Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რუსეთის ბომბები და ჩვენ. რას ველოდოთ?

რუსეთის ბომბები და ჩვენ. რას ველოდოთ?

რას ნიშნავს რუსეთის თითქმის პირდაპირი განზრახვა, რომ საქართველოს ბირთვული იარაღით შემოუტიოს _ ალბათ, ორი ბომბით, რადგან თავის მოქმედებაში ისინი ღიად “ჰბაძავენ” ამერიკელების მოქმედებას. ამერიკელებმა ხომ იაპონიაში ორი ბირთვული ბომბი ჩამოაგდეს.

არ არის გასაკვირი დღეს საქართველოში უმაღლეს ფუნქციებში მყოფი ხუნვეიბინების ოპტიმიზმი, ორივე სქესისა: ისინი ამბობენ, რუსეთი ამას ვერ იზამსო. საბუთი ერთია: ამით რუსეთი წააგებსო. რა თქმა უნდა, წააგებს, თავის ისტორიას წააგებს. მაგრამ კმარა ეს იმის დაჯერებისათვის, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ იხმარს საქართველოს წინააღმდეგ? არ კმარა შემდეგ გარემოებათა გამო.

პირველი. თუ რუსეთი ამ ავანტურაზე წავა, ეს მას სტრატეგიულ უპირატესობას არ მისცემს. ანუ ეს არ იმოქმედებს მის სასარგებლოდ მესამე მსოფლიო ომის წარმართვაზე, რომელშიც იგი უკვე ჩაბმულია. პირიქით. ეს გაუხსნის მის მოწინააღმდეგეს ხელს ეკონომიკური, შემდეგ კი სტრატეგიული შეტევისათვის გაშლილი ფრონტით. ამიტომ მისი მოწინააღმდეგის ინტერესია, რუსეთი ამ თვითმკვლელური ნაბიჯის გადასადგმელად მიუშვას. ამ ფაქტორის ძალას ზრდის ის, რომ რუსეთის ბირთვული შემტევი ძალა თანდათანობით სუსტდება მისი მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო და სხვა თავდაცვითი ძალების ქმედუნარიანობასთან შედარებით. ასე რომ, რუსეთს ძალიან ნაკლებად შეუძლია, თავისი მოწინააღმდეგე, როგორც იტყვიან, აშანტაჟოს მუქარით: “თუ ზედმეტს იზამ, შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო”. რუსეთის “მიშვებას” თავისთვის საზარალო აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად ისტორიაში პრეცედენტები აქვს. არა ერთი! მაგალითისთვის დავასახელოთ მისი შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. მაშინ იყო გადადგმული გარკვეული ნაბიჯები იმის საილუსტრაციოდ, წინასწარ, რომ, თუ რუსეთი ამას იზამს, ამას მსოფლიო კატასტროფა არ მოჰყვება. მსოფლიოსთვის მართლაც არ მოჰყვა, მაგრამ სსრკ-ს დაშლისათვის ამით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

მეორე გარემოება. რუსეთში აუარებელი მოავანტურისტო სტრატეგია. სხვათა შორის, ეს ტენდენცია საკმარისად მძლავრად ეტყობათ პუტინსაც და, განსაკუთრებით, მედვედევსაც. მათ სტრატეგიულ აზროვნებაში არ შეიძლება ცენტრალური ადგილი არ ეჭიროს ე.წ. “მცირე ომების” (“Vფკსტ დჯქყს”) რუსელ კონცეფციას, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ სსრკ მსოფლიო ომის აღარც მწარმოებელი, აღარც, მით უმეტეს, მომგები არ არის. რუსეთის სტრატეგია, ამ კონცეფციის თანახმად, შემოიფარგლა თავის გარშემო ახლო სივრცეში თავისი სტრატეგიული დამკვიდრებით, რაც, არსებითად, გაგრძელება, უფრო კონკრეტულად კი _ თავდაცვით პოზიციაში გადაყვანა იყო იმ ე.წ. “მცოცავი იმპერიალიზმისა”, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო ასწლეულთა მანძილზე. დღეს რუსეთს თუ რაიმე სტრატეგიული მიზნისათვის ბრძოლა შეუძლია მსოფლიო არენაზე, ეს მიზანი სხვა ვერა იქნება რა, თუ არ თავის დამკვიდრება თავის “ახლო საზღვარგარეთში”, პირველ ყოფლისა _ ამიერკავკასიაში, რითაც იგი გადაკეტავს დასავლეთის გზას შუა აზიისკენ და ჩინეთის სტრატეგიული საზღვრისაკენ. თქმულიდან არ გამომდინარეობს, რომ რუსეთი დღეს აპირებს, ბირთვული ბომბი დაგვარტყას. გამომდინარეობს ის, რომ რუსეთი ან მართლაც აპირებს ამას, ან სიმულანტობს, თითქოს აპირებს. ორსავე შემთხვევაში ამ გეგმის რეალიზაციასთან ძალიან ახლოს ვართ, ვინაიდან სიმულაციის ფაქტი, თუკი იგი არსებობს, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. პროფესიონალები, რომლებიც გეგმებს ამუშავებენ, მათ შორის, რასაკვირველია, მუდამ საომრად განწყობილი აგრესიული გენერალიტეტი, თავის მომამზადებელ სამუშაოებს ისე ატარებენ, როგორც ეს რეალურ დარტყმას სჭირდება და არა სიმულირებულს.

იმის ნიშნები, რომ ეს საშიში პროგნოზი რეალობაა, არის. ეს ნიშანია მსოფლიო სამარისებრი დუმილი ამ პირობებში, როცა რუსეთი თავისი საკანონმდებლო ორგანოს სახით უკვე უპირისპირდება მსოფლიოში მოქმედი საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელ ნორმებს. რუსეთის დუმის უკვე გადადგმული ნაბიჯები _ აგრესიული კანონის ორი წაკითხვით მიღება _ სავსებით საკმარისი საფუძველია მსოფლიოსთვის, რათა ოფიციალურ დონეზე განაცხადოს სავსებით ოფიციალური პროტესტი და გამოთქვას მყარი ნება, რომ რუსეთის ამ აგრესიულ წინსვლას არ დაუშვებს. ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, ეს არ მომხდარა.

საკითხავია, რა ნაბიჯია საჭირო საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ ეს ხიფათი აგვცდეს? როგორც მინიმუმი, საჭიროა ოფიციალური განცხადება და ოფიციალური მიმართვა ყველა შესაძლო სუბიექტისა და ინსტანციისადმი: “რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიმზადებს, მიშველეთ!” გარდა ამისა, უნდა ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს დაფინანსება თავშესაფართა გაშლილი მშენებლობისათვის. ეს მოსახლეობასაც გადაარჩენს და უმუშევრობასაც მკვეთრად შეამცირებს. ამის არგაკეთებას ხელისუფლების მიერ ერთადერთი ახსნა აქვს: ისინი რუსეთის სამსახურში არიან.
ცნობილია, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ ექცევა კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც რუსეთს ომისათვის მზადყოფნის სიმულაციისკენ უბიძგებს. დასავლეთს მყარად აქვს განზრახული რუსეთის აგრესიული ძალის დემონტაჟი ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ თანდათანობით. რუსეთთან ომი დღესვე მას არ უნდა. რუსეთმა იცის ეს და თუმცა დასავლეთს დამარცხებით ვერ ემუქრება, დისკომფორტის შექმნით მაინც მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. ამით აიხსნება, ალბათ, რუსეთის კაცის _ სოროსის _ განცხადება, რომელიც ფორმით პროგნოზია, მაგრამ შინაარსით _ მუქარა: “თუ ნავთობის ფასი ჩამოვა 70 დოლარზე ქვემოთ, რუსეთი ომს დაიწყებსო”. ეს განცხადება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთდა, შესაძლოა ერთერთი ფაქტორიც იყოს იმისა, რომ დღეს ნავთობის ფასი 80 დოლარის მიდამოებში ტრიალებს.

არის სხვა ფაქტორიც, რომელიც რუსეთს უბიძგებს სამხედრო ავანტურისთვის მზაობის სიმულაციისკენ და რომელიც ჩვენთვის, ქართველებისათვის, უაღრესად სახიფათოა. რუსეთს არ შეიძლება ძალიან არ უნდოდეს აზერბაიჯანის დაშინება იმ ზომამდე, რომ იგი დაითანხმოს თავისი შეაიარაღებული ძალების დაბრუნებაზე ირანის საზღვართან. ირანი დღეს, პრინციპში, რუსეთის ბანაკშია. მის ძირითად ფუნქციას თავის ინტერესთა სფეროში რუსეთი იმაში ხედავს, რომ ირანში მოხდეს ამერიკელების სამხედრო შესვლა და ჩაფლობა, რაც, პრაქტიკულად, თითქმის გარდუვალია იქ სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში. ირანის საზღვარზე თავისი ჯარის დაყენებით რუსეთი მიიღებს, ჯერ ერთი, ირანის “დაიმედების” საშუალებას, მეორეც, იმის საშუალებას, რომ 1941 წლის პრეცედენტის შესაბამისად, როცა სტალინმა ირანში ჯარი შეიყვანა იქ გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების შესვლის საბაბით, შევიდეს ირანში სახმელეთო ძალებით და იქიდან გამოსვლისათვის დასავლეთს პოლიტიკური ფასი მოსთხოვოს. რუსეთის ეს იმედი _ ირანზე დასავლელთა დარტყმისა და მათი იქ ჩაფლობისა, _ ჩვენთვის პერსპექტივაში სახიფათოა იმით, რომ დიდი ომის არენად ქცევა გვემუქრება. უშუალოდ ახლა კი სახიფათოა იმით, რომ რუსეთს დიდ ცდუნებას უქმნის, პანკისის ხეობაში და ყვარლის რაიონში (კოდორის უღელტეხილი) მოგვაყენოს დარტყმა, ამა თუ იმ საბაბით, და ამით აზერბაიჯანი თავის აგრესიულ გეგმაბში პასიურ მონაწილეობაზე დაითანხმოს. როგორც მინიმუმი, რუსეთი იმას მაინც გაბედავს _ თავისი დღევანდელი აღვირახსნილად აგრესიული სამხედრო დოქტრინისა და პრაქტიკის ფონზე _ რომ კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის უღელტეხილებზე _ როგორც კახეთის მიმდგომზე, ისე აღმოსავლეთ კახეთისაზე ანუ საინგილოსაზე და იქით აზერბაიჯანისაზე, სადაც კავკასიონი დაბლდება _ დიდი ძალების კონცენტრირება მოახდინოს. ნავთობის ფასების არდავარდნისთვის ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება, რუსეთის უფრო ფართო ინტერესებისთვის _ არა, მაგრამ დღეს რუსეთს იმდენად უჭირს პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც, რომ ადვილი შესაძლებელია, ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ერჩივნოს.

 

“საქართველო”

01.2010

 

დატოვე კომენტარი