Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ყირიმის ომი

აფხაზეთი – Abkhazia

ბეჟან ხორავა – ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე”

I ნაწილი, II ნაწილი, III ნაწილი

 

IV ნაწილი

 

*** 

ყირიმის ომი და აფხაზეთი

  

XIX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს კვლავ გამწვავდა “აღმოსავლეთის საკითხი”,  რომელმაც ამ პერიოდის რუსეთის საგარეოპოლიტიკურ პრობლემებს შორის მთავარი ადგილი დაიკავა.

“აღმოსავლეთის საკითხი” წარმოადგენდა მწვავე წინააღმდეგობათა რთულ კვანძს, რომლის არსი ახლო აღმოსავლეთში გაბატონებისათვის ბრძოლაში მდგომარეობდა. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობდა ღრმა შინაგანი კრიზისით მოცული ოსმალეთისა და მისი სამფლობელოების დაუფლებას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრების, ამ რეგიონზე გამავალი სავაჭრო გზების, აგრეთვე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე გაბატონებას, რაც განუყოფლად იყო დაკავშირებული კავკასიაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან. “აღმოსავლეთის საკითხი” გამწვავების კვალად იზრდებოდა კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა. რუსეთის ხელისუფლებას არ შეეძლო ეფიქრა შავი და კასპიის ზღვების რაიონში ექსპანსიის გაფართოებაზე, კავკასიაში განმტკიცების გარეშე.

ახლო აღმოსავლეთში გაბატონების პრეტენზია ჰქონდა ერთი მხრივ რუსეთს, რომელიც ოსმალეთში გავლენის განმტკიცებას ცდილობდა; მეორე მხრივ, ინგლისს და საფრანგეთს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე დომინირებდნენ, სურდათ ამ რეგიონში გადამწყვეტი ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობისა მოპოვება, ოსმალეთისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის დამორჩილება; ავსტრიას ინტერესები ჰქონდა ბალკანეთში, სადაც ასევე რუსეთი ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას. ეს სახელმწიფოები შიშობდნენ, რომ მოწინააღმდეგეები დაასწრებდნენ, ამიტომ 50იანი წლების დასაწყისში ისინი ცდილობდნენ კვანძის გახსნა დაეჩქარებინათ. 

1848-1849 წლების რევოლუციების შემდეგ, როდესაც რუსეთის გავლენა ევროპაში კიდევ უფრო გაიზარდა, ნიკოლოზ I (1825-1855) შეეცადა “აღმოსავლეთის საკითხი” რუსეთის სასარგებლოდ გადაეწყვიტა. იგი ოსმალეთს “ავადმყოფ ადამიანს” უწოდებდა, რომლის მემკვიდრეობა დროულად უნდა განაწილებულიყო. ძლიერი მოკავშირის მოპოვების მიზნით ნიკოლოზ I შეეცადა ინგლისს დაახლოებოდა და გავლენის სფეროების გაყოფაზე მოლაპარაკებოდა, მაგრამ “ნისლიანი ალბიონი” რუსეთთან გარიგებაზე არ წავიდა; 1848 წლის რევოლუციით შერყეულ საფრანგეთსა და ავსტრიას, რომელიც მან 1849 წელს “იხსნა”, ნიკოლოზ I ანგარიშს არ უწევდა. რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ინგლისი და საფრანგეთი დააახლოვა. მათი მთავარი მიზანი გახდა ხელი შეეშალათ რუსეთისათვის, წაექეზებინათ ბრწყინვალე პორტა და საქმე რუსეთოსმალეთის ომამდე მიეყვანათ.

ინგლისსა და საფრანგეთს სურდათ რუსეთის განდევნა ყირიმიდან და კავკასიიდან. ცნობილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის ჰ. პალმერსტონის* გეგმით გათვალისწინებული იყო რუსეთის დანაწილება. მას უნდა ჩამორთმეოდა მთელი რიგი სამფლობელოები, მათ შორის ყირიმი და კავკასია. ყირიმი და საქართველო უნდა გადასცემოდა ოსმალეთს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც პალმერსტონი ჩერქეზეთს** უწოდებდა, უნდა შექმნილიყო სახელმწიფო ჩერქეზეთი, რომლის სათავეშიც შამილი მოიაზრებოდა. ჩერქეზეთი უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, ან ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ უნდა გადასულიყო. ამ კავკასიურ სახელმწიფოს უნდა გადაეკეტა გზა რუსეთის წინსვლისათვის სამხრეთისაკენ. ამდენად, ინგლისს მხარი უნდა დაეჭირა შამილის ბრძოლისათვის.  ინგლისის გეგმები ეთანხმებოდა ოსმალეთის რევანშისტულ მისწრაფებებს, რომელიც ყირიმისა და კავკასიის დაბრუნებას ცდილობდა.

ოსმალეთის გაყოფაზე ინგლისისაგან უარის მიღების შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა წინ წაწეულიყო და პორტაზე დიპლომატიური ზემოქმედება მოეხდინა. 1853 წლის მარტში რუსეთმა პორტას კატეგორიული ფორმით მოსთხოვა მისთვის ოსმალეთში მართლმადიდებელი ეკლესიისა და სულთნის მართლმადიდებელი ქვეშევრდომების მფარველის უფლების მინიჭება. ამასთან, ეს უფლება დამტკიცებული უნდა ყოფილიყო სულთნის სენედით და არა ფირმანით, რომ მას საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულების ხასიათი ჰქონოდა. ინგლისი, ერთი მხრივ, რუსეთს აქეზებდა, ხოლო მეორე მხრივ ოსმალეთს, და საქმე ომამდე მიჰყავდა. რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა პორტასთან და ოსმალეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველობისა და პორტას მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბაბით, რომელიც სულთნის მიერ ირღვეოდა, 1853 წლის ივნისივლისში დუნაის სამთავროები დაიკავა.  ინგლისსაფრანგეთის დაპირებებით დაიმედებულმა სულთანმა აბდულ მეჯიდ I-მა (1839-1861) 1853 წ. 17 სექტემბერს (9 ოქტომბერი) რუსეთს დუნაის სამთავროებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვა და ულტიმატუმის ვადის გასვლას არც დაელოდა, 4(16) ოქტომბერს ომი გამოუცხადა.  დაიწყო აღმოსავლეთის ომი (1853-1856), რომელიც ასევე ყირიმის ომის სახელითაა ცნობილი, რადგან ომის მთავარი მოვლენები ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარდა. ომის თეატრმა ბალკანეთი და კავკასიაც მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ყირიმსა და ბალკანეთში რუსეთის მიერ განცდილი მარცხის ერთგვარი კომპენსაცია გახდა რუსეთის ჯარების წარმატება კავკასიის ფრონტზე, თუმცა, თავიდან რუსეთისთვის სახარბიელო ვითარება არც ამ ფრონტზე იყო.

ომის დასაწყისში რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. 1854 წლის მარტში ინგლისმა და საფრანგეთმა მას ომი გამოუცხადეს. მოგვიანებით, მათ სარდინიის სამეფოც შეუერთდა.

ომის დაწყების წინ რუსეთის ჯარების მდგომარეობა კავკასიის ფრონტზე სავალალო იყო. შამილისა და დასავლეთ კავკასიაში მისი ემისრის _ მუჰამედემინის შემოჭრის მუდმივი საფრთხე კავკასიის კორპუსის სარდლობას აიძულებდა, რომ მოქმედი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მთიელებთან ბრძოლისათვის მუდმივ მზადყოფნაში ჰყოლოდა. დამატებით სიძნელეებს ფრონტის ხაზის გაჭიმულობა, გზების უვარგისობა და რთული ბუნებრივგეოგრაფიული პირობები ქმნიდა.

მუჰამედემინის მიზანი იყო დასავლეთ კავკასიის მთიელთა დაქსაქსული ძალები საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაეერთიანებინა. მეფისნაცვალი კავკასიაში და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი მიხეილ ვორონცოვი (1844-1854) თვლიდა, რომ მუჰამედემინს შეეძლო გარკვეული წარმატებებისათვის კავკასიონის ქედის სამხრეთითაც მიეღწია, სახელდობრ, აფხაზეთში. 1853 წ. სექტემბერში მ. ვორონცოვმა აფხაზეთის მთავარს მიხეილ შარვაშიძეს (1823-1864) აცნობა, რომ შავიზღვისპირეთის საკორდონო ხაზის სარდლის, გენერალმაიორ იაკობ კუხარენკოს ცნობით, მუჰამედემინი აფხაზეთში გაემართა თითქოსდა ოსმალეთის ჯარებთან შასახვედრად, ხოლო დასავლეთ კავკასიის მართვა ვინმე ხანუყოს მიანდო. ეს უკანასკნელი ოსმალეთიდან ახალი ჩამოსული იყო. ის სტამბოლიდან ბათუმში ჩამოვიდა, შემდეგ ნავით რედუტყალეს მახლობლად  ნაპირზე გადმოვიდა და მერე აფხაზთა ხელშეწყობით მშვიდობიანად მიაღწია მეკჰემეს მდ. ბელაიაზე, სადაც მუჰამედემინი მას დიდი ზეიმით შეხვდა. მ. ვორონცოვმა მიხეილ შარვაშიძეს დაავალა საჭირო ზომები მიეღო, რათა შემდგომაც არ მომხდარიყო აფხაზეთის გავლით საეჭვო პირების გადაადგილება და, თუ ეს ფაქტი დადასტურდებოდა, ხანუყოს ხელშემწყობნი გამოევლინა.  მ. ვორონცოვს აშფოთებდა მუჰამედემინის აფხაზეთში გამოჩენა, მიხეილ შარვაშიძეს მისი აფხაზეთში გამოჩენა თავისი ღირსების შელახვად მიაჩნდა. “ყველაფერი, რაც აფხაზეთის სარგებლობასა და ზიანს ეხება, ეს ჩემი პირადი სარგებლობა და ზიანია, _ წერდა ის. _ მე ვარ მთავარი აფხაზეთისა და მხოლოდ მე ერთს მაქვს გავლენა აფხაზეთის ხალხზე. სხვა გავლენა ჩემს სამფლობელოში არ უნდა არსებობდეს, მაგრამ თუკი ის არის, თუნდაც ფარული სახით, რა თქმა უნდა ის საზიანოა”.  პორტა გარკვეულ იმედებს ამყარებდა დასავლეთ კავკასიის მთიელებზე. სულთანმა მუჰამედემინს ფირმანი გამოუგზავნა და დაავალა თურქთა მხედრობისა და არტილერიისთვის, რომელიც დესანტით უნდა გადაესხათ, 2 ათასი ცხენისთვის მოეყარა თავი; ყველა საშუალებით დახმარებოდა თურქთა ჯარს და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მთიელებიც დაერაზმა. ასეთი დავალების მიღების შემდეგ მუჰამედემინმა გარკვეული ზომები მიიღო და აბაძეხებში მეომრებისა და ცხენების შეგროვებას შეუდგა.

კავკასიაში საომარი მოქმედებები იმით დაიწყო, რომ 1853 წლის 15-დან 16 ოქტომბრის ღამით თურქებმა იერიში მიიტანეს წმ. ნიკოლოზის სიმაგრეზე (შეკვეთილი), რომელსაც სახაზო ბატალიონის ორი ასეული და გურიის მილიციის ასეული იცავდა. მიუხედავად სიმაგრის დამცველთა მედგარი წინააღმდეგობისა, თურქებმა იერიშით აიღეს შეკვეთილი და გარნიზონი თითქმის მთლიანად ამოჟლიტეს.  თურქები დასავლეთ საქართველოში იმთავითვე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისა და ქართული სახალხო ლაშქრის მხრიდან. ქართულ მილიციას შეადგენდნენ გურიის 14, სამეგრელოსამურზაყანოს 12 და იმერელთა რამდენიმე რაზმი.  შემოდგომაზე თურქები აფხაზეთის სანაპიროზეც გამოჩნდნენ. 7 ნოემბერს რუსულ სამხედრო ფრეგატს “ფლორასა” და სამ თურქულ ხომალდს შორის აფხაზეთის სანაპიროზე შეტაკება მოხდა. აფხაზეთის დედოფლის ალექსანდრა შარვაშიძის ბრძანებით ბზიფის ოლქის მცხოვრებნი დაუყოვნებლივ შეიკრიბნენ ბომბორის მახლობლად, რათა ხელი შეეშალათ თურქებისათვის დესანტის გადმოსხმაში, თუ ამის მცდელობა ექნებოდათ.  შექმნილი რთული ვითარების გამო კავკასიის კორპუსის სარდლობა ფიქრობდა სოხუმის გარნიზონი ორი ბატალიონით გაეძლიერებინა. 

მალე, რუსეთის ჯარის ნაწილებმა ქართველთა სახალხო ლაშქართან ერთად პირველ წარმატებას მიაღწიეს თურქებთან ბრძოლაში. 14 ნოემბერს გენერალმა ივანე ანდრონიკაშვილმა ახალციხესთან გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ოსმალეთის ჯარის ნაწილებს, რომელთაც ალიფაშა სარდლობდა და ქართლში შეჭრას ან გურიის საზღვარზე თავმოყრილ ჯართან შეერთებას ცდილობდა. შემდეგ, გენერალლეიტენანტმა ვ. ბებუთოვმა 19 ნოემბერს მდ. არფაჩაის მარჯვენა ნაპირზე დაამარცხა ოსმალეთის მთავარი კორპუსი სერასკირ აბდიფაშას მეთაურობით, რომელიც თბილისისკენ გაჭრას ცდილობდა. 

24 ნოემბერს გენერალმა ი. ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის კორპუსი ახალციხესთან, რამდენიმე დღის შემდეგ კი ვიცეადმირალმა პ. ნახიმოვმა სინოპის ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტი გაანადგურა, რასაც კავკასიის დაცვისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სინოპთან ოსმალეთის ფლოტის განადგურებამ თურქები აიძულა თბილისის დაუფლების განზრახვაზე ხელი აეღოთ. ამასთან, სინოპის ბრძოლის შემდეგ რუსეთის ფლოტი გაბატონდა ფაქტობრივად შავ ზღვაზე, რამაც ინგლისსაფრანგეთი შეაშფოთა. მათთვის ცხადი გახდა, რომ მათ გარეშე ოსმალეთი ომში დამარცხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ ემოქმედათ. 1854 წლის იანვარში ინგლისსაფრანგეთის ფლოტი შავ ზღვაში შევიდა, რაც ლონდონის 1840 და 1841 წლების კონვენციების დარღვევა იყო. თებერვლის ბოლოს ინგლისმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ოსმალეთთან სამხედროთავდაცვითი კავშირის ხელშეკრულებას, რითაც ვალდებულება იკისრეს დაეცვათ “ოსმალეთის პორტას უფლებები”, ხოლო მარტში რუსეთს ომი გამოუცხადეს. 

1854 წლის დასაწყისში კავკასიის კორპუსის სარდლობა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეების ბედის გამო მოკავშირეთა ფლოტის შავ ზღვაზე გამოჩენის შემთხვევაში. მ. ვორონცოვის აზრით, ომის პირველი აქტი იქნებოდა რუსეთის მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს თითქმის ყველა სიმაგრის დაკარგვა, რადგან შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტი ვერ გამოჩნდებოდა და ციხესიმაგრეთა გარნიზონებს ზღვით ვერ გაიყვანდნენ; არც ხმელეთით არსებობდა მათი გამოყვანის შესაძლებლობა, არადა, მტერს ციხესიმაგრეთა გარნიზონი და იქ არსებული საბრძოლო და სასურსათო მარაგი ხელში არ უნდა ჩავარდნოდა. ამიტომ იგი საჭიროდ თვლიდა შავი ზღვის სანაპირო ხაზის გაუქმებას, რადგან მისი დაცვა შეუძლებლად მიაჩნდა.  მ. ვორონცოვის აზრით, მოკავშირეთა ფლოტის სოხუმზე თავდასხმის შემთხვევაში ძნელი იქნებოდა არამარტო ამ მნიშვნელოვანი პუნქტის, არამედ ბიჭვინთის, ბომბორის და, საერთოდ, ამ მხარის შენარჩუნება.  მთავარსარდლის შეშფოთებას იმპერატორიც იზიარებდა, თუმცა  აფხაზეთის სიმაგრეების მოხსნის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავდა, რადგან ამ სიმაგრეთა გარნიზონების სახმელეთო გზით გამოყვანა შესაძლებელი იყო, მაგრამ ადგილობრივი სარდლობის ნების წინააღმდეგ არ წასულა. ამრიგად, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გაუქმებისა და, მათ შორის, აფხაზეთიდან გარნიზონების მოხსნის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყდა.

1853-1854 წწ. ზამთარში ამიერკავკასიის ფრონტზე შეტევითი ოპერაციები არ განხორციელებულა.  1854 წლის თებერვალში კი მ. ვორონცოვმა აფხაზეთის სიმაგრეებიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსს, ვიცეადმირალ ლ. სერებრიაკოვსა და სანაპირო ხაზის III განყოფილების უფროსს, გენერალმაიორ მირონოვს, ინსტრუქცია მისცა, რომელთაც ბიჭვინთის, ბომბორის და მრამბის გარნიზონების სახმელეთო გზით სოხუმში გამოყვანა დაავალა, რათა უკიდურეს შემთხვევაში სოხუმი მაინც შეენარჩუნებინათ. რაც შეეხება გაგრას, რომელიც კავკასიელ მთიელებს აფხაზეთისაკენ გზას უკეტავდა, იმ დრომდე უნდა შეენარჩუნებინათ, სანამ აფხაზეთის სხვა სიმაგრეებს დაცლიდნენ. სულ მალე კი კავკასიის კორპუსის საინჟინრო სამსახურის უფროსის, გენერალმაიორ განზენის მიერ სოხუმისა და მისი შემოგარენის საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, ზღვიდან შეტევის შემთხვევაში სოხუმის დაცვაც შეუძლებლად იქნა მიჩნეული. 

ასეთ რთულ ვითარებაში, მ. ვორონცოვმა მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო გადადგომა ითხოვა, რაც იმპერატორმა დააკმაყოფილა. 1 მარტს მ. ვორონცოვმა მეფისნაცვლისა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის მოვალეობა დროებით გენერალ ნ. რეადს გადააბარა, ხოლო 4 მარტს თბილისი დატოვა.

4 მარტს მიხეილ შარვაშიძემ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა სარდლობის განზრახვა სანაპირო ხაზის მიმართ, კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალლეიტენანტ ა. ბარიატინსკის აუწყა აფხაზეთის სამთავროს გარშემო შექმნილი რთული ვითარების თაობაზე, და იმ ზომებზე, რომელთა გატარებასაც აპირებდა, რათა მთიელების აფხაზეთში შეჭრისათვის წინააღმდეგობა გაეწია. იგი ფიქრობდა, გაგრის ხეობისა და მდ. ბზიფის ნაპირის გამაგრებას იქ განლაგებული ჯარების გაძლიერებით, რათა ამით აფხაზეთი მუჰამედემინის შემოტევისაგან დაეცვა.  6 მარტს ლ. სერებრიაკოვმა ნ. რეადს აცნობა, რომ გაგრის ჩრდილოდასავლეთით შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების დაცლას შეუდგა. იმავდროულად, ნ. რეადმა მიხეილ შარვაშიძის წერილიც მიიღო. აფხაზეთის მთავარი მხარის შენარჩუნების მიზნით აუცილებლად თვლიდა აფხაზეთში 10 ბატალიონისა და 30 ქვემეხის გაგზავნას იქაური გარნიზონების გასაძლიერებლად. მაგრამ ნ. რეადს არც თავისუფალი ჯარის ნაწილები ჰყავდა, და აფხაზეთის სიმაგრეების ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. ნ. რეადმა აუცილებლად ჩათვალა დაუყოვნებლივ შედგომოდნენ აფხაზეთის სიმაგრეებიდან გარნიზონების გამოყვანას, რადგან მოკავშირეთა ხომალდებს აფხაზეთის ნაპირებთან გამოჩენა ყოველთვის შეეძლოთ. შემდეგ შეიძლებოდა ხმელეთითაც ვერ გამოეყვანათ ისინი მდინარეების ადიდების გამო, რაც გაზაფხულიდან აგვისტომდე გრძელდებოდა; ამასთან, ამიერკავკასიაში ჯარის ნაწილები საკმარისი არ იყო მხარის დასაცავად, ამიტომ აუცილებლად ჩათვალა აფხაზეთიდან ჯარის ნაწილების გამოყვანა და სამხედრო მინისტრის ბრძანების თანახმად მათი გურიის რაზმთან შეერთება. ნ. რეადმა გაგრის გარდა აფხაზეთის ყველა სიმაგრის დაცლის ბრძანება გასცა.  იმავდროულად, თბილისში გადაწყვიტეს აფხაზეთიდან ჯარის გამოყვანის ოპერაციის ხელმძღვანელობა მიხეილ შარვაშიძისათვის მიენდოთ. გაითვალისწინეს, რომ მას ფართო კავშირები ჰქონდა დასავლეთ კავკასიის მთიელებში და დიდი გავლენა ჰქონდა მათზე, განსაკუთრებით, ჯიქებსა და უბიხებზე. ამიტომ, კავკასიის კორპუსის სარდლობა ფიქრობდა, რომ მისი დანიშვნა წარმატების საწინდარი იქნებოდა. რაც შეეხება გაგრას, ფიქრობდნენ მისი გარნიზონი შემდეგ ზღვით გამოეყვანათ.

ნ. რეადის ბრძანება ფაქტობრივად გაგრის გაწირვას ნიშნავდა, რაც რუსეთის სარდლობას კარგად ესმოდა, მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა. პეტერბურგშიც იზიარებდნენ შეშფოთებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, მათ შორის, აფხაზეთის გარშემო შექმნილი რთული ვითარების გამო. იმპერატორის აზრით, რამენაირად უნდა შეემცირებინათ ის უარყოფითი შეხედულება, რასაც აფხაზეთში გამოიწვევდა  ამ მხარიდან რუსეთის ჯარის ნაწილების გაყვანის შესახებ ბრძანება და აფხაზები გაემხნევებინათ. სამხედრო მინისტრს, ვ. დოლგორუკოვს, აინტერესებდა რამდენად შეიძლებოდა აფხაზეთის მთავრის და იმ მხარეში გავლენიანი პირების, მაგალითად, კაც მარღანიას ერთგულებაზე დაყრდნობა; რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ რა საშუალებები იქნებოდა მიხეილ შარვაშიძის ხელში და შეძლებდა თუ არა ის შინა და გარეშე მტრებისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მხარის დაცვას; მუჰამედემინი მონახავდა თუ არა ბევრ მომხრეს აფხაზებში და შეეძლო თუ არა რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის რაღაც ნაწილის თანაგრძნობის იმედი ჰქონოდა. სამხედრო მინისტრი ნ. რეადს წერდა, რომ თუ აფხაზეთის მთავარი რუსეთის ხელისუფლების ერთგული დარჩებოდა და ამ მხარეში გავლენას შეინარჩუნებდა, სასურველი იქნებოდა მისი გამოყენება გაგრის გარნიზონის სამეგრელოში გამოსაყვანად სახმელეთო გზით ან აზოვის ფლოტილიის ხომალდების მეშვეობით. ყოველ შემთხვევაში, ის აუცილებლად თვლიდა ყველა ზომის მიღებას გაგრის გარნიზონის გამოსახსნელად. 

ნ. რეადის 19 მარტის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთში განლაგებული ჯარების სარდლად დაინიშნა და დაევალა აფხაზეთის სიმაგრეებიდან ჯარის ნაწილების გამოყვანა გარდა გაგრის გარნიზონისა, რომელიც ყველაზე გვიან უნდა გამოსულიყო, როდესაც მისი ფლობა რუსეთის ჯარების გამოყვანის დასაცავად საჭირო არ იქნებოდა.

იმავე დღეს მიხეილ შარვაშიძე ბიჭვინთაში გაემგზავრა, რათა გარნიზონის გამოყვანისათვის პირადად ეხელმძღვანელა. მთიელები გაგრასთან იყვნენ თავმოყრილი, რაც მის შეშფოთებას იწვევდა. 20-21 მარტს ბიჭვინთის გარნიზონი ბომბორაში გადავიდა, ხოლო სიმაგრე აფხაზეთის მთავრის ბრძანებით დაწვეს. 29 მარტს ჯარის ნაწილები ბომბორიდან სოხუმში გადავიდნენ. იმავდროულად, გრიგოლ შარვაშიძემ და კაპიტანმა ბათალბეი მარშანიამ წებელდიდან მრამბის გარნიზონიც სოხუმში გამოიყვანეს. მიხეილ შარვაშიძემ ხმები გაავრცელა, რომ სოხუმის დაცვას ბოლომდე აპირებდნენ და ამ მიზნით გარკვეული ზომებიც მიიღო: სოხუმის დაცვა გუმის ხეობის მხრიდან მისოუსტ ანჩაბაძეს დაავალა და მას მილიციის ნაწილი გადასცა; ამასთან, სოხუმიდან გუდავამდე (გუდაუთა) ჯარის ნაწილები განალაგა მთიელთა თავდასხმებისაგან დაცვის მიზნით; ზღვის სანაპიროზე გამაგრებული პუნქტები შექმნა, სადაც რუსეთის ხომალდებს თავის შეფარება შეეძლოთ მოწინააღმდეგის ესკადრის გამოჩენისას.

ამრიგად, მიხეილ შარვაშიძემ ბიჭვინთისა და ბომბორის გარნიზონები პირადად გამოიყვანა სოხუმში, რომელთაც მრამბის გარნიზონიც შეუერთდა. გაგრის სიმაგრე კი ალყაშემორტყმული იყო მთიელების მიერ. ნ. რეადმა აფხაზეთის მთავარს უბრძანა განეგრძო უკანდახევა და გურიიის რაზმს შეერთებოდა. მიხეილ შარვაშიძე ჯარის ნაწილებით თუ სოხუმში დაყოვნდებოდა, მოწინააღმდეგის ესკადრის გამოჩენისას ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა; ამასთან, შეიძლებოდა კოდორისა და ენგურის გადალახვაც გასჭირვებოდა მათი ადიდების გამო, ამიტომ აუცილებლად მიაჩნდა აფხაზეთის ჯარების გურიის რაზმთან შეერთების დაჩქარება.  მ. ვორონცოვსა და კავკასიის ხაზის სარდლობას მაინცდამაინც არ სჯეროდათ, რომ ბუნებრივგეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე მოკავშირეები დასავლეთ კავკასიაში, მათ შორის, სამეგრელოსა და აფხაზეთში გადმოსხდებოდნენ. მათი აზრით, თუ მოწინააღმდეგე შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე გადმოსხდებოდა და ნოვოროსიისკიდან და ანაპიდან ქვეყნის სიღრმეში წინსვლას შეეცდებოდა, არამარტო დამარცხდებოდნენ, არამედ განადგურდებოდნენ კიდეც; ასევე მოხდებოდა სამეგრელოში დესანტის გადმოსხმის შემთხვევაშიც. ამიტომ მ. ვორონცოვის აზრით, მოკავშირეები საშიში იყვნენ მხოლოდ სიმაგრეების მოხსნამდე, რომლებიც ადვილად შეიძლებოდა მათ ხელში ჩავარდნილიყო.  15 აპრილს იგი ა. ბარიატინსკის სტავროპოლიდან წერდა: “რაც შეეხება მოწინააღმდეგის გადმოსხმას სამეგრელოში და ქუთაისის გავლით თბილისზე ლაშქრობას, ეს შიში უმართებულოა. თუ ისინი ამის გაკეთებას შეეცდებიან, ძვირი დაუჯდებათ და წარმატებაც არ ექნებათ.” იგი ფიქრობდა, რომ მოკავშირეთა იმედები კავკასიის მთის ტომების მათდამი დახმარების შესახებ უსაფუძვლო იყო. 

გაგრის გარნიზონის გამოყვანა კავალერიის გენერალ მ. ხომუტოვს დაევალა. ნ. რეადმა მიხეილ შარვაშიძესაც სთხოვა ყველა ღონე ეხმარა გარნიზონის დასახსნელად. ამის თაობაზე აფხაზეთის მთავარი რედუტკალეში ორი ხომალდის ნავმტეს მოელაპარაკა. ისინი შეპირდნენ, რომ როდესაც ამინდი საშუალებას მისცემდა, გაგრაში წავიდოდნენ. მართლაც, 25 მარტს, ხომალდები რედუტკალედან გაგრისკენ გაემართნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაგრის 600 კაციანი გარნიზონი მოხალისე ქერჩელ, ბერძენ ნავმტეს ფოტიუს სარანდოს ქერჩში მშვიდობით ჩაეყვანა, ხოლო გაგრის სიმაგრე, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, მის დამცველებს აეფეთქებინათ.  

რუსეთის ჯარის ნაწილების აფხაზეთიდან გამოყვანით იმპერატორი უკმაყოფილო იყო.  მისი აზრით, ამ მხარეს ჯერ კიდევ არ ემუქრებოდა საფრთხე ზღვიდან. ნ. რეადი თავს იმართლებდა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლობით იყო გამოწვეული.  Nნ. რეადი ვ. დოლგორუკოვისადმი 13 აპრილს გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა აფხაზეთის მთავრის ერთგულებაზე, რომელიც მან შექმნილ რთულ ვითარებაში გამოამჟღავნა. მისი აზრით, სხვა ვერავინ შეძლებდა ასე წარმატებით აფხაზეთიდან ჯარის გამოყვანას; აფხაზეთის მთავრისა და სხვა პირების ნდობაც სავსებით შეიძლებოდა. როდესაც აფხაზეთის ნახევარი უკვე დატოვებული იყო, მათ რაიმე საძრახისი არ გამოუმჟღავნებიათ, მაგრამ შემდეგ რა იქნებოდა, ამის წარმოდგენა უჭირდა. მისი აზრით, აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის ნაწილების გაყვანის შემდეგ მიხეილ შარვაშიძე ვერ შეძლებდა ეს მხარე მორჩილებაში ჰყოლოდა, რადგან გარეშე მტრებისაგან სამთავროს დასაცავად ძალები არ ჰყავდა,  ხოლო მუსლიმებით დასახლებული და დაუმორჩილებელი მთიელების მეზობელი ბზიფის ოლქი აუცილებლად აჯანყდებოდა; ამიტომ, ვინც რუსეთის ხელისუფლების თანამგრძნობი იყო, მას ეს მხარე უნდა დაეტოვებინა. 

რუსეთის ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძის მადლიერი იყო აფხაზეთიდან ჯარის ნაწილების გამოყვანის გამო, რისთვისაც იმპერატორმა ის თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა. ამასთანავე, მთავრობა მისგან ერთგულ სამსახურს კვლავაც მოელოდა.  მ. ვორონცოვი, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ა. ბარიატინსკის წერდა, რომ ისევე როგორც კავკასიის კორპუსის სარდლობა, აღფრთოვანებული იყო მიხეილ შარვაშიძის მიერ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებით. მისი აზრით, სოხუმისა და აფხაზეთის დატოვება რუსეთის ხელისუფლებისათვის მძიმე იყო, თუმცა _ აუცილებელი. იგი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის კვლავ გაბატონება აფხაზეთში ძნელი  არ იქნებოდა; რაც შეეხება დაღესტანს, ამ მხარის დატოვება არ შეიძლებოდა. ასეთ ქვეყანას თუ ერთხელ დატოვებდი, ისე ადვილად ვერ დაიბრუნებდი, როგორც აფხაზეთს.  ა. ბარიატინსკისადმი გაგზავნილ სხვა წერილში მ. ვორონცოვი წერდა: “Любопитно  было бы узнать, как будут вести себя абхазцы, когда останутся без наших войск и какие будут намерения и попытки МагометЭмина через Цебельду на Карачай и  не попытаются ли убыхи, которих он ведет с собою, на чтонибудь через Абхазию в северной части Мингрелии и даже в Зугдиди”.

1854 წლის მარტში დასავლეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესასწავლად ბრიტანეთის სამხედრო მისია ჩამოვიდა.  ხანგრძლივი დისკუსიისა და პარიზთან მოლაპარაკებების შემდეგ ლონდონის კაბინეტმა გადაწყვიტა მთავარი დარტყმა ყირიმში განეხორციელებინა.  ასეთ ვითარებაში, ბათუმის კორპუსის სარდალმა მუჰამედ სელიმფაშამ 21 აპრილს მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდებდა, რისთვისაც პორტასგან დიდ ჯილდოს ჰპირდებოდა. აფხაზეთის მთავარმა ფაშას პასუხი არ გასცა და მისი წერილი ნ. რეადს გადაუგზავნა, თვითონ კი კოდორზე წავიდა, რათა აბჟუის მოსახლეობა ამ ხაზის დასაცავად მოემზადებინა, თუმცა ფიქრობდა, რომ კოდორის ადიდების გამო, მის დაცხრომამდე, ამ მხრიდან შემოტევა მოსალოდნელი არც იყო.  ამავე ხანებში აფხაზეთში ჩერქეზები შეიჭრნენ სეფერბეი ზანუყოს მეთაურობით, რომელიც აფხაზების გადაბირებას შეეცადა. მიხეილ შარვაშიძემ მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რათა ბათალბეი მარშანიას მეშვეობით ბზიფელებისათვის საფარბეისა და ჩერქეზების უნდობლობა ჩაენერგა. მალე ჩერქეზთა რაზმი გაიფანტა, ხოლო სეფერბეი ბათუმში წავიდა.  როგორც ხელისუფლება თვლიდა, მიხეილ შარვაშიძემ მოახერხა აფხაზეთში არეულობის დაწყებისათვის ხელი შეეშალა.

1854 წლის მაისში თურქებმა დასავლეთ საქართველოში ახალი კამპანია წამოიწყეს და ყულევში, ანაკლიასა და სოხუმში სამხედრო დესანტი გადმოსხეს. მაისის პირველ რიცხვებში სოხუმში მოკავშირეთა ორი ხომალდი ჩავიდა, რომელმაც ოსმალეთის ჯარის ნაწილები ჩაიყვანა, დაახლოებით, 1500-მდე მეომარი არტილერიით, 36 ქვემეხით, _ წარმოშობით ნათხვაჯი სეფარბეი ზანუყოს მეთაურობით.  ხომალდის მეთაურებმა მიხეილ შარვაშიძე მოიკითხეს, მაგრამ მან ჯერ კიდევ 7 მაისს დატოვა აფხაზეთი და სამეგრელოში გადავიდა, იქიდან კი თბილისში გაემგზავრა.  საფარბეი ზანუყოს, რომელსაც სულთანმა ფაშას ტიტული უბოძა, დაევალა დასავლეთ კავკასიის მთიელთა გამოყვანა ოსმალეთის დროშის ქვეშ, აგრეთვე აფხაზეთის მთავრის გადმობირება.  როდესაც მან მიხეილ შარვაშიძის თბილისში გამგზავრების შესახებ შეიტყო, მის მოლოდინში სოხუმში დარჩა. იმავდროულად, მან დასავლეთ კავკასიის მთიელებს რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. მის მოწოდებას მაშინათვე გამოეხმაურნენ უბიხები, შაფსუღები, აბაძახები და დასავლეთ კავკასიის სხვა მთიელები. 

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხერხებული სტრატეგიული ადგილების დაკავების შემდეგ ოსმალეთი აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის დასაკავებლად ემზადებოდა. დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თურქები აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლას და ამიერკავკასიის პოლიტიკური ცენტრის თბილისის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. ამასთან, იმედი ჰქონდათ, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას გადაიბირებდნენ, რითაც დასახული მიზნის მიღწევას გაიადვილებდნენ,  თუმცა მათი იმედები არ გამართლდა და ქართველი ხალხი თურქების წინააღმდეგ ფართო განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაება.

მიხეილ შარვაშიძე 19 მაისს თბილისში ჩავიდა, რათა ნ. რეადთან აფხაზეთში არსებული ვითარება განეხილა და მოქმედების გეგმაც დაესახათ. ის დარწმუნებული იყო, რომ კოდორის ადიდების გამო მოწინააღმდეგე აბჟუაში ვერ შევიდოდა, ამიტომ ჯერჯერობით აფხაზური მილიციით შეძლებდა კოდორის ხაზის დაცვას, თუ მოწინააღმდეგე კოდორის შესართავს ზღვიდან არ შემოუვლიდა წყლის დაცხრომის დროისათვის, ე. ი. ივლისის შუა რიცხვებისათვის კოდორის ხაზის დაცვის გაძლიერება საჭირო იქნებოდა აფხაზეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს, იმერეთის მილიციით და რეგულარული ჯარის ნაწილებით. რადგან კოდორიდან სამურზაყანოსაკენ გზა ცუდი იყო და არტილერიის გადატანა ძნელი იქნებოდა, მისი აზრით, რეგულარული ჯარის რეზერვის კოდორზე განლაგება საჭირო არ იყო, არამედ მხოლოდ სამურზაყანოაფხაზეთის საზღვარზე, ხოლო მისი წაწევა კოდორისკენ საჭიროების შემთხვევაში განხორციელდებოდა. ამასთან, აფხაზეთის მთავარმა მზადყოფნა გამოთქვა ი. ანდრონიკაშვილს დაქვემდებარებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ჩინით მასზე უმცროსი იყო. ნ. რეადი ამის საჭიროებას ვერ ხედავდა. მისი აზრით, აფხაზეთის მთავარი და ი. ანდრონიკაშვილი მჭიდრო ურთიერთობაში უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან და სამოქმედო გეგმები შეეთანხმებინათ. 

მიხეილ შარვაშიძე აპირებდა შეეკრიბა აფხაზეთის მილიცია _ 500600 ცხენოსნისა და 1500მდე ქვეითის რაოდენობით, რომელსაც ხაზინიდან თანხა არ დასჭირდებოდა, სანამ აფხაზეთის სოფლებში იდგებოდა. ნ. რეადმა მას სთხოვა, სახალხო ლაშქარი იმდენი შეეკრიბა, რამდენიც აბჟუის დასაცავად იქნებოდა საჭირო, ხოლო კოდორის დაცხრომისთვის ის ი. ანდრონიკაშვილს დაავალებდა აფხაზეთის მილიციისთვის შეეერთებინა სამურზაყანოს, სამეგრელოსა და იმერეთის სახალხო ლაშქარი და სამურზაყანოაფხაზეთის საზღვარზე რეგულარული ჯარის რეზერვი განელაგებინა. თუ მოწინააღმდეგე ზღვით შემოუვლიდა კოდორის შესართავს, ის აბჟუის დაცვას მხოლოდ მთიელთა მცირე ჯგუფების შემოსევისაგან შეძლებდა და არა მუჰამედემინის 15-20 ათასიანი ლაშქრისაგან და იძულებული იქნებოდა აფხაზეთი დაეტოვებინა. გამოსავალი უნდა ყოფილიყო მუჰამედემინის დაკავება საომარი მოქმედებებით ჩრდილოეთ კავკასიაში.  მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთში დარჩენას მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში მანამდე აპირებდა, სანამ შეძლებდა და ფიქრობდა მხოლოდ მაშინ დაეტოვებინა ეს მხარე, როდესაც წინააღმდეგობის ყველა საშუალებას ამოწურავდა. 

26 მაისს მიხეილ შარვაშიძემ თბილისი დატოვა. მისი შვილები სამეგრელოში იყვნენ, ხოლო მეუღლე აბჟუაში ჰყავდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აპირებდა სამეგრელოში ან იმერეთში მის გადაყვანას, რადგან შექმნილ ვითარებაში მათ მიერ აფხაზეთის დატოვება აფხაზებზე უარყოფით შთაბეჭდილებას მოახდენდა. 

რუსეთის ხელისუფლება კარგად ხედავდა, რომ სეფერბეი ზანუყოს დასავლეთ კავკასიაში დიდი გავლენა ჰქონდა. მან კარგად იცოდა ამ მხარის ხალხთა ხასიათი და ზნეჩვეულებები. გავრცელდა ხმა, რომ მან 60 ათასამდე ქვეითი და ამდენივე მხედარი შეკრიბა. აფხაზეთის მთავრის აზრით, ეს ციფრი საკმაოდ გადაჭარბებული იყო, თუმცა მას მაინც მნიშვნელოვანი ძალა ჰქონდა. იგი ფიქრობდა, რომ სეფერბეის მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა არამარტო აფხაზეთში, არამედ სამურზაყანოსა და სამეგრელოშიც, ამიტომ არ გამორიცხავდა სეფერბეისთან შეხვედრას და ამ შეხვედრაზე აფხაზეთში შემოსევასთან დაკავშირებით მისი გეგმების ჩაშლას აპირებდა. აფხაზეთის მთავარი ნ. რეადს მდ. კოდორზე პოზიციების გამაგრებას და იმპერატორის ბრძანების თანახმად ამ ნაწილის შენარჩუნებას ურჩევდა.

რუსეთის სარდლობის აზრით, მუჰამედემინი ჩრდილოეთ კავკასიაში საომარი მოქმედებებით გენერალ მ. ხომუტოვს და გენერალ ნ. ევდოკიმოვს უნდა დაეკავებინათ, რაც აფხაზეთის მიმართ მისი გეგმების განხორციელებას შეაფერხებდა; ამასთან, საჭირო იქნებოდა, გურიის რაზმს ი. ანდრონიკაშვილის მეთაურობით მოქმედება გაეაქტიურებინა; მიხეილ შარვაშიძეს ყველაფერი უნდა ეღონა და ქვეშევრდომები მოწინააღმდეგესთან შეერთებისაგან შეეკავებინა.

იმპერატორი აფხაზეთის საქმეებში კარგად იყო ჩახედული, მისი აზრით, რაკი მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთის დატოვება მოუხდა, დროებით თბილისში უნდა წასულიყო და შემდგომ მითითებებს იქ დალოდებოდა. ის დადებითად აფასებდა აფხაზეთის მთავრის თანხმობას, ი. ანდრონიკაშვილს დაქვემდებარებოდა, თუმცა ეს აუცილებლად არ მიაჩნდა, რადგან მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად მოქმედება ღირსეულად შეეძლო.  ხელისუფლებისათვის ისიც კარგად იყო ცნობილი, რომ მიხეილ შარვაშიძე დიდი პატივისცემით სარგებლობდა უბიხებსა და დასავლეთ კავკასიის სხვა მთიელ ხალხებში და მათი მამასახლისების მეშვეობით ცდილობდა ჩაეშალა მუჰამედემინის გეგმა აფხაზეთის მიმართ.  

მაისის დასაწყისში ვ. დოლგორუკოვმა ნ. რეადს აუწყა, რომ მოკავშირეები ივნისის ბოლომდე მაინც არ იქნებოდნენ მზად კავკასიაზე მიეტანათ იერიში. მისი აზრით, რადგან კოდორის ადიდების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მის მარცხენა ნაპირზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა, ამდენად, კავკასიის კორპუსის მარჯვენა ფლანგი სრულიად უზრუნველყოფილი იყო მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმისაგან; მუჰამედემინს აფხაზეთის ჩრდილოეთი ნაწილიც რომ დაეკავებინა, ის კოდორს ვერ გადალახავდა. ამით უნდა ესარგებლა ი. ანდრონიკაშვილს, თურქებისათვის დაუყოვნებლივ შეეტია ახალციხესთან და გურიის საზღვრებიდან უკუეგდო, რაც გავლენას მოახდენდა საერთო ვითარებაზე კავკასიის ფრონტზე, ასევე კავკასიის მთიელებზეც და მუჰამედემინის გეგმას ოსმალეთის ჯარებთან შეერთებაზე ჩაშლიდა.  იმპერატორი თვლიდა, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა ჩრდილოეთ აფხაზეთის შენარჩუნება, მაშინ ყველა ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული კოდორის ხაზის დასაცავად, რადგან მისი დაკარგვა სამურზაყანოსა და სამეგრელოს აოხრებასაც გამოიწვევდა. სანამ კოდორზე ფონით გადასვლა შეუძლებელი იყო, მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მილიციით შეძლებდა ამ ხაზის დაცვას, შემდეგ კი გურიის რაზმის ნაწილებით ი. ანდრონიკაშვილი გააძლიერებდა. ვ. დოლგორუკოვის აზრით, კოდორის მარჯვენა ნაპირზე ჯარების მოქმედების მიზანი მთიელთა მცირე რაზმებთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, ხოლო აფხაზეთის დაკავება ომის დასასრულისათვის უნდა გადაედოთ. ხელისუფლება ნ. რეადისგან მოითხოვდა, ამ მხარეში და, განსაკუთრებით, სოხუმში, მტკიცედ დამკვიდრებისათვის საჭირო ღონისძიებები დროულად მოეფიქრებინა.  

დასავლეთ საქართველოში თურქებს წარუმატებლობა თან სდევდათ. 1854 წლის 27 მაისს ისინი ლანჩხუთთან დამარცხდნენ, ხოლო 4 ივნისს ჩოლოქთან ბრძოლა სელიმ ფაშას 30 ათასიანი კორპუსის განადგურებით დამთავრდა.  ასეთ ვითარებაში მიხეილ შარვაშიძემ ნ. რეადს რეგულარული ჯარის ნაწილების ენგურის მარცხენა ნაპირზე გაგზავნა სთხოვა, რაც, მისი აზრით, აფხაზებსა და სამურზაყანოელებს გაამხნევებდა, საჭიროების შემთხვევაში კი მათი გამოყენება კოდორის ხაზის დასაცავად შეიძლებოდა.  ნ. რეადი ფიქრობდა, რომ 27 მაისისა და 4 ივნისის  ბრძოლებში გამარჯვებას შესამჩნევად უნდა შეემსუბუქებინა აფხაზეთის მდგომარეობა, მიუხედავად ამისა, ი. ანდრონიკაშვილს უბრძანა გარკვეული ძალებისათვის თავი მოეყარა ენგურის მარცხენა ნაპირზე, ამასთან მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებინა აფხაზეთის მთავართან და მასთან შეთანხმებულად ემოქმედა.  

1854 წლის ივნისის დამლევს მუშირი სელიმ ფაშა რედუტკალეში ჩავიდა, სადაც მუჰამედემინს შეხვდა და მოეთათბირა ერთობლივი შეტევის ორგანიზების თაობაზე. ივლისის დასაწყისში სელიმფაშა  ქობულეთში დაბრუნდა, ხოლო მუჰამედემინი სოხუმში ჩავიდა, იქიდან კი ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. მთიელები თანახმა იყვნენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ემოქმედათ, თუმცა შესაფერის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. სოხუმკალესა და ბათუმს შორის მოწინააღმდეგის ესკადრა კრეისირებას ეწეოდა.  ასეთ ვითარებაში, გურიის რაზმის უფროსმა კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს აცნობა, რომ სვანეთის მთავარს, როტმისტრ დადეშქელიანს, მისმა სიძემ, წებელდელმა ეშსოუ მარშანიამ შესთავაზა სვანეთიდან, ენგურის ხეობით გაეტარებინა მთიელთა ქვეითი რაზმი, რომელიც ჯვარის მხრიდან თავს დაესხმოდა სამეგრელოს; იმავდროულად, აფხაზეთიდან მთიელთა მხედრობა შეიჭრებოდა, ხოლო ზღვიდან და ოსმალეთიდან სამეგრელოსა და გურიაში თურქთა და მოკავშირეთა ჯარები შეიჭრებოდა. დადეშქელიანმა უარყო ეს წინადადება და ამის შესახებ რუსეთის სარდლობას აცნობა, ამასთან, მთის ბილიკებზე გუშაგები დააყენა. გურიის რაზმის სარდლობამაც ჯვარის მიმართულებით საგუშაგოები გააძლიერა. რუსეთის სარდლობას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეშსოუ მარშანია და უბიხი ჰაჯი კერანტუხ ბარზეგი მთიელთა რაზმებით აფხაზეთში იმყოფებოდნენ. 

მიხეილ შარვაშიძე ყოველნაირად ცდილობდა დასავლეთ კავკასიის  მთიელებში მუჰამედემინის ავტორიტეტი და გავლენა შეერყია. ამ მიზნით, ივნისის დასაწყისში, ის ჰაჯი კერანტუხ ბარზეგსა და სხვა უბიხ მამასახლისებს შეხვდა. აფხაზეთის მთავარი მთიელთა სიამაყის სუსტ ადგილს შეეხო და უსაყვედურა, რომ ისინი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ ყოველ უცხოელს, რომელიც თავს მნიშვნელოვან ფიგურად წარმოაჩენდა. უბიხებმა აღნიშნეს, რომ ერთი პირისადმი მათი დამორჩილება გამოწვეული იყო რუსებისადმი ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობით. მაგრამ, რადგან რუსეთი ამ მხარიდან განიდევნა და ოსმალეთთანაც აღდგა თავისუფალი ურთიერთობა, მათ უკვე არ სჭირდებოდათ გარეშე პირი უფროსად, ამიტომ მუჰამედემინს მორჩილებაზე უარი უთხრეს. მიხეილ შარვაშიძე რუსეთის სარდლობას აუწყებდა, რომ სეფარბეი ზანუყოს გავლენაც დაცემული იყო და, ამდენად, მთიელებთან საქმეები სასიკეთოდ იცვლებოდა.  მართლაც, ამის შემდეგ, მუჰამედემინი და სეფარბეი  სტამბოლში გაემგზავრნენ, რათა მთიელებისათვის თავიანთი უფლებამოსილების დამამტკიცებელი სულთნის ფირმანი ჩამოეტანათ. “ჩემი ანგარიში გამართლდა, _ წერდა მიხეილ შარვაშიძე სამხედრო მინისტრს ვ. დოლგორუკოვს, _ მოკავშირეებს გაუცრუვდათ ის იმედები, რასაც ისინი მაჰმადიანებზე ამყარებდნენ, ხოლო სამხრეთაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომები თითქმის არ ენდობიან მათ შემოთავაზებულ წინადადებებს”.  მართლაც, ომის დაწყების შემდეგ, როგორც სამეგრელოს, ისე ყუბანის ხაზს მთიელების არცერთი თავდასხმა არ განუცდია.  

სეფარბეი და მუჰამედემინი მეტოქეები იყვნენ. ორივე მათგანი ცდილობდა დასავლეთ კავკასიის მთიელებზე გავლენის მოპოვებას და რომ პორტას მთიელთა წინამძღოლად ეცნო. 1854 წლის 7 სექტემბერს კავკასიის სარდლობამ ცნობა მიიღო, რომ სეფერბეიმ თურქებთან თავის გამოჩენის მიზნით სამურზაყანოს დაპყრობა გადაწყვიტა. მან მუჰამედემინს შესთავაზა მთიელთა რაზმი შეეკრიბა და სოხუმკალეში ჩაეყვანა. მაგრამ მუჰამედემინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პორტა არც მას და არც მთიელებს ყურადღებას არ აქცევდა, ამასთან მას სულაც არ სურდა სეფერბეის განდიდებისათვის ხელი შეეწყო. მალე ის სოხუმკალეში ჩავიდა და იქიდან სტამბოლში გაემგზავრა, ამასთან უბიხებს შეუთანხმდა, რომ მის ჩამოსვლამდე სეფერბეის სალაშქროდ არ გაჰყვებოდნენ. სეფარბეი მართლაც შეეცადა უბიხები აეყოლიებინა, თუმცა უშედეგეოდ. ამის შემდეგ იგი შეეცადა აფხაზეთსა და წებელდაში შეეკრიბა რაზმი და თავისი განზრახვა განეხორციელებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. ასე, რომ აფხაზეთში ოსმალეთის მთავარი წარმომადგენლის გეგმები სამურზაყანოს მიმართ ჩაიშალა. ამასთან, სეფარბეიმ სელიმფაშას ბრძანება მიიღო, მისი ნებართვის გარეშე შეტევითი მოქმედება არ ეწარმოებინა. მანვე აცნობა, რომ ოსმალეთისა და მოკავშირეთა ჯარები სევასტოპოლში გაიგზავნა და ამ ოპერაციის შედეგებამდე საომარი მოქმედებების წარმოებას ისიც არ აპირებდა.  

რუსეთის სარდლობა დასავლეთ საქართველოში სამხედრო ძალების ნაკლებობას განიცდიდა. გურიის რაზმის ერთი ნაწილი განლაგებული იყო მდ. ცივზე ზღვის მხრიდან ქვემო სამეგრელოს დასაცავად; მეორე ნაწილი მდ. ენგურზე იდგა და სამეგრელო აფხაზეთის მხრიდან მთიელთა შემოსევისაგან უნდა დაეცვა; დანარჩენი ნაწილები გურიაში იყო განლაგებული. იმპერატორს შესაძლებლად მიაჩნდა მიხეილ შერვაშიძისთვის რაზმის შედგენა, რათა მას აფხაზეთში ემოქმედა, მაგრამ ნ. რეადი ფიქრობდა, რომ აფხაზეთის მდგომარეობიდან გამომდინარე მას სურსათსანოვაგით ვერ მოამარაგებდნენ,  ამიტომ ამ რაზმის შექმნა გამოირიცხა.

აფხაზეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ მიხეილ შარვაშიძე სამეგრელოში, სიმამრის  _ გიორგი დადიანის მამულში დამკვიდრდა და ხან სოფ. კურზუში, ხან სოფ. ჭკადუაშში იმყოფებოდა. ის იმედოვნებდა, რომ როგორც რუსეთის არმიის გენერალლეიტენანტს და იმპერატორის გენერალადიუტანტს, შესაფერის სამსახურს შესთავაზებდნენ, სახელდობრ, გურიის რაზმის უფროსის თანამდებობას,  მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. 1854 წლის ივლისში ქუთაისის გუბერნიასა და სამეგრელოში დაბანაკებული ჯარების, გურიის რაზმის, უფროსად გენერალმაიორი ივანე ბაგრატიონმუხრანსკი დაინიშნა. კავკასიის კორპუსის სარდლობის აზრით, გურიის რაზმის უფროსად მიხეილ შარვაშიძის დანიშვნა არ შეიძლებოდა მის მიერ ჯარის მართვის არცოდნისა და სამხედრო საქმეში გამოუცდელობის, ასევე, სამეგრელოს სამთავრო სახლთან მტრობის გამო; შეუძლებელი იყო მისი დანიშვნა იმ რაზმის მეთაურად, რომელიც სამეგრელოში იდგა.  აფხაზეთის მთავრის მდგომარეობა სამეგრელოში სახარბიელო არ იყო, ის აქ როგორც კერძო პირი იმყოფებოდა, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებებისაგან გარიყული, ამასთან, სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა მიხეილ შარვაშიძეს სამეგრელო დაეტოვებინა, რადგან მისი აქ ყოფნა, სამთავროში სიმშვიდეს არღვევდა.  1854 წლის 11 დეკემბერს მიხეილ შარვაშიძე ვ. დოლგორუკოვს წერდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა მისი ყოფნა აფხაზეთის საზღვრების სიახლოვეს, რადგან შესაძლებლობა ჰქონდა თავისი გავლენით ქვეშევრდომებზე და მათ მეზობელ ტომებზე ზემოქმედება მოეხდინა, რითაც მოწინააღმდეგის გეგმებს გააქარწყლებდა. იგი წერდა, რომ იმედები, რასაც მოკავშირეები მუჰამედემინზე ამყარებდნენ, გაუცრუვდათ; შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროს ტომებიც მათ წინადადებებს უნდობლად ეკიდებოდნენ. 

მიხეილ შარვაშიძის დაპირისპირება სამეგრელოს სამთავრო სახლთან სამურზაყანოს საკითხით იყო გამოწვეული. ამასთან, მას არ უყვარდა სამეგრელოს სამთავრო სახლის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, მთავარი დავით დადიანი (1846-1853) რუსეთის იმპერიისადმი მკვეთრად გამოხატული ერთგულების, რუსეთის ხელისუფლების ამ სახლისადმი დიდი ნდობისა და მხარდაჭერის გამო. უნდობლობა სამეგრელოს სამთავრო სახლსა და აფხაზეთის მთავარს შორის უფრო გაიზარდა, როდესაც მიხეილ შარვაშიძე სიმამრის ოჯახში დამკვიდრდა. გიორგი დადიანი ძმებთან ერთად ეკატერინე ჭავჭავაძედადიანს ოპოზიციაში ედგა. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს აფრთხობდა აფხაზეთის მთავრისა და გიორგი დადიანის შესაძლო გაერთიანება სამეგრელოს სამთავრო სახლის წინააღმდეგ.

ასეთ ვითარებაში, 1854 წლის 29 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად გენერალადიუტანტი ნ. მურავიოვი  დაინიშნა. 1855 წლის თებერვალში იგი თბილისში ჩამოვიდა. 

1855 წლის დასაწყისში მოწინააღმდეგემ მოქმედება შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე განაახლა. 10 და 12 თებერვალს ინგლისსაფრანგეთის ხომალდები ყუბანის შესართავთან გამოჩნდნენ და დესანტი გადმოსხეს; 28 თებერვალი _ 2 მარტს მოწინააღმდეგის ესკადრამ ნოვოროსიისკი დაბომბა, იმავდროულად, მას მთიელებიც უტევდნენ. ნოვოროსიისკის დასახმარებლად ანაპიდან ვიცეადმირალი ლ. სერებრიაკოვი ჩავიდა და მთიელები უკუაგდო, თუმცა ცხადი იყო, რომ ასეთ პირობებში ნოვოროსიისკის შენარჩუნება დიდხანს შეუძლებელი იქნებოდა. მარტში, სოხუმში, მუსტაფა ფაშას მეთაურობით ოსმალეთის არმიის ოთხი ბატალიონი გადმოსხდა. მან მოლაპარაკებები გამართა აფხაზეთის, წებელდისა და ჩერქეზთა თავადებთან მათი ოსმალეთის მთავრობისადმი დამოკიდებულების გასარკვევად.  მუსტაფა ფაშასთან მრავალრიცხოვანი ამალით გამოცხადდა მთავრის ძმა ალექსანდრე შარვაშიძე, რომელმაც მას ხელშეწყობა და დახმარება აღუთქვა.  მუსტაფა ფაშა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ოსმალურ ადმინისტრაციას სოხუმში, აფხაზური არისტოკრატიის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა. ალექსანდრე შარვაშიძეს ოსმალებმა ფაშას ტიტული უბოძეს და აფხაზეთის მართვა დაავალეს. ოსმალებთან თანამშრომლობდნენ ასევე მთავართან დაახლოებული პირები: გენერალმაიორი კაც მარღანია, პორუჩიკი ჰასან მარღანია, რომელიც სოხუმის მმართველად დაინიშნა, მაიორი ბათალბეი მარშანია და სხვები.   

კავკასიის კორპუსის სარდლობასთან მიხეილ შარვაშიძე უარყოფდა ძმის ოსმალების მხარეზე გადასვლას და ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ ალექსანდრე აფხაზეთში მისი დავალებით დარჩა და თუმცა თურქების მოთხოვნებს ასრულებდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, იგი მთავრის მითითებებსაც ასრულებდა და ამ მხარეში მის ხელისუფლებას წარმოადგენდა; ჰასან მარღანია იქ დარჩა როგორც მემამულე თავის მამულში, ისევე, როგორც მრავალი მემამულე და, აუცილებლობის შემთხვევაში, როცა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, თურქების მოთხოვნებს ასრულებდა. რაც შეეხება კაც მარღანიას, მიხეილ შარვაშიძე თვლიდა, რომ როდესაც რუსეთის ჯარებმა აფხაზეთი დატოვეს, სამთავრო მასაც უნდა დაეტოვებინა. 

მუსტაფაფაშამ სამეგრელოში მყოფ მიხეილ შარვაშიძეს რამდენჯერმე შესთავაზა აფხაზეთში ჩასვლა. მთავარი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ გამგზავრებას აყოვნებდა. ბოლოს, ფაშამ კაც მარღანიას პირით მას აცნობა, რომ თუ აფხაზეთში არ ჩავიდოდა, მასთან ურთიერთობას შეწყვეტდა.  ასეთ ვითარებაში, 1855 წლის აპრილში ნ. მურავიოვი ზუგდიდში ჩავიდა, სადაც იგი მიხეილ შარვაშიძესაც შეხვდა. მთავარსარდალი თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი აფხაზეთის მთავრისადმი და უნდობლად უყურებდა მას, თუმცა სამხედრო მინისტრმა ვ. დოლგორუკოვმა ჯერ კიდევ 1854 წლის დეკემბერში გააფრთხილა ის, რომ იმპერატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძემ ხელისუფლებისადმი ერთგულება დაამტკიცა და მის მიმართ უნდობლობის საფუძველი არ არსებობდა.  ნ. მურავიოვმა მიხეილ შარვაშიძეს მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა სამეგრელო და საცხოვრებლად ქუთაისში ან თბილისში გადასულიყო. მიხეილ შარვაშიძემ ვერ აიტანა ასეთი უნდობლობა და ზეწოლა, ამიტომ მაისის დასაწყისში აფხაზეთში დაბრუნდა.  

1855 წლის 8 მაისს მიხეილ შარვაშიძე სამურზაყანოში გაემგზავრა. 9 მაისს ის სოფ. გუდავაში ჩავიდა და სამურზაყანოს ბოქაულს, მაიორ მიქელაძეს აუწყა, რომ მთავარსარდლისაგან საიდუმლო დავალება ჰქონდა და აფხაზეთში მიემგზავრებოდა, რადგან საქმეები ამ მხარეში არასასურველ შემობრუნებას იღებდა. 12 მაისს ის უკვე ოჩამჩირეში ჩავიდა. აფხაზეთში ჩასული მიხეილ შარვაშიძე შეეცადა ოსმალთა სარდლობასთან უშუალო ურთიერთობა დაემყარებინა.  

ერთი ცნობით, მან ფაშას აუწყა, რომ აფხაზეთში ნეიტრალურად დარჩენა სურდა, სანამ იქ მოკავშირეთა დესანტი არ გადასხდებოდა და მთიელების საერთო შეტევა არ დაიწყებოდა. ამ შემთხვევაში ის მათთან  შეერთების პირობას დებდა და გამოთქვამდა აზრს, რომ ასეთი შეტევის შემთხვევაში წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ. თითქოს, ამ წინადადებას ფაშა დათანხმდა, მაგრამ ოჯახთან ერთად სოხუმში გადასვლა მოსთხოვა.  რამდენიმე დღის შემდეგ მუსტაფაფაშა თვითონ ჩავიდა გემით ოჩამჩირეში და მიხეილ შარვაშიძე თავისთან მიიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ შეხვდა. ამის შემდეგ ფაშას მისი ნახვა არ მოუნდომებია. მიხეილ შარვაშიძე მიხვდა, რომ ფაშა გაანაწყენა და მას კერანტუხ ბარზეგი მიუგზავნა, რომელსაც ის უნდა დაერწმუნებინა, რა დიდ სარგებლობას მოუტანდა ოსმალეთს მთიელებზე დიდი გავლენის მქონე აფხაზეთის მთავრის მომხრობა. მისმა დარწმუნებამ იმოქმედა და 3 ივნისს ფაშა კვლავ ჩავიდა ოჩამჩირეში ალექსანდრე შარვაშიძის, ჰასან მარღანიასა და ბათალბეი მარშანიას თანხლებით, შეხვდა მიხეილ შარვაშიძეს და სამი საათი ესაუბრა მას. 8 ივნისს კი მიხეილ შარვაშიძე სოხუმში ჩავიდა, სადაც დიდი პატივით შეხვდნენ. 

ივნისის პირველ რიცხვებში კავკასიის კორპუსის სარდლობამ მიიღო ინფორმაცია, რომ მიხეილ შარვაშიძე თურქების მხარეზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, ნ. მურავიოვი და ვ. ბებუთოვი საჭიროდ თვლიდნენ აფხაზეთის მთავართან სიტუაციის ბოლომდე გარკვევას. ნ. მურავიოვი ფიქრობდა, რომ ამ ნაბიჯისკენ მიხეილ შარვაშიძეს სამეგრელოს სამთავრო სახლის სიძულვილმა უბიძგა და იგი სამურზაყანოს დაუფლებასა და სამეგრელოს საზღვრისპირა სოფლების გაძარცვას შეეცდებოდა, ხოლო უფრო ღრმად შემოჭრისაგან თავს შეიკავებდა.  7 ივნისს ვ. ბებუთოვმა მიხეილ შარვაშიძის  წერილი მიიღო. მთავარი ჩიოდა, რომ მისი მდგომარეობა სამეგრელოში არ შეესაბამებოდა მის წოდებას და იქ უქმად ყოფნა ზედმეტად ჩათვალა, მისმა მტრებმა კი გაავრცელეს ხმები თურქების მხარეზე მისი გადასვლის შესახებ, თუმცა ბოლოს ყველაფერი გაირკვეოდა.   მიხეილ შარვაშიძე თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთში დაბრუნების შესახებ, ომის პირობებში მისი შესაძლებლობების გამოუყენებლობით ხსნიდა, როდესაც უქმად ყოფნას სამთავროს მოვლა და აქედან ხელისუფლებისათვის სარგებლობის აღმოჩენა არჩია. იგი წერდა: “კაცი ვითარცა უქმი, მე ყოვლად დაიმედებული თავის თვისსა ზედა, რომელ არა ვარ გამოუსადეგ და უქმი, ვარჩიე უსაქმოდ ყოფნას, შემოსვლა ისევ ჩემივე სამთავროში… და დაცვა მათი მყუდროებასა შინა და უკეთუ მომცემდა შემთხვევა, აქედანაცა აღმომეჩინა სარგებლობა ჩემის ხელმწიფე იმპერატორისა”.  ამდენად, მიხეილ შარვაშიძე თურქების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას იმით ხსნიდა, რომ არ სურდა სამთავროში განვითარებული მოვლენების პასიური მაცქერალი ყოფილიყო და რუსეთის სარდლობისათვის შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოეჩინა.

აფხაზეთში ჩასულ მიხეილ შარვაშიძეს ქვეყანა ფაქტობრივად ოსმალეთის მომხრედ განწყობილი დახვდა.  ბზიფის ოლქში ჩასულ აფხაზეთის მთავარს იქ დახვდა ჩერქეზთა და აფხაზთა ლაშქარი, რომელსაც განზრახული ჰქონდა მარბიელი ლაშქრობის მოწყობა სამურზაყანოში ტყვეებისა და ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ ამ ლაშქრობის ჩაშლა შეძლო.  მიხეილ შარვაშიძის სიმამრი გიორგი დადიანი გრიგოლ დადიანს წერდა: მიხეილ “ჯერ ზუფუს (ლიხნი, _ ბ. ხ.) მისრულა და იქ ყოფილა ჯარები შეკრებილი ჩერქეზების და აფხაზის… ეს შეკრებული ჯარები მომავალი ყოფილა სამურზაყანოზედ, სამურზაყანო უნდა დაეკავებინათ, მძევლები უნდა გამოერთმიათ და უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ეს განზრახვა, ყველა დაურღვევია მიხეილს და რაც ჯარები ყოფილა ყულანი თავთავის სახლში გაუშვია”. 

სხვა დროსაც, როდესაც შესაძლებლობა მიეცემოდა, მიხეილ შარვაშიძე ხელს უშლიდა თურქებს ჩერქეზებისა და აფხაზების სალაშქროდ შეკრებაში.  ამასთან, იგი ცდილობდა ოსმალებთან საერთო ენა გამოენახა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მან თურქთა სარდლობისაგან მოითხოვა ყველა ის უფლება, რაც მის პაპას ქელეშბეის ჰქონდა, როდესაც ოსმალეთის ვასალი იყო; აფხაზეთში განლაგებული ჯარების სარდლობა; ყველა ოლქი, რომელსაც იარაღით ან მოლაპარაკებებით შეუერთებდა თავის სამფლობელოს, სამუდამოდ დარჩენილიყო მის მემკვიდრეობით მფლობელობაში იმავე უფლებით, რა უფლებაც აფხაზეთზე ჰქონდა.  მუსტაფაფაშამ მას აუწყა, რომ ასეთ პირობებზე დათანხმება მის უფლებებს აღემატებოდა, ამიტომ ეს პირობები დივანის განსახილველად სტამბოლში გადააგზავნა.  

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ შარვაშიძე თურქების მიერ ოკუპურებულ აფხაზეთში დაბრუნდა და გარკვეულწილად მათთან თანამშრომლობდა კიდეც, ეს არ ნიშნავდა, რომ მან აშკარა პროთურქული პოზიცია დაიკავა. ფარული კონტაქტები რუსეთის სარდლობასთან მას არ შეუწყვეტია,  მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა და რუსული მხარისათვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობდა. ნ. მურავიოვი აფხაზეთის მთავარს ორპირობაში სდებდა ბრალს. მისი აზრით, მიხეილ შარვაშიძემ არ იცოდა მეომარი მხარეებიდან ვის დარჩებოდა აფხაზეთი, არ ჰქონდა გულწრფელი ერთგულება არცერთი მხარისადმი, მაგრამ სურდა თავისი სამფლობელო შეენარჩუნებინა და თავს მოვალედ თვლიდა ნეიტრალიტეტი დაეცვა, თუმცა ივიწყებდა, რომ იმპერატორის გენერალადიუტანტის წოდებას ატარებდა.  ვ. ბებუთოვიც თვლიდა, რომ მისი აფხაზეთში გადასვლა განპირობებული იყო სამთავროს შენარჩუნების სურვილით, რადგან რუსული იარაღის გამარჯვებაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.  

ოსმალეთი და მისი მოკავშირეები, _ ინგლისსაფრანგეთი, _ დიდ იმედებს ამყარებდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელებისა და შამილის მხარდაჭერაზე. ინგლისელმა სტრატეგებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის თანახმადაც მათ აქტიურად უნდა ემოქმედათ კავკასიაში და ამით რუსეთის ჯარების ნაწილი დასავლეთი საზღვრებიდან ჩამოეშორებინათ. ამისთვის გადაწყდა დესანტით დაეკავებინათ სოხუმი და რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა საერთო აჯანყება მოეწყოთ.   მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ თეატრად გადააქცევდნენ, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.  1855 წლის 13 მაისს რუსეთის ჯარის ნაწილებმა ნოვოროსიისკი დატოვეს და გენერალმაიორ ი. დებუს მეთაურობით 17 მაისს ანაპაში ჩავიდნენ; 25 მაისს რუსეთის ჯარებმა ვიცეადმირალ ლ. სერებრიაკოვის მეთაურობით ანაპა და ახლომახლო სტანიცები დატოვეს, ციხე დაანგრიეს და ყველა შენობა გადაწვეს. ამის შემდეგ, სულ მალე, ინგლისსაფრანგეთის დესანტი ანაპაში, ხოლო მოგვიანებით, სექტემბერში, ტამანის ნახევარკუნძულზე გადასხდა, მაგრამ ადიღებმა მათ რეალური დახმარება არ გაუწიეს.   დასავლეთ კავკასიის მთიელთა წინამძღოლებმა _ მუჰამედემინმა და საფარბეი ზანუყომ ვერ შეძლეს დაპირებული ძალების გამოყვანა, ხოლო ჩერქეზთა ეთნოგრაფიული ჯგუფების დახმარების გარეშე დესანტს სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მუჰამედემინი კიდევ ერთხელ შეეცადა შამილთან შეერთებას და ამ მიზნით ყარაჩაისა და ყაბარდოს დაკავება სცადა, თუმცა უშედეგოდ. შამილიც ყოველნაირად ცდილობდა შეერთებოდა მუჰამედემინს, მაგრამ რუსეთის ჯარის ნაწილებმა ეს მცდელობაც აღკვეთეს.  

ანაპაში ოსმალეთის ჩინოვნიკებთან პირველი გაცნობის შემდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კავკასიელი მთიელები პორტას ქვეშევრდომებად გადაექციათ, ადიღები თურქთა მოკავშირეებსაც ეჭვით უყურებდნენ.  ისინი იმიტომ კი არ იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში, რომ პორტას ქვეშევრდომებად ქცეულიყვნენ.  ოსმალეთის ყოფილი დიდი ვეზირის შვილის, ოსმალეთის არმიის ოფიცრის ოსმანბეის ცნობით, ინგლისელები არაფერს იშურებდნენ, რომ “ჩერქეზები რუსების წინააღმდგეგ განეწყოთ და რუსეთთან ბრძოლაში ჩაებათ”.  ფართოდ გამოიყენებოდა “ჩერქეზეთის დამოუკიდებლობის” ლოზუნგიც, თუმცა, როგორც ოსმანბეი აღნიშნავდა, “დამოუკიდებლობა უეჭველად უნდა ყოფილიყო ერთერთ ილუზიად, რადგან ოსმალეთი თავის პროექტებს საკუთარი სარგებლობისთვის ადგენდა და არა ჩერქეზთა შესანიშნავი თვისებების გამო”. 

ნიკოლოზ I კავკასიის ფრონტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იგი სარდლობისგან მოითხოვდა ოსმალეთის სიღრმეში შეტევითი ოპერაციების განხორციელებას და ყარსის, ბაიაზეთის, არდაგანის, ბათუმის დაკავებას, რაც პორტას იძულებულს გახდიდა რუსეთისთვის ხელსაყრელ საზავო პირობებს დათანხმებოდა. მაისის მიწურულს რუსეთის ჯარის ნაწილებმა კავკასიის ფრონტზე მოქმედება გაააქტიურეს. 24 მაისს რუსეთის კორპუსმა უშუალოდ ნ. მურავიოვის მეთაურობით მდ. არფაჩაი გადალახა და ოსმალეთის ანატოლიის არმიის წინააღმდეგ გააჩაღა მოქმედება, რომლის ძირითადი ნაწილები ყარსში იყო დისლოცირებული. ყარსის ციხე არზრუმიდან ამიერკავკასიისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე მდებარეობდა. როგორც ფუადფაშა აღნიშნავდა, იგი ოსმალეთის “აზიური საზღვრების გასაღებს” წარმოადგენდა. მისი აღებით რუსები არზრუმს, შემდეგ კი მთელ ანატოლიას დაემუქრებოდნენ.  31 მაისს რუსეთის ჯარებმა არდაგანი აიღეს, ხოლო ივნისში ალყა შემოარტყეს ყარსს და ამით ოსმალეთის უმთავრეს ცენტრებს საფრთხე შეუქმნეს. იმავდროულად, 1855 წ. სექტემბერში მოკავშირეებმა თერთმეტთვიანი ალყის შემდეგ, აურაცხელი მსხვერპლის ფასად სევასტოპოლი აიღეს. ნაპოლეონ III-მ, რომლის არმიაც ძირითადი ძალა იყო ყირიმში, სევასტოპოლის აღებით ომის დამთავრება გადაწყვიტა, მაგრამ პალმერსტონი, რომელსაც საფრანგეთის გაძლიერების ეშინოდა, ომის ასეთი დასასრულის წინააღმდეგი იყო. ის დაჟინებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას და თავისი გეგმის _ რუსეთის დანაწილების განხორციელებას. იგი ამ გზით იმედოვნებდა ევროპის სახელმწიფოთა თვალში ინგლისის პრესტიჟი აემაღლებინა. ინგლისისგან განსხვავებით საფრანგეთს არ სურდა რუსეთის შემდგომი დასუსტება, რადგან მას ინგლისის საპირისპირო ძალად განიხილავდა,  მაგრამ საფრანგეთი იძულებული გახდა ომის გაგრძელებას დათანხმებოდა.

1855 წლის სექტემბეროქტომბერში ყარსის გადასარჩენად თურქებმა სოხუმში ომერფაშას სარდლობით 45 ათასიანი დესანტი გადმოსხეს, რომელმაც აფხაზეთი დაიკავა.  ინგლისელმა ოფიცერმა ბალარდმა წინასწარ შეისწავლა აფხაზეთის ის პუნქტები, სადაც ომერფაშას არმია უნდა ჩასულიყო. იგი მიხეილ შარვაშიძესაც შეხვდა. აფხაზეთის მთავარმა ინგლისელი ოფიცერი კარგად მიიღო. იგი არ მალავდა, რომ უპირატესობას რუსებს ანიჭებდა, ზიზღით იყო გამსჭვალული თურქების მიმართ აფხაზეთში მათი მოსალოდნელი დამკვიდრების გამო. მიხეილ შარვაშიძე გარეგნულად მოკავშირეების მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, თუმცა, რეალურად მათ მხარეზე არ დამდგარა.  

ომერფაშას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ალყაშემორტყმულ ციხეს დახმარებოდა. ამასთანავე, მასზე იყო დაკისრებული საქართველოსა და ჩერქზეთის რუსეთისაგან გათავისუფლება და მთელი კავკასიის გათავისუფლების წინაპირობის შექმნა.  ომერფაშას შტაბის უფროსი ფერჰადფაშა გრაფ როზმორდიუკს, რომელიც მაშინ სამეგრელოში ცხოვრობდა, წერდა: “მეფე უკუგდებულ უნდა იქნეს თერგსა და ყუბანს იქით, საბოლოოდ ასე გადაწყდა მოკავშირეთა საბჭოზე”.   ომერფაშას უახლოესი სტრატეგიული მიზანი იყო ქუთაისის აღება, სურამის ქედის გადალახვა და კავკასიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის თბილისის დაუფლება.  მაგრამ იმ იმედით, რომ აფხაზეთისა და დასავლეთ კავკასიის მოსახლეობა მის მხარეზე დადგებოდა, ომერფაშამ კავკასიის სიღრმეში შეტევის დაწყების საწყის პუნქტად აირჩია არა რედუტკალე, რომელიც ქუთაისიდან 108 ვერსზე იყო, არამედ 200 ვერსით დაშორებული სოხუმყალე, ამასთან მას ორ დიდი მდინარის _ კოდორისა და ენგურის გადალახვა მოუწევდა.  როგორც სამხედრო ისტორიკოსი ავერიანოვი წერდა, აფხაზებთან და ჩერქეზებთან ახლოს ყოფნის სურვილმა, რომელთა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებასაც ომერფაშა ფიქრობდა, აიძულა თურქთა მთავარსარდალი ქუთაისზე შეტევისათვის უფრო გრძელი და ნაკლებად ხელსაყრელი გზა აერჩია.  თუმცა კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი ნ. მურავიოვი ფიქრობდა, რომ ომერფაშას მიზანი იყო არა ანატოლიის არმიასთან შეერთება და ალყისაგან ყარსის დახსნა, არამედ ისეთი დივერსიის მოწყობა, რომელიც ქუთაისსა და თბილისს საფრთხეს შეუქმნიდა და ამით რუსეთის ჯარის ნაწილებს აიძულებდა ყარსის ბლოკადა მოეხსნათ,  რასაც თანამედროვე ისტორიკოსი ჰ.მ. იბრაგიმბეილი სავსებით იზიარებს.

19 სექტემბერს სოხუმში ომერფაშა ჩავიდა. ნავსადგურში მას მიხეილ შარვაშიძე დახვდა. თვითმხილველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ფაქტს გენერალი ნ. კოლიუბაკინი ასე აღწერს: “19 რიცხვში დილით ომერფაშა მოვიდა სოხუმში გემით. ნავსადგურში აფხაზეთის მთავარი ელოდებოდა. მას სურდა თურქული წესისამებრ თაყვანი ეცა, მაგრამ ომერმა შეაჩერა ის, ხელი ჩამოართვა და რუსულად უთხრა: გამარჯობა მიხეილ… ჯარის დათვალიერებიდან მობრუნებულმა გენერალისიმუსმა დაინახა თავისი სახლის წინ მდგარი მთავარი… რამდენიმე სიტყვა უთხრა როგორც უწინ, რუსულად. ვერავინ გაიგო ეს სიტყვები, მაგრამ ხალხში ხმა გავრცელდა, რომ მან შესთავაზა ან თავისუფლება მისცა დაბრუნებულიყო რუსებთან”.   ამით ომერფაშა აფხაზეთის მთავარს აშკარად მიანიშნებდა, რომ არჩევანის დრო დადგა და თუ ის თურქებთან თანამშრომლობას აპირებდა, ამის ღიად დაფიქსირება იყო საჭირო.  ერთი ცნობით, ომერფაშა სულთნის სახელით მიხეილ შარვაშიძეს შეპირდა მისთვის ებოძებინა ის მიწები, რომელსაც ომის მსვლელობაში იარაღით ან მოლაპარაკებებით რუსეთს წაართმევდა. ამასთან, მიხეილ შარვაშიძე ანაპიდან ბათუმამდე ყველა სიმაგრისა და გარნიზონის უფროსად გამოცხადდა.  შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე, ვ. ბებუთოვისადმი წერილში წერდა: “მოვიდა რა ომერფაშა სოხუმს… წინადამიდვა _ უკეთუ არა ვარ წინააღდეგი მათის მპყრობელობისა, მაშ შეუერთდე მას ჩემის და მთიელის ლაშქრითა და იგი მომიტანს ფირმანს, დამტკიცებულსა სოიუზნი დერჟავებისაგან, მას შინა: რომელ რაოდენს ადგილებსაც ომერფაშა დაიპყრობს ჩემის თანაშეწყობითა ვიდრე საქართველომდე (იგულისხმება აღმ. საქართველო, _ ბ.ხ.), იქმნების ჩემს გამგებლობაში. მე გარდაწყვეტილად გამოუცხადე, რომელ აღება საჭურველისა პირისპირ იმ მხედრობისა, რომლისაგან მე სიყრმიდანვე აღზრდილ და დაცულ ვარ, არ ძალმიძს”.  ამდენად, მიხეილ შარვაშიძე ცდილობდა ნეიტრალიტეტი დაეცვა, წინდახედულად და ფრთხილად მოქმედებდა და რუსეთოსმალეთის სამხედრო კონფრონტაციაში მონაწილეობისაგან გარეგნულად განზე იდგა.

ომერფაშამ თანამშრომლობისაკენ მოუწოდა სხვა აფხაზ ფეოდალებსაც, მათ შორის, რუსეთის არმიის პოლკოვნიკს დიმიტრი ჰასანბეის ძე შარვაშიძეს. ომერფაშა მას წერდა: “если вы пожелаете служить у нас, то будете пользоваться тем же чином, которий вы приобрели познаниями вашими и храбростью в русской армии”.  მაგრამ დიმიტრი შარვაშიძემ თურქთა სარდალს მკვეთრი და ცალსახა პასუხი გასცა: “мой понятия об обьязанностях абхазца и цели вашего вторжения, совершенно противны вашему взгляду на сей предмет. Я недоступен заразе, вызываемой дурными примерами… всегда и везде позорен побег и уклонение от своих знамен”.  დიმიტრი შარვაშიძის გადმობირებას მიხეილ შარვაშიძეც ცდილობდა და ამ მიზნით მეუღლის – ალექსანდრას შუამავლობაც გამოიყენა. მიხეილი დიმიტრის ურჩევდა, გაეთვალისწინებინა ახალი სამხედროპოლიტიკური რეალობა, მიეტოვებინა რუსეთის სამსახური და მთავარსა და ნათესავებს არ ჩამოშორებოდა,  თუმცა ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

ოქტომბრის დასაწყისში სოხუმში ომერფაშასთან მუჰამედემინი ჩავიდა. მთავარსარდალმა სულთნის სახელით ის აბაძეხებისა და ჩერქეზთა სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფების წინამძღოლად დანიშნა და ფაშას ეპოლეტები გადასცა. ასეთივე ეპოლეტები და საჩუქრები გაუგზავნა საფარბეის ანაპაში. ომერფაშამ კარგად იცოდა, რომ ჩერქეზთა დახმარების გარეშე მას გაუჭირდებოდა, ამიტომ მუჰამედემინს განუცხადა, რომ სულთნის ერთგულების ნიშნად ის ვალდებული იყო მთიელთა ლაშქარი შეეკრიბა და მას შეერთებოდა.  მუჰამედემინი ომერ ფაშას შეპირდა, რომ 20 ათასიან ლაშქარს გამოიყვანდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა.  მან მთიელებს შავიზღვისპირეთზე გადამწყვეტი შეტევისაკენ მოუწოდა და აბაძეხებს ასი ქოხიდან ასი მეომრის გამოყვანა მოსთხოვა, მაგრამ ჩერქეზები მის მოწოდებას არ აჰყვნენ.  მუჰამედემინის გავლენა ჩერქეზებში ამ დროისათვის საკმაოდ შერყეული იყო და ომერფაშასთვის რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა მას არ შეეძლო.  ერთი ცნობით, განრისხებული მუჰამედემინის ბრძანებით ერთ დღეს 150 ჩერქეზი ჩამოახრჩვეს, რომლებმაც ომერფაშას ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.  შედეგი ვერ გამოიღო ომერ ფაშას წერილმა აბაძახების მამასახლისებისადმი. მასთან მხოლოდ თემირგოელი თავადი კორბეკ ბოლოთუყო გამოცხადდა უზდენებთან ერთად.  დასავლეთ კავკასიის მთიელების გარდა, ოსმალეთისა და მისი მოკავშირეების გეგმებში დიდი როლი ენიჭებოდა ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის, ჩეჩნეთდაღესტნის მიურიდულ მოძრაობას, მაგრამ არც შამილმა ისურვა მოკავშირეების დახმარება. ის უნდობლად უყურებდა თურქებს და დაიფიცა კიდეც მათთან საერთო არაფერი ჰქონოდა.  ომერფაშამ შამილს მუშირის (მარშლის) წოდება უბოძა, მაგრამ ამით нисколько не польстило его самолюбие.  

ომერფაშას კარგად ესმოდა საქართველოში ოსმალეთის არმიის გამოყენების მიზანშეუწონლობა, რადგან თურქების იქ ყოფნა გააცოცხლებდა მძიმე მოგონებებს მათ ბატონობაზე, გაამძაფრებდა პოლიტიკურ ატმოსფეროს და მოსახლეობას შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევად განაწყობდა, ამიტომ მას უფრო გამართლებულად მიაჩნდა მისი კორპუსის რუსების წინააღმდეგ გამოყენება ყუბანში, სადაც ჩერქეზების მხარდაჭერითაც ისარგებლებდნენ, ხოლო საქართველოში ინგლისსაფრანგეთის ჯარებს მეტი წარმატება ექნებოდათ,  მაგრამ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა.

ოქტომბრის დასაწყისში ომერ ფაშას კორპუსის სოხუმში თავმოყრის პროცესი დასრულდა.  იმავდროულად, ყარსის გარნიზონის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ციხეში შიმშილობა დაიწყო, რამაც გარნიზონის მორალური სული და ბრძოლისუნარიანობა დასცა. ერთადერთი იმედი ომერ ფაშა იყო.  ოქტომბრის მეორე ნახევარში ომერ ფაშას კორპუსი სოხუმიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. გზა მეტად რთული იყო, გაუვალი, ტალახიანი. ი. ბაგრატიონმუხრანსკის  სამურზაყანოს დაცვისთვის გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა: ხერგილები მოეწყო, სოფლები გაემაგრებინა, ადგილობრივი მილიცია შეკრიბა, მაგრამ ომერფაშამ ყველა წინააღმდეგობა გადალახა და მთავარ ძალებს _ 30 ათასამდე მებრძოლსა და 37 ქვემეხს, _ 20 ოქტომბრისათვის მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირზე მოუყარა თავი.  ი. მუხრანსკის მტრის ჭარბი ძალების წინააღმდეგ 5 ათასი ჯარისკაცი და სახალხო ლაშქრის რაზმები ჰყავდა. 25 ოქტომბერს, ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ, ომერფაშა მდ. ენგურის გადალახვას შეეცადა. გვალვიანი შემოდგომა იდგა და ენგური საკმაოდ დაპატარავებული იყო. ამიტომ მასზე ფონით გადასვლა შეიძლებოდა. თურქებმა რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს იერიში. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. რუსთა და ქართველთა ლაშქარი თავდადებით იბრძოდა, მაგრამ მტრის ჭარბ ძალებთან ვერაფერს გახდა. ღამით, ი. მუხრანსკის ბრძანებით რუსთა და ქართველთა ლაშქარმა ორგანიზებულად უკან დაიხია. რამდენიმე დღის შემდეგ ი. მუხრანსკიმ მოულოდნელად სამეგრელო დატოვა, იმერეთში გადავიდა და მთელ ჯარს მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე მოუყარა თავი. 

ენგურთან ბრძოლაში აფხაზთაგან თავი გამოიჩინეს მე-11 ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სოლომონ ზვანბამ, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე; ცხენოსანი რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი შარვაშიძემ, საარტილერიო ბატარეის მეთაურმა, პრაპორშიკმა სამსონ შარვაშიძემ და მრავალმა სხვამ.  

26 ოქტომბერს თურქებმა უბრძოლველად დაიკავეს სამეგრელოს სამთავროს ცენტრი ზუგდიდი და მალე მთელ სამეგრელოს მოედვნენ, მაგრამ შემდგომი წინსვლა შეფერხდა. მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძლავრი პარტიზანული მოძრაობა გაჩაღდა,  რაც ოსმალთა ჯარს დიდ ზარალს აყენებდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარტიზანებმა ოსმალთა კორპუსის შტაბი დაარბიეს და კინაღამ ომერფაშა ტყვედ ჩაიგდეს.  თურქებმა სამურზაყანო საფაშოდ გადააქციეს და ფაშად რუსეთის სამსახურის  გენერალმაიორი, აფხაზეთის მთავართან დაახლოებული კაც მარღანია დანიშნეს. მას დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზებში, წებელდასა და დასავლეთ კავკასიის მთიელებში. მან სამურზაყანოელებს გამოუცხადა, რომ ამიერიდან ოსმალეთის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ და ვალდებული იყვნენ ოსმალთა ბანაკში თითო სოფელს თითო ძროხა მიეყვანა.  რთული ვითარება იყო თურქების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც ოკუპანტებმა ტყვის სყიდვა გააჩაღეს. 26 ოქტომბერს სოხუმის რეიდზე შემოვიდა ინგლისური გემი “კენგურუ”, რომლის ეკიპაჟიც ტყვის სყიდვას ეწეოდა.  მაშინ ინგლისური გაზეთი  “თაიმსი” წერდა: “აქაური აფხაზების სიძულვილი თურქებისადმი არავითარ ეჭვს არ იწვევს… ისინი არამარტო არ გვეხმარებიან, არამედ დაანგრიეს რამდენიმე ხიდი, რომლებსაც შეეძლო ჩვენი მოქმედება გაეადვილებინა. ამ ხალხში არ მალავენ თანაგრძნობას და ერთგულებას რუსებისადმი”.  მიუხედავად იმისა, რომ აფხაზთა ერთი ნაწილი თურქების მხარეზე გადავიდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტითურქულ განწყობას ინარჩუნებდა და მათ წინააღმდეგ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ამიტომაც იყო, რომ თურქებმა მნიშვნელოვანი რაოდენობით აფხაზური სახალხო ლაშქრის შეკრება ვერ მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ომერფაშას ახალახალი ძალები ემატებოდა, წინსვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. დაიწყო შემოდგომის კოკისპირული წვიმები, რამაც გზები გაუვალი გახადა. მდინარეების ადიდებამ შეუძლებელი გახადა მათი გადალახვა, თურქების მიერ აგებული ხიდები კი წყალმა წაიღო. თურქთა კორპუსი საკვების, ფურაჟისა და შესაფერისი ამუნიციის ნაკლებობას განიცდიდა; მოსახლეობის წინააღმდეგობა თურქების მიმართ სულ უფრო იზრდებოდა. ასეთ ვითარებაში ომერ ფაშას ლაშქრობის გაგრძელებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.  თურქთა სარდლობა მოსახლეობის მიმხრობას შეეცადა. ომერ ფაშა ცდილობდა ხალხში თავმდაბალი, ალერსიანი, მიუკერძოებელი, სხვისი უფლებებისა და საკუთრების პატივისმცემელი გამოჩენილიყო. ხალხის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით ცდილობდა აღეკვეთა ძარცვარბევა, მოროდიორობა, ამიტომ არმიაში მკაცრი დისციპლინა დაამყარა. მიუხედავად ამისა თურქი ჯარისკაცები დისციპლინას ხშირად არღვევდნენ და ძარცვაგლეჯას არ ერიდებოდნენ, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდებოდა.  ომერ ფაშას ჯარს უკან მოჰყვებოდნენ აფხაზები, წებელდელები, უბიხები და სხვა მთიელები, რომლებიც სოფლებს მოედვნენ, არბევდნენ და აწიოკებდნენ მოსახლეობას, ქალვაჟები ტყვედ მიჰყავდათ. ომერფაშას ბრძანებით, ვისაც ძარცვარბევაზე წაასწრებდნენ, უცბად ასამართლებდნენ და ხვრეტდნენ ან ტომარაში აგდებდნენ და წყალში ახრჩობდნენ, მაგრამ ყველაფრისთვის თვალის მიდევნება მთავარსარდალს არ შეეძლო. რბევააწიოკების დროს წაასწრეს და შეიპყრეს ალიბეი შარვაშიძის შვილები გიდი და მაჟარა. მათმა დედამ, კნეინა კესარია დადიანმა ომერფაშას სთხოვა შეებრალებინა ისინი. მთავარსარდალი პატივისცემით მოეპყრა კნეინას და შვილები ჩააბარა.  ოსმალთა ჯარს ადევნებულმა აფხაზებმა და სხვადასხვა ჯურის მძარცველებმა სამეგრელოს არაერთი სოფელი გაძარცვეს და ააოხრეს. სოფელ სუჯუნაზე თავდასხმისას მათ 60მდე კაცი გაუტაცნიატ და თურქებზე გაუყიდიათ.

მოსახლეობა სახლკარს თავს ანებებდა და ტყვეებსა და მთებში იხიზნებოდა. შედეგი არ მოჰყოლია ომერფაშას პოლიტიკურ მანევრირებასაც, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობისა და სამთავრო სახლის კეთილგანწყობის მოპოვებისაკენ იყო მიმართული. ჯერ მთავარსარდალმა, ხოლო შემდეგ მასთან მივლინებულმა ინგლისსაფრანგეთის წარმომადგენლებმა ფ. ლონგუორტმა და გრაფმა დე მეფრემ 1855 წლის 6 დეკემბერს (25 ნოემბერი) სამეგრელოს დედოფალს წერილებით მიმართეს. ისინი ეკატერინე დადიანს არწმუნებდნენ, რომ ოსმალეთის არმიის მიზანი იყო რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, რუსეთის აგრესიის აღკვეთა კავკასიაში და სამეგრელოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომ “სამეგრელო და მისი მეზობელი ქვეყნები დამოუკიდებელი იყვნენ რუსეთისაგან და სხვა ნებისმიერი სახელმწიფოებისაგან”. ისინი დედოფალს ზუგდიდში დაბრუნებისა და ძალაუფლების ხელში აღებისაკენ მოუწოდებდნენ.   ასეთივე შინაარსის წერილი უფრო ადრე, 9 (21) ნოემბერს ეკატერინე დადიანს ომერფაშამაც მისწერა.  მაგრამ ეკატერინე დადიანი არ ენდო მათ დაპირებებს და თურქების წინააღმდეგ სამეგრელოში გაჩაღებულ პარტიზანულ ბრძოლას თვითონ ჩაუდგა სათავეში.

ასეთ ვითარებაში, 1855 წ. 15 ნოემბერს ყარსის გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. 16 ნოემბერს რუსეთის სარდლობას ყარსის მთელი გარნიზონი ჩაბარდა, მათ შორის, ციხესიმაგრის დაცვის ხელმძღვანელი, ინგლისელი გენერალი ვილიამსი, ოსმალეთის მუშირი ვასიფფაშა და სხვა სარდლები, სულ 10 გენერალი და 18 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, რის შედეგადაც ოსმალეთის ანატოლიის არმიამ არსებობა შეწყვიტა.  ვილიამსი რუსეთის სარდლობასთან ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ომერფაშას მიმართ. მისი თქმით, იარაღის დაყრა იმიტომ მოუწიათ, რომ ომერფაშა ქუთაისზე გალაშქრების ნაცვლად სოხუმში გადმოსხდა და დასავლეთ საქართველოს ჭაობებში ჩაეფლო. 

ყარსის დაცემის შესახებ ცნობა ომერფაშამ 25 ნოემბერს მიიღო.  ამის შემდეგ მისმა ლაშქრობამ ყარსის დასახმარებლად აზრი დაკარგა. ამასთან, ოსმალთა სარდალი სხვა სირთულეების წინაშეც აღმოჩნდა. გურიის რაზმთან დამხმარე ძალის მოსვლა მის კორპუსს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ომერფაშა შეეცადა სამეგრელოსა და აფხაზეთში გამაგრებულიყო და ამისთვის ზამთრის უგზოობაც სასიკეთოდ გამოეყენებინა. თუმცა ქართველმა პარტიზანებმა მისი გეგმები ჩაშალეს. 14 დეკემბერს ერთერთმა პარტიზანულმა რაზმმა მოულოდნელი თავდასხმით თურქთა ზუგდიდის გარნიზონი თითქმის მთლიანად ამოწყვიტა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თურქთა ორი რაზმი გაანადგურა.  რუსეთის ჯარის ნაწილებმა და სახალხო ლაშქარმაც  თურქთა კორპუსის წინააღმდეგ გააქტიურეს მოქმედება. ყოველივე ამან ომერფაშა აიძულა შავი ზღვის სანაპიროსაკენ დაეხია, რაც გაქცევაში გადაიზარდა.  მიხეილ შარვაშიძემაც კავკასიის კორპუსის სარდლობას მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდა აფხაზეთსა და სამეგრელოში ოსმალთა ჯარის რაოდენობისა და განლაგების შესახებ. იგი წერდა: “სოხუმის მცველნი _ ექვსი ბათალიონ, ოჩამჩირეს ოთხი ბათალიონ და რვა ზარბაზანი, გუდავის ხევის პირზედ _ ერთი ბათალიონ და ორი ზარბაზანი, ზუგდიდს _ ხუთი ბათალიონი ქვეით და სამასი ცხენოსანი და ყულევს მათი გალავნი შთაბი გადმოიყვანეს სოხუმიდან და თვით ომერფაშა მანდ არის გარნიზონიანათ _ ვგონებ რვა ბათალიონის მეტი არ იყოს. მათი მოქმედება ჩვენთვის ფარული არის”…  

1855 წლის დეკემბერში პორტამ მიიღო ოფიციალური ცნობა ომერფაშას სოხუმისკენ დახევის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ოსმალთა მთავარსარდალმა ვერ შეძლო არმიის სურსათით უზრუნველყოფა იმ ქვეყანაში, სადაც  წყალდიდობის გამო მდინარეების გადალახვა ძნელი გახდა, ხოლო გზები გაუვალი. ამ უკანდახევამ, რომელსაც სტამბოლში მოელოდნენ კიდეც, საზოგადოების ყველა ფენაში უკმაყოფილება გამოიწვია. ყველანი ბრალს სდებდნენ ომერფაშას ისევე, როგორც წინათ განადიდებდნენ. ამას მთავრობაც იზიარებდა, ამიტომ როცა არზრუმის საკითხი განიხილებოდა, ომერფაშას უკანდახევის ცნობის მიღებისას, თითქმის ერთსულოვნად უარყვეს აზრი მისი ახალი არმიის მთავარსარდლად დანიშვნის თაობაზე, რომელსაც მცირე აზია უნდა დაეცვა. სარდლობამ გადაწყვიტა ომერფაშას კორპუსიდან 10 ათასი მებრძოლი გამოეყო და იმ სამხედრო ნაწილებისათვის შეეერთებინა, რომლებიც ტრაპიზონში იყრიდნენ თავს არზრუმის დასაცავად იზმაილფაშას მეთაურობით, რომელმაც დუნაიზე გამოიჩინა თავი. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ომერფაშას ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაეცა. ტრაპიზონის გუბერნატორს ემინ მუხლისფაშას დაევალა ამის თაობაზე ომერფაშასთვის ეცნობებინა და ეს განეხორციელებინა. ემინ მუხლისფაშა თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგი იყო ომერფაშას გეგმის, რომელიც ასეთი წარუმატებელი აღმოჩნდა. ემინ მუხლისფაშა სოხუმში უნდა ჩასულიყო და 10 ათასი მებრძოლი ტრაპიზონში ჩამოეყვანა.

ყარსის დაცემამ გარკვეულწილად გააუფერულა მოკავშირეთა წარმატებები ყირიმში, რომელიც დიდი მსხვერპლისა და სახსრების ფასად იყო მიღწეული. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კავკასიის მოსახლეობაზე, მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის პრესტიჟი აღმოსავლეთში და, საბოლოოდ, ომის დამთავრება დააჩქარა.  ომერფაშას ლაშქრობის მიზანი მიუღწეველი დარჩა, მაგრამ მოკავშირეთა სარდლობამ მდგომარეობის გამოსწორება განიზრახა. ომერფაშამ ბრძანება მიიღო 1856 წლის ზამთარი სამეგრელოში გაეტარებინა, ბრძოლაში შელახული კორპუსის ნაწილები წესრიგში მოეყვანა, გადაჯგუფებები მოეხდინა და გაზაფხულზე საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ლაშქრობა დაეწყო იმ მიზნით, რომ კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი თბილისი დაეკავებინა და კავკასიიდან რუსეთი განედევნა.  

საომარი მოქმედებების სამმა წელმა მოწინააღმდეგეთა ძალები გამოფიტა. ომის გაგრძელებას განსაკუთრებით საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მთავარი მიზანი _ რუსეთის დასუსტება შავი ზღვის აუზში, უკვე მიღწეული იყო, და ინგლისის ინტერესებისათვის კავკასიაში ომის გაგრძელება მას არ სურდა. ამასთან, საფრანგეთისა და ინგლისის საზოგადოება ანტისაომარმა განწყობამ მოიცვა. ბრიტანეთის პარლამენტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთავრობა, რომელსაც ადამიანთა დიდ მსხვერპლში და წარუმატებელი, ეფექტური საომარი მოქმედებების წარმართვის შეუძლებლობაში დასდო ბრალი. ამიტომ საფრანგეთის ინიციატივა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაეწყოთ, ბრიტანეთის კაბინეტისაგან განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია.     

1856 წლის თებერვალმარტში, პარიზში, ყირიმის ომის შედეგებზე ევროპული კონფერენცია გაიმართა. ინგლისი ცდილობდა რუსეთის მიმართ თავისი გეგმის რეალიზებას _ კავკასიის მოწყვეტას რუსეთისაგან და მის უკუგდებას ყუბანითერგის ხაზზე. მაგრამ საფრანგეთს არ სურდა რუსეთის შემდგომი დასუსტება და ინგლისის გაძლიერება, ამიტომ ინგლისის აგრესიული ზრახვების მიმართ ყირიმში, კავკასიასა და შავი ზღვის აუზში გულგრილი ვერ იქნებოდა. ამ გარემოებამ გამოიწვია ინგლისსაფრანგეთის ანტირუსული კავშირის დაშლა და საფრანგეთის რუსეთთან დაახლოება, შესაბამისად, ინგლისის გეგმების განუხორციელებლობა.  საფრანგეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრაფმა ა. ვალევსკიმ, რომელიც პარიზის კონგრესზე თავმჯდომარეობდა, წამოაყენა წინადადება სპეციალურად განეხილათ “შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების მდგომარეობა”, რომელშიც საქართველო და, საერთოდ, სამხრეთ კავკასია იგულისხმებოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ძველი მოკავშირის მიმართ ვალის მოხდა. განცხადების იქით საქმე არ წასულა და ევროპაში ძალთა ახალი გადაჯგუფების გამო ამ საკითხს გვერდი დუმილით აუარეს.  

1856 წლის 30 მარტს ხელი მოეწერა პარიზის საზავო შეთანხმებას. რუსეთმა შეინარჩუნა კავკასიური სამფლობელოები ომამდელ საზღვრებში, ხოლო დაპყრობილი ყარსისა და ბაიაზეთის საფაშოები ოსმალეთისთვის უნდა დაებრუნებინა; მას აეკრძალა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლა და შავი ზღვის ნავსადგურების გამაგრება.  ამდენად, პარიზის ტრაქტატმა ახლო აღმოსავლეთში გაბატონებისათვის რუსეთის სწრაფვას ზღვარი დაუდო.

პარიზის კონგრესის დამთავრების შემდეგ ომერ ფაშამ სამეგრელოს დატოვების ბრძანება მიიღო.  1856 წლის ადრე გაზაფხულზე ომერ ფაშას საკმაოდ შეთხელებული კორპუსის ნაწილები სოხუმიდან და რედუტკალედან ზღვით ბათუმისა და ტრაპიზონისაკენ გაემართა.   პარიზის ტრაქტატის თანახმად, 1856 წლის 28 ივლისს ყარსის ოლქის მმართველმა მ. ლორისმელიქოვმა ყარსის ოლქი ოსმალეთის ადმინისტრაციას გადასცა.                   

 

***

ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას, კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გამოეკვლია, უღალატა თუ არა რუსეთის ხელისუფლებას მიხეილ შარვაშიძემ. 1855 წლის ზაფხულში ამ საკითხის შესწავლა დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელს დიმიტრი ყიფიანს, რომელიც კეთილსინდისიერებით, პირუთვნელობითა და ობიექტურობით იყო ცნობილი. სექტემბერში დ. ყიფიანი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში ჩავიდა და ამ საქმის შესწავლას შეუდგა. უამრავი მასალის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, 1855 წლის ოქტომბერში მან ხელისუფლებას ვრცელი მოხსენება წარუდგინა. მოხსენებაში დ. ყიფიანმა დამაჯერებლად უარყო მიხეილ შარვაშიძისადმი წაყენებული ბრალდება ღალატის შესახებ და დაადასტურა, რომ იგი მოქმედებდა თავისი მოვალეობის დიდი შეგნებით, როგორც იმპერატორის ერთგული ქვეშევრდომი. 

ნ. მურავიოვი მიხეილ შარვაშიძის ღალატში დარწმუნებული იყო, ამიტომ მისი აზრით, დ. ყიფიანის მოკვლევა უფრო მისი გამართლების ხასიათს ატარებდა, ვიდრე გამოძიების.  რადგან დ. ყიფიანის მოხსენება ნ. მურავიოვის აზრით ნათელ სურათს არ იძლეოდა, მან ვ. ბებუთოვს სთხოვა ამ საკითხის თაობაზე თავისი აზრი წარმოედგინა. ვ. ბებუთოვი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და დაუკავშირდა მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ ოჩამჩირეში იმყოფებოდა. 1856 წლის 22 იანვარს მიხეილ შარვაშიძემ ვრცელი წერილი გაუგზავნა ვ. ბებუთოვს, რომელშიც შეეცადა თავისი მოქმედება აეხსნა და გაემართლებინა.  ვ. ბებუთოვმა მის მიერ შეგროვილი მასალა, მათ შორის, მიხეილ შარვაშიძის წერილები ნ. მურავიოვს წარუდგინა და თავისი აზრიც დაურთო. იგი თვლიდა, რომ არსებული ცნობებით ძნელი იყო გადაჭრით მიხეილ შარვაშიძის ღალატში დადანაშაულება, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნდა საბოლოო განაჩენის გამოტანა მომავლისთვის გადადებულიყო, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა.  ამის შემდეგ, ნ. მურავიოვმა ოდნავ შეიცვალა აზრი მიხეილ შარვაშიძეზე და მას ორპირობაში ადანაშაულებდა. სამხედრო მინისტრის, გენერალ-ადიუტანტ ვ. დოლგორუკოვისადმი 1856 წლის 27 თებერვლის წერილში იგი აღნიშნავდა, რომ მიხეილ შარვაშიძე როგორც რუსეთის, ისე ოსმალეთის მიმართ ორპირობას იჩენდა, რაც გამომდინარეობდა მისი ეჭვიდან, მეომარი მხარეებიდან ვის დარჩებოდა აფხაზეთი; არცერთი მხარისადმი გულწრფელი მიდრეკილება მას არ ჰქონდა, მაგრამ სურდა შეენარჩუნებინა თავისი სამთავრო და ერთგვარი ნეიტრალიტეტის დაცვას ფიქრობდა, თუმცა ივიწყებდა, რომ გენერალადიუტანტის მაღალ წოდებას ატარებდა.  ეს კი, მისი აზრით, მაინც ფიცის დარღვევა იყო და მიხეილ შარვაშიძე უნდა დასჯილიყო. მეორე, 1856 წლის 8 მაისის წერილში, იგი სამხედრო მინისტრს სთხოვდა, იმპერატორის ნებართვა გამოეთხოვა, რათა მიხეილ შარვაშიძე, რომელიც პეტერბურგში აპირებდა გამგზავრებას, თბილისში ჩამოსვლისთანავე დაეპატიმრებინათ. 

პეტერბურგში უფრო რეალისტურად შეხედეს ამ საკითხს და მეფისნაცვლის აზრი არ გაიზიარეს, თუმცა საჭიროდ ჩათვალეს მიხეილ შარვაშიძისათვის საიდუმლო მეთვალყურეობის დაწესება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა პარიზის საზავო ხელშეკრულების მეხუთე მუხლმა, რომლის თანახმადაც ომის მსვლელობაში მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობაში დამნაშავე პირებს პატიება ეძლეოდათ. რუსეთის მთავრობას, რომელიც ომში დამარცხდა, არ შეეძლო დაეშვა ქვეყნის შემდგომი იზოლაცია საერთაშორისო არენაზე, რასაც უდავოდ გამოიწვევდა პარიზის საზავო ხელშეკრულების დარღვევა. აქედან გამომდინარე, უცხო სახელმწიფოების მხრიდან მეძიებლობის თავიდან ასარიდებლად იმპერიის ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა აფხაზეთის მთავრისთვის დანაშაული ეპატიებინა და მართლმსაჯულების ამოქმედება ხელსაყრელი დროისთვის გადადო.  1856 წლის 22 მაისს რუსეთის ახალმა სამხედრო მინისტრმა, არტილერიის გენერალმა ნ. სუხოზანეტმა ნ. მურავიოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძე ყოველგვარი მეთვალყურეობისაგან უნდა გაეთავისუფლებინათ და ნება მიეცათ პეტერბურგში დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო. 

1856 წლის 12 ივნისს სუხოზანეტისადმი გაგზავნილ წერილში ნ. მურავიოვი კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს და ყირიმის ომში მიხეილ შარვაშიძის ღალატის გამო აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის რუსეთის რომელიმე შორეულ გუბერნიაში გადასხლების საკითხი აღძრა.  ნ. მურავიოვის აზრით, აფხაზეთში მმართველობის ისეთი ორგანო უნდა შექმნილიყო, როგორიც არსებობდა სამეგრელოში, მანამდე კი გურიაშიც იყო, ე. ი. საბჭო. არსებობდა საკითხის გადაწყვეტის მეორე ვარიანტიც: აფხაზეთის მმართველობას სათავეში ჩადგომოდა იქ განლაგებული ჯარების სარდალი მანამ, სანამ ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დამყარდებოდა. რუსეთის ჯარების აფხაზეთში შესვლამდე მხარის მმართველობის საკითხის გადაჭრა მთავარსარდალს გადაუდებელ ამოცანად მიაჩნდა. მაგრამ პეტერბურგში მისი აზრი არ გაიზიარეს. ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთსა და დასავლეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის აღდგენისა და განმტკიცების ერთგვარ გარანტად მიიჩნევდა; საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა ჩეჩნეთდაღესტანში, დასავლეთ კავკასია დასაპყრობი იყო, არც აფხაზეთში იყო სიმშვიდე, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ სჭირდებოდა. იმპერატორმა აფხაზეთის მთავრის ღალატი დადასტურებულად არ ცნო და ეს საქმე მიყუჩდა.  უფრო მეტიც, იმპერატორმა ნ. სუხოზანეტს დაავალა მიხეილ შარვაშიძისათვის შექების წერილი მიეწერათ, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო მისი წახალისება იმ საქმეების შესრულებაში, რასაც მისგან მოელოდნენ.  მოელოდნენ კი ბევრს. იმპერატორის ნებით, მიხეილ შარვაშიძეს დაეკისრა რუსეთის ჯარის ნაწილების შეყვანა აფხაზეთში, ამ მხარისა და წებელდის დაკავება.  1856 წლის 6 აგვისტოს ნ. მურავიოვმა წერილი გაუგზავნა მიხეილ შარვაშიძეს და იმპერატორის ნება აუწყა.  

16 ივნისს ნ. სუხოზანეტმა ნ. მურავიოვს აცნობა, რომ სასურველი იყო შავი ზღვის სანაპირო პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის ჯარების მიერ იყო დაკავებული, რუსეთის მხარეს ტრაქტატის ზუსტი დაცვით, დადგენილ ვადებში გადასცემოდა, ოსმალთა ჯარების მთავარსარდლისა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის ორმხრივი შეთანხმებით, და რომ აფხაზეთის სიმაგრეები მიხეილ შარვაშიძეს ჩაებარებინა.  ნ. მურავიოვმა 10 ივლისს ნ. სუხოზანეტს აცნობა, რომ ბათუმის კორპუსის, გურიის, სამეგრელოს სანაპირო პუნქტებსა და იმერეთში განლაგებული ჯარების მთავარსარდალი ჯერ კიდევ ზავის დადებამდე წავიდა ოსმალეთში, ხოლო თურქთა ნაწილებმა პარიზის საზავო ხელშეკრულების დადებამდე ნებაყოფლობით დატოვეს რედუტკალე და შეკვეთილი, როდესაც ეს მოსალოდნელი არც იყო. რაც შეეხება მიხეილ შარვაშიძის მიერ აფხაზეთის სიმაგრეების ჩაბარებას, კორპუსის მთავარსარდალი მინისტრს აუწყებდა, რომ ამ მხარეში თურქებს დაკავებული ჰქონდათ მხოლოდ სოხუმი, რომელიც ზამთარში, უკანდახევისას სანახევროდ, ხოლო 27 მაისს საბოლოოდ დაცალეს.   რუსეთის ჯარის ნაწილებმა მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით 10 ივლისს სოხუმი დაიკავეს. ომის დამთავრების შემდეგ კი რუსეთს აფხაზეთის დაპყრობა კიდევ ერთხელ მოუხდა.

ამრიგად, ყირიმის ომის დროს თურქებმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს. ასეთ ვითარებაში მიხეილ შარვაშიძე სამთავროს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და სამთავრო თურქთა აოხრებისაგან იხსნა. ალბათ, სწორია კავკასიის მეფისნაცვლისა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის ნ. მურავიოვის აზრი, რომ მიხეილ შარვაშიძეს არასოდეს ჰყვარებია რუსები, თუმცა არც თურქები უყვარდა. აფხაზეთის მთავარმა პრაგმატული ნაბიჯი გადადგა და ორი ოკუპანტიდან უპირატესობა რუსეთს მიანიჭა. რუსეთის ხელისუფლებამაც პრაგმატულად იმოქმედა და აფხაზეთის მთავრის მორალური თვალსაზრისით არცთუ გამართლებულ ქმედებაზე დროებით თვალი დახუჭა.

  

***

 

   რუსეთის მიერ დასავლეთ  კავკასიის

 დაპყრობა და აფხაზეთი

 

1859 წლის აგვისტოში დამთავრდა კავკასიის ომის (1817-1864) ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: რუსეთმა ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასია _ ჩეჩნეთდაღესტანი დაიპყრო. ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიაში ომის დამთავრებისთანავე მთიელები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ბრძოლის განახლება უაზრობა იყო და გადაწყვიტეს გაცლოდნენ მათთვის მიუღებელ ახლადდამყარებულ კოლონიურ რეჟიმს. ჩეჩნებისა და დაღესტნელების ნაწილი, ასევე მცირე რაოდენობით ოსები, სულ 100 ათასამდე მთიელი ოსმალეთში გადასახლდა.

რუსეთის მიერ ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები _ მრავალრიცხოვანი ადიღური ტომები და აბაზური თემები. ამიტომ რუსეთის სარდლობამ აქეთკენ გადმოისროლა 200 ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები. ალექსანდრე II (1855-1881) სარდლობისაგან მოითხოვდა, რომ კავკასიის ომი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე გაიწელა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ. ომში სწრაფი გამარჯვება რუსეთს სჭირდებოდა აგრეთვე ევროპის თვალში ყირიმის ომში (1853-1856) დამარცხებით შერყეული ავტორიტეტის აღსადგენად.

ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის მეთაურის შამილის დანებებამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ კავკასიის მთიელებზე. 1859 წლის ნოემბერში რუსებს დამორჩილდნენ აბაძეხები. დანებდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის ერთერთი მეთაური, აბაძეხების წინამძღოლი მუჰამედ ემინი.  1860 წლის იანვარში რუსებს დამორჩილდნენ და თურქეთისკენ დაიძრნენ ნათხვაჯები, მახვაშები, ბესლენელები.  ზაფხულში ამოიწურა აბაზა თემებისთვის მიცემული მოსაფიქრებელი ვადა და ბაშილბაები, ბაღები, ბარაყაელები, ყაზილბეკები, თამები, შახგირეების ნაწილი მათთვის დანიშნულ დროს ოსმალეთში გადასახლდნენ. ამდენად, ვრცელი მხარე მდ. ბელაიასა და მდ. ლაბას შორის მთლიანად “გაიწმინდა მთიელებისაგან”.

დასავლეთ კავკასიის დაპყრობისათვის ბრძოლაში რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთს. რუსეთის სარდლობისათვის ნათელი იყო, რომ სანამ მათ აფხაზეთში მხოლოდ სანაპირო ზოლი ეჭირათ, რუსეთის გავლენა ამ მხარეში მტკიცე ვერ იქნებოდა. 1860 წლის დამდეგს რუსეთის სარდლობამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზის გაყვანაზე, რასაც არამარტო სამხედრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი საშუალება ქვეყნის საბოლოო დაპყრობისათვის. გადაწყდა, ჯერჯერობით, აფხაზეთის სანაპიროდან ფსხუმდე სასაპალნე გზის გაყვანა. იმავდროულად განხორციელდა კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებისაკენ მიმავალი გზების რეკოგნოსცირება.  ფსხუში რუსების გავლენა უმნიშვნელო იყო. ფსხუელები კვლავ ესხმოდნენ თავს აფხაზეთის სოფლებს, რუსულ სიმაგრეებს, მიჰყავდათ ტყვეები. ამიტომ გზის გაყვანა რომ არ შეფერხებულიყო და საბოლოოდ დაემორჩილებინათ ფსხუ, გადაწყდა ექსპედიციის მოწყობა.

1860 წლის აგვისტოში აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალმა გენერალმა ი. ყორღანოვმა ფსხუში დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო. მასში აფხაზთა სახალხო ლაშქარიც მონაწილებოდა. იმავდროულად, რუსეთის საბრძოლო ხომალდებმა რეიდი მოაწყვეს ჯიქებისა და უბიხების სანაპიროზე და ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს დესანტის გადასხმას აპირებდნენ. ამ ოპერაციის მიზანი იყო დაეშინებინათ ჯიქები და უბიხები და ამით აღეკვეთათ ფსხუელებისადმი მათი დახმარების შესაძლებლობა. თუმცა ფსხუელებს დახმარების ხელი მაინც გაუწოდეს როგორც ჯიქების სანაპირო, ისე მთის თემებმა _ აჰჭიფსმა და აიბგამ. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ფსხუელები დამარცხდნენ. მათ მორჩილება გამოუცხადეს რუსეთის სარდლობას და მძევლებიც მისცეს.  რუსთა დამსჯელმა რაზმებმა არც ჯიქებს აპატიეს ფსხუს დახმარება, რის გამოც არდბას ფეოდალური საგვარეულოს ქვეშევრდომები იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებლები და მთებისათვის შეეფარებინათ თავი.

ფსხუში მოწყობილი ექსპედიციის წარმატებას აფხაზეთის ამ მთის თემში რუსეთის გავლენის გაძლიერება არ მოჰყოლია.  ფსხუ კვლავ რჩებოდა რუსეთის მფლობელობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ მნიშვნელოვან კერად.

1860 წლის სექტემბერში კავკასიის მეფისნაცვალმა და კავკასიის არმიის მთავარსარდალმა ა. ბარიატინსკიმ (1856-1862) ომის სწრაფად დამთავრებისათვის ღონისძიებების დასახვის მიზნით ვლადიკავკაზში სამხედრო თათბირი მოიწვია. თათბირზე გადაწყდა, რომ დასავლეთ კავკასიის დასამორჩილებლად შეტევა დაეწყოთ მდ. ლაბისა და მდ. ბელაიას ზემო წელიდან და მთებიდან შავი ზღვისაკენ გამოედევნათ აბაძეხები, შაფსუღები, უბიხები. მათ მიერ სტავროპოლის გუბერნიის სტეპებში გადასახლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი ოსმალეთში გადაესახლებინათ, ხოლო მათ მიწაწყალზე რუსები ჩაესახლებინათ, უმთავრესად კაზაკები. ამის გარეშე, როგორც რუსეთის სარდლობა თვლიდა, კავკასიის დაპყრობა სრული და საბოლოო არ იქნებოდა.  ამრიგად, კავკასიის სარდლობის გეგმით, დასავლეთ კავკასიის მთიელები უნდა აეყარათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და იქ რუსები ჩაესახლებინათ. რუსულ კოლონიზაციას არამხოლოდ უნდა დაეგვირგვინებინა ქვეყნის დაპყრობა, არამედ ის თვითონ უნდა ყოფილიყო დაპყრობის ერთერთი მთავარი საშუალება.

იმავე თათბირზე განხორციელდა კავკასიის არმიის რეორგანიზაცია. ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობით და დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მდ. ყუბანის სამხრეთით, მთიან ზოლში და შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე გადატანით, კავკასიის “საკორდონო ხაზმა” მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ იგი გაუქმდა. კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა, რომელიც თერგის აუზს მოიცავდა, თერგის ოლქად, ხოლო მარჯვენა ფრთა, რომელიც ყუბანის აუზს მოიცავდა _ ყუბანის ოლქად გარდაიქმნა. ორივე ამ ოლქმა სტავროპოლის გუბერნიასთან ერთად მიიღო სახელწოდება “ჩრდილოეთ კავკასია”. იმავდროულად, კავკასიის სახაზო კაზაკთა ჯარიც გარდაიქმნა: თერგის ოლქში დასახლებულმა სახაზო კაზაკებმა შეადგინეს თერგის ოლქის კაზაკთა ჯარი; კავკასიის სახაზო კაზაკთა ჯარის 6 ბრიგადა უნდა დასახლებულიყო ყუბანის ზემო წელიდან შავი ზღვის სანაპირომდე და შერწყმოდა შავი ზღვის კაზაკთა ჯარს, რის შედეგადაც შეიქმნებოდა ყუბანის კაზაკთა ჯარი.  ა. ბარიატინსკიმ კავკასიის არმიის სარდლობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. დ. მილიუტინის რუსეთის სამხედრო მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) დანიშვნასთან დაკავშირებით მან დატოვა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსის თანამდებობა. იგი შეცვალა კავკასიის არმიის მარჯვენა ფრთის სარდალმა გენერალმა გრ. ფილიპსონმა. ყუბანის ოლქის უფროსად და ყუბანის ოლქის ჯარების სარდლად დაინიშნა მარცხენა ფრთის სარდალი გენერალი ნ. ევდოკიმოვი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობაში. იმავდროულად, იგი დარჩა თერგის ოლქის უფროსად და თერგის ოლქის ჯარების სარდლად. ამრიგად, ა. ბარიატინსკიმ ნ. ევდოკიმოვს დაუმორჩილა მთელი ჩრდილო კავკასია. ახალი თანამდებობის შესაბამისად, ნ. ევდოკიმოვი ყუბანის კაზაკთა ჯარის უმაღლეს ატამანადაც დაინიშნა.

ამრიგად, 1860 წლის შემოდგომიდან კავკასიის დამორჩილების მთავარ საშუალებად მიჩნეულ იქნა სამხედრო კოლონიზაცია. აქამდე კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ ეწყობოდა ექსპედიციები, ამარცხებდნენ მათ, იმორჩილებდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ. ეს იწვევდა ჯარისკაცთა დიდ მსხვერპლს, ქვეყანა კი დაუმორჩილებელი რჩებოდა.  ამიერიდან, გადაწყდა შეეწყვიტათ უშედეგო სამხედრო ექსპედიციები და შედგომოდნენ მთის სისტემურ დასახლებას კაზაკთა სტანიცებით, ხოლო კავკასიელი მთიელები გადაესახლებინათ დაბლობზე ან გაესახლებინათ ოსმალეთში. რუსეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობდა კავკასიელი მთიელებისათვის მოესპო ბუნებრივი თავშესაფარი მთების სახით, და დაბლობზე ჩამოსახლებით თავისი ადმინისტრაციის კონტროლისათვის დაექვემდებარებინა ან ოსმალეთში გადასახლებით შეემცირებინა მათი ხვედრითი წილი ქვეყანაში და დაესუსტებინა ისინი.  მოგვიანებით, 1861 წლის ოქტომბერში ა. ბარიატინსკი გულახდილად აღნიშნავდა, რომ დასავლეთ კავკასიის მთიელთა გადასახლების მიზანი იყო „Избавить кавказское плоскогорье от населения… и открыт этим самым прекрасные и плодородные места для… казачьего поселения“.

1861 წლის იანვართებერვალში რუსებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდ. აფიფსის შენაკადის შებშის ზემო წელში მცხოვრები შაფსუღების წინააღმდეგ. მდ. ლაბასა და მდ. ბელაიას შორის მცხოვრები ტომები: აბაძეხები, მახვაშები, ეგერუყვები, თემირგოი ლოიალობას ინარჩუნებდნენ რუსებისადმი. ამით სარგებლობდნენ ეს უკანასკნელნი, კაფავდნენ ტყეებს, გაჰყავდათ გზები, აგებდნენ სიმაგრეებს. რუსების ასეთმა მოქმედებამ აბაძეხების აჯანყება გამოიწვია. მათ განაახლეს თავდასხმები რუსების დასახლებებზე და ჯარის ნაწილებზე. ნ. ევდოკიმოვმა ისარგებლა აბაძეხების მიერ საომარი მოქმედებების განახლებით, გააუქმა 1859 წელს მათთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და ულტიმატუმი წაუყენა _ გადასახლებულიყვნენ ყუბანზე. მაგრამ აბაძეხები დამორჩილებას არ აპირებდნენ. მაშინ, აპრილში, რუსებმა შეუტიეს აბაძეხებს და 20 დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით გაიარეს მდ. ლაბას შენაკად ხოძსა და მდ. ბელაიას შორის ტერიტორია. აბაძეხები, მახვაშები, ეგერუყვები მთებში ეძებდნენ თავშესაფარს. ივნისში, მდ. ბელაიას მთელ სიგძრეზე მისი ორივე ნაპირი რუსების ხელში იყო, თუმცა აბაძეხები წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ.

დასავლეთ კავკასიის მთიელები კარგად ხედავდნენ რა საშიშროებაც ემუქრებოდათ, ამიტომ უფრო მტკიცედ შეკავშირება გადაწყვიტეს. 1861 წლის ივნისში მდ. სოჩას ხეობაში უბიხების ინიციატივით დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ მტკიცე კავშირი, ხოლო მისი მართვისათვის 15 პირისაგან შემდგარი საბჭო აირჩიეს, რომელსაც მეჯლისი ეწოდა. მეჯლისზე დაქვემდებარებული ტერიტორია 12 ოლქად დაიყო. თითოეულ ოლქში იყო მუფტი, ყადი და მამასახლისი. გარეგნულად ეს ორგანიზაცია იმამატის სისტემას ჰგავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული თეოკრატიული ხასიათი.  მთიელები არ დაკმაყოფილდნენ შინაგანი ორგანიზაციის მოწყობით. ისინი ეძიებდნენ ოსმალეთისა და ინგლისის დახმარებას. აგვისტოში მეჯლისის წევრებმა, უბიხების ერთერთმა წინამძღოლმა კერენტუხ ბარზეგმა და იზმაილ ბარაყაიიფა ძიაშმა წერილით მიმართეს ინგლისის კონსულს სოხუმში დიკსონს. მას სთხოვეს თავისი მთავრობისათვის ეცნობებინა რუსეთის ჯარის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ და გამოსარჩლება ითხოვეს.

1861 წლის სექტემბერში, კავკასიაში, საომარი მოქმედებების ზონაში ალექსანდრე II ჩავიდა. 18 სექტემბერს იმპერატორს შეხვდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომთა _ აბაძეხების, შაფსუღების, უბიხების და სხვათა წარმომადგენლები. მათ იმპერატორს სთხოვეს მიეღო ისინი თავის ქვეშევრდომად და თავიანთ მიწაწყალზე დაეტოვებინა. მაგრამ იმპერატორმა მათ კატეგორიულად განუცხადა, რომ ერთ თვეს აძლევდა მოსაფიქრებლად: გადასახლებულიყვნენ ყუბანისპირა დაბლობზე, სადაც სამუდამო მფლობელობაში მიიღებდნენ მიწებს, შეინარჩუნებდნენ თავიანთ სახალხო წყობილებასა და სასამართლოს, ან გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში.

მთიელებისთვის ნათელი იყო, რომ ყუბანსა და ლაბაზე გადასახლებით ისინი დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რომლითაც სარგებლობდნენ მიუვალ მთებში. მთიელთა დიდ ნაწილს არც ოსმალეთში გადასახლების გაგონება სურდა. ამდენად, მათ არ მიიღეს იმპერატორის წინადადება და ნოემბრიდან ომი კვლავ განახლდა. რუსეთის სარდლობა ყუბანის ქვემო წელზე, ნათხვაჯებისა და შაფსუღების მიწაწყალზე ინტენსიურად ასახლებდა კაზაკებს, ხოლო ნათხვაჯებს საცხოვრებლად განესაზღვრათ მიწები ყუბანის გაყოლებაზე.  1861 წლის გაზაფხულიდან 1862 წლის გაზაფხულამდე ყუბანის ოლქში კაზაკთა 35 სტანიცა გაჩნდა.

1861 წლის დეკემბერი _ 1862 წლის იანვართებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილები დაკავებული იყვნენ მომავალი საომარი მოქმედებებისათვის მზადებით _ ტყის გაჩეხვით, გზების გაყვანით. 1862 წლის მარტში განახლდა შეტევითი ოპერაციები, რომლის მსვლელობაშიც, დაიკავეს დახოს თემი და მდ. ქურჯიფსის ხეობა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქვის ხიდი მდ. ბელაიაზე, ფშეხას თემი. ამით, ივლისში, საომარი მოქმედებები დამთავრდა და ჯარები გამოსაზამთრებლად მზადებას შეუდგნენ. მთიელებს არ ჰყავდათ საერთო მეთაური, ამიტომ მათ მოქმედებებს ეფექტურობა აკლდა.

დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის ფაქტორს და მიხეილ შარვაშიძის როლს. 1862 წლის აპრილში ა. ბარიატინსკი სამხედრო მინისტრს, გენერალადიუტანტ დ. მილიუტინს წერდა: მიხეილ შარვაშიძის `გავლენა აფხაზეთში და მეზობელ ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია… ამიტომ ამ კაცის კეთილად განწყობა ჩვენს მიმართ ძალზე საჭიროდ მიმაჩნია”.  მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნის შესული იყო, რუსეთის ხელისუფლება აქ საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ ჯარის მიერ დაკავებულ პუნქტებზე ვრცელდებოდა. სამთავროს საშინაო მმართველობა მთავრის ხელში იყო. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისათვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცება დასავლეთ კავკასიაში რუსეთის მფლობელობის დამყარების კვალად მოხდებოდა.  ეს კარგად იცოდა მიხეილ შარვაშიძემაც. რუსეთის სარდლობა ფიქრობდა, რომ აფხაზეთის მთავარი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომებს _ ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს და სხვ. შორის, ფარულად უჭერდა მხარს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მან კარგად იცოდა, რომ დასავლეთ კავკასიის ტომების რუსეთისადმი დამორჩილების შემდეგ მის ხელისუფლებასაც ბოლო მოეღებოდა.  ამიტომაც იყო, რომ მიხეილ შარვაშიძე კეთილგანწყობით არ უცქერდა აფხაზეთის დაუმორჩილებელი მთის თემების გავლით ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გზის გაყვანას.

1862 წლის დამდეგს რუსეთის ჯარის ნაწილები უკვე კავკასიონის ქედის ძირში გამოჩნდნენ, უბიხეთთან სულ ახლოს. ეს ფაქტი 1862 წლის ივნისში მეჯლისის საგანგებო შეკრების მიზეზი გახდა. მეჯლისმა დაადგინა: სტამბოლში, პარიზსა და ლონდონში ელჩობის გაგზავნა დახმარების თხოვნით; ტუაფსესა და ადლერს შორის მცხოვრებ მოსახლეობას ხარჯების ასანაზღაურებლად დაკისრებოდა ფულადი გადასახადი (კომლზე 50 კაპ.); საღვთო ომის _ ღაზავათის გამოცხადება; აბაძეხების დასახმარებლად მებრძოლების გაგზავნა და ასეთივე დახმარების მოთხოვნა ჯიქებისაგან, რომლებიც გულგრილად შესცქეროდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელთა ტრაგედიას.

1862 წლის ივნისში აბაძეხებმა და შაფსუღებმა ერთხელ კიდევ სცადეს რუსეთის ჯარების შეჩერება. მათ დასახმარებლად 5 ათასი უბიხიც მოვიდა. ივნისივლისში სასტიკი ბრძოლები გაიმართა, მაგრამ მთიელები კვლავ დამარცხდნენ, თუმცა ისინი ამის შემდეგაც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას.  იმავდროულად, მეჯლისის დეპუტაცია იზმაილ ბარაყაიიფა ძიაშის მეთაურობით სტამბოლსა და ევროპის რიგ სახელმწიფოთა დედაქალაქებს ეწვია დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 1862 წლის მიწურულს, მთიელთა დეპუტაცია პოლონელ რევოლუციონერთან, დასავლეთ კავკასიის მთიელების გვერდით მებრძოლ თეოფილ ლაპინსკისთან ერთად ლონდონში ინგლისის პრემიერმინისტრს ლორდ პალმერსტონს წარუდგა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. თ. ლაპინსკიმ მგზნებარე სიტყვით მიმართა პრემიერმინისტრს. მისი აზრით, ევროპა გულგრილი მაყურებელი არ უნდა დარჩენილიყო იმ ტრაგედიის, რაც კავკასიაში ხდებოდა; საჭირო იყო ენერგიული ზომების მიღება და რუსეთის ძალების პარალიზება. ევროპას რამე უნდა ეღონა, რომ რუსეთის ძალები დაექსაქსა სამხრეთში და ამით კავკასიელი მთიელები განადგურებისაგან ეხსნა. ამ საქმეში თ. ლაპინსკი დიდ იმედებს ამყარებდა ინგლისზე, რომელიც რუსეთის მოქიშპე იყო “აღმოსავლეთის საკითხში”. პალმერსტონმა ყურადღებით მოისმინა მგზნებარე სიტყვები, მაგრამ იგი კარგად ხედავდა, რომ კავკასიაში რუსეთის წინსვლის შეჩერება შეუძლებელი იყო, ამიტომ დეპუტაციას დახმარებაზე უარი უთხრა.

1863 წლის თებერვალში კავკასიაში ახალი მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი, დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი (1862-1881) ჩამოვიდა. 14 თებერვალს მას სტავროპოლში დახვდნენ მეფისნაცვლისა და კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელი გრ. ორბელიანი, მთავარი შტაბის უფროსი ა. კარცოვი, ყუბანის ოლქის უფროსი ნ. ევდოკიმოვი, თერგის ოლქის უფროსი დ. სვიატოპოლკმირსკი და სხვა მაღალჩინოსნები. მ. რომანოვმა დაათვალიერა ჯარები, საომარი მოქმედებებისა და კაზკთა ჩასახლებისათვის განსაზღვრული ადგილები და კმაყოფილი დარჩა. 26 მარტს ის თბილისში ჩამოვიდა.

ჩრდილოდასავლეთ კავკასიაში ნ. ევდოკიმოვმა გააგრძელა ა. ბარიატინსკის დროს მიღებული გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა მთიელების თანდათან შევიწროებას და კაზაკთა დასახლებების მთებისაკენ წაწევას, რასაც უნდა აეძულებინა მთიელები გადასახლებულიყვნენ დაბლობზე. მდ. ბელაიადან მდ. ადაგუმამდე ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევითი ოპერაციების მსვლელობაში, ადაგუმას რაზმს (გენერალმაიორი პ. ბაბიჩი) უნდა აეძულებინა ნათხვაჯები, რომლებმაც ჯერ კიდევ 1861 წელს გამოაცხადეს მორჩილება, მთებიდან გადასახლებულიყვნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მათ მიწაწყალზე 8 კაზაკთა სტანიცა ჩაესახლებინათ; ფშეხას (გენერალმაიორი პ. ზოტოვი) და დახოს (პოლკოვნიკი ვ. გეიმანი) რაზმებს უნდა გაეწმინდათ მდ. ბელაიასა და მდ. ფშიშს შორის ტერიტორია მათი ზემო წელის ჩათვლით და კაზაკთა 12 სტანიცა მოეწყოთ. ამით, საომარი მოქმედებები ჩრდილოდასავლეთ კავკასიაში ზაფხულში უნდა დამთავრებულიყო.

1863 წლის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა საბოლოოდ მოაქციეს ბლოკადაში აბაძეხები. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი აბაძეხები შეეცადნენ მოლაპარაკებოდნენ რუსებს, მაგრამ სარდლობამ მათ ულტიმატუმი წაუყენა _ გადასახლებულიყვნენ ყუბანზე ან ოსმალეთში წასულიყვნენ.  აბაძეხებს კი სამშობლოს დატოვება არ სურდათ. აპრილში რუსები მათ მიწაწყალზე შეიჭრნენ. როდესაც აბაძეხებმა ნახეს, რომ რუსეთის ჯარს უკან მოყვებოდა რუს მოახალშენეთა ურიცხვი ტრანსპორტი და ისინი იკავებდნენ მათ სახლებს, სრულებით დაეცნენ სულიერად, რადგან მიხვდნენ, რომ ერთადერთი გზა დარჩენოდათ _ ოსმალეთში წასვლა. აბაძეხებმა ნ. ევდოკიმოვს სთხოვეს ხელი არ შეეშალა მათთვის ოსმალეთში წასვლაში, რაზეც ამ უკანასკნელმა, პირიქით, დახმარებაც აღუთქვა.  იმავდროულად, რუსები შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში შაფსუღების წინააღმდეგ.

ასეთ ვითარებაში, მთიელებთან კვლავ გამოჩნდნენ ოსმალეთის ემისრები, რომლებიც დაჟინებით ურჩევდნენ არ დამორჩილებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას, რადგან სულ მალე ევროპა ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და ოსმალეთის ჯარები მთიელების დასახმარებლად მოვიდოდნენ.

1863 წლის გაზაფხულზე ევროპა ახალი ომის საშიშროების წინაშე დადგა პოლონეთის კრიზისის გამო. იანვარში პოლონეთში აჯანყება დაიწყო, რამაც პოლიტიკური ვითარება ევროპაში დაძაბა. ეს დაძაბულობა შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში გადაზრდილიყო, თუ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები შეძლებდნენ შეთანხმებას და პოლონეთის მხარდასაჭერად კოალიციას შექმნიდნენ. ნაპოლეონ III_ის მცდელობა, დაეყოლიებინა ლონდონისა და ვენის კაბინეტები რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე, განსაკუთრებით ინტენსიური აპრილივლისში გახდა.

ევროპული ომის საშიშროებასთან დაკავშირებით, გაზაფხულზე მ. რომანოვმა დ. მილიუტინს კავკასიის არმიის გაძლიერება სთხოვა. სამხედრო მინისტრმა მეფისნაცვალი დაამშვიდა, რომ ეს აუცილებელი არ იყო. დიდი მთავარი ფიქრობდა, რომ ომის შემთხვევაში მისი ერთერთი ასპარეზი შავი ზღვის აკვატორია გახდებოდა, სადაც ერთერთ სუსტ წერტილად კავკასიის სანაპირო, სახელდობრ, აფხაზეთი მიაჩნდა. კავკასიის არმიის მთავარსარდლის აზრით, აფხაზების ნდობა არ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, აფხაზეთში ჯარის დატოვება საშიში იყო; თუ ჯარის გამოყვანის საჭიროება დადგებოდა, გზები სასურველ მდგომარეობაში არ იყო. დ. მილიუტინმა მას შესთავაზა წებელდა აერჩია საყრდენ ბაზად, თუ სანაპირო ზოლიდან ჯარის გამოყვანა გახდებოდა საჭირო. თავიდან მ. რომანოვი ამ აზრის წინააღმდეგი იყო, მაგრამ, შემდეგ, ქუთაისის გენერალგუბერნატორს, გენერალლეიტენანტ დ. სვიატოპოლკმირსკის დაავალა პირადად შეერჩია წებელდაში ბაზის მოსაწყობი ადგილი, დაეთვალიერებინა აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი გზები და მოემზადებინა წინადადებები მათ მოსაწესრიგებლად. იმავდროულად, მან თბილისში დაიბარა ნ. ევდოკიმოვი ყუბანის ოლქის ზღვიდან დაცვის შესახებ გეგმის განსახილველად.

1963 წლის ზაფხულში ადაგუმას, ფშეხას, დახოს რაზმები აგრძელებდნენ საომარ მოქმედებებს შაფსუღების, ნათხვაჯების, აბაძეხების წინააღმდეგ, გაჰყავდათ გზები, განაგრძობდნენ სტანიცების მოწყობას.  როგორც დაგეგმილი იყო, ზაფხულის განმავლობაში ყუბანის მხარეში 20 ახალი სტანიცა დაფუძნდა, რის შედეგადაც კაზაკთა 2 პოლკი ჩამოყალიბდა. სულ, 1860 წლიდან 1863 წლის ჩათვლით, ყუბანის ოლქში 58 სტანიცა დაფუძნდა არანაკლებ 10 ათასი ოჯახით.

ასეთ ვითარებაში, პოლონური მოძრაობის ხელმძღვანელებმა ლონდონსა და სტამბოლში გადაწყვიტეს პოლონეთისათვის სასარგებლო დივერსიისათვის წაექეზებინათ კავკასიელი მთიელები. დაიწყო ფულის შეგროვება კავკასიაში იარაღისა და დამხმარე ძალის გასაგზავნად, რითაც ცდილობდნენ რუსეთი კონფლიქტზე გამოეწვიათ. არ გამორიცხავდნენ პროვოკაციულ ნაბიჯსაც, სამხედრო ხომალდის გაგზავნას კავკასიის სანაპიროზე ჩერქეზთა დროშით, მათი დამოუკიდებლობის დემონსტრაციის ნიშნად. ამ მიზნით, ნიუკასლში დაიქირავეს შხუნა ”ჩეზაპიკი” და იარაღით დატვირთეს. 5 სექტემბერს ”ჩეზაპიკი” ინგლისის დროშით ტრაპიზონის ყურეში შევიდა. რუსეთის გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ა. მოშნინმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ეს ფაქტი, თავის ბრიტანელ კოლეგას სტივენსს მიმართა თხოვნით, ამ კონტრაბანდული რეისისთვის ხელი შეეშალა. იმავდროულად, ბათუმის მახლობლად გამოჩნდა რუსეთის ფლოტის ორი კორვეტი, რომელთაც ხელში უნდა ჩაეგდოთ ”ჩეზაპიკი”. ეს ფაქტი ცნობილი გახდა ინგლისელებისთვის. სტივენსი შეხვდა ”ჩეზაპიკის” კაპიტანს და ურჩია არ გაერისკა. ტრაპიზონის მახლობლად `ჩეზაპიკიდან” იარაღი თურქულ კანჯოზე გადატვირთეს, ხოლო ბრიტანული შხუნა სტამბოლში დაბრუნდა. ა. მოშნინი შეეცადა დაერწმუნებინა ოსმალეთის ხელისუფლება, რომ იარაღის კონფისკაცია მოეხდინა, მაგრამ უშედეგოდ.

სექტემბერში `პოლონელთა კომიტეტმა” ტრაპიზონიდან შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე იარაღის პარტია და 40მდე მებრძოლი გაგზავნა. თურქულმა კანჯომ ყველა წინააღმდეგობა გადალახა და უბიხეთის სანაპიროს, ვარდანეს მიადგა. უბიხებს, რომლებიც მრავალრიცხოვან არმიას ელოდნენ, მცირერიცხოვანი რაზმის დანახვისას იმედები გაუცრუვდათ. სექტემბრის ბოლოს კიდევ გაიგზავნა იარაღის ერთი პარტია ჩერქეზეთში, მაგრამ 3 ოქტომბერს გემი უკან დაბრუნდა და შაფსუღების დამარცხების ამბავი ჩამოიტანა. ოქტომბრის ბოლოს ტრაპიზონში უკვე ჩამოვიდნენ გამოქცეული შაფსუღები და დაიწყო დასავლეთ კავკასიის მთიელთა მცირე ნაკადებით ოსმალეთში გადასახლება.

შემოდგომაზე, პოლონეთის აჯანყებით შექმნილი დაძაბული ვითარება ევროპაში განიმუხტა პარიზის, ლონდონისა და ვენის კაბინეტებს შორის შეუთანხმებლობის გამო.  დასავლეთში იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში პროვოკაციების გაგრძელება შეუძლებელიც იყო და გაუმართლებელიც. ამის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ინგლისური სუბსიდიები, ოსმალეთიც თავს იკავებდა რუსეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯებისაგან.

ოქტომბერნოემბერში რუსებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს შაფსუღები და დეკემბერში მდ. შაფსუხოს შესართავამდე მიაღწიეს.  ამრიგად, 1863 წლის მიწურულს რუსებს ჩრდილოდასავლეთი კავკასია დაპყრობილი ჰქონდათ, რჩებოდა მხოლოდ კავკასიონის სამხრეთ კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაპყრობა, სადაც მცირე შაფსუღების ნაწილი, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ.  1863 წლის 10 დეკემბერს დიდი მთავარი მ. რომანოვი სამხედრო მინისტრს წერდა: ”დასავლეთ კავკასიის საბოლოო დაწყნარება უნდა მოხდეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული მოსახლეობის ჩასახლებით. ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღონისძიების განხორციელება ნავარაუდევია უახლოეს მომავალში. კაზაკთა სტანიცებით დაკავებულია ტერიტორია ყუბანის შესართავიდან ცემესის ყურემდე, სანაპირო ზოლი უკვე გაწმენდილია მდ. ჯუბის შესართავამდე. გაზაფხულისთვის, დანარჩენ ტერიტორიაზეც, რომელიც განსაზღვრულია კაზაკთა ჩასახლებისათვის იმპერატორის მიერ დამტკიცებული დასავლეთ კავკასიის დასახლების შესახებ დებულებით, არ უნდა დარჩეს მთიელი მოსახლეობა. თუ საგარეო მოვლენებმა ხელი არ შეგვიშალა, მაშინ მომავალი ზაფხულის განმავლობაში ვიმედოვნებ სანაპიროს გაწმენდას მდ. ბზიფამდეც კი, როგორც დებულებითაა განსაზღვრული”.

ამრიგად, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდ. ბზიფამდე კაზაკებით დასახლება. მ. რომანოვი ფიქრობდა აქ ხუტორული მეურნეობის განვითარებას საზღვაო საქმისა და თევზჭერის მიმართულებით.

1864 წლის თებერვალში აბაძეხების ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ხოლო ნაწილი _ მდ. ბელაიას ქვემო წელზე. ცარიზმი, რომელიც კავკასიაში თავისი დამპყრობლური გეგმების განხორციელებისას ადგილობრივ მკვიდრთა გმირულ წინააღმდეგობას შეხვდა, დაცარიელებული ადგილების შეერთებას ამჯობინებდა. ამიტომ ხელისუფლება კი არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ხელსაც უწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლებას, რითაც კავკასიის საბოლოო დაპყრობა დაჩქარდებოდა.

რუსეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ კავკასიის ომის სწრაფად დასამთავრებლად საჭირო იყო ენერგიული მოქმედება. ჯერ ერთი, მას აფრთხობდა 1863 წელს ახალი ევროპული კოალიციის შექმნა, და მეორე, თუ გაზაფხულამდე არ დამთავრდებოდა ომი, შემდეგ შეიძლებოდა იგი გაჭიანურებულიყო, რადგან ”ტყე გაიფოთლებოდა, ბალახი ამოვიდოდა, ხორბალი ამოიწვერებოდა, ირგვლივ ყველაფერი გამოცოცხლდებოდა და მთიელთა საშუალებებიც გაათკეცდებოდა. ტყეები იქნებოდა მათი თავშესაფარი, საკვები ექნებოდა ადამიანსა და პირუტყვს, ხოლო ზამთარში სურსათის მარაგისა და სოფლების განადგურება მათზე დამღუპველად იმოქმედებდა”.

1864 წლის თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიწყეს კავკასიონის ქედის გადალახვა. ისინი შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. იმავდროულად, უბიხეთისა და ჯიქეთის სანაპიროს რუსეთის სამხედროსაზღვაო ძალების ხომალდებიც მიადგნენ. მარტის დასაწყისში დახოს რაზმმა გენერალ ვ. გეიმანის სარდლობით კავკასიონის ქედი გადალახა, მდ. ტუაფსეს ხეობაში გადავიდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდას შეუდგა. 18 მარტს ვ. გეიმანმა მდ. გოდლიკხთან დაამარცხა შაფსუღები და უბიხები და 25 მარტს უბიხეთისა და ჯიქეთის საზღვარს მდ. სოჩას მიაღწია. 26 მარტს ვ. გეიმანთან გამოცხადდა ჯიქების ერთერთი წინამძღოლი რეშიდ გეჩი და მორჩილება გამოუცხადა მას.

1864 წლის მარტში კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა: „Будем действовать осмотрительно, но и решительно чтобы окончательно очистить все черноморское побережье. Надо ожидать, что большая часть горцев предпочитает выселитья в Турцию, чем перейти на назначенные для них места на Кубани. Дело окончательного покорения восточного берега Черного моря наиболее зависить от быстроты выселения тузмцев“.

2 აპრილს კავკასიის არმიის მთავარსარდალი მ. რომანოვი პირადად ჩავიდა საომარი მოქმედებების ზონაში და _ ჯიქებისა და უბიხების თემების წარმომადგენლებს, რომელთაგანაც პირადად მიიღო მორჩილების პირობა, ულტიმატუმი წაუყენა _ გადასახლებულიყვნენ ყუბანზე ან ოსმალეთში წასულიყვნენ, მათი მიწები კი განსაზღვრული იყო რუსების დასასახლებლად. მ. რომანოვმა მთიელებს ერთი თვე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ 19 აპრილს მთებში ასულ რუსებს უბიხები აღარ დახვდათ. ისინი ერთიანად დაძრულიყვნენ შავი ზღვის სანაპიროსაკენ.  აპრილში უბიხები ერთიანად გადასახლდნენ ოსმალეთში.  იმავდროულად, ადრიანი გაზაფხულის რთულ პირობებში, ფშეხას რაზმმა გენერალმაიორ პ. გრაბეს მეთაურობით, მდ. ფშეხასა და მისი შენაკადების ზემო წელი უბიხეთში გადასასვლელ უღელტეხილამდე, გაწმინდა მთიელებისაგან, რომლებიც ძნელად მისადგომ ქვაბულებს აფარებდნენ თავს. მათი ერთი ნაწილი წავიდა ლაბაზე, მათთვის გამოყოფილ ადგილებში დასასახლებლად, ნაწილი კი შავი ზღვის სანაპიროსაკენ გაემართა ოსმალეთში წასასვლელად.   1864 წლის გაზაფხულზე შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთი სანაპირო ადლერამდე სავსე იყო კავკასიელი მთიელებით, რომლებიც გემებს ელოდნენ ოსმალეთში წასასვლელად. როგორც ა. ბარიატინსკის ბიოგრაფი, რუსი ოფიცერი ა. ზისერმანი აღნიშნავდა: Вытесняемое шаг за шагом… полумиллионное население горцев перенесло все ужасы истребительной войны, страшные лишения, голод, повальные болезни, а очутившись на берегу  должно было искать спасения в переселении в Турцию.

ჩრდილოდასავლეთ კავკასიისა და შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროს დაპყრობის შემდეგ რჩებოდა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერების ლიკვიდაცია, ჯიქების მთის თემების _ აიბგა, აჰჭიფსი, ფსხუ, მინარეების _ მზიმთას, ფსოუს და ბზიფის ზემო წელში, _ დამორჩილება. ამ მიზნით ოთხი სამხედრო კოლონა გაიგზავნა გენერლების: პ. შატილოვის, დ. სვიატოპოლკმირსკის, ვ. გეიმანის და პ. გრაბეს მეთაურობით.

აფხაზეთის ჯარების სარდალი პ. შატილოვი პირველი კოლონით 25 აპრილს გაგრიდან ფსოუს ხეობისკენ გაემართა. აიბგელებმა, რომლებიც ფსოუს ზემო წელის ქვაბულში ცხოვრობდნენ, ვიწრო ხეობა ხერგილებით ჩაკეტეს და სამი დღის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ პ. შატილოვს. მეორე კოლონა დ. სვიატოპოლკმირსკის მეთაურობით 28 აპრილს სოხუმიდან გემებით ადლერის მიმართულებით გავიდა. მეორე დღეს ესკადრა ადლერის კონცხს მიადგა და რაზმი მდ. მზიმთას მარჯვენა ნაპირზე დაბანაკდა. ჯიქები რუსებს ლოიალურად შეხვდნენ და განუცხადეს, რომ ოსმალეთში გადასახლება სურდათ. მაისის დასაწყისში რაზმი მდ. მზიმთას მარჯვენა ნაპირს აუყვა მთებისკენ, თან გზა გაჰყავდა. 10 მაისს, დ. სვიატოპოლკმირსკის მიერ პ. შატილოვის დასახმარებლად გაგზავნილმა რაზმმა გენერალ ბატეზატულის მეთაურობით ზურგიდან შეუტია აიბგელებს. მთიელები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ და დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა უაზრო იყო. მათ მორჩილება გამოუცხადეს რუსებს და ხერგილების გაწმენდა აღუთქვეს, ამასთან დრო ითხოვეს, რომ პური მოემკათ და ოსმალეთში წასასვლელად მომზადებულიყვნენ. რუსეთის ჯარის ნაწილებმა გააგრძელეს წინსვლა აიბგას სიღრმეში, რათა მთიელები აეძულებინათ უსიტყვო მორჩილება გამოეცხადებინათ. 12 მაისს აიბგამ სრული მორჩილება გამოაცხადა და თემის მოსახლეობა სანაპიროსაკენ გაემართა ოსმალეთში წასასვლელად.  ფაქტობრივად, ეს იყო ომის ბოლო აკორდი. აჰჭიფსისა და ფსხუს წინააღმდეგობა უიმედო გახდა.

მაისის დასაწყისში შეტევაზე გადავიდა მესამე კოლონაც ვ. გეიმანის მეთაურობით. იგი მდ. სოჩას ზემო წელისაკენ მიემართებოდა, შემდეგ კავკასიონის მთავარი ქედის პარალელურად აჰჭიფსისაკენ გაემართა. მეოთხე კოლონამ პ. გრაბეს მეთაურობით მდ. პატარა ლაბის სათავეებთან გადალახა კავკასიონის მთავარი ქედი, მდ. მზიმთას ხეობაში გადავიდა და 12 მაისს უკვე აჰჭიფსში შევიდა. აჰჭიფსელები იძულებული გახდნენ შეესრულებინათ ადრე მიცემული პირობა. მათ დატოვეს თავიანთი საცხოვრებლები და ერთიანად ზღვის სანაპიროსაკენ გაემართნენ. იმავდროულად, ფსხუელებმა დეპუტაცია გაგზავნეს რუსეთის სარდლობასთან. მათი ერთი ნაწილი თანახმა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლებულიყო, ხოლო ნაწილს ოსმალეთში წასვლა სურდა.

1864 წლის 20 მაისს რუსეთის ჯარის ოთხივე კოლონა შეერთდა მდ. მზიმთას ზემო წელში, აჰჭიფსის ცენტრში, აულ გუბაადვში (რუს. კბაადა, ამჟ. კრასნაია პოლიანა) და მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა დაიკავა. 21 მაისს, გუბაადვის ველობზე კოლონებად გამწკრივებულ რუსეთის ჯარის ნაწილებს კავკასიის არმიის მთავარსარდალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის ომის დამთავრება მიულოცა. შემდეგ საზეიმო აღლუმი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მრავალწლიანი ომი დამთავრებულად გამოცხადდა, დასავლეთ კავკასიის მთის ხეობებში, სახელდობრ, მდ. ფსეზუაფსეს სათავეებში ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი მთიელთა მცირე ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ. მათ გასანადგურებლად შეიქმნა ”მფრინავი რაზმები”, ხოლო შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე და მდინარეთა ხეობებში კავკასიის არმიის სახაზო ბატალიონები ჩადგნენ.  ჩრდილოდასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო.

იმავდროულად, რუსეთის ჯარის ნაწილები ფსხუში შეიჭრნენ, ჩრდილოეთიდან, კავკასიონის ქედის მხრიდან სანჭაროს უღელტეხილით, და აფხაზეთიდან, დოუს უღელტეხილით. მცირე შეტაკება მოხდა ბზიფის შენაკადის მდ. გრიბზას ნაპირებზე. ფსხუელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ამრიგად, 1864 წლის ივლისში რუსეთის ჯარებმა ფსხუ დაიკავეს.  ფსხუელთა ნაწილი, 105 ოჯახი (862 სული) ჩრდილოეთ კავკასიაში, მდ. ყუმას ხეობაში გადასახლდა,  ხოლო დიდი ნაწილი ოსმალეთში წავიდა. 1864 წლის ზაფხულში ოსმალეთში გადასახლდა 20 ათასი ჯიქი და 5 ათასი ფსხუელი.  ამის შედეგად მდ. მზიმთას ხეობა და მდ. ბზიფის ხეობის ზემო წელი თითქმის მთლიანად გაუკაცურდა.

ომის დამთავრების შემდეგ, ”ახლადდაპყრობილი მხარე არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა, _ წერდა გენერალი ს. დუხოვსკი, _ მაისის ბოლოს, ივნისში და შემდეგ, გადაიხედავდი მაღალი მთიდან და ხედავდი შესანიშნავ ხეობებს, ქედებს, მთებს, მდინარეებსა და ნაკადულებს; ბაღებს შორის აქა იქ ჩანდა ნასახლარების კვალი, მაგრამ ყოველივე ეს უსიცოცხლო იყო, არსად სულიერის ჭაჭანება არ იყო. ზოგან ახალამოწვერილი ხორბალი ჯერ კიდევ მოწმობდა არცთუ დიდი ხნის წინ აქ მოსახლეობის არსებობას, მაგრამ სახნავი მინდვრები მეტწილად მიგდებული და მიყრუებული იყო და მხოლოდ შარშანდელი სიმინდის გადაჭრილი ღეროები მოწმობდა, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ადამიანები. არ გინდოდა დაგეჯერებინა, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში, რასაც მაღალი მთის თხემიდან თვალი წვდებოდა, სულიერი არ ჭაჭანებდა. მიუხედავად ამისა, ეს ასე იყო. მთელი ეს შესანიშნავი ხედები, ბუნების ეს შესანიშნავი ქმნილება უსიცოცხლო იყო და მნახველზე უფრო მძიმე და სევდიან შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე სასიამოვნოს”.

ამრიგად, შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე და ჩრდილოდასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღებისა და აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი 1858-1864 წწ. ოსმალეთში გადასახლდა. ზოგიერთი ტომი, მაგ. უბიხები _ მთლიანად. გენერალ ნ. ევდოკიმოვის მიერ საომარი მოქმედებების შესახებ 1864 წლის 21 ივლისს გაკეთებული ანგარიშის თანახმად, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში გადასახლდა 418 ათასი სული, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე _ დაახლ. 90 ათასი სული.  გადასახლების პროცესი 1865 წელსაც გრძელდებოდა. შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის არ დარჩნენ ადიღები და აბაზები, მათი მცირე ნაწილი აულებად ჩაასახლეს ყუბანზე. სულ, ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში თითქოს 470 ათასი ადამიანი გადასახლდა,  თუმცა, საფიქრებელია, რომ ეს ციფრი გარკვეულწილად შემცირებულია.

კავკასიელ მთიელთა ოსმალეთში ძალდატანებით გადასახლების გამო ევროპაში დიდი ხმაური ატყდა. რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ მთიელთა ოსმალეთში გადასახლება მათი ნებასურვილით არ მომხდარა და ყოველივე მათი ჩარევის გარეშე მოხდა. როგორც ცნობილი პუბლიცისტი, გენერალი რ. ფადეევი აღნიშნავდა, კავკასიის ომში რუსეთის ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა: „сдвинуть горцев с восточного берега Черного моря и заселить его русскими. Эта мера била совершенно необходима для безопасности наших владении“. მაგრამ, როგორც იგი აღნიშნავდა ცინიზმით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის თურქეთში განდევნა. რუსეთს საკმარისად ჰქონდა მიწები მდ. ყუბანის მარცხენა ნაპირზე მათ დასასახლებლად, მაგრამ ასევე არავითარი მიზეზი არ არსებობდა დაეკავებინათ ისინი მათი სურვილის წინააღმდეგ.

რ. ფადეევი, რომელიც ოფიციალურ აზრს გამოხატავდა, გულახდილად აღნიშნავდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა „соблюсти при поселении покорившихся только одно условие: чтобы нигде они, не примыкали к морю, чтобы по крайней мере несколько десятков верст отделяли их от берега“.  რ. ფადეევი უფრო მეტ გულახდილობასაც იჩენს და აღნიშნავს, რომ „это земля нужна была государству“, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მისი თქმით, „в них самих не было никакой надобности“.

კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. 1861-1864 წწ. დასავლეთ კავკასიაში კაზაკთა 111 სტანიცა (14239 ოჯახი, 85 ათასი სული) ჩაასახლეს.  იმავდროულად, ამ მხარეში ასახლებდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულ რუსებს, უკრაინელებს, ოსმალეთიდან გადმოსახლებულ ბერძნებსა და სომხებს,   რომლებიც ცარიზმის დასაყრდენი უნდა ყოფილიყვნენ ამ მხარეში.

1866 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დასავლეთ კავკასიის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა განახორციელა. ვრცელი მხარე მდ. ყუბანიდან კავკასიონის ქედამდე ყუბანის ოლქის, ხოლო შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთი სანაპირო _ შავი ზღვის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა.*** ეს უკანასკნელი ყუბანის ოლქის უფროსს ექვემდებარებოდა. 1896 წელს იგი ყუბანის ოლქს გამოეყო და შავი ზღვის გუბერნიად გადაკეთდა.

ამრიგად, ცარიზმმა მიაღწია მიზანს _ დასავლეთ კავკასია იმპერიის ადმინისტრაციულ სისტემაში მოაქცია.

 

                 “საისტორიო ძიებანი”, VII, თბილისი, 2004.

 

 

*ჰ. პალმერსტონი (1784-1865), ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. 1809-1829 წწ. იყო ინგლისის სამხედრო საქმეთა მინისტრი, 1830-1841 და 1846-1851 წლებში _ საგარეო საქმეთა მინისტრი, 1852-1855 წლებში _ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1855-1865 წლებში _ პრემიერ-მინისტრი.

**XIX საუკუნის I ნახევარში ევროპულ ლიტერატურაში და თვით რუსეთშიც, ჩვეულებრივ, ჩერქეზებს უწოდებდნენ არამარტო აბაზებსა და ადიღებს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელებსაც. შამილი ევროპულ პრესაში ფიგურირებდა, როგორც ,,ჩერქეზთა ბელადი” (В. К. Гарданов. Общественный строй  адыгских народов  (XVIII _ первая половина XIX в.), М. 1967,   გვ. 17).

*** 1870 წლამდე ცემესის ყურიდან მდ. ტუაფსემდე ტერიტორია შედიოდა არა შავი ზღვის ოკრუგში, არამედ ყუბანის ოლქში.

 

გაგრძელება

 

 

 

                       

 

დატოვე კომენტარი