Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● წართმეული მიწა

ავთანდილ სონღულაშვილი –  “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

 

წართმეული მიწა

 

ჯერ კიდევ ბოლშევიზმის შექმნამდე რუსეთის ინტელიგენციას რუსი ერი გამორჩეულად და სხვების ჭკუის მასწავლებლად მიაჩნდა. “ჩვენი ხალხი _ წერდა პ. ჩაადაევი _ გამონაკლისია. ჩვენ მივეკუთვნებით იმ ერთა რიცხვს, რომლებიც ვერ თავსდებიან კაცობრიობის შემადგენლობაში, და არსებობს “მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს მისცეს რაიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი”323.

მართლაც “განა რით განსხვავდებოდა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების ბატონობა ძველ რეჟიმთა ნებისმიერი[237] მბრძანებლებისაგან, თუ არა მხოლოდ ხელისუფალთა თვითნებობითა და დილეტანტიზმით?”324

რუსი ისტორიკოსი ალექსანდრე ბუშკოვი აღნიშნავს, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (ოღონდ არა პრობიზანტიურმა), მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ასწლეულის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოელთა საშინელი ზეწოლის ქვეშ, მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ყველაზე სულიერი, ეროვნული და კულტურული ფასეულობანი. რაც არ უნდა მტკივნეული და მძიმე იყოს, ქართველ ხალხს რუსები უყურებენ, როგორც მოსახლეობას. შეიძლება, მოდიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ბოროტ ბოლშევიკებს გადავაბრალოთ, მაგრამ ბოლშევიკები, თუკი საკუთარი თავის წინაშე მართლები ვიქნებით, _ მიუთითებს ავტორი _ წარმოადგენდნენ ხრწნადი პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას…325

რუსეთმა უკვე XVII საუკუნის 30იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს საქმეებში აქტიური ჩარევა. ხელს უწყობდა შიდაომების გამოწვევას ქვეყნის დასუსტების მიზნით და ამ საქმეში ინსპირატორდამფინანსებლის როლში გვევლინებოდა. კერძოდ, 1634 წელს რუსეთი ფულს არ ზოგავდა, რათა ქართლის სამეფოში ყოფილიყო არასტაბილური ვითარება და ჰყოლოდა რუსული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ხელისუფალნი _ მეფე თეიმურაზ I, არაგვისა და ქსნის ერისთავები და [238] სხვა ფეოდალები. ერთი სიტყვით, თანამედროვე ტერმინით რუსეთი მაშინდელ ოპოზიციას აფინანსებდა.

ეს პროცესი შემდეგშიც გრძელდებოდა. რუსეთიდან კვლავ შემოდიოდა თანხები დესტაბილიზაციის მხარდასაჭერად. 1642 წელს თეიმურაზ I-ს გადასცეს 20000 ეფიმკა (“ეფიმკა” 50 კაპიკს უდრიდა) და 2200 მანეთის საჩუქრები326.

რუსების დიპლომატიური კორპუსი ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი ზნეობრივი თვისებებით. მაგალითად, ნ. ტოლოჩანოვი მოლაპარაკების დროს ისეთ სიტყვებს აკადრებს თეიმურაზ Iს, რომ განრისხებული მეფე ელჩს მოკვლით დაემუქრა.

1651 წელს იმერეთში ალექსანდრე მეფესთან სუფრაზე ტოლოჩანოვის მხლებელ, სავარაუდოდ მთვრალს, მიხეილ ხუცესს თავისიანთა შორის მეფის სალანძღავი სიტყვები უთქვამს (რუსულად). ალექსი იევლევის შვილმა კლიმენტიმ ხუცესს წესრიგისკენ მოუწოდა. ხუცესმა იქვე დედა შეაგინა… როდესაც ელჩები მათთვის გამოყოფილ ბინაში დაბრუნდნენ, იქ მთელი სკანდალი ატეხილა. კლიმენტის ხუცესისათვის ხელი გაურტყამს. თვით ტოლოჩანოვს თავის მხლებელთა შორის “წესრიგის დამყარების მიზნით” კლიმენტი ცემით სიკვდილის პირამდე მიუყვანია. ხოლო ალექსი იევლევი (კლიმენტის მამა) ფეხითა და ჯოხით ძლიერ უცემია და თანაც მისთვის წვერები დაუგლეჯია. [239]

ამ ცემა ტყეპის დროს ალექსი ივლიევს ერთი მისი კაცი წამოშველებია და ის ტოლოჩანოვს შემოკვდომია…327

აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი სამშობლო რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება. ორჯერ შეძლო საქართველომ ორთავიანი არწივის კლანჭებისაგან თავის დაღწევა. მესამე შემოტევას 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 20%, 12 ათასი კვადრატული კილომეტრი ძირძველი ქართლი მიწა _ აფხაზეთი და შიდა ქართლის ნაწილი დიდი მსხვერპლის ფასად ბინძური ჩექმით გათელა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო არც დასავლეთისაკენ იყურებოდა და არც “ნატოში” გაწევრიანებაზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგრამ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად წაგვართვა და აგვისტოს იმამდეც მთელი 18 წელიწადი ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის გარეშე რჩებოდა. ამიტომ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს საქართველოს დასავლური ორიენტაცია გახდა ერთგვარი მიზეზი რუსეთსაქართველოს დაპირისპირებისა. პირიქით, რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ განაპირობა დასავლური ღირებულებებისაკენ სწრაფვა.

მავანის და მავანის აზრით, რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს ჩვენს პრეზიდენტს, და ამიტომ არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ტყუილია! რუსეთისთვის [240] 

მიუღებელია ერთიანი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო. ეს არის თავი და თავი ყველა ჩვენი დაპირისპირებისა.

საქართველოს დანაწილების პროექტი საკმაოდ ადრე დაიგეგმა. “ბოროტების იმპერიის” _ სსრკს დაშლის ფონზე, როგორც კი საქართველომ დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” შემქმნელმა საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა, მაშინვე დაუფარავად და თავხედურად გამოაცხადა: “საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეო”. ამდენად, საქართველოს განახლებული იმპერიისადმი _ “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირისადმი” მიჯაჭვის მთავარი ინსტიტუტი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც აფხაზეთი და ე. წ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, ხოლო შემსრულებელი _ საბჭოთა არმია328.

საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 დეკემბერს გაუქმდა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა 1991 წლის 7 იანვარს გამოსცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ, რითაც წაახალისა ოსი სეპარატისტები. ამ უკანასკნელთ მხარს უჭერდა ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული საბჭოთა ჯარების ნაწილები. [241]

ასეთ დაძაბულ ვითარებაში 1991 წლის 23 მარტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაბა ყაზბეგში, ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია და რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი, რომელსაც იმ დროს დაპირისპირება ჰქონდა გორბაჩოვთან. ხელმოწერილი იქნა “შეხვედრისა და პოლაპარაკების ოქმი”.

ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი რვა მუხლისაგან შედგება. იმხანად საქართველოსათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორ მომენტს: 1) “შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმში” ორჯერ (მესამე და მეოთხე მუხლებში) იხსენიება არა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, არამედ “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბორის ელცინი კანონიერად მიიჩნევდა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებას და ამავე დროს არ ცნობდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ. 2) “შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმის” მეოთხე მუხლი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინაშე აყენებდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის საკითხს. თუკი ქართველთა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ოსი სეპარატისტები მოკავშირისა და მფარველის გარეშე დარჩებოდნენ.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მხარეები შეთანხმდნენ საქართველორუსეთის ხელშეკრულების დადების [242] თაობაზე, რომლის პროექტი 1991 წლის აპრილის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო (მუხლი პირველი).

1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა “შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი” საქართველოს ეროვნული ხელისუფლების, ქართული დიპლომატიის უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენდა329. მაგრამ ე. შევარდნაძისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს ზვიად გამსახურდიას დაავიწყდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვების ჭეშმარიტება: “რუსეთთან დადებული ხელშეკრულების ფასი არ აღემატება იმ ქაღალდის ფასს, რომელზეც იგია დაბეჭდილი”330.

სწორედ ამის შემდეგ, მოსკოვმა გაააქტიურა სეპარატისტების მხარდაჭერა აფხაზეთსა და შიდა ქართლში. რუსეთი აშკარად მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას ოპოზიციასაც. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთის გამარჯვების მაუწყებელი იყო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დიდი პოლიტიკის სცენაზე სამი როლი ითამაშა ერთნაირი ღიმილით, რომელიც ბევრ პოლიტიკოსს შეშურდებოდა, მაგრამ სხვადასხვა ნიღბით. პირველი როლი კომუნისტურ საქართველოში შეასრულა, მეორე სსრკ [243] საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი იყო, მას ეკისრებოდა მნიშვნელოვანი როლი ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში და მისი ეს როლი შედგა.

მისი მესამე როლი საქართველოს პრეზიდენტის რანგში უნდა შემდგარიყო. მას ეკისრებოდა წარმმართველი როლი ახალი საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. ეს როლი სამწუხაროდ, ვერ შედგა და არც შეიძლება შემდგარიყო, რადგან არ არსებობდა გარდამავალ პერიოდში პროცესების მართვის სწორი თეორია, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა. შევარდნაძის ხელისუფლებას არ გაუმჟღავნებია პოლიტიკური ნება არც თუნდაც გარედან ნაკარნახევი სტრატეგიის კეთილსინდისიერი განხორციელების საქმეში. იგი ბოლომდე დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრად და დეფორმირებული სტრუქტურის ერთერთი შემოქმედი მისივე მძევალი გახდა331.

მოსკოვი, ცხადია, ედუარდ შევარდნაძეს არ ენდობოდა. არ ენდობოდა მას შემდეგაც კი, რაც ე. შევარდნაძემ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანება მოახერხა (1993 წ.).

საქართველოს მოსალოდნელი პროდასავლური ორიენტაციის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთმა აფსუა და ოს სეპარატისტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალება მისცა _ აფხაზეთი და შიდა ქართლის ნაწილი (ცხინვალის რეგიონი) საქართველოს იურისდიქციიდან გამოვიდა332. [244]

1992 წლის 25 ივნისს ე. შევარდნაძე ქ. სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ბ. ელცინს და მათ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება შიდა ქართლში პოლიტიკური ვითარების მოსაწესრიგებლად. “ეუთოს” ეგიდით რეგიონში განხორციელდა სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ვითარებას ოლქში სტაბილურს შექმნიდა. სამმხრივი სამშვიდობო ძალები (ქართველები, რუსები, ოსები) უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის უშიშროებას და რეგიონში სტაბილურობას. გადაწვეტილებამ ცხინვალის პრობლემა მხოლოდ დააკონსერვა, ამ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე ამ დროიდან საქართველოს იურისდიქცია ფაქტიურად შეჩერდა. თუმცა რუსეთი “აღიარებდა” ამ ტერიტორიებს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად.

დაკონსერვებული კონფლიქტი შედარებით უწყინარი ჩანდა. მას აკონტროლებდა ეუთოს დამკვირვებლების ჯგუფი, ევროკავშირი აქტიურად ცდილობდა კონფლიქტის ყოველმხრივ მოწესრიგებას. მოსახლეობის სიმშვიდეს იცავდნენ შერეული სამშვიდობო ძალები. გარკვეული პოლიტიკური შედეგები ჰქონდა ე. შევარდნაძის პერიოდულ შეხვედრებს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებასთან ლიკანში (1996 წ.), ჯავაში (1998 წ.). ასეთი შეხვედრები ზრდიდნენ ნდობის ფაქტორს, მაგრამ ვერ ხერხდებოდა კონფლიქტის ყოველმხრივი დარეგულირება, რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.

1996 წლის 16 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის უშიშროების უზრუნველყოფისა და ურთიერთნდობის პრინციპების [245] შესახებ. გარკვეულ იმედებს წარმოშობდა ჩრდილოეთ ოსეთის _ ალანიის პრეზიდენტის საშუამავლო საქმიანობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად. ყველაფერმა ამან გარკვეული პოლიტიკური სტაბილიზაციისათვის პირობები შექმნა, რიგითი მოქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდი გახდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეროვნული ამოცანა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჭიანურდებოდა. რუსეთი სულ უფრო აშკარად ავლენდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისადმი.

უკვე აშკარა გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიღწევისათვის უშუალოდ მიმდინარე ბრძოლა მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა წარმატებით, როცა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა უნარიანად გამოიყენებდა თავისი საზღვარგარეთელი მეგობრების უამრავ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დახმარებას და მოახერხებდა კანონიერი საშუალებებით თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ამ მიზნის მისაღწევად ქართულ დიპლომატიას რთული ამოცანების გადაწყვეტა უხდებოდა. პირველ რიგში საჭირო იყო რუსეთის “ორმაგი სტანდარტების” პოლიტიკის ნეიტრალიზება333.

ე. შევარდნაძე პროდასავლურ და პრორუსულ ორიენტაციას შორის მუდმივად მერყეობდა, გადაჭრით არც [246] ერთს არ ემხრობოდა. დროის მოგებას ცდილობდა, ვითარების უფრო ნათლად გარკვევას ელოდა. პრორუსულ და პროამერიკულ ორიენტაციას შორის თამაში ე. შევარდნაძისათვის ცუდად დამთავრდა _ რუსეთისა და ამერიკის მხარდაჭერა ერთდროულად დაკარგა და პოლიტიკური კარიერაც დაასრულა.

2003 წლის ნოემბერში საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ლავირების პოლიტიკა დასრულდა. საქართველომ არჩევანი პროამერიკულ ორიენტაციაზე შეაჩერა და ამ კურსის აქტიურად რეალიზებას შეუდგა. ეს, ცხადია, მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთისათვის334, რომელიც მანამდე “კატათაგვობანას” გვეთამაშებოდა.

რუსეთის სამხედრო სპეციალისტებმა გააქტიურეს ოსი ბანდაფორმირებების წვრთნა, რამაც მალე თავისი შედეგი გამოიღო, 2004 წელს სეპარატისტების მიერ იყო წარმოებული თავდასხმები დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე. როკის გვირაბი კი ხდება ერთადერთი არალეგალურად მოქმედი სახმელეთოსატრანსპორტო დამაკავშირებელი ადგილი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის გაკონტროლება ვერ ხდება ქართველთა მიერ, იგი სასიცოცხლო არტერიაა ცხინვალის რეგიონში მოქმედ ოს სეპარატისტთათვის, საიდანაც მათთვის რეგულარულად მიედინებოდა იარაღი, საკვები პროდუქტები და სხვა ყველა ის მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც შეიძლება [247] არსებობდეს სეპარატიზმი335. სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული, რუსეთი ღიად თუ შეფარვით, აცხადებდა თავის სამხედრო და ეკონომიკურ ინტერესებს აფხაზეთზე და “სამხრეთ ოსეთზე”. ამავე დროს დაიწყო ორმხრივი ურთიერთობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებთან, რითაც ამზადებდა სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოში შემავალი ამ ორივე ავტონომიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებისათვის. რუსეთის სახელისუფლო ელიტა ყოველნაირად ხელს უწყობდა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მხრიდან აგრესიული სეპარატიზმის წაქეზებას, წახალისებას. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად (სამხედრო წვრთნების ჩათვლით) აიარაღებდა და ამზადებდა მათ ახალი ეთნოწმენდისათვის. ყველა საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით, ხელოვნურად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აძლევდა აფხაზებსა და ოსებს რუსეთის მოქალაქეობას, შემდგომში პოლიტიკური სპეკულაციის საწარმოებლად336

საქართველოს წინააღმდეგ ომისადმი მზადება და ქართველებისადმი ზოოლოგიური ზიზღის მაგალითია 2006 წლის შემოდგომა, როდესაც უამრავი ქართველი გამოაძევეს რუსეთიდან, ქართული პროდუქტების შეტანაზე ემბარგო დაწესდა და საჰაერო მიმოსვლა დაიკეტა (მიზანი იყო ფართო _ ქვეყნის ეკონომიკური გამოფიტვა, სოციალური ფონის დაძაბვა და ხელისუფლების გადადგომის [248]  მოთხოვნით სახალხო მოძრაობის გაშლა); იმავე ხანებში კრემლმა დაიწყო ემზარ კვიციანისა და იგორ გიორგაძის დაჯგუფებების დაფინანსება, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის ქართულ პოლიტიკაში მოყვანისათვის პროპაგანდისტული ღონისძიებებისა (მიზანი უცვლელი რჩებოდა _ ხელისუფლების დამხობა); ყველაზე გრანდიოზულია, ამ მხრივ, 2007 წლის ნოემბრის აქციები, როდესაც მოხდა ყველა ოპოზიციური ძალის გამოყენება და მათი მეშვეობით მოსკოვის მიზნის განხორციელების მცდელობა. მიზეზად დასახელდა ისეთი პოპულისტური თემები, როგორიცაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაუცველობა და არჩევნების გაყალბება. ალბათ, მხოლოდ მცირეოდენმა მათგანმა აქციათა ორგანიზატორებს შორის იცოდა საქმის რეალური არსი, თუ ვის ემსახურებოდა ის ამ დემონსტრაციების გამართვით. ბევრი მათგანი, მათ შორის მოსახლეობაც, უბრალოდ, ბრმა იარაღი იყო რუსეთის ხელში337.

გაეროს სუსტმა პოზიციამაც გარკვეული როლი ითამაშა აგრესორის იმიჯზე. ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა და სამართლიანად ითვლება მსოფლიო დიდი პოლიტიკის ერთერთ გრანდად. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და “ვეტოს” უფლება გაუჭრელი კოზირია მის ხელში338. [249]

გაერო ვერ შეელია მისი მანდატით “გაკეთილშობილებულ” რუს “სამშვიდობო _ ოკუპანტებს”. მეორე მხრივ ოფიციალური თბილისი იძულებული ხდებოდა თვალი დაეხუჭა იმ ცინიკურ ფაქტებზე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია რუს “სამშვიდობოთა” როლის მაღალი შეფასებით იწყებოდა. ამიტომ იქცა “ქვათა ღაღადად” პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაეროს მისამართით გაკეთებული ემოციური და უჩვეულოდ კრიტიკული ცნობილი განცხადება, რომ გაეროსა და მისი გენერალური მდივნისათვის დარფურისა და უგანდის მოვლენები უფრო აქტუალურია, ვიდრე საქართველოს მთლიანობა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ თურმე დიდი რაოდენობის მსხვერპლი არ არის, ხოლო რამდენიმე ათეული ქართველის სიკვდილი გალის რაიონში და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სტატისტიკურად მისაღები ყოფილა მსოფლიოს ნომერ პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩინოვნიკებისათვის339.

რუსეთის მიერ აგრესიისათვის მზადების დაჩქარება და შემდეგ მისი განხორციელება გარკვეულმა პროცესებმა განაპირობა. კერძოდ, ომამდე კარგა ხნით ადრე რეალური გახდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს კი ნიშნავდა ნატოს საზღვრების გადაწევას რუსეთისათვის ყველაზე საშიშ და ფეთქებად რეგიონებთან _ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან. ამავე დროს საქართველომ შეძლო სრული კონტროლი დაეწესებინა კოდორის ხეობაზე, რაც რუსეთისა და [250] სეპარატისტული ხელისუფლებისათვის წარმოუდგენილი იყო. ასევე კონტროლი ხორციელდებოდა “სამხრეთ ოსეთის” ქართულ სოფლებში. ხელისუფლებამ შეძლო იქ შეზღუდული, მაგრამ მაინც პარალელური მმართველობის ჩამოყალიბება. ქართულ სოფლებში დაიწყო ოსებისათვის მიმზიდველი ინფრასტრუქტურის შექმნა. ოსებისა და ქართველების ინტეგრაციის ხარისხი ამაღლდა.

საქართველომ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” შესთავაზა შეუზღუდავი ავტონომიის ფორმა, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდებოდა კონფედერაციისაგან. ამასთან, მყარი, საკონსტიტუციო გარანტიებით და ეს შეთავაზება გაჟღერდა ყველა საერთაშორისო დონეზე, რამაც დიდ ინტერესთან ერთად საქართველოს სრული მხარდაჭერა მოუტანა.

აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული ძალისხმევის შედეგად ქართული ჯარი ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და მისი უპირატესობა აფხაზებისა და ოსების სამხედრო ძალასთან შედარებით აშკარად გამოიკვეთა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთი თანდათანობით კარგავდა გავლენას კონფლიქტურ რეგიონებზე და მისი ფარული თუ გაცხადებული სამხედრო ზრახვები აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” არარეალური ხდებოდა. ამიტომ აგრესორმა უკვე ღიად და მოურიდებლად დააფიქსირა თავი კონფლიქტის მხარედ აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ერთად და არა სამშვიდობო მისიის განმხორციელებელ ქვეყნად340. [251]

2008 წლის 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწვეტილება 1996 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც მასში გაერთიანებულ ქვეყნებს უწესებდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური სახის ურთიერთობების გაწყვეტას საქართველოს არაღიარებულ რეგიონებთან. ამის შემდეგ მჭიდრო კონტაქტი დამყარდა მოსკოვსა და არაღიარებულ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე. წ. რესპუბლიკებს შორის. ეს იყო თავისებური “კარტბლანში” კრემლის მხრიდან, რამაც სეპარატისტულ რეგიონებს თბილისის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო აქტიური ქმედებისაკენ უბიძგა.

20 აპრილს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო ქართველთა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტურ ზონას აკვირდებოდა. იმდენად, რამდენადაც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა იარაღი და ცოცხალი ძალა, თბილისი ამ ინფორმაციას საჭიროებდა (თავისი ტერიტორიების გაკონტროლება ხომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოს სურვილი და მოთხოვნილებაა). მაგრამ რუსეთი, რა თქმა უნდა უარყოფდა რაიმე სახით ამ ჩამოგდებაში მონაწილეობას. ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო ელვის სისწრაფით განვითარდა, ბუნებრივია, საქართველოს საზიანოდ.

31 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად, რკინიგზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით, უკვე აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, მეთიუ ბრაიზა,[252] აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, განაცხადებს: “ჩვენ რუსული მხარე გვიხსნიდა, რომ სარკინიგზო ჯარები მხოლოდ რკინიგზას შეაკეთებდნენ. ახლა კი ვხედავთ, რომ ამ რკინიგზით ბოლო პერიოდში რუსეთმა დიდძალი შეიარაღება შეიტანა კონფლიქტურ რეგიონებში”341

ამის შემდეგ სეპარატისტებისა და რუსების მიერ კონფლიქტის ორივე რეგიონში პერმანენტულად ხორციელდებოდა თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებსა და ქართულ სოფლებზე. ამჯერად, მხოლო ცხინვალის რეგიონის მოვლენებზე შევაჩერებთ ყურადღებას. მივყვებით პროცესებს: 3 ვილისს დიდი და პატარა ლიახვის ხეობის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის კორტეჟს. 6 ივლისს ოსმა სეპარატისტებმა ავტომატური ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფელ ნულთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს; პარალელურად, ნაღმტყორცნების საშუალებით, ცეცხლი გაიხსნა ქართული სოფლის კეხვის მიმართულებითაც. ქართულ მხარეს პროვოკაციაზე არ უპასუხია342.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლს სულ საათების მიხედვით ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ გეგმა შემუშავებული. პარალელურად დაფიქსირდა 4 ქართველი სამხედროს გატაცება ცხინვალის რეგიონში. [253]

ცხინვალს ეუთოს დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც კოკოითის მთავრობამ უნდობლობა გამოუცხადა და ფორმატის შეცვლის მიუღებლობაზე დიდხანს ილაპარაკა. ამავე დროს რუსულმა თვითმფრინავებმა კვლავ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, რაც შემდეგ რუსულმა მხარემ იუარა.

ივლისის თვეში რუსეთის ჩრდილოკავკასიურმა სამხედრო ოლქმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით “კავკაზ2008”, რომელშიც მონაწილეობდა 8000 სამხედრო და 700 ერთეული ჯავშანტექნიკა. ცხინვალის რეგიონში ოსმა სეპარატისტებმა ერთი ქართველი აიყვანეს მძევლად. 21 ივლისს კოკოითმა უარი განაცხადა ევროკავშირის წინადადებაზე ბრიუსელში (ბელგია) ქართულოსური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. უარის მიზეზი ოსურ მხარეს არ ელეოდა. კოკოითს, ჩოჩიევსა და მისთანებს ხან რეინტეგრაციის სამინისტროს დასახელება აღიზიანებდათ, ხან მოლაპარაკებაში ჩრდილოეთ ოსების ჩართვას მოითხოვდნენ. მოკლედ, როგორც ჩანს, დირექტივა ჰქონდათ კრემლისგან მიღებული, დროში გაეწელათ პროცესი ან ქართული მხარე წონასწორობიდან გამოეყვანათ. კოკოითი ასევე უარს აცხადებდა ჰელსინკში (ფინეთი) ქართულ მხარესთან მოლაპარაკების გამართვაზე. სამაგიეროდ 29 ივნისს ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების, სვერისა და სარაბუკის მიმართულებით. მათ ასევე იერიში მიიტანეს სარაბუკის მაღლობზე მდებარე ქართული სამშვიდობოების პოსტ საგუშაგოზე. [254]

1 აგვისტოდან ერედვი _ ხეითის გზაზე აფეთქდა მანქანა, რის შედეგადაც 6 ქართველი პოლიციელი დაშავდა; “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა კონფლიქტის ზონაში საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქართული დელეგაცია 2 აგვისტოს “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა, რომლის დროსაც, ქართული სოფლების დაცხრილვაში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობაზე ქართველთა ეჭვი გამართლდა _ სროლებში ჩართული იყო ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონი, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ვერ გადმოკვეთდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და ვერც ცეცხლს გახსნიდა რუსი სამშვიდობოების დაუხმარებლად. ამავე დღეებში დიმიტრი მედოევმა, “სამხრეთ ოსეთის” სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა, მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ 12 აგვისტოს განმავლობაში ოსურმა მხარემ 29 ქართველი სამხედრო სიცოცხლეს გამოასალმა343.

4 აგვისტოს კოკოითის რეჟიმმა დაიწყო ქალებისა და ბავშვების გახიზვნა ჩრდილოეთ ოსეთში “ქართველი აგრესორებისაგან” დასაცავად (ეს მაშინ, როდესაც ჯერ არანაირ სამხედრო ოპერაციას არ ჰქონდა ადგილი ქართველების მხრიდან, უბრალოდ, ამ აქტით ჩანს, რომ ოსები უკვე აპირებდნენ მოქმედების გააქტიურებას საბრძოლო კუთხით). თუმცა, ვლადიკავკაზის განცხადებით, ბავშვების გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთში იყო იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა “სამხრეთ ოსეთის” ბავშვების მასპინძლობას ზაფხულის არდადეგებზე ჩრდილოეთ ოსეთის კურორტებზე. სულ თვითგამოცხადებული რეგიონებიდან 534 ადამიანი (მათ შორის 390 ბავშვი) გაიგზავნა. 5 აგვისტოს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა როკის გვირაბით რეგიონში დიდძალი და უკანონო შეიარაღების შემოტანის აღსაკვეთად თბილისსა და მოსკოვს როკის ერთობლივი გაკონტროლებისკენ მოუწოდა; სამხრეთ ოსეთიდან გრძელდება ქალებისა და ბავშვების გაყვანა ვლადიკავკაზის მიმართულებით (819 ადამიანი, აქედან 548 ბავშვი).

გვიან ღამით ფრონის ხეობაში მდებარე ქართულ სოფელ ნულის მიმართულებით ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს, აქ მდებარე პოლიციის განყოფილებას კი სამი ჭურვი ესროლეს, რომელთაგან ორი შენობას მოხვდა, მასამე კი ეზოში აფეთქდა. 6 აგვისტოს რამდენიმე ქართული სამშვიდობო დაიჭრა ოსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ქართული ძალები შეეცადნენ სოფელ ნულის მახლობლად არსებული იმ სიმაღლის აღებას, რომელიც ოსურ სოფლებს გადაჰყურებს. 7 აგვისტოს სროლები გრძელდება, ძირითადი სამიზნე ქართული საგუშაგოებია. რამდენიმე ჭურვი ქართულ სოფელ ვანათშიც ჩავარდა. ინტენსიურად იცხრილება ერედვი _ ფრისი სოფელ დმენისიდან და ზემო ფრისიდან. პარალელურად, სოფელ თლიაყანიდან და მცხეთის ჯვრიდან იბომბება სარაბუკის სიმაღლე, სადაც ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოა. სოფელ ფრისის დაბომბვამდე ცეცხლი გაიხსნა ქართული სოფლების [256]

ნულისა და ავნევის მიმართულებით. ყოველივე ამის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ქართულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ოსურმა ბანდფორმირებებმა უკან დახევა დაიწყეს. ამის შემდე თბილისმა ცეცხლის შეწყვეტის მორატორიუმი გამოაცხადა და ოსურ მხარეს ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთება შესთავაზა. სეპარატისტების დაცვის მოტივით კი, როკის მისადგომებთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკვე მობილიზებული იყო. ისინი სწორედ მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ელოდნენ. მათ შემოსვლას კი უკვე ცნობილი შედეგები მოჰყვა…344

კბილებამდე შეიარაღებულმა რუსებმა მხოლოდ მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე გაიმარჯვეს საერთაშორისო კონვენციით სასტიკად აკრძალული ისეთი არაჰუმანური იარაღით, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო კასეტური ჭურვები და მხტუნავი ნაღმები, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ამ ქართულ დასახლებულ პუნქტებს რუსების შემოტევისას არავინ იცავდა, რადგან ჩვენი ჯარისკაცები სარდლობამ შეგნებულად გაარიდა ამ უაზრო სისხლისღვრას. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მართლაც ბრძნული გადაწყვეტილება, რადგან ისედაც მცირერიცხოვანი ქართველებისათვის ერთი ადამიანის დაკარგვაც კი ერის ტრაგედიაა, რუსეთისათვის კი, სადაც საკუთარი თუ [257]

სხვა ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეს არასოდეს ედო ფასი, თუნდაც მილიონობით დაღუპული ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა და სხვა არაფერი. თანაც, თბილისისკენ დაძრული ურიცხვი მტრის შესახვედრად მიზანშეწონილად ჩაითვალა დედაქალაქში მცხეთის მხრიდან შემომავალი ერთადერთი გზის ბლოკირება, ვიდრე გაშლილ სივრცეში ბრძოლა. სხვა შემოსასვლელი გზებით აგრესორი ვერ ისარგებლებდა და დიდ დროს დაკარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ გორის და ქართლის სხვა დასახლებული პუნქტების აღებისას რუსებს და მათ შემოყოლილ ჩრდილოკავკასიელ ბანდიტებს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, ვანდალიზმსა და ნგრევაში გაწაფულმა რუსმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დაანგრიეს ქალაქი გორი (ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა რუსეთის მძლავრი სახელმწიფოს დამაარსებელი იოსებ სტალინი, რომ როდესმე რუსები მის მშობლიურ ქალაქს დაბომბავდნენ). მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში რუსებმა ძირფესვიანად მოთხარეს სატელეფონო ბოძები, ჩაძირეს კატარღები, გადაწვეს სამთავრობო დაწესებულებათა შენობები, მოშალეს მთელი რიგი ინფრასტრუქტურებისა, მათ შორის აბსოლუტურად უწყინარი სამოქალაქო ობიექტები, ააფეთქეს რკინიგზის ხიდები, რითაც ფაქტიურად გაანადგურეს კავშირი შავი ზღვის პორტებსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. რუსული ვერტმფრენები სვავებივით დასტრიალებდნენ შიდა ქართლის, ბორჯომისა და წაღვერის მიდამოებს და ცეცხლს უკიდებდნენ აქაურ უნიკალურ ნაძვის ხეებს. მაგრამ, რუს ვანდალებს [258]

 ღმერთიც განუდგა და ამ დროს მთელი ქართლის ტერიტორიაზე წვიმა დაიწყო და ამ მიზეზით მხოლოდ ნაწილობრივ გადარჩა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ტყეების დიდი მასივი345

რუსებს სურდათ ერთ დღეში მოეთავებინათ ხელი საქართველოსათვის. მათი ტანკები ცხინვალიდან ერთ საათში ჩავიდოდნენ თბილისში, ზუგდიდიდან კი ისინი ორ საათში დაიკავებდნენ დასავლეთ საქართველოს, რომლის შემდეგ შეცვლიდნენ საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ, ცხინვალთან შეტაკებამ ზუგდიდის მხრიდან რუსების შემოტევაც შეაყოვნა, ამასობაში კი რუსების აგრესია მთელ მსოფლიოში გახმაურდა, რამაც გვიხსნა კიდეც და რუსებმა ვეღარ მოახერხეს მთელი საქართველოს სწრაფი ოკუპაცია. მოვგიანებით რუსებმა აღიარეს, რომ მათ თორმეტჯერ ვერ შეაფასეს ქართველთა სამხედრო ძლიერება, რაც ფაქტიურად ამ ომის 12 დღით გადავადებას ნიშნავდა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება მიგვეწვდინა ხმა მსოფლიოსთვის და თავი გვეხსნა დაუნდობელი მტრის კლანჭებისაგან.

8 აგვისტოს ცხინვალთან მისული ელიტური ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი, თითქმის ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა ქართველების ცხინვალიდან გაძევებას, თუმცა არც არტილერია აკლდათ, არც ტანკები და არც სამხედრო ავიაცია. დაიჭრა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა თვით 58ე არმიის სარდალი არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა. ამ დროს კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო მტრის 20000 ჯარისკაცი და უამრავი საბრძოლო ტექნიკა. უკან დახევის ბრძანებით საქართველოს ხელმძღვანელობამ გადაარჩინა უამრავი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე, და შეინარჩუნა რეგულარული არმია, რომელსაც რუსების ელიტური ქვედანაყოფების ელვისებური დამარცხებით კიდევ უფრო აუმაღლდა ხალხში ავტორიტეტი და ნდობის ვოტუმი.

რაც შეეხება რუსებს, მათ ისიც ეგონათ, რომ ხელისუფლებას მწვავედ დაპირისპირებული ქართული ოპოზიცია დემარშს მოახდენდა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ და თავად მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. მაგრამ აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ რუსებს _ ასე ერთ მუშტად და ერთად მდგარი საქართველო ჩვენ დიდი ხანია აღარ გვიხილავს. ოპოზიციამ კი მტკიცედ განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია და არა ვიღაც გადამთიელ მოძალადესო. სწორედ ქართველი ხალხის ამგვარი ერთსულოვნება და შეუდრეკელი ბუნება იქცა რუსების დამარცხების ერთერთ მიზეზად.

აქვე, შედარებისათვის გავიხსენოთ კენედების ტრაგიკული ბედის მქონე ოჯახთან დაკავშირებული ერთი საინტერესო ეპიზოდი. ძმები კენედების მამასთან მისი ოჯახის ერთერთი წევრი მივიდა და უთრა, შენი შვილები ჩხუბობენ და დაუნდობლად ცემენ ერთმანეთსო.

_ ეგ არ არის ტრაგედია, _ მიუგო უფროსმა კენედიმ, _ საშინელება ის იქნება, ერთი მათგანი ვინმეს [260]რომ ეჩხუბოს და ორი ძმა არ მიეხმაროს, ან იმ სხვა ვიღაცის მხარე დაიჭიროსო.

რუსებსაც ასე დაემართათ. იმის იმედად იყვნენ, რომ ქართველები ერთმანეთს დავერეოდით და შემდეგ უმტკივნეულოდ შეცვლიდნენ ხელისუფლებას, მაგრამ გაწბილდნენ346.

ახლა დავსვათ კითხვა: იქნებ საომარი ოპერაციების დაწყებამდე რუსეთს მივეცით რაიმე საბაბი ან სამართლებრივი საფუძველი? რუსეთის არგუმენტები ამ თვალსაზრისით იმდენად უსუსური იყო (მაგალითად, საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ოსი ხალხის გენოციდი და სხვა), რომ მისი განხილვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან სახელმწიფოების მხრიდან სერიოზულ დონეზე არც მომხდარა.

საქართველოს მიმართ რუსეთის პირდაპირი საომარი ხასიათის აქცია გარდაუვალი იყო. უფრო მეტიც, რუსეთს არ აკმაყოფილებს სრული გავლენის მოპოვება აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”. მისი მთავარი მიზანია სრულმასშტაბიანი გავლენა მთელ კავკასიაში. ამის ნათელი დადასტურება იყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 5 ნოემბერს ფედერალური კრებისადმი გაკეთებული მიმართვა: “… ჩვენ კავკასიიდან უკან არ დავიხევთ… არის ღირებულებები, რომლისთვისაც უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო, რის გარეშეც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა”. აქ ალბათ კომენტარი საჭირო აღარ არის347.

რატომ დაიწყო რუსეთმა სამხედრო აგრესია “სამხრეთ ოსეთიდან” და არა აფხაზეთიდან? პროფ. ჯ. გახოკიძის საფუძვლიანი ანალიზით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი და მთავარი სამხედრო დაზვერვის სამსახური რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას უმტკიცებდა, რომ სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების თვალსაზრისით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში “სამხრეთ ოსეთი” გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე აფხაზეთი.

თითქმის შეძლეს კიდეც მათ ამის დამტკიცება ხელისუფლებისათვის. უმოკლეს დროში, უმოკლესი გზით გორზე თავდასხმით საქართველოს აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილი გახლიჩეს შუაზე და ყველა შემაერთებელი არტერია გამოიყვანეს მწყობრიდან, რაც მთავარია, აქედან შეეძლოთ, ერთ საათში თავდასხმა განეხორციელებინათ თბილისზე, რაც საქართველოს მთლიანი ოკუპაციისა და ხელისუფლების შეცვლისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

რაც შეეხება აგრეთვე ოპერაციის განხორციელებას აფხაზეთიდან, მარტო ამ მოცულობის სამხედრო ტექნიკის თბილისზე გადაადგილებისათვის საჭირო დრო ჩაშლიდა მათ გეგმებს (აქ იგულისხმება საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დროში მოსწრებული უდიდესი წინააღმდეგობა)348.

ოსებმა მოიპოვეს “დამოუკიდებლობა” საბოლოოდ მისი დაკარგვის პერსპექტივით. უფრო მეტიც, ოს ხალხს ემუქრება, ისე როგორც აფხაზებს, დემოგრაფიული კატასტროფა.

საქართველომ შეძლო საინფორმაციო ომის მოგება: აგრესორის მორალურპოლიტიკური დამარცხება და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას მიაღწია. ამასთან, ომით გამოწვეული მეტად არასახარბიელო შედეგების მიუხედავად, ქართული ჯარი მისი მომზადების, შეიარაღების, თუნდაც თავგანწირვის თვალსაზრისით, ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და ამას თვითონ რუსი პოლიტიკოსები, სამხედროები და მედიაც ვერ მალავს. სამომავლოდ ეს არც ისე უმნიშვნელო წანამძღვრებია349.

რუსეთის სახელმწიფომ 2008 წლის 7 აგვისტოს დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს _ საზღვრები (სწორედ თვითონ რუსეთის მიერ 2008 წლის 7 აგვისტომდე აღიარებული საზღვრები) და ომის გამოუცხადებლად დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი სუვერენიტეტის მთლიანი სრულყოფის მიზნით. საქართველო იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ამიტომ, საქართველოს მხრიდან ომი, თავისი ხასიათით, უპირობოდ სამართლიანი იყო350.

ჩვენი სამშობლო არასოდეს შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას. საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ წართმეული ძირძველი ქართული მიწის დაბრუნებას და ქვეყნის მთლიანობის აღდგენას.

2009

———————- 

324 მაქს ვებერი, პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა, თარგმანი გერმანულიდან, თბ., 1994. გვ. 54.

325 А. Бушков, Россия которой не было, М., 1997, с. 68.

326 ქართული სამეფო სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტო-რიიდან, I, თბ., 1970, გვ. 79.

327 პ. გუგუშვილი, საქართველოსა და ემიერკავკასიის ეკონომი-კური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტომი მეშვიდე, თბ., 1984, გვ. 197.

328 ქ. ჯიჯეიშვილი, გ. ჯულუხაძე, ოსური სეპარატიზმი სამაჩაბ-ლოში, “საისტორიო ვერტიკალები”, 2009, #18, გვ. 131.

329 მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, რუსეთთან და ურუსეთოდ, თბ., 2007, გვ. 87-88.

330 ქ. ჯიჯეიშვილი, შტრიხები საქართველოს პრეზიდენტთა პო-ლიტიკური პორტრეტისათვის, თბ., 2009, გვ. 63.

331 ქ. ჯიჯეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 11.

332 მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, დასახ. ნაშრომი, გვ. 11.

333 რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008, გვ. 480-481.

334 მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, დასახ. ნაშრომი, გვ. 11-12.

335 ქ. ჯიჯეიშვილი, გ. ჯულუხაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 134.

336 ჯ. გახოკიძე, რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფილიოს ახა-ლი წესრიგი, “საისტორიო ვერტიკალები”, 2008, #16, გვ. 80-81.

337 ს. ყორანაშვილი, აგვისტოს ერთი კვირა, რომელმაც შეძრა დასავლეთი, “საისტორიო ვერტიკალები”, 2008, #17, გვ. 71-72.

338 ნ. ღუდუშაური, საქართველო რუსეთის ურთიერთობის ზოგი-ერთი ასპექტი, “საისტორიო ვერტიკალები”, 2008, #15, გვ. 80.

339 იქვე, გვ. 81.

340 ჯ. გახოკიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 80-81.

341 ს. ყორანაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 62-63.

342 იქვე, გვ. 65.

343 ს. ყორანაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 68-69.

344 ს. ყორანაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 69-70.

345 ჯ. ხარებავა, რ. ჯალაღანია, დ. ქობალია, სამდღიანი ომი და სამარადისო გამარჯვება, თბ., 2008, გვ. 186-187.

346 ჯ. ხარებავა, … დასახ. ნაშრ., გვ.193-194.

347 ჯ. გახოკიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 81-82

348 ჯ. გახოკიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 83.

349 ჯ. გახოკიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის ხასიათი და თავისე-ბურებანი, “საისტორიო ვერტიკალები”, 2008, #17, გვ. 57.

350 იქვე, გვ. 59, 60.

 2009

დატოვე კომენტარი