Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ია მუხრანელი – 200 წლოვანი პატიმრობა

 

ია ბაგრატიონ-მუხრანელი

200 წლოვანი პატიმრობა

 

1793 წ. პავლე პოტიომკინის მიერ გაჭრილი იყო კავკასიონი – საქართველოს ბუნებრივი კედელი, გაყვანილი იყო სამხედრო გზა.

1784 წ. იგი ინიშნება კავკასიის გენერალ-გუბერნატორად და წარმატებით იყენებს იმპერიის ჩვეულ ხერხს: “გათიშე და იბატონე!” შემოჰყავს რუსეთის ჯარი კავკასიაში, ამკვიდრებს შუღლს, შიშს, უნდობლობას, რუსეთი შორიდან უყურებს 1795 წ. თბილისის დარბევას.

1800 წლის 15 ნოემბერს იმპერატორი პავლე კავკასიის სამხედრო ხაზის უფროსს – გენერალ კნონინგს სწერდა: “ქართლ-კახეთის მეფის ჯანმრთელობის შესუსტება საბაბს გვაძლევს ველოდოთ მის მალე გარდაცვალებას. დაუყონებლივ გაგზავნე იქ ჩემი სახელით განცხადება, რომ უმაღლესი ბრძანების მიღებამდე არ დაუშვან მემკვიდრის გამეფება” (ფ. II, ფურც. 462). ქართლ-კახეთის სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო!

1800 წლის 28 დეკემბერს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მეფე გიორგი, გენერალ-მაიორმა ლაზარევმა გამოაცხადა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I ნება, რომ უმაღლესი ბრძანების გამოსვლამდე ქართლ-კახეთის ტახტი არავის დაეკავებინა. ამ განცხადებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. ეროვნული სახელმწიფოს და ბაგრატოვანთა დინასტიის შენარჩუნების მომხრეთა შორის ერთიანობა არ არსებობდა. 1801 წ. 12 სექტემბერს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორის მანიფესტი ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შესახებ. ქართველმა ელჩებმა: გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა, ე. ფალავანდიშვილმა მხოლოდ იქ გაიგეს, რომ ქვეყნის ბედი მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდა. ქართველი პატრიოტები ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში ელჩებსაც ადანაშაულებდნენ. ბაგრატ ბატონიშვილი და იოანე ბატონიშვილი თვლიდნენ, რომ ელჩებმა ბოროტად გამოიყენეს მეფის რწმუნება და გაყიდეს საქართველო. მანიფესტი, დებულება საქართველოს მმართველობის შესახებ დაწერილი იყო პლატონ ზუბოვის მიერ. საქართველოს ბედი ჩააბარეს საეჭვო წარმოშობის, ზნეობის, პროფესიის რუს “ისპრავნიკებს”, სამხედროებსა და მოხელეებს. დაიწყო საქართველოს ძარცვა-გლეჯა, გლეხობის, თავადაზნაურობის განადგურება. იფეთქა ქართლ-კახეთში ამბოხებამ, რომლის ჩასახშობად გენერალი ლაზარევი გაიგზავნა. სისხლით მორწყულ კახეთის მიწას, საქართველოს თავისუფლებას შეეწირნენ ანდრონიკაშვილები, ბებურიშვილები, ჩოლოყაშვილები, ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები, ჯანდიერები, აფხაზები, მაყაშვილები, ვაჩნაძეები… დანარჩენები ციმბირს გადაასახლეს.

კრონინგის, ლაზარევის, კოვალენსკის სისხლიანი ერთწლიანი თარეშის შემდეგ საქართველოს მმართველობა ჩააბარეს იმპერატორ ალექსანდრეს ყურმოჭრილ მონას – გენერალ პავლე ციციანოვს, რომელიც 3,5 წელი ერთგულად ასრულებდა მთავარი ჯალათის მოვალეობას, ვიდრე ბაქოში არ მოკლეს.

თუ 1801-1802 წლებში ეროვნული მოძრაობის მონაწილეებს, ქართველ ბატონიშვილებს, თავადაზნაურობას, ხალხს სჯეროდა, რომ მართლმადიდებელი რუსეთის “სამართლიანი ხელმწიფე” ბაგრატიონთა უფლებებს, ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობას და მთლიანობას დაიცავდა, გეორგიევსკის ტრაქტატის ყველა მუხლის დარღვევის, შეთქმულთა სასტიკი განადგურების და ციციანოვის ეგზეკუციების შემდეგ, ილუზია გაქარწყლდა. რუსეთის უმაღლესმა მთავრობამ დაავალა ციციანოვს მეფის ოჯახის წევრების რუსეთში გადასახლება, რომელთა შორის იყვნენ: ერეკლე მეორის ქვრივი, დედოფალი დარეჯანი, გიორგი XII-ს ქვრივი, დედოფალი მარიამი, ერეკლეს შვილები – იულონი, ფარნავაზი, ალექსანდრე, ქეთევანი, თეკლე, გიორგის შვილები – დავითი, იოანე, ბაგრატი, თეიმურაზი, ჯიბრაილი, ილია, ოქროპირი, ირაკლი, თამარი, ანა… 1803 წლის 11 თებერვალს დავით ბატონიშვილი სწერდა ციციანოვს: “მივიღე თქვენი წერილი, მებრძანა რუსეთს გადასახლება. 1200 წლის წინ ავიდა ჩვენი გვარი სამეფო ტახტზე, ახლა კი ასე უსამართლოდ გვისტუმრებენ სამშობლოდან…” (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. II, ჟ. 173). ასე დაიწყო საქართველოს განადგურება. რუსეთის ჯარის ჩექმამ გათელა ჩვენი ციხეები, ვენახები, სოფლები, ქალაქები…

უძველესი სამეფო გვარის მოსპობა-გადაგვარებაში რუსეთის იმპერიას ბადალი არ ჰყავდა. ერთი საუკუნის შემდეგ ასეთივე არნახული სისასტიკით გაუსწორდნენ საკუთარ ხელმწიფეს. შემდეგი ნაბიჯი იმპერიული გეგმისა იყო თავად-აზნაურობის მოსპობა-გადაგვარება.

1803 წ. ივნისში ქართველ თავადაზნაურთა წოდებრივი ორგანიზაციის პირველი დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. დიდგვაროვნებმა აირჩიეს თბილისის, გორის, ლორეს, დუშეთის, თელავის… მაზრათა თავადაზნაურობის წინამძღოლები. წარჩინებული გვარის წარმომადგენლები ერთიან აღშფოთებას გამოხატავდნენ, პროტესტს აცხადებდნენ იმპერიული პოლიტიკის მიმართ.

1804 წ. რუსეთის იმპერიის დამქაშები მთიანეთის აჯანყების ჩახშობას შეუდგნენ. გენერალი ციციანოვი ნესვეტაევთან ერთად ქვემეხებით, დიდძალი ჯარით მთაშიც და ბარშიც ამცკიცებდა იმპერიის მუშტის სიძლიერეს, დახოცა ქალები, ბავშვები, ახალგაზრდობა. შემუშავდა მზაკვრული გეგმა იმერეთის დამორჩილების. იმერეთში თავადაზნაურობის, ხალხის რეპრესიები დაიწყო. იმერეთს სამეგრელო და აფხაზეთი მოჰყვა.

1811 წელს ამიერკავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა მარკიზ პაულუჩი. კახეთში ისევ აჯანყებამ იფეთქა. დროშა ახმეტელებმა ააფრიალეს. აჯანყებულთა მრავალათასიანმა ლაშქარმა სიმონ ბებურიშვილისა და ივანე მაყაშვილის მეთაურობით თელავი აიღო. ბრძოლას სათავეში გრიგოლ ბატონიშვილი ჩაუდგა. აჯანყებულებმა იგი საქართველოს მეფედ გამოაცხადეს. 1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის ჯარი შემოიჭრა. ქართველთა ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც მტკიცედ იდგა ეროვნული დაუმორჩილებლობის პოზიციებზე და თავიდანვე უცხადებდა უნდობლობას რუსეთის იმპერიას, სცადა ამ სიტუაციის გამოყენება საქართველოს სასარგებლოდ. 1812 წლის ივლისში ალექსანდრე კახელებს აცნობებდა: “რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოში შემოვალთ და ჩვენ სისხლსაც თქვენ სისხლში გავურევთ. თქვენ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეთ, ამას რუსეთის მთავრობა არაფრით არ გაპატიებთ, ამიტომ არ ენდოთ რუს მოხელეთა ტკბილ სიტყვებს, ბრძოლა გააგრძელეთ. ღვთის მადლით ჩვენც მალე მოგეშველებით…” (ფ. 5. ფ. 355), ეს აჯანყებაც სისხლში ჩაახშეს.

1811 წელს იმპერიამ გააუქმა საქართველოს უძველესი ეკლესიის დამოუკიდებლობა. საქართველოს ეკლესიის გამგებლობა რუსეთის სინოდმა ეგზარხოსს მიანდო. საეკლესიო მამულები ხაზინაში გადავიდა, წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე სრულდებოდა. საქართველოს ეკლესიებიდან გატანილ იქნა მრავალი ხელნაწერი, ხატი, ისტორიული ნივთი… იყიდებოდა საქართველო, ირყეოდა რწმენა, იდევნებოდა სამღვდელოება.

იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ 1818-20 წლებში რეპრესიების ახალი ტალღა აგორდა. თავისუფლების დროშა აფრიალდა საქართველოს ყველა კუთხეში. ქართველ ვაჟკაცებს, უძველესი გვარების შთამომავლებს, სამღვდელოებას, გლეხებს სპობდნენ, ანადგურებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ეგუებოდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, ცარიზმის ტირანიას, ხალხის გადაგვარებას, რაინდებს რაცხავდნენ მოღალატეებად, ხოლო ჯალათების სახელებს ქუჩებსა და მოედნებს არქმევდნენ, უდგამდნენ ძეგლებს. ერმოლოვმა მოღალატეებად გამოაცხადა ქაიხოსრო გურიელი, ივანე აბაშიძე, ნიკოლოზ ფინეზიშვილი. გენერალი “ავაზაკების”, “მეამბოხეების” ანუ “ტერორისტების” ჩამოხრჩობას თხოულობდა.

ერმოლოვის, პასკევიჩის მმართველობის დროს საქართველოში დაასახლეს უცხო ტომების წარმომადგენლები: რუსი დუხობორები, სომხები, გერმანელები… დაიწყეს ქართველთა გაციმბირება. თავადაზნაურობის ერთ ნაწილს ასახლებდნენ, მეორეს – აწინაურებდნენ. სწორედ ამ მიზნით ერმოლოვის ინიციატივით 1818 წელს დაწესდა “თავადაზნაურთა სადეპუტაციო საკრებულო”, გარკვეული ავტონომიით, მაგრამ ქართველთა უპირველესი დიდებულების წოდებებს პეტერბურგის სენატის ჰერალდიკის დეპარტამენტი მაინც ამტკიცებდა.

იცვლებოდნენ მთავარსარდლები, მეფის ნაცვლები, მთავარმმართველები: პასკევიჩი, როზენი, ვორონცოვი, ბარიატინსკი… მაგრამ რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა უცვლელი რჩებოდა, რასაც მოჰყვა 1832 წლის ცნობილი შეთქმულება. საბჭოთა ისტორიკოსებმა იგი თავადაზნაურთა რეაქციულ მოძრაობად მონათლეს, მაგრამ ფაქტიურად ეს იყო ჩვენი სამშობლოს, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც დაკავშირებული იყო ალექსანდრე ბატონიშვილის სახელთან, მის დაუცხრომელ ბრძოლასთან. შეთქმულთა ბედი კარგად არის ცნობილი. დააპატიმრეს 145 კაცი, განადგურდა საქართველოს უკეთესი მერმისისათვის მებრძოლი მრავალი ღირსეული ადამიანი. დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც სასტიკ რეპრესიებს და სიდუხჭირეს განიცდიდა, განახევრდა.

XIX საუკუნის 60-იან წლებში ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაკავშირებული ილია ჭავჭავაძის სახელთან. მისი ღვაწლი დღესაც შეუფასებელია. მან პირველმა დასვა საქართველოს ავტონომიის საკითხი, ჩამოაყალიბა ქართველთა ძირითადი ფუნქცია: “გუთანი, ხმალი, სამეფო გვირგვინი”, როგორც სოფლის მეურნეობის აყვავების პირობა. 1882 წელს გაუქმდა მეფისნაცვალის თანამდებობა. გამოიყო კომისია, რომელსაც უნდა შეედგინა კავკასიის ახლებური ადმინისტრაციული დაყოფისა და მართვა-გამგეობის პროექტი. ილია ჭავჭავაძემ იმედი გამოთქვა კომისიის მუშაობის წარმატებაზე ერის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებით. ილია თავადაზნაურობას მიმართავს და მისგან მოითხოვს მთავრობის წინაშე სათანადო შუამდგომლობის აღძვრას. “ჩვენ ვინაობას ჩვენს ცხოვრებაში უსათუოდ გზა უნდა მიეცეს და ამაზედ თავადაზნაურთა კრებამ თავისი ხმა უნდა ამოიღოს. ხმა კანონიერი, დინჯი, დარბაისელი და მშვიდობიანი: – წერდა პოეტი, მაგრამ თავადაზნაურობას ნებას არავინ მისცემდა, საქართველოს ავტონომია მოეთხოვა.

1901 წ. ზარ-ზეიმით აღნიშნეს საქართველოს დამონების 100 წლისთავი. სამხედრო ისტორიკოსმა პოტტომ გამოაქვეყნა მრავალტომეული “კავკასიის დაპყრობის ისტორია რუსეთის მიერ”. გენერალმა ივანე მამაცაშვილმა პროტესტი გამოაცხადა და გამოვიდა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიიდან.

1912 წ. ს. პეტერბურგში ვარლამ გელოვანი გამოდის სიტყვით სათათბიროში… “ცარიზმმა 1801 წელსვე დაარღვია რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება. 100 წლის პოლიტიკა ნათლად მოწმობს, რომ ქართველებს ცარიზმის ბიუროკრატიის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. სრული ასი წელია საქართველო დაპატიმრებული და შეურაცხყოფილია…” ცდა საქართველოს ავტონომიის საკითხის სათათბიროს მუშაობის პროგრამაში შეტანისა უშედეგოდ დამთავრდა.

1917 წლის გიორგობის თვეში, თავადაზნაურთა საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა I ეროვნული კრება. ყველა პარტიამ, საზოგადოებამ, ბოლშევიკების გარდა, მხარი დაუჭირა თავისუფლებას. თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კოტე აფხაზის გამოსვლაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ “თავადაზნაურობა შეურიგებელი მტერი იყო რუსეთის ძალმომრეობისა, მისი დაპყრობითი პოლიტიკისა. ამ პოლიტიკამ ქართველი ერის დაბეჩავება, დაუძლურება გამოიწვია… ქართველობა თანდათან იდევნებოდა, ქართული სული თანდათან ჰქრებოდა…”

საქართველოს და მთელი კავკასიის ახალი ოკუპაცია დაიწყო 1921 წ. ბოლშევიკების სისხლიანი შემოსვლით. კიროვის, ორჯონიკიძის წითელ ურდოებს შეეწირა მრავალი ათასი ქართველი. 1923 წ. დახვრიტეს კოტე აფხაზი, სიმონ ბაგრატიონი, გენერლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, 15 გმირი. სპობდნენ თავადებს, აზნაურებს, ღვთის მსახურებს, გლეხებს, ყველა ფენის წარმომადგენლებს.

იმპერიული ზრახვები, შოვინიზმი, ძალადობა, კანონიერების გათელვა, ეთნოკონფლიქტების დანერგვა ლეიტმოტივია რუსეთის მეორე ანექსიისა 1921 წელს და მესამე ანექსიისა 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვარში. მაშინ განხორციელდა საქართველოს ახალი ოკუპაცია, რომელსაც მოჰყვა აფხაზეთის, შიდა ქართლის დროებით დაკარგვა, მრავალათასიანი მსხვერპლი, ლტოლვილთა 300 000 არმია. საგულისხმოა, რომ XX საუკუნის დასასრულის ჟამს რუსეთმა თითქმის უცვლელად გამოიყენა საქართველოს დაპყრობის გეგმა, რომელიც განხორციელდა XIX საუკუნის დასაწყისში ბაგრატიონთა ტახტის დამხობით, ეკლესიის განადგურებითა და ქართველი ხალხის გენოციდით.

რუსეთის აგრესია XXI საუკუნეშიც გრძელდება.

 

2003 წელი

დატოვე კომენტარი