Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● წინაპართა ნაკვალევზე

წინაპართა ნაკვალევზე

ხორბლის სახლი საქართველოა!

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ დოკუმენტური ფილმების სტუდია წარმოგიდგენთ რუსუდან ძნელაძის საავტორო ფილმს გადაცემაში „ქართული ცივილიზაციის დაკარგული ფრაგმენტები“

***

This slideshow requires JavaScript.

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

29 ივნისი, 2019
2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა – გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება. საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ – დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე-10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის ~ აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

***

ძვ. წ. VI ათასწლეულის ნამოსახლარის აღმოჩენა ბოლნისის რაიონში

29 სექტემბერი 2014

aruxlo[1]საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ.VI ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც, მათი მდებარეობის გამო სპეციალისტებისათვის ამ ეტაპზე უცნობია. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. ექსპედიციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ მირცხულავა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის არქ.მუზეუმის ევრაზიის განყოფილების პირველი დირექტორი, პროფესორი სვენდ ჰანსენი.

ექსპედიციის მიზანია კავკასიის ნეოლითური კულტურის ე.ი. მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა-განვითარების პრობლემების შესწავლა, პერიოდიზაცია-ქრონოლოგიის დაზუსტება. ამავე დროს, ექსპედიცია სტუდენტთა და ახალგაზრდა არქეოლოგთა სასწავლო ცენტრს წარმოადგენს, სადაც სწავლობენ და ცოდნას იღრმავებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდები.

არუხლოს ნამოსახლარის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილმა ახალმა კულტურებმა კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურების მიმართ ინტერესის ზრდა განაპირობა და 2005 წლიდან არუხლოზე გათხრები განახლდა. წინა წლებში აღმოჩენილი მასალები მყარ ნიადაგს უქმნის ახლად აღმოჩენილ მასალებსა და შენობა-ნაგებობებს.

http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=13068

***

6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი ასპინძაში

ასპინძის რაიონში 6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი აღმოჩინეს. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა კავკასიაში.
ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სოფელ ჭობარეთში ადრე ბრინჯაოს ხანის ტერასულ ნამოსახლარს მიაგნო. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ძეგლზე ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობაცაა ნაპოვნი.
,,იმედი” 2014

***

უნიკალური აღმოჩენა ზემო ომალოში

omaloთუშეთში, ზემო ომალოში, საღმრთოს გორაზე, წვიმამ უნიკალური ნივთები გამორიყა, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ანალოგი არა აქვთ.

დიდგვაროვანის სამაროვანს ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე მიაკვლიეს. დიადემა რომელსაც არქეოლოგიის ისტორიაში ანალოგი არ აქვს, ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეს განეკუთვნება.

ზემო ომალოში, საღმრთოს გორაზე სხვა უნიკალური ნივთებიც აღმოჩნდა. სასაფეთქლე, საყურეები, ბეჭდები, წარმართული რელიგიის გამომსახველი ფიგურები, ძველი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.  საღმრთოს გორის ეს აღმოჩენა უნიკალური იმითაცაა, რომ პირველად, ადრექრისტიანული და წარმართული რელიგიიის პერიოდის ნივთებს ერთად მიკვლიეს. ნაპოვნია ორი ჯვარიც.

ზემო ომალოში საღმერთოს გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. მეცნიერები ამ ტერიტორიის დაწვრილებთ შესწავლას აპირებენ.

VIDEO

***

აღმოჩენილია VII საუკუნით დათარიღებული წარჩინებული ქალის სამარხი

25.07.2011

ilmaznos_agmocenebi[1]“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, ახალი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახორციელებს. ხაზის დაპროექტების სამუშაოების მიმდინარეობისას, გარდაბნის რაიონის სოფელ ილმაზლოსთან #53 ანძის განთავსების ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების დროს შეისწავლა ძვ.წ.აღ VII საუკუნით დათარიღებული წარჩინებული ქალის სამარხი, რომელშიც ოქროს სამკაულები – ბეჭდები და საყურეები, ასევე თიხის ჭურჭელი და ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეპოქაში (ადრერკინის ხანაში) ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ძალზედ იშვიათია. აღმოჩენილი ნივთები გამოირჩევა ნაკეთობის მაღალი დონით, ხოლო საყურეების ანალოგი ცნობილი არ არის.

***

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ

12 ივლისი, 2011

 shamqoriუნიკალური აღმოჩენა საქართველოს საზღვრის სიახლოვეს. აზერბაიჯანში, შამქორის რაიონში არქეოლოგებმა ნაქალაქარს მიაგნეს, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება.

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ სოფელ ყარაჯანერლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაქალაქარი დაგეგმარებითა და იქ ნაპოვნი ნივთებით კახეთში, წნორში ნაპოვნი გუმბათიანი სასახლის იდენტურია. ნივთები მსგავსი ქვითა და ორნამენტებით არის გაწყობილი.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ.
ნაქალაქარის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 20 ჰექტარს შეადგენს. ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სპეციალისტებისგან შემდგარი ექსპედიცია აზერბაიჯანულ სოფელში 2006 წლიდან მუშაობს და უკვე 5 სასახლის ნაშთია ნაპოვნი.
აზერბაიჯანში ექსპედიცია არქეოლოგ იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით თვის ბოლოს კვლავ გაემგზავრება.

http://geonews.ge/society/17456-shamqori-naqalaqari.html

***

ნეკრესის აღმოჩენა

https://iberiana.wordpress.com/alphabet/nekresi

 

***

 

ციკლოპური ნაგებობები სამცხე-ჯავახეთში

 

***

  

ვანის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია;

აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. II-I სს) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები _ სასაკმევლე და ჭრაქები, შემკული სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების გამოსახულებებით, რკინის ორი კანდელაბრი და ორასამდე რკინის შუბისპირი.

 ეს სავარაუდოდ ტაძრის გადამალული ინვენტარია. კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომლის თანახმად, ძველი ვანი სატაძრო ქალაქს წარმოადგენდა.

ახალი აღმოჩენის შედეგად კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კოლხური ცივილიზაციის უმაღლესი დონე და კოლხეთის ინტენსიური კავშირები ანტიკურ სამყაროსთან.

კოლხეთის სამეფო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველაზე უფრო თავალნათლივ ძველი კოლხეთის კულტურა წარმოჩინდა.

ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ეროვნულ მუზეუმში დღეს ვანში აღმოჩენილი ათეულ ათასობით ოქროს ნივთია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ქართულის სეზონის ფარგლებში მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოგზურობს.

ვანის ახალი აღმოჩენა უნიკალურია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება უძველესი ქართული ცივილიზაციის ახლო კავშირი ევროპულ სამყაროსთან.

 

***

დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს

12 .10. 2009

naqulbaqeviდიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ნაქულბაქევის სამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა, როგორც დამარხვის წესის, ასევე აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით.

ნაპოვნია უძველესი მარანი, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. სამარხი, სადაც მარანს მიაკვლიეს, 3 ათასი წლის წინანდელია.

გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა.

2007 და 2009 წლებში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.

ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. 75 წელი).

ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. თვით სახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება, ამაზე მიუთითებს.

თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6000-ზე მეტ წელს ითვლის. დედაქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ამ მხრივ, მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.

სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს მომავალში თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.

“ინტერპრესნიუსი” 

 ***

ჩვენი კოხტა წინაპრები სეზონურად იმოსებოდნენ

 12.10.09

შარშან, 8 აგვისტოს, როცა ქართული მიწა უმოწყალოდ იბომბებოდა, არქეოლოგებმა ჭიათურაში აღმოჩენა გააკეთეს – ჩვენს წინაპარს თურმე 34000 წლის წინ ჩაუცვამს და დაუხურავს, – რამდენად დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ – ჭიათურის გამოქვაბულში 34000 წლის საქსოვი ძაფი იპოვეს და… მსოფლიო მედიაც შოკში ჩავარდა. როგორია? – მეცნიერები ამბობენ, პირველი ადამიანი ჰა-ჰა, დაახლოებით 70000 ათასი წლის წინ მიხვდა, რომ ტანსაცმელი სჭირდებოდა, მაგრამ ცხოველის ტყავი ტანზე შემოიხვია და მეტი ვერაფერი მოისაზრაო. 34000 ათასი წლის წინ კი, აგერ, ჭიათურაში, ჩვენს წინაპარს, კიდეც დაურთავს, კიდეც მოუქსოვია, კიდეც შეუღებავს და კიდეც ჩაუცვამს. ესეც ასე!
ამიერკავკასიაში ერთადერთ პალინოლოგს (მტვრის კვლევით  ნამარხთა ასაკის დამდგენი მეცნიერება) ელისო ყვავაძეს ნამარხთა ასაკი დიდი ხანია აღარ უკვირს, მაგრამ ჭიათურაში 34000 წლის ნაქსოვის პოვნამ ისიც კი გააოგნა:
– აქამდე მეცნიერები ტანსაცმლის ნაშთებს ბევრს ეძებდნენ და ყველაზე ძველი მხოლოდ 19000 წლის სელია ისრაელში ნაპოვნი. რას ვიფიქრებდი, თუ სასწაული ჭიათურაში, ძუძუანას გამოქვაბულში გველოდა, – იქ 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოს მივაგენით, თანაც უკვე ნაქსოვს. როცა მათი ასაკი  ამერიკის ლაბორატორიებმა დაადგინეს ცას ვეწიეთ სიხარულით. თანაც მარტო სელი და შალის ძაფი კი არა, იქვე მათი სართავი თითისტარის ქვა და ნემსიც კი ვიპოვეთ.
– რას ამბობთ, ნემსიც?!
– დიახ, ნემსი! როცა გამოქვაბულში წვრილზე წვრილი ყუნწიანი ძვალი აღმოჩნდა, თავის მტვრევაც მაშინ დაიწყო. მანამდე ფიქრობდნენ,  რომ ძველი ადამიანები საკერავ ძაფად გამხმარ ნაწლავებს ხმარობდნენ. ნაწლავი კი იმ წვრილ ყუნწში  ვერაფრით ვერ გაეყრებოდა! აი, ძაფები რომ აღმოჩნდა, მაშინ დალაგდა ყველაფერი. თურმე ჯერ კიდევ როდის კერავდნენ ჩვენი წინაპრები და თანაც რომ შეკერავდნენ და მოქსოვდნენ, ღებავდნენ კიდეც. 34000 წლის წინანდელი ფერებიც იქვე აღმოვაჩინეთ,   ქვა იყო შეღებილი ლურჯ-შინდისფერ-მოყვითალო ფერებად და ჯიხვის მატყლი და სელის ძაფი როგორ   არ შეიღებებოდა.
– იმის თქმა გნებავთ, რომ 34000 ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები ჯიხვის მატყლს რთავდნენ?
– აბა, ცხვარი სად იყო მაშინ მოშინაურებული! როგორც ჩანს, ზამთარში ჯიხვის ბეწვის თბილ ტანსაცმელს იცვამდნენ, ზაფხულში,  – სელის გრილ სამოსს. აი, ასე იყო მოწყობილი საქართველოში 34000 წლის წინ ცხოვრება.
– ახლა ის გავიფიქრე, ამდენი ლამაზი და კომფორტული ჩასაცმელი თუ ჰქონდათ, ნეტავ, სამკაულს არ ატარებდნენ-მეთქი?
– ვინ გითხრათ, რომ არ ატარებდნენ! სადაც ნემსი და ძაფი, იქ უძველესი სამკაულებიც იყო – ცხოველის კბილებისა და ნიჟარების, თანაც თავგახვრეტილი, ძაფი რომ გაეყარათ და  ყელზე ჩამოეკიდათ… ამიტომ გამოეხმაურა ამ აღმოჩენას მსოფლიოს მასმედია, უდიდესი გაზეთების, “ნიუ-იორკ ტაიმსისა” და “ფიგაროს” ჩათვლით… თუმცა რუსულმა გამოცემებმა გაგვაგიჟეს – თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მეცნიერებიც ასე მომართეს – ინტერნეტსაიტებზე ზოგი წერდა, ბლეფიაო, ზოგიც – ოსური წარმოშობის რომ აღმოჩნდეს ეს ბოჭკო, რა სკანდალი იქნებაო!
– ეგ გასაკვირი აღარც არის, ქალბატონო ელისო.
– არ ვიცი… მეცნიერებისთვის უფრო დიდი ღირებულებები უნდა არსებობდეს. ისე კი, შარშან, 8 აგვისტოს, რომ იბომბებოდა, სწორედ იმ დღეს გავიარე გორის გზა და  ჭიათურაში ჩავედი. დიდი აღმოჩენებიც სწორედ იმ დღეებში იყო, – ნაქსოვი ძაფის გარდა, გამოქვაბულში 45 მცენარის კვალი იყო. მათ შორის,  კაკლისა და თხილის. ომი იყო,  მაგრამ იქაურობის დატოვება აზრად არ მოგვსვლია. სტუდენტებმა ქართული დროშა გამოკიდეს გამოქვაბულზე, – თუ ვართ, უნდა ვიყოთ და საქმე გავაკეთოთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლითო. მაგრამ ძალით წამოგვიყვანეს. იმ მწარე დღეების საჩუქარი იყო ალბათ ეს აღმოჩენა.

ეთერ ერაძე

კვირის პალიტრა

 ***

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

(საყდრისის მაღარო)

27.08.09

უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ.

2013 წელი. საყდრისის ოქროს საბადოს გადასარჩენად:

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 ***

უნიკალური აღმოჩენა ბაგრატის ტაძარში 

09/08/2009

bagratiქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებმა ბაგრატის ტაძარში მეშვიდე_მერვე საუკუნეებით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს. ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება, ვის ეკუთვნის სამარხი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალია. სამარხთან ერთად აღმოჩენილია ძვირფასი ოქროს ნივთები. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.

მეცნიერები ქალის ჩონჩხს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ, ოქროს ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ – მათ შორის, ისიც, თუ როგორი იყო დიდგვაროვანი ქალის ცხოვრების ბოლო დღე.

 არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას განმარტებით, ქრისტიანული ხანის მსგავსი მდიდრული სამარხი საქართველოში დღემდე არასდროს აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, სამარხი მე-8 საუკუნისაა და იმ ტაძრის საკუთრებაა, რომელიც მე-10-11 საუკუნეების ბაგრატის ტაძრის აშენებამდე არსებობდა.

 დიდგვაროვანი ქალის სამარხი ბაგრატის ტაძრის დარბაზში, დასავლეთის კარიბჭესთან, 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. არქეოლეგებმა ტაძრის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა სამარხიც გახსნეს, მაგრამ ოქროს ნივთები არც ერთ მათგანში არ დახვედრიათ.

 ბაგრატის ტაძართან, სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეულობა ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს. ცხედრის ნაწილები კი თბილისში, ექსპერტიზისთვის ჩამოიტანეს.

 ექსპერტთა პირველი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ სამარხი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის, რომელსაც თხელი და ნატიფი ძვლები ჰქონდა.

 როდის და როგორ გარემოში ცხოვრობდა, რომელ წელს და რომელ თვეს გარდაიცვალა ქალბატონი, ექსპერტიზა ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში დაადგენს.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბაგრატის ტაძრის აღდგენასა და პირვანდელი სახის დაბრუნებაზე მუშაობს.

  რამდენიმე  დღის წინ დასავლეთის კედლის საძირკველში აღმოჩენილი სამარხი ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური აღმოჩენაა.

“ინფოქუთაისი”

 

***

ოქროს დისკო, რომელიც ისტორიას შეცვლის…

15-07-2009

02d17bd94795c43a2b3c55f79e8c51ed_13407[1]თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურმა გათხრებმა უნიკალური მასალა მისცა მკვლევრებს. მოკვლევის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მოპოვებულია 35 ათასი ექსპონატი, ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების 200 სამარხი და ნასახლარი. მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ფაქტობრივად, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას:

პატარა გორაკის დიდი საიდუმლო

სამწუხაროდ, უახლოესი ერთი კვირის შემდეგ აქაურობას მიწა და ბეტონი დაფარავს, რადგან გრაკლიანის გორას შუაზე კვეთს მშენებარე ავტობანი. გაოცებას ვერ მალავენ საგზაო მაგისტრალის მშენებელი ებრაული კომპანია “ასტრომის” თანამშრომლები: ჩვენთან ხელშეუხებელია აღმოჩენილი ნებისმიერი სამარხი, თუნდაც ერთადერთი. ეს არის ისტორიული უკვდავი ნივთმტკიცება, რომელმაც შესაძლოა ტერიტორიული დავებიც კი მოაგვაროსო. ეტყობა, რაკი იგოეთს, ჯერჯერობით, არავინ გვედავება, ამ არქეოლოგიური ზონისთვის მიწის წაყრა არ ენანებათ ჩვენს ხელისუფალთ. არქეოლოგებს გამუდმებით ურეკავენ (პირადად შევესწარი სატელეფონო საუბარს, რამაც კულუარული ინფორმაცია დამიდასტურა: ექსპედიციის ხელმძღვანელს ვიღაც ორ დღეში სთხოვდა გრაკლიანის გორიდან ყველაფრის “ალაგებას”) და “ზემოდან” სამუშაოს სწრაფად დასრულებას მოითხოვენ.

აქ ყოველ ნაბიჯზე ფუსფუსებენ პროფესიონალი არქეოლოგები და სტუდენტები. თხუთმეტიოდე წუთის მისული ვიქნებოდით, ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური რომ გამოჩნდა. მალე მეორე სამარხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ ჰქონდა შენარჩუნებული კბილები, გრძელი, ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა. საყურე მოწმობს, რომ სამარხი ქალის არის. იქვე, მეზობლად, რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ სამარხში ერთად იყვნენ დასაფლავებული კაცი და ცხენი. როდესაც პატრონი კვდებოდა, მასთან ერთად ამთავრებდა სიცოცხლეს ცხენიც, – მასთან ერთად გადატეხილ იარაღს აყოლებდნენ მიცვალებულს საფლავში. ერთ-ერთ ასეთ სამარეში სამიოდე დღის წინ აღმოაჩინეს ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო. როგორც პროფესორი ლიჩელი ამბობს, დისკოს პოვნა ბრწყინვალე ისტორიული მოვლენაა.

ვახტანგ ლიჩელი: “ეს არის 2400 წლის ნივთი, ისიგნია, მფლობელის სოციალური ტიტულის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზოგადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ჩვენმა ექსპედიციამ უფრო ადრეც აღმოაჩინა ამ ტექნოლოგიის ნიმუშები. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. როდესაც დისკო გაიწმინდება და ბუნებრივ ფერს მიიღებს, ულამაზესი ნივთი იქნება. მისი მფლობელი  60 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა და ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. ბრინჯაოს დისკოზე გადაკრული ოქროს ფირფიტა შესანიშნავი დეკორითაა შემკული. აღმოჩენილია კიდევ ერთი ბრინჯაოს დისკო, რომელიც ასევე მშვენივრად არის ორნამენტირებული. სავარაუდოდ, ის რანგით დაბალ მოხელეს ეკუთვნოდა. ამით ჩანს, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში კარგად არის ჩამოყალიბებული სოციალური კლასიფიკაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც ფარნავაზი იწყებს მოღვაწეობას და პირველ სახელმწიფოდ ყალიბდება იბერიის სამეფო. ექსპონატების კვლევის საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა მონაკვეთზეც კი მკაფიოდ არის ასახული თითქმის ყველა ის პირობა, რაც უნდა ახლდეს სახელმწიფოებრივ განვითარებას სოციალური კლასიფიკაციის სახით.

– მხოლოდ სოციალური კლასიფიკაციის ნიშნები, ალბათ, ვერ გამოდგება ამის დასამტკიცებლად.  კიდევ  რა საფუძვლებს ეყრდნობით?

– ეს ჩანს იმ ფაქტორებიდანაც, რაც მიანიშნებს აქაური საზოგადოების კულტურულ-ინტელექტუალურ დონეზე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. აქ, გრაკლიანის გორაკზე, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს – ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად. სავარაუდოდ, გამოიყენებოდა სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლად. ასეთი რამ მხოლოდ დამზადების ადგილას, სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან კი ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელებას იწყებს დასავლეთ რეგიონებში. როგორც ჩანს, ეს ნივთები პირდაპირი ურთიერთობის წყალობით მოხვდა ჩვენთან. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ უშუალოდ იყენებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. საბეჭდავები აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც ამ ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე გაითხარა.

აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა, ასევე ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნეთსა და დასავლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა…

როგორც ირკვევა, 3000 წლის წინ ახლანდელი იგოეთის ტერიტორიაზე უკეთ იცავდნენ არქიტექტურული დაგეგმარების პრინციპებს, ვიდრე დღევანდელ თბილისში. აღფრთოვანებას იწვევს ნასახლარების დახვეწილი არქიტექტურული განლაგება. ტერასებზე გაშენებულია ერთი და იმავე ტიპის სახლები. მშენებლობის პროცესში კლიმატური პირობებიც არის გათვალისწინებული. იმის გამო, რომ აქ უმეტესად დასავლეთის ქარი უბერავს, ყველა შენობა ორიენტირებულია სამხრეთისკენ და ცივ სეზონზე სამხრეთიდან მზის სინათლე უხვად შეედინება სახლებში. ყველა სახლს აქვს გათბობის სისტემა, ღუმელი, რომელსაც ზაფხულში მხოლოდ საცხობად იყენებდნენ. ეს მოწმობს სოფლის მეურნეობისა და საზოგადოდ, ხორბლეულის მოყვანის კულტურას. დასტურდება წარმოების მაღალგანვითარებულობის ნიშნებიც. შემორჩენილია მეტალურგიული და ხის სახელოსნოების ფრაგმენტები, რომელიც ძვ. წ. VIII-VII  საუკუნეებს განეკუთვნება.

სამარხებიდან და ნასახლარებიდან სხვადასხვა კულტურული ფენა იმზირება.

graklianiვახტანგ ლიჩელი: პირველი ათასწლეულის დასაწყისის ზოგიერთი ექსპონატი მოწმობს, რომ  კავშირი ჰქონიათ კოლხეთთან, აქ ნანახი ჭურჭელი თითქმის ანალოგია ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისის კოლხური ექსპონატისა, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში გათხრილ ერთ-ერთ სამარხშია აღმოჩენილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ასეთი კონტაქტები ბუნებრივია. აქ დაფიქსირებული შუბისპირებიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის. ასევე ნახავთ ძვ. წ. V-IV საუკუნეების კულტურულ ნაშთებს. ეს არის პერიოდი, რომელიც იბერიის სახელმწიფოს ფორმირებას უსწრებს წინ. ამ დროს მოდური ხდება მოხატული კერამიკა, რომლის ნიმუშიც გრაკლიანის ზონაში დაფიქსირდა. ის მოხატულია მცენარეული საღებავით, რომელსაც ვერაფერს აკლებს დრო და ამიტომაც 2400 წლის შემდეგაც მშვენივრად გამოიყურება. როგორც ჩანს, აქ ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა. საფლავებში ღვინის სასმისების გარდა, დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ვაზის ხისტარიანი სასხლავი დანა.

არქეოლოგებმა გორაკზე ჯერ მხოლოდ ორი ტერასა გათხარეს, დარჩენილია კიდევ სამი – ცენტრალური და ზედა, სადაც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში დიდი ტაძარი მდგარა. ტაძრის მანიშნებელი ფრაგმენტები წითლად შეღებილი კრამიტების სახით უკვე ნაპოვნია.

ამ ეტაპზე არქეოლოგიური ექსპედიციისთვის საგანგებო დაფინანსება არ გამოყოფილა, მისი ხარჯები გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტის მიერ ავტობანის მშენებლობისთვის განკუთვნილ საერთო თანხაში. სამწუხაროდ, მშენებელს გორაკის სხვა ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დაფინანსება არ ევალება. შესაბამისად, გაურკვეველია, როდის გამოჩნდება ამ დიდი საქმის გაგრძელების მსურველი.

50 წელია აინტერესებდათ არქეოლოგებს აქაურობის გამოკვლევა. როგორც ვახტანგ ლიჩელი ამბობს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა გორაკი ამხელა საიდუმლოს ინახავდა. გრაკლიანის გორაკის აღმოჩენებზე მოხსენების წასაკითხად ექსპედიციის ხელმძღვანელი უკვე იყო მიუნხენში, სექტემბერში კი პარიზში ელოდებიან. საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ასეთი დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია ხუბუას აიმედებს, რომ უცხოეთიდან დონორი პარტნიორი გამოჩნდება და ერთობლივად გააგრძელებენ გრაკლიანის გორაკის კვლევას.

ბატონმა ვახტანგმა ერთი ოცნება გაგვიმხილა: “მჯერა, რომ ზედა ტერასებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმალება. ძალიან მინდა მთელ საიდუმლოს ავხადოთ ფარდა და ავტობანის გასწვრივ გადაიხსნას გორაკის გულში დამალული სამიათასწლოვანი (იქნებ მეტი ხნისაც) ისტორია. ეს იქნება ღია მუზეუმი ცის ქვეშ“.

ეკა ლომიძე
”კვირის პალიტრა”

იხილეთ აგრეთვე – “რუსები სკვითების კვალზე”

***

გელა ქოქიაშვილი – რას გვიამბობს არმაზციხე

მამამთავარ ქართლოსის მიძინების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, და აი, ლეონტი მროველი, სპარსელების რომელიღაც მატიანეზე დაყრდნობით, ნისლში გახვეულ ამბავს მოგვითხრობს: ბიბლიური მოსეს ცხოვრებამდე კარგა ხნით ადრე ნებროთიან-სპარსელ გმირს – აფრიდონს აღმოსავლეთიდან ჩვენს ქვეყანაში დიდძალი ლაშქრით გამოუგზავნია და ერისთავად დაუდგენია ვინმე არდამი. სწორედ მას შემოურტყავს პირველად დუღაბიანი გალავანი მთა-ქართლისათვის და იგი ცხვირით მტკვრამდე ჩამოუგრძელებია.

…”ცხვირს” მივაღწიე და მცხეთას თავზე წავადექი. აქ, მთაქართლის აღმოსავლეთ კეხზე, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, ათასწლეულების წინ კერპები იდგა… ამ მიდამოებში მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა. მკვლევარებმა ზოგიერთი უძველესი ნაგებობის ნაშთი სახილველად დაგვიტოვეს, ნაწილს მიწა წააყარეს, ნაწილი კი თავისით “დაიმალა”. ასე მაგალითად, დღეს თვალი აღარ შეევლება მთის წვერზე ოროკოებად ამომავალ საფეხურებს, რომლითაც ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებით დაფარულ არმაზის, გაცის და გას კერპებთან ამოდიოდნენ ქურუმები.

https://iberiana.wordpress.com/about/armaztsikhe/

ხვამლი – ქართველთა განძთსაცავი და უძველესი ცივილიზაციის კერა

ხვამლი, იგივე ხომლი, ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებაროებს. ის იურული პერიოდის კირქვებისგანაა აგებული. კარსტული მასივი მღვიმეებით, ნაპრალებითა და მიწისქვეშა წყალსატევით გამოირჩევა.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი, “ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი საინტერესო ცნობებს გვაწვდან, მაგალითად: “რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები”. ქართველ მეფეთა საგანძურის შესანახი ხომლის ქვაბულის არსებობას დავით ულუ და ნარინის დროინდელი მემატიანეც ადასტურებს: “ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა”.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/khvamli/

 ***

საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები (მცირე გალერეა)

  

 

 ***

 Колхида и Иберия

i2    

https://iberiana.wordpress.com/about/kolkhiberia/

***

Gold in Georgien. Stämme der Kolcher

 
  
 
 
 ***
 

                             

From the Land of the Golden Fleece:

Tomb Treasures of Ancient Georgia

                     

 
 http://www.fitzmuseum.cam.ac.uk/gallery/goldenfleece/ifs/
 
 
***********************************************************************