Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ მცირე რამ საქართველოს რესურსებზე

მცირე რამ საქართველოს ინტელექტუალურ და ბუნებრივ რესურსებზე

 

მე, 85 წლის პენსიონერს, ელენე აბაშიძეს მთხოვენ ზოგადად ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრება საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე. ჩემი 51 წლის სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე (ვარ გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი), წყალსაცავებიდან ფილტრაციის საკითხებზე მომუშავე ჰიდროგეოლოგისათვის, ძნელია მეცნიერული სინდისის წინააღმდეგ წავიდე, დავეყრდნო მხოლოდ ჩემს მეხსიერებას და ისე ვიმსჯელო საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეზე, მინერალურ წყლებზე და ასევე ჩვენს სხვა შესაძლებლობაზე; მაგრამ თუკი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კადრულობენ გეოლოგიაში ელემენტარული ცოდნის გარეშე, ხელაღებით თქვან, როგორც მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ, – საქართველოს რა რესურსები აქვს ბორჯომის წყლის გარდაო, დილეტანტის დონეზე მაინც ყურადსაღებად ვთვლი ჩემს პასუხს, შევარდნაძემ შეძლო და თავისი „ელიტარული“ ინტელიგენციის საშუალებით მოშალა, მოანგრია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სულ მუდამ ცდილობდა ქართველი ხალხი დაერწმუნებინა ბუნებრივი რესურსების არარსებობაში, დაემცირებინა საქართველოს როლი თავისი ხალხისა და კაცობრიობის თვალში.

საქართველოს მოსახლეობის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და რესურსებზე ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდა მთავრობას არ გააჩნია თავისი პროფესიული აზრი, ან კი რა მოეთხოვებათ 25-40 წლის ახალგაზრდებს, როცა მათ შორის ძალიან იშვიათია მეცნიერი. მეცნიერება კი ამ წლოვანებაში არ ქმნის შედევრებს, არამედ აგროვებს ცოდნას, რომ შემდგომ, ხანდაზმულობაში მოახდინოს მისი რეალიზაცია, – მომავალში შექმნას ფუნდამენტალური ღირებულების შედევრები. სწორედ ეს ახალგაზრდობა ცდილობს მიწასთან გაასწოროს მეცნიერება. მე დავამუშავე საკითხი, რომლის შესწავლასაც 2 საუკუნის განმავლობაში ცდილობდა კაცობრიობა – წყალსაცავების საიმედოობის, წყალსაცავებიდან ფილტრაციის მატების საწინააღმდეგოდ პროგნოზირების და საჭირო ღონისძიებების შესახებ (თუმცა ეს დღეს სულაც არ აინტერესებს სამამულო წარმოებას) და წავედი მსოფლიოში გაბატონებული თეორიის წინააღმდეგ, ბუნებაში არსებული პროცესები გადმოვიტანე ლაბორატორიაში, თუმცა დიდი რისკის ქვეშ ვიდექი. შეიძლებოდა ვერ მიმეღო კანონზომიერებები, მით უფრო, რომ ეს ექსპერიმენტები სამ სერიად ტარდებოდა: ერთი- 123 დღე-ღამის, მეორე – 70 და მესამე – 50 დღე-ღამის განმავლობაში (როცა მსოფლიოში ჩატარებული იყო მხოლოდ 3 დღე-ღამიანი ექსპერიმენტი). ცდებმა გაამართლა, მივიღე საჭირო და საიმედო კანონზომიერებები და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ამერიკის (რომელიც პირველ პრობლემად მეცნიერებაში თვლის წყლის რესურსების საკითხს) საერთაშორისო ინსტიტუტმა გამომაცხადა მსოფლიოში, მეცნიერებაში წლის ქალად და მიმიწვია VI საერთაშორისო კონგრესზე. მათ მაცნობეს, რომ მსოფლიოში მილიონი გამოჩენილი მეცნიერიდან მხოლოდ 500 დელეგატი შეირჩა და მათ შორის მეც. რა ბედი ეწია ჩემს გამგზავრებას ოქსფორდში? ის, რომ 17 ლარიანმა პენსიონერმა ვერ შევძელი მომეძებნა სპონსორი (უარი თქვა ნიკო ლეკიშვილმა გზის ხარჯებზე) და წავსულიყავი ამ ფორუმზე. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ გაიგოს ხალხმა და მთავრობამ, რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ ეს ხანში შესული, პარლამენტარებზე სამშობლოს წინაშე არა ნაკლებ დამსახურებული მეცნიერები.

ეს ფაქტი მიგვითითებს იმაზე, რომ როგორც აღვნიშნე არცერთი მათგანი არ არის მომწიფებული იმდენად, რომ მათ იცოდნენ მეცნიერების ფასი და ამიტომაც, კი არ გაგვითანაბრეს მეეზოვებს, არამედ სახვეწრად გაგვიხადეს საქმე, მათი 200 ლარიანი ხელფასი მაინც გვქონოდა ჩვენც (სულ საქართველოში 1000-მდე შეიძლება იყოს დოქტორი, რომლებმაც ორჯერ დაიცვეს დისერტაცია). ნუთუ ასე ძნელი იყო ბიუჯეტიდან გამოეყოთ მათთვის ორასლარიანი პენსიები?

ეხლა გადავიდეთ იმ მტკივნეულ საკითხზე, ბუნებრივ რესურსებზე, თუ რა შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რით შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ მშვიდად და ზოგ შემთხვევაში ვიამაყოთ კიდეც ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით. ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ 1933 წელს ბატონმა ალექსანდრე ჯანელიძემ (რომელიც მსოფლიოში ცნობილი მაღალი დონის მეცნიერი იყო) შექმნა მთელი გეოლოგიური სკოლა და რუსეთიდან გეოლოგები აქ ჩამოდიოდნენ, რათა შეესწავლათ ნამდვილი გეოლოგია, სწორედ ის ეტოქებოდა ფილოსოფოს კანტს სამყაროს წარმოშობის საკითხში. თავისი თანამებრძოლი გეოლოგებით საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრების შესასწავლად მრავალი ექსპედიციით სწორედ მათ აღწერეს მთელი საქართველოს გეოლოგია (შექმნეს ნაშრომი 1200 გვერდზე), წიაღისეული სიმდიდრე: საქართველოში თითქმის 73 სახეობის სიმდიდრე აღმოაჩინეს (რომელიც შეიცავს მენდელევის თითქმის მთელ სისტემას), ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ტყვია, რკინა, ბარიტი… და ა. შ. ყველა ჩვენი ქედი, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით, მთლიანად შეიცავს წიაღისეულს, ლოპოტის მარმარილო, რომელიც არანაკლებია განთქმულ იტალიურ მარმარილოზე (ლოპოტის მარმარილო შეიცავს CaCO3-ს – 99%-ს, ხოლო კარარის – 95%-ს). სალიეთის „მარმარილოთი“ ხომ კარგად არის მოსკოვის მეტრო? გარდა მარმარილოსი, გრანიტი, ბაზალტი, გაბრო, მთელი ვულკანური ქანების სახეობები და ა.შ. მთელი კავკასიონი ხომ ამოუწურავი სიმდიდრეა.

რუსეთს ისტორიულად ერთი ურალი ჰქონდა და მიუხედავად საუკუნეობრივი ექსპლუატაციისა, ისევ ინარჩუნებს პირველ ადგილს რუსეთის გეოლოგიაში, დანარჩენი დასავლეთი რუსეთის ტრამალები ხომ თითქმის თავისუფალია ბუნებრივი წიაღისეულისაგან. ჩვენ ხელუხლებელი გვაქვს ურალზე უფრო მდიდარი საბადოები. საქართველოში მარტო ოქრო რომ ავიღოთ, დაწყებული პატარა მდინარე გლდანულადან ენგურამდე, მდინარეები თითქმის ყველა (მაგალითად ყვირილას აუზის მდინარებიც) შეიცავენ ოქროს. ორი საუკუნის მანძილზე, ეკატერინე მეორედან მოყოლებული, ყოველ სვან ოჯახს შეწერილი ჰქონდა წელიწადში 8 გრამი ოქროს მიწერება მოსკოვისათვის. ახლა ვერცხლის შესახებ: კავკასიონის მწვერვალებს გარშემო აკრავს თითქმის ერთი მეტრი სიმძლავრის ვერცხლის შემცავი ფენა. საკმარისია დავასახელოთ ბოლნისის საბადოების პროდუქტიულობა და წიაღისეულის მრავალფეროვნება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ყოველნაირად ჩქმალავდნენ მონაცემებს, თუ რა წილი ჰქონდათ რესპუბლიკებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ცნობილია, რომ 9 მილიარდი და მეტიც მიდიოდა საერთოდ საქართველოდან და გვიბრუნდებოდა რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის მხოლოდ 2 მილიარდი. ჟირინოვსკი ამას ამბობს, რომ თითქოს ჩვენ მოსკოვი და რუსეთი გვარჩენდა ორი საუკუნის განმავლობაში. მისი თქმით, თითქოს რუსეთი ჩვენგან არაფერს სარგებლობდა და კეთილშობილური ჟესტით ჩვენს რესპუბლიკებს უანგაროდ ეხმარებოდა. კარგად მახსოვს ხრუშჩოვის ეპოქის შემდეგ როგორ გაღარიბდა სახელწიფო, პურზედაც კი დიდი რიგები იდგა. მოსკოვში ამ დროს საქართველოდან იგზავნებოდა მთელი შემოსავალი, დაწყებული სულგუნიდან ყველა სახის მოსავალი. იმ დროს, მოსკოვში ყოფნისას 9 კგ. სულგუნი მოსკოვიდან წამოვიღე და საჩუქრად დავურიგე ჩემს მეზობლებს, ან ის, რომ ლენინგრადში კონფერენციაზე ყოფნისას ქ. პერმის სამთო ინსტიტუტის რექტორმა 9კგ. ხორცი წაიღო პერმში, რადგან ლენინგრადსა და მოსკოვის გარდა, პერიფერიებში დიდად ჭირდა ამ პროდუქტის შოვნა.

მე მეორე მსოფლიო ომის დროს არ მინახავს ქართველი მათხოვარი, რუსები კი მრავლად იყვნენ. ჩვენ ვუყოფდით მათ ლუკმას. დღეს კი შევარდნაძე, რომელმაც ისე გააპარტახა საქართველო, რომ მე და ჩემნაირი მეცნიერები მათხოვრად გვაქცია, კარგად არის გაფანჩატურებული კრწანისის საკუთარ რეზიდენციაში. ასე განცხრომით ცხოვრობენ ჩვენი მონაპოვარით პარლამენტარები, რომელთაც ჩვენ ხვედრად შიმშილში სიბერე გვარგუნეს.

საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც დიდი რაოდენობით რესურსებს ფლობს. მარტო შავი ქვით უნდა გაიტანოს თავი. ზესტაფონიდან საჩხერემდე საბადოს აუზი გრძელდება და შეიცავს ნამდვილად მაღალი ხარისხის მადანს – პეროქსიტს. თუკი არ და ვერ მოვახერხეთ მათი ექსპლუატაცია, ყოველთვის დავრჩებით.

ან, ვთქვათ, ნავთობის მოპოვება რატომ არ ხდება საქართველოში? დაწყებული ფოთიდან (ჭალადიდიდან) კახეთამდე? როგორც ამბობენ ამ საბადოს ტორი დაადო შევარდნაძემ, არც თვითონ აწარმოებს და არც სხვას აძლევს უფლებას, როგორც წესია ცივილური გზით მოიპოვონ, როგორც გაზი, ასევე ნავთობი. ამისათვის საჭიროა ჭაბურღილების გაჭრა. ამერიკას რომ ვბაძავთ ყველაფერში, ამაშიც მივბაძოთ- – თუ მას 17 კილომეტრიანი ჭაბურღილები აქვს გაჭრილი, ჩვენ 4-5 კმ.-იანითაც იოლად გავალთ. ჩვენი მილიარდერები და მილიონერები ამისათვის უნდა იწუხებდნენ თავს.

 ჯერ არაფერი გვითქვამს მინერალურ წყლებზე. ჩვენთან, საქართველოში, ჩვენი ჰიდროგეოლოგების მიერ შესწავლილია თითქმის 2000-ზე მეტი წყალი, რომლებსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. განა ეს სიმდიდრე არ არის? ჩვენი დასალევი წყაროს წყლით დაინტერესებულია, როგორც მახსოვს, საფრანგეთი.

ეხლა ზედაპირულ წყლებზე აგებული ჰესების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში იყო სულ სამი ჰიდროელექტროსადგური: რიონჰესი, ზაჰესი და ხრამჰესი. მაშინ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელზე მეტი იყო. ეს სამი ჰესი აკმაყოფილებდა საქართველოს მოსახლეობას და მის მაღალ დონეზე განვითარებულ წარმოებას. ეხლა ჩვენ ათეულობით ჰესები გვაქვს და კიდევ მეტი უნდა ააგონ. ამიტომ არ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 30% არის მხოლოდ სავარგულები და ისიც წყლით უნდა დაფარონ? სხვა მთას უკავია და იქ მიწათმოქმედების განვითარებისათვის პირობები არ არის. გამოდის ის, რომ გლეხი უნდა დავტოვოთ უმიწოდ, რითაც გლეხი უნდა ვაიძულოთ დატოვოს სოფელი და გაემართოს ქალაქისაკენ. რატომ არ ვცდილობთ დავამაგროთ გლეხი მიწას. ჩვენი ქვეყანა მიწის სიყვარულმა გადაარჩინა, ჩვენი ქვეყანა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ მოვაღწევდით აქამდე, თუმცა შაგრენის ტყავივით შემცირებულია, მაგრამ მაინც ხომ ვარსებობთ?

გავიგოთ, რომ მხოლოდ სარწმუნოების და მიწის სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო მსოფლიო რუკაზე. მართლმადიდებლობა და მიწის სიყვარული დიდი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის და გავუფრთხილდეთ ამას, თუმცა ტელევიზია და მთავრობა დიდად არ აქცევს სათანადო ყურადღებას ამ ფენომენს, ნერგავენ ურწმუნოებას და გარყვნილებას.

მე, როგორც წყალსაცავებიდან ფილტრაციის რეგულირების, ისე მისი შემცირების მიზნით არ მიმაჩნია დასაშვებად წყალსაცავების კიდევ უფრო გამრავლება საქართველოში. სწორედ 30% სავარგულების შენარჩუნების მიზნით საჭიროა აიგოს მცირე ჰესები და არსებული ჰესები მოიყვანონ წესრიგში, ისე, რომ გამოსაყენებელი გახადონ მომავალში, ამისათვის საჭიროა ასიგნირება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარჯებით. მეტ ეფექტს მივაღწევთ, მერწმუნეთ!

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაც არ არის ადვილი. დასავლეთ საქართველო ზომაზე მეტად არის მდინარეული ქსელით დაფარული და მიწისქვეშა წყლებიც ახლოს არის მიწის ზედაპირთან, ვიდე აღმოსავლეთით. არსებობდა პროექტი წყალთა მეურნეობის საპროექტოში, იმის თაობაზე, რომ გადმოესროლათ დასავლეთის ჭარბი წყალი აღმოსავლეთ საქართველოში. ეს პროექტი რთულია და დიდ ძალისხმევას თხოულობს, არა და ძალიან საიმედოა. დიდი დოვლათის მომცემია, ჩვენი მილიარდერები იქნებ დაინტერესდნენ ამ პრობლემით, ეს ხომ საშვილიშვილო საქმეა? ჯერ მისახედია, ხრამის აუზი, რომელიც ბინძურდება ბოლნისის მადნეულის ციანიდებით. ამას ემატება ხრამის გაბინძურებული წყლით რუსთავქალაქის მომარაგება. ეს გამოიწვევს ჩვენი ხალხის ფიზიკურ და გონებრივ ანომალიებს. ამ საკითხს უნდა სერიოზულად მივხედოთ.

აქვე მინდა დავამატო, რომ არა მარტო წყლის რესურსებით და საერთოდ ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, არამედ სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ხოლო მათი სარფიანი შემოსავლით ხომ უფრო შეივსება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, თუნდაც ეხლახან მიღებული ოთხი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი 8 სახეობის ღვინის ნიმუშების წარდგენით და გამარჯვებით მსოფლიო ბაზარზე?

 ელენე აბაშიძე

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2007, აპრილი, N13

◊ მცირე რამ საქართველოს რესურსებზე

3 Responses to “◊ მცირე რამ საქართველოს რესურსებზე”

  1. lika said

    auuu dzaan sasargebloa girchevt caikitxot

    Like

  2. lasha said

    ეს მცირე რამ რაც აქ წავიკითხე უმდიდრესი რამ არის . მაგრამ ჯერ ჯერობით არცერთი მეცნიერება სათნადოს ნახევარზზეც კი არ არის მიყვანილი. არადა მეცნიერება 1 ლია სრულიად ყველა პრობესიასშნ. რთულია არ წაიკითხო ს ნამუშევარი და შემდეგ დგევანდელობაზე გული კარ გეტკინოს.. ცჰვენი საქართველო არა მართო ამ სიმდიდრის არის გამორჩეული არამედ ზებუნებრივი კოსმოსის სიმდიდრითაც . ა ადამიანური მოღალითაც. მაგრამ როგორც ამ სიმდიდრეებს ვერ ვიყენებთ ისევე ვერ ვიყენებთ დგეს ადამიანურ მორალსაც . სამჭუხაროა.. დგევანდელობა საქართველოში.

    Like

  3. lasha said

    და შესაძლებელია უბრალოდ მცირე რამ დადოთ მდინარე ცჰხერი მელაზე და დზირულაზე ? რათქმაუნდა თ ააარსებობს ამ მდინარეებზე რაიმე ინპირმაცია წიაგისეულზე .. მადლობა წინასწარ

    Like

დატოვე კომენტარი