს გაიმართა.

 

შემაძრწუნებელია ის სადიზმი, რასაც იჩენდნენ ქართველებისადმი. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი შალვა ამირეჯიბი განვითარებულ მოვლენებს თავის სახელს არქმევს და გაზეთ “საქართველოში” ბეჭდავს წერილს – “ცხინვალის ფრონტი”, რომელშიც წერს: “ცხინვალი, შესაძლოა, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ნამდვილი ომი, ყველანაირ იარაღის საშუალებით და ჩვენ ცნობები გვაქვს, რომ ოსების ბრძოლა მასიურ ხასიათს მიიღებს…”. პუბლიცისტის აზრით “ჩვენი ხელმძღვანელი წრეები ჯერ კიდევ ანგარიშს არ უწევენ იმ ფაქტორებს, რომ რევოლუციის შემდეგ, როგორც მთელს იმპერიაში, ისე კავკასიაშიც ძალთა თანაფარდობა შეიცვალა…” და რომ “ისინი წინა პლანზე სოციალური რეფორმების საკითხს აყენებდნენ მაშინ, როცა კავკასიის დანარჩენი ერები ნაციონალურ პოლიტიკას აწარმოებდნენ…”; რომ ამ მომენტის გამოყენებას საქართველოში ხიზნად მოსული ოსებიც ცდილობდნენ… წაგლეჯის პოლიტიკა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოხიზნულმა ოსებმა მოურიდებლად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია – საქართველოს მაღლობი – ოსეთიაო! ამ ანარქიის და ნგრევის დროს, რომელიც დღეს ჩვენში მეფობს, ისეთი პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც ოსობაა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორციელებელ ოცნებებით იკვებებოდნენ. და მათ “პატრიოტულ” თავში საქართველოს გულში დამოუკიდებელი და ავტონომიური ოსეთის შექმნის იდეა აღმოცენდა…”.

 

ამის შემდეგ შ.ამირეჯიბი ასეთ კითხვას სვამს – არის ეს პოლიტიკური იდეა, ან ნაციონალური მისწრაფება? და თვითონვე პასუხობს: ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. თვით ჩვენს დროშიც, ეს იდეა ავაზაკურ იდეათ დარჩება. რადგან საქართველოში უფრო ქართული ადგილი არ მოიპოვება, ვიდრე ის, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი… ჩვენ მრავალი პოლიტიკური ფანტაზია გვსმენია, მაგრამ ოსეთის სახელმწიფო საქართველოში – არა! შესაძლებელია პატარა და უკულტურო ერს ადვილად მოეჩვენა ამ ტვირთის ზიდვა და ავანტურაში ჩაება. თუ არაფერი გამოვიდა და დავმარცხდით, ჩვენ დაგვსჯიან როგორც უბრალო დამნაშავეთ, თუ გამოვიდა – გაუმარჯოს თავისუფალ ოსეთს!… ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისათვის და საჭიროა არა მარტო მისი სახელმწიფო დონეზე ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ იგი არ განმეორდეს”-ო, – დაასკვნიდა პუბლიცისტი.

ოსების მიერ ქართველების ხოცვა-ჟლეტის ერთ ფრაგმენტს ასე აღწერს თვითმხილველი ვინმე დილი გაზეთ “ალიონის” 1918 წლის 5 აპრილის ნომერში: “…შტაბში გავიგე ვერაგულად მოკლული მ.მაჩაბელი, ს.კეცხოველი და სხვა გვარდიელები ჩამოასვენესო… სანახავად წავედი. როცა მეუბნებოდნენ თუ რანაირად იყვნენ ისინი დასახიჩრებულნი არ მჯეროდა, მეგონა ძალიან გადამეტებულია მეთქი… საშინელი, გულშემზარავი სურათი იყო… გ.მაჩაბელი ტყვიებით დაცხრი-ლული იყო მუხლებში, მერე ხანჯლით დაჩხვლეტილი მთელ ტანზე, საფეთქლის ზევით ხანჯლის წვერით თავის ქალა თითქმის აგლეჯილი…. აუხსნელია ჩემთვის ადამიანი ასეთ გამხეცებამდის როგორ მივა. ს.კეცხოველს მარჯვენა მხრიდან მუცელში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რამაც მას სიცოცხლე მოუსპო ალბათ, შემდეგ ველურებს თავი მოეჭრათ, მაგრამ კისერში კი არა, მკერდიდან ქონდა აკეპილი, თავის ქალა დამსხვრეული. სახეზე წვერების მეტი აღარაფერი სჩანდა. ამბობდნენ მოკვლის შემდეგ სხეული ქუჩაზე ეგდო და ზედ ფაიტონები დადიოდნენო…”.

 

ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებულ ველურობისა და სადიზმის ამ ფაქტებს საბჭოთა ისტორიოგრაფია გვერდს უვლიდა. ამის გაგება შეიძლება. ავი მეხსიერება ორი ხალხის ერთობლივ ცხოვრებას ნამდვილად არ წაადგებოდა. მაგრამ საკითხისადმი ასეთ მიდგომას, როდესაც ისტორია პოლიტიკურ დანამატად იქცევა, მეორე მხარეც აქვს: ოსებისათვის უცნობი რჩებოდა სიმართლე შიდა ქართლში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამ ფაქტების გამომზეურება დაგვეხმარება ქართველთა მხრივ მოგვიანებით (1920 წელს) ჩადენილი საპასუხო სისასტიკის (ოსური სოფლების გადაწვის) ახსნასა და შეფასებაში.

კომუნისტური პროპაგანდის ფლაგმანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების განწყობას, რომელიც, საბჭოთა რუსეთის წაქეზებით დაუპირისპირდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას. გაზეთი “პრავდა” წერდა: “მაისის ბოლოს ჯავაში (თბილისის გუბერნია) შედგა ოსი ხალხის ყრილობა – ძირითადად სამხრეთ ოსეთის. იქ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი არავინ დაუჭირა… მართალია, რეზოლუცია არ მიუღიათ, მაგრამ აღინიშნა, რომ გერმანია-თურქეთის ორიენტაცია ხალხს არ უნდა”.

გაზეთი “იზვესტია” 1918 წლის 5 ივლისის სტატიაში – “კავკასიაში მენშევიკების მოღვაწეობის ისტორიიდან” – წერდა: “განსაკუთრებით აუტანელი ვითარებაა გორის მაზრაში. აქ მენშევიკების კომისიები მემამულეთა ინტერესებს გამოხატავენ, რამაც გლეხთა აჯანყება გამოიწვია. ის გაიშალა 18 ვერსზე. გლეხობამ მოითხოვა მენშევიკური კომიტეტის გადაცემა. უარი რომ მიიღო, ბრძოლით აიღო ქ.ცხინვალი. მენშევიკების ხელმძღვანელები: მაჩაბელი, კეცხოველი და კიზიევი მოკლეს. თბილისიდან გამოგზავნილმა შეიარაღებულმა რაზმებმა გადაწვეს ბევრი სოფელი. აჯანყებულები იძულებული გახდნენ მთაში გახიზნულიყვნენ. დაახლოებით 150 ქალი და ბავშვია მოკლული”.

 

რუსული პრესის ეს ინფორმაცია სრულიად არ გამოხატავს რეალურად არსებულ მდგომარეობას და ცალმხრივად ადანაშაულებს ქართველებს ოსი მოსახლეობის მიმართ ბარბაროსულ ქმედებაში. ამ მოვლენებს ქართული გაზეთები სრულიად საწინააღმდეგო შეფასებებს აძლევენ: “ოსები თავს დაესხნენ ცხინვალს… და კეცხოველი დიდი წამებით მოკლეს… მათ გარდა მოჰკლეს: ლიაშვილი, კაპანაძის ქალი, კოზიაშვილი და სხვა. ოსებს ძალა ემატებათ… იტყვიან – ქართველები უნდა განვდევნოთ და ჩვენები უნდა დასახლდნენ მათს ადგილებშიო… ცხინვალზე მოსული ოსობა რამდენიმე ათასია, აქვთ კავშირი ჩრ. კავკასიასთან… ოსების თარეშს ხელმძღვანელობს პროპორშიკი ხარებოვი… რომელმაც გორის მაზრის თავადაზნაურობა ამოჟლიტა”.

1918 წლის 31 მარტს “საქართველო” იტყობინებოდა: “ცხინვალიდან გუშინ დაბრუნდა რაზმი, რომელიც ოსთა აჯანყების ჩასაქრობად იყო გაგზავნილი… ჩვენ რაზმს მთების დაჭერის შემდეგ შესაძლებლობა ჰქონია ძირს შეფენილი სოფლების განადგურებისა, მაგრამ არცერთი სოფელი არ დაუზარალებიათ”; “ჯავაში იმყოფებოდნენ ბოლშევიკების მამა ფილიპე მახარაძე, გიორგი ჩხეიძე, სიხარულიძე და ტერ– აკოპოვი… მათ ქსელივით გააბეს ბოლშევიკური ორგანიზაციები მთელ მხარეში… ავრცელებდნენ ხმებს ვითომ მენშევიკებმა ყასიდათ (ვითომ თვალის ასახვევად–ავტ.) მოიწვიეს თათრები და ნემცები ბოლშევიკების წინააღმდეგ და გლეხებს არ მისცემენ არც მიწას და არც თავისუფლებას. მოუწოდებდნენ ოსებს, რომ არ ეღალატათ რუსეთისათვის და დარჩენილიყვნენ მასთან, მით უმეტეს, რომ თქვენი ძმები, ჩრდილო კავკასიის ოსები რუსეთში რჩებიანო. ოსებს ჰპირდებოდნენ – აუარებელ მიწებს ჩრდილოეთ კავკასიაში, პურს და სოციალისტურ წეს–წყობილებას”.

აი, ასეთი იყო ობიექტური რეალობა. როგორც აფხაზი, ისე ოსი სეპარატისტების ანტისამთავრობო, პრორუსული გამოსვლები და ექსცესები, რა თქმა უნდა, რომ ისინი ანტიქართული შინაარსის იყო და საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე, როგორც სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო ქართლსა და სხვა რეგიონებში ბოლშევიკების მიერ პროვოცირებული გლეხთა აჯანყებები. მათ დასაშოშმინებლად საჭირო ხდებოდა იარაღისა და ძალის გამოყენება. ასეთ მომენტში კი, ბუნებრივია, ადგილი ექნებოდა სამოქალაქო ომისათვის დამახასიათებელ ექსცესებს – სისხლის ღვრას, დარბევას, გადამეტებულ სიმკაცრეს, დაპატიმრებებს და სხვ.

ბოლშევიკების ინიციატივით 1919 წლის 23 ოქტომბერს ოსებმა ახალი აჯანყება დაიწყეს როკის რაიონში, რომელიც მალე გავრცელდა ატენის, მეჯვრისხევის, ოქონისა და სხვა რაიონებზე. დაკავებულ სოფლებში ოსები აცხადებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას და ქმნიდნენ გლეხთა დეპუტატების საბჭოებს. საქართველოს მთავრობამ ეს გამოსვლაც ჩაახშო. საბჭოური ისტორიოგრაფია საქმეს ისე წარმოადგენდა, რომ ოსების გამოსვლა თურმე პროგრესული იყო, რადგან საბჭოთა რეჟიმის დამყარებასა და ქართული მიწის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ხელისუფლების პასუხი კი რეაქციულ ნაბიჯს წარმოადგენდა, იმიტომ, რომ საქარ-თველოს მთავრობა სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) იყო…

იმავე წლის ნოემბერში აჯანყებულმა ოსებმა, რომელთაც შტაბის უფროსი ზნაურ აიდაროვი ხელმძღვანელობდა, დაიკავეს სოფელი ხცისი, გამოაცხადეს “საბჭოთა ხელისუფლება” და აირჩიეს გლეხთა დეპუტატების საბჭო ზნაურ აიდაროვის მეთაურობით. ბუნებრივია, რომ ეს იყო ინსპირირებული ბოლშევიკური რუსეთისაგან და რასაც რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი ხელმძღვანელობდა. საბჭოური ისტორიოგრაფია ოსების მიერ განხორციელებულ ამ აქტსაც პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული მიწის დაცვას “ბურჟუაზიულ-მენშევიკურ” გამოვლინებად.

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით, ქართულმა სამხედრო შენაერთებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე. პროფესორ გ.თოგოშვილს მიაჩნია, რომ ქართველი “მენშევიკები უარყოფდნენ ეროვნული თვითგამორკვევის უფლებას არაქართველთათვის და აშკარად იდგნენ ეროვნულ უმცირესობათა შევიწროვების შოვინისტურ პოზიციებზე”.

საინტერესოა, ვის ტერიტორიაზე ცდილობდნენ თვითგამორკვევას ოსები თუ სხვები? სწორედ ქართულ მიწაზე თვითგამორკვევის ბოლშევიკურმა პოლიტიკამ მოიტანა ჩვენი ერისათვის ამდენი უბედურება… 1920 წლის გაზაფხულზე ოსებმა წამოიწყეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი გამოსვლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) ს.გაგლოევის, ა.ჯატიევისა და ლ.სანაკოევის შემადგენლობით.

1920 წლის 6 მაისს სოფელ როქში გაიმართა სამხედრო-რევოლუციური საბჭოსა და ადგილობრივ პასუხისმგებელ მუშაკთა სხდომა, რომელმაც გადაწყვიტა დაემყარებინათ საბჭოთა ხელისუფლება, შეერთებოდნენ საბჭოთა რუსეთს და ეცნობებინათ ეს მოსკოვისა და საქართველოს მთავრობისათვის.

მართლაც, 1920 წლის 8 მაისს ოსებმა სოფელ როქში გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო “საბჭოთა ოსეთი” კი – რსფსრ შემადგენელ ნაწილად. აჯან-ყებულთა დასახმარებლად ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოვიდნენ ოსთა რაზმები. საქართველოს მთავრობამ აჯანყებული ოსების წინააღმდეგ დასძრა თავისი შეიარაღებული ძალები ვ.ჯუღელის მეთაურობით. პირველი შეჯახება ოსებსა და სამთავრობო ძალებს შორის მოხდა 1920 წლის 15 მაისს სოფელ კოშკთან. ამასთან დაკავშირებით ა.ჯატიევი სამხრეთ ოსეთის რევკომს აცნობებდა შემდეგს: “სოფელ კოშკის მახლობლად მენშევიკების სამი რაზმი დაესხა ჩვენს საგუშაგო პოსტს… საქართველოს მთავრობა ამით ხელყოფს რუსეთის ნაწილს(!). გთხოვთ აცნობოთ ეს ამბავი ხელისუფლებას, რომ დღეიდან ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ”. ეს ეცნობა აგრეთვე მათ მფარველსა და ხელის შემწყობს – საბჭოთა რუსეთის მთავრობას…

 

ნაწილი – III 

 

ცხინვალის რეგიონში ქართული არმიის შესვლას საბჭოთა რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ჩიჩერინი საპროტესტო ნოტით გამოეხმაურა: “… ჩვენ შეშფოთებით გავიგეთ, რომ სამხრეთ ოსეთში, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ასეთი ხელისუფლების მოსპობისათვის გაგზავნილია ქვეითი ჯარები. თუ ეს სწორია, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ გაიწვიოთ თქვენი ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ოსეთს ისეთი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, როგორიც სურს. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში იქნებოდა სრულიად გაუმართლებელი ჩარევა უცხო საქმეებში”. და ეს ხდება იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ოფიციალურად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მისი ტერიტორიული მთლიანობა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება აიღო.

მეტი ცინიზმი ალბათ წარმოუდგენელია! საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმავე წლის 20 მაისს გაეგზავნა ჩიჩერინს. საპასუხო ნოტაში ნათქვამი იყო: “საქართველოს მთავრობა უაღრესად შეცბუნებულია თქვენი ნოტის იმ ნაწილით, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს მთავრობის განზრახვაზე იარაღის ძალით ჩაახშოს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არამედ საქართველოს ფარგლებში არსებობენ ოსური სოფლები, რომლებიც მდებარეობენ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. ეს სოფლები შეადგენენ საქართველოს უდავო ტერიტორიას… რომ ეს ტერიტორია ხელშეკრულებით შედის საქართველოს საზღვრებში და იქ სხვა ხელისუფლება, გარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისა დაუშვებე-ლია”.

იმავდროულად, აჯანყება დიდი სისასტიკით იქნა ჩახშობილი. ოსური მოსახლეობის ნაწილი, უპირატესად ბოლშევიკური პარტიის წევრი და შეიარაღებული რაზმის მონაწილენი, ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნა. იმ პერიოდში ქართული საზოგადოებრივი აზრი იწონებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. გაზეთი “ერთობა” წერდა: “როგორ ველოლიავებოდით ჯავის მცხოვრებთ, მაგრამ ვერ მოვინადირეთ მათი გული. მუდამ ბურტყუნობდნენ, შფოთავდნენ, ამბოხს გვიწყობ-დნენ… ვეღარ გაუძლო საქართველოს ლაშქარმა განია-დაგებულ ღალატს და რისხვად დაატყდა, ქარტეხილად გადაიარა მათ საბინადროში”.

“ეს მეოთხეჯერაა, რაც ოსები მოღალატურად აუჯანყდნენ საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას, – წერდა 1920 წლის 26 ივნისს გაზეთი “სამუსლიმანო საქართველო” – მათი აჯანყება ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა საქართველოს უდიდესი გასაჭირი მიადგებოდა კარზე. აი, ასეთ გასაჭირის დროს ოსები საქარ-თველოს დემოკრატიას ყოველთვის ზურგში დანის ჩაცემას დაუპირებდნენ. როცა დენიკინი ფლობდა ჩრდილოეთ კავკასიას, ისინი დენიკინის ურდოებისაგან ლოცვა-კურთხევით შემოესეოდნენ ცხინვალს, როცა ბოლშევიკები ცვლიდნენ დენიკინს, მაშინ ბოლშევიკებთან ერთად მიჰყოფდნენ ხელს ძარცვა-გლეჯას. ნასტრაჟიკალი და ნაპრისტავალი ოსები ყოველნაირად ცდილობდნენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დანგრევას. მაგრამ საქართველოს არათუ ოსებმა, უფრო ძლიერმა მტრებმა ვერაფერი დააკლეს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ოსებს მათი მუხანათური ღალატი სამჯერ აპატია. როცა ძალას დაინახავდნენ, მოიკატუნებდნენ თავს: შევცდით, გვაპატიეთო და საქართველოს დემოკრატიული მთავრობაც სულგრძელურად აპატიებდა მათ. მაგრამ ბოლო არ მოეღო ოსების მუხანათობას. როცა საქართველოს ჯარები აზერბაიჯანიდან მოზღვავებულ ბოლშევიკების დივიზიებს ებრძოდნენ, ოსებმა კვლავინდებურად ზურგში დანა ჩასცეს საქართველოს დემოკრატიას. საქართველოს ჯარებიც მობრუნდნენ ოსეთისაკენ და ისეთი დღე დააყენეს ნასტრაჟიკალ და ნაპრისტავალ ოსებს მათი მუხანათობისათვის, რომ არასოდეს დაავიწყდებათ შედეგი მათი ვერაგობისა. საქართველოს ჯარებმა გასწმინდეს მოღალატეობისაგან ოსეთი და დაიკავეს უღელტეხილები. ამრიგად საქართველოს ჯარები დღეს სრულიად თავისუფალია. და საქართველოს შეუძლია ეს თავისუფალი ჯარები იქ გადაიყვანოს, სადაც ამას საჭიროება მოითხოვს”.

ოპოზიციური პარტიებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიმართ პოზიტიურად იყვნენ განწყობილი. “საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, იგი მცირე ერებს შესაფერისი პატივით მოეპყრობა, მაგრამ ჩრდილოეთის კარებს ვერავინ გაუღებს… ეს უნდა შეიგნონ ყველა მათ, ვინც ჯავის ხეობის ცალკე სახელმწიფოდ გამოცხადების მომხრედ გამოდიოდა” – წერდა გაზეთი “სახალხო საქმე”.

მთელი ობიექტურობით უნდა ითქვას, რომ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” 1920 წლის მაის-ივნისის აჯანყების ბოლშევიკ ხელმძღვანელთა მიზანი იყო “სამხრეთ ოსეთის” ეროვნული თვითგამორკვევა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და აღნიშნული ტერიტორიის საბჭოთა რუსეთთან შეერთება. უფრო მეტიც, “სამხრეთ ოსეთს” ისინი უკვე საბჭოთა რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. თავიანთი მიზნების მისაღწევად მათ იარაღს მოჰკიდეს ხელი, სხვა ქვეყნებიდან მაშველი ძალაც მოიხმეს და ფაქტობრივად ნამდვილი ომი გამოუცხადეს საქართველოს. როგორ მოიქცეოდა ამ ვითარებაში ნებისმიერი, თავის თავის პატივისმცემელი დამოუკიდებელი სახელმწიფო? უეჭველია ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოიქცა – იარაღით დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ოსები ანტიქართულ მოძრაობას ყოველთვის საქართველოს დაუძლურებას უკავშირებდნენ. ძლიერი საქართველოს დროს ისინი დამთმობ, ე.წ. “შეგუებულ” პოლიტიკას იმარჯვებდნენ და შესაფერის მომენტს ეძებდნენ, რათა დასუსტებული საქართველოსთვის ზურგში ალესილი მახვილი ჩაეცათ. ასე იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფია, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყოველივე ამას მალავდა და ოსთა მოღალატურ ქმედებას შეფერადებულ ფორმებში, ქართველთა და ოსთა კეთილმეზობლური ურთიერთობის ფონზე განიხილავდა.

ისტორიის ასეთმა დამახინჯებამ, არათუ სარგებლობა, არამედ პირიქით – მეტი ზიანი მოუტანა ქართველთა და ოსთა ურთიერთობის ნორმალური განვითარების შემდგომ პროცესს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 1918-1920 წლები, დროის ეს მცირე მონაკვეთი, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის დამხობის მიზნით, ოსი ხალხის გამუდმებული აჯანყებით ხასიათდება. ამიტომ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ამ დანაშაულებრივ აქციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იურიდიულად გამართლებული სადამსჯელო ღონისძიების გატარება რომ მოსდევდა. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ ეს მოვლენები ქართველმა ბოლშევიკებმა იდეოლოგიური მუშაობისათვის გამოიყენეს და საქართველოს ეროვნული მთავრობა ოსი ხალხის მტრად, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებები ოსების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად გამოაცხადეს. ამ აგიტაციამ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ოსი ხალხის სიძულვილის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა, რაც შემდგომში ქართველი ხალხისადმი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასეთი მავნე ტენდენციის დამკვიდრებას, ისტორიული მოვლენების ცალმხრივმა და არაობიექტურმა შეფასებამაც შეუწყო ხელი. 1918-1920 წლებში ბოლშევიკურ რუსეთს, რომელიც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული, არ შეეძლო ქმედითი დახმარება გაეწია სეპარატისტებისათვის. მას დრო ჭირდებოდა და ის დროც ახლოვდებოდა. საქართველოსაკენ “მოემართებოდა” 1921 წლის ავბედითი თე-ბერვალი.

როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობაში მთავარი როლი შეასრულა მე-11 არმიამ. აღსანიშნავია, რომ დამპყრობელი ჯარის შე-მადგენელი ნაწილი იყო დიგორის ოსთა ე.წ. პირველი რევოლუციური რაზმი. ოსთა რაზმი პირველად 1919 წელს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც მეგზურობდა გ.ეთზეევი. ოსები რაჭაში, ჭიორის საზოგადოების სოფელ რეხვათში ჩამოვიდნენ. რაზმის შემადგენლობაში იყვნენ ოსი კომუნისტები: ძანდორ, სიმონ, დანიელ თაკოევები; ყ.ბუტაევი, მ.გარდანთი, შ.აბაევი, ყ.კესაევი, კ.ბოკუკაევი, კ.დიგუროვი და სხვ. მიუხედავად თანამოაზრე ქართველი ბოლშევიკების მასპინძლობისა, დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების შიშით ოსები იძულებული იყვნენ იმავე ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

1921 წელს ოსების რაზმმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპაციაში. 1921 წლის 10 მარტს წითელი არმიის 98-ე მსროლელი ბრიგადისა და დიგორის პირველი რევოლუციური რაზმის მებრძოლებმა ერთობლივი შეტევის შედეგად დაიკავეს ქუთაისი. აქ იმყოფებოდა თბილისიდან გახიზნული საქართველოს მთავრობა, რომელიც წითელი არმიის გამოჩენისთანავე ბათუმში გადავიდა. წითელი არმიის 98-ე მსროლელი ბრიგადისა და დიგორის პირველი რევოლუციური რაზმის მებრძოლები ქუთაისში შეხვდნენ მე-9 და მე-11 არმიების ნაწილებს და მათთან ერთად განაგრძეს გზა ბათუმისა და სოხუმისაკენ.

აღნიშნული პოლიტიკური ვითარება ქართველებსა და იქ მცხოვრებ ოსებს შორის დაძაბულობას ქმნიდა, რაც მოგვიანებით ახალი კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ოსები ეპატრონებოდნენ საქონელს, რომელიც მათი აზრით, ქართველებს დარჩათ ოსთა 1920 წლის ივნისის აჯანყების ჩაქრობისა და აჯანყებულთა ჩრდილო კავკასიაში გახიზვნის შემდეგ. ოსებმა 1921 წლის გაზაფხულზე მხოლოდ ცხინვალში გადაწვეს ქართველების 80-მდე სახლი. საქონელი, ავეჯი და ჭირნახული მოიტაცეს. მოკლეს 32 ქართველი. მათგან ზოგი ცოცხლად დაწვეს, მრავალ მათგანს კი ცემით ამოხადეს სული. ოსები აუპატიურებდნენ ქალებს და მცირეწლოვან ბავშვებს… . ქართული სოფლების: სვერის, ქემერტის, მინდიანის, ყათლანის, კასრანის და მონასტრის მცხოვრებლები 1921 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ე.ი. მთელი სამი თვის განმავლობაში ლტოლვილებად იქცნენ. “… გთხოვთ უმორჩილესად – აღნიშნავდნენ ერთობლივ განცხადებაში ჩამოთვლილი სოფლების მცხოვრებნი – მოგვცეთ იარაღი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და მივიდეთ ჩვენს სახლებში ან მოგვცეთ ქართული ჯარი, რომელიც ჩადგება საზღვარზედა, თორემ არ შეგვიძლია ჩვენ იქ ცხოვრება, რადგანაც მუდამდღე ხდება დაცემა, იტაცებენ თუ რამე დარჩა ამ აოხრებულს სოფლებში, ანგრევენ სახლებს და მიაქვთ ოსებისაკენ”.

ნიშანდობლივია, რომ ქართველობა მაშინვე ადანაშაულებდა საქართველოს რევკომს პასიურობისა და სიტუაციის დამუხტვაში: “…ამასთან უნდა ვთქვათ, ალბათ ეს რევკომიც მონაწილეა, თორემ რატომ ზომებს არ ღებულობს?” – კითხულობენ ისინი და როგორც ზემოთ არის ნახსენები, თხოულობენ ქართული ჯარის ჩამოყენებას რაიონში, მხოლოდ და მხოლოდ ქართულის და არა რომელიმე სხვა “კეთილისმყოფელი” ერისას. დიახ, მათ იცოდნენ ამგვარი დახმარების ფასი. აი რას ვკითხულობთ ამ წერილის შემდეგ აბზაცში: “შეგვაწუხეს ჯარმა, რომელიც დგას დღეს ცხინვალში. მოდიან სახლებში და გვაწუხებენ. გვთხოვენ ჭირნახულს, საკლავს და აფუჭებენ ჭირნახულს და ვენახებს და არ გვაქვს ღამე ძილი. მუდამ ღამე ხდება დაცემა. მასთან საქონელი გვყავს მუდამ სახლში, რადგანაც გვეშინიან მოტაცების. თუ წავიყვანთ საძოვრად, მოდიან და იტაცებენ, რადგან არ ეშინიათ”. მკითხველი უკვე მიხვდებოდა, თუ რომელ ჯარზეა აქ ლაპარაკი. ესაა “განმათავისუფლებელი” წითელი არმიის ის ნაწილები, რომლებიც დიდი ზარზეიმით შევიდნენ გასაბჭოებისთანავე ცხინვალის რაიონში, შემდეგ კი “მომრიგებელი მოსამართლის” მანტიის საფარქვეშ ვის ინტერესებსაც იცავდნენ, ნათლად ჩანს.

ასეთმა ძალადობამ კიდევ ურო დაამძიმა ქართველი ხალხის გულისტკივილი საქართველოს ოკუპაციით რომ იყო გამოწვეული. პირველ ხანებში უმართავი გახდა ოსთა და ქართველთა ურთიერთობა. საჭირო შეიქმნა განსაკუთრებული ნაწილების გამოგზავნა დედაქალაქიდან. შინსახკომის აზრით, საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. კერძოდ, ცხინვალის რაიონის განაპირა სოფლებში 200 მილიციელის გაგზავნა.

1921 წლის მარტში 18 ოსი შეიარაღებული ყაჩაღი თავს დაესხა სოფელ სვერს და პირწმინდად გაძარცვეს ქართველები. სოფელ ძარწემში მდგარმა მე-11 არმიის 12-მა რუსმა ჯარისკაცმა შეიპყრო მძარცველები, მაგრამ ოსების რევკომის განკარგულებით გაანთავისუფლეს. ასეთი ფაქტები მრავალი იყო. ქართველების მკვლელ ოსებსაც ასევე ათავისუფლებდნენ. ამავე წლის მაისში გორის მაზრიდან დუშეთის მაზრაში გადავიდა ვინმე ჯატინ კოკოევი თხუთმეტამდე შეიარაღებული კაცით, დაარბია ქართველი მოსახლეობა და გამოაცხადა თავი დუშეთის მაზრის ხელმძღვანელად. ამავე დროს ძალით, თვითნებურად გადააყენა თანამდებობიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გაავრცელა ხმა, რომ დუშეთის მაზრა და ასევე სხვა ქართული ტერიტორიები გადაცემული იყო ჩრდილოეთ ოსეთზე.

 

ნაწილი -IV

 

ოსების გაძლიერებას და გათავხედებას ხელი შეუწყო საქართველოს რევკომმა, როდესაც 1921 წლის 13 მარტის სხდომაზე დაადგინა გადაედო 1 მილიარდი მანეთი და სათანადო სამშენებლო მასალა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღსადგენად, რომელიც რევკომის აზრით “განადგურებული იყო მენშევიკების ჯარებისაგან აჯანყების დროს”. სწორედ ამ დღეს დაადგინეს შეექმნათ “სამხრეთ ოსეთის” რევკომი, რომელშიც მხოლოდ ოსი ეროვნების წარმომადგენლები იქნებოდნენ. ხოლო გორის სამაზრო რევკომში გათვალისწინებული იქნა ოსთა წარმომადგენლის შეყვანა…

ამის შემდეგ შემთხვევითი არ იყო, რომ 1922 წლის ივნისში მძაფრ შეტაკებას ჰქონდა ადგილი ოსებსა და ქართველებს შორის. ქართული სოფლების: დვანი, შინდისი და ქვემო ხეთი, ზემო და ქვემო ნიქოზი, დიცი, ფლავისმანი და მერეთის მოსახლეობას “სამხრეთ ოსეთის” ოსური ხელისუფლება ყოველმხრივ ავიწროებდა. ცდილობდა ქართველებისათვის იარაღი ჩამოერთმია, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ ოს ექსტრემისტებს ადვილად გასწორებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას… აქვე აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ 1922 წელს ცხინვალის რაიონში მცხოვრები ქართველების ზარალმა ოსების მხრიდან შეადგინა 2 მილიარდ 027 მილიონ 400 000 მანეთი (მაშინდელი კურსით). საინტერესოა, რომ აქ ლაპარაკია მარტო 87 ქართულ ოჯახზე.

საჩხერის უბნის, ჭალის თემის, სოფელ პერევის მოსახლეობას ველური სისასტიკით ესხმოდნენ სოფელ თედერეთის ოსები. ძარცვავდნენ, არ აძლევდნენ ქართველებს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას. მდგომარეობა იძაბებოდა. მოსალოდნელი იყო დიდი სისხლისღვრა ოსებსა და ქართველებს შორის.

1923 წლის 9 მაისს ღამით სოფელ კუდაროს (გორის მაზრა, ჯავის რაიონი) ქურდულად დაესხა ოსების შეიარაღებული ჯგუფი. გაიტაცეს პირუტყვი და მატერიალური ფასეულობანი. ხუთი ქართველი მილიციონერი დაედევნა გამტაცებლებს და დაეწია ჯავის რაიონის სოფელ ქოთინაკოში. ოსებსა და ქართველ მილიციას შორის ატყდა სროლა, რაც ორსაათნახევარი გაგრძელდა. ამ ვითარებას მშვიდად ადევნებდა თვალს ადგილობრივი ოსური თემის აღმასკომი და მილიცია, მაგრამ არავითარი დახმარება არ გაუწიეს მძარცველების დასაკავებლად. ფაქტობრივად ოსური პარტოკრატია ხელს უწყობდა ოს მოსახლეობას ქართული სოფლების ძარცვაში.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ წითელარმიელის ფორმაში გამოწყობილმა ოსებმა გადაბუგეს ხევსურეთის სოფლები, ბოძზე მიაკრეს და დაწვეს 80 წლის ხევისბერი და ხატის ქადაგი, გაგა გოგოჭური იმის გამო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს თავშესაფარი მისცა.

ასევე უპირისპირდებოდნენ ოსები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას. მაგალითად, ცხინვალის ებრაელებს უხეშად ექცეოდნენ ოსი ეროვნების მოქალაქეები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც კი. იყო შემთხვევები, როდესაც ებრაელი იდგა პურის რიგში, მაგრამ პურის ოსი მცხობელები და გამყიდველები პურს მაინც არ აძლევდნენ. 1929 წელს ყოვლად უკანონოდ საკარმიდამო ნაკვეთები ჩამოართვეს ებრაელ მოსახლეობას. ოსებთან მათი ურთიერთობაც მეტად დაიძაბა და მტრულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა.

საბჭოთა კავშირში, ე.წ. “პერესტროიკის” დაწყების შემდეგ, ადგილზე ერთაშორისი ურთიერთობათა გამწვავების ძლიერი ფაქტორი გახდა “ცენტრის” პოლიტიკა მოკავშირე რესპუბლიკებისადმი ავტონომიების დაპირისპირებისა, უკანასკნელთა, როგორც კავშირის სუბიექტებად ცნობის გზით. მცირერიცხოვან ერებზე ზრუნვის საბაბით, იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა რეალური საფუძველი არსებობდა საამისოდ ამა თუ იმ ავტონომიაში.

1990 წლის დასაწყისში შიდა ქართლში უკიდურესად დაიძაბა მდგომარეობა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თავგასული ოსი ექსტრემისტები ქართველი მოსახლეობისადმი მიმართავდნენ ყველაზე საშინელ ზემოქმედებას (სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუპატიურება, დაჭრა, კაცისკვლა, ბანდიტიზმი). 3 იანვარს ქართული ოჯახების მორიგი დარბევისას, სოფელ ფრისში ოსებმა ჩაიდინეს გაუგონარი დანაშაული, ცეცხლსასროლი იარაღით ავნევში მოკლეს 9 თვის ბავშვი. 4 იანვარს სამართლის საძიებლად თბილისს მოაშურა ერედვის, ქურთის, ქემერტის, ფრისის და სხვა სოფლების ხალხმრავალმა წარმომადგენლობამ, 150-ზე მეტმა ქალმა, კაცმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა. პრესის მუშაკებთან შეხვედრისას შიდა ქართლიდან ჩამოსულებმა იქ, ქართველთა ყოფის ძალზე მძიმე სურათები წარმოადგინეს. ოსი ეროვნების მილიციელები მონაწილეობდნენ ქართველებზე თავდასხმებში. ქართველები შიშის გამო ცხინვალში ვერ ჩადიოდნენ. იქიდან ვერ ხერხდებოდა ვერავითარი სურსათის მიღება, ყველაფერი ოსურ სოფლებში ნაწილდებოდა. გორის რაიონის დაუხმარებლად ქართველობა შიმშილით ამოწყდებოდა. ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ოსები, ჯგუფებად დაეხეტებოდნენ ქართულ სოფლებში. იანვრის დასაწყისში კეხვი, ქურთა, ძარწემი და სხვა სოფლები თითქმის ალყაში იყო მოქცეული.

არჩევნებისათვის მზადების პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა სეპარატისტული მოძრაობა შიდა ქართლის ოსურ მოსახლეობაში. “ადამონ ნიხასის” ექსტრემისტული ხელმძღვანელები, რუსი რეაქციონერებისაგან წაქეზებულნი, აძლიერებდნენ ანტიქართულ აგიტაციას და მოითხოვდნენ ოლქის რესპუბლიკად გარდაქმნას. მათ აშკარად მხარს უჭერდა საკავშირო პრესა და ტელევიზია, რომლებიც ოსებს “დაჩაგრულ მხარედ” აცხადებდნენ. რაც შეეხება ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ადამონ ნიხასს”, ის ჯერ კიდევ 1979 წელს ჩამოყალიბდა არაფორმალური ჯგუფის სახით. მისი საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა როკის გვირაბის გახსნის შემ-დეგ, 1986 წლის ზამთრიდან, როცა ჩრდილოეთ ოსეთთან ურთიერთობა გაადვილდა. მაშინ კვლავ მომწიფდა “ორი ოსეთის” გაერთიანების საკითხი. უკვე სიმპტომატური იყო, რომ თანდათან გაქრა ქართული წარწერები, განსაკუთრებით ჯავის რაიონში.
1988 წლის დასაწყისში ოსური ინტელიგენციის ერთი ნაწილის (ა.ჩოჩიევი, ა.ცხოვრებოვი, ზ.აბაევა, ა.ჯიგაევი და სხვ.) მიერ უკვე ორგანიზებულად ყალიბდება არაფორმალური პოლიტიზირებული მოძრაობა “ადამონ ნიხასი”, ალან ჩოჩიევის ხელმძღვანელობით და მაშინვე აყენებს ჩვენთვის ახლა უკვე კარგად ცნობილ მოთხოვნებს. 1989 წლის ივნისში “ადამონ ნიხასმა” ოფიციალურ რეგისტრაციას მიაღწია და მკვეთრად გააძლიერა პროვოკაციული აქციები მდგომარეობის დესტა-ბილიზაციის მიზნით. 1988 წლის მონაცემებით, სწორედ ამ არაფორმალური შოვინისტური გაერთიანების წყალობით, ყოფილი ოლქის პოლიტიკური მმართველობის ბიუროკრატიულ აპარატში 140 წევრიდან 85 ოსი ეროვნების იყო, 34 ქართველი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების 227 წევრიდან 176 ოსი იყო, 43 კი ქართველი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქართველთაგან ხშირად ნიშნავდნენ პიროვნებებს, რომლებსაც არ გააჩნდათ მაღალი ზნეობრივი თვისებები, ეროვნული სიამაყე და სხვისი ნება-სურვილის აღმსრულებლები იყვნენ. ასეთი ხელმძღვანელები ხშირად არაკანონიერად წყვეტდნენ საქმეს ქართველთა მიმართ, რათა ოსი ხელმძღვანელობისათვის ეამებინათ. ოსი მოსახლეობის ინტელექტუალურ ბირთვს წარმოადგენდნენ პიროვნებები, რომელთაც ცნობიერება ჩამოუყალიბდათ რუსულ-ოსური “ბილინგვიზმის” საფუძველზე, რამაც განაპირობა ოლქის ოსური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ორიენტაცია ჩრდილოეთ ოსეთზე, როგორც რუსული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილზე.

1989 წლის 23 დეკემბერს, აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთმა მოძღვარმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნაფი ჯუსოითიმ, რომელიც მანამდე შენიღბულად მოქმედებდა, მოსკოვში, სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე განაცხადა, რომ “თითქოს “სამხრეთ ოსეთში”, ქართველები ავიწროებდნენ ოსებს, თავად კი ძლივს გამოაღწია ცხინვალიდან, რაზეც მას თვით სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვ.ბაკატინმა კატეგორიული პასუხი გასცა და მიანიშნა, რომ ოპერატიული მონაცემებით, იქ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდა. ვ.ბაკატინმა გაახმოვანა, ის, რაც სინამდვილე იყო. 23 დეკემბრის შემდეგ, მოკლე ხანაში ე.წ. “სამხრეთ ოსეთში”, სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცხინვალის რეგიონის ოს მეცნიერმუშაკთა და მწერალთა უმრავლესობა ანტიქართული ორგანიზაცია “ადამონ ნიხასის” წევრები იყვნენ.

საბჭოთა კავშირის რღვევისა და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის ნანატრი ჟამის მოახლოებასთან ერთად “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” კრემლიდან მართულმა სეპარატისტულმა ძალებმა “საბჭოეთის ხალხთა ძმურ ოჯახში” დარჩენის მოტივით კვლავ უმუხთლეს საქართველოს. 1990 წლის 20 სექტემბერს ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XX მოწვევის XIV სესიაზე მათ მიიღეს ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია “სამხრეთ ოსეთის აო”-ს ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ, რომელიც 21 სექტემბერს ანულირებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის მიერ. მაგრამ იმავე წლის 16 ოქტომბერს საოლქო საბჭოს XX მოწვევის XV სესიამ კვლავ დაადასტურა თავისი უკანონო გადაწვეტილების უცვლელობა, აირჩია “რესპუბლიკის” აღმასრულებელი კომიტეტი, მიიღო არჩევნების დროებითი დებულება და შექმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რის შედეგადაც ჩაატარა 1990 წლის 9 დეკემბერს “სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს” არჩევნები, ხოლო 11 დეკემბერს გამართა “უზენაესი საბჭოს” სესია. ამის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ იმავე დღეს – 11 დეკემბერს მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია წარმონაქმნის გაუქმების შესახებ, რასაც მოყვა სისხლიანი ანტიქართული ექსცესები ცხინვალში (1990 წლის 12 დეკემბერი).

1991 წლის 7 მარტს, დილის 8 საათზე, ოს ექსტრემისტთა 100 კაციანი ბანდა თავს დაესხა ცხინვალის რაიონის ქართულ სოფლებს, ზემო აჩაბეთსა და მონასტერს. ბანდიტებმა მშვიდობიან მოსახლეობას დაუნიშნეს რაკეტები, ყუმბარები, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. მათ მიერ მოკლული იქნა ადგილობრივი მცხოვრები ტარიელ ხეთაგაშვილი, ბანდიტთა შემოტევა, დღის 12 საათამდე გრძელდებოდა და აღკვეთილი იქნა მხოლოდ საქართველოს მილიციის და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით. ოს ექსტრემისტთა შეტევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი რაკეტა, თვითნაკეთი ყუმბარმტყორცნები და სანადირო თოფები.

ყოველივე ამას მოჰყვა გაჭიანურებული კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) და სსრკ-ს დაშლის (1991 წლის დეკემბერი) შემდეგაც არ შეწყვეტილა და კვლავ გრძელდება…

სტატია დაწერილია ა.სონღულაშვილის
წიგნის მიხედვით
“სამხრეთ ოსეთი” საქართველოში ?!

 

———————————————

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, , ტ.IV, თბ., 1973, გვ.637

2. ვალერიან ითონიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი (ისტორიულ–ეთნოგრაფიული მონაცემები), თბ., 2006, გვ. 51

3. ვახ.ითონიშვილი, ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002, გვ. 218

4. ვახ.ითონიშვილი, უცხოელთა ავაზაკობა საქართველოში, თბ., 2005, გვ.8, 10–11, 15–16, 25

5. დ.ბერაძე, რაჭა, თბ. 1983, გვ.66–65

6. ვ.ღუნაშვილი, , ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბ., 2007, გვ. 276–277

7. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო გ.გელაშვილმა, თბ., 1962, ტ.1, გვ. 101

8. ა.თოთაძე, საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი, გვ.80–

9. უ.ბლუაშვილი, ქართულ–ოსური კონფლიქტი: ვინ და რატომ დაიწყო იგი? თბ., 2005, გვ. 9-10, 14-15

10. გ.საითიძე, შალვა ამირეჯიბი – გაზეთ “საქართველოს” პუბლიცისტი, კრ. “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, 2007, № 1, გვ. 38–39

11. კ.წენგუაშვილი, “ქართული ვანდეა” და მოსკოვის ბოლშევიკური პრესა, 2008, № 3, გვ.8, 196–197

12. გ.თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბ., 1969, გვ. 122

 13. უ.ბახტაძე, სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბ., 1968, გვ. 69–70

14. ნ.ვაშაყმაძე, ი.ბარამიძე, სამხრეთ–ოსეთის ეროვნული საბჭო და ქართული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, “საისტორიო ვერტიკალები”, 2009, № 18, გვ. 128, 129

15. გაზეთი “სამუსლიმანო საქართველო”, კრებული 1919–1921, შემდგენლები ნ.აბაშიძე, დ.თედორაძე, ბათუმი, 2008, გვ.215

16.  წენგუაშვილი, “ქართული ვანდეა” და მოსკოვის ბოლშევიკური პრესა, 2008, № 3, გვ.8, 196–197

17. გ.ცხოვრებაძე, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი 1921–1925 წლებში, თბ., 1996, გვ. 13

18. შ.ვადაჩკორია, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (ХХ საუკუნე), წიგნი I, თბ., 2003, გვ.147–148, 148

19. ს.რეხვიაშვილი, დიგორის პირველი რევოლუციური რაზმი საქართველოში, კრ.”მეგობრობა”, თბ., 1980, გვ.19, 20, 21, 27–28

20. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 51

21. ნ.ხუციშვილი, შიდა ქართლი – ისტორია და თანამედროვეობა, “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1990, 20 იანვარი

22. სუიცსა (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი), ფონდი 285, ანაწ. 1, საქ. 18, ფურც. 4

23. სუიცსა, ფონდი 285, ანაწ. 1, საქ. 19, ფურც. 3

24. სუიცსა, ფონდი 285, ანაწ. 1, საქ. 17, ფურც. 3

25. კომუნისტი, 1921, 18 მარტი

26. საქართველოს პარლამენტის არქივი, ფ. 14, ანაწ. 1, საქ. 263, ფურც. 21
27. სუიცსა (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი), ფონდი 285, ანაწ. 1, საქ. 25, ფურც. 28. ა.სონღულაშვილი, საქართველოს პოლიტიკური პორტრეტი, თბ. 2004, გვ. 178–179
29. დ.გოგოჭური, ღია წერილი კოლეგებს, “ლიტერატურული საქართველო”, 1989, 15 დეკემბერი, გვ.15
30. სუიცსა, ფონდი 284, ანაწ. 1, საქ. 1079, ფურც. 7–8
31. გაზეთი “კომუნისტი”, 1990, 5 იანვარი
32. ა.ბენდიანიშვილი, ა.დაუშვილი, მ.სამსონაძე, ხ.ქორქაშვილი, დ.ჭუმბურიძე, ო.ჯანელიძე, რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008, გვ. 474
33. ლ.სარალიძე, ცხინვალის რეგიონის ისტორიიდან (1990–1991 წწ.), კრ.”ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, თბ., 2008, № 2, გვ. 220, 228
34. ვ.ითონიშვილი, ქართულ–ოსური ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995, გვ.15
 

 

http://expertclub.ge/portal/cnid__5132/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი