Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•კოლხეთი ანტიკურ მწერლობაში

კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

მერი ინაძე

ტერმინები ”კოლხი” და ”კოლხეთი” ანტიკურ მწერლობაში

წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: ”მეცნიერება”, 1993.

 

/გვ. 43/:სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ ძვ. წ. II-I ათასწლეულთა მიჯნაზე კოლხების ტომის ჰეგემონობით ჭოროხის აუზსა და კოლა-არტაანის მხარეში ჩამოყალიბდა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ურარტულ წარწერებში ”კულხას” (კოლხას) სახელწოდებითაა ცნობილი. ძვ. წ. VIII საუკუნისათვის ეს გაერთიანება უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, მოიცავდა მის აღმოსავლეთ სანაპიროსაც [1 Меликишвили 1954, 412.]… ეს ცნობები ძვ. წ. VIII ს-ის 20-იან წლებს არ სცილდებიან.

უკვე VIII ს-ში ბერძენი ეპიკოსი პოეტი ევმელოს კორინთელი პირველად იხსენიებს კოლხეთის ქვეყანას  Κολχιδα γαῖα [2 ურუშაძე 1964, 196.].

ელინთა ინტერესი კოლხეთისადმი მნიშვნელოვნად იზრდება ძვ. წ. VII ს-დან,, ბერძენთა ფართო კოლონიზაციის ხანაში. შავი ზღვის სანაპიროებზე იონური სამოსახლოების დაარსებისა და მათ მიერ ადგილობრივ ტომურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის დამყარებასთან ერთად ჩნდება პირველი ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერილობანი, რომელთა ავტორებად ე. წ. ლოგოგრაფოსები გვევლინებიან… /გვ. 45/:

მეცნიერებმა დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ სახელწოდებები ”კოლხიდა” – ”კოლხეთი” სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული მნიშვნელობით იხმარება, მათ ხან ფართო /გვ. 46/ გეოგრაფიულ-კრებითი მნიშვნელობა აქვთ და ამდენად ვრცელ ტერიტორიას აღნიშნავენ, ხან კი შედარებით მცირე რეგიონს და აქ მობინადრე ეთნიკურ ჯგუფებს მოიცავენ [5 Меликишвили 1959.]. /გვ. 47/:

ურარტული წარწერების კვლევა-ძიებამ და კოლხური კულტურის ძეგლების გათვალისწინებამ გ. მელიქიშვილი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ძვ. წ. VIII საუკუნისათვის შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების ტომები გაერთიანებული იყვნენ დიდ ტომთა კავშირში, რომლის ცენტრი ჭოროხისპირა ოლქებში (ჭოროხის მეტალურგიული კერის მახლობლად) და კოლა-არტაანის მხარეში მდებარეობდა. ამ გაერთიანების ჰეგემონი უნდა ყოფილიყო სწორედ აქ, ამ ტერიტორიაზე მობინადრე ტომი – ”კოლხები”, რის გამოც მთელ ამ გაერთიანებას ”კულხას” ანუ ”კოლხას” გაერთიანება ეწოდებოდა. თავდაპირველად ბერძნები სწორედ ამ გაერთიანებას გაეცვნენ და მას უწოდეს ”კოლხიდა” –  ამ გაერთიანების ჰეგემონი ტომის ”კოლხების” მიხედვით [7 Меликишвили 1954, 63, 412, 413.].

კულხას წამყვანი რეგიონების დარბევამ, მათზე კიმერიელთა სისტემატურმა შემოსევებმა გამოიწვია, როგორც ჩანს, ამ გაერთიანების პოლიტიკური ცენტრის ჩრდილოეთისაკენ გადანაცვლება. ამას ხელი შეუწყო VI ს-ის მეორე ნახევარში ამიერკავკასიის სამხრეთ ზონაში რთული კოლიზიების შექმნამ (აქემენიდური ირანი იმორჩილებს აქ მოსახლე ტომთა დიდ ნაწილს), შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაბლობს კი, რომელიც ამ მოვლენებისგან უფრო მოშორებით იყო, უფრო მშვიდობიანი ცხოვრებისა და განვითარების პირობები ჰქონდა. ამით უნდა აიხსნას სწორედ კოლხურ ტომთა გაერთიანებაში, ნაცვლად სამხრეთის ოლქებისა, უფრო ჩრდილოეთით /გვ. 48/: მდებარე, რიონ-ფაზისის რაიონის დაწინაურება და აქ ახლად წარმოქმნილი გაერთიანების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად ქცევა, რადგან ეს გაერთიანება ძირითადად იმავე ტომებისაგან შედგებოდა, რომლებიც ადრე კულხას ტომთა კავშირში შედიოდნენ, ბერძნებისათვის ის კვალინდებურად კოლხიდა იყო, მხოლოდ რამდენადაც ჩრდილოეთით ინაცვლებდა ამ გაერთიანების პოლიტიკური ცენტრი, იმდენადვე ჩრდილოეთით, რიონის აუზში, გადმოდიოდა თვით ”კოლხიდის” ცნებაც [8 შეად. ლომოური 1971, 19-29.].

გ. მელიქიშვილის მოსაზრებით, კულხას განადგურების შემდეგ კოლხეთის სამეფოს წამყვანი ეთნიკური ჯგუფი ნაწილობრივ განდევნილ იქნა თავისი ოლქიდან. ეს პროცესი, მისი აზრით, დაასრულეს მეზობლად მოსახლე ადგილობრივმა ტომებმა, რასაც ამტკიცებს ის გარემოება, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც იყო კულხას ცენტრი (მდ. ჭოროხის აუზი და მისი შესართავის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალი), შემდგომში სხვა ტომები ჩანან, კერძოდ, ბექირები, ბიძერები, კატარძენები და სხვანი, რომლებიც აღმოსავლეთიდან შემოიჭრნენ ყოფილი კულხას ტერიტორიაზე. ამის შედეგად რიონის აუზში ჩნდება ახალი გაერთიანება  კოლხეთის სამეფო, რომელსაც მკვლევარი პირობითად ჩრდილო კოლხურ სამეფოს უწოდებს [9 Меликишвили 1962, 325-326.].

ნ. ლომოურის აზრით, ტომთა ძველ კავშირთა დაშლამ და ახალთა წარმოქმნამ სამხრეთ ამიერკავკასიაში მართლაც ხელი შეუწყო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი, აღმოსავლეთიდან გადმოსული ტომების გაჩენას, მაგრამ საკუთრივ კოლხთა ტომი, რომელიც ოდესღაც კულხას პოლიტიკური გაერთიანების ჰეგემონი იყო, არც გამწყდარა და არც სხვაგან გადასახლებულა; იგი შემდგომაც  ქსენოფონტისა და უფრო გვიან, არიანეს ხანაშიც, ქ. ტრაპეზუნტის სანახებში სახლობდა. ამ გაერთიანების პოლიტიკური ცენტრის ჩრდილოეთით გადმონაცვლებამ კი გამოიწვია ბერძნულ და შემდგომ ბერძნულ მწერლობაში ტერმინების ”კოლხიდისა” და ”კოლხების”, აგრეთვე, ჩრდილოეთით გადანაცვლება და აწინდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიისა და ძველი მოსახლეობისათვის მათი მიკუთვნება [10 ლომოური 1971, 28.]. ნ. ლომოურს უდავოდ ყურადსაღებად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ ქართულ წყაროებში არავითარი ფორმითა და სახით /გვ. 49/: არ შემონახულა დასავლეთ საქართველოსათვის, ან მისი რომელიმე ოლქისათვის სახელი ”კოლხეთი”. ამიტომ ის ფიქრობს, რომ დასავლეთ საქართველოზე ეს სახელი მწიგნობრული გზით იქნა გადმოტანილი ბერძნების მიერ. ამასთან, ჰერაკლიდეს იმ ცნობებიდან გამომდინარე, რომელთა თანახმად, ფასისის უძველეს მოსახლეობას (დასავლეთ-ქართული ტომები) ჰენიოხები წარმოადგენდნენ, მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ ჰერაკლიდე ემყარება რაღაც ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვით ფასისის მხარეში საკუთრივ კოლხები არასოდეს ცხოვრობდნენ [11 ლომოური 1971, 20.].

მთელი ამ მსჯელობიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ კოლხები ძველთაგანვე ბინადრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქ. ტრაპეზუნტის სანახებში და ტერმინი ”კოლხები” ვიწრო ეთნიკური მნიშვნელობით აქ საკუთარ სატომო სახელწოდებას წარმოადგენდა. რაც შეეხება ცენტრალური აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობას, იგი განსხვავებულ საკუთარ სატომო სახელს ატარებდა, ხოლო ტერმინს ”კოლხები” მათ მიმართ ხმარობდნენ მხოლოდ ბერძნები; ამასთან  ბერძნული მწიგნობრული გზით უნდა მომხდარიყო ტერმინ ”კოლხეთის” გავრცელება მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. დაახლოებით ანალოგიური დებულება ჰქონდა წამოყენებული ტრაპიზონის სანახების მახლობლად მოსახლე ტომის კოლხების შესახებ ი. ჯავახიშვილს, რომელიც აღნიშნავდა, რომ მდ. რიონის აუზში გადაჭიმული კოლხეთის გარდა, ძვ. წ. IV ს-ში (ქსენოფონტის დროს), მეორე, ტრაპიზონის სანახებში მდებარე კოლხეთიც არსებობდა, ამასთან თუ პირველს ”ზოგადი, პოლიტიკური ჰეგემონიის წყალობით გაჩენილი მნიშვნელობა ჰქონდა, ტრაპიზონის სანახების კოლხეთს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო, ტომობრივი მნიშვნელობა ჰქონდა” [12 ჯავახიშვილი 1950, 10, 11.]… ზოგად შემკრებლობითი მნიშვნელობის სახელწოდების  ”კოლხი”, ”კოლხეთი”-ს წარმომავლობასთან დაკავშირებით… ივ. ჯავახიშვილი დასძენდა, რომ ”ამ ქვეყანას კოლხთა ტომის სახელი ზოგად სახელდ ვერ დაერქმეოდა, თუ რომ იქ კოლხებს წინათაც თავიანთი, ვიწროდ შემოფარგლული, მხოლოდ მათი ტომით დასახლებული თემი არ ექნებოდათ”. ასეთ თემად მკვლევარს /გვ. 50/: კოლას ოლქი მიაჩნდა. მისი აზრით, სახელები ”კოლხი” და ”კოლა” ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული [13 ჯავახიშვილი 1950, 12.].

აღნიშნული მოსაზრება სავსებით გაიზიარა გ. მელიქიშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ კულხას გაერთიანების ცენტრი უნდა ყოფილიყო მერმინდელი კოლა-არტაანის ოლქში; კერძოდ, სახელწოდება ”კოლა” მას შესაძლებლდ მიაჩნია დაუკავშირდეს კოლხა-კულხას სახელს [14 Меликишвили 1962, 323-324.].

ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ტერმინები ”კოლხეთი” და ”კოლხები”, მართლაც, სახელწოდება ”კოლას” უნდა უკავშირდებოდეს და მისგან უნდა მომდინარეობდეს. ამ სახელწოდებას (”კოლხები”-”კილხები”) ატარებდნენ უთუოდ კოლას ოლქსა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიაზე მობინადრე კოლხას პოლიტიკური გაერთიანების შემქმნელი ტომები  მთელი მისი არსებობის მანძილზე. კოლებად, ანუ კოლხებად წოდებული ეს ტომები, როგორც ჩანს, არ გადაშენებულან მათი გაერთიანების დაშლის შემდეგაც. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შემდეგშიც. კერძოდ, ვფიქრობთ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალური რეგიონების სხვა დაწინაურებულ ტომებთან ერთად ისინი დიდ მონაწილეობას იღებდნენ ამ ტერიტორიაზე ახალი სამეფოს, ე. წ. კოლხეთის სამეფოს შექმნაში და ამდენად გამოდიოდნენ ძველი კოლხური სახელმწიფოებრიობის ტრადიციების გამგრძელებლებად. ამითვე აიხსნება, ჩვენი აზრით, ის ფაქტიც, რომ ეს ახლად შექმნილი სამეფოც კოლხთა სახელებს იღებს (იხ. ჰეროდოტეს და ქსენოფონტის ცნობები).

ასეთ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ კოლხთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის  დიოსკურიის მახლობლად სწორედ ამ სამეფოს წარმოქმნის ხანაში (ძვ. წ. VI ს-ის მეორე ნახევარი) ძველი ბერძენი ავტორების მიერ კოლხური ტომის კორაქსების მეზობლად იხსენიება კოლების ეთნო-ტერიტორიალური ერთეული, კოლიკედ წოდებული ქვეყანა და მთები.

ჰეკატიოს მილეტელის ცნობის თანახმად, კოლები კავკასიონის ქვემოთ მდებარე ფერდობების მახლობლად მცხოვრები ტომია. ამავე ავტორის ცნობაში მოხსენიებულია ”კავკასიონის ქვემოთ მდებარე კოლიკედ წოდებული მთები” და ამავე სახელწოდების ქვეყანა /გვ. 51/: (Fr. 185, 186). კოლების ტომს კორაქსების მეზობლად აღნიშნავს ფსევდო-სკილაქს კარიანდელიც (Peripl., 77, 78) [15 ყაუხჩიშვილი 1967, 47.].

ძველბერძნულ წყაროებში კოლებად წოდებული ტომების დასახელება დიოსკურიის ჩრდილო-დასავლეთით ჩვენ იმ მოსაზრებისკენ გვხრის, რომ კულხას გაერთიანების დაცემისა და დაშლის კვალდაკვლავ მომხდარ დიდ ეთნო-პოლიტიკურ ძვრებს, ჩანს, თან სდევდა საკუთრივ კოლხთა (ანუ კოლების) ცალკეული ეთნიკური ჯგუფების გადანაცვლება-გადაადგილება კოლხეთის ცენტრალური და ჩრდილო რეგიონებისაკენ, სადაც მრავალი სხვადასხვა სახესლწოდების დასავლურ-ქართული ტომი სახლობდა. ერთ-ერთ ასეთ ტომად, რომელიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და კრებითი მნიშვნელობის სახელწოდებით ”კოლხებით” დაიფარა, ფასიანთა ტომი მოჩანს. ეს ტომი ფასის-რიონის მიდამოებში სახლობდა. ქსენოფონტი მის საცხოვრისს ფასიანთა ქვეყანას (Χώρα) უწოდებს (შდრ. Anab., V, 6, 36, 37). როგორც ფიქრობენ, ფასიანი აღნიშნავდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტომს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამავე დროს, საფიქრებელია ისიც, რომ ფასიანი კოლხებზე უწინარეს გაჩენილი ზოგადი მნიშვნელობის ეთნიკურ-გეოგრაფიული ცნება იყო [16 მიქელაძე 1955, 30-33.]. ზოგი მკვლევრის აზრით, ”ფასიანი”, ანუ ”ფასისელი”, რომელიც ძვ. წ. V-IV სს. ბერძენი მეცნიერის ჰიპოკრატეს ტრაქტატში (”ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ”) არის მოხსენიებული, კრებითი სახელია ტომთა იმ ჯგუფისათვის, რომელშიც პირველობა იმ დროისათვის კოლხებს მოუპოვებიათ [17 ყაუხჩიშვილი 1965a, 21-22.].

ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისევე როგორც კულხას ტომთა გაერთიანებამ თავისი სახელწოდება მიიღო მისი შემქმნელი ჰეგემონი ტომის საკუთარი ეთნიკური ტერმინიდან კოლა, ამ გაერთიანების მემკვიდრე კოლხთა ახალი სამეფოს წარმოქმნის ხანაშიც ანალოგიური ვითარება მეორდება. ამჟამადაც დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობს კოლების-კოლხების ეთნიკური ბირთვი, რომელიც გარს იკრებს და აერთიანებს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მობინადრე მრავალ სხვადასხვა ტომს, მაგრამ კოლხთა სამეფომ, /გვ. 52/: რომელმაც ვრცელი სახელმწიფოს სახით სულ რამდენიმე საუკუნე იარსება, ვერ შესძლო ვერც თავისი ძლიერების შენარჩუნება და ვერც მასში შემავალი ცალკეული სატომო ერთეულების ერთმანეთში შერწყნა-გათქვეფა და თუმც ტომთა ამ გაერთიანებას ბერძნები კოლხთა საერთო სახელს უწოდებდნენ, ეს გაერთიანება არასოდეს ყოფილა მყარი და მონოლითური [18 Инадзе 1968, 164, 165.]. ამიტომ იყო, რომ მასში შემავალი ეთნო-ტერიტორიალური ერთეულები ბოლომდე ინარჩუნებდნენ თავიანთ ტომობრივ მთლიანობას და საკუთარ სატომო სახელწოდებას. კოლხეთის სამეფო, ელინისტურ ხანისათვის შექმნილ სხვადასხვა საშინაო და საგარეო ვითარების ზეგავლენით ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად იშლება. ეს ის ხანაა, როდესაც ქართლში პირველი ეროვნული სახელმწიფო იშვება, რასაც თან სდევს პირველი საისტორიო ტრადიციის შექმნა ამ სამეფოს დაარსების შესახებ… ხოლო ტერმინებს ”კოლხი”, ”კოლხეთი” უკვე დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა თავისი ადრინდელი ეთნო-პოლიტიკური მნიშვნელობა და შინაარსი. ამით უნდა აიხსნას უთუოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულმა ტერმინებმა ვერ ჰპოვეს ასახვა ქართულ წყაროებში. ისინი შემორჩნენ მხოლოდ ძველბერძნულ მწერლობას, საიდანაც შემდეგ მწიგნობრული გზით გავრცელდნენ რომაულ და ბიზანტიურ საისტორიო და სხვა ხასიათის ნაწარმოებებში.

 

 

3 Responses to “•კოლხეთი ანტიკურ მწერლობაში”

  1. ,,მესხები მატიანეების გვერდით ცხოვრობენ და კოლხურ ტომს მიეკუთნებიან” (ჰ.მილეტელი). კოლხი სახელი ქართულ სამყაროში არ შემორჩენილა მაგრამ საინტერესოა ხევსურეთში სოფ. გუდანის ზენა სამღვთო ჯვარში ხუცობის ტექსტში ასეთი მიმართვაა ,,შენ ხარ კოლხელი (კულხელი)” (ხუცესი გადუა არაბული. 2004 წლის ჩანაწერი). ხუცობებში ჩასმული სახელი სადაურობის აღმნიშვნელად ჩანს და საყურადღებოა. კოლხი, კულხა, კოლხა ასეთი სახელებით ცნობილია შუამდინარული ურის ქალაქი, ეგვიპტის ძველი ქალაქი და დასავლეთ საქართველოს ისტორიული ადგილი. ხევსურულ ხუცობაში რომელ კულხაზეა საუბარი გასარკვევია. (ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებიათ). ჩვენი აზრით, ძველ იბერიული მხარის სახელები ღვთაებრივ სახელებთან იყო დაკავშირებული. მაგ. ,,მესხი“- ,,მზის ხევი” (მზის ტაძარი), ,,კახი” -,,კა ხევი” (,,კა” ნაყოფიერების ღვთაება იყო უძველეს დროს. ასევე ეტრუსკულ პანთეონშია ,,კა” მზიური ღვთაება). ,,კოლხა“- ,,კულას ხევი”(,,კულა” ხევსურულ ლექსიკონში დედაბოძს ჰქვიან და კოლხეთის ტერიტორიაზე იყო ,,სიცოცხლის ხის” სიმბოლური სალოცავი ხე იგივე ,,ჭყონდიდი”. ,,კულა”-ს ქვით აგებულ სვეტს დღესაც უწოდებენ ხევსურეთში. უძველეს დროს სახელებს შემთხვევით არ არქმევდნენ, უმეტესობა საკულტო ობიექტს ან ღვთაებრივ მითოლოგიას უკავშირდებოდა. ძველ ბერძნებსაც კოლხეთის სახელი კოლხის ადგილობრივი სახელიდან ქონდათ აღებული და არაფერი მოგონილი. გ.გ. ბორჯღალიონი (borjgalioni.com)

    Like

  2. 10. “კოლ”-ძირის ეტიმოლოგია

    _”კოლხიდა”-“კოლხი”-“კოლა” სახლეწოდების ძირია “კოლ”, “ხი” ბოლოსართია (მესხი, კარდუხი, სომეხი, უბიხი, დიაოხი, ჭიუხი, კორტოხი, კონცხი, ტახი, ზამბახი, ვენახი, კალმახი…) “და”-“დია” აღნიშნავს ქვეყანას (ელადა, ეგეიდა, კარდია, ხალდია…).
    _”კოლო” მეგრულად ნიშნავს მწარეს და ჭაობს. საქართველოში გვაქვს ახლახანს შექმნილი ტოპონიმი “კოლხეთის დაბლობი” – სინამდვილეში “კოლო” ამ დაბლობის მხოლოდ ჭაობიან ნაწილს ერქვა, რადგან მეგრულად ჭაობს საერთოდ ასე ქვია. “კოლხიდას” რომ თავიდანვე “ჭაობეთის” მნიშვნელობა ქონოდა მაშინ მთიანი რეგიონებში არ გვექნებოდა ისეთი ტოპონიმები როგორიცაა “კოლა” (მტკვრის სათავეებთან), “კოლი” იგივე “კოლიკი” (ჭოროხის ხეობაში); კაბადოკიაში არსბობდა ქალაქი “კოლასა” იგივე “კოლასტი” სადაც დაიბადა წმინდა ნინო; “კოლთენე” (მდებარეობდა ზემო არაქსის ხეობაში); “კოლბი” (გოგარენში); შუამდინარეთში არსებობდა ქალაქი “კოლაბერდი”, “კულხა” და “კალხუ”(იგივე ნიმრუდი) – ერთ შუმერულ ღვთაებას ერქვა “კოლა” (საქართველოში ეს მამაკაცის სახელი ხშირად გვხვდება). ბერძნულ-ლათინურად κολώνη-“კოლინა”-“კოლი” ნიშნავს “გორას”-“მთას” რასაც შეესაბამება მეგრული “გოლა”. ჰეკატე მილეტელის ცნობით კავკასიის მთებს ეწოდება “კოლის” მთები. შამში-ადად V-ს წარწერაში მოხსენიებულია “კულარის” (=კოლარის) მთები. თუკიდიდე მთლიანად ანატოლიის ნახევარკუნძულს “კოლხიდის” ნახევარკუნძულად მოიხსენიებს. ქსენოფონტეს აღწერითაც კოლხები მთიან ადგილებში სახლობდნენ. ძველბერძნულად κόρυμβος ნიშნავს ქედს, მთის წვერს, გორას: “კოლას” მთებს ეწოდებოდა “კორაქსული მთები”, ამ მთებიდან გამოსულ მდინარეს (მტკვარს) ერქვა “კოროსი” (მოგვიანებით “კიროსი”), იქ მაცხოვრებელ ხალხს “კორაქსები”=”კორძენები”, რომელთა განსახლების ტერიტორია მოიცავდა აგრეთვე “კლარჯეთს”=”კოლარჯეთს” და სავარაუდოდ ასე ერქვა ჭოროხის, კოდორის, ყუბანის და არზანის რეგიონებსაც. ამდენად “კოლხეთის” სახელის “ჭაობეთის” მნიშვნელობიდან მიღება გამორიცხულია, მაგრამ არც ის ვერსიაა დამაჯერებელი რომ “კოლხიდა” მხოლოდ მთიანეთს ნიშნავდა – თუ “კოლხიდა” მთიანეთს ნიშნავდა რატომ ერქვა მას თავიდან “აია” რომლის მნიშვლელოვანი ნაწილი ზღვისპირეთს მოიცავდა? კოლხების განსახლების ურთიერთგანსხვავებულ არიალთა და იქ “კოლ”-ძირიანი ტოპონიმების არსებობა ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს ტერმინი არც მთებთან, არც ჭაობებთან და არც ზღვისპირეთთან უშუალო კავშირში არ იყო.
    _მეგრულად “კილახონუა” ნიშნავს ხვნას, “კინახონა” ნიშნავს გუთნის კავის რკინის წვერს, მაგრამ ამ სიტყვებიდან “კოლ”–ფუძეს ვერ ვღებულობთ, რადგან „კილა„ ამ შემთხვევაში თავსართია, ხოლო „კინა„ ნიშნავს რკინას. ლათინური “კოლერე”-“კოლტივარე” სამიწადმოქმედო ტერმინებია სადაც “კოლ”-ძირი იკვეთება მაგრამ ის ლათინურად ნიშნავს შეგროვებას–შეწებებას. თუშურად “კილხი”-“კუხი” ნიშნავს ხრიოკ-სახნავ–სათესად გამოუსადეგარ ქვიან ფერდობს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე „კოლ”–ფუძეს ხვნის მნიშვნელობა არ უნდა ქონოდა.
    _”კოლ” ფუძის საწყისი ფორმა შესაძლოა იყოს “ქართ”=”ქორთ” ფუძე. გამყრელიძე-ივანოვმა ქართული “ტყებ”-“ტყავ” ძირი მიიჩნიეს ბერძნული “კოვ” ძირის საფუძვლად. ამ ორი “მეცნიერის” მიხედვით გამოდის, რომ ქართული “ა” შეიძლება ბერძნულში ქცეულიყო “ო”-დ. ამ ლოგიკითაც ვღებულობთ “ქორთ”-ს (მეგრულში ქართ-ველი ხდება ქორთ-უ). ბერძნულში “ქ” ხშირად იქცევა “კ”-დ, “რ” კი “ლ”-ში ადვილად გადადის – მივიღეთ “კოლ”. “ლ”-ს მერე “თ” იქცევა “ხ”-თ, ანუ “ხ”-ს წინ “რ” “ლ”-ში დაგადის, ანუ “კოლთ”, რაც უფრო ადვილად წარმოითქმის როგორც “კოლხ”, “ლთ” კი საერთოდ არ გვხვდება ბერძნულ დაბოლოვებებში. “ქართიდა-კორთიდა-კოლთიდა” მოუხერხებელი იქნებოდა ბერძნული ენისთვის და “კოლხიდას” ამჯობინებდნენ (ანალოგიურ შემთხვევას გავს “კორინთო”), მაგრამ ეს ვერსიაც მაინც ძალზედ სათუოა, რადგან მართალია ბერძნული ენისთვის “რთ” და “ქ” თავსართი მოუხერხებელია, სამაგიეროდ მას ენაცვლება “რდ” და “კ”-“გ” ფორმა – და მართლაც, არსებობს ელინიზებული სატომო სახელი “კარდუხი” და “გორდუენო” (ორისვეს ფუძე არის “ქართ”). ამდენად თუ “კოლხიდის” ძირია “ქართ” მას ბერძნულად “კარდუხიდა” ან “გორდიონიდა” უნდა რქმეოდა და არა “კოლხიდა”. გარდა ამისა გამოდის რომ ასურულმა ენამაც “ქართ”-ძირი “კულხად”=”კოლხად” აქცია, რაც ნაკლებ დამაჯერებელია რადგან ასურულში “ქართ”-ძირს შეესაბამება “ართუ”-“არდუ” (“ურ-ართუ”=ურარტუ).
    _მეგრულად სიტყვა “კოლი” ნიშნავს მიწაში ჩარჭობილ სარს ან ბოძს, რაც შესაძლოა წარმართულ ეპოქაში განასახიერებდა წმინდა სვეტს და სიცოცხლის ხეს. სიცოცხლის ხეს საქართველოში განასახიერებდა აგრეთვე დედაბოძიც. მთიულურად დედაბოძს ქვია “კულა”. მეგრულ სიტყვა “კოლს” ბერძნულ-ლათინურად შეესაბამება “კოლის”-“კოლონა”=სვეტი. ანტიკურ სამყაროში არსებომბდნენ განმარტოებით მდგარი “კოლონები”-სვეტები, რომლებსაც რელგიური დატვირთვა ქონდა – ეს უნდა ყოფილიყო სიცოცხლის ხის კულტის გადმონაშთი. “კოლოსი” ლათინურად აგრეთვე ნიშნავს ხერხემალს და ხორბლის თავთავის ღერძს რომელზეც მარცვლებია მიმაგრებული.
    _საქართველოში სიცოსხლის ხეს განასახიერებს აგრეთვე ჩიჩილაკი, რომელსაც “კალადნობაზე”-ახალწელს ამზადებენ – თავად სიტყვა “კალანდობა” ზოგის აზრით ლათინურიდან არის შემოსული და ითარგმნება როგორც კალენდრის პირველი დღე. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან თვითონ ლათინურ სამყაროში ახალწელს ასე არ ერქვა: ტერმინით “კალენ’დაე” ძველ რომში აღინიშნებოდა არა წლის არამედ ყოველი თვის პირველი ხუთი დღე; დღე ლათინურად არის “დაე”, “კალო” კი ბერძნულ-ლათინურად ნიშნავდა ძახილს (მოხმობას) – გამოდის “დაძახების დღე”, რაც ახალიწლის დასაწყისის აღმნიშვნელად შინაარსობლივად გაუმართავია და ამდენად სიტყვა “კალანდა” ბერძნულ-ლათინური წარმოშობის არ უნდა იყოს. ძველ რომში “კალანდა” ღვთაება დიონისე ფრიგიელის დღესასწაულების ბოლო ხუთ დღეს ერქვა დეკემბრის ბოლოს, ახალი წელი კი ძველ რომში იწყებოდა 14 მაარტს, როცა დგებოდა დღე-ღამ-სწორობა. რაც შეეხება დიონისე-ბახუსს ის ევროპაში მცირეაზიიდან შესულ ღვთაებად მიიჩნევა, ამდენად მისი დღესაწაულის სარიტუალო ტერმინებიც მცირეაზიული წარმოშობის უნდა ყოფილიყო, ამიტო სიტყვა “კალანდას” თავდაპირველი მნიშვნელობა უნდა ვეძებოთ წინააზიურ ენებში და არა ბერძნულ-ლათინურში. სიტყვა “კალანდა” შეგვიძლია განვმარტოდ მეგრული ენით: “კალა” არის იგივე “კოლი” რომელიც ზემოთ ვახსენეთ (სარი-ბოძი-სვეტი-სიცოცხლის ხე – სხვათაშორის “კალანდას” სლავიანურად “კოლანდა” ქვია და უკავშირდება ხის კულტს “იოლკას”=”ოლხას”); “ნდა”=”ნდღა” ნიშნავს დღეს – ასეთი ინტერპრეტაციით “კალანდას” საწყისი ფორმაა გამოდის “კოლა-ნდღა”, რომელიც იყო “სიცოცხლის ხის” დღესასწაული და ის წარმართულ ეპოქაში სავარაუდოდ სრულდებოდა გაზაფხულზე, საიდანაც იწყებოდა ძველად წელიწადის ათვლა, რაც უფრო ახლანდელ ბზობასთან იყო ახლოს.
    _მკვდრების მისაწევარ შეჭამადს “კორკოტს”, რომელსაც ამზადებდნენ ხილის, თაფლის და მარცვლეულის შერევით ბერძნულად ერქვა “კოლიბა”, სლავურან “კოლივო”, ქართულად “კოლიო”.
    _”კოლი” გარდა საკულტო სვეტისა თავად საკულტო ხის სახელიც უნდა ყოფილიყო: “კ” მეგრულად ნიშნავს “რკოს”, რაც სხვა ხეების მსგავს ნაყოფსაც აღნიშნავდა. ამდენად შესაძლოა “კ” თავსართის სახით ერთვოდა ხეების სახელებს: ჭყონი-კრჭყონი, რცხილა-კრცხილა, კაკალი, კედარი, კიპარისი… ქართულად “ოლე” ნიშნავს განმარტოებით მდგარ დიდ ხეს – “ბერმუხას”. წმინდა ხეა “ალვის ხეც” (“ალიხე”), ლათინურად მას შეესატყვისება “ალნუსი” და “ალბერი”. კელტების წმინდა ხის სახელი შემორჩენილია ევროპის ზოგიერთ ენაში, როგორც “ოლხა” და “აილხე” (იოლკა). სვანური სიმღერა “(ო)ლილე” და სლავიანური სადღესასწაულო სიმღერები “კოლოტები” სავარაუდოდ მას ეძღვნებოდა. ამდენად დიდი ალბათობით ადრე მართლაც არსებობდა ხის ჯიში სახელად “კოლა” რომელიც ძაან დიდიხნის უკან გადაშენდა მცირეაზიაში, რადგან სავარაუდოდ ეს იყო ტროპიკული ხის ჯიში, რომელიც დათბობის პერიოდში ხარობდა მცირეაზიაში და შემდგომ კლიმატურ ცვლილებას ვერ გაუძლო. დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში კი დღემდე არსებობს ხე სახელად “კოლა”, რომლის კაკალიც თანამედროვე დასალევის “კოკა-კოლას” მეორე კომპონენტია. საყურადღებოა რომ აფრიკულ თქმულებებში ეს ხე ადამიანებს ღმერთებმა უწყალობეს.
    _ისტორიული საქართველოს “კოლას” რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ხეობა “რკონი”, რაც “კოლას” ქართული შესატყვისი უნდა ყოფილიყო. “კოლას” რეგიონს ამასთანავე ერქვა “კედარი”, რაც აგრეთვე წმინდა ხეა. კოლას სამხრეთ-დასავლეთით არსებობს ტოპონიმი “ოლთისი”. ხათების სამეფოშიც მუხის კულტი იყო გავრცელებული. ხეთურ მითში მოკვდავი და აღორძინებადი ღვთაების, თელიფინუს წინ, “ეიას” წმინდა ხეს დგავენ, რომელზედაც ცხვრის ტყავს ჰკიდებენ. ანტიკურ მითებში, ოქროს საწმისი მდინარე ფაზისის პირას, ომის ღვთაება არესის ხეობაში, მუხის ხეზე იყო ჩამოკიდული და მას ურჩხული (იქნებ ქერუბიმი-სფინქსი, “მუხის ანგელოზი”) დარაჯობდა. სვანურ თქმულებებშიც არსებობს მუხის ხეზე ჩამოკიდებული საწმისი. საერთოდ ქართულ ცნობიერებაში მუხა იგივე საქართველოა, რაც კარგად გამოიხატება ერთ ქართულ ხალხურ ლექსში -“მუმლი მუხასაო”… თავად მუხის ხეს ძველქართულად ერქვა “კრკო” და სავარაუდოდ “კუხიც” საიდანაც უნდა იყოს მისი თანამედროვე სახელი “მუხა” ტრანსფორმაციით “მკუხი”<"მუხი"<"მუხა" – თავისმხრივ "კუხი" კი შესაძლოა მიღებულიყო "კ-ოლხ"<"კ-ულხ"<"კ-უხ" ფორმირებით. სიტყვა "კუხი" ასევე ნიშნავს "მკვახეს"-მწარეს, რაც მეგრულად არის "კოლა".
    _კელტურ მითოლოგიაში თხილის საკრალურ ხეს და მის ნაყოფს ქვია "კოლი" (ქართული ჩიჩილაკიც თხილის ტოტისგან მზადდება) რომლის სიმბოლოა რიცხვი ცხრა. ძველი ირლანდიური დამწერლობის მეცხრე ასონიშანს ქვია "კოლი". კელტური მითების თანახმად წმინდა წყლის ირგვლივ ცხრა თხილის გული აწყვია, რომლითაც იკვებება საკრალური კალმახი.
    _ევროპაში საკრალური ხის კულტი საახალწლო ნაძვის ხემ ჩაანაცვლა, რომელიც თავისმხრივ უკავშირდენა ლიკიის დედაქალაქ მირაში მოღვაწე წმინდა "ნიკოლოზს" (="კოლას"). – არსებობს დასალევი "კოკა-კოლას" რეკლამა, სადაც სანტა "კლაუსი" ამ სასმის გვთავაზობს – არამგონია ამ რეკლამის გადამღებებს სცოდნოდათ თუ რა კავშირი არესბობს სახელ "კლაუს"(=კოლაუს=ნიკოლოზს) და ამ სასმისის მეორე კომპონენტ "კოლას" შორის, მაგრამ ჩემთვის ეს შემთხვევითობა სხვანაირად შთამბეჭდავია.

    Like

    • Давид said

      каргад дацере, маграм саинтересо ис арис ром сакартвелос териториебис квела сахели боловдеба “хи”-т ес убрало болосарти ки ар арис, ес арис “цкали” тушурад(ваинахурад есеиги цинарекартулад), ковели теми сахлдебода сасмели цклис махлоблад да акедан гамомдинаре рчебода саркмели. рац раме чамотвале титкмис квелапери тушур еназе итаргмнеба(ваинахебис ена цинарекартули). тушурад кол нишнавс зустад игивес рац мегрулад “сари”, маграм сари арис тушурад “мзис сули”, амас дгесац агнишнавен тушетши корцилебши, рац шеидзлеба грдзел сарзе антебули лампари, ромелсац ецодеба, “машхала”, игиве ерква хевсуретши, маграм дакаргес. “машхала” итаргмнеба “гмертма гаачина цецхли”, ес ахалшеуглебулебис гамравлебис ритуалиа. дзвели ваинахеби сакартвелос уцодебднен “кортли”, ес итаргмнеба, “тави цецхли” есеиги кавкасиис центрс уцодебднен “мтавари цецхли”, “кален дае” тушурад нишнавс “цецхлис дге”, 25 декемберс чрдилоетит мзе амоицвереба да цецхли гамочндеба, мзе агсдгеба акедан гамомдинареобс. 14 мартс, дге-гамис сцоробас атаребен тушеби ритуалс расац квиа “самотхе”, ес нишнавс “мзис сулс”, синатлис гамарджвебас сибнелестан, ес мзис религиа кристестан асоцирдеба, “чичилаки” тушурад итаргмнеба “шигнит цецхли антиа”. шеидзлеба беврс сисулеледац моечвенос рац давцере маграм ес згваши цветиа имастан ром картул енис дзири арис тушури ена, латинуршиц да бердзнулшиц беври ситквеби цинарекартули енидан арис шесули. гаквирвебули вар мегрули енис ваинахебис енастан мсгавсебиса, ехла давицке мегрулис сцавла оциоде ситква агмовачине ерти да игиве азрис, ромелиц дгевандел картвелма ар ицис.

      Like

დატოვე კომენტარი