Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• როცა ფეხი დაადგეს…

 

გელა ჯიღაური

როცა ფეხი დაადგეს …

  

წერილის გამოქვეყნებაზე თავის დროზე უარი თქვეს გაზეთებმა

 

ახალს იმით ნამდვილად არაფერს ვიტყვით, რომ მანამდე და ახლაც, ყველაფერი კომუნისტური, ხალხისთვის მიუღებელია და საძულველი, მათ შორის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკაც”, რომელმაც კომუნისტებისთვის დამახასიათებელი მზაკვრობით მხოლოდ სახელი იცვალა, თორემ შინაარსით კიდევ უფრო ბილწი და აუტანელი, ჭუჭყიანი და სასაცილო გახდა.

ამასწინათ, ხარაზთან მისულს, შეკეთებული ფეხსაცმელები ხელოსანმა სწორედ ამ “გაზეთში” გამიხვია. შინ მისულმა თვალი შევავლე ერთ-ერთ სათაურს “პასუხად რუს კოლეგებს”. მერე ავტორით დავინტერესდი – იგი გურამ ფანჯიკიძე აღმოჩნდა. დამაინტერესა, რას და ვის პასუხობდა ქართველ “მწერალთა” კავშირის “თავკაცი”.

 

მწერლის პასუხ-მიმართვას, 11 ივნისის გაზეთ “ლიტერატურნაია როსიაში” გამოქვეყნებული რვა რუსი მწერლის ის მიმართვა-წერილი ჰქონდა წამძღვარებული, ასე რომ “გაუცეცხლებია” ქართველ “მოკალმე-ლიტერატორთა წინამძღოლი”. რუსი კოლეგები მთელრიგ ბრალდებებს უყენებდნენ ქართველ “ლიტერატორებს” აფხაზეთის ომის თაობაზე. “ვის აძლევს ხელს დღეს ომი აფხაზეთში?” – ეკითხებიან ისინი წერილის ადრესატებს. უნდა ითქვას, რომ რუსი ავტორები რამდენიმე სამართლიან ბრალდებას უყენებენ ქართველ “მოკალმეებს”, რაც ასე ცეცხლად მოსდებია გ. ფანჯიკიძეს და თავგამოდებით “გარჯილა საკადრისი პასუხის” მისაგებად.

მცირეოდენი შესავლის შემდეგ, პასუხ-მიმართვის ავტორი თავათ გადადის “შეტევაზე და გამანადგურებელ” შეკითხვებს უსვამს აფხაზეთის ბედით “გულაჩუყებულ” რუს კოლეგებს – სად იყავით მანამდე? რატომ სამოცდაათი წლის განმავლობაში არ გაღელვებდათ საბჭოეთში გაერთიანებული ხალხების ბედიო, საკუთარი ისტორიის სწავლებას რომ უკრძალავდითო, სულ უმნიშვნელო ღონისძიებებსაც რომ რუსულ ენაზე ატარებინებდითო და თანაც მხურვალე მადლობას ახდევინებდით დიდი რუსი ხალხის მისამართითო?..

პატივცემულ მწერალს არც კინოსცენარების, საგამომცემლო გეგმების, სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მოსკოვში დამტკიცების დამამცირებელ-შეურაცხმყოფელი პროცესები დავიწყებია და “გახელებული უტევს, პასუხს სთხოვს” მოსკოვიდან გამოგზავნილი წერილის ხელმომწერებს.

ახლა “განრისხებულსა და გაავებულ” ქართველ კალმოსანს მისგან შეკრული შეკითხვების კონა სამას სამოცი გრადუსით გვინდა შევუტრიალოთ და მართალი, გულწრფელი პასუხების მოგებება ვთხოვოთ.

მართლაცდა, სად იყავით მაშინ ამხანაგო ფანჯიკიძე, არნახული მონდომებით რომ იდევნებოდა ყოველივე ქართული, რომ თითქმის ყველაფერი “დიდი” რუსი ხალხის “ცივილიზებულ” ენაზე სრულდებოდა. რომ ბევრ სკამის მაძიებელ გადაგვარებულს თავისი ნაშიერები რუსულ სკოლებსა და უმაღლესი სასწავლებლების ამ ენაზე მომეცადინე ფაკულტეტებზე შეყავდათ. რომ ყველანაირ დაწესებულებებსა თუ ობიექტებს აუცილებლად ამ ენაზეც უნდა ჰქონოდა წარწერა. რომ სამსახურში ჩადგომისას აუცილებელ პირობად უყენებდნენ რუსულის ცოდნას. რომ ქართველ ჭაბუკებს სამშობლოს გარეთ-რუსულ ჯარში უნდა ემსახურათ. რომ დისერტაციები თუ სხვა ნებისმიერი სამეცნიერო შრომები (თუნდაც მხოლოდ ქართული მხარისათვის საინტერესო), გამოგონება-პატენტები, სცენარები და პიესები, სახელმძღვანელოები თუ სხვა ბევრი რამე უფროსი “ძმის” ნებართვით იწყებდა “სიცოცხლეს”. რომ თუნდაც საზოგადოებრივი სარგებლობის ტუალეტის ასაშენებელი პროექტი აუცილებლად იქ, ჩრდილოეთში უნდა დაემტკიცებინათ, აშენების თანხმობა მიეცათ… და კიდევ ერთი ამხანაგო მწერალო! სად იყავით მაშინ, იმ საბედისწერო და ავადმოსაგონარ დღეს – 1978 წლის 14 აპრილს, როცა თავგამეტებული ქართველი ახალგაზრდები, მუშა-მოსამსახურეები, საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც ინტელიგენციის “ზედა” ფენა ბრბოსა და ჭუჭყიანებს უწოდებთ, სიცოცხლის გაღების ფასად იბრძოდნენ წინაპართა ენის სახელმწიფოებრივ-კონსტიტუციურად დაკანონებისთვის, შთამომავლობისთვის მისი შენარჩუნება რომ ერჩივნათ ამქვეყნად არსებობას. სად იყავით მაშინ პატივცემულო მწერალო, როდესაც ეროვნული მოძრაობის წინამძღოლებსა და მათს თანამოსაქმეებს უმოწყალოდ დევნიდნენ, ავიწროებდნენ წითელმანდატიანი მმართველები, წლობით რომ ყავდათ ჩამწყვდეული ციხე-საპატიმროების საზარელ ჯურღმულებში, ფსიქიატრიულსა თუ სხვა საშინელ ლაბორატორიებში, მათზე რომ ატარებდნენ დამღუპველ-გამანადგურებელ ცდებს, გულდაგულ რომ ამუშავებდნენ მომაკვდინებელი პრეპარატებით. რატომ არ აიმაღლეთ ხმა და წინააღმდეგი არ წახვედით 9 აპრილის ტრაგედიის ჩამთავრებისთანავე, მისმა ავტორებმა და შემსრულებლებმა ისევ საძულველ მოწინააღმდეგეებზე – ეროვნული მოძრაობის თავკაცებზე რომ შეიწმინდეს სისხლიანი ხელები და კვლავ დილეგში უკრეს თავი?…

ახლა თქვენი პასუხი-მიმართვის ცოტა ქვედა ნაწილი ჩავიკითხოთ, მორიგ ბრალდებას რომ უყენებთ რუს თანამოკალმეებს ავღანეთის სასაკლაოდ გადაქცევის გამო, ყურს “უწევთ” რუსეთის დაუოკებელ სიხარბეზე მინიშნებით, ვერაფრით რომ ვერ დაიცხრო მიწების მიტაცების მადა. მართლაცდა დასაძრახი სურვილია ურგების მიტაცება, მითუფრო ტერიტორიისა. მაგრამ, თუკი საკუთარი ნებით უბოძებენ და ზედაც მონობის თანხმობას დააყოლებენ? თანაც იმგვარ მტარვალსა და დამპყრობელს, რუსეთის იმპერია რომ გახლავთ. ალბათ მიხვდით, რაზეც მოგახსენებთ, თუმცა უფრო გასაგებად, ქვემოთ გეტყვით. ჯერ კი ავღანეთზე მინდა გკითხოთ: რატომ არ ამოიღეთ ხმა იმ საშინელი ომის წამოწყებისათვის. მაშინ ხომ ცნობილ საბჭოთა მწერალთა კოჰორტაში ირიცხებოდით და არა გვგონია თქვენგან თქმული მართალი სიტყვისათვის, თქვენს თანამოკალმეებს არ დაეჭირათ მხარი. კარგით, ვთქვათ თქვენს წყრომასა და გულისტკივილს მაშინ არავინ გაუწევდა ანგარიშს, სამაგიეროდ საუკუთესო შესაძლებლობა გქონდათ ეს მაშინ მაინც გაგეკეთებინათ, როდესაც მოსკოვის იმპერიულ მმართველობაში ერთ-ერთი “გადამწყვეტი და ანგარიშგასაწევი ძალა” გვყავდა ქართველებს – “მსოფლიო რანგის სახელმწიფო მოღვაწე”. განა მაშინ ნაკლებად ეწირებოდნენ რუსეთის უაზრო, უსამართლო მოქმედებას ქართველი ვაჟკაცები? რისთვის ჩაიხოცნენ ასეულობით უწვერულვაშო ჩვენებური ჭაბუკები ავღანეთის მთებსა და უდაბნოებში? რისთვის დაქვრივდნენ ნაადრევად მათი ცოლები? რისთვის დაობლდნენ მამებს ჯერაც შეუჩვეველი გოგო-ბიჭები? რატომ დაასრულეს ნაადრევად სიცოცხლე მათს დარდსა და ვარამს გადაყოლილმა მშობლებმა?..

ახლა დროებით თქვენს პასუხ-მიმართვას გვინდა დავანებოთ თავი და იმ უდიდეს სადღეისო სატკივარზე გკითხოთ, ასე ძალუმად რომ მოგვერია, რომლისგან თავის დახსნაზე თქვენც, თანამედროვე ქართველი მწერლობის ერთ-ერთ ცნობილ წარმომადგენელს, სხვადასხვა ჯილდო-პრემიებით დახუნძლულ ხელმძღვანელ თანამდებობეზე მყოფს უნდა გეფიქრათ. ცხადია მიხვდით, ბოლო ორი წლის მანძილზე დატრიალებული არნახული ტრაგედია რომ გვაქვს მხედველობაში. ამჯერად შეკითხვებს ნამდვილად აღარ დაგისვამთ, რადგან ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს და იმდენად ნათლად ჩანს გაკეთებული, პასუხის გასაცემად აღარ გაგრჯით, თავათ ჩამოგიმარცვლავთ მაშინდელ ნათქვამ-ნამოქმედარს.

ვფიქრობთ, კარგად გემახსოვრებათ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პერიოდი-მტრობის, ქიშპობის, ფეხის დადებისა და მოთხრა-მოსრის ბინძური დღეები. და მაინც სიმართლემ, პატიოსნებამ, კანონმა, ხალხის ნება-სურვილმა გაიმარჯვა. მერე საპრეზიდენტო არჩევნები და ისევ ბინძური კამპანია დევიზით “ყველანი ერთის წინააღმდეგ!”. ის საძულველი ერთი – ეროვნული მოძრაობის თავკაცი, ბატონი ზვიად გამსახურდია გახლდათ. ძნელად გასახსენებელია და მტკივნეული იმ დღეების საზარელი, შეურაცხმყოფელი ქრონიკა, რომლის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მიზანი და დავალება გქონდათ შესასრულებელი – პრეზიდენტობის ერთადერთი ღირსეული კანდიდატის ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, დამცირება, ლაფისა და სიბინძურის სროლა. და კვლავ სიმართლის, პატიოსნების, კანონის, ხალხის ნება-სურვილის ზეიმი – ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა. ამან საბოლოოდ გააცოფა წითელი ინტელიგენცია, ე. წ. ოპოზიცია და მოსკოვს დაბანაკებულმა მოღალატე ქართველებმა, რუსული იმპერიის მმართველი ხროვისაგან იარაღით, ფულითა და სხვა დახმარებებით ძალამოცემულებმა, გადამწყვეტი იერიში მიიტანეს ეროვნულ, კანონიერ ხელისუფლებაზე.

ტელევიზიასთან, უნივერსიტეტთან, იმელთან, მთავრობის სახლთან გამართული სამარცხვინო თავყრილობების იარაღასხმული მონაწილეები გაუგონარი მუქარითა და გინებით იკლებდნენ პრეზიდენტს, პარლამენტს, მათს მხარდამჭერ, სამშობლოს დამცველ პატიოსან ხალხს. აკი “გაიმარჯვეს”კიდეც – სამშობლოდან განდევნეს პრეზიდენტი, მისი ოჯახის წევრები და თანამოსაქმეები, დაწვეს და დაანგრიეს თბილისის უძველესი უბანი და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ღვარად ადინეს ასეულობით ქართველის სისხლი (!). მაგრამ ამას არ დასჯერდნენ, სისხლის გემოგაგებულებმა ვერაფრით დაიცხრეს გულები და დაუნანებლად არბიეს, შეუბრალებლად ჟლიტეს ხალხმრავალი მიტინგები, სამსახურებიდან გამოყარეს და არსებობის საშუალება მოუსპეს პრეზიდენტის მომხრე მართალ ადამიანებს. დედაქალაქში საქმემომთავრებულებმა მერე სამეგრელოს “მიხედეს” და მიწასთან გაასწორეს იქაურობა, თანამოძმეთა სისხლით გააჯერეს კოლხეთის მიწა, ნაცარტუტად აქციეს იქაურების საცხოვრებლები, ძარცვეს და გლიჯეს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეძენილი ცხოვრება და დოვლათი, ურჯულო და დაუძინებელი მტრებივით აჰყარეს პატივი მეგრელი მამაკაცების თვალწინ მათს ცოლებს, ასულებსა და დებს… და მაინც ვერ გაიმარჯვეს, ვერ დააჩოქეს მეგრელები. ამაყმა, შეუდრეკელმა სულმა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების უდიდესმა სურვილმა მაინც დაჯაბნა მომხდურ კაცუნათა ძალადობა.

და რადგან იქ ვერაფერს გახდნენ, თბილისში მობრუნებულებმა დაუნდობლად გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ქართველებისთვის სათაყვანებელი და წმიდა ადგილი, დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. ვანდალთა ამ არაადამიანურ მოქმედებაზე ქართველ “მწერალთა საძმომ”, თქვენ რომ თავკაცობთ, კრინტი არ დაძრა და თანადგომა გამოუცხადა კაცთმოძულე წესრიგის “დამპყრობლებს”. ის დრო, მათი მოქმედება საქართველოს დიდ, ტკივილიან ისტორიაში შემაძრწუნებელ და თავისმომჭრელ შავ ფურცლებად აიკინძა.

სად იყავით ყველა აქ თქმულის მნახველ-გამგონე ამხანაგო მწერალო?

ახლა რუსი მწერლებისგან გამოგზავნილ წერილს მივუბრუნდეთ, რომელშიც ძირითად ბრალდებად აფხაზეთში ომის დაწყებას გიყენებენ და პირდაპირ გისვამენ კითხვას – ვის აძლევსო ხელს ეს ომი? ამ კითხვას ჩვენც ვუერთდებით და დამატებით კიდევ ერთ კითხვას მოგაგებებთ: ვისი სურვილით, რა მიზეზით, ვის საამებლად და სარგებელის სანახავად დაიწყო ეს გაუმართლებელი, უგუნური, სამარცხვინო ომი? და აქვე გიპასუხებთ, რომ ქართველთათვის თავზე ლაფდასასხმელი და შემზარავი, სახელისა და ღირსების შემლახავი ომი საქართველოს “დემოკრატი ხელმძღვანელობის” ნებით, “ტიტულოვანი ტყვის გამოხსნისა და რკინიგზის, ხიდების, დაცვა-განთავისუფლების” მიზეზით, ჩრდილოელი მფარველის საამებლად და სასარგებლოდ გაჩაღდა. და შემზარავი, დამამცირებელი შედეგი სახეზეა – ათიათასობით დაღუპული და დასახიჩრებულ-დახეიბრებული ადამიანი, დანგრეულ-გადაბუგული ქალაქები და სოფლები, უამრავი სამუდამოდ განწირული ლტოლვილი ქართველი. და თითქოს ეს უბედურება “ერთგვარად გრილდება”, ტკივილი ყუჩდება ომის “დასრულების” მაუწყებელი მოუნელებელი, ქართველთა გამანადგურებელ-დამამცირებელი, შემარცხვენელი იმ გარიგება-კაპიტულაციის წყალობით, საქართველოს ერთი უმშვენიერესი და მოზრდილი ნაწილი საკუთარი ნებით რომ ჩაბარდა დამპყრობელს.

სად იყავით მაშინ, რატომ არაფერი თქვით ამ ღალატსა და არსაქნელ, ერის დამასამარებელ მოქმედებაზე?

მოსკოველებმა თავიანთი წერილი ასე დაასრულეს: “იმედი გვაქვს, წინ აღუდგებით აფხაზეთში გაჩაღებულ ომს, თქვენი შემწეობით ბოლო მოეღება ამ განუკითხაობას”.

მაგრამ, თქვენ ისევ იყუჩეთ. ქართველ “მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ” ვერაფერი შეკადრეთ “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსს”. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე არც გიფიქრიათ, რადგან საქმე სწორედ ისე მიდიოდა, როგორც “სახელმწიფო მეთაურს” ჰქონდა დავალებული და თქვენ, წითელი ინტელიგენციაც ხომ ქართველი “გენიის” ერთგული მხარდამჭერი ბრძანდებოდით.

ალბათ, ამით დავასრულებდით მოსკოველთა წერილის მიმოხილვას და თქვენს პასუხ-მიმართვას მივუბრუნდებოდით, თუ არა მათგან თქმული კიდევ ერთი მწარე სიმართლე: “არც ის გვგონია, რაიმე სარგებლობა მოუტანოს ყარყარაშვილის მსგავს შუბლმაგარ მხედართმთავრებს, რომელმაც განაცხადა, დაე დაიხოცოს ასი ათასი ქართველი, ჩვენ მაინც ერთიანად ამოვჟლეტთ აფხაზებსო”.

ამან თურმე ძალიან “განგარისხათ და გაწიწმატებულ-გაცხარებული თავს არ იზოგავთ, ყველანაირ ხვრელში ძვრებით და ღვარად ოფლდადენილი, თავგამოდებით ცდილობთ” ბუტია “გენერალ-მინისტრის” ძარღვებში სისხლის გამყინავი სურვილის, ბრძნულ და ჰუმანურ ჩანაფიქრად წარმოჩენას. განა პირველია, რომ მრავალგზის ფიცის გამტეხი “სარდლისათვის”, გახვრეტილი გროშის ფასიც არ გააჩნია მრავალი ადამიანის სიცოცხლეს? მან სწორედ ის განაცხადა დაუფარავად, რისი შესრულების სურვილიცა და უნარიც შესწევდა. დანარჩენი თქვენი შემოქმედებითი ფანტაზიის უსუსური მცდელობა გახლავთ, ახლა ასე თავგამოდებით რომ ამართლებთ “თავისუფალი და დამოუკიდებელი” საქართველოს თავდაცვის “მინისტრს” და ხმის ჩახლეჩამდე უმტკიცებთ რუს კოლეგებს მის “ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობას”. რატომ მაშინ არაფერი თქვით, ქვეყანა არ შეყარეთ იმის გაგონებაზე, თუ როგორ სთავაზობდა პუტჩის დღეებში, მეცნიერებათა აკადემიაში თავმოყრილ ერის “თავკაცებს” ყარყარაშვილი საჰაერო დაბომბვით მთავრობის სახლის მიწასთან გასწორებასა და იქ მყოფთა გაჟლეტას. მერე კი თურმე იმ ადგილზე … ეკლესიას ააგებდნენ. ეს ხომ უდიდესი მკრეხელობა იყო და განუზომელი ცოდვა, წარმოთქმული “ქრისტიანის” ბაგეთაგან და შესმენილი “თანამორწმუნეთაგან” …

თქვენ მაშინაც გაჩუმდით. ან კი რად იტყოდით რამეს, როცა მოსკოვიდან სასიხარულო ცნობები მოდიოდა, საბოლოო გამარჯვებას აღარაფერი აკლდა.

მოდით ახლა ისევ თქვენი პასუხ-მიმართვის სხვა ადგილებიც ჩავიკითხოთ. ერთაგნ რუს კოლეგებს იმაში “სტეხავთ”პირს, რომ ზღვის სეზონის დადგომის გამო, ვეღარ ჩამობრძანდებიან ბიჭვინთაში, გაგრაში, ახალ ათონში. ვეღარ ილივლივებენ აქოჩრილ ტალღებში და ამიტომაც გაავებულები, ათასგვარ ცილსა და აუგს გწამებენ ქართველ თანამოკალმეებს.

მერედა, ვინ დააჩვია ის ცხრამთა გადაღმელები ამგვარად დაკანონებულ ჩამობრძანებას, არნახულ ხელგაშლილობას, უმსგავსი და ჭირვეული ნება-სურვილის ასრულებას, უამრავი ხორაგითა და სასმელით, ძვირფასი საჩუქრებით გასტუმრებას?

ისევ და ისევ თქვენ, პატივცემულო მწერალო. თქვენ და თქვენი თანამოაკალმეების ამქარმა დააჩვიეთ უფროსი “ძმები”, დამრიგებელ-პატრონები საქართველოში ხშირ სტუმრობას, ყველანაირ უმსგავსოებას, ახლა რომ მოგახსენეთ. და განა მარტო მასპინძლობისას ირჯებოდით ასე დასაძრახად. იქ, იმპერიაში ჩასულებიც იგივეს სჩადიოდით. ქართული მიწის ბარაქით, სურნელოვანი ღვინითა და არყით, სასუსნავით უვსებდით საკუჭნაოებს უმადურ დამხვდურთ, ძვირადღირებულ საჩუქარ-სამკაულებს უძღვნიდით საქმით დაკავშირებულ კოლეგებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, მათი ოჯახების წევრებს, სამარცხვინოდ ელაქუცებოდით, უგორავებდით გულქვა, ყინულივით ცივ, თქვენთვის სასურველი, ურგები საქმეების მომკვარახჭინებელ მოხელეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა ქართველი “მწერლების ნამოღვაწარის” გამოცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათს რუსულ თარგმანებზე. დიახ, სწორედ ამ სამარცხვინო, ჩარჩ-ვაჭრული გარიგებისა და მოქრთამვის გარეშე თქვენს შვილებსა და სხვა ახლობლებს ვეღარ გააგზავნიდით იენას, სორბონის, ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდისა და პრინსთონის, სთანფორდის უნივერსიტეტებში სასწავლებლად, პრესტიჟული ქვეყნების საელჩოებსა თუ აღიარებულ სამეცნიერო ცენტრებში სამუშაოდ. ვეღარ მოივლიდით მშრომელი ადამიანების მწირი ხელფასებიდან დაკავებული თანხებით შეკოწიწებული სახელმწიფო ხაზინიდან დაუშურვებლად გაცემული ფულით დედამიწის კუთხე-კუნჭულს, ვეღარ იხილავდით და ვერ იგემებდით ამქვეყნიურ სიკეთეს, სიამტკბილობას.

რატომ გგონიათ ამხანაგო ფანჯიკიძე, რომ მხოლოდ წითელი ინტელიგენტების ნაშიერები შეძლებდნენ საზღვარგარეთ სწავლასა და საქმიანობას? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ მეფოლადის, ხაბაზის, ხარატის, მძღოლის შვილებიც საკმაოდ ნიჭიერები არიან და ბევრის მცოდნენიც. განა ასეთი სასახელო ახალგაზრდებისთვის კი ურიგო იქნებოდა მაღალკვალიფიციურად განსწავლა? ანდა, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენსავით სხვა ვერავინ მოახერხებდა “ფორო იტალიკოს”, “მარაკანას”, “უემბლის”, “მედისონ სქუერ გარდენისა” თუ “უიმბლდონის” ტრიბუნებზე დაბრძანებას, იქ ნანახ-მოსმენილის სათანადოდ აღქმას, მშვენიერ ქალაქებში დანახულის აღწერასა და დაბეჭდვა-გამოცემას? მაგრამ, ყველაფერ ამისთვის სწორედ იმისი გაკეთება-ჩადენა გახლდათ აუცილებელი, ზემოთ რომ მოგახსენეთ.

უნდა გითხრათ, რომ თქვენს პასუხ-მიმართვაში მხოლოდ იმ ნაწილში ხართ მართალი და გულახდილი, რუსთა ზღვაზე დასვენების მოკლებას რომ ეხება. სხვა დანარჩენში, ამაოდ ცდილობთ “მაგარ-მაგარი” პასუხების მიგებას, რადგან ჩინებულად მოგეხსენებათ, რომ წერილის მოსკოველ ავტორებს მხოლოდ დასვენება-გართობის, პატივისცემა-დასაჩუქრების, გულუხვი ქართული პურ-მარილის ხელიდან გავარდნა აწუხებთ და სტკივათ, თორემ დანარჩენი, რაზეც თქვენ პასუხებსა სთხოვთ, არ ენაღვლებათ და ყველაფერი კანონზომიერად გაკეთებულად მიაჩნიათ. ისე, რომ თქვენს ამ ხელის “გამოღებას”, ხმის “ამაღლებას” არავითარი ძალა და მნიშვნელობა არ გააჩნია. უბრალოდ, ასე იმიტომ “გაისარჯეთ”, რომ უფროსმა ძმებმა და დამრიგებლებმა ამჯერად საჯაროდ ძალიან მაგრად, მტკივნეულად დაგადგეს ფეხი და თქვენც მეტი რა გზა გქონდათ “ყველაფერი უთხარით, ყველაფერში ამხილეთ”.

მაგრამ, სად იყავით მანამდე ამხანაგო მწერალო, “საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტო”, სხვადასხვა წოდება-ჯილდოებისა და პრემიების მფლობელო, “ქველმოქმედო”, ქართველ “მწერალთა” კავშირის ჯერ მდივანო და მერე თავმჯდომარევ? ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს, საერო ტკივილზე თქვენს გაყუჩება-დუმილზე უკვე გითხარით, ახლა დანარჩენზეც მოგახსენებთ, ასე გულცივად, უმოწყალოდ რომ აუქციეთ გვერდი, სამარისებური დუმილი რომ შეაგებეთ. არადა განგაში უნდა აგეტეხათ, ქვეყანა შეგეყარათ საქართველოსათვის ჩრდილოელი “მფარველისაგან” გამოცხადებული დემოგრაფიული და ეკოლოგიური ომის გაჩაღებისათვის, როკის დამღუპველი გვირაბის გაყვანისათვის, საქართველოს ცალკეული კუთხეების, გამორჩეულად კი შავი ზღვის სანაპიროს უცხოტომელთაგან მასობრივად დასახლებისათვის, უძველესი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლების ნგრევა-განადგურებისათვის, ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობის დაწყების მცდელობისათვის, თვითმფრინავის “გამტაცებელი” ჭაბუკებისა და ქალიშვილების, მღვდლის დაუნდობლად დახვრეტა-დახოცვისათვის, სამაჩაბლოს დაკარგვისათვის, რუსის ჯარისთვის ოკუპანტისა და დამპყრობლის სტატუსის გაუქმებისათვის, უამრავი სისხლის სამართლის დამნაშავისა და რეციდივისტის ციხიდან გამოშვებისა და შეიარაღებისათვის, მათს ადგილებზე უდანაშაულო, სიმართლისა და კანონიერების დამცველი ადამიანების ჩამწყვდევისათვის, პოლიტპატიმრებით ციხე-საპატიმროების ავსებისათვის, არაადამიანური, ფაშისტური ხერხებით ტანჯვა-წამებისათვის, ყვარლის ტყეში და ბაქოში დაკავებულ-მოტაცებული სამშობლოს “მოღალატეთა” წინასწარ განაჩენგამოტანილი სასამართლო ფარსი-პროცესების უსაშველოდ გაჭიანურებისათვის, დანაშაულებრივი სამყაროსა და მაფიის განუსაზღვრელი თარეშისათვის, ადამიანთა უსაზღვრო ტერორისა და შანტაჟის, დევნის, მათი ქონების განუკითხავი ძარცვა-გლეჯისათვის, უსასრულო მკვლელობებისათვის, შემაძრწუნებელი დასმენა-გაცემისათვის, ურთიერთდაპირისპირებისა და დაუძინებელ მტრებად მოქცევისათვის, არნახული ჰიპერინფლაციისა და შემზარავი სიღარიბისათვის, შიმშილით დაჩიავებულ-წონაგანახევრებული ხალხის მომრავლებისათვის, ნოლზე დასული მშობიარობისა და სასოწარკვეთამდე მოძალებული სიკვდილიანობისათვის, უზნეობაში ჩაძირული, უცოდინარ-გაუნათლებელი, ნარკოტიკებს დამონებული გადაგვარებული ახალგაზრდების გამრავლებისათვის, მათი უცხოეთისკენ დაუოკებელი სწრაფვის, ერის მომსპობი და საშიში სენის-ემიგრაციის მოძალებისათვის, ზღვარს გადასული უმუშევრობისა და უდიდესი ლაქისა და სირცხვილის-მასობრივი მათხოვრობისათვის, პურის უსაშველო გრძელ რიგებში ქანცგაწყვეტილი ბავშვების, მოხუცებისა და სნეულების საათობით დგომისათვის… ალბათ, კიდევ ბევრი რამე გამოგვრჩა, მაგრამ რაც ჩამოვთვალეთ, განა ეს კი არ არის საკმარისი ახლანდელი გაპარტახებულ-განადგურებულ-დამცირებულ-შეურაცხყოფილ-შეგინებული საქართველოს წარმოჩენისთვის?

ხედავთ, რამდენი სატკივარი და ჭირი გვქონია ქართველებს, საქართველოს, რა ტანჯვასა და ურვაში ყოფილან თქვენთვის ბრბოდ და ნახირად მიჩნეული მართალი, პატიოსანი ადამიანები? ამიტომაც დაგისვით ბევრჯერ ესოდენ უსიამო კითხვები: “სად იყავით მაშინ? და რატომ ხმა არ აიმაღლეთ?”.

დასმით კი დაგისვით კითხვები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ პასუხის გასაცემი ნამდვილად არაფერი გაგაჩნიათ და არც უფლება გაქვთ ამისი. სამაგიეროდ, თავათ გაგცემთ საერთოსა და საქმიან პასუხ: დასაწყისში თქვენ ყოველთვის იქ იყავით, იმათ გვერდზე იდექით, თავგამოდებითა და შესაშური ერთგულებით ამაგრებდით, აძლიერებდით კომუნისტური კაცთმოძულე რეჟიმის საფუძველს-კომკავშირს. ქებასა და ხოტბას ასხამდით ქართველი ახალგაზრდების მომსპობ-გამანადგურებელ ორგანიზაციას, აღტაცებული ბრძანდებოდით დიად საბჭოეთში გაშლილი ყამირული მოძრაობითა და “აღმშენებლობით”. მერე საოცნებო კომუნისტური პარტიის წევრი გახდით და კომკავშირში გამოცდილებამიღებულ ახალგაზრდა მწერალს, თავისუფლად მოგენდვნენ მშრომელი ადამიანების დამორჩილება-დამონებაში გაწაფული წითელმანდატიანი პატრონები. რაკი დაინახეს, რომ ერთგულად და მოსაწონად, მათთვის სასურველ რიტმში აუწყეთ ფეხი, სამუდამოდ თავისიანად დაგიგულეს და მათს ხელთარსებული ყველა სიკეთე მოგაგეს. აი, სად და ვის გვერდით იდექით, ვის ასხამდით ხოტბასა და დიდებას, ვის უკრავდით ტაშს, ვისი ამალის წევრი ბრძანდებოდით, უზენაესზე მაღლა მდგარი პირველის (ასე რომ უწოდებდით და ახლაც იგივეს ეძახით წითლები) უხამსი და დასაგმობი ნება-სურვილის აღმსრულებელო! ამიტომაც ბუნებრივია, არაფერს ამბობდით მშრომელი ხალხის გამწარებული ყოფის, კანონიერებისა და სიმართლის არნახულად დარღვევის, ადამიანთა უფლებების უკიდურესად შელახვის მაცქერალი. თუმცაღა, იმავე პირველის შეკვეთითა და დავალებით, დრო და დრო “ცხარე-მწარე-პილპილიან პუბლიცისტიკასაც შეუცურებდით” ხოლმე ხელისუფლებს, გულს “მოაფხანინებდით” პატიოსან ადამიანებს. მარტო იმ დროს “მეხად გავარდნილი და ყუმბარად გამსკდარი რომანი “თვალი პატიოსანი” რად ღირს …

თქვენ ამაყად თავაწეული, ბედნიერი იდექით 1992 წლის 7 მარტს თბილისის აეროპორტში და “დიქტატორის” დამამხობელ “გამარჯვებულ” თანამეინახეებთან ერთად მოთმინებით უცდიდით მოსკოვიდან მომფრინავ საქართველოს “მხსნელსა და გადამრჩენელ” პირველს, კარგა ხნით ადრე რომ გპირდებოდათ სისხლისფერი წყობა-რეჟიმის აღდგენას, დაკარგული პოზიცია-თანამდებობების, განსხვავებული ყოფა-პატივის დაბრუნებას. აბა სხვანაირად ვერაფრით მიაღწევდით იმ სამარცხვინო დღემდე – 1992 წლის 25 მარტამდე, როდესაც საგანგებოდ დანიშნულ მწერალთა ყრილობის ჭეშმარიტი შემოქმედი მამულიშვილების მიერ მიტოვების მერე, თქვენ “მწერალთა” კავშირის თავმჯდომარედ დაგნიშნეს.

აი, სად იყავით ყოველთვის და რატომ არ იმაღლებდით ხმას ამხანაგო ფანჯიკიძე! სამაგიეროდ, ახლა ყველგან გაბედული და თამამი, თავაწეული დგახართ და რიხიანადაც ირჯებით. პირველის უახლოესი მეგობრების – “მსოფლიო რანგის” პოლიტიკოსების ბეიკერისა და გენშერის თბილისში სტუმრობის დროს გაღიმებული შეჰყურებდით “ჭუჭყიან ბრბოზე” ხელკეტებით, ავტომატებით, ნაგაზებით მისეულ ადამიანის სახედაკარგულ, თრიაქით გონებადაბინდულ “ვაჟკაცებს”, აღტაცებას ვერ მალავდით თბილისობის ტყუპისცალის “გაერობის” მნახველი. დიახ, თქვენ დღეს უდიდესი უფლებითა ხართ აღჭურვილი და ყველაფრის ნება გაქვთ დართული. აკი იყენებთ კიდეც – შეუზღუდავი ძალაუფლების ხელთმოგდებული იმასაც კი კადრულობთ, რომ თუკი რომელიმე ჟურნალსა და გაზეთში, თქვენთვის საძულველ ბანაკში მყოფი შემოქმედის ნაწარმოები გაიელვებს, უმალ საყვედურს აჯახებთ რედაქტორს და მუქარით “გამოფხიზლებისკენ” მოუწოდებთ.

სამაგიეროდ, კვლავ სდუმხართ და ჩრდილში დგომას ამჯობინებთ, პირველის (დღეს რომ სახელმწიფო მეთაური ჰქვია) მიერ განუსაზღვრელი უფლებების მოთხოვნის გამგები. პირში წყალს იგუბებთ რუსეთთან იმ საზარელი ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, საქართველოს სამუდამო და მონობის უმძიმესი უღლის დადგმას რომ უპირებს. უნდა გითხრათ, რომ ამდროს ამგვარად გარჯა, მამულისა და ერის ღალატი, გაყიდვაა. ამისათვის პასუხს თქვენთან ერთად, თქვენს მოდგმასა და შთამომავლობასაც მოსთხოვს ხალხი.

დასასრულს, თქვენი პასუხი-მიმართვის ბოლო ნაწილს გადმოვიწერთ: “მწერლის ყოველი სიტყვა, წერილი, რადიო თუ ტელეგამოსვლა მხოლოდ ერთ მიზანს უნდა ისახავდეს, აღძრას ადამიანებში მიმტევებელი გრძნობები, ხელი შეუწყოს შერიგებას, მშვიდობას, კეთილშობილებისა და სიყვარულის აღზევებას და არა შხამის და გესლის ფრქვევას, რითაც შეგნებულად აღავსებს ადამიანებს შურისძიების ყველაზე საშინელი და საზიზღარი გრძნობით”.

სამწუხაროდ, ამხანაგო ფანჯიკიძე აქ თქმული მხოლოდ საგაზეთო პასუხი-მიმარვთისათვის გამოიყენეთ, სინამდვილეში კი სწორედ ისე იქცევით, რასაც ყველაზე საშინელსა და საზიზღარს უწოდებთ. ამიტომაც გვინდა გითხრათ პირდაპირ და გასაგებად, რომ თქვენ ძალიან ცოტანი ხართ – სამშობლოდაკარგულები, ჭეშმარიტ მამულიშვილებს გარიყულ-გარიდებულები, უზომოდ გაბოროტებულ-გაავებულები. სამაგიეროდ ჩვენ გახლავართ ძალიან ბევრნი – კეთილნი, კაცთმოყვარენი, ქრისტიანები, მამულისა და ერის მოყვარულები, საიმედოდ შეკავშირებულ-შეერთებულები. ჰოდა აქედან გამომდინარე, უბრალო ცხოვრებისეულ სიმართლეს, კანონიერებას მოგახსენებთ – ბევრი აუცილებლად დაჯაბნის ცოტას, სიკეთე უეჭველად სძლევს ბოროტებას. ეს უპირველესად მწერალმა უნდა იცოდეთ, უფრო სწორედ უნდა გცოდნოდათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მწერლობა განიზრახეთ.

 

1993 წელი

 

 

 

დატოვე კომენტარი