Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გაცივება და გრიპი. რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?

   ♥ ჯანმრთელობა – Health

 

flu

როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას და რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?

  

 

***

გაცივება ბავშვებში

ბავშვის წელიწადში 4-6 ჯერ გაცივება ან მწვავე რესპირატორული ინფექციებით დაავადება ნორმადაა მიჩნეული. ე.წ. გაცივებით დაავადებების (გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ანთება) პიკი, როგორც წესი, ბავშვის ბაღში ან სკოლაში მიყვანის პირველ წელზე მოდის. პატარას დაბადების შემდეგ, პირველი გაცივების შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის აუცილებლად პედიატრს უნდა მიმართოს. ავადმყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტული პირობების შექმნას, ოთახის ხშირად განიავებას და მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი პრეპარატების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა ადის) გამოყენებას.
რომელ სიმპტომს უნდა მიექცეს ყურადღება

1 წლამდე ბავშვის გაცივების შემთხვევაში მშობელმა პედიატრს შემდეგი სიმპტომების არსებობის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს: კანის ფერის შეცვლა, სუნთქვის მოშლა, ხველა, ოფლიანობა, სისუსტე, კვების რეჟიმის დარღვევა და ნებისმიერი სხვა, უჩვეულო სიმპტომი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის ცვლილებაზე, გამონაყარის გაჩენაზე, მადის დაკარგვასა და კუჭის მოქმედების დარღვევაზე თვალყურის დევნება. ექიმს უნდა ეცნობოს იმის შესახებაც, თუ ბავშვი შესამჩნევად აღგზნებული გახდა ან პირიქით, მოითენთა, ძალიან დიდხანს სძინავს, ძილში კრთება და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა აიწევს და 36-ზე ქვევით დაეცემა. გარდა ამისა, თუ ბავშვს 3 დღეზე მეტხანს აქვს 37,1-37,9 გრადუსი სიცხე, ესეც საფრთხილოა, რადგან შეიძლება ნელა განვითარებადი ანთებითი პროცესის (პნევმონია, პიელონეფრიტი და სხვა) სიმპტომი იყოს. ასე რომ, სამ დღეზე მეტხანს სიცხის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც სიცხე 37,1 გრადუსი იყოს, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

რომელი სიმპტომებია განსაკუთრებულად საშიში?

ბავშვის ხშირი ტირილი, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, მოულოდნელად განვითარებული მოთენთილობა, რასაც ტემპერატურის დაქვეითება ახლავს;
უჩვეულო გამონაყარის გაჩენა;
კუჭის მოქმედება (თხიერი განავლით) დღეში 5-ზე მეტჯერ, მრავალჯერადი ღებინება;
კრუნჩხვები;
გულის წასვლა, ცნობიერების დარღვევა, დასმულ კითხვაზე ბავშვის არაადეკვატური პასუხი;
ბავშვის ხმის მოულოდნელი ჩახლეჩა, დაბოხება.
სუნთქვის მოშლა;
შეშუპების განვითარება, განსაკუთრებით – სახესა და ყელის მიდამოში;
მუცლის მკვეთრი ტკივილი;
თავის მკვეთრი ტკივილი.

ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის პედიატრს უნდა მიმართოს, მაგრამ თუ რომელიმე სიმპტომი მოულოდნელად განვითარდა და მკვეთრად პროგრესირებს, მაშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაუყოვნებლივი გამოძახება აუცილებელია, რადგან შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
როდის უნდა გამოვიძახოთ ბავშვთა ექიმი?

პედიატრთან სატელეფონო კონსულტაციის დროს გაირკვევა, აუცილებელია თუ არა ექიმის მიერ ბავშვის გასინჯვა. სახლში პედიატრის გამოძახება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს წლამდე ბავშვისთვის ტემპერატურის აწევით მიმდინარე პირველი ავადმყოფობაა. გარდა ამისა, თუ მშობელი თავად მკურნალობს ბავშვს და ავადმყოფობის მესამე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაშინ პატარა აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.

როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას?

ზოგიერთი ექიმი ფრთხილობს და ბავშვს ბევრ წამალს უნიშნავს, ზოგი დალოდების ტაქტიკას ირჩევს და უპირატესობას ნატურალური საშუალებებით მკურნალობის მსუბუქ მეთოდს ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გაცივება – ეს არის იმუნიტეტის წრთობა გამომწვევთან ბრძოლაში და ბავშვისთვის, რომელსაც რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. ასე რომ, დალოდების ტაქტიკა და დაკვირვება ბავშვის იმუნიტეტს გაკაჟების საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივ, მსუბუქი კვება, თბილი სასმელები, დასვენება და “ხალხური საშუალებებით” მკურნალობა ბავშვის სწრაფად გამოჯანმრთელებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად საკმარისია.

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს გაცივების დროს ხალხური საშუალებებით?

ბავშვისთვის პირველ რიგში ნებისმიერი გამათბობელი პროცედურაა მისაღები: ფეხებზე თბილი აბაზანა, ცხვირსა და გულმკერდზე თბილი საფენები, ვიტამინით მდიდარი, ნოყიერი, თბილი საკვებისა და დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.

“გაჭედილი” ცხვირის გახსნის მიზნით ცხვირის გამორეცხვის მანიპულაცია არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სისხლძარღვების შემავიწროებელი “ცხვირის წვეთების” გამოყენება ცხვირის ლორწოვან გარსს აშრობს და ვირუსს ორგანიზმში ღრმად შესაღწევ გზას უხსნის. ისეთი აგრესიული პროცედურების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ხახვის ან ნივრის გაუზავებელი წვენით ცხვირის გამორეცხვა, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა მოხდეს, რაც ასევე დაავადების შემდგომ პროგრესირებას უწყობს ხელს. ცხვირის გამორეცხვას პატარებში შეიძლება ოტიტი (შუა ყურის ანთება) მოჰყვეს, რადგან ბავშვთა ასაკში სასმენი მილის თავისებურების გამო, ცხვირში ჩაწვეთებული საშუალება შეიძლება შუა ყურში მოხვდეს. ამიტომ, თუ ბავშვს ცხვირში არსებული გამონადენი ადვილად გამოაქვს გარეთ და მშვიდ სუნთქვაში, ძუძუს წოვაში (ან ჭამაში) და ძილში ხელს არ უშლის, მაშინ უმჯობესია, ცხვირი არ გამოურეცხოთ. თუ ცხვირში არსებული გამონადენი ძალიან ბლანტია და ბავშვს მისი გარეთ გამოდევნა უჭირს, მაშინ გათხიერების მიზნით შეიძლება 2-5 წვეთი სუფთა, ოდნავ მარილიანი წყალი ან სოდიანი წყალი ჩავაწვეთოთ.

საჭიროა თუ არა მაღალი ტემპერატურის ხელოვნურად დაგდება?

ტემპერატურის მატება ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, რადგან ერთი მხრივ, ტემპერატურის მომატებისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რისი წყალობითაც ბავშვის იმუნიტეტი უფრო ეფექტურად მუშაობს, მეორე მხრივ კი ტემპერატურის მატებისას ვირუსისა და ბაქტერიის გავრცელების სიჩქარე იკლებს. მშობლები ხშირად მიმართავენ ტემპერატურის ხელოვნურად დაგდებას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს პროცედურა სამკურნალო ეფექტს არ იძლევა. სწორედ ამიტომაა, რომ პედიატრები ტემპერატურის ხელოვნურად დაქვეითებას მხოლოდ 39 გრადუსზე მაღალა აწევის შემთხვევაში გვირჩევენ. ამიტომ, თუ ბავშვს მძიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, მაშინ უმჯობესია, ორიენტირება მოვახდინოთ არა ტემპერატურაზე, არამედ ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე (გუნება-განწყობილებაზე).

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს, რა უნდა თავად ბავშვს: თუ სიცხე სწრაფად იმატებს, ბავშვს აციებს და აჟრიალებს, მაშინ პატარას უნდა დავეხმაროთ თბილი ტანსაცმლის, საბნის და ცხელი სასმლის დახმარებით სწრაფად გათბობაში. როცა ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, შემცივნება გაივლის, მაგრამ კანი შეიძლება ოდნავ გაწითლდეს და შუბლზე ოფლის წვეთები გაჩნდეს. ამ დროს უკვე ბავშვის შეძლებისდაგვარად გაშილიფებაა საჭირო (ასე უფრო გაუადვილდება ცხელების გადატანა). ამავე მიზანს ემსახურება ბავშვის წყალნარევი სპირტით ან ძმრით დაზელა ან თბილი აბაზანის მიღება. ეს პროცედურები ტემპერატურის დაქვეითებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ტემპერატურის მედიკამენტებით მკვეთრ დაცემას მისი მკვეთრი მატება მოჰყვება, რაც კრუნჩხვებს იწვევს. გარდა ამისა, ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას საგრძნობლად ზრდის.

თუ ბავშვს ქრონიკული დაავადება აქვს, მაგალითად – გულის თანდაყოლილი მანკი, მძიმე ნევროლოგიური სინდრომი, ქალაშიგა წნევის მატება ან სხვა, ტემპერატურის დაქვეითება, მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა იგი 38,5-39 გრადუსამდე ავა. უპირატესობა ტემპერატურის დაგდების ფიზიკურ მეთოდებს (რაზეც უკვე ვისაუბრეთ) უნდა მივანიჭოთ. თუ სიცხის დამწევი მედიკამენტების მიცემა გადაწყდება, მაშინ უმჯობესია, იბუპროფენისა და პარაცეტამოლის საფუძველზე დამზადებული სანთლების ან სპრეის (ასაკის შესაბამისი დოზით) გამოყენება. ასპირინისა და ანალგინის საფუძველზე დამზადებული სიცხის დამწევების მიცემა ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ასპირინმა შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს, ანალგინს კი ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება ჯანმრთელობისთვის საშიშ ოდენობამდე შეუძლია.

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა გაცივების დროს?

ავადმყოფობის დროს დაბანის აკრძალვის რეკომენდაცია მაშინ შემოიღეს, როცა სახლში სააბაზანოები არ ჰქონდათ და აბანოში დადიოდნენ. დღეს კი, როცა სახლში სააბაზანო ოთახი და ცხელი წყალი გვაქვს, ბანაობა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცხის დაწევის საუკეთესო საშუალებაა. ავადმყოფი ბავშვის ბანაობა შეიძლება და საჭიროცაა, თუ თავად არ არის წინააღმდეგი. ავადმყოფის ბანაობისას აუცილებელ პირობას ორპირი ქარის გამორიცხვა წარმოადგენს. წყალი უნდა იყოს თბილი, ბავშვის ტემპერატურაზე დაახლოებით ერთი გრადუსით დაბალი, მაგრამ არა უმეტეს, 39 გრადუსისა. აუცილებელია აბაზანაში ცხელი წყლის რეგულარული ჩამატება, რათა წყალი არ გაცივდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ბანაობა, თუ მას აქვს ღებინება და ფაღარათი, რადგან ეს გამოფიტვის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს.

როდისაა ბავშვი გამოჯანმრთელებული?

თუ ბავშვს ნორმალური გუნება-განწყობილება, მადა, ტემპერატურა აქვს, თუ იგი ზომიერად აქტიურია, არ აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, მაშინ იგი ჯანმრთელად შეიძლება ჩაითვალოს.

როდის შეიძლება ბავშვის სასეირნოდ წაყვანა?

თუ ბავშვი მხიარულია, აქტიური, სეირნობა უნდა და ამის საშუალებას ამინდიც იძლევა, მაშინ იგი ტემპერატურის ნორმალიზებიდან 2-3 დღეში შეიძლება გაასეირნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფობის შემდეგ პირველი გასეირნება 20 წუთს არ აღემატებოდეს. ამასთან, ამინდი უნდა იყოს კარგი (თბილი, მზიანი, უქარო). კატეგორიულად იკრძალება პირველი გასეირნება, თუ გარეთ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია, ქარბუქია, წვიმს და ა.შ.

როდის შეიძლება ბავშვის ბაღში ან სკოლაში წაყვანა?

ბავშვთა კოლექტივში დაბრუნება გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის შემდეგაა რეკომენდებული, რადგან ახალგამოჯანმრთელებული ბავშვის ორგანიზმი ვირუსებისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა და შესაძლებელია, ხელახალი ინფიცირება მოხდეს.

 

***

დავიცვათ თავი გაცივებისა და გრიპისგან

 

როგორც წესი, ექიმები შემოდგომობით გვაფრთხილებენ, რომ გრიპის ეპიდემია კარსაა მომდგარი და აცრების გაკეთებას გვირჩევენ, მაგრამ ეს ყოველთვის როდი იძლევა შედეგს ან ყველას როდი აქვს ვაქცინაციის საშუალება. სამაგიეროდ, იმუნიტეტის გასაძლიერებელ, ხალხურ საშუალებებზე ხელი ნებისმიერს მიუწვდება. ზოგჯერ ისინი ქიმიურ პრეპარატებზე უფრო ეფექტურია და თანაც, ორგანიზმს არასდროს ვნებს.

ზამთარში ავადმყოფობამ რომ არ შეგაწუხოთ, ახლავე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

 

2019051418085430087[1]ნივრის “აბები”

ქიმიურ სამკურნალო პრეპარატებს ყველაზე დიდ კონკურენციას სიცხის დამწევი და ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ნიორი უწევს.

უპირველეს ყოვლისა, კერძებში ნივრის ჩამატება არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლოცაა და თან საკვებს არაჩვეულებრივ გემოს აძლევს. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია, ყოველდღიურად 1-2 კბილი ნივრის მიღება. ეს დოზა გაცივების საწინააღმდეგო ბევრ წამალს ცვლის და მათგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

თუ ნივრის სუნი გაშინებთ, შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გაჭრათ და აბებივით გადაყლაპოთ. თუ ნივრის ჭამის შემდეგ პირში ლიმონიან წყალს გამოივლებთ, სუნი მყისვე გაქრება.

 

bolokiთაფლიანი ბოლოკი

ბოლოკი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. კარგია, თუ მას სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრით, შემდეგ მინის ჭურჭელში ჩააწყობთ, თაფლს დაასხამთ და მაცივარში შეინახავთ.

ყოველდღიურად 2 სუფრის კოვზი თაფლიანი ბოლოკი მიირთვით და გაცივება არასდროს შეგაწუხებთ. ეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე “კერძი” აუჩქარებლად უნდა ღეჭოთ და დიდხანს არ გადაყლაპოთ.

ბოსტნეულის წვენებიც იმუნიტეტის ასამაღლებელი ეფექტური საშუალებაა. ყოველი დილა მათი მიღებით დაიწყეთ და ზამთარში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგექმნებათ.

 

vacciniumკენკროვანი ხილი

სამედიცინო კვლევებმა ცხადყო, რომ მოცვი იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა. თუ თქვენ ზაფხულში მოიმარაგეთ და შეინახეთ ეს ძვირფასი ხილი, ახლა მისი მოხმარების დრო დადგა. ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი მოცვის მურაბა ან გახეხილი და შაქარმოყრილი, უმი მოცვი.

თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, მაშინ 1 ს/კ ძახველს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთი გააჩერეთ. ეს ნაყენი ყელში დღეში 4-ჯერ მაინც გამოივლეთ და დალიეთ 1 სუფროს კოვზი, დღეში 3-ჯერ. ამის პარალელურად, ყოველდღიურად 2 ვაშლი უნდა მიირთვათ (“ანტონოვკა” უკეთესია).

კენკროვანი ხილის გამომშრალი ნაყოფით, ფოთლებითა და ყვავილებით დამზადებული ჩაი ვიტამინების უშრეტი წყაროა და გაცივებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.

 

***

ცუდი ამინდი არ არსებობს

ორგანიზმის გაკაჟებისა და გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას ფეხების კონტრასტული აბაზანები წარმოადგენს. ეს პროცედურა ყოველღამე უნდა ჩაიტაროთ. ამისათვის აიღეთ ორი ტაშტი: ცხელი (დაახლოებით 40-გრადუსიანი წყლით) და გრილი (არა უმეტეს 30 გრადუსისა) წყლით. რამდენიმე წამით ფეხები ჯერ ცხელ, ხოლო შემდეგ ცივში წყალში ჩადეთ და ეს გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

რაც მთავარია, არ დაიზაროთ სეირნობა. ისეირნეთ ნებისმიერ ამინდში, დარსა თუ ავდარში, ნახევარი საათით მაინც. როგორც კი აცივდება და ტენიანობა მოიმატებს, ნატურალური ბოჭკოს ქსოვილისგან დამზადებულ თეთრეულზე გადადით. ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ კანს ეხება, სინთეტიკას არ უნდა შეიცავდეს. დაიცავით ეს მარტივი წესები და არანაირი ვირუსი საშიში არ იქნება.

***

 

ზოგჯერ ცხიმი სასარგებლოა

 

გამუდმებით გვესმის, რომ ცხოველური ცხიმები მავნებელია და ისინი კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. ჩვენს ბებიებს კი სათავსებში ყოველთვის ჰქონდათ გადამდნარი ქონით სავსე ქილები. მას წამლად იყენებდნენ და ამიტომ, ხორცზე უფრო მეტად აფასებდნენ.

 

ბებიების რეცეპტები
დიდი ხნის წინ, ბატისა და ღორის ქონს მრავალი დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგი კურდღლის, მაჩვისა და მელიის ცხიმსაც კი ინახავდა ამ მიზნით.

კბილის ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილზე, ღრძილსა და ლოყას შორის ღორის ქონის პატარა ნაჭერს იდებდნენ. 20 წუთის შემდეგ თურმე ტკივილი ქრებოდა. ღორის მუცლის გადამდნარ ქონს ბევრი გადაურჩენია დამწვრობების გართულებებისგან. სხეულის მოყინულ ნაწილებს ბატის ქონით მკურნალობდნენ. მაჩვის ქონს კი საკმაოდ ეფექტიანად იყენებდნენ ტუბერკულოზის წინააღმდეგ.

ქონს მხოლოდ სუფთა სახით როდი იყენებდნენ – სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად მას პროპოლისს, ხახვს, სკიპიდარს, სამკურნალო ბალახებს უმატებდნენ და ძლიერმოქმედ მალამოს აკეთებდნენ.

 

ღორის ქონის მალამო
ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ – უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.

ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.

თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.

ბატის ცხიმი
საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და “ფაფუკია”.

ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.

აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.

http://janmrtelobainfo.ge

დატოვე კომენტარი