Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბაგრატიონთა ისტორიიდან

 

მეფობის აღდგენა საქართველოში რ ე ა ლ უ რ ი ა!

ილია II

 

ბაგრატიონთა ისტორიიდან

 

ისტორია ბაგრატიონთა სახლისა ინტერესს წარმოადგენს, როგორც საქართველოს, ისე საერთოდ კავკასიის ხალხთა ისტორიის თვალსაზრისით, რამდენადაც ბაგრატიონთა გვარეულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა მხოლოდ ძველი საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ისტორიაში.

ადრეულ საშუალო-საუკუნეებში ბაგრატიონთა სახლი ცნობილი იყო საქართველოსა და სომხეთში, როგორც უძლიერესი, უდიდესი გავლენის მქონე მთავართა გვარეულობა.

ხოლო უფრო გვიან ორივე შტო ბაგრატიონთა, – როგორც ქართველი ბაგრატიონები, ისე სომეხთა ბაგრატიონები, – მეფობას მიაღწევენ საქართველოში და სომხეთშიც, სახელდობრ, საქართველოში მე-9 საუკუნის დასაწყისში (აშოტ I დიდის დროს), ხოლო სომხეთში, მე-9 საუკუნის დასასრულს (885 წელს).

 

ვინ იყვნენ ბაგრატიონები წარმოშობით?

საისტორიო წყაროების ჩვენებათა მიხედვით ირკვევა, რომ ბაგრატიონთა გვარეულობა ქართული წარმოშობისა იყო. რაც შეეხება სომხეთის ბაგრატიონებს, ისინი წარმოადგენდნენ ქართველ ბაგრატიონთა გვარეულობის განშტოებას…

საისტორიო წყაროების ჩვენებათა მიხედვით ირკვევა, რომ ქართველის ბაგრატიონები, ვიდრე ისინი გახდებოდნენ ქართლის (იბერიის) ერის მთავარნი და შემდეგ ქართლის (იბერიის) მეფენი, უფრო ადრე ყოფილან მთავრები მესხეთის მხარეთა…

ყველა არსებული მასალა, რომელიც მოიპოვება ქართველ ბაგრატიონთა შესახებ, თანხმობით უჩვენებს, რომ ძირითადი სამფლობელო ქართველ ბაგრატიონთა არის მესხეთის პროვინციები – კლარჯეთი – ჯავახეთი – სამცხე.

ცენტრი ბაგრატიონების ძირითადი საგვარეულო სამფლობელოსი იყო კლარჯეთი., კლარჯეთი ყოფილა რეზიდენცია ბაგრატიონთა გვარეულობის მფლობელ მთავართა; ამის გამო ამ სამფლობელოს “კლარჯეთის სახლი” რქმევია…

საისტორიო წყაროებიდან ირკვევა ამავე დროს მეტად საყურადღებო ფაქტი: ბაგრატიონთა გვარეულობა იყო განშტოება ძველ-ქართული ფარნავაზიანთა დინასტიისა, რომელიც მეფობდა იბერიაში ანტიკური ხანიდან მოკიდებული, ვიდრე ადრეულ საშუალო საუკუნეებამდე…

საისტორიო წყაროებიდან დასტურდება, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო სამფლობელო მესხეთში – “კლარჯეთის სახლი” წარმოადგენდა საპიტიახშოს, ბაგრატიონები პიტიახშის ხარისხს ატარებდნენ.

 

პავლე ინგოროყვა. “გიორგი მერჩულე”

 

 

 

დატოვე კომენტარი