Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაისურაძე – საქართველო-სომხეთი

♣ სომხეთი-საქართველო

გურამ მაისურაძე

ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან

2006

 

რედაქტორისაგან

გურამ მაისურაძის წიგნი – “ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან”, საყურადღებო ნაშრომია, სადაც ორი მეზობელი ხალხის ურთიერთობებზე დაწერილი თითქმის ყველა ნაწარმოებია განხილულ-შეფასებული უძველესი დროიდან დღემდე. ავტორი ვრცლად მოიხილავს ძველი სომეხი ისტორიკოსების ტენდენციურ თუ გაზვიადებულ ცნობებს, რომლებიც სომხეთის სახელმწიფოს უპირატესობას ამტკიცებდნენ ამიერკავკასიაში და მის გარეთაც. გ. მაისურაძე ახსნას უძებნის ამ ტენდენციურობას.

სომეხი ისტორიკოსების საპირისპიროდ აქვე შესწავლილია შუა საუკუნეების ქართველ ისტორიკოსთა ცნობები და შეფასებულია ისინი, როგორც საპასუხო რეაქცია.

ცალკე თავებშია განხილული XIX და XX საუკუნეების სომხურ-ქართულ ურთიერთობათა ამსახველი ლიტერატურა. ობიექტურად ახსნილი და შეფასებულია ცილობისა თუ დაპირისპირების ფაქტები; აღსანიშნავია ავტორის ზომიერი ტონი პაექრობისას, რაც მის არგუმენტაციას დამაჯერებლობას მატებს. სასურველი იქნებოდა ამ წიგნის გამოცემა უცხო ენაზეც.

დ. ბერძენიშვილი

5.07.05

 

შესავალი

ხალხთა ისტორიულ ურთიერთობათა თემა ყოველთვის აქტუალური იყო ამიერკავკასიურ ისტორიოგრაფიაში, რაც, ალბათ, თვით ამ ქვეყნის წარსულის თავისებურებებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. კავკასია ძველთაგანვე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო და სამხედროსტრატეგიული მაგისტრალების გზასაყარს წარმოადგენდა, რამაც ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამყაროს დამაკავშირებელ ოქროს ხიდად აქცია. განგების მიერ კუთვნილმა ამ ერთობ საპატიო და, ამასთანავე, სახიფათო როლმა კავკასია დიდ სახელმწიფოთა საცილობელ ქვეყნად გაწირა. კავკასიის დაუფლებისათვის ბრძოლის ისტორიის ფაქტები ცხადყოფს, რომ მის გასაკონტროლებლად მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა მეტოქეობა ადგილობრივ ხალხებს, თუ ერთი მხრივ, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ ნაწილებად თიშავდა, მეორე მხრივ, საერთო მტრის ფაქტორი მათ გაერთიანებისაკენაც უბიძგებდა. ეს სიტუაცია მთელი სისრულით აისახა ამიერკავკასიურ ისტორიოგრაფიაში, სადაც ერთიმეორის გვერდით თანაარსებობდა და ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებდა, როგორც კავკასიის გაერთიანების იდეა, მისთვის დამახასიათებელი საერთო ტენდენციების გამოვლენით, ისე მის საპირისპიროდ, ჰეგემონისტური მისწრაფებების შესაბამისად გააზრებული ფაქტებისა და მოვლენების არა მარტო სუბიექტური, არამედ ზოგჯერ, გაყალბებული წარმოდგენები. პირველმა ყველაზე მკაფიო გამოვლინება შუა საუკუნეებში, ლეონტი მროველის ეთნოგენეტიკურ კონცეფციაში პოვა თავისი ადგილი, ხოლო მეორე, უპირატესად ძველი სომხური ისტორიოგრაფიის დამახასიათებელ მოვლენად იქცა.

კავკასიის ისტორიის გადმოცემისას ისტორიოგრაფიაში გამჟღავნებული ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და საშინაო და საგარეო პოლიტიკური ფაქტორების რთული გადახლართვის შედეგს წარმოადგენდა, სადაც საგარეო ფაქტორი, კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაინც განსაკუთრებულ, თითქმის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ამ ქვეყნის ისტორიაში და ისტორიოგრაფიამაც, ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური ბრძოლის იარაღის მნიშვნელობა შეიძინა. როგორც, ჩვენს დროში, მთიანი ყარაბაღის პრობლემების გამწვავებამ გვიჩვენა, კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნაში არცთუ უმნიშვნელო წილი ედო ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მიერ ისტორიული ფაქტების ტენდენციურ გაშუქებას. ასევე, აფხაზთა მიერ გამოგონილი ისტორიული სურათი დაედო საფუძვლად აფხაზური საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის ჩაბმას იმპერიის გეგმების რეალიზაციაში. იგივე სურათის მოწმენი ვართ შიდა ქართლში დატრიალებული ამბებისას და სხვ.

საქართველოსა და სომხეთის, მასთან ერთად კი, საერთოდ, კავკასიის ისტორიის კვლევის პოლიტიზირებამ ბევრი არაკომპეტენტური პირი მიიზიდა და მიატმასნა მეცნიერებას, რის შედეგადაც ისტორიის სუბიექტურ გააზრებაში უკვე პრივიტივიზმმაც გაიდგა ღრმა ფესვები. სამწუხაროა, აგრეთვე, რომ ნაჩქარევი დასკვნები და ზოგჯერ სუსტი პროფესიული მომზადების მიზეზით დამახინჯებული ისტორიული სურათია ასახული საშუალო და უმაღლესი სკოლების სახელმძღვანელოებში, რაც ახალგაზრდობაში არაჯანსაღი განწყობილების გავრცელების უმთავრესი წყარო ხდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ამიერკავკასიის ისტორიული გეოგრაფიის მეცნიერული კვლევის საქმეში. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ისტორიულ გეოგრაფიას, როგორც ისტორიულ მეცნიერებას, ზოგან (მაგალითად, აზერბაიჯანში) არავითარი ტრადიცია არა აქვს. ასეთ დროს მეზობელთა გამოცდილებისა და მიღწევების გაუთვალისწინებლობა უკვე წინასწარ განაპირობებს მკვლევრის გარდაუვალ მარცხს. ამიერკავკასიის ისტორიის სუბიექტური გააზრების მიზეზების ძიებისას არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ის საგულისხმო ფაქტიც, რომ ამ ტენდენციას სომხეთში ისტორიული ტრადიციაც კვებავს. ძველ სომხურ წყაროებს ასეთი მიმართულება ნამდვილად ახასიათებთ. საგარეო ფაქტორის ზეგავლენით სომხეთისათვს თავსმოხვეული იდეოლოგიური პოლიტიკა საზოგადოების ზედა ფენებში ხშირად ეროვნული ინტერესების გამომხატველადაც აღიქმებოდა, რაც სათანადო ასახვას პოვებდა საისტორიო მწერლობაში. რაღაცა მსგავსი ხდება თანამედროვე სომხურ ისტორიოგრაფიაშიც, სადაც ობიექტური, მეცნიერული კვლევის საზიანოდ, განსაკუთრებით, ისტორიული გეოგრაფიის საკითხების განხილვისას, უპირატესობა თითქმის, ყოველთვის პოლიტიკურ მოსაზრებებს ეძლევა.

XX ს-ის 90 წლების დასაწყისში დამოუკიდებელი ქართული და სომხური სახელმწიფოების აღმოცენებამ, ბუნებრივია, ისტორიკოსებს შორის პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი, გულწრფელი საუბრის საჭიროება წარმოშვა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გარშემო. თავისუფლების პირობებში საუბრის მსურველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. პერიოდული გამოცემების, ძირითადად, გაზეთების ფურცლები აჭრელდა მომზადებული თუ მოუმზადებელი ავტორების, სპეციალისტებისა თუ არასპეციალისტების სტატიებით. ვისაც როგორ შეეძლო ისე იცავდა საკუთარი ისტორიის ღირსებას. ამაში საგანგაშო, რა თქმა უნდა, არაფერია. ჭეშმარიტება ხომ კამათში უნდა დაიბადოს. მთავარია მოკამათესთან კეთილმოსურნე დამოკიდებულების შენარჩუნება და სხვისი აზრის პატივისცემის უნარის გამომჟღავნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისტორიულ მეზობლებთან ურთიერთობას ეხება, მით უმეტეს, ათეული საუკუნეებით ერთმანეთთან უმჭიდროესად დაკავშირებულ საქართველოსა და სომხეთის ისტორიას. დიდი ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ, XX ს-ის დასაწყისში წერდა: “შეუძლებელია ქართველი ერის ისტორიას სწერდე და ამასთან არ იცნობდე და არ აფასებდე სომეხთა ძველ და მდიდარ ისტორიას. მარტო გეოგრაფიული მეზობლობა როდი აკავშირებდა ქართველს და სომეხს. ამ მოძმე ერთა კავშირურთიერთობა არა მარტო ათეულ საუკუნეებს ითვლის, არამედ სიხარულისა და ჭირის თითქმის განუყოფლობას ითვალისწინებს. ისტორიული ბედის ერთგვაროვნება იმაში პოულობს თავის გამოხატულობას, რომ არასდროს ერთი ერის ბედნიერება მეორის ხარჯზე არ მომხდარა და ყოველთვის ერთი და იგივე საერთო მტერი ჰყავდათ და თავს ყოველთვის ერთად იცავდნენ* . დიდი წინაპრის ეს შეგონება დღესაც აქტუალურად ჟღერს და ურთიერთსასიკეთო თანამშრომლობისაკენ მოგვიწოდებს.

წარმოდგენილი ნაშრომი არ ითვალისწინებს დასმულ საკითხზე ქართული და სომხური ისტორიოგრაფიის სრულ მიმოხილვას. ის მხოლოდ ერთი შედარებით ვიწრო პრობლემით იფარგლება და უკვე ხსენებული იმ ცნობილი ტენდენციის აღმოცენებისა და განვითარების პირობების შესწავლას ცდილობს, რომელიც დიდი ხანია ხელს უშლის არა მარტო ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის ობიექტურ გაშუქებას, არამედ მთლიანად ამიერკავკასიის ისტორიის რეალური სურათის წარმოსახვასაც. ამ თვალსაზრისით, ყურადღება, ძირითადად, სომხურ ისტორიოგრაფიაზეა გამახვილებული, რამდენადაც ასეთი ტენდენციის განვითარებისათვის შესაფერისი პოლიტიკური ნიადაგის არსებობა სომხეთის ისტორიულ პირობებში ბევრად უფრო თვალსაჩინოდ იკვეთება.

 

* * *

თავი I
 

შუა საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციები და მისი არეკვლა თანადროულ ქართულ ისტორიოგრაფიაში

 * * *

თავი II

XIX საუკუნის სომხური ისტორიოგრაფია ცარიზმის ანტიქართული იდეოლოგიური პოლიტიკის სამსახურში

* * *

 თავი III

ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის ასახვა
მეზობელთა საბჭოურ ისტორიოგრაფიაში

* * *

თავი IV

ახალი ხედვა, თუ ძველი ინერცია?

* * *

 დასკვნა

ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის ტენდენციური გაშუქება, ძირითადად ძველი სომხური ისტორიოგრაფიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის – მოვსეს ხორენაციდან იღებს სათავეს, მისი შემდგომი განვითარება კი საგარეო ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყო, რამაც მეტადრე ნეგატიური სახე კავკასიაში რუსული მფლობელობის დამყარების დროიდან მიიღო, რომლის გამოძახილი დღესაც საკმაოდ იგრძნობა.

სომხური ისტორიოგრაფიის “ოქროს საუკუნე” მაშინ დადგა (V ს.) როცა სომხური სახელმწიფოებრიობის დიდმა მარცხმა (ეროვნული ხელისუფლება დასავლეთ სომხეთში 391 წ. გააუქმეს რომაელებმა, აღმოსავლეთში სპარსელებმა – 428 წ.) ეროვნულ თვითშეგნებას სამკვდროსასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია დააკისრა. ასეთ სიტუაციაში სომეხ ისტორიკოსთა პატრიოტულ მოვალეობად იქცა ძლიერების ხანის სომხეთის ისტორიის მთელი დიდებულებით, თუნდაც გაზვიადებით, წარმოჩენა, ოღონდაც მას დამოუკიდებლობისათვის ხალხის დარაზმვა და სულიერად განმტკიცება შესძლებოდა. აქედან გამომდინარე, სომხე- თისა და სომეხთა გამორჩეულობის იდეამ შუა საუკუნეების სომხურ ისტორიოგრაფიაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და სახელმწიფოებრივი მარცხით შელახული ღირსების დაცვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად იქცა.

სომხეთის განდიდების იდეა თავის აპოგეას აღწევს მოვსეს ხორენაცის “სომხეთის ისტორიაში”, სადაც სომეხთა გამორჩეულობის აზრი კონცეფციის დონეზეა აყვანილი. მიზნის მისაღწევად თხზულების ავტორი ფაქტებისა და მოვლენების არათუ შელამაზებას, არამედ, რიგ შემთხვევებში, გაყალბებასაც არ ერიდება. მემატიანისათვის დამახასიათებელია, რომ კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებს ვერ ამჩნევს (ნ. ბერძენიშვილი) და მას მხოლოდ ზოგადი, გეოგრაფიული ტერმინით “ჩრდილოეთით” და “ჩრდილოელებით” აღნიშნავს, რითაც, ეტყობა, ცდილობს კავკასიაზე მკითხველს სომხეთს დაქვემდებარებული ქვეყნის შთაბეჭდილება შეუქმნას. ამიტომაა მის თხზულებაში ქართლი სომხეთის ნაწ ილად, ხოლო ქართველი ხელისუფლები სომხეთის სამეფოს მოხელეებად წარმოდგენილი. უფრო მეტიც, მ. ხორენაცი ქართლსა და მასთან ერთად კავკასიას პოლიტიკურადაც და სულიერი კულტურითაც სომხეთზე დამოკიდებულ ქვეყნად წარმოგვიდგენს, როგორც ძველ წარმართულ, ისე ქრისტიანულ ხანაშიც. ეს კონცეფცია ერთობ მიმზიდველი აღმოჩნდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის მებრძოლი პოლიტიკური წრეებისათვის, რომელთა საშუალებით, ეტყობა, მისი გავლენა მთელ სომხურ ისტორიოგრაფიას გადასწვდა მრავალი საუკუნის განმავლობაში.

სომხური ისტორიოგრაფიის ზვიადობას და მის შემდგომ განვითარებას არანაკლებ უწყობდა ხელს საგარეო ფაქტორით გამოწვეული მისთვის ზოგჯერ ხელსაყრელი ძალთა თანაფარდობა კავკასიაში. მაგალითად, სასანიანები სომხეთს, როგორც აღმოსავლური ტრადიციების მატარებელ ქვეყანას, თავიანთი პოლიტიკის საყრდენ ბაზად ითვალისწინებდნენ ამ რეგიონში. ამასთან, სომხური ეკლესიის დოგმატური უთანხმოება ბიზანტიასთან ირანს საშუალებას აძლევდა მასზე დაყრდნობით იდეოლოგიური სიტუაცია კავკასიაში თავისი მთავარი მეტოქის საწინააღმდეგოდ წარემართა. აქედან გამომდინარე, სომხური ეკლესიის მფარველობა სპარსული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ცნობილმა სპარსულმა საეკლესიო კრებამ 614 წ. კტეზიფონში სომხური სარწმუნოება სავალდებულოდ გამოაცხადა მისი ქვეშევრდომი ქრისტიანებისათვის, რის შემდეგაც სომხური ეკლესიის იერარქიულმა პრეტენზიებმა აქ ფართო გასაქანი მიიღო და მსახურმა ისტორიოგრაფიამაც არა მარტო სომხური ეკლესიის, არამედ კავკასიის პოლიტიკური ისტორიის სურათის წარმოსახვაც ამ თარგზე სცადა. ანალოგიური ვითარების მოწმენი ვხდებით სახალიფო-ბიზანტიის დაპირისპირების პერიოდშიც, როცა არაბთა ეგიდით აღდგენილი სომხური სახელმწიფოს მესვეურები მფარველთა პოლიტიკურ ინტერესებთან გარკვეული თანხვედრით იწყებენ მთელი კავკასიის დასაუფლებლად ბრძოლას, ამ ხანის სომხური ისტორიოგრაფია, თავის მხრივ, კავკასიაში სომეხი ბაგრატუნი მეფეების განუსაზღვრელი ძალაუფლების ილუზიურ სურათს ჰქმნის და მხოლოდ სომხური სამეფოების დასუსტებისა და თანდათანობითი გაქრობის კვალობაზე, შუა საუკუნეების სომეხ ავტორთა თხრობის მედიდური ტონი და ჰეგემონისტური მიდრეკილებები თანდათან ცხრება და საპირისპიროდ იცვლება.

ქართველთა ქრისტიანული წარსულის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებისა და მისი დამცრობის ცდები სომხურ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ არგუმენტირებულად იყო ადრიდანვე უარყოფილი “მოქცევაი ქართლისაის” კრებულში შესული “წმ. ნინოს ცხოვრებით” (ძეგლი თარიღდებოდა VII-IX სს-ით, ბოლო ხანს კი V ს. მეორე ნახევარით). ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულების ავტორის დასკვნით, ქართლისა და წმ. ნინოს მნიშვნელობა აღმოსავლეთის საქრისტიანოს წინაშე გაცილებით დიდია, ვიდრე სომხეთისა და მისი განმანათლებლის გრიგოლ პართელისა. ქრისტიანული რწმენის სიძველითაც ქართლი წინ უსწრებს სომხეთს, რამდენადაც ქართლის განსაკუთრებული როლი ქრისტიანობის გავრცელებამდე წინასწარ იყო განსაზღვრული და ქართლის ამ უპირატესობას თავისი პირით აღიარებდა დვინელი სომეხი მიაფორიც. ამიტომ მოხდა, რომ ქრისტიანული რწმენის ჩასახვისას სომხეთი მთლიანად ქართლზე აღმოჩნდა დამოკიდებული, ვინაიდან სომეხთა ეკლესიის საფუძველი იმ ადამიანთა ძვლებზე დაიდო, რომლებიც ნინოს მიერ იყვნენ მოქცეული (ე. ი. რიფსიმიანელები) და მათთან ერთად მოევლინნენ სომხეთს (კ. კეკელიძე).

XI ს. შუა წლებში, როცა შუა საუკუნეების სომხურმა სახელმწიფოებრიობამ საბოლოო მარცხი განიცადა, საქართველო კი მოწოდებული აღმოჩნდა იმ ცენტრად ქცეულიყო, რომლის გარშემო მთელი კავკასია ერთიანდებოდა, საჭირო გახდა ისეთი იდეურ-მორალური საყრდენის შექმნა, რომელიც კავკასიაში საქართველოს წამყვანი როლის სამართლიანობას ისტორიული განვითარების კანონზომიერებითაც გაამართლებდა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ XI ს., თითქმის ერთდროულად, რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, “მატიანე ქართლისა¡ს” ავტორი და სუმბატ დავითის ძე) წერს უძველესი დროიდან XI ს-მდე თავისი ქვეყნის გაბმული ისტორიის სხვადასხვა ნაწილებს, რომლებიც ქმნის დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი გმირული ბრძოლის მთლიან სურათს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კავკასიის ერთიანი ქრისტიანული სამყაროს წარმოქმნა-განვითარების წარმოსაჩენად. კავკასიის გაერთიანების პროცესის ავანგარდში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე ქართული ისტორიოგრაფია (ლეონტი და სხვები) კავკასიის ისტორიის იმგვარ მოდელს ქმნიან, რომელსაც ქართველთა მიმართ სომეხთა გაუცხოება უნდა გამოერიცხა, რათა სომხეთის მემკვიდრეობისათვის ბიზანტიასთან ბრძოლაში ხელი არ შეშლოდა. ამიტომ, ამ დროისათვის პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული მ. ხორენაცის კონცეფციის კრიტიკის ნაცვლად ლეონტი მროველმა მისი ძირითადი დებულებები და მათს საფუძველზე გაშუქებული ფაქტები შეასწორა და ხორენაცის ექსპანსიურობას კავკასიის ხალხთა სისხლით ნათესაობისა და ძმობის საკუთარი კონცეფცია დაუპირისპირა, რითაც არა მარტო მორალური უპირატესობა მოიპოვა “სომხეთის ისტორიის მამაზე”, არამედ დროის მოთხოვნასაც უკეთ მოერგო. რამდენადაც კავკასიის შემკრების პოლიტიკური ლიდერობა კულტურული ლიდერობითაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ლეონტი ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დიდ სიძველეს (სომხეთთან შედარებით 7-8 საუკუნით) აღნიშნავს და შესანიშნავად ასაბუთებს ძველი ქართული სახელმწიფოს შექმნისთანავე გაჩენილი კულტურულ-პოლიტიკური მოთხოვნილებებით, მკითხველის ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, კავკასიის პოლიტიკური ლიდერის სხვა უპირატესობებზეც.

ისტორიული სომხეთის დიდი ნაწილის საქართველოს ცენტრალიზებული მონარქიის შემადგენლობაში შემოსვლის შემდეგ სომხეთის ისტორია საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა, რის გამოც სომეხ ავტორთა ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და მათი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი დათბა. გასაგებია, რომ XII-XVIII სს. სომხური ისტორიოგრაფიის პროდუქცია თანადროულ ქართველთა განსაკუთრებულ კომენტარს უკვე აღარ საჭიროებდა.

ქართული სახელმწიფოებრიობის მარცხთან ერთად (1801 წ.) სომხური ისტორიოგრაფიის დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ ერთბაშად შეიცვალა და, ძირითადად, ნეგატიური სახე მიიღო. ამის მიზეზი სხვა პირობებთან ერთად, ცარიზმის კოლონიალური პოლიტიკა იყო, რომლის უშუალო გამტარებლები ქართველი ხალხის წინააღმდეგობის ძალისმიერი დათრგუნვის ღონისძიებებთან ერთად მისი ისტორიისა და კულტურის წაშლა-აღმოფხვრასაც ცდილობდნენ. ამ უღირს საქმეში ადგილზე თავიანთ მოკავშირედ და საყრდენ სოციალურ ბაზად რუსული ბიუროკრატია სომხურ ელემენტს და მის ბურჟუაზიას მიიჩნევდა, რომლის გაძლიერებაც მან თავისი ბატონობის დამყარებისთანავე დაიწყო. იმპერიის ადმინისტრაციის კეთილგანწყობილებისა და მფარველობის პირობებში სომხური ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი ისტორიოგრაფია საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობის დამცრობის გზით კავკასიის ისტორიის თანამიმდევრულ გადაკეთებას შეუდგა, რასაც თან ახლდა სომეხთა “გამორჩეულობის” ხორენაცისეული იდეებისა და ტერიტორიული პრეტენზიების ფართო პროპაგანდა. XIX ს. მეორე ნახევრიდან მაინც საქართველოს ისტორიის გაყალბებამ სომხურ ისტორიოგრაფიაში, თითქმის, სისტემატური ხასიათი მიიღო, რამაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეთა მწვავე რეაქცია გამოიწვია. ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული რუსული და სომხური ისტორიოგრაფიის ეს ერთობლივი კამპანია მიზნად ისახავდა რუსეთისათვის ხელსაყრელი საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომელიც საქართველოს დაპყრობას გაამართლებდა და მას რუსეთის ჰუმანურ აქციად, ხოლო სომხეთისათვის ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიას მოსახლეობითაც და პოლიტიკური წარსულითაც სომხეთად წარმოსახავდა. ამ მთავარ პოლიტიკურ ამოცანას დაექვემდებარა სომხურ ისტორიოგრაფიაში ქართულსომხური ურთიერთობის ნებისმიერი საკითხის განხილვა რუსეთის მფლობელობის თითქმის ორი საუკუნის მანძილზე. ამ თვალსაზრისით, ერთობ მცირეა სხვაობა ბურჟუაზიული და საბჭოთა სომხური ისტორიოგრაფიების პოზიციებს შორის. XIX ს. დაწყებული შეტევა საქართველოს ისტორიაზე მისი მნიშვნელობის დამცრობისა და გაბიაბრუების მიზნით, XX ს. 40-იანი წლებიდან უკვე ფართო ფრონტით, თანადმიმდევრულ და გეგმაზომიერ ლაშქრობაში გადაიზარდა, რომელმაც საისტორიო კვლევის თითქმის ყველა სფერო და დარგი მოიცვა. ამჯერად კვლევის მიზანი დაშნაკური პარტიის ფანტასტიკური რუკების მიხედვით, ე. წ. “დიდი სომხეთის” ჩრდილო ნაწილში ქართულის ნაცვლად სომხური ცივილიზაციის ნაკვალევის დადასტურება იყო. ასეთი განწყობილება სრულიად თავისუფლად იკითხება მთელ რიგ საბჭოთა სომეხ მეცნიერთა გამოკვლევებში, რომლებიც ეხება სომხეთის ისტორიულ გეოგრაფიას, ტოპონიმიკას, პოლიტიკურ ისტორიას, საისტორიო მწერლობას, ხელოვნების ისტორიას, კულტურის ისტორიას და სხვ. როგორც ამ ნაშრომთა კრიტიკულმა განხილვამ დაგვარწმუნა ტენდენციურად განწყობილი სომეხი ავტორები მიზნის მიღწევას ფაქტებზე ძალდატანებითა და ისტორიული მოვლენების გამრუდებით ცდილობენ. მაგალითად, ტაოკლარჯეთისა და ქვემო ქართლის ქართული არქიტექტურული ძეგლების სომხური არქიტექტურისათვის მისათვლელად საკმარისად მიაჩნიათ მათი გამოცხადება ქართული წესის სომეხ ქალკედონიტთა ნახელავად, ამ ძეგლების ქართულ წარწერებსა თუ სხვა წერილობით ძეგლებში მოხსენიებული ისტორიული პირები კი ქართულ ენაზე მეტყველ სომხებად. ქართული წესის სომეხ ქალკედონიტთა მაგიური ფორმულა ამ ავტორებმა ფაქტების გაყალბების ხელისშემშლელი წყაროების ავთენტური ცნობების წინააღმდეგობის დაძლევის უნივერსალურ იარაღად აქცია, “დაივიწყეს” რა, რომ ტაო-კლარჯეთში, ისტორიულ ნიადაგზე რომ არაფერი ითქვას, ქართული იყო არა მარტო არქიტექტურა, არამედ ლიტერატურა, ხელნაწერი წიგნები, მინიატიურები, მონუმენტური ფერწერა, ჭედური ხელოვნების ნაწარმოებები და ყველა ისინი ორგანულად იყვნენ დაკავშირებულნი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეროვნული ხელოვნების საერთო განვითარებით. ამგვარივე დამოკიდებულება შეინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებისა და ისტორიული პერიოდების გაშუქებისას. ერთი სიტყვით, აღმოსავლეთ საქართველოს ტოტალური გასომხურების ტენდენცია წითელ ზოლად გასდევს სომხურ ისტორიოგრაფიას მთლიანად საბჭოთა პერიოდში.

საბჭოთა და თანამედროვე სომხური ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაკლად უნდა ჩაითვალოს, აგრეთვე, ქართული ისტორიოგრაფიის თითქმის, სრული იგნორირება და მის მონაცემთა გაუთვალისწინებლობა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებელი ქართული და სომხური სახელმწიფოების წარმოქმნის შემდეგ, სრული თავისუფლების შეგრძნების პირობებში, სომხური ისტორიოგრაფიის რიგმა წარმომადგენელმა დაუფარავად გამოხატა შორს მიმავალი გეოპოლიტიკური ზრახვები. წარსულის კრიტიკული შესწავლის ნაცვლად, წინამორბედი და უფროსი თაობის მიერ გაყალბებული ისტორიის ბაზაზე მათ დაშნაკთა იდეების პროპაგანდას მიჰყვეს ხელი და ამ პროცესში არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს. ამასთან ერთად, ამ ბოლო ხანს სომხურ ისტორიოგრაფიაში პოზიტიური ძვრების ნიშნებიც შეიმჩნევა. მაგალითად, ქართულ-სომხური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის თემაზე მდარე, მეცნიერებას დაცილებული, პრიმიტიული ნაშრომების მომრავლებით შეშფოთებული, ჩვენში ტენდენციურ ავტორად ცნობილი ბ-ნი პ. მურადიანიც კი კრიტიკულად განეწყო და საჯაროდ დაგმო თავისი ახალგაზრდა კოლეგის ს. კარაპეტიანის მიერ ფაქტების აშკარად ზღვარს გადაცილებული გაყალბება, რაც მისი ავტორის ცოდნის უკმარისობით ახსნა. მიუხედავად ამისა, პ. მურადიანის ეს გამოსვლა ურთიერთგაგებისკენ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ. მისასალმებელია, აგრეთვე, XIX-XX სს. ქართულ-სომხური ურთიერთობის შედარებით ახლებური გააზრება სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის აშ. მელქონიანის მოხსენებაში, რომელიც მან თბილისში წაიკითხა. ცხადია, გაყალბებული ფაქტები სწორი დასკვნის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ, ივ. ჯავახიშვილს რომ დავესესხოთ, აუცილებელია ყოველმა ერმა იცოდეს უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი.

* * *

Гурам Майсурадзе – ИЗ ИСТОРИОГРАФИИ АРМЯНО-ГРУЗИНСКИХ ОТНОШЕНИЙ – Резюме

* * *

Guram Maisuradze – FROM THE OF GEORGIAN – ARMENIAN RESATIONS – Summary

 

 

იხილეთ სრულად

დატოვე კომენტარი