Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი II

♣ სომხეთი-საქართველო 

ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)

საქართველო და სომხეთი

გამომცემლობა “ეგრისი”

 საქართველო და სომხეთი უძველესი დროიდან გაქრისტიანებამდე

პირველი თავის გაგრძელება

 

ხორენაცი, საუბრობს რა სომხეთის მეფის, ტიგრან I-ის შესახებ, აღნიშნავს, რომ ტიგრანის ერთ-ერთი ვაჟი იყოო ვაჰაგნი. თქმულების მიხედვითო, “ვაჰაგნი შეებრძოლა და სძლია ვეშაპებს, მას ჰერაკლესავით ვაჟკაცად თვლიან. ამბობენ აგრეთვე, რომ იგი გააღმერთეს, ქართველთა ქვეყანაში თავისი ზომის ქანდაკებაც დაუდგეს და თაყვანს სცემდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ. ვაჰაგნის შთამომავლებია ვაჰუნები.”1 სინამდვილეში არც ერთი სომეხი უფლისწული, მით უმეტეს, ვაჰუნები საქართველოში არ გაუღმერთებიათ, მსხვერპლს არ სწირავდნენ მათ. ამგვარი აკვიატებული წარმოდგენები ისევ და ისევ სომხური იდეოლოგიის ნაყოფია, მისგან გამომდინარეობს. ამ საკითხზე საგანგებო მსჯელობა მაქვს გამართული ხორენაცის “სომხეთის ისტორიის” ჩემეულ გამოცემაში და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

 თუ როდის ცხოვრობდა და საქმიანობდა მოვსეს ხორენაცი, ეს დღემდე გარკვეული არ არის. მკვლევარნი ასახელებენ სხვადასხვა საუკუნეებს, მეხუთიდან მეცხრე ასწლეულამდე. როგორც ეტყობა, ხორენაცის ხანაში სომხეთი დასუსტებული იყო. ამან გამოიწვია ავტორის გოდება: “დაგტირი შენ, სომეხთა ქვეყანავ, დაგტირი შენ, ყოველთა ჩრდილოელთა შორის გამორჩეულო.’’2 მაშასადამე, ჩრდილოეთის ხალხებთან, ტომებთან, ერებთან შედარებით სომხები რჩეული ერი ყოფილა. უკვე მოვიტანე ხორენაცის ის ცნობა, თუ რა ვრცელი ტერიტორია გადასცა ირანის შაჰმა არშაკმა სომხეთის მეფე ვალარშაკს სამფლობელოდ. ამის თაობაზე მოვსესი თავისი წიგნის სხვა ადგილას ასე იუწყება: “არშაკმა იმ ხანებში სომეხთა ქვეყანაში თავისი ძმა, ვალარშაკი გაამეფა, მისცა მას საბრძანებლად ჩრდილოეთი და დასავლეთი”.3 “დასავლეთში” აქ, პირველ რიგში, შეიძლება იგულისხმებოდეს ზემოთ მოტანილი ხორენაცისეული ცნობის “მთელი შუა ხმელეთი.” VII საუკუნის სომხურ “გეოგრაფიაში”,4 რომლის ავტორადაც ამჟამად ანანია შირაკაცია მიჩნეული, “შუა ხმელეთი” ეწოდება ბერძენთა და პონტოს, ე. ი. ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის მოთავსებულ მიწა-წყალს ანუ მცირე აზიას. აშკარაა, რომ სომხეთის ჩრდილოეთით მცხოვრებ [36] ხალხთა შორის ხორენაცი ქართველებსაც გულისხმობს და მათთან შედარებითაც მიიჩნევს სომხებს რჩეულ ერად.

ამდენად, სომხური იდეოლოგიით, ქართველებს ხელი არ უნდა შეეშალათ სომხებისთვის მთელს კავკასიაში გაბატონების საქმეში _ პირიქით, ქართველები მოხარული უნდა იყონო, თუ სომეხთა “რჩეული ერი” კავკასიის პატრონობას იტვირთავენო. კავკასიის ერთიანობა უამრავ დამპყრობთა წინააღმდეგ ომებში, ცხადია, სასურველი იყო, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა სომხური გეგმის მიხედვით – ქართველი ერი ვერ შეეგუებოდა ჩვენი ქვეყნის გადაქცევას სომხეთის ნაწილად, მის პროვინციად, საქართველოს გასომხურებას, ქართველთა გასომხებას.

ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას ძველ ხანებში, იმროინდელი სანტრანსპორტო საშუალებების განუვითარებლობის გამოც, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე ამჟამად. კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა საქართველო, მეტადრე, აღმოსავლეთი საქართველო და არა სომხეთი. ქართველთა დედაქალაქები, მცხეთა და თბილისი სწორედ კავკასიის შუაგულში მდებარეობენ, რასაც ვერ ვიტყვით სომხეთის დედაქალაქებზე. ამდენად, კავკასიის გაერთიანება, დარაზმვა ქართული დროშის ირგვლივ უფრო ადვილი იყო, ვიდრე სომხური დროშის ქვეშ. ამას სომხები რომ ხედავდნენ, ყოველი ღონით ცდილობდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში გაბატონებას, რათა ამის შემდეგ გაადვილებოდათ მთელი კავკასიის დაპყრობა.

ქართველები, საქართველოს მტკიცედ გაერთიენებამდეც კი, შეუპოვრად იბრძოდნენ სომხური აგრესიის წინააღმდეგ, ამსხვრევდნენ სომეხთა გეგმებს. ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე, ცნობილი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე5 გადაჭრით აცხადებდა: “ქართველები მეომრული სულისკვეთებით გამოირჩეოდნენ და მათი განდევნა მშობლიური ადგილებიდან შესაძლებელი იყო მხოლოდ მათზე ძლიერი მტრის ხანგრძლივი შეტევით; ქართველები როგორც რიცხობრივად, ისე ფიზიკური ძალით, თუ არ აღემატებოდნენ, არ ჩამოუვარდებოდნენ მაინც სომხებს. ამიტომ სომხებს შეეძლოთ მხოლოდ დროდადრო მიეტაცებინათ მათთვის მიწა-წყალი, დაესახლებინათ მათს ტერიტორიაზე წაეგლიჯათ მათთვის მიწა-წყალი. ასე შეხედა ამ საკითხს სომხეთის ისტორიის საუკეთესო მცოდნემ, ცნობილმა ორიენტალისტმა სენ-მარტენმა, რომელიც, მიუხედავად სომხებისადმი ერთგვარი მიკერძოებისა, იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ჭოროხის, მტკვრის, ევფრატისა და არაქსის წყალგამყოფი ქედი, ორი ერის, სომხებისა და ქართველების, მუდმივი საზღვარი იყო, და რომ სომხები, მათი მწერლების მტკიცების მიუხედავად, თუ გადასცდებოდნენ თავიანთ ბუნებრივ საზღვრებს, მხოლოდ დროებით, მაგრამ არ შეეძლოთ შემოემტკიცებინათ დაპყრობილი მიწა-წყალი. სენ-მარტენის ეს შეხედულება სავსებით ეთანხმება ქართულ ცნობებს, საიდანაც ჩანს, რომ სომხები ზოგჯერ მართლაც წააგლეჯდნენ საქართველოს ზოგიერთ კუთხეს, მაგრამ ატყდებოდა ბრძოლა და საქართველო კვლავ იბრუნებდა თავისას.

მთელი ჭოროხის აუზი და მტკვრის ზემო წელი, მოკლე შუალედის გამოკლებით, ყოველთვის საქართველოს ხელში რომ იყო, ამას ცხადყოფს შემდეგი ცნობები: სახელები მთების, მდინარეების, ციხეებისა და მთელი უბნებისა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე რომ წარმოიშვა5”… სომხები შეძლებდნენ თუ ქართველები კავკასიის გაერთიანებას, ეს გარკვეულწილად დამოკიდებული იყო იმაზეც, ვინ მოახერხებდა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ჩრდილო კავკასიის მეომარი ტომები, ხალხები. ჩრდილო კავკასიელები ხშირად არბევდნენ საქართველოსა და სომხეთს, მაგრამ უფრო მეტი საფრთხე მათგან ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა, რამეთუ ჩრდილო კავკასია უშუალოდ საქართველოს ესაზღვრებოდა და არა სომხეთს. საქართველოს მშვიდობა, გაძლიერება არ ეღირსებოდა, თუ ჩრდილო კავკასიაზე თავის გავლენას არ გაავრცელებდა. ქართველები ყოველი ღონით ცდილობდნენ ამის მიღწევას და ხშირად დასახულ მიზანსაც ანხორციელებდნენ. როდესაც ჩრდილო კავკასია საქართველოს უზენაესობას ცნობდა, ქართველებს ხელეწიფებოდათ იქედან მაშველი ჯარიც გადმოეყვანათ და თავიანთი მტრებისთვის მიესიათ, კერძოდ, სომხებისათვისაც, თუ მათი ჯარი თავს ესხმოდა ჩვენს ქვეყანას  [38] და ქართული მიწა-წყლის მიტაცებას ცდილობდა. სომხეთს იმიტომაც სურდა საქართევლოს დაპყრობა და გასომხურება, ქართველი ერის გასომხება, რომ ამის შედეგად უშუალოდ გამეზობლებოდა ჩრდილო კავკასიას, თავის სამსახურში ჩაეყენებინა ის. მაგრამ ჩრდილო კავკასიაზე გავლენის მოპოვება დიდი ხნის განმავლობაში შეძლო საქართველომ და ვერ შეძლო სომხეთმა.

ფაქტია, რომ საქარველოს ისტორიის ოქროს ხანაში, XII საუკუნესა და XIII ასწლეულის პირველ მეოთხედში ჩრდილო კავკასიის ტომები საქართველოს სამეფოს უზენაესობას ცნობდნენ და ქრისტიანობაც საქართველოდან ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიაში. ამ მოვლენას კი საფუძვლები საუკუნეების განმავლობაში ეყრებოდა. ქართული სახელმწიფოები XIX ასწლეულამდეც ცდილობდნენ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ ჩრდილო კავკასიაზე და ერთგვარ წარმატებასაც აღწევდნენ. თუ ქართველები ამ გზას არ დაადგებოდნენ, ჩვენი ქვეყნის სისხლისმსმელი დამპყრობლები ეცდებოდნენ ჩრდილო კავკასიელი ტომები შემოესიათ საქართველოსათვის, გავიხსენოთ, მაგ., ქართველი ერისთვის დამღუპველი მოვლენა _ ლეკიანობა. მიუხედავად ლეკიანობისა და მსგავსი მოვლენებისა, ხსოვნა ჩრდილო კავკასიაზე საქართველოს დიდი გავლენის არსებობისა ახალ დრომდე შემორჩა.

ამ მხრივ საყურადღებოა ცნობილი მოღვაწის, გიორგი ლასხიშვილის მოგონება. 1887 წლის დეკემბერში გ. ლასხიშვილი ოდესაში დაუპატიმრებიათ რევოლუციური საქმიანობისათვის. გარკვეული ხნის შემდეგ ის საქართველოში გამოაგზავნეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. მგზავრობის დროსო “საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი, ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადრღება: მაღალი, მშვენიერი, ტანადი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ, სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს. აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილო კავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე… მე გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე… როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა: _ როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. _ მე ვიფიქრე _ შამილს გულისხმობს-მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე. _ არა ყმაწვილო; _ მიპასუხა მოხუცმა, _ მე შამილზე როდი მითქვამს, კავკასიის მზე _ საქართველო იყო”6… სომხებს დიდი სურვილი ჰქონდათ კავკასიის მზე საქართველო კი არა, სომხეთი ყოფილიყო, ყველაფერს აკეთებდნენ ამისათვის, საძრახის საქციელსაც (მაგ., დამპყრობლებთან გარიგებას) არ თაკილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

იგივე XIX საუკუნეში სომხური ბურჟუაზია, კერძოდ, საქართველოში, ძალიან გამდიდრდა, ქართველები ღარიბები იყვნენ, რუსეთის იმპერიამ მოსპო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც, სომხურ ეკლესიას კი შეუნარჩუნა ავტოკეფალია, მაგრამ ქართველი ერის დიდმა წარსულმა, დიდმა ბრძოლისუნარიანობამ ის შედეგი გამოიღო, რომ XIX ასწლეულში ქართველებს გვყავდა ბუმბერაზი ერისკაცები ილია და აკაკი, სომხებს კი ასეთები არ ჰყავდათ.

უკვე მოვიტანე მოვსეს ხორენაცის ცნობები, რომლითაც “სომხეთის ისტორიის მამა” ცდილობს მკითხველის დარწმუნებას, რომ ქართლის ანუ იბერიის სახელმწიფო, თითქოს, სომხეთის ყმადნაფიცს, ვასალს წარმოადგენდა. ლ. ჯანაშიას სიტყვით, “ხორენაცის კონცეფციით ქართლი სომხეთის ერთ-ერთი მხარეა, ხოლო ქართლის მმართველი (კერძოდ, ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანიც – ა. ა.) სომხეთის მეფის ქვეშევრდომია”.7 ხორენაცი აყალბებს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წარსულსაც. ასე მაგ., მოვსესის “სომხეთის ისტორიაში”8 გასომხებულია, სომეხთა საამაყო შვილად, სომეხთა მეფედაა გამოცხადებული სირიელთა კერპი, ედესის მეფე აბგარი (გასომხებულია მისი თანამოსაგრეებიც). ხორენაცი, თუ მისი სომხური წყარო, იმეორებს სომხურ ქურაში ნაწრთობ სირიულ გადმოცემას იმის შესახებ, რომ აბგარს თითქოს მიწერ-მოწერა ჰქონია იესო ქრისტესთან, ქრისტეს წამებისთანავე მონათლულა კიდეც და სხვა ქვეყნების ხელისუფლებსაც, მათ შორის რომის იმპერატორსაც ურჩევდა ქრისტეს რჯულის შეწყნარებას. მართალია, სინამდვილეში ქრისტეს თანამედროვე ედესის მეფე აბგარი არ გაქრისტიანებულა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოში პირველი ქრისტიანი მეფე III საუკუნის [40] დამდეგს სწორედ ედესის მეფე აბგარ IX შეიქმნა.

ქრისტიანობის სათავეებთან მდგომი, თითქოს, ქრისტეს კეთილმოსურნე მეფის, ქრისტეს თანამედროვის, სირიელი აბგარისა და მისი ამალის გასომხება ხორენაცის “ღვაწლია”.9 ცხადია, ხორენაცის ამგვარი ნაბიჯი შორს გამიზნულია. მისი სურვილია, წარმოაჩინოს სომხეთის დიდი ამაგი ქრისტიანული მოძღვრების გამარჯვების საქმეში, გამოაცხადოს სომხეთი მსოფლიოში ქრისტიანობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უძველეს კერად. ხორენაცის მიხედვით, სომეხთა მეფედ ქცეულმა აბგარმა სირიაში “ააგო ქალაქი იმ ადგილას, რომელსაც ადრე სომეხთა ჯარი იცავდა… ქალაქს ედესა დაარქვეს. [აბგარმა] ნიზიბინიდან იქ გადაიტანა სამეფო კარი და ყველა თავისი კერპი…” სინამდვილეში როგორც აბგარი არ იყო სომეხთა მეფე, ისე არც ქალაქი ედესა აუგია სომეხთა რომელიმე გვირგვინოსანს. ედესა, რომელიც შუამდინარეთში მდებარეობს, სომხეთის დედაქალაქი არასოდეს ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს სომხეთიდან წარგზავნილმა დესპანებმაო “იერუსალიმში გაიარეს ჩვენი მაცხოვრის, ქრისტეს სახილველად, რამეთუ სმენოდათ მისი სასწაულმოქმედებების შესახებ; მათ თავიანთი თვალითაც იხილეს ეს და უამბეს აბგარს [ყოველივე]. აბგარი სახტად დარჩა და ირწმუნა, რომ [ქრისტე] ნამდვილად იყო ძე ღმრთისა…

ვინაიდან აბგარის სხეულს ხრწნიდნენ უბოროტესი სნეულებანი, რომელნიც სპარსთა ქვეყანაში შეჰყროდა მას შვიდი წლის წინ და კაცთაგან ვერავის განეკურნა იგი, ამიტომ ვედრების წერილი გაუგზავნა [აბგარმა] ქრისტეს, რომ მოსულიყო და მოერჩინა იგი; [წერილი] შემდეგი სახისა [იყო]. აბგარის ბარათი მაცხოვრისადმი აბგარი, ძე არშამისა, ქვეყნის მთავარი, სალამს გიძღვნის იესო მაცხოვარსა და განმკითხავს, რომელიც გამოჩნდი იერუსალიმის ქვეყანაში. შენს შესახებ შევიტყვე ისიც, რომ ძალგიძს განკურნო ადამიანი წამლების, ბალახების გარეშე… მკვდრებიც კი გაგიცოცხლებია. როცა შევიტყვე ყოველივე ეს შენს შესახებ, ორი აზრი დამებადა: ან ხარ ღმერთი, ცით მოვლენილი, ანდა ძე ღმრთისა და ამის გამო ხელგეწიფება ამგვარი საქმეების კეთება. ამიტომაც გიგზავნი წერილს და გევედრები, რომ გაიღო მსხვერპლი, მოხვიდე ჩემთან და განმკურნო სნეულებათაგან. გავიგე ისიც, რომ გკიცხავენ ურიები, შენი წამება სურთ მათ.” სომეხთა მეფე ეპატიჟება იესო ქრისტეს, ჩემს სამფლობელოს შეაფარე თავიო.

ხორენაცი განაგრძობს: “ბარათის წამღებნი შეხვდნენ ქრისტეს იერუსალიმში, რასაც ადასტურებს სახარების სიტყვებიც; “მოვიდნენ მასთან ვინმე წარმართთაგანნიო”_ ო, [ნათქვამია] იქ.” ცხადია, სახარების ამ სიტყვებიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ხსენებული წარმართები მაინცდამაინც სომეხთა მეფის წარგზავნილები იყვნენ. იესო ქრისტეს ვერ მიუღია სომეხთა მეფის მიწვევა, თუმცა, თითქოს, წერილი კი მიუწერია მისთვის: “პასუხი აბგარის ბარათისა, რომელიც მაცხოვრის ბრძანებით დაწერა თომა მოციქულმა ნეტარ იყოს, ვისაც არ ვუნახივარ და სწამს ჩემი, რამეთუ ასეა დაწერილი: ვინც მიხილავს, მას არა სწამს, ხოლო რომელნიც ვერ მხედავენ, მათ აქვთ ჩემი რწმენა და ცხონდებიან. შენ რომ მწერ, მოვიდე შენთან, ამის თაობაზე გეტყვი, რომ მე აქ უნდა შევასრულო ყოველივე, რისთვისაც გამომგზავნეს, შემდგომ კი ავმაღლდები მასთან, ვინც მომავლინა. რაჟამს ავმაღლდები, შენთან გამოვუშვებ ერთ-ერთ ჩემს მოწაფეს, რათა განგკურნოს სნეულებათაგან და მოგანიჭოთ ცხოვრება შენც და შენს გარშემო მყოფ [ადამიანებსაც].”

სინამდვილეში სომეხთა მეფის კი არა, სირიელების, ედესის მეფის, აბგარ უკამას10  სახელს უკავშირდება თქმულებათა ციკლი, რომლებიც წარმოიქმნენ სირიაში არა უგვიანეს IV საუკუნის პირველი ნახევრისა. ეს ციკლი ნაწილობრივ შეტანილია სირიულ თხზულებაში “ადდას მოძღვრება,” რომელიც კლასიკური სირიული ლიტერატურის სათავეებთან დგას. ეს თქმულებები ფართოდ გავრცელდნენ აღმოსავლურქრისტიანული კულტურული წრის ხალხთა შორის (ადრე სირიელებიც ქრისტიანები იყვნენ; ჟამთა სიავის გამო სირიელ ქრისტიანთა რიცხვი თანდათანობით მცირდებოდა). განსაკუთრებით პოპულარული იყო თქმულება აბგარ უკამას [42] ქრისტესთან მიმოწერისა და ედესის მფლობელის სასწაულებრივი განკურნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სირიელთა მეფის აბგარის, აბგარიოსის სახელისაგან არის წარმოქმნილი სიტყვა ავგაროზი.

რაკი “სომხეთის ისტორიის მამა” მოვსეს ხორენაცი აყალბებს, აკნინებს საქართველოს და სხვა მეზობელი ქვეყნების წარსულს, რათა ამით მეტი ბრწყინვალება მიანიჭოს სომხეთის ისტორიას, “მამას” “შვილებმაც” მიბაძეს, ე.ი. სხვა სომეხმა მემატიანეებმაც, რომელთა რიგები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ძველი სომხური საისტორიო მწერლობა რომ ფრიად უხვმოსავლიანია, ეს, ცხადია, შესანიშნავი მოვლენაა და არა მარტო სომხეთისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ისტორიის პრობლემების საკვლევადაც, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სომხური წყაროები საოცრად ტენდენციურია.

სომხეთში ძველთაგანვე, იმთავითვე დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიმდევარი სომეხი მემატიანეები, როგორც წესი, მრუდე სარკეში უცქერდნენ საქართველოს წარსულს, ქართულ კულტურას, აკნინებდნენ მას. ძველ სომეხ მემატიანეთა ეს ტრადიცია აიტაცეს ახალი დროის, თანამედროვე სომეხმა ისტორიკოსებმაც. მათაც დიდი სურვილი აქვთ მსოფლიოს მოჰფინონ ამბავი, თითქოს, კავკასიაში სომხები წარმოადგენდნენ რჩეულ ერს და არა ქართველები, ვითომც კავკასიის მზე სომხეთი იყო და არა საქართველო. რა იცოდნენ მათ, ამის თაობაზე თუ როგორი აზრი ჰქონდა გათავისებული, შეთვისებული ყაბარდოელ მოხუცს საუკუნოებრივი ტრადიციის ძალით, თორემ ეცდებოდნენ მის გაჩუმებას, მოსყიდვას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხებმა საქართველოს პირველად ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში შემოუტიეს. ყოველ შემთხვევაში, არავითარი უეჭველი მასალა არა გვაქვს იმის სამტკიცებლად, რომ სომხური სახელმწიფო უფრო ადრეც ახერხებდა ქართული მიწა-წყლის მიტაცებას. ამდენად, მიუღებელია შეხედულება იმის თაობაზე, თითქოს, სომხებს უპირატესობა გააჩნდათ ქართველებთან შედარებით უძველესი დროიდან, ადამჟამობიდან. არადა, ამგვარი თვალსაზრისი გატარებულია ძველთაგანვე ქართველი ერის წმინდა, პატიოსან წიგნად აღიარებულ “ქართლის ცხოვრების” შემადგენელ პირველ თხზულებაში (“ცხოვრება ქართველთა მეფეთა“), რომლის ავტორადაც XI საუკუნის მოღვაწე, რუისის მთავარეპისკოპოსი ლეონტი მროველია მიჩნეული. ეს მით უფრო უცნაურია, რომ ქართველები, მართლმადიდებლური ქართული ეკლესია მონოფიზიტ, გრიგორიან სომხებს მწვალებლებად, იესო ქრისტესგან განდგომილ ერად მიიჩნევდნენ და ამ დროს ქართველი მთავარეპისკოპოსიც, სომხური წყაროების მსგავსად, სომხებს კავკასიაში ლამის რჩეულ ხალხად აცხადებს, მათ უპირატესობას ღაღადებს.

ლეონტი მროველი მოგვითხრობს: “პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა _ ამათ თვისთა (ნათესავთა _ ა. ა.) ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი… ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა’’.11

ლეონტი მროველი კავკასიის ხალხებს ერთი მოდგმისად, ძმებად რომ აცხადებს,12 ეს გაკეთებულია იმ მიზნით, რომ ერთობა დამყარებულიყო კავკასიელთა შორის, რათა ისინი საერთო ძალისხმევით დაპირისპირებოდნენ უამრავ დამპყრობლებს. მაგრამ, რატომ ანიჭებს ქართველი მემატიანე უპირატესობას სომეხთა მითიურ წინაპარს, ჰაოსს (სომხურად მას ჰაიკი ეწოდება) ქართველთა მითიურ წინაპართან, ქართლოსთან შედარებით, ეს ძნელი ასახსნელია.

ჰაოსის გამორჩეულობა ლეონტის შემდგომი თხრობიდანაც ჩანს: “განუყო თარგამოს (თარგამოსმა _ ა. ა.) ქუეყანა და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შვიდთა ამათ მისცა” დარჩენილი ნახევარიო.13 “ხოლო ჰაოს დაემკვიდრა საყოფელსა მამისა თვისისა თარგამოსისთა… და ამათ შვიდთავე [44] გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა. შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და რქუა მათ: “მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა,” აღარ დავემორჩილოთო ნებროთს. “ეწამნეს შვიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი; და განუდგეს ნებროთს და არღარა მისცეს ხარკი… მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნი ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგამოსიანთა.” პირველ ბრძოლაში თარგამოსიანებმა გაიმაჯვეს.

ეს ამბავი “ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღხდა გორასა ერთსა ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასავე მისსა… ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა: “განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს’’. და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი.

და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისთა ზედა და სხუათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შვიდნივე ესე ძმანი წარვიდეს თვის-თვისად ქუეყანად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა”. აღსანიშნავია, რომ ლეონტი მროველი მომხრეა ქართველების მოკავშირეობისა, მეგობრობისა არა მარტო კავკასიელებთან, კერძოდ, სომხებთან, არამედ სხვა ხალხებთანაც, რამეთუ ამას საჭიროდ მიიჩნევს მრავალრიცხოვანი მტრის, სახელდობრ, სპარსელების მოსაგერიებლად. სპარსთა მეფემ დაამარცხაო თურქები. ამათ “გამოვლეს ზღუა გურგანისი (კასპიის ზღვა _ ა. ა.), აღმოყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას… და ეზრახნეს მამასახლისსა (მაშინდელ უზენაეს ხელისუფალს _ ა. ა.) მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა [45] ყოველთა ქართველთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა,14 რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათვის დაიმეგობრნეს თურქნი”…

ეს თურქები, თითქოს, დაუსახლებიათ კიდეც საქართველოს სხვადასხვა ადგილებში: “ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას,15 დასავლით კერძო კლდეთა შორის გამოკუეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა მას ადგილსა სარკინე. და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელ ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა.

მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მივიდის ძვირის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა. და გამოხდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი.”16

 როგორც ვხედავთ, ქართველთა მოკავშირენი, მეგობრები გამხდარან სხვადასხვა ხალხები, ისინი, თითქოს, დაუსახლებიათ კიდეც საქართველოში, მაგრამ არც ერთ მათგანს ლეონტი მროველი უპირატესობას არ ანიჭებს ქართველებთან შედარებით, არც ბერძნებსა და ებრაელებს.

უპირატესობის პატივს ლეონტი მხოლოდ სომხებს მიაგებს. ახსენებს რა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და მისგან ლტოლვილ ებრაელთა საქართველოში მოსვლას, ე. ი. ქრისტეს შობამდე VI საუკუნის ამბებს, ლეონტი მროველი დასძენს:აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს.17 ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.”18

 თუ როგორ უნდა გავიგოთ ლეონტის ეს ცნობა, ამის შესახებ კამათი ხშირად ცხარე ხასიათს [46] იღებს და ლეონტი მროველსაც არმენოფილ ავტორს უწოდებენ. ლეონტის არმენოფილურმა ცნობებმა პროლეტარული პოეტი, ალიო მირცხულავაც (მაშაშვილი) კი აღაშფოთა. წესით და რიგით, პროლეტარული პოეტი ინტერნაციონალისტი უნდა იყოს და ეროვნული გრძნობები არ უნდა აწუხებდეს, თავისი ქვეყნის წარსულითაც არ უნდა ამაყობდეს, შეიძლება ეს წარსული მხოლოდ განაქიქოს, მაგრამ ალიო მირცხულავა გამონაკლისი აღმოჩნდა – თუ მანამდე არა, 54 წლის ასაკში მასში ეროვნული გრძნობები აშკარად ჩანს. 1957 წლის 2 მარტს გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში” (#27)19 გამოქვეყნდა ა. მირცხულავას წერილი მრავლისმეტყველი სათაურით: “ეს არის ჩვენი ისტორია?!”, რომელშიც ავტორი ვერ მალავს აღშფოთებას 1955 წელს გამოქვეყნებულ “ქართლის ცხოვრების” პირველ ტომში ლეონტი მროვლის არმენოფილური თვალსაზრისის შემცველი თხზულების უცვლელად შეტანის გამო.

მირცხულავას სიტყვით, არქეოლოგიურ ნაშრომში – “მცხეთა” – “მოთავსებული მასალები, არქეოლოგიური ძეგლები ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოდგმიდანვე ქართველების სამკვიდრო-საცხოვრისია. ამ მხრივ ამოუწურავი და ეჭვმიუტანელი მასალა ეძლევა ქართველ ისტორიკოსებს. და აი, 1955 წელსვე პარალელურად გამოდის სრული “ქართლის ცხოვრებას. ყაუხჩიშვილის რედაქციით. უნდა ითქვას, რომ ეს წიგნი დიამეტრიულად ეწინააღმდეგება იმ ფაქტობრივ ძეგლებსა და მასალებს, რაც მოცემულია არქეოლოგიურ ნაშრომში “მცხეთა”. ა. მირცხულავას მიხედვით, “ქართლის ცხოვრების” პირველ ტომში შეტანილი ლეონტი მროველის “ცხოვრება ქართველთა მეფეთა” “მეტ შემთხვევაში ყალბ წყაროებზეა აგებული და საქარ- თველოს უძველესი ისტორიის სახით წარმოდგენილია ჩვენს წინაშე”.

ეს თხზულებაო “ღრმა მეცნიერული შესწავლის საგანს არ წარმოადგენს”, მასში “ნაკლებად სჩანს საქართველოს ისტორია. ეყრდნობა რა ძირითადად ძველი სომეხი ისტორიკოსებისა და მემატიანეების ნახევრადზღაპრულ, აპოკრიფულ და ტენდენციურ ცნობებს, იგი არასწორად აშუქებს ქართლის ისტორიას, კერძოდ, ქართველ მეფეთა ისტორიას, მათ ვინაობას, გენეალოგიას, გვარტომობას… ლეონტის ცნობით საქართველოს ყველა მეფე ყოფილა ან [47] სპარსი, ან სომეხი”. ა. მირცხულავა აქ ფერებს ამუქებს. ლეონტი საქართველოს ყველა მეფეს არაქართველად არ აცხადებს, თუმცა ბევრ მათგანს კი მიიჩნევს ასეთად – უძველესი დროიდან მეხუთე საუკუნემდე.

ა. მირცხულავა განაგრძობს: “ზღაპარზე აგებული ისტორია ქართველ ერს არ სჭირდება. თქვენ გგონიათ ეს სავალალო მდგომარეობა გასული საუკუნის ქართველ ერისმოძღვრებს არ აწუხებდათ? გაიხსენეთ აკაკისა და ილიას გალაშქრება ამ ყალბი ვერსიების წინააღმდეგ”. ა. მირცხულავას სიტყვით, “ქართლის ცხოვრების” “რედაქტორსა და შემდგენელს (ე. ი. ს. ყაუხჩიშვილს – ა. ა.) შეეძლო წიგნიდან ამოეშალა ყალბი ადგილები, ან ეჭვის ქვეშ დაეყენებია ისინი და მეცნიერული ანალიზით გაებათილებია; თორემ მეტისმეტად არასასიამოვნო ისტორია გამოდის. ჩვენ, კარგი, მოვითმენთ, მაგრამ ასე უნდა ვასწავლოთ ჩვენს ნორჩსა და მომავალ თაობას მშობლიური ისტორია?” მოაქვს რა ლეონტი მროველის ცნობა, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის (ქრისტეს შობამდე 604-562 წლები) დრომდე ქართველთა დედა-ენა, მშობლიური ენა, თითქოს, სომხური ყოფილიყოს და მხოლოდ ამ ხანებში შექმნილიყოს ქართული ენა, ა. მირცხულავა დასძენს: “არა მგონია ესეც ჭეშმარიტებას შეიცავდეს. ასეთი “ქართლის ცხოვრება” არაა საჭირო არც ჩვენთვის, არც სომხებისათვის,20 არც ჩვენი მომავალი თაობებისათვის. ამით ჩვენ მოძმე სომეხი ხალხის წარსულ ცხოვრებასაც ეჭვის ქვეშ ვაყენებთ. 21 მე დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ სომეხ ერს, ნურავინ იფიქრებს, თითქოს ყველაფერი ეს პატრიოტული მიკერძოების შედეგია. არა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ: არსებობს ერთა ერთმანეთისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა, მაგრამ არსებობს ყველა ერში ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობაც”.

 რაკი პროლეტარული პოეტიც კი ეროვნულ თავმოყვარეობაზე ალაპარაკდა, იმედია, ქართველებში დღეს შესუსტებული, დაკნინებული ეროვნული შეგნება მომავალში კვლავაც გაძლიერდება. ცხადია, “ქართლის ცხოვრებიდან” რაიმეს ამოშლის უფლება, თუნდაც “ყალბი ადგილებისა”, არავის არა აქვს, სანამ არ დამტკიცდება, რომ ყალბად მიჩნეული ესა თუ ის ცნობა გვიანდელი ჩანართია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ქართლის ცხოვრების” ავტორები საქართველოს სამეფო კარის ინტერესებს ასახავდნენ, მათი თხზულებები საქართველოს მეფეების პოლიტიკის საფუძვლიანობის დასაბუთებას ისახავდნენ მიზნად.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: XI საუკუნის საქართველოს მეფისათვის მისაღები იყო ლეონტი მროველის თხზულება, რომელიც ძალზე ხშირად არმენოფილურია, უძველესი დროიდან IV ასწლეულამდე ქართველებთან შედარებით სომეხთა უპირატესობას ქადაგებს? საკითხავი აი, ეს არის! ჩემი აზრით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ღრმად შესწავლა ამ პრობლემას შუქს ჰფენს. ამის თაობაზე წინამდებარე ნაშრომის მეორე თავშიც ვისაუბრებ, რამეთუ ლეონტი მროველი XI საუკუნის ავტორია და მისი არმენოფილური კონცეფციის გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორია უძველესი დროიდან XII საუკუნემდე მაინც.

ლევან სანიკიძის სიტყვით, ლეონტი მროველი არის “არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსი”. ამასთანავე, მკვლევარს აღნიშნული აქვს “საერთოდ ქართულობისადმი მისი (ლეონტის – ა. ა.) ტენდენციური და საზიანო განწყობილება“22. ლეონტის თვალსაზრისის ამგვარ შეფასებას მოჰყვა სიმონ ყაუხჩიშვილის გამოხმაურება: “ძალიან დაამცირეთ23 ჩვენი შესანიშნავი (ვიტყოდი სწორუპოვარი) ისტორიკოსი ლეონტი მროველი… ლეონტი მროველი XI საუკუნის ის პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომლითაც იწყება ჩვენი “წმიდათა-წმიდა” წიგნი “ქართლის ცხოვრება”… ლეონტი მროველის ამ შესანიშნავ ნაშრომზე იზრდებოდა მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე ქართველი ახალგაზრდობა; მთელი ქართველი საზოგადოება იმით ეცნობოდა საქართველოს ისტორიას… როგორ ფიქრობთ თქვენ… ”არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსს”, “ქართულისადმი მისი საზიანო განწყობილების” მატარებელ ადამიანს ქართველი საზოგადოება თავის მასწავლებლად გაიხდიდა?”.

შემდეგ ს. ყაუხჩიშვილი გამოთქვამს გულისწყრომას ლეონტი მროველის არმენოფილად გამოცხადების გამო: “ზოგიერთი მისი [49] (ლეონტის – ა. ა.) გამონათქვამი საბუთს აძლევდა მკვლევარებს ელაპარაკათ ლეონტი მროველის არმენოფილურ განწყობაზე, რაც თქვენ… უფრო გააღრმავეთ და ლეონტი მროველი გამოაცხადეთ არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსად, უფრო მეტიც, ქართულისადმი ტენდენციურად განწყობილ ადამიანად.”

“ლეონტი მროველის შესახებ ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული ეჭვები ქართველებისა და სომეხთა ძმობის შესახებ სხვა მკვლევარებმა… “გააღრმავეს’’ და მას, ლეონტი მროველს არმენოფილობა დასწამეს”.23 არსაიდან არ ჩანს, რომ ქართველებს საუკუნეთა განმავლობაში მოსწონდათ ლეონტი მროველის თხზულების ის ადგილები, სადაც მემატიანე ქართველებთან შედარებით სომეხთა უპირატესობას ქადაგებს. ცნობილია, მაგ., რომ XII ასწლეულის ქართველი ავტორი, არსენ ბერი არ იზიარებდა ლეონტის არმენოფილობას (პირობითად მაინც ვიხმაროთ ეს ტერმინი).

როგორც ეტყობა, XII საუკუნისა და XIII ასწლეულის საქართველოს სამეფო კარს, გარკვეული მიზეზების გამო (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), მიზანშეწონილად არ მიუჩნევია ლეონტის “ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ნაცვლად ახალი თხზულების შექმნა და შეტანა “ქართლის ცხოვრებაში.” შემდგომ კი, XIII-XVIII საუკუნეებში, სხვადასხვა ჯურის დამპყრობლებმა ლამის სამშობლო თავზე დაგვამხეს და ამისთვის ვიღას ცხელოდა. თუმცა იმ დროსაც ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფალნი კვლავ ფიქრობდნენ კავკასიის ერთიანობაზე და კავკასიელების, კერძოდ, სომხების განაწყენებას ერიდებოდნენ. იქნებ, ამიტომაც აღარ ამოიღეს “ქართლის ცხოვრებიდან” ერთხელ უკვე მასში შეტანილი ლეონტის თხზულება და არც გადააკეთეს ის.

ჩემს ნაშრომში კვლავაც ვაპირებ ლეონტი მროველის არმენოფილური ცნობების მოტანას და განხილვას, მაგრამ რაკი ლეონტის თვალსაზრისის შესახებ ცხარე კამათის გაჩაღება ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ ამგვარი კამათი გაიმართა 1998 წელსაც, როდესაც გამოქვეყნდა ცნობილი არმენოლოგის, ზაზა ალექსიძის წერილი _ ”ჩვენი ისტორიის გაკვეთილები.”24 ზ. ალექსიძეს მოაქვს ლეონტი მროველის “ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ის ცნობები, რომლებიც უძველეს ხანაში კავკასიაში სომეხთა უპირატესობას ღაღადებენ, ცდილობს თავისებურად გაიაზროს ეს მასალა და დასძენს, რომ ლეონტი მროველს ტყუილად, უსამართლოდ სწამებენ არმენოფილობას.

ზ. ალექსიძის სიტყვით, “ამიერკავკასიის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი) ეკუთვნიან იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვს, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში წყვეტილებით, მაგრამ შეინარჩუნეს თავიანთი სახელმწიფოებრიობა ანტიკურობიდან დღემდე.” ამ მხრივ საქართველოს და სომხეთის შედარება ნუთუ შეიძლება? ამიერკავკასიაში სომხური სახელმწიფოებრიობა დაეცა XI საუკუნეში და 1918 წლამდე (დაშნაკებამდე) აღარ აღმდგარა. სომხები თანდათან აიყარნენ თავიანთი სამშობლოდან და სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ. საქართველომ კი XII ასწლეულში თავისი ისტორიის ოქროს ხანა შექმნა და წარმატებებს მიაღწია მთელი კავკასიის მტერთაგან დაცვის საქმეშიც. ქართველი ხელისუფალნი იმ ხანებში მფარველობდნენ, კერძოდ, სომხებსაც და ცდილობდნენ მათ დამაგრებას სომხეთში ან საქართველოში ასახლებდნენ მათ, რათა ხელსაყრელ პირობებში სომხეთში დაებრუნებინათ და საერთოდ ჩაენერგათ სომხებისთვის რწმენა, რომ მათ ქართველებთან ერთად უნდა ებრძოლათ თავისივე სამშობლოს, სომხეთის გადასარჩენად.

მართალია, XIII საუკუნიდან საქართველოს ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდა (გამონაკლისია გიორგი ბრწყინვალის ეპოქა), მაგრამ ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში შეიქმნა ქართული, ეროვნული სახარება, “ვეფხისტყაოსანი,” მაღალი დონის ქართული კულტურა, რომელსაც “ვეფხისტყაოსნის”კულტურა შეიძლება ვუწოდოთ. ამის წყალობით ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გაუძლო XIII_XVIII ასწლეულების ჯოჯოხეთს და შემდგომშიც გაძლებდა, მოყვრულად მოსულ, ე. წ. ერთმორწმუნე მტერს, რუსეთის იმპერიას მოტყუებით, ვერაგულად რომ არ მოესპო, არ დაენგრია ქართული სამეფო-სამთავროები, სახელმწიფოები.

სომხური სახელმწიფოებრიობა იმიტომაც დაეცა, რომ სომხებმა ვერ შექმნეს “ვეფხისტყაოსნის” მსგავსი ეროვნული სახარება, რომელიც მათ გააძლებინებდა თავიანთ სამშობლოში უმძიმეს პირობებშიაც. როგორც ითქვა, სომხეთის იმპერია არსებობდა ტიგრან II დიდის დროს, მაგრამ მაშინ სომხური მწერლობა, სომხური დამწერლობა არ არსებობდა და ეროვნული სახარების შექმნაც ვერ მოხერხდებოდა. ამასთანავე, ტიგრანის იმპერია შეიქმნა ისეთ [51] პირობებში, როდესაც პონტოს მეფე მითრიდატე რომის სახელმწიფოს ეომებოდა და რომი სომხეთის მიერ მეზობელი ქვეყნების დაპყრობას დიდ ყურადღებას ვერ მიაქცევდა, ხოლო მითრიდატეს აწყობდა მოკავშირე ჰყოლოდა ტიგრანის სახით.

ერთი სიტყვით, სომხეთის იმპერიის შექმნა ტიგრან II-ის დროს თუ სავსებით არა, მნიშვნელოვანწილად მაინც შემთხვევითი მოვლენა იყო, მას მტკიცე საფუძველი არ გააჩნდა და ამიტომაც ოცი წლის მეტხანს ვერ გაძლო, დაინგრა. დიდი ქართული სახელმწიფო, დიდი საქართველო კი საუკუნეთა მანძილზე შენდებოდა, მას მტკიცე საფუძვლები გააჩნდა და ამან გააძლებინა ქართულ სახელმწიფოებრიობასაც XIX ასწლეულამდე.

“ვეფხისტყაოსნის” კულტურით (რომელსაც საფუძვლები XII საუკუნემდე ბევრად ადრე ჩაეყარა, ასწლეულების მანძილზე მზადდებოდა) შთაგონებული ქართველები კი სახელმწიფოს შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იბრძოდნენ 1810 წლამდე და სასწაულებსაც ახდენდნენ ომებში_ხშირად ერთ ქართველ მეომარზე მტრის ასი მებრძოლი მოდიოდა და მაინც ქართველები იმარჯვებდნენ. ასეთ ვითარებაში გაჩნდა ქართულ ენაში მისალმების აღმნიშვნელ სიტყვად – გამარჯვება, გამარჯობაც. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალზე უჭირდა XIII საუკუნიდან, სომხეთის გადარჩენასაც ცდილობდა, საამისოდ ირჯებოდა, შემორჩენილ ძალებს არ ზოგავდა. 

 ზ. ალექსიძე აღნიშნავს: ლეონტი მროველის კონცეფციაო “XI ს-ის მეორე ნახევარში ცხადდება, როდესაც კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური უპირატესობა სრულიად აშკარაა. მიუხედავად ამისა, ლეონტი მროველის სქემაში რვა ძმას შორის უფროსი და “უგმირესი ძე” ჰაოსია (სომეხთა ეთნარქი) და არა ქართლოსი (ქართველთა ეთნარქი). ჰაოსი ფლობს მემკვიდრეობით კავკასიაში “უმჯობეს” მიწას და არა ქართლოსი. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ლეონტი მროველი ისტორიკოსია და მან არ უღალატა ისტორიისა და ლოგიკის კანონებს. კავკასიის ეთნარქთა წარმომავლობა მან ბიბლიიდან გამოიყვანა…

თავის ობიექტურობაში ლეონტი მროველი კიდევ უფრო შორს მიდის. ახლა მას სურს გაარკვიოს, რა ენაზე ლაპარაკობდა თავდაპირველად ქართველთა ეთნარქი ქართლოსი, ძე თარგამოსისა. ცხადია, იგი ლაპარაკობდა თავისი მამის ენაზე. ლეონტი მროველმა იცის, რომ თარგამოსის უფროსი შვილის, ჰაოსის შთამომავალთა ენა სომხურია. მაშასადამე, რვა კავკასიელი ეთნარქის, და, მათ შორის, ქართლოსის ენაც სომხური უნდა ყოფილიყო გარკვეულ დრომდე… იწყება დიდი პროცესი კავკასიის გაერთიანებისა საქართველოს ეგიდით და ამ ეპოქის ქართველ მეისტორიეს არ ეშინია თავის ისტორიულად უფროს ძმად სომეხთა ეთნარქი გამოაცხადოს, ხოლო სომეხთა ქვეყანა საქართველოზე უკეთეს ქვეყნად… ლეონტი მროველი არავითარ ანგარიშს არ უწევს თავისი ეპოქის ნაციონალისტურად განწყობილ ძალებს და არც ისტორიის სამსჯავროსი ეშინია, რადგან დარწმუნებულია თავისი კონცეფციის ისტორიულ ჭეშმარიტებასა და პოლიტიკურ აუცილებლობაში”…

ზ. ალექსიძის დებულებებმა ვნებათა ღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მის საპასუხოდ არაერთი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა. მეც არ ვიზიარებ ზ. ალექსიძის მოსაზრებებს. ამის თაობაზე ჩემი პოზიცია უკვე გამოქვეყნებულიც მაქვს25 და უფრო ვრცლად მას წინამდებარე ნაშრომშიც გადმოვცემ თანდათან. აქ მოკლედ ვიტყვი, რომ ლეონტი მროველი, გარკვეული მიზეზების გამო, სომხური წყაროებით სარგებლობდა და ქართველებთან შედარებით სომხების უპირატესობის (უძველესი დროიდან, ქრისტეს შობიდან IV საუკუნემდე) იდეაც იქედან აქვს შეთვისებული. ავიღოთ, მაგ., საკითხი, თითქოს, ქართველთა დედა-ენა ძველად სომხური ყოფილა, კერძოდ, ქრისტეს შობამდე VI ასწლეულამდე. რეალურად აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ სწორედ ამ დრომდე ამიერკავკასიაში საუკუნეთა მანძილზე ბატონობდა, უფრო სწორად, ცდილობდა გაბატონებულიყო ურარტუს ძლიერი სახელმწიფო. მართალია, ქართველები ურარტუს დამპყრობელ ჯარებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მაინც შესაწყნარებელი ჩანს ის აზრი, რომ ურარტუ ახერხებდა თავისი გავლენის გავრცელებას ამიერკავკასიაში.

აქედან გამომდინარე, იმ ხანებში ურარტულ ენასაც ზოგჯერ ქართულზე მეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა. შესაძლებელია, ამ ფაქტმა მოგვიანებით სომხური ქურა გამოიარა და ურარტული ენა სომხურით ჩაანაცვლეს. სომხური ენის განსაკუთრებულობის შესახებ სომხური ლეგენდები ადრევე ჩანს წარმოქმნილი.

ამის თაობაზე მასალა მოიპოვება XIII საუკუნის სომეხი მემატიანის, ვარდან არეველცის (“აღმოსავლელის”) “მსოფლიო ისტორიაშიც.” ვინაიდან ნოეს კიდობანი [53] არარატის მთაზე გაჩერებულა (არსებობს ისეთი გადმოცემებიც, რომ ნოეს კიდობანი სომხეთში კი არა, სხვაგან გაჩერდა), ეტყობა, ძველადვე გაჩნდა სომხური ლეგენდები, რომლებშიც ნოეს სასაუბრო ენად სომხური გამოცხადდა. XVIII საუკუნის ცნობილი სომეხი ისტორიკოსის, მიქაელ ჩამჩიანის, ისევე, როგორც ზოგიერთი მისი თანამედროვის “მტკიცებით”, ის ერთადერთი ენა, რომელზედაც, თითქოს, კაცობრიობა ლაპარაკობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობამდე და ამასთან დაკავშირებულ “ენათა აღრევამდე,” თურმე სომხური ყოფილა და, მაშასადამე, “ენათა აღრევის” შედეგად გაჩენილი ყველა ენაც სომხურის საფუძველზე წარმოშობილა.

მ. ჩამჩიანის თანახმად, ამგვარი გადმოცემა სომხეთში ადრევე იყო გავრცელებული, მაგრამ თუ სომეხი მემატიანეები არ აღნიშნავდნენ ამ ფაქტს, ეს იმიტომო, რომ ისინი ამ საკითხში განიცდიან ეკლესიის მამების, საღვთისმეტყველო მწერლობის გავლენას, რომელშიც მსოფლიოს თავდაპირველ ენად ებრაული ან ასურულია გამოცხადებული.26 XI საუკუნეში, ლეონტი მროველის დროს, საქართველოში საკმაო რაოდენობით ცხოვრობდნენ სომხები, როგორც მონოფიზიტები (გრიგორიანები), ისე ქალკედონიტები (მართლმადიდებელნი). ლეგენდა ქართველებთან შედარებით სომეხთა უპირატესობის შესახებ საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ორივე ჯგუფში იყო გავრცელებული. როგორც ეტყობა, ლეონტი მროველმა ქალკედონიტ (მართლმადიდებელ) სომეხთაგან შეითვისა ლეგენდა, თითქოს, ქართველთა დედა-ენა უძველეს დროში სომხური ყოფილა. ამგვარი ლეგენდის გაჩენა სომხურ გარემოში, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო იმით, რომ სომეხ საერო ხელისუფალთ, ასევე, სომხური ეკლესიის თავკაცებს ქართველთა გასომხება, საქართველოს გასომხურება ჰქონდათ მიზნად დასახული. ლეონტი მროველი ამის მომხრე არ იქნებოდა, მაგრამ, გარკვეული მოსაზრებით, მან თავის თხზულებაში სომხური ლეგენდები მაინც შეიტანა.

ზ. ალექსიძის კიდევ ერთი დებულება უნდა განვიხილო მოკლედ. მის წერილში27 ნათქვამია: “387 წელს ბიზანტიამ და ირანმა [54] სომხეთი შუაზე გაიყვეს და სულ რაღაც ორმოცი წლის მანძილზე ორივეგან მოშალეს ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება. ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას ეროვნული სახე დაეკარგა, სომეხი ხალხის ეროვნული კონსოლიდაცია უიმედოდ შეფერხებულიყო. მაგრამ მოხდა ის, რაც დღემდე აუხსნელი რჩება. სწორედ მეხუთე საუკუნეში, ამ სოციალური გარდატეხებისა და პოლიტიკური განუკითხაობის ეპოქაში, სომხურმა კულტურამ მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომელიც მისთვისაც კი მიუწვდომელი აღმოჩნდა შემდეგაც.

ორად გაგლეჯილმა ქვეყანამ, რომლის საერო და სასულიერო ცხოვრებაში უცხო ენები ბატონობდნენ, სულ რაღაც ორმოცი წლის მანძილზე შექმნა საერთო ეროვნული ენა, რომელსაც დღესაც კლასიკურ სომხურს ვუწოდებთ, და საერთო ეროვნული მწერლობა, რომელსაც ასევე კლასიკური ეწოდება დღემდე. სწორედ ამიტომ, თავის ისტორიაში ერთერთ ყველაზე უფრო დიდ ძნელბედობის საუკუნეს, პარადოქსია, ალბათ, მაგრამ სომეხმა ხალხმა “ოქროს ხანა” უწოდა”… ამ “ოქროს ხანასთან” დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სომხებში იყო ტენდენცია, დაეძველებინათ თავიანთი მიღწევები, მონაპოვარნი. ასე მაგ., სომხეთის “ისტორიის მამა,”28 მოვსეს ხორენაცი თავს V საუკუნის ავტორად აცხადებს, მაგრამ ბევრი სერიოზული მეცნიერის მტკიცებით, ის VIII_IX ასწლეულთა ავტორია. ამის თაობაზე საუბარია ხორენაცის “სომხეთის ისტორიის” ჩემეულ გამოცემაში. ზ. ალექსიძე საუბრობს საქართველოს ოქროს ხანაზეც და ასკვნის: “ამრიგად, სომხეთისთვის “ოქროს ხანაა” V ს., როდესაც უკიდურესი ძნელბედობა და პოლიტიკური არტახები მხოლოდ ბიძგს აძლევს მისი ხალხის სულიერ ამაღლებასა და შინაგან თავისუფლებას. 29 საქართველოსთვის “ოქროს ხანაა” XIIს., როდესაც პოლიტიკური სიძლიერე და ეკონომიკური სიმდიდრე უდიდეს გასაქანს აძლევს მისი ხალხის ლაღ მხატვრულ წარმოსახვასა და აკადემიურ აზროვნებას.” [55]

 გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაკი სომხების “ოქროს ხანაა” V საუკუნე, ხოლო ლეონტი მროველი, ავტორი, მემატიანე მცხოვრები XI ასწლეულში, ვერ მოესწრო ქართველთა ოქროს ხანას, ამიტომაც ქადაგებს ლეონტი ქართველებთან შედარებით სომეხთა უპირატესობას დასაბამიდან IV საუკუნემდე ქრისტეს შობიდან.

სინამდვილეში V ასწლეული ქართველებისთვისაც გამორჩეულია. ვახტანგ გორგასლის ეპოქამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს აღმავლობას, ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების განმტკიცებას, საქართველოს ერთიანობის იდეის გაძლიერებას. შემთხვევითი არაა ის ამბავი, რომ ქართველი ერის ოქროს ხანაში ჩვენს სახელმწიფო დროშას გორგასლიან-დავითიანს უწოდებდნენ. ქართული კულტურაც მაღალ დონეზე იდგა პეტრე იბერისა და ვახტანგ გორგასლის ხანაში. საზოგადოდ, გორგასლის ეპოქა საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა და მთლიანობაში თუ განვსჯით, იგი სომხების ერთგვარ “ოქროს ხანას” არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ სჭარბობს კიდეც. ამის თაობაზე კარგად იცოდნენ ლეონტი მროველის დროსაც, XI საუკუნის საქართველოში.

გორგასლის ეპოქაში გაძლიერებული ქართული სული არ დაკნინებულა მომდევნო საუკუნეებში და ამანაც განაპირობა, ამის შედეგიცაა ოქროს ხანის შექმნა ურიცხვ მტერთაგან გარემოცულ საქართველოში. ახლა ისევ ლეონტი მროველს მოვუსმინოთ. სანამ ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენაზე დაიწყებდეს თხრობას, ლეონტი აღნიშნავს: “იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა”.30

როგორც ვხედავთ, ქართლში, ანუ იბერიის სახელმწიფოში გავრცელებულ ენათა შორის პირველ ადგილზე სომხურია დასახელებული, რაც ლეონტი მროველის არმენოფილობის კიდევ ერთი გამოვლენაა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ლეონტი მთლიანად არ იზიარებს სომეხთა ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოს მიმართ. მისი ცნობებით, ჯერ კიდევ ქართლოსის სამფლობელო ყოფილა ქვემო ქართლი, ჯავახეთი, კლარჯეთი და სხვაც, რომელთა დაპყრობა სომხებმა დაისახეს მიზნად ქრისტეს შობამდე II საუკუნიდან. ლეონტი მროველის სიტყვით, ქვემო ქართლში ქართლოსმა [56] “აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და კუალად აღაშენა მტუერის ციხე, რომელსაც აწ ჰქვიან ხუნანი”. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ ქვემო ქართლში მშენებლობა გაუგრძელებია მის მეუღლეს: “შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.31” საუბრობს რა ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეების იბერიის ცნობილ მეფე ფარნავაზზე, ლეონტი აღნიშნავს: ფარნავაზმაო “თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისანი – წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.32” გაჩიანი ქვემო ქართლში მდებარეობდა, ხოლო წუნდა – ჯავახეთში. ლეონტი მროველი არ იზიარებს არც იმ სომხურ თეორიას, თითქოს, ქართული დამწერლობა სომეხი მესროპ-მაშტოცის მიერ იყოს შექმნილი. ქართული ანბანის გაჩენას ლეონტი ფარნავაზის სახელს უკავშირებს: ფარნავაზმაო “განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ (გარდა _ ა. ა.) ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული33”.

ლეონტი მროველის თანახმად, იბერიის მეოთხე მეფემ, ფარნაჯომმა “შეიყუარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლისმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას… ამისთვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა.” ქართველებს მხსნელად სომხები მოევლინენო: “მაშინ შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და რქუეს: “მეფე ჩუენი გარდახდა სჯულსა მამათა ჩუენთასა, არღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა… აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუენდა. მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთა, გუაშუელე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა სჯულისა, და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ.” სომეხთა მეფეს იბერიელი ერისთავებისთვის შემოუთვლია: [57] “თქუენ ყოველთა ერისთავთა მომეცით მე მძევალი, და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუენდა და ყოვლითავე ნიჭითა (სიმდიდრით, საბოძვარით _ ა. ა.) აღგავსნე.” მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი. მაშინ სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს”.

ფარნაჯომს სპარსელები მიშველებიან, ქართველთა ნაწილიც მისი ერთგული დარჩენილა. სომეხთა მეფეს და მის მომყვან ქართველებს დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგე: “მოიკლა ფარნაჯომ და მოსრეს სპა მისი… ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა (გვიწყალობა _ ა. ა.) ძე თვისი არშაკ. დაჯდა მეფედ არშაკ, და დაიპყრა ყოველი ქართლი; და მეფობდა იგი ნებიერად.” არშაკის შემდეგ იბერიის მეფე გამხდარა მისი შვილი და შვილიშვილიც.34

სინამდვილეში, მეცნიერებისათვის არაა ცნობილი, რომ იბერიაში სომხებს ემეფოთ. ლეონტი მროველი ამ შემთხვევაშიც ტენდენციურ სომხურ წყაროებს ემყარება. ამ უკანასკნელთ კი ხშირად სომხური ლეგენდები, ზეპირგადმოცემები კვებავდნენ. ლეონტი მროველის თანახმად, ქრისტეს შობის ჟამს იბერიის მეფე ყოფილა ადერკი: “ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თვისი.” მაშასადამე. იბერიის სამეფო ორად გაყოფილა, ორმეფობა დაწესებულა.

თუ ამგვარი რამ მართლა მოხდა იბერიაში, ის მაინც უდავოა, რომ ლეონტის ქრონოლოგია არეული აქვს _ მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ ქრისტეს შობიდან I-II საუკუნეებში იბერია ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა და იმ დროს იქ არავითარი ორმეფობა არ ყოფილა. ბარტომისა და ქართამის მეფობის შემდეგ გამეფებულან მათი ვაჟები ფარსმანი და კაოსი. ლეონტის სიტყვით, “ადერკისითგან ვიდრე ამათ მეფობამდე იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა. და უმეტეს არმაზელნი მეფენი35 შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა. მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ. და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო (წაართვა, ჩამოაჭრა _ა. ა.) საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკურამდე36”.

აქ აშკარად ჩანს ლეონტი მროველის პოზიცია, განწყობილება: ის გმობს სომეხთა მეფეს ქართველებისადმი გამოჩენილი უმადურობისთვის, აგრესიისთვის. ლეონტის რწმენით, ქართველებმა და სომხებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა იბრძოლონ საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთმანეთს არ უნდა დაერიონ. სომეხთა მეფემ, იარვანდმაო “დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდასა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგმნების დევთა-სახლად. და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს”37. ლეონტი მროველის ამ ცნობაში ასახულია ის ამბავი, რომ სომხები როდესაც ქართულ მიწა-წყალს დაიპყრობდნენ, იქ ადგილებს სახელებს უცვლიდნენ, ქართულ სახელწოდებებს სომხურით ცვლიდნენ, რათა გაესომხებინათ იქაური ქართველები, გაესომხურებინათ ქართული მხარეები. მაგრამ, ლეონტისავე სიტყვით, ქართველთა მეფეების მწუხარება უსაზღვრო ყოფილა, რამეთუ სომეხთა მეფემ ქართულ მიწა-წყალი მიიტაცა.

აშკარაა, ქართველები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდნენ დაკარგული მხარეების დასაბრუნებლად. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარსმანისა და კაოსის შემდეგ გამეფებულან აზორკი და არმაზელი: “ხოლო ესე მეფენი არმაზელ და აზორკ იყვნეს კაცნი მხნენი და შემმართებელნი. და შეითქუნეს ესენი, და განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა. მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, მეფე სომეხთა, და დასვა მეფედ ძმა იარვანდისი, რომელსა ეწოდებოდა სახელად არტაშან.” აზორკს და არმაზელს მიუმხრიათ ჩრდილო კავკასიელები და გაერთიანებული ჯარით შესევიან სომხეთს: “მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეკრბეს მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს.” საბოლოოდ სომხებმა გაიმარჯვესო: “მაშინ სუმბატ გამარჯუებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელი პოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხე-ქალაქ- თა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან”…

სუმბატის იბერიიდან წასვლის შემდეგ “მეფენი ესე ქართლისანი, არზოკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი თვისნი… და არა დასცხრეს კირთებისაგან (კირთება შეტევას ნიშნავს აქ _ ა. ა.) სომეხთა ზედა”. სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოუჩენია კლარჯეთის ერისთავსაც: “და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა, აზნაურთავეგანი. და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო, და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხნი და მხედარნიცა.” 38

 ლეონტი ამჯერადაც სომხური წყაროების ტყვეობაში იმყოფება, როდესაც პარხალს, ტაოს სომხურ მიწა-წყლად აცხადებს. ტაო ხომ ქრისტეს შობამდე II საუკუნის დასაწყისში წაართვა იბერიას სომეხთა მეფე არტაშესმა. მაგრამ ქართველები სწორედ კლარჯეთზე დაყრდნობით იბრძოდნენ ტაოს დასაბრუნებლად და მიზანსაც აღწევდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სომხები კვლავ ახერხებდნენ ტაოს დაპყრობას და ასე, საუკუნეთა განმავლობაში, ტაო ხელიდან ხელში გადადიოდა.

ზოგჯერ მის დაპყრობას ბიზანტიის იმპერიაც ახერხებდა. იბერიის მეფეთა დასამორჩილებლადო “წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთა, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი… მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა (ქართველების მოკავშირენია იმ დროს – ა. ა.), ითხოვეს მშვიდობა, და აღუთქუეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი. და ქმნეს ფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან, და წარვიდა”39.

 როგორც ვხედავთ, მოვსეს ხორენაცის მსგავსად, არმენოფილი ქართველი მემატიანე, ლეონტი მროველიც აღნიშნავს, რომ სომხეთის მეფის უზენაესობას არა მარტო იბერია, ჩრდილო კავკასიაც, კერძოდ, ოსეთი აღიარებდა. აქ უფრო სომეხ ხელისუფალთა გეგმებია ასახული, ვიდრე რეალური ვითარება. სინამდვილეში, სომეხთა მეფეები ზოგჯერ თუ ახერხებდნენ ქართული მხარეების დაპყრობას (მაგ., იგივე არტაშანი, რომელიც არტაშესი უნდა იყოს), ისინი, იპყრობდნენ იბერიის სამეფოს მხოლოდ ნაწილს, მის სამხრეთ მხარეებს და არა მთელ იბერიას.

სომხეთისგან დამოუკიდებელი იბერიის ნაწილი ყოველი ღონით ცდილობდა ჩრდილო კავკასიელთა მიმხრობას, მათთან ერთად ბრძოლას სომხეთის წინააღმდეგ და მიზანსაც აღწევდა, რამეთუ ჩრდილო კავკასიის ტომები მრავალნაირად დაკავშირებული იყვნენ საქართველოსთან და არა სომხეთთან. ქართველებს შეეძლოთ ჩრდილო კავკასიელებისთვის კავკასიონის გადმოსასვლელი უღელტეხილები, ზეკარებიც ჩაეკეტათ (მაგ., დარიალი და სხვაც) და მოეწყვიტათ ისინი სამხრეთის სამყაროსგან, რაც ჩრდილო კავკასიის მკვიდრთათვის არამც და არამც სასურველი არ იყო. სხვა რომ არა იყოს რა, ჩრდილო კავკასიის ტომები ხშირად ლაშქრობდნენ სამხრეთის ქვეყნებში, შოულობდნენ დიდძალ ნადავლს, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იბერიის სამეფო ახერხებდა, ჩრდილო კავკასიელთა ამგვარი სწრაფვა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ჩრდილო კავკასიის ტომებზე საქართველოს გავლენა გაევრცელებინა.

სომეხთა მეფის, არტაშანის იბერიიდან წასვლის შემდეგო “გარდახდეს… წელნი რაოდენნიმე. და აღშენდა ქართლი მოოხრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. და პოვეს მას შინა ჟამი მარჯუე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა… ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თვისსა ზარენს, და წარმოგზავნა ქართველთა ზედა. ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქუეყანასა ჯავახეთისასა. და ეწყუნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა, და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი და სდევნეს საზღვართამდე სომხითისა; მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა მის პირსა, რომელსა რქვიან ცელი, და უკმოიყვანეს. ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვა მის ზარენისი… არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათვის საზღვართა მათთასა, და დასუეს პყრობილად ციხესა დარიალანისსა”.40 როგორც ვხედავთ, იბერიის შემადგენელი ნაწილია ჯავახეთიც და დარიალიც. ამასთანავე, ქართველებს სომეხთა უფლისწულის დარიალის ციხესიმაგრეში გამოკეტვა, ჩამწყვდევა მოუნდომებიათ იმისათვის, რომ [61] აღედგინათ იბერიის სამეფოს ძველი საზღვრები, დაებრუნებინათ სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული მხარეები.

ამდენად, ლეონტი მროველი სომხეთის სასარგებლოდ ამუქებს ფერებს,41 როდესაც ამბობს, რომ სომეხთა მეფემ “დაიმონნა ქართველნი”. თვით ლეონტის თხრობის კრიტიკული ანალიზი გვიდასტურებს, რომ ქართველებს დამონებისა არაფერი ეტყობათ. ისმის კითხვაც: რაღა მაინცადამაინც დარიალის ციხე-სიმაგრეში გამოამწყვდიეს ქართველებმა სომეხთა უფლისწული? ეს გააკეთეს იმიტომ, რომ სომხებს დარიალზე ხელი არ მიუწვდებოდათ. აქედანაც ჩანს, რომ ჩრდილო კავკასიაზე სომხეთის გავლენის გავრცელება მხოლოდ სომეხთა ოცნებას წარმოადგენდა და რეალურ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ოსებს, შურისძიების ნიადაგზე, სომეხთა უფლისწულის მოკვლა ძალიან ნდომიათ, მაგრამ ქართველებმა ჩაშალეს ოსთა განზრახვა და ეს გაუკეთებიათ იბერიის სამეფოს ინტერესების დასაცავად, შესაბამისად. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილო კავკასიელები, კერძოდ, ოსები, საქართველოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, მოტანილ ამონაწერებში ლეონტი მროველი ქართველთა მოკავშირედ ოსებს რომ ასახელებს, შესაძლებელია, აქ ოსები კრებითი სახელწოდება იყოს. ოსები ახერხებდნენ ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი ტომის დაქვემდებარებას და ამ ტომთა შვილებიც იბრძოდნენ ოსებთან ერთად ქართველების მხარდამხარ. მალე სომხებმა მთელი ძალით შემოუტიესო იბერიას: “წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძენი მეფისანი, არტავაზ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქუეყანასა მათსა შელტოლვა ციხეთა და ქალაქთა, და მთეულეთთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. და აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქუეს შეწევნა ესრეთ: “უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ [გ]ებრძოდის, ჩუენ ორნივე მეფენი თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანადაგიდგეთ და გიშუელოთ; და უკეთუ კუალად ვისმე მიღმართ ჰბრძოდით, ათას-ათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით”. და ესეცა აღუთქუეს ქართველთა, ვითარმედ: “ქალაქსა ამას ჩუენსა დრამა (ფული _ ა. ა.) არტაშან [62] მეფისა ხატითა დავსცეთო”. ხოლო ამისთვის სომეხთა უკმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნეს მოყუარე სომეხნი და ქრთველნი და ოვსნი. და სამნივე ერთობით ბრძოდეს მტერთა. და აღესრულნეს არზოკ და არმაზაელი, ნუგეშინისცემულნი დიდად. რამეთუ სიმხნითა მათითა უკუმოიხუნეს (უკანვე დაიბრუნეს _ ა. ა.) საზღვარნი ქართლისანი”42.

ქართველებს რომ ფული სომეხთა მეფის, არტაშანის (არტაშესის) სახელით მოეჭრათ და, ამავე დროს, მისი გამოსახულებით, ამგვარი რამ ისტორიამ არ იცის. ეს იმას გავს, მოვსეს ხორენაცი თავისი ტენდენციური კონცეფციის შესატყვისად რომ ამბობს, ქართველებმა სომეხთა უფლისწული ვაჰაგნი ღმერთად გაიხადესო. ლეონტი მროველიც ამ შემთხვევაშიც უთუოდ სომხური წყაროთი იკვებება, სარგებლობს. ეს იქედანაც ჩანს, რომ ლეონტი ამდენს ლაპარაკობს სომხეთის ჯარების ლაშქრობებზე იბერიაში, სომეხ ხელისუფალთა გავლენაზე იბერიის სამეფოში, ხოლო არაფერს ამბობს იმაზე, რომ ქართველთა მეფის, ფარსმან I-ის ძმა მითრიდატე და შვილი რადამისტი (რადამი) ქრისტეს შობიდან I საუკუნეში სომხეთის მეფეები გახდნენ.

რაც შეეხება იმას, რომ სომხები, ქართველები და ოსები საერთო ძალისხმევით ებრძოდნენ მტერსო43, ეს ლეონტი მროველის იდეალია_ მისი დიდი სურვილია დამყარდეს კავკასიის ხალხების, კერძოდ, ქართველებისა და სომხების ერთობა, რათა ამით ძლიერი, ერთიანი იყოს მთელი კავკასია. ქრისტეს შობიდან III საუკუნის I ნახევარში სპარსეთში გაბატონდა სასანიანთა დინასტია. მათი თავკაცობით გაძლიერდა სპარსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების, კერძოდ, ამიერკავკასიის ხალხების მიმართ. ლეონტი მროველის სიტყვით, იბერიის მეფის, ასფაგურის დროს “მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი… ხოლო სომხეთს მეფე იქმნა კოსარო (ხოსრო _ ა. ა.). და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსავე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერღარა წინააღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა”. ამის გამო სპარსეთის მეფე, თითქოს, საგონებელში ჩავარდნილა. მას შემოუკრებია თავისი დიდებულები სათათბიროდ: “აღუთქმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს და უძიოს ღონე შურისგებისა. ხოლო კრებულსა მას შორის იყო წარჩინებული ერთი მთავარი, სახელით ანაკ… აღდგა იგი, წარმოდგა და თქუა: “ოტებულ არს სპა ჩუენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყუედილ არიან მხედარნი ჩუენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ გვიც წინააღმდგომად მათდა. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მშვიდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა დავამშვიდოთ კოსარო მეფე”… ამის შემდეგ “განმზადებულ იყო კოსარო მეფე კუალად შესლვად სპარსეთს”. სპარსელებმა შეძლეს ვერაგობით მოეწყოთ სომეხთა მეფის მკვლელობა და ამ გზით გადაურჩნენ დიდ საფრთხეს, რომელიც სომეხთაგან ელოდათო: “ვითარცა ესმა ამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო სიხარულითა” …44

 როდესაც სომეხთა მეფეს ასე უსაზღვროდ განადიდებს45 ლეონტი მროველი, აქაც ბიბლიას ემყარება? როგორც ზ. ალექსიძე და სხვა ქართველი მკვლევარებიც აღნიშნავენ, საქართველოსთან შედარებით სომხეთის უპირატესობის ქადაგებისას ლეონტი მროველი ბიბლიიდან ამოდის. როცა სომეხთა მეფე კოსარო (ხოსრო), გაძლიერებულ სპარსეთს, თითქოს, შიშის ზარს სცემდა, ამ შემთხვევაშიც ბიბლიაში ვეძებოთ ახსნა? სინამდვილეში სომეხთა განდიდებისას ლეონტი სომხურ წყაროებს, სომხურ ლეგენდებს ემყარებოდა. მოვსეს ხორენაცის თანახმად, ქრისტეს შობიდან III საუკუნის I ნახევარში “სომეხთა მეფე ხოსროვმა მტკიცედ გადაწყვიტა შურისძიება” სასანიანთა სპარსეთის შაჰინშაჰებზე. ხოსროვმაო “თავისი ჯარითა და კეთილმოსურნეების, აგრეთვე ჩრდილოელ [64] ტომთა შეწევნით სძლია არტაშირს (სასანიან მეფეს _ ა. ა.), აოტა იგი ინდოელთა ქვეყნამდე… ხოსროვის მიერ ინდოეთამდე ოტებულმა, ფრიად შევიწროებულმა არტაშირმა აღუთქვა ნახარარებს (ერისთავებს _ ა. ა.) უამრავი რამ, ოღონდ ეხსნა იგი ვინმეს ხოსროვისაგან, ან მოეწამლა, ანდა ფარულად, მახვილით დაეკლა [სომეხთა მეფე]. [არტაშირი] ნაირ-ნაირ წყალობას ჰპირდებოდა, [ვინც ამას გააკეთებდა]”. სომეხთა მეფისგან ვინც იხსნიდაო, სპარსეთის სასანიანი შაჰინშაჰი არტაშირი აღუთქვამდა მას “მეფურ პატივსა და დიდებას, არიელთა [ქვეყნის]46 ნახევარსა და ხელმწიფის შემდეგ ქვეყნის მეორე [კაცად] ქცევას. ამით მოხიბლულმა ანაკმა, სურენ პაჰლავთა გვარიშვილმა, იკისრა, რომ მოკლავდა ხოსროვს. მან მოიგონა, რომ არტაშირს განუდგა და ამიტომ უნდა გასცლოდა მას. [ხალხის] თვალის ასახვევად [ანაკს] დაედევნა სპარსთა ჯარი და თითქოს განდევნეს იგი… ხოსროვ დიდმა რომ შეიტყო ეს…. რაზმი გაგზავნა ანაკის მისაშველებლად. ისინი შეხვდნენ ანაკს და მეფის ბრძანებით მიიყვანეს“ სომხეთში. “სომხეთში ანაკის მოსვლიდან გავიდა ორი წელი და როცა მესამე დადგა, მოკლა მან ხოსროვი… იმავე დროს დაიღუპა ანაკიც” 47. ლეონტი მროველის მიხედვითაც, სომეხთა მეფე ხოსრო (კოსარო) ანაკს მოუკლავს ვერაგულად: “წარმოვიდა ანაკ და ძმა მისი დედა-წულითა მათითა რეცა (თითქოს _ ა. ა.) განდგომად სპარსთა მეფისაგან. და მოვიდა საზღვართა სომხითისათა… საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფეთასა. იხილა რა მეფემან კოსარო, დიდითა პატივითა შეიწყნარა, რამეთუ ყოვლითავე სიმარჯვითა მოსლვასა მისსა სარწმუნოდ აჩუენებდა48; და ხედვიდა მეფე, რამეთუ ყოვლითა სახლეულითა მისითა მისდა მოემართა. მაშინ მეფემან მისცა მას პატივი”… შემდგომში მოხდაო ისე, რომ “განვიდა მეფე ნადირობად, და გაჰყვეს თანა ანაკ და ძმა მისი, და იპყრნეს მახვილნი ლესულნი ფარულად საწვიმარსა ქუეშე სტეოედსა49; და პოვეს დრო და მოკლეს მეფე და ივლტოდეს. ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხი- თისათა, და მოუსწრეს ვიეთმე ხიდსა და რომელთამე მოუსწრეს [65] ფონსა, და იწყუდინეს იწროსა შინა; და ვერვინ წაუვიდეს, და მოკლნეს იგინიცა”50. აშკარაა, რომ სომხეთის ამბები ლეონტი მროველს ასე დაწვრილებით სომხური წყაროებიდან აქვს შეთვისებული. მათზე დამყარებით და არა ბიბლიის შემწეობით განადიდებს ლეონტი სომხებს.

ლეონტი მროველი გაზვიადებულად აღწერს სომეხთა მეფე ხოსროს (კოსაროს) ვაჟის, თრდატის თავგადასავალსაც: ხოსროს მოკვლის შემდეგო, სპარსეთის შაჰინშაჰი “მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა. ხოლო ერთი ძე კოსარო მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მუნ (იქ _ ა. ა.) იზარდებოდა, რომელსა ერქუა თრდატ”51. ამ თრდატს, რომელიც მოგვიანებით სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფე ხდება, ლეონტი არც “საბერძნეთში” (სინამდვილეში რომის იმპერიაში) ტოვებს ყურადღების გარეშე: “მეფე გუთთა სპითა ურიცხვითა შევიდა საბერძნეთს. ხოლო მეფე ბერძენთა (რომის იმპერატორი _ ა. ა.) შეკრბა სპითა დიდითა და წინააღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავის-თავ ბრძოლა (ორთაბრძოლა _ ა. ა.) კეისარსა. ხოლო კეისარსა ვერ ძალ-ედვა ბრძოლა მისი. ხოლო მაშინ მუნ იყო სპათა თანა ბერ- ძენთასა (რომის იმპერიის ჯართან _ ა. ა.) ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ… აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. მას ჟამსა შინა იყო იგი სპასა თანა ბერძენთასა, და იგი გამოარჩიეს ყოველთა სპათა ბერძენთა, და შემოსეს იგი შესამოსლითა და საჭურველითა კეისრისათა, და კეისრის სახედ (ვითომ თრდატი რომის იმპერატორიაო _ ა. ა.) გაუგზავნეს ბრძოლად გუთთა მეფესა. გამოვიდა მუნით (იქედან _ ა. ა.) გუთთა მეფე და მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად: სძლო თრდატ და ხელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თვისსა.”52 შემდგომში რომის იმპერატორს, თითქოს, წერილი გამოუგზავნია თრდატისთვის და თავისი საიმპერატორო ტახტის მოზიარედ გამოუცხადებია სომეხთა მეფე: “მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ: “თვითმპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანამოსაყდრესა ჩემსა თრდატს გიკითხავ. უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანა შემწეობა”…53 აშკარაა, ლეონტი მროველი ამჯერადაც სომხური წყაროების ტყვეობაშია.54 თრდატისა და ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დაპირისპირების აღწერისას ლეონტი იხსენიებს კიდეც თავის სომხურ წყაროს. მირიანს ლეონტი რატომღაც სპარსეთის მეფის ძედ, სპარსელად მიიჩნევს. მირიანმაო “ძალი მოირთო სპარსეთით და უწყო ბრძოლად თრდატს. ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალედვის წინააღდგომად, და გაამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქუეყანა მისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინააღუდგის თრდატ, და მოვლის მირიან სომხითი. და ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა, და არავინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ-მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქუეყანასა და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი ცხორებასა სომეხთასა”55. “სომეხთა ცხოვრებაში”, ძველ სომხურ მატიანეებში კი განდიდებულია სომხეთის, ხოლო დაკნინებულია საქართველოს წარსული. ლეონტი მროველის მიხედვით, როდესაც სპარსელებმა ვერაგულად მოკლეს სომეხთა მეფე ხოსრო და სპარსეთის მეფემ დაიპყრო სომხეთი, იგი თავისი ჯარით შემოესია იბერიის სამეფოსაც. ამის გამო “წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათამცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რა-ჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ. ამას ასფაგურს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი. მაშინ შეკრბეს ყოველნი ერისთავნი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა მაეჟან”, რათა ეთათბირათ, თუ როგორ გამკლავებოდნენ სპარსელებს. მაეჟანს უთქვამს: “უკეთუმცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, ჩუენმცა მესამედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინააღუდეგით მათ. და თუმცა დარჩომილ იყო მკვიდრი მეფისა ჩუენისა ანუ ნათესავი [67] მეფეთა ჩუენთა, რომელიმცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენითმცა თავნი ჩუენნი სიკუდილად… არამედ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი და დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი”56. სინამდვილეში, იბერიის სამეფო სომხეთს არ ეკიდა, მასზე დამოკიდებული არ ყოფილა.

მართალია, ზოგჯერ სომხები იპყრობდნენ იბერიის ერთ ნაწილს, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ქართველები ახერხებდნენ დაკარგული მხარეების დაბრუნებას, ხოლო ქრისტეს შობიდან I საუკუნეში სომხეთი იბერიის სამეფომ დაიქვემდებარა. ასე რომ, იბერია სომხეთს ეკიდაო, ეს სომხების მოგონილია, სომხური იდეოლოგიის მიერაა შეთხზული და იქედანაა გადმოტანილი ლეონტი მროველის “ცხოვრება ქართველთა მეფეთაში”. საუბრობს რა წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ, ლეონტი მროველი აღნიშნავს: საქართველოსკენ მომავალი წმინდა ნინო “მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხვია ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქვიან ფარავნა… და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა. და მწყემსნიცა იყვნეს მასვე ადგილსა… ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი (მოსაუბრე _ ა. ა.) და ჰკითხა მას, ვითარმედ: “რომლისა სოფლისანი (სოფელი აქ მხარეს ნიშნავს _ ა. ა.) ხართ?” ხოლო მან მიუგო და რქუა, ვითარმედ: “დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი2 დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ” 3. რაკი იბერიის სამეფოს გაქრისტიანებამდეც ჰყოლია ასეთი ღირსშესანიშნავი ღმერთები და მეფეები, ესეც იმის მოწმობაა, რომ იბერია სომხეთს არ ეკიდა, მასზე დამოკიდებული არ იყო. ამ მხრივ, ლეონტი მროველი წინააღმდეგობაში ვარდება. ის საუბრობს იბერიის დიდ წარსულზეც, მაგრამ სომხური წყაროების გავლენით ამ წარსულს ხშირად აკნინებს კიდეც. ლეონტი მროველის მოტანილ ცნობაზე დაყრდნობით ცნობილი სომეხი ისტორიკოსი ლეო (მისი ნამდვილი სახელი და გვარია_ არაქელ ბაბახანიანი) აღნიშნავს: “სომხური ენისა და კულტურის უპირატესობა ჯავახქში (ჯავახეთში _ ა. ა.) შესამჩნევია ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში. ამის დამადასტურებელ საბუთს ჩვენ ისევ და ისევ ქართულ გადმოცემებში ვპოულობთ. ასე მაგალითად, წმ. ნუნემ (წმინდა ნინომ _ ა. ა.), მიემგზავრებოდა რა სომხეთიდან საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად, გზად გაიარა ჯავახქი, სადაც, როგორც ჩანს, შირაკიდან გადავიდა (შირაკი ანისის გარემომცველი მხარეა _ ა. ა.). აქ, თაფარავანის ტბის მახლობლად იგი შეხვდა ქართველ მწყემსებს, რომლებიც მცხეთიდან და მისი სანახებიდან ამოსულიყვნენ. ამ მწყემსებისგან გაიგო წმ. ნუნემ, თუ რომელ მხარეს მდებარეობდა მცხეთა. მისი საუბარი მწყემსებთან, გადმოცემის თანახმად, სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. ამ ცნობიდან გამომდინარეობს, რომ სომხური ენა ჯავახქში იმდენად გავრცელებული, გამოყენებული ყოფილა IV საუკუნეში, რომ მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მწყემსებიც იძულებულნი გამხდარან ესწავლათ ეს ენა, რათა შეძლებოდათ ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასთან”,57 ე.ი. სომხებთანო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ წმინდა ნინო თუ მართლა სომხეთიდან შემოვიდა საქართველოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სომეხი იყო ან სომხებმა გამოგზავნეს საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ლეონტი მროველის თხრობიდანაც ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნისაკენ მომავალ წმინდა ნინოს სომხეთი მხოლოდ და მხოლოდ გზად გამოუვლია. რაც შეეხება ჯავახეთის სომხურობას ძველ ხანებში, ეს ლეოს და ძმათა მისთა მოგონილია. შესაძლოა, ქრისტეს შობამდე II_I საუკუნეებში სომხებმა მართლაც დაიპყრეს ჯავახეთის ნაწილი,  [69] მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ქრისტეს შობიდან I_II ასწლეულებში, როდესაც იბერიის სამეფო ფარსმან I-ისა და ფარსმან II ქველის მოღვაწეობის შედეგად გაძლიერებულია, ჯავახეთი უეჭველად იბერიის სახელმწიფოს შემადგენლობაშია.

აღსანიშნავია, რომ V საუკუნის სომეხი მემატიანის, ფავსტოს ბუზანდის ცნობებით, სომხებსა და ქართველებს შორის ცხარე ბრძოლები გამართულა ქვემო ქართლისთვის IV ასწლეულში. იბერიამ შეძლო კიდეც ქვემო ქართლის დაბრუნება იმ ხანებში. როგორც ჩანს, ჯავახეთიც იბერიის შემადგენლობაშია იმ დროს, თორემ რაკი სომხები პრეტენზიას აცხადებდნენ ამ ძირძველ ქართულ მხარეზეც და ქართველებიც ცოცხალი თავით არ თმობდნენ თავიანთ მიწა-წყალს, კერძოდ, ჯავახეთს, მოსალოდნელი იყო ქვემო ქართლთან ერთად ქართველ-სომეხთა შორის ბრძოლები ჯავახეთისთვისაც გაიმართებოდა, რაც უთუოდ აისახებოდა ძალზე მდიდარ ძველ სომხურ საისტორიო მწერლობაში. თუ ნახევარ ჯავახეთს ქრისტეს შობამდე II_I საუკუნეებში მართლა დაეტყო სომხური ელფერი, გავითვალისწინებთ რა ძველი იბერიელების ბრძოლისუნარიანობას, მათ შემართებას ქართული მიწა-წყლის დასაცავად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს შობიდან I_II ასწლეულებში ჯავახეთმა სავსებით აღიდგინა ქართული, მშობლიური იერსახე.

ლეო ჯავახეთს სომხურ მხარედ რომ აცხადებს (სომეხი პოლიტიკოსები, ისტორიკოსები თუ პუბლიცისტები დღემდეც ამ აზრზე მტკიცედ დგანან), ამ მიზნით იშველიებს VII საუკუნის სომხურ “გეოგრაფიასაც”. ამ თხზულებაში კი სრულიად მკაფიოდ, გარკვევით წერია, რომ სომხეთის შემადგენლობაში მოექცა მხოლოდ და მხოლოდ ზემო ჯავახეთი.58

მაშასადამე, სომხეთს ერთხანს, დროებით შეიძლებოდა დაეპყრო მხოლოდ ჯავახეთის ნაწილი და არა მთელი ჯავახეთი. ასე ამახინჯებენ, აყალბებენ ლეო და ძმანი მისნი, თავიანთი წინასწარ შემუშავებული შეხედულებისათვის მოსარგებად, სომხური წყაროებისვე მონაცემებს, რომლებიც ისედაც ტენდენციურად ასახავენ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს. მოვსეს ხორენაცის ცნობით, “შარას ნაშიერს, გუშარს ერგო მთინის მთა, ანუ კანგარქი, ნახევარი ჯავახეთი59”… ამ ცნობის მიხედვითაც, სომხეთის შემადგენლობაში დროებით მოქცეულა მხოლოდ ნახევარი და არა მთელი ჯავახეთი61. ამასთანავე ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ ხორენაცის “სომხეთის ისტორიაში” გუშარის სახელს სომეხთა მამამთავრის, ჰაიკის (ლეონტი მროველი მას ჰაოსს უწოდებს) უშუალო შთამომავალთა შორის ვერ ვხვდებით. როგორც ეტყობა, გუშარის დაკავშირება სომეხთა მითიურ წინაპარ ჰაიკთან გვიან უნდა მომხდარიყო, რათა ამით “დაესაბუთებინათ” სომხეთის ხელისუფალთა მისწრაფებები, მეზობლების ხარჯზე მათი სამფლობელოს გაფართოებისაკენ რომ იყო მიმართული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გუშარი გოგარენე-გუგარქის (ქვემო ქართლის, თუ მისი ერთი ნაწილის) ქართული მხარის ეპონიმი, სახელწოდების მიმნიჭებელი უნდა იყოს.62 ზემოთ უკვე მოტანილი ლეონტი მროველის ცნობით, მეფე ფარნავაზი წელიწადის ერთ ნაწილს ატარებდა მცხეთაში, მეორეს გაჩიანში (ქვემო ქართლში), ხოლო მესამეს – წუნდაში (ჯავახეთში).

ამ ცნობაში ხაზგასმულია ძველი ქართლის (იბერიის) სამეფოს სამი ცენტრის უდიდესი მნიშვნელობა, “საიდანაც მოსახერხებელი იყო შიდა, ქვემო და ზემო ქართლის ადგილზე მართვა-განგება63.” ჯავახეთი ზემო ქართლის ნაწილი იყო და ამდენად ქართული სამყაროს სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. ამის დასტურია ისიც, რომ ჯავახეთი მოქცეული იყო როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ჯავახეთის ტოპონიმიაშიც შეინიშნება ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ნაკვალევი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმითაც, რომ ჯავახეთის ტოპონიმების ნაწილს საფუძვლად დაედო ფუძე-ქართული ენის ლექსიკა, ე.ი. იმდროინდელი სიტყვები, სანამ ფუძე-ქართული ენა სამად დაიშლებოდა_სვანურ, მეგრულ-ლაზურ (ჭანურ) და ქართულ ენებად.

ჯავახეთის ტოპონიმების უდიდესი ნაწილი, საერთოდ, ქარ- თულია. ფრიად მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ჯავახეთის ტოპონიმ ხერთვისში ქართული ენის უძველესი, ე.წ. ხანმეტი ფორმაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ჯავახეთში არ შემოგვრჩენია [71] უძველესი სომხური წარწერები, ასეთი აქ მხოლოდ ქართულია.64 რაც შეეხება ფარავნის ტბასთან, ჯავახეთში წმ. ნინოს სომხურად დალაპარაკებას იბერიელ მწყემსებთან, ეს სომხურ ლეგენდას წარმოადგენს_ლეონტი მროველი ხომ ხშირად საზრდოობდა სომხური თქმულებებით. სომხურ გადმოცემებში, საუკუნეთა განმავლობაში, წმ. ნინოს სახელი უფრო და უფრო მჭიდროდ დაუკავშირეს სომხეთს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ XII_XIII ასწლეულების სომხურ ნატყუარ თხზულებაში, ე.წ. “ხელშეკრულების წიგნში” წმ. ნინო (ნუნე) პირველ რიგში სომეხთა, ხოლო შემდეგ ქართველთა “მოძღვრადაა” დასახელებული. მასში ნათქვამია, რომ ქართველები “ჩვენს (სომხების _ ა. ა.) ნუნეს დაემოწაფნენ”-ო; აგრეთვე “ჩვენი (სომხების _ ა. ა.) და ქართველთა მოძღვარი” ეწოდება წმ. ნინოს ამ სომხურ თხზულებაში.65 საყურადღებოა, რომ ეს “ხელშეკრულების წიგნი”, თითქოს, IV საუკუნეში გაჩენილა და წარმოადგენდაო შეთანხმებას, ერთი მხრივ, რომის იმპერიის პირველ ქრისტიან იმპერატორ კონსტანტინესა და რომის პაპს, სილვესტრს, ხოლო, მეორე მხრივ, სომხეთის მეფე თრდატსა და გრიგოლ სომეხთა განმანათლებელს შორის, სამყაროს “გავლენის სფეროებად” დანაწილების შესახებ. რომაელებს დასავლეთი, ვითომც, თავისთვის დაუტოვებიათ, ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, სომეხთა საერო თუ სასულიერო ხელისუფალთათვის გადაუციათ. ამგვარ სომხურ ლეგენდებს დასწაფებია რატომღაც ლეონტი მროველიც. აღსანიშნავია, რომ X საუკუნის სომეხი მემატიანე, უხტანესი VI_VII ასწლეულთა ქართველი კათოლიკოსის, კირიონის შესახებ გვაუწყებს: “ის (კირიონი _ ა. ა.) იყო ქვეყნით და ნათესავით ქართველთაგან, ჯავახეთის გავარიდან (მხარიდან _ ა. ა.); სოფლიდან, რომელსაც სკუტრი ეწოდება”…66 კირიონის წარმოშობა ასე დაწვრილებით იმიტომ აინტერესებს სომეხ მემატიანეს, რომ სწორედ კირიონის კათოლიკოსობის ჟამს მოხდა განხეთქილება ქართულ-სომხურ ეკლესიებს შორის, რაც სომხურმა ეკლესიამ სომხეთისათვის [72] დიდ უბედურებად მიიჩნია, რამეთუ, სომეხთა შეხედულებით, ქართული ეკლესია სომხურს უნდა დაქვემდებარებოდა. როგორც ვხედავთ, უხტანესიც ჯავახეთს ქართველთა ქვეყნის ნაწილად აცხადებს და არა სომხეთისად. კირიონის ჯავახეთიდან წარმოშობა ყურადღებას იპყრობს სხვა მხრივაც: კირიონსა და სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის თაობაზეც, სადაც ქართველებთან ერთად, გარკვეული მიზეზების გამო, [67] სომხებიც ცხოვრობდნენ. გასაგებია, კირიონს სურდა, რომ ეს სომხები ქართული ეკლესიის სამწყსოს ნაწილი გამხდარიყვნენ, რამეთუ ძირძველ ქართულ მიწაწყალს ქართული იერ-სახე უნდა ჰქონოდა და არა სომხური. სომეხთაგან მიტაცებულ ქართულ მხარეებს ქართველები როდესაც უკანვე იბრუნებდნენ, ბუნებრივია, ცდილობდნენ მათი ქართული ელფერის სრულად აღდგენას, ვერ ითმენდნენ ქართულ სახელმწიფოში დაბრუნებული უძველესი მხარის გაუცხოებას. აშკარაა, რომ ამგვარი პრობლემა არ მდგარა ჯავახეთის წინაშე, იქ სომხები ან სულ არ ცხოვრობდნენ, ან ძალზე მცირე რაოდენობით, თორემ ჯავახი კირიონი ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის გარდა, ჯავახეთის გამოც დაუპირისპირდებოდა სომხური ეკლესიის თავკაცებს.

თუ ჯავახეთში სომხები კომპაქტურად, დიდი ოდენობით ბინადრობდნენ, კირიონი შეეცდებოდა, ისინიც ქართული ეკლესიის მრევლის ნაწილი გამხდარიყვნენ, რაზეც სომხური ეკლესია ისეთივე მწვავე რეაგირებას მოახდენდა, როგორც ეს ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის შემთხვევაში დასტურდება.68

 უხტანესი ჯავახეთს ქართულ მხარედ რომ მიიჩნევს, ცხადია, მას ამის გამო ქართველების მიმართ მიკერძოებულად ვერავინ ჩათვლის, რადგან ისიც, სხვა სომეხ მემატიანეთა მსგავსად, განადიდებს სომხეთის წარსულს და მას უპირატესობას ანიჭებს საქართველოსთან შედარებითაც. მისი თხზულების მხოლოდ სათაურიც კი – “ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან” – ამის დასტურია. უხტანესის მიხედვით, სომხეთი უძლიერესი სახელმწიფო ყოფილა ადამჟამობიდანვე, ლამის იქედანვე, როცა ღმერთმა ქვეყნიერება შექმნა. ამ მემატიანის სიტყვით, ლეგენდარულმა არამმა, [73] თითქოს, სომეხთა ერთ-ერთმა მამამთავარმა, მითიურმა წინაპარმა “თავისი სიმამაცით განავრცო სომხეთის საზღვრები იმდენად, რომ ყოველი ერი სომხეთს დიდს ეძახდა.69” აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში არამი სემის ვაჟადაა წარმოდგენილი და მისი გამოცხადება სომეხთა ერთ-ერთ მამამთავრად, წინაპრად, ბიბლიური და სომხური ტრადიციის შერწყმის შედეგია. ამასთანავე, სომხეთის გაძლიერება ხდება ქრისტეს შობამდე II საუკუნიდან და არა ადამ და ევადან. ლეონტი მროველიც ამგვარი სომხური ლეგენდების ტყვეობაშია და ბიბლიური და სომხური ტრადიციების შერწყმის შედეგებსაც გვთავაზობს “ცხოვრება ქართველთა მეფეთაში”. ლეონტი მროველის არმენოფილურ კონცეფციას ქართველები არ იზიარებდნენ. მართალია, “ქართლის ცხოვრება” საქართველოში წმინდა, პატიოსან წიგნად მიაჩნდათ, მაგრამ მასში მოთავსებული “ცხოვრება ქართველთა მეფეთას”, ამ კრებულის პირველი მატიანის მიმართ მაინც კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენდნენ. გვიანდელ ხანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ მხრივ ფრიად საყურადღებოა XII საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მწერლის, არსენ ბერის პოზიცია. არსენი ეკამათება ლეონტი მროველს იმ განცხადების გამო, თითქოს, ნაბუქოდონოსორის ხანამდე “ქართლოსიანთა ენა სომხური იყო” და სხვა საკითხებზეც. არსენ ბერს თავისი “ცხოვრებაი ნინოისი”-სათვის დაურთავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ქართლის მოკლე მატიანე.” პავლე ინგოროყვას სიტყვით, ეს დანართი წარმოადგენს “მოკლე მატიანისებურ მიმოხილვას საქართველოს ისტორიისას”. მკვლევარი მას “არსენი მეტაფრასტის მატიანეს” უწოდებს.70 არსენ ბერს მიზნად დაუსახავს ქართველთა წარმომავლობის გარკვევაც: “უწყებაი ჯერ-არს ამისიცა, საყუარელნო, ვითარმედ ესე მეფე მირიან,71 ანუ სხუანი მეფენი ქართველთანი, რომლისა ტომისაგან იყვნეს, ანუ ჩუენ ქართველნი რომელთა ნათესავთა (მოდგმის – ა. ა.) შვილნი ვართ.” შემდეგ არსენი გადმოგვცემს ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის ამბავს (სადღეისოდ მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ ალექსანდრე მაკედონელი პირადად იბერიაში არ ყოფილა, მაგრამ, შესაძლოა, მისმა რომელიმე სარდალმა ილაშქრა საქართველოში), იხსენიებს ალექსანდრეს თანმხლებ აზოს, რომელიც ყოფილა “ძე არიან ქართველთა მეფისა”.

თუ სად მდებარეობდა არიან ქართველთა ქვეყანა, მხარე, არიან-ქართლი, ამის თაობაზე მეცნიერებაში მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ამჟამად უფრო მიღებულია აზრი, რომ არიან-ქართლი72 ეწოდებოდა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, რომელიც მოიცავდა ტაო-კლარჯეთს, სპერს, ბასიანს და სხვა უძველეს ქართულ მხარეებს.

არსენ ბერის მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელს აზოსთვის გადაუცია “ქუეყანაი ესე ჩუენი სამეუფოდ და სამკვიდრებელად”. არსენი განაგრძობს: “ხოლო ესე აზოვე წარვიდა არიან ქართლად მამისა თვისისა და წარმოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბიოი და მოქალაქე დედებით, ყრმებითურთ მათით და კუალად ათი სახლი მთავართაგან პალატისათა დედებით და ყრმებითურთ მათით: და მათ თანა ჰყვეს კერპნი ღმრთად. და ესე აზოვე არს პირველი მეფე ქართველთაი.73 და ამისთა შვილის-შვილთაგან ოცდამერვე მეფე იყო მირიან… ჩუენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან ქართლით გამოსრულთანი და ენა მათი უწყით. და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან.74”

აშკარაა, რომ არსენ ბერის თხზულებიდან მოტანილ ამონარიდებში გამოყენებულია “მოქცევაი ქართლისაის” ქრონიკა, მაგრამ არსენს აქვს საკუთარი პოზიციაც ქართველთა და მათი ვინაობის, ასევე სხვა საკითხების შესახებაც. “მოქცევაი ქართლისაიში” ქართველთა ენაზე არაფერია ნათქვამი. ამის თაობაზე არსენამდე მხოლოდ ლეონტი მროველის “ცხოვრება ქართველთა მეფეთაში” არის წარმოდგენილი არმენოფილური შეხედულება და არსენის თვალსაზრისი სწორედ მას უპირისპირდება. მეორეგან არსენი სახელდებითაც აკრიტიკებს “ცხოვრება ქართველთა მეფეთას”, იხსენიებს რა მას “ჰანბავი მეფეთას” სახელწოდებით, ისევე, როგორც “მოქცევაი ქართლისაის,” აღარ სჯერდება მათ არაპირდაპირ კრიტიკას: “წმიდანო მამანო [75] ძმანო, ესე ნეტარისა ნინოის “ცხორებაი” შეუწყობელად და განბნეულად “ქართლისა მოქცევასა” თანა და “ჰანბავსა მეფეთასა” თანა აღრეულად სწერია, ვითარცა თქუენ უწყით… წინ უკუანა და უკუანა წარ, იგივე და ერთი პირი. და ამისთვის საეკლესიოდ მკითხველთათვის ფრიად საწყინო იყო და მსმენელთათვის უხმარ და ვერ საცნაურ.75” სიმონ ჯანაშიას თანახმად, არსენ ბერი ფრიად საინტერესო, საყურადღებო მწერალია; “თავისი წმინდა ლიტერატურული ამოცანა ფსევდო-არსენიმ (ს. ჯანაშია ასე იხსენიებს “ცხოვრებაი ნინოისის” ავტორს – ა. ა.) ჩინებულად გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენთვის იგი კიდევ უფრო საინტერესოა, როგორც პუბლიცისტი. იგი საპატიო ადგილს დაიჭერს ძველი პერიოდის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში თავისი გამოკვეთილი მსოფლმხედველობით. რადგანაც ფსევდო-არსენის მისთვის საინტერესო საკითხების გარშემო უკვე გარკვეული, საწინააღმდეგო შეხედულებები დახვდა მწერლობაში, ამიტომ მან საკუთარი კონცეფციის გამოთქმას პოლემიკური ფორმა მისცა. ვფიქრობთ, რომ როცა ფსევდო-არსენი სხვა ავტორებს, კერძოდ – ლეონტი მროველს ამბისა და თხრობის “შეუწყობლობას”, “განბნეულობას”, “აღრეულობას” უკიჟინებს, იგი მარტო ლიტერატურულ მხარეს კი არ გულისხმობს, არამედ არსებითად ეკამათება თავის მოწინააღმდეგეებს.” ქართველთა, მათი ენისა და მეფეების წარმომავლობის საკითხების არსენ ბერისეული გააზრების შედეგად, “ძირეულად უარყოფილ იქნა ლეონტისეული კონსტრუქცია დინასტიათა ცვლის შესახებ ქართლში და… ბაგრატიონების სამეფო პრეროგატივების გენეზისიც თვით ქართლის სამეფოს დასაწყისს დაუკავშირდა ფარულად. რამდენადაც კატეგორიულად, ამდენადვე სამართლიანად უკუაგდო ფსევდო-არსენიმ ლეონტის უსუსური დებულებაც ქართული ენის წარმოშობის შესახებ. ჩვენ “ენა მათი (ე. ი. არიან-ქართველების) უწყით”, ძველსა და ახალ სამშობლოში76 ხალხი ერთსა და იმავე ენაზე მეტყველებდაო, ასეთი იყო ახალი დებულება”77…

ზემოთ უკვე ითქვა, რომ სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში კლარჯეთიც სომხურ მხარედ ცხადდება. ასეთადაა ის მიჩნეული, კერძოდ, “სომხურ საბჭოთა ენციკლობედიაშიც”. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლარჯეთში უძველესი დროიდან შეიმჩნევა მეგრულ-ლაზური კვალიც.78 კლარჯეთის ცენტრის არტანუჯის (ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, არტანუჯი ვახტანგ გორგასლის დროსაა აგებული) სახელწოდებაც, როგორც მიღებულია მეცნიერებაში, წარმომდგარია “არტაანიშ ყუჯი”- საგან, რაც არტაანის ყურეს ნიშნავს. მეგრულ-ლაზური ყუჯი ყურს ქვია. ლაზური წარმოშობისაა ოშკის სახელიც (ა. შანიძე).

სომხური, VII საუკუნის “გეოგრაფიის” მიხედვით, კლარჯეთს ეკვრის ან შეიძლება სულაც კლარჯეთის ნაწილია ეგრის ოლქი.79 ეს ეგრ ძირი გვაქვს დაცული სიტყვებში – ეგრისი და მეგრელი. ეგრის ოლქის მკვიდრი მოსახლეობა, ცხადია, მეგრულ-ლაზურ ტომს წარმოადგენდა. ეგერელთა მხარეებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მახლობლად იხსენიებს მოვსეს ხორენაციც.80 თვით არმენოფილ ლეონტი მროველსაც ეჭვი არ ეპარება, რომ კლარჯეთი ქართული მხარე იყო და არა სომხური. სომხურ “გეოგრაფიაში” იხსენიება “შავშეთ”, ქართული  –ეთ დაბოლოებით, მაგრამ იქვე ნათქვამია, რომ ეს მხარე ქართველებმა წაართვეს სომხებს სხვა ოლქებთან ერთად.81 ეტყობა, “გეოგრაფიის” ავტორმა არ იცოდა, რომ –ეთ დაბოლოება წმინდა ქართულია, თორემ შავშეთს სახელს შეუცვლიდა, შავშქ-ს დაარქმევდა.82 აი, ასეთი ტენდენციური სომხური წყაროების საფუძველზე აცხადებენ თანამედროვე სომეხი მეცნიერები ძირძველ ქართულ მხარეებს სომხურად, კერძოდ, ქვემო ქართლსაც კი, რომელიც ეკვროდა ქართველთა დედაქალაქებს, მცხეთას და თბილისს. ეს ხდება იმ მიზნით, რომ სომხებმა მომავალშიც შეძლონ ქართული მიწა-წყლის მიტაცება. მათ მოახერხეს 1921 წელს, რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის დახმარებით, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის, ლორე-ტაშირის მისაკუთრება და ამჟამად ჯავახეთის საქართველოსგან მოგლეჯასაც გეგმავენ. არადა, ლორე-ტაშირის შესანარჩუნებლად, გადასარჩენად ქართველებს საუკუნეთა განმავლობაში ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი. 

 

 უკან      გაგრძელება

——————————— 

1 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 94-95.
2 მოვსეს ხორენაცი, გვ.240.
3 იქვე, გვ. 101.
4 ეს თხზულება სამეცნიერო ლიტერატურაში სომხური,”აშხარჰაცუიცის” სახელწოდებითაც
გვხვდება.
5 დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987, გვ.38. დ. ბაქრაძის ეს ნაშრომი თავდაპირველად რუსულ ენაზე გამოქვეყნდა 1878 წელს პეტერბურგში.
6 გ. ლასხიშვილი, მემუარები, თბ., 1992, გვ.34-39. 
7 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, გვ.185.
8 მოვსეს ხორენაცი, გვ. 123-130.
9 ჰ. გ. მელქონიანი, სომხურ-ასურული ურთიერთობების ისტორიიდან (III-V საუკუნეები), ერევანი, 1970, გვ. 158-166 (სომხურ ენაზე); ხორენაცის “ისტორიის” ინგლისური თარგმანი, 1979 წ., გვ. 13.
10 “უკამა” შავს ნიშნავს და აბგარის მეტსახელია. ის ედესის მეფე იყო ქრისტეს შობამდე 4 _ ქრისტეს შობიდან 7 და 14_50 წლებში.
11 ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955, გვ. 3-4.
12 სინამდვილეში, ფაქტია, რომ ქართველები და სომხები სხვადასხვა წარმოშობის ხალხებია, მათი ენებიც ენათა სხვადასხვა ოჯახებს მიეკუთვნებიან.
13 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ.4.
14 ლეონტის თანახმად, ეს ამბავი მომხდარა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ხელმწიფობამდე (ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეები) ბევრად უფრო ადრე.
15 ნაგულისხმევია მცხეთის სანახები.
16 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 14-16.
17 ქართველთა დედა-ენა აღნიშნულ დრომდე სომხური იყოო.
18 ქართლის ცხოვრება ტ. I, გვ. 16.
19 როგორც ჩანს, ამ გაზეთის რედაქტორი და თანამშრომლებიც ქართველი პატრიოტები იყვნენ და არა ნამდვილი, მამალი კომუნისტები.
20 სომხებს ძალიანაც მოსწონთ ლეონტი მროველის არმენოფილობა და თავიანთ სასარგებლოდაც იყენებენ.
21 როგორ? სომხებმა მოისყიდეს ლეონტი მროველი?
22 ლ. სანიკიძე, ტაციტუსი ქართული უმაღლესი განათლების შესახებ, “ცისკარი”. 1972, #2, გვ. 133. 23 მიმართავს ს. ყაუხჩიშვილი ლ. სანიკიძეს.
23 ს. ყაუხჩიშვილი, ღია წერილი პროფესორ ლევან სანიკიძეს, გაზეთი “ქუთაისი,” 1972 წ., 12 აპრილი.
24 იხ. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1998 წ., 11 იანვარი.
25  “ქართლის ცხოვრების” პირველი მატიანის არმენოფილობის თაობაზე, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 1998 წ., 18 მარტი.
 26 მ. ჩამჩიანი, სომხეთის ისტორია, ტ.I, ვენეცია, 1784, გვ.153-157, 164 (სომხ. ენაზე) ა. აბდალაძე, “ქართლის ცხოვრება”და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, თბ., 1982, გვ. 144-146.
27 სხვათა შორის, ეს ნაშრომი წაკითხულია მოხსენებად გელათის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე 26. IX . 97წ
28 აღსანიშნავია, რომ ძველ სომხურ ორიგინალურ მწერლობაში საისტორიო მწერლობას წამყვანი ადგილი უჭირავს.
29 თუ სომხებს ჭირსა შიგან გამაგრების ასეთი უნარი ჰქონდათ და უპირველეს ყოვლისა მათთვის სამშობლო, სომხეთი არსებობდა, რომლის სასიცოცხლო ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ, მაშინ XI საუკუნიდან სომხეთს არ მიატოვებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში არ გაიფანტებოდნენ.
31 იქვე, გვ. 4-5, 8.
32 იქვე, გვ. 25.
33 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 26.
34 იქვე, გვ. 29-30. 
35 ლეონტის მიხედვით იბერიაში ორმეფობის დროს სამეფო ტახტები ერთმანეთის გვერდი-გვერდ დაუდგამთ, ერთი მცხეთაში, მეორე არმაზში.
36 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 35. 43-44. 
37 იქვე, გვ.44.
38 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 45-48. 
39 ქართლის ცხოვრება, I, გვ 48.
40 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 48-49.
41 ეს გამოწვეულია იმით, რომ ის სომხურ წყაროებს ემყარება.
42 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 49_50. 
43 დროის რომელიღაც მონაკვეთში.
44 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 59_62. 
45 სასანიანი მეფეები, კერძოდ, თავიანთი მმართველობის პირველ ეტაპზე, ძალზე ძლიერი ხელისუფალნი იყვნენ და სომხეთს სად შეეძლო სპარსეთის დაპყრობაზე ეფიქრა.
46 იგულისხმება სპარსეთი. 
47 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, თბ., 1984, გვ. 158_160. 
48 მოყვრულად მოსული მტერი იყოო, აღნიშნავენ ხორენაციც და ლეონტიც.
49 სტეოედი სტევით ნაქსოვს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, სტევი აქლემის მატყლს ერქვა.
50 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 61.
51 იქვე, გვ. 62. 
52 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 68.
53 იქვე, გვ. 82.
54 იხ. მაგ., მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 162-164, 166-170, 178- 179.
55 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 64, 69.
56 ლეო, სასაზღვრო დავა_ლორე, ახალქალაქი, ყარაბაღი, თბ., 1919წ. (სომხურ ენაზე). როგორც ამ წიგნის სათაურიდანაც ჩანს, სომხური წრეები ლორე-ტაშირის, ყოფილი ახალქალაქის მაზრის, ე.ი. ჯავახეთის და ყარაბაღის პრობლემებს სომხეთისთვის ერთ სიბრტყეზე აყენებენ. სომხებმა უკვე დაისაკუთრეს ლორეტაშირი და ყარაბაღი; ამჟამად ჯავახეთსაც უმიზნებენ.
58 იხ. ანანია შირაკაცი, თხზულებები, ერევანი, 1979, გვ. 297, სომხურ ენაზე. 
59 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 106.
61იხ. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი _ თორი, ჯავახეთი, თბ., 1985, გვ. 78, 126.
62 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, თბ., 1950, გვ. 24-25.
63 დ. ბერძენიშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 76.
 64 დ. ბერძენიშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 126. 
65 ხელშეკრულების წიგნი, კ.ვ. შაჰნაზარიანცის გამოცემა, პარიზი, 1862, გვ. 21, 25, სომხურ ენაზე. უძველეს დროშივე დამკვიდრებული ტრადიციით, წმ. ნინო კაპადოკიელი იყო.
66 უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 1975, გვ. 21.
67 სომხები დროებით ქართულ მხარეებს რომ იპყრობდნენ, მათი გასომხურების მიზნით იქ სომხური მოსახლეობაც ჩნდებოდა. 
68 ეს სიმწვავე კარგად ჩანს “ეპისტოლეთა წიგნში” (ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 1968) და უხტანესის დასახელებულ თხზულებაში.
69 უხტანეს ეპისკოპოსი, სომხეთის ისტორია, ვაღარშაპატი, 1871, გვ. 29, სომხურ ენაზე. 
70 პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. IV, თბ., 1978, გვ. 527-528. 
71 იგულისხმება იბერიის პირველი ქრისტიანი მეფე, რომელსაც ლეონტი მროველი სპარსელად მიიჩნევს.
და  საყურადღებოა, რომ არიან-ქართლში ქართული სახელმწიფო არსებობდა ქართული ტრადიციის მიხედვით. 
73 სინამდვილეში, ქართველებს მეფეები ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაზე გაცილებით ადრე ჰყავდათ ძველი კოლხეთისა და დიაოხის სახელმწიფოებში. 
74 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. III, ილია აბულაძის რედაქციით, თბ., 1971, გვ. 46-47.
75 იქვე, გვ. 51. 
76 სინამდვილეში, არიან ქართლიც და დანარჩენი ქართლიც (იბერია) ქართველთა ძველი სამშობლოა; არიან ქართლის ცნების ახლანდელი გაგება ამას მოწმობს. 
77 ს. ჯანაშია, შრომები, ტ. VI, თბ., 1988, გვ. 99-100.
78 იხ. ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში, გვ. 266-267. 
79 ანანია შირაკაცი, თხზულებანი, ერევანი, 1979, გვ. 298, სომხურ ენაზე. 
80 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 103. 
81 ანანია შირაკაცი, თხზულებანი, გვ. 289, 290, 297. 
82 თანამედროვე სომეხი მეცნიერები (მაგ., პ. მურადიანი) შავშეთს შავშქს უწოდებენ, ისინი ტენდენციურობაში ძველ სომხურ მატიანეებსაც კი აჭარბებენ – იხ. მარი და არმენოლოგიის საკითხები, ერევანი, 1968, გვ. 65, სომხურ ენაზე.

 

დატოვე კომენტარი