Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

●ქართველური ტომები

 

ქართველთა აღმნიშვნელი ძველი და ახალი სახელები

წინარექართველურ (იბერიულ-კავკასიურ-წინააზიურ) და ქართველურ ტომთა აღმნიშვნელი სახელები

სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებულია აზრი, რომ უძველესი დროიდანვე (მაგ., ძვ.წ. III ათასწლეულიდან, ზოგის მიხედვით, კი – V ათასწლეულიდან!) არსებობდა სამი ქართველური ტომი სამი განსხვავებული ენით: ქართები, ზანები (მეგრელ-ჭანები) და სუანები; შდრ., დამკვიდრებულია რწმენა, რომ III ათასწლეულიდან (შესაბამისად, V ათასწლეულიდან) უკვე არსებობდა სვანური, ზანური და ქართული ენები (დაწვრილებით იხ., ქვემოთ). ვარაუდობენ, რომ შემდგომ პერიოდში ქართებისგან მოხდა სხვა ტომთა ასიმილაცია-ქართიზაცია… გაჩნდა საოცრად არაადექვატური ფრაზაც: ქართი – ტომიყლაპია (ნ. ბერძენიშვილი). წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ არცერთი წყაროს მიხედვით არ ჩანს ქართის ტომის არსებობის კვალიც კი; ამ ფონზე სრულიად უსაფუძვლოდ ჩანს ქართიზაცია-ქართველიზაციის თემა. არა მხოლოდ III-II ათასწლეულებში, არამედ I ათასწლეულის დასასრულსაც კი ოცამდე ქართველური ტომის არსებობა დოკუმენტურად დასტურდება: როგორც წესი, თითოეულ ტომს საკუთარი საცხოვრისი და განსხვავებული მეტყველება (ენა, კილო) ჰქონდა, მაგ., ქსენოფონტე საგანგებოდ ლაპარაკობს თავისი ერთი მებრძოლის მაკრონულ წარმომავლობაზე: ათენში ტყვედყოფილ მოლაშქრეს გაახსენდა ბავშვობისდროინდელი ენა და ქსენოფონტეს თარჯიმნობა გაუწია მაკრონების ქვეყნის გავლის დროს (ქსენოფონტე, 1967, გვ.86); ბუნებრივია, იმ კონტექსტში იგულისხმება, რომ მაკრონებთან საურთიერთოდ ქსენოფონტეს არ გამოადგნენ ის თარჯიმნები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ სხვა ქართველური ტომების წარმომადგენლებთან საუბრის დროს. ლოგიკას არ ექვემდებარება აზრი, რომ თუ I ათასწლეულში 20-მდე ქართველური ტომი არსებობდა, როგორ უნდა ვირწმუნოთ III ათასწლეულში მხოლოდ იმ სამი ტომის არსებობა, რომლებიც დღესაც არსებობენ. ასეთ შემთხვევაში დაისმება უპასუხო კითხვა: საიდან, როგორ გაჩნდნენ და სად გაქრნენ დანარჩენი ტომები? რამ განაპირობა მხოლოდ ამ სამი ტომის უპრეცენდენტო უნიკალურობა – 5000 წლის მანძილზე არსებობა თვისობრივი ცვალების განუცდელად მაშინ როცა ასეთ ხანგრძლივ პერიოდს უდიდესმა ცივილიზაციებმაც კი ვერ გაუძლეს?

ჩვენი ხედვით:
ტერმინი “ქართველური ტომები” (ასევე, აფხაზურ-ადიღეური, ვაინახური, ლეკურ-დაღესტნური…) შეუძლებელია გამოვიყენოთ III ათასწლეულების კავკასიის და მცირე აზიის ხალხების აღსანიშნავად; ამ პერიოდში არსებობდა “მტკვარ-არაქსის ცივილიზაციის” შემქმნელი წინარექართველური, პირობითად, იბერიულ-კავკასიური-წინააზიური დიდი მოდგმა, რომელის საფუძველზე II ათასწლეულში ჩამოიძერწა მაშინდელ კავკასიაში დომინანტი ქართველური ეთნოსი, რომელმაც შექმნა “კოლხური ცივილიზაცია”; შემდეგ მრავალრიცხოვანი ომებისა თუ მიგრაციის შედეგად ეს ხალხიც დაიქსაქსა 20-ზე მეტ ქართველურ ტომად. ამ ტომთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ისევ შეიკრა ქართველი ერი, აღსდგა ქართველთა სახელმწიფოც, რომელიც შემდეგ პერიოდებში დრო და დრო ისევ ცალკეულ თემთა კუთხურ სამთავროებად იშლებოდა და ისევ ერთიანდებოდა…

თვალი გავადევნოთ წყაროებს:
უძველესი ცივილიზაციების წერილობით ძეგლებშივე დასტურდება ეთნონიმები, რომლებიც, სპეციალისტთა ერთი ნაწილის დასკვნით, ქართველთა წინაპრებს აღნიშნავდნენ; სხვა მკვლევართა აზრით კი იგივე ძველი ეთნონიმები სხვა იბერიულ-კავკასიურ არაინდოევროპელ და არასემიტ წინა აზიურ-ანატოლიურ მოდგმას მიემართებიან. ჩვენი აზრით, მაგ., ძვ.წ. III ათასწლეულში მცხოვრები სუბარელების (ხურიტების) და ხათების თუ II ათასწლეულში მცხოვრები აბეშლაელებისა და ხუბუშქიელების ენის (რესპ. ხალხის) სრული გაიგივება თანამედროვე ქართველების, ჩეჩნების, ან ადიღურ-აფსუურ ეთნოსის რომელიმე სამეტყველო ერთეულთან, გაჭირდება, ვინაიდან, 4000-5000-წლიანი ინტერვალი ამგვარი იდენტიფიკაციისათვის ძალიან დიდია; უთუოდ გასათვალისწინებელია ენათა და ეთნოსთა ისტორიის ტიპოლოგია; კერძოდ, თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველა ერის (ეთნოსის) ენამ, ფსიქიკურმა წყობამ, ხასიათმა თუ კუთვნილმა ტერიტორიამ ბოლო 10 საუკუნეშიც კი სერიოზული ცვლილება განიცადა! მითუმეტეს, არსებითი ცვალება მოხდებოდა 40-60 საუკუნის მანძილზე; მაგ., IV-III ათასწლეულებში მცხოვრები დიდი ტრადიციების დამწერლობების მქონე ხალხებიც კი (შუმერები, ეგვიპტელები, ხეთები…) გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან და, წარმოუდგენელია, დამწერლობის არმქონე გაცილებით მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს დღემდე თვისობრივად უცვლელად შემოენახათ თავი. უფრო ლოგიკურია დავუშვათ, რომ ერგატიული კონსტრუქციის მქონე ენების მფლობელი ხურიტები, ხათები თუ ქართველურ-კავკასიურ ეთნონიმებთან და ტოპონიმებთან სტრუქტურულად მსგავსი ონომასტიკური ერთეულების მქონე წინა აზიის და კავკასიის სხვა ძველი ხალხები (ტომები) მივიჩნიოთ დღევანდელი იბერიულ-კავკასიური ენების – ერგატიული ტიპის ენების(!) – მფლობელ ეთნოსთა საერთო წინაპრებად (ისიც, გარკვეული პირობითობით).

ვვარაუდობთ, რომ წინარეისტორიულ პერიოდში ბევრი ქართველურ-ჩრდილოკავკასიურ-წინააზიური მოდგმის ტომი არსებობდა, რომელთა ნაწილი საერთოდ დაიკარგა, ნაწილი კი მეტნაკლებად “ასახულია” თანამედროვე იბერიულ-კავკასიურ ეთნოსებში, გამომდინარე აქედან, უძველესი დროიდან ვიდრე “დიდ კოლხურ ცივილიზაციამდე” არსებული ტომები საერთოკავკასიურ-წინააზიურ მოდგმად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო I ათასწლეულიდან უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საკუთრივ ქართველურ და ჩრდილო კავკასიურ ტომებზე; ამგვარი პირობითობით ჩამოვთვლით ძველ წინარექართველურ თუ იბერიულ-კავკასიურ ტომებს, რომელთა დიდი ნაწილი ქართველთა წინაპრებად შეიძლება ჩავთვალოთ:

ხურიტები//მითანელები//მატიენები (მითანი//მითანის მოსახლეობა) – ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები ბინადრობდნენ მდინარე ევფრატის შუა წელს ზემოთ ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებში (ჩრდილო მესოპოტამიაში); ამ ქვეყანას შუმერები სუბირს, აქადელები და ასურელები მას სუბართუს ეძახდნენ (შდრ., სუბართუ – გეოგრაფიული ცნება); ძვ.წ. XVI საუკუნიდან მათ შექმნეს მითანის დიდი სახელმწიფო. სპეციალისტთა დასკვნით, სუბარელების ენა აგლუტინაციური ტიპის და ერგატიული კონსტრუქციისა იყო; ჩანს, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით იგი ენათესავება იბერიულ-კავკასიურ ენებს (ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი, ნ.ნოზაძე). ხურიტების განსახლების საზღვარი ტერიტორიულად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალს (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002). მითანი დაემხო ძვ.წ. XIII საუკუნეში. სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ გაძლიერდნენ დაიანი, კოლხა, ურარტუ და ე.წ. ნაირის სხვა ქვეყნები. ჰეკატაოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472), ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) და სხვათა ცნობებით, მატიენები ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მესოპოტამიის ჩრდილოეთით მოსხების, სასპერებისა და ალაროდიელების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.42, 144; ჰეროდოტე, 1975, გვ.61, 111, 332).

შდრ.: ს.ჯანაშიას მტკიცებით “ქართლის მოქცევის” თხრობის არიან-ქართლი წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოებიც, რადგან ჰარი-ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც” (ს.ჯანაშია, 1952, გვ.70). არნ. ჩიქობავას აზრით, იბერიულ-კავკასიური ენები (მათ შორის ქართულის – ტ.ფ.) ენათესავება წინა აზიის ძველი ციცილიზაციის მკვდარ ენებს: ხეთურს, ჰარულს, მიტანი-ენას, ურარტულს, ელამურს… ქართული ენა არის ხეთურ-იბერიული წრის ცოცხალი ენა; არსებული განსხვავებანი მეორეულია” (არნ. ჩიქობავა, 1950, გვ. 006). ამგვარი აზრი გაზიარებულია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაშიც (იხ., მაგ., კ.ზ. გამსახურდია, 1997, გვ 66: ე. თაყაიშვილის დაკვირვებით არიან-ქართლი არის ჰარი-ქვეყანა – ხურიტების ადგილსამყოფელი); შდრ., გ. მელიქიშვილი, 1999, გვ. 19: “ხურის ენა და მასთან დაკავშირებული ეთნიკური ელემენტი მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე მეტად ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ამ ხალხის უმთავრეს კერას, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ცენტრს, ამ დროს, ზემო მესოპოტამია და ვანის ტბის სანახები წარმოადგენენ; ზემო მესოპოტამიაშია მითანის სამეფო, ვანის ტბის სანახებში კი – ხურის სამეფო (ადრე ხურის ნაცვლად კითხულობდნენ ხარის). “თავისი ფიზიკური ტიპითა და ენით ხური-მიტანის (შემდგომი ურარტუს) მოსახლეობასთან დღეს მცხოვრებ ხალხთაგან ყველაზე ახლოს ქართველური, კავკასიური მოდგმის ხალხები დგანან” (გ. მელიქიშვილი, 1999, გვ. 19).
ხურიტ- ფუძეში შესაძლოა გამოიყოს ხურ- ძირი, რომელიც ჰარ-/*ხარ-/*ხალ- ვარიანტის სახით შეიძლება ვეძიოთ ხალდ-/ქართ- ფორმებში, ხოლო ხმოვნის ლაბიალიზებული ვარიანტით – კოლ-/კულ-ხ- (<*ქოლ-/*ქულ-<*ხულ-/ჰურ-; ხ//ქ მონაცვლეობისათვის შდრ.: ხალდები//ქალდები) ფუძეში.

ხათები – ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (მოგვიანო პერიოდების მესხიკეს, კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ. გიორგაძე, 2002); შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენებს (ქრ. გირბალი, ი. დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). თვლიან, რომ ხათური ყოველდღიური ხმარებიდან გამოვიდა II ათასწლეულის შუა ხანებში (თ. გამყრელიძე); ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ – ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა იბერიულ-კავკასიურ ენების ერთ ნაწილში გარკვეული სიღრმისეული დაფენებების სახით. არ არის გამორიცხული, რომ ხათ- ფუძის ლაბიალიზებული ვარიანტი (ქუთ-) შემონახული იყოს ქუთაისის სახელში: ხათ-/ქათ > ქუთ-.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ., არნ. ჩიქობავა, 1948; არნ. ჩიქობავა, 1950; შ. გაბესკირია, 2003; შდრ., გრ. გიორგაძე, 2002, გვ.90); მაგ., 2002 წლის მაისში ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე (“ინტეგრაციისა და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში”) წაკითხულ მოხსენებაში “ქართველურ-ანატოლიურ-ეგეოსური ენობრივი პარალელების საკითხისათვის” რობერტ შმიდტ-ბრანტმა ქრ. გირბალის კვალად ხათური წარმომავლობის სიტყვებად მიიჩნია დიდი, წვიმა, პური, ლაპარაკი, სმენა, ცხვარი, შავი, ცუვა – ძუ (“ცოლი”) და სხვა; მისი აზრით, ხათური ენა კავშირშია საერთოქართველურ ენასთან. შდრ., ურარტული ღვთაება დიდუანი, ქართვ. დიდი და ხათური დიდი…

ქასქები//ქაშქები და აბეშლაელები – ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ ლურსმულ წყაროებში, ასევე, ასურულ, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი იყო: ქასქა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, კაშკუ (ასურ.); Kტკყმ (უგარიტ.)… ისინი ცხოვრობდნენ ხეთებისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგვიანო ხანის ანატოლიაში (პონტოში). მკვლევართა ერთი ნაწილის (გ.მელიქიშვილი, ი.დუნაევსკაია, ი.დიაკონოვი, ა.კამენხუბერი, ვ.არძინბა, გ.ჩირიკბა) აზრით, ქასქების ენა ერთ-ერთი აფხაზურ-ადიღეური ენაა (ტერმინის ფონეტიკური ვარიანტებისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გ.გიორგაძე, 2000); ასურული და ხეთური წყაროების ქაშქებ//ქასქების ერთ-ერთ სახელად (სინონიმად) მიჩნეულია ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული აბეშლაელები. მიუხედავად იმისა, აბეშალა და ქასქა სინონიმებად გამოცხადდება თუ მონათესავე ტომებად (მსჯელობისათვის იხ., გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 125; გ.გიორგაძე, 2002, გვ.113-121), ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია 40-50 საუკუნის წინანდელი და თანამედროვე ენების ამგვარ ახლო ნათესაობაზე ლაპარაკი; ასეთი მსჯელობა ლინგვისტურ-ისტორიული გულუბრყვილობაა; შდრ., აგრეთვე, მაგ., მ.ქურდიანის აზრით, დაახლოებით 40 საუკუნის წინ არსებობდნენ ზანურენოვანი (?) ხუბუშქიელები; ავტორის ვარაუდით, პარალელურად იყვნენ ქართულენოვანი აბაშებიც, რომელთა სახელიც შემონახულია ტოპონიმ აბაშას სახით (არადა, სწორედ დღევანდელი თუ ისტორიული აბაშელები მეტყველებენ ერთ-ერთ ზანურ დიალექტზე!); მისივე ვარაუდით, ხუბუშქიელები აბაშიდან (?) ერთ-ერთი სამხედრო ექსპედიციის (?) დროს ამიერკავკასიიდან გადასახლდნენ ვანის ტბის მიდამოებში; სალმანასარ III-სთან დამარცხების შემდეგ მათგან მხოლოდ “ქვეყნის სახელი და სამეფო დინასტია (? – ტ.ფ.) დარჩა” (მ.ქურდიანი, 2001, გვ. 130-131)… მ.ქურდიანი ამ დასკვნებს აკეთებს ერთი სიტყვის – ხუბუშქიას – სათუო ეტიმოლოგიის მიხედვით; კერძოდ, მისი აზრით, საერთოქართველურ (რესპ. ქართულ) აბაშ- ფორმისგან წარმოიქმნა ზანური ხუბუშქ- ვარიანტი; ამგვარ ლინგვისტურ ვარჯიშობას არავითარი სხვა დასაბუთება არ ახლავს. უფრო ლოგიკურია აბაშ- ფუძის დაკავშირება აბაზ-და აბეშალ- ფორმებთან (იხ., ქვემოთ)… ივ.ჯავახიშვილის, პ.უშაკოვის და სხვათა აზრით, ქაშქები მერმინდელი კოლხების წინაპრები არიან; გრ.გიორგაძის ვარაუდით, ტომთა გაერთიანებენი ქასქები და აბეშლაელები მეგრულ-ლაზური წარმოშობისანი შეიძლება იყვნენ, რამდენადაც, ეთნონიმ მუშქშიც და მათ სხვა ტოპონიმებშიც, ხშირია სქ//სგ//შქ თანხმოვანთკომპლექსები, რომლებიც ზანურ-სვანური რიგის კომპლექსებია (გრ.გიორგაძე, 2000, გვ.16; გრ.გიორგაძე, 2002, გვ. 121). პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოსხ-//მუშქ- ფუძეში, სავარაუდოა, გამოიყოფა -ხ( > ქ) კრებითობის გამომხატავი სუფიქსი, ამდენად, შესაძლოა ქასქ- ფუძეშიც გამოიყოს შეხორცებული უძველესი -ხ//-ქ მორფემა, შესაბამისად, ს-ქ (შ-ქ) იყოს მორფემათა ზღვარი; მეორეც, სქ//შქ კომპლექსი არ იკრძალება არც საერთოქართველურის, არც სამწიგნობრო ქართულის და არც სხვა ქართველური დიალექტების ფონემატური სტრუქტურით; ამდენად, მხოლოდ ამ კომპლექსის მიხედვით მსჯელობა გაჭირდება. უფრო ლოგიკურია ვთქვათ, რომ ხათების მონათესავე ქასქები და აბეშლაელები (შესაძლოა, ხუბუშქიელებიც) წინარექართველურ-კავკასიური ტომთა გაერთიანებების ერთი ნაწილის აღმნიშვნელია, ვინაიდან მათ ლექსიკაში შთამბეჭდავია როგორც ქართველური, ასევე, ჩრდილოკავკასიური ელემენტები. ამ და სხვა წენარექართველურ-კავკასიური ტომებისგან კი მომდევნო ათასწლეულებში ჩამოიძერწნენ ქართველებიც და ჩერქეზებიც (მათ შორის დღევანდელი აფხაზებიც), ვაინახებიც და ლეკებიც… სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ძველი წინააზიური ენების კვალი ქართველურშიც აშკარაა და სხვა იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღეურ, ვაინახურ, დაღესტნურ) ენებშიც.

მუშქები (მუშქა//მუშქი), მოსხები (მოსოხი//მეშეხი), მესხიკეს მცხოვრებლები – სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდაა გაზიარებული, რომ ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში მოხსენიებული მუშქები, ბიბლიური მოსოქ-//მოსოხ-მეშეხ- სახელწოდებები (შესაქმე, X 2, 22-32), ბერძნულ-რომაული ტექსტების მოსოხები, ძვ. .წ. IV საუკუნეში არსებული (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22; ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ. 18; ნ.ხაზარაძე, 1998, გვ.177; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 273) სახელმწიფო მესხიკე – (მოსხების) მესხების ქვეყანა, ქართლის ცხოვრების არიან ქართლი და ქართველთა თანამედროვე ტერმინი მესხეთი ერთმანეთთან ფორმობლივად თუ სემანტიკურ-ტერიტორიულად დაკავშირებული ტერმინებია; კერძოდ, ისინი მიემართება ქართველურ მოდგმას, რომელთა განსახლების ძირითადი ტერიტორია იყო ევფრატისა და ტიგროსის ზემო დინებები და გვიანდელი კაბადოკია-პონტოს ტერიტორია (ანატოლიის ცენტრალური ნაწილი) – მდინარე ჰალისის (კიზილ-ირმაკის) მიმდებარე ტერიტორია, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი; შდრ.: “ფეოდალური ხანის ნომენკლატურით, მოსხების ქვეყანა მოიცავდა: სამცხეს, ჯავახეთს, კლარჯეთს, აჭარას, ეგრისს, სავშეტს, კოლა-არტაანს, ამიერ და იმერ ტაოს, ბასიანს, სპერს, ანუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს” (მსჯელობისა და ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., ნ.ხაზარაძე, 1984, გვ. 36-70; გრ.გიორგაძე, 1985; გრ.გიორგაძე, 2002). ძვ.წ. XII საუკუნეში ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ე.კავნიაკმა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ოლქებიდან ჩამოსულებად მიიჩნია (გ.მელიქიშვილი, 1965, გვ. 22); ნ.ხაზარაძის აზრითაც, მუშქები, აბეშლაელების მსგავსად, ჩრდილოეთიდან უნდა გავრცელებულიყვნენ სამხრეთისაკენ ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ (ნ.ხაზარაძე, 2002, გვ. 124); მკვლევარის ვარაუდი ეფუძნება იმას, რომ ხეთურ ლურსმულ ტექსტებში მუშქები საერთოდ არ არიან მოხსენიებული. ჩვენი აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ მუშქთა წინაპრებად ქასქები ან სულაც, ხათები მოვიაზროთ; შესაბამისად, ხეთებისთვის ცნობილი იყვნენ ქასქები; ლოგიკური ჩანს ქაშქების სახელწოდების განიხილვა მუშქუ ეთნონიმთან მიმართებითაც (გრ. გიორგაძისა და ე.ფონ შულერის მოსაზრებების შესახებ იხ., ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.283)… შდრ.: ხეთები ქასქებთან დებდნენ სხვადასხვა ხასიათის ხელშეკრულებებს; ქასქები და ხათები კი მონათესავე ტომებად ითვლებიან! რამდენადაც, არაინდოევროპელი ხათების ტერიტორიაზე ინდოევროპელი ხეთები მოსულები არიან, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხათების მემკვიდრე ქასქებსა და ხეთებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო; ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შესაბამისად, სხვაგვარად დადგება ქართველურ ტომთა მიგრაციის საკითხიც (ჩვენი თვალსაზრისი ემყარება ს.ჯანაშიას კონცეფციას; ამის შესახებ, იხ. ქვემოთ).
შენიშვნა: კ.ფ.ლემან-ჰაუპტი ფიქრობდა, რომ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხების (ისტორიული გორდუენეს – კორდუქის მკვიდრების) და წინა აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად (ვიმოწმებთ გ. მელიქიშვილის მიხედვით; გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.19-20)
ბერძნულ წყაროებში მოსხების ტომი პირველად ნახსენებია ძვ.წ. VI ს. ბერძენი მწერლის ჰეკატიოს მილეტელის მიერ; მისი მოწმობით მოსხები კოლხური ტომია; ისინი ცხოვრობდნენ მატიენების (მითანის) მეზობლად – მესოპოტამიის ჩრდილოეთით ანდა მცირე აზიის ჩრდილი-აღმოსავლეთით (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 43-44). ჰეროდოტეს (ძვ.წ. V) მიხედვით, მოსხები კოლხებთან, სასპერებთან, ხალიბებთან (ქალიბებთან), მაკრონებთან, ტიბარენებთან, მოსინიკებთან და მარებთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სანაპიროზე სპარსეთის მეფე დარიოსის I (ძვ.წ. 524-485) დროს (იხ. ჰეროდოტე, 1976, გვ.634; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.47, 660). სტრაბონის (ძვ.წ. 64 – ახ.წ. 24) მიხედვით, მოსხები ცხოვრობენ კოლხების გვერდით შავი ზღვის სანაპიროზე ჰენიოხებისა და კერკეტების სამხრეთით; სტრაბონისვე ცნობით, ადრინდელი მოსხური ქვეყანის (ივარაუდება ძვ.წ. IV საუკუნეში არსებული მოსხიკე? ალბათ, უფრო მუშქების საცხოვრისი – ტ.ფ.) ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე – იბერებს და მესამე – არმენიელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.140-145). იოსებ ფლავიოსის აზრით (39-95) მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ და “ახლა მათ კაბადოკიელები ეწოდათ; კაბადოკიელთა ეს ძველი სახელი შემორჩენილია მათი დედაქალაქის სახელად, რომელიც არის მაზახა” (იოსებ ფლავიოსი, 1987, გვ. 103); ევსტათი ანტიოქელთან (280-360 წ.წ.) კაბადოკიელთა წინაპრებად დასახელებულია მესხენები, მათ ეთნარქად კი – ოსოხი (გეორგიკა, 1961, გვ. 34). ორი საუკუნის შემდეგ კი პროკოპი კესარიელი მესხთა (მესხოი) საცხოვრისად მიიჩნევს იბერიის გასწვრივ არსებულ მთებს (გეორგიკა, 1965, გვ.127). სტეფანე ბიზანტიელთან (IV-VII) დადასტურებულია ეთნონიმი მოსხი; იგი მიჰყვება რა სტრაბონს, მოსხებს ასახელებს კერკეტების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით – ტ.ფ.). XI საუკუნის მოღვაწე ლეონ გრამატიკოსი უცვლელად იმეორებს წინა თაობების მოსაზრებებს და იაფეტის შვილად მიჩნეულ მესხოსგან მომდინარედ მიიჩნევს მესხებს, რომელთაც ახლა კაბადოკიელები ეწოდებათო…(გეორგიკა, 1963, გვ.3-4)… მოსხ-//მესეხ-//მესხ- ტერმინთან დაკავშირებით საინტერესოა ჩრდილო-კავკასიურ ენათა მონაცემები: პ.უსლარისა და ა. დირის ცნობებით დაღესტნურ ენათა სამყაროში ქართველების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს – მოსოქი//მუსექი; იგი მიემართება, აგრეთვე, წოვა-თუშებსაც (გ.ბურჭულაძე, ბ.შავხელიშვილი, 1993, გვ.325). შდრ., აგრეთვე: მეს-ხ- > ვესკ > ბასკ-; მსჯეკობისათვის იხ., ი.ზიცარი, 1998)ვარაუდებენ, რომ მესხ-, მოსხ- მუსხ- ფუძეები ქართველური დიალექტური ვარიანტებია; მათთვის ამოსავალი შეიძლება იყოს *მას- ძირი (შდრ., მასის მთა – არარატის ძველი სახელი), ხოლო -ხ- იყოს ხურიტულ-ურარტულ-კავკასიური სუფიქსი (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., რ.აბაშია, 2001), რომელიც კრებითობა-წარმომავლობას გამოხატავს: *მას-ხ-.
ჩვენი აზრით, *მას-ხ- მართლაც შეიძლება იყოს ამოსავალი ფორმა, მაგრამ წარმოდგენილი ფორმები ისევე ვერ მიიჩნევა ქართველურ დიალექტურ (ზანურ-სვანურ-საერთოქართველურ) ვარიანტებად, როგორც, მაგ., სხვადასხვა ძველ ენაში დადასტურებული თარგამოსი// თოგარმა// თორგომა //თეგერამა //თილგარიმუ, არარატი //ურარტუ და სხვა პარალელური ფორმები; ამ რიგის მასალა ისე ძველია, რომ სათავე წინარექართველურ-კავკასიურ პერიოდსა და სხვადასხვა მსესხებელი ენის ფონემატურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.401-402; გ.თოფურია, 1970, გვ. 120; მ.ქურდიანი, 2000, გვ.189; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 285 და სხვ.).
ვფიქრობთ, სადავო არ უნდა იყოს, რომ მოსხები//მესხები ერთერთი ძველი ქართველური ტომის სახელია, რომელიც მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოთაგან ისტორიის ერთ მონაკვეთში განზოგადებული იყო “ყოველთა ქართველთა” სახელად.
 
დაიანელები //.დიაუხელები //ტაოხები – ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში ფიქსირდება დაიაენის ქვეყანა; მკვლევარები ამ სახელწოდებას უკავშირებენ ურარტული ლურსმული ტექსტების დიაუხ-ს, ბერძნული წყაროების ტაოხოი-ს, ძველი სომხური წყაროების ტაიქ-ს და ისტორიული საქართველოს ერთი კუთხეს – ტაო-ს (ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002); ვარაუდობენ, რომ ეს იყო ძლიერი ქართველური ტომი, რომლის მეფე სენზე გამარჯვებითაც საგანგებოდ ბაქიობდა ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I (1115-1077). დაიანელები//ტაოხები//ტაოელები ცხოვრობდნენ ევფრატის სათავეებიდან შავ ზღვამდე რეგიონში. ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში ტაოხები პირველად ფიქსირდებიან ქსენოფონტესტან (ძვ. წ. V_IV ს.); ტაოხები, რომლებიც ცხოვრობენ მერმინდელ ოლთისის ოლქში, სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებიან და ხალიბებთან ერთად სპარსელი სატრაპის ტირიბაძის მოქირავნეები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 52). ტაოხების საცხოვრისი და ქართველური ეთნიურობა ეჭვს არ იწვევს; მოგვიანებითაც, მაგ., სტაფანე ბიზანტიელიც (IV-VII ს.) ტაოხებს შიდა პონტოში მოსახლე ტომად თვლის; მისი ცნობით, “ზოგიერთები მათ ტაოელებსაც ეძახიან, როგორც ამბობს სოფაინეტე თავის “ანაბაზისში” (გეორგიკა, 1936, გვ. 284). ვარაუდობენ, რომ დაიაენი შეიძლება იყოს იგივე აია – აიეტის ქვეყანა; -ეტ- სუფიქსი ბერძნულში წარმომავლობა-კუთვნილობითობის მაწარმოებელია; “არგონავტების უძველეს ვერსიებში, ქვეყანა სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია; უფრო გვიან ამ ქვეყანას კოლხიდად მოიხსენიებენ” (ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.32).
შენიშვნა: დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომელიც ქსენოფონტეს მიჰყვება, ტაოხების ნაცვლად ახსენებს ხაებს: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოტვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124); შდრ., ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) მოსხებსა და ბექე~რებს შორის ასახელებს ხო~ებს; რიზეს მახლობლად მცხოვრებ ხო~ებს ჩვეულებრივ ტაოხო~ს შერყვნილ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მათი საცხოვრისი იმდენადაა დაშორებული ტაოხების საცხოვრისს, რომ ხო~ებისა და ტაოხების იდენტიფიკაცია გაჭირდება (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 44)

კოლხები – ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში დადასტურებულია კილხი და კულხა//კოლხა გეოგრაფიული ტერმინები, რომლებიც გაიგივებულია ბერძნულ-რომაული წყაროების კოლხოი და კოლხის სახელწოდებებთან; სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია ნ.მარის გამოთქმული აზრი, რომ კოლხთა უძველესი პოლიტიკური გაერთიანება ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის დასაწყისში (ძვ.წ. VII ს. 20-იან წლებამდე) დოკუმენტურად დასტურდება სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ცენტრით ჭოროხის ხეობაში; VIII-VII საუკუნეებიდან მისი ცენტრი გადადის დასავლეთ საქართველოში – რიონისპირეთში (გ.მელიქიშვილი, თ.მიქელაძე, ნ.ლომოური, მ.ინაძე; მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე: ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ. 68-69); შდრ., ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ. 4: “არგონავტების ოქროს საწმისისათვის ლაშქრობის შესახებ ბერძნული თქმულება მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენ ქვეყანასთან – ძველ კოლხეთთან, რომელიც დღევანდელ დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალს მოიცავდა…”; აკ. ურუშაძის და სხვათა ვარაუდით, თავდაპირველად, ბერძნები, კოლხეთში მთელ ქართველურ სამყაროს გულისხმობდნენ (აკ.ურუშაძე, 1964, გვ. 6); თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფს ამ აზრის სისწორეს (იხ. ქვემოთ, I თავი); აშკარაა, რომ ძველი კოლხეთი მხოლოდ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს არ შეესაბამება; კოლხეთის გაცილებით დიდი ტერიტორია (მტკვრს ზემო წელისა და ჭოროხის ხეობები) დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია მოქცეული.

ბერძნულ წყაროებში ტერმინი `კოლხიდა გაია” პირველად ჩნდება ძვ.წ. VIII საუკუნის პოეტთან ევმელიოს კორინთელთან (არსებული მდიდარი ლიტერატურის მიმოხილვა იხ., გ.მელიქიშვილი, 1965; ნ.ლომოური, 1962; შ.ასათიანი, 1993; მ.ინაძე, 1993). ფსევდო-სკილაქსის აზრით, კოლხებით დასახლებული ტერიტორია ვრცელდება დიოსკურიიდან მდინარე აფსარისამდე ე.ი. სოხუმიდან ჭოროხამდე (თ.ყაუჩიშვილი, 1976, გვ. 84)… ფსევდო-სკილაქსის ცნობებს იმეორებს სკოლაქს კარიანდელი (ძვ.წ. VI-V ს.). ჰეროდოტე ამტკიცებდა რომ კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსული; მისი აზრით, სამხრეთის (მეწამული) ზღვიდან ჩრდილოეთის (პონტოს) ზღვამდე ცხოვრობდა ოთხი ტომი: სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები (ჰეროდოტე, 1975, გვ. 156, 262), აშკარაა, რომ აქ კოლხებიც და სასპერებიც უფრო ტომთა გაერთიანებების აღმნიშვნელია, ვიდრე ცალკეული ტომებისა (კოლხების შესახებ იხ., ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ. 12). ამას ადასტურებს ქსენოფონტეს მოგზაურობის დღიურებისა და ფსევდო-სკილაქსის ცნობების შედარება; კერძოდ: ფსევდო-სკილაქსი ტრაპეზუნტისა და კერასუნტის მიდამოებში ასახელებს ბიძერებს, ეკექე~რიებს, ბექე~რებს, მაკროკეფალებს და მოსინო~კებს; დაახლოებით ამავე პერიოდის ქსენოფონტე კი ტრაპეზუნტ-კერასუნტის რეგიონში ასახელებს მხოლოდ კოლხთა ტომს (თ.მიქელაძე, 1967, გვ.97); შდრ., აპოლონიოს როდოსელი (III ს.): `ქედმაღალ მეფეს ვერ უშველიან კოლხთა ტომები” (არგონავტიკა, 1975, გვ.113). მითრიდატე-პომპეუსის ბრძოლებთან დაკავშირებით კოლხებს ახსენებს II საუკუნის მოღვაწე აპიანე (აპიანე, 1959, გვ198); სავარაუდოა, რომ კოლხებად იგი მიიჩნევს ტომთა დიდ გაერთიანებას, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ცხოვრობდნენ; შდრ., აღმოსავლეთ საქართველოში ამ დროს იბერები სახელდებიან. არიანეს მიხედვით, ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი არიან კოლხები (ამათ გვერდით არიან სანები (ქსენოფონტის მიხედვით იგივე დრილები), მაკრონები და ჰენიოხები (ბერძენი მწერლები… 1983, გვ.158). დღევანდელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას არიანე (II ს.) უკვე ლაზების სახელით იხსენიებს: “ლაზიკას ჩამოუდის მდინარე, სახელად რეონი, სადაც კოლხებს ძველად ციხე აუგიათ”…(ბერძენი მწერლები… 1983, გვ.188). ამ პერიოდიდან ერთმანეთს ხშირად ენაცვლება ტერმინები კოლხი და ლაზი; მაგ., V საუკუნის ანონიმი ავტორი წერს: `დიოსკურიიდავ ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომლებსაც კოლხები ეწოდებოდათ და მერე გადაერქვათ ლაზები” (გეორგიკა, 1965, გვ6)… იპოლიტე რომაელი (III ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403 წ.წ.) და მრავალი სხვა მოგვიანებითაც ტერმინ კოლხებს ირჩევენ, სხვები კი ლაზებს იყენებენ (იხ. ქვემოთ); მაგ., იოანე ლიდე (VII ს.) წერს: `კოლხიკეს ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ლაზების ჰეგემონობის გამო” (გეორგიკა, 1970, გვ.3; ს.ყაუხჩიშვილის კომენტარი); აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.): `ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას… ლაზები ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით” (გეორგიკა, 1936, გვ.27, 50)… შდრ., იოანე ცეცე (1110-1180 წ.წ.): `კოლხები ინდოელი სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ და ცხოვრობენ აბაზგების, წინანდელი მასაგეთების მახლობლად”; `კვიტაია კოლხეთის ქალაქია, ხოლო კოლხები ლაზური ტომია, ცხოვრობენ აბაზგების მახლობლად”; კოლხებს აზიელი სკვითებიც და ლევკოსირებიც ჰქვიათ; ისინი ცხოვრობენ აზიის მხარეში მდინარე ფაზისის ირგვლივ”… (გეორგიკა, 1967, გვ.32, 36-37)… ძველი ბერძნებისვე ცნობით, კოლხეთი იგივე აიაა; ჰეროდოტე: არგონავტები `მიცურავდნენ ა~აში, კოლხიდაში, საწმისისათვის”; `მოვიდა ეს კიტისოროსი ა~ა-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი”… (ჰეროდოტე, 1975, გვ.472-473); ამავე აზრს იმეორებს აპოლონოის როდოსელიც თავის არგონავტიკაში. შდრ., II საუკუნის ალექსანდრიელი მოღვაწის დიონისოს პერიეგეტის “დედამიწის აღწერილობის” მიხედვით, კოლხები ევროპიდან მოსულნი არიან (თ.ყაუხჩიშილი, 1976, გვ.93); ამ ცნობაში შეიძლება ასახული იყოს ევროპიდან პონტოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იბერიელთა მოსვლის ლეგენდა.

შენიშვნა: ჰეკატა~ოსის `დედამიწის აღწერაში” VI ს. ბერძენთათვის ცნობილი იყვნენ შემდეგი ქართველი ტომები: მელანქლა~ნები, კორაქსები (კოლხური ტომი), კოლები, მოსხები (კოლხური ტომი), ხო~ები ბექე~რები, დიძერები, მაკრონები, მარები, მოსინო~კები, ტიბარენები, ხალიბები. ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV) `პერიპლუსში” კი შავი ზღვის სანაპიროზე დონიდან თანამედროვე თერმეჩაიმდე დასახელებულია შემდეგი ტომები: სავრომატები, მა~ოტები, სინდები, კერკეტები, ტორეტები, აქა~ები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლა~ნები, გელონები, კოლხები, ბიძერები, ეკექე~რები, ბექე~რები, მაკროკეფალები, მოსინო~კები, ტიბარენები, ხალიბები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 81-82). თ.ყაუხჩიშვილის აზრით, ჰეროდოტესთან ქართველ ტომებად იხსენიებიან: კოლხები, სასპე~რები, ხალიბები, მაკრონები, მოსხები, ტობარენები, მოსინო~კები, მარები; მათი მონათესავე ტომები არიან: ალაროდიელები, მატიენები. მოსხები და ტიბარენები ომში ერთ მეთაურს ემორჩილებოდნენ; მაკრონები და მოსინო~კები – მეორეს; მარები და კოლხები – მესამეს, ხოლო, ალაროდიები და სასპე~რები – მეოთხეს (ჰეროდოტე, 1975, გვ.27-28; იხ. აგრეთვე, თ.ყაუხჩიშვილი, 1955).

კოლხა უნდა მომდინარეობდეს ძველი ქართული პროვინციის კოლას სახელისგან (ი.ჯავახიშვილი, 1950, გვ12): კოლა//კოლ-ი – კოლ-ხ-ი; ქართულ წყაროებში ფუძე კოლა ადრიდანვე დასტურდება, ხოლო ქორონიმის მეორეული ვარიანტი კოლხეთი ქართულში ბერძნულის ანალოგიით გვიან იქმნება. შდრ., პატრიარქ ნიკონის მატიანეში საქართველოს აღმნიშვნელი ერთ-ერთი ტერმინია კოლხეკია (გ. პაიჭაძე, 1993). ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდიდან კერასუნტის რეგიონში, ჰალისისა (კიზილ-ირმაკის) და ჭოროხის აუზებში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოსა და მტკვრის ზემო წელის მხარეებში ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება; ამ გაერთიანების თავდაპირველი ბერძნული სახელი შეიძლებოდა ყოფილიყო აია (შდრ.: აიეტი და დაიაენი, ტაო), თვითსახელწოდება კი – ქართლი (იხ. ქვემოთ) ძვ.წ. XII-VIII საუკუნეებში ამ გაერთიანებაში ჰეგემონობდა კოლხების ძლიერი ტომი, რომლის სახელის მიხედვით დაფიქსირდა ეს სახელმწიფო მეზობელი სახელმწიფოების დოკუმენტებში თუ ბერძენი მწერლებისა და მოგზაურობის მეხსიერებაში; იგი ამ პეროიდში უკვე მოიცავდა შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს აღმოსავლეთ საქართველოს ჩათვლით (შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ.412)… მეტიც, როგორც ზოგი ბერძნული წყარო, ასევე, თანამედროვე არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფენ, რომ ე.წ. “დიდი კოლხური ცივილიზაცია” მოიცავდა დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილსაც; შდრ., აგრეთვე ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწე ჰეკატა~ოს მილეტელის ცნობა, რომლის მიხედვითაც, კორაქსები და ჩრდილო მესოპოტამიაში მცხოვრები მოსხები კოლხური ტომებია (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43; ჩვენი მსჯელობა იხ., აგრეთვე, ქვემოთ). პ.ინგოროყვას აზრით, კოლხისგანაა ნაწარმოები ქლუხორი (კოლხორი > კლუხორი > ქლუხორი; შდრ., კოდა > კოდ-ორ-ი; პ.ინგოროყვა, 1954, გვ143).

კორაქსები – ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწე ჰეკატა~ოს მილეტელის ცნობით კორაქსები კოლხური ტომია (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43); სკოლაქს კარიანდელი (ძვ. წ. VI-V ს.) კორაქსებს ასახელებს ჰენიოხების შემდეგ (თ. ყაუხჩიშვილი, 1967, გვ. 47). კორაქსებს ახსენებს ფსევდო-სკლაქსიც (ძვ. წ. IVს.); მისი აზრით, კორაქსები ცხოვრობენ ჰენიოხებზე სამხრეთით და კოლებზე ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამათზე კიდევ უფრო სამხრეთით არის ტომი კოლხებისა და მის ტერიტორიაზეა დიოსკურისი. ისე, რომ ამ ავტორის თანახმად კორაქსების ტომი თანამედროვე სოხუმზე უფრო ჩრდილოეთით არის ნავარაუდევი. თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 10). კორაქსები და კოლები დაახლოებით დღევანდელი ბზიფის (კლავდიოს პტოლემა~ოსის მიხედვით მდინარე კორაქსის!) შესართავის რაიონში არიან საგულვებელი (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 83; იხ. აგრეთვე ნ. ლომოური, 1963, გვ. 22); შდრ., არისტოტელეს (ძვ. წ. 384-322) ,,მეტეოროლოგიაში” ვკითხულობთ: ,,კავკასიონის ქვემოთ არის ტბა (კასპიის ტბა), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვას უწოდებენ. რადგან ამ ტბას მრავალი და დიდი მდინარე ერთვის და ცხადი გამოსავალი კი არა აქვს, იგი მიწის ქვეშ მიედინება კორაქსებისკენ და გამოდის პონტოს ე.წ. სიღრმეებთან (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 36); არისტოტელე არ საზღვრავს მათ საცხოვრისს და არც მათ ეთნიკურობას, ვინაიდან, ჩანს, რომ მის მკითხველ თუ მსმენელ საზოგადოებას ამისი საგანგებო ახსნა არ სჭირდებოდა.” (თ ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 10). სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.) თავის “გეოგრაფიულ ლექსიკონში” ჰეკატეს “აზიის” კვალად კორაქსებს მიიჩნევს კოლხურ ტომად (შდრ., მისთვის ლაზები სკვითური ტომია! გეორგიკა, 1936, გვ. 280-281); ამავე ავტორის მიხედვით, “კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ქარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები და კორაქსები…” (გეორგიკა 1936, გვ. 289).
ივ. ჯავახიშვილის აზრით, კორაქს- ფუძე დაიშლება კორ- ძირად და -ქს- სუფიქსად, სადაც, -ქს- იგივე “საკვეცი” -ხ- არის, რაც გვაქვს კოლ-ხ- ფორმაში (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.411); ლოგიკურია კოლ- და კორ- ფუძეების, ასევე, შესაბამის ტომთა საერთო წარმომავლობის საკითხის დასმა, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უკვე ჰეკატა~ოსის დროს კორაქსები, კოლები და კოლხები მონათესავე, მაგრამ სხვადასხვა ტომები არიან.

კოლები – კოლები პირველად დასტურდებიან ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472); ფსევდო-სქილაკსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით, კორაქსები და კოლები დაახლოებით ბზიფის შესართავის რაიონში არიან საგულვებელი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83). ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნის ანონიმური პერიპლუსის ავტორი კოლების ქვეყანას კოლიკეს ასახელებს, ერთი მხრივ, ჰენიოხების, კორაქსებისა და, მეორე მხრივ, მელანაქლაინების, მაქელონების, კოლხების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.105); შდრ., სტეფანე ბიზანტიელი: კოლები – ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია (გეორგიკა, 1936, გვ.281).
ლოგიკურია დავუშვათ, რომ საქართველოს ისტორიული პროვინცია კოლა, ეთნონიმი კოლ-ხ-ი//კოლ-ხ-ა და კოლები//კოლიკე საერთო ფუძისგან წარმომავალი სიტყვები იყოს (შდრ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ. 138: კოლხი და კოლაელები სინონიმებია); ასევე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ტრაპიზონისა და ბიჭვინთის რეგიონებში ერთსადაიმავე დროს დაფიქსირებული კოლხები და კოლები მონათესავე ტომები არიან. პ.ინგოროყვას აზრით, კოლასგანაა ნაწარმოები კლარჯი: კოლ-არ-ი > კოლარჯი (პ.ინგოროყვა, 1954, გვ. 138); მას ახსნილი არა აქვს ჯ-ს წარმომავლობა, მაგრამ დაკავშირება სწორი ჩანს: შეიძლება დავუშვათ, რომ *კოლარ- და დიალექტური კოლაჯ- (ზანურშია ბუნებრივია რ > ჯ პროცესი სიტყვის ბოლოს: ხარი > ხოჯი, ქმარი > ქომონჯი…) ფორმების კონტამინაციით მივიღეთ კოლარაჯ- ფორმა, რომელმაც მოგვცა კლარჯ- ფუძე; ასევე, არაა გამორიცხული, -რ ფონეტიკურ ჩანართად მივიჩნიოთ: კოლარ- > კოლაჯ- > კლაჯ- > კლარჯ-.

კარდუხები – პირველად ქსენოფონტესთან სახელდებიან; ეს მეომარი და უბატონო ტომი ებრძვის როგორც ბერძნებს, ასევე სპარსელებსა და არმენებს; მათი საცხოვრისი ამ დროს მიუვალ მთებშია: “მოლაშქრეებმა ტყვეებისგან გაიგეს, რომ თუ ისინი შეძლებენ კარდუხების მთების გადალახვას და მდინარე ტიგროსის სათავეებზე გადასვლას, მივლენ არმენიაში” (ქსენოფონტე, 1976, გვ. 63-66, 74-75); კარდუხებით დასახლებული ტერიტორიის საზღვრებია: ჩრდილოეთით თანამედროვე ბოტან-ჩაი, დასავლეთით – ტიგროსი, სამხრეთით თანამედროვე ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი; ბერძნულ-რომაულ წყაროებში კარდუხების სახელის ვარიანტებია: გორდუენო~ და ჩორდუენი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.52). ტომი კარდუენები ამავე ტერიტორიაზე დასტურდება მოგვიანებითაც; იხ., მაგ., პეტრე პატრიკოსი (VI ს.): რომაელებსა და სპარსელებს შორის მოლაპარაკების ერთერთი სადავო საგანი იყო ქვეყანა კარდუენე (მას რომაელები ითხოვდნენ), რომელიც ტიგრისის სატავეებთან მდებარეობდა (გეორგიკა, 1936, გვ.193)…
კარდუ//კარდუ-ხ- ფუძესთან აკავშირებდა ქართუ(-ელ-) ფუძეს ივ. ჯავახიშვილი (1960, გვ. 411-412); კარდუ- ფორმას ხალდ- ფუძისგან მომდინარედ თვლის ა.სვანიძე (ა.სვანაძე, 1937, გვ. 14); შდრ., უფრო ადრე, ქართუ-ელ- ფორმას ქალდ-ე- (ქალდეა) სახელთან აკავშირებდა ილია ჭავჭავაძე: “ძალიან ჭკუასთან ახლოა და ადვილად საფიქრებელი, რომ ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული “ქალდი”, “ქალდისი” იგივე “ქართლისი” იყოს…” (ი. ჭავჭავაძე, 1941, გვ. 376). ქსენოფონტეს მიერ დადასტურებული კარდუხები მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ ქურთთა წინაპრებადაც მიიჩნეოდა; ამგვარი დაკავშირების უსაფუძვლობა დასაბუთებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში (მსჯელობისათვის იხ., ა.სვანაძე, 1937, გვ. 14).
ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ, კარდუხების და ქალდ-//ხალდების საცხოვრისები არარატისა (ძველი მასისის მთის; შდრ.: მას- და მას-ხ-//მეს-ხ-//მოს-ხ-//მუს-ხ- ფორმები და მაზახა – კაბადოკიის დედაქალაქი) და ტიგროს-ევფრატის სათავეების შუა ტერიტორიას მოიცავდა, მეორე მხრივ კი ხალიბების ქვეყანა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იყო ქსენოფონტეს დროსვე, ხოლო ხალიბების ერთი მორჩილი ტომი ტრაპიზუნტ-კერასუნტის ახლოს ცხოვრობდა, საშუალებას გვაძლევს ლოგიკურად დავუშვათ, რომ ამ დიდ რეგიონს ფლობდა ერთი დიდი ეთნოსი, რომელიც შემდეგ მრავალ ტომად დაიქსაქსა და, შესაბამისად, მათ შეინარჩუნეს რა საერთო სახელის ხსოვნა, შემოინახეს ნაირგვარი ფონეტიკური ვარიანტით; ძირითადად, სწორედ მას-//მეს-//მოს-//მუს- და ქალ-//*კალ-(> კოლ-)//ხალ//ჰალ-(ჰალისი), უფრო მოგვიანებით, აგრეთვე, სპერ//ჰბერ-//~ბერ-//იბერ- ფუძეებზე იყარა ძველ ქართველურ ტომთა მრავალრიცხოვანმა სახელებმა (ამ საკითხის შესახებ მსჯელობა იხ., აგრეთვე, ქვემოთ).

ურარტუელები //ალაროდიელები – ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში სამხრეთ ამიერკავკასიისა და დღევანდელი ირან-თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებობდა იმ დროისათვის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო – ურარტუ; თავად ურარტუელები მათ ქვეყანას ბაიანილს უწოდებდნენ (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, 1971, გვ. 407), ხოლო თავიანთ თავს – ხალდებს (ი.მეშანინოვი, 1927, გვ.3; შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ. 28-29: თვითსახელწოდებაა ბია/ბიანილი); შდრ., ურარტუელთა ღმერთი იყო ხალდი. ასურულ წყაროებში ურარტუს სახელად დადასტურებულია ურუატრი; შდრ., აგრეთვე: ბიბლიური არარატი. საყურადღებოა, რომ მოვსეს ხორენაცი არ იმოწმებს ამ ტოპონიმს და ირჩევს აშკარად ძველ, არმენიელების მოსვლამდელ სახელწოდებას – მასის მთა. ურარტული ენა უახლოვდება ხურიტულს. მიიჩნევენ, რომ ჰეროდოტეს მიერ მატიენებისა და სასპე~რების გვერდით მოხსენიებული მათი მონათესავე ალაროდიელები//ალაროდები (ჰეროდოტე, 1976, გვ. 226), რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ, არარატის სანახებში არმენიელთა მოსვლამდე, ურარტუელები არიან. ივ.ჯავახიშვილის აზრით, ამ ალაროდებ//ურარტუელებშიც უნდა ვიგულისხმოთ ქართველთა უშუალო წინაპრები (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ. 437). მისივე აზრით, რამდენადაც ქსენოფონტე ამ რეგიონში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენიელებს ასახელებს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ არმენების კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც; შდრ., არმენებს არ ახსენებს არც ჰეკატიოს მილეტელი. ქსენოფონტესვე ცნობით, არმენებს დიდი ბრძოლები აქვთ ხალდებთან; რაც მეტყველებს იმაზეც, რომ ურარტუელთა გვერდით ერთ-ერთი დამხვდური (მოძმე) ტომია ხალდები.
შენიშვნა: ურარტუელები ეომებოდნენ დიაოხსაც, კოლხასაც, მაგრამ არც ერთი მათგანის სახელი არ უქცევიათ ზოგადად მტრის სახელად; გ.მელიქიშვილის ცნობით, მათ მტრის სინონიმად აქციეს მტერი ქვეყნის ლულუ-ს სახელი (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 21); სავარაუდოა, რომ ეთნონიმი ლულუ მიემართებოდა მოსულ მოძალადე ინდოევროპული ენის მქონე ტომებს – არმენებს.

ტაბალები // თაბალები // თობელები – ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურული წყაროების თაბალის ქვეყანას (თა-ბა-ლუ) მკვლევართა უმრავლესობა ანტიკური ხანის დიდ კაბადოკიაში ათავსებს; მაგ., ბ.ლანდსბერგერის ვარაუდით, თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში – სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში; მიჩნეულია, რომ თაბალების სახელი ასახულია ბიბლიური ეთნარქის თუბალ-//თობელის სახელში (შესაქმე, IV,22; X,2; XI, 28). ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მტკიცებულებანი, რომ თუბალ//თობალის ჩამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლაბიოსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ.მარი, ი.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა… მსჯელობისათვის იხ., ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22-23; ს.ჯანაშია, 1959). თაბალებსა და ტიბარენებს სხვადასხვა ხალხებად მიიჩნევს ნ.ხაზარაძე (შდრ.: თაბალი – გვიანდელი ხეთური პოლიტიკური გაერთიანება მცირე აზიაში); მისი აზრით, ასურული თაბალ-, ძველებრაული თუბალ- და ძველ ბერძნულად ნათარგმნ ბიბლიაში დამოწმებული თობელ- შეუძლებელია ქართველური დიალექტური (შესაბამისად, ქართულ-სვანურ-მეგრული) ვარიანტები იყონ, ვინაიდან იდენტურ სახელთა მსგავსი ვარიანტულობა ხშირია ასურულ, ხეთურ, იეროგლიფურ-ლუვიურ, ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ენებში; მაგ., შდრ.: ასურული გამირ-, მუშქუ და ძველბერძნული გომერ-, მეშეჰ-; ხეთური კუმმანი და ასურული კამმანუ; ხეთური თეგერმა და ძველბერძნული თოგორმა… ნ.ხაზარაძის დასკვნით, “თაბალისათვის ნავარაუდევი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ხეთურ-ლუვიური ტომების გავრცელების არეალში შედიოდა” (ნ.ხაზარაძე, 1978, 64, 82). აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თუ ბიბლიური მეშეჰი და თობელი სხვადასხვა ხალხების წინაპრებად ივარაუდებიან, ბიბლიის განმმარტებლენი თობელის შთამომავალთ იბერებთან აიგივებენ, იმ იბერებთან, რომლებიც, ამავე დროს, მკვლევართა აზრით, ტიბარენების ჩამომავლები არიან. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი მაზახა//მაზაკა რომელიც მოსხთა დედაქალაქად მოიაზრება, მასალობრივად აშკარად უახლოვდება მასხ-//მასახ- ფუძეს; ნ.ხაზარაძის აზრით, კი სწორედ ამ ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდნენ თობალებიც.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში თობელები// თეობელები და ქართული თარგანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში; კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.): `… თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ” (გეორგიკა, 1961, გვ. 34; შდრ., XII საუკუნის ქართული თარგმანი: `დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან”); ევსტათი ანტიოქელი (280-360 წ.წ.): ობელისგან წარმოიშვენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34); ლეონ გრამატიკოსი (XI): `… თობელისგან – თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან – მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები” (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49)… შდრ., გიორგი სინგელოზი (VIII-IX): თობელისაგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან – ილირიელები (გეორგიკა, 1941, 61-62)…

ტიბარენები – ჰეკატა~ოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472) მიხედვით ტიბარენები ცხოვრობდნენ თანამედროვე ორდუს მიდამოებში (თ.ყაუხჩიშვილი, 1978, გვ.44). ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484 -425 წ.წ.) ცნობით, მეფე დარიოსისგან (524-485) მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინო~კებსა და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი (ჰეროდოტე, 1975, გვ.226).
ქსენოფონტემ (ძვ.წ. IV) ტიბარენები ნახა მოსინოიკებს დამორჩილებული ხალდების (ჭანების?) მეზობლად, შავი ზღვის სანაპიროზე; მისი რწმუნებითაც ტიბარენების ქვეყანაში იყო ელინთა ახალშენი კოტიორა, თანამედროვე ორდუ (თ.მიქელაძე, 1967, გვ.106-107). ფსევდო-სკილაქსი ტიბარენებს მოსინიკების მეზობლად ასახელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ 84-85). აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295-215) ტიბარენთა ქვეყანას ათავსებს ხალიბების (იგივე ხალდების) ჩრდილოეთით (ა.როდოსელი, 1975, გვ. 107). სტრაბონის მიხედვით ტიბარენები ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ, ხალდ-ხალიბებსა და სანებთან ერთად (აქვეა მოსხური მთები, რომლებიც კოლხიდას ზემოთ მდებარეობენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ 146). დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.) ტიბარენებს ასახელებს მოსვინოიკებიის შემდეგ: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები – თ.ყაუხჩიშვილი), ფასიანები, ხალდები, სკიტინები, მაკრონები, კოლხები, მოსვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124). მაცხოვრის წყალობით ველურობიდან გამოსულ ტომთა შორის ასახელებენ ტიბარენებს ევსეი კესარიელი (260-340 წ.წ.) და თეოდორიტე კვირელი (393-457 წ.წ.). შავი ზღვის სანაპიროების აღწერის დროს ამიანე მარცელინე (IV ს.) წერს: მდინარე ჰალისის აუზში ცხოვრობენ: ხალიბები (სტრაბონის აზრით, იგივე ქალდეები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა), ბიზარები, საპირები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები… “რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან” (გეორგიკა, 1961, გვ.110-111). სტეფანე ბიზანტიელის მიხედვით, ქვეყანა ტიბარენია არის პონტოში, ხალიბებისა და მოსინიკების მეზობლად (გეორგიკა, 1936, გვ. 285)…
ბერძნულ-რომაულ წყაროებში არსადაა მითითებული, რომ ტიბარენები და იბერები ერთი და იგივე ხალხია; მიუხედავად იმისა, რომ ტიბარენებისა და იბერების იგივეობა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდ მიღებული აზრია, ტიბერენ- და იბერ- სახელების შესაძლო ერთი წარმომავლობის (იხ. ქვემოთ) მიუხედავად, დასახელებულ ტომთა იგივეობის სამტკიცებლად საკმარისი არგუმენტები არ არის; თუმცა, ამავე დროს, აშკარაა, რომ ტიბარენებიც და იბერებიც ქართველურ ტომთა განსახლების ველში ცხოვრობენ და ისინი ქართველურ ტომებად უნდა მივიჩნიოთ.

სასპე~რები //ჰესპერიტები //სვისპირიტები //იბერები (იბერია//კავკასიის იბერია) – ჰეროდოტეს მიხედვით სასპე~რები ცხოვრობდნენ კოლხიდასა და მიდიას შორის: “კოლხიდიდან მიდიაში გადასასვლელი დიდი არაა, მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი” (ჰეროდოტე, 1975, გვ.76). რამდენადაც ჰეროდოტესთან საერთოდ არაა ნახსენები იბერები, სპეციალისტები ვარაუდობენ. რომ სასპე~რები იგივე ჰიბერები//იბერები არიან (ი.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია…). ჰეროდოტესთანვე, სასპეირები, მატიენები (მითანელები?), და ალაროდიელები (ურარტუელები) გვერდიგვერდ მოიხსენიება; შდრ., ტომთა მეორე ჯგუფი: მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინო~კები და მარები (იხ. იქვე, გვ.227)… ეს ცნობები ხელს შეუშლის ჰიბერების, ტიბარენებისა და სასპეირების იდენტიფიკაციას; ტიბარენები და სასპეირები აშკარად სხვადასხვა ქართველური ტომია, ხოლო, სასპე~რებისა და იბერების იგივეობის დაშვება შესაძლებელია; იხ., მაგ., ს.ჯანაშია: სასპე~რებით დასახლებული ტერიტორია რომაულ ხანაში სისპირიტად იწოდებოდა, რაც შეიცავდა იბერია-ქართლის სამეფოს ტერიტორიასაც; მხოლოდ მისი პოლიტიკური ცენტრი მცხეთა-არმაზის რაიონზე სამხრეთით იყო საძიებელი. სამხრეთით სასპე~რ-იბერების მიწა-წყალი ვრცელდებოდა არაქსის ხეობასა, ჭოროხის ხეობის ზემოთა ნაწილზე და ევფრატის სათავეებზე (ს.ჯანაშია, 1952, გვ. 21, 101; მსჯელობა იხ., აგრეთვე, ქვემოთ).
შდრ., ქსენოფონტეს მიერ დასახელებულ ჰესპერიტებს და სტრაბონის სვისპირიტებს სასპეირებთან აკავშირებდა პ.ინგოროყვა (პ.ინგოროყვა, 1957, გვ. 506-507; იხ., აგრეთვე, თ.მიქელაძე, 1967, გვ.145-146).

გ.მელიქიშვილის აზრით, სასპე~რები იგივე ტაოხები არიან (გ.მელიქიშვილი, 1959, გვ.268), თ.მიქელაძისა და ვ.ლიჩელის აზრით კი დასავლურ-ქართული, კერძოდ, მეგრულ-ჭანური ენის მქონე ეთნიკური ჯგუფია (თ.მიქელაძე, 1967, გვ. 129; ვ.ლიჩელი, 2001, გვ. 23); აქვე აღვნიშნავთ, რომ ვ.ლიჩელის აზრით, სასპე~რიტებს უნდა შეექმნათ “პროტოქართული ასო-ნიშნები”, რომლებიც ძვ.წ. IV საუკუნეში შევიდა კოლხეთსა და იბერიაში (იქვე, გვ. 19-25).

ისტორიული დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს, რომ სასპე~რები //ჰესპერიტები //სვისპირიტები კარდუხებისა და ტაოხების მეზობლად ცხოვრობენ; შდრ., ქსენოფონტეს ცნობით, ჰესპერიტები/ესპერიტები ფასიანთა მეზობლები არიან და ორივეს ერთი მმართველი – ტიბარიზი ჰყავთ (თ.მიქელაძე, 1955, გვ 24-27). ვფიქრობთ, ისტორიული ტოპონიმებიც ტაო და სპერი//ისპირი ცხადყოფენ ტაოხებისა და სპერების ცალკ-ცალკე არსებობას; შეუძლებელია სპერების მეტყველების გამოცხადება ლაზურ-მეგრულად, რამდენადაც, პირველ რიგში, დასასაბუთებელია საერთოდ იყო თუ არა ამ დროს მეგრულ-ჭანური, მეორეც, თუკი კოლხური ტომებს მივიჩნევთ მეგრულ-ჭანურად მოლაპარაკე მოსახლეობის წინაპრად და ჰეროდოტეს მიერ მიჩნეული მეორე დიდი ხალხიც (ზღვიდან ზღვამდე ცხოვრობენ: სპარსელები, მიდიელები, სასპე~რები, კოლხები!) მეგრელ-ჭანებად გამოვაცხადეთ, სხვა ქართველური ტომების ადგილი წინა აზიასა და კავკასიაში საერთოდ აღარ გვრჩება…
ძვ.წ. III საუკუნეში ძველ სპარსულად (პართულად) საქართველო (ივერია) იხსენიება როგორც ვირშან//ვირჩან, ხოლო საშუალ სპარსულში – ვრუჩან; შდრ., შაპურ I-ის სამენოვან წარწერაში სპარსულის პარალელურ ბერძნულ ტექსტში გვაქვს – იბერიას (გ.წერეთელი, 1993, გვ. 98). ძვ.წ. III საუკუნის ისტორიკოს მეგასთენეს “ინდიკას” მიხედვით, იბერები ცხოვრობენ მტკვრის ზემო წელისა და ჭოროხის აუზებში. სტრაბონის ცნობით იბერები ცხოვრობენ კავკასიონიდან ვიდრე არმენიამდე და კოლხიდამდე; იბერიაში არის პატარა ქალაქი ფრიქსიპოლოსი, გვიანდელი იდესა ანუ ოძრხე; სტრაბონის აზრით, იბერების მონათესავენი არიან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მკვიდრი სარმატებისა და სკვითებისა (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 145-149); შდრ.: ამავე პერიოდში ფიქრობდნენ, რომ მოსხების ქვეყნის ერთი ნაწილი აქვს იბერებს. სტრაბონისა და მითრიდატეს ისტორიკოსების შემდეგ იბერიის ანუ დღევანდელ აღმოსავლეთ და ისტორიულ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად იბერიის//ივერიის სახელით (ან მისი ფონეტიკური ვარიანტებით) მოიხსენიებენ უცხოური წყაროები; ამავე პერიოდიდან დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძირითადად ლაზიკად იწოდება. ისტორიული, თუნდაც, ფარნავაზისდროინდელი ქართლის ამგვარი დანაწევრების საფუძველია სპარსეთისა და რომის მიერ საქართველოს განაწილება და არა ქართული ეთნიკური სინამდვილე; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ტერმინები იბერია//იბერები და ლაზი//ლაზები თავიდანვე მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი რეალიების ამსახველი იყო და არა ეთნიკური სინამდვილისა, კერძოდ, იბერია და ლაზიკა პოლიტიკურ ერთეულებს მიემართება. იოსებ ფლავიუსისთვის ბიბლიური თობელის (თოვილის) კუთვნილი ტერიტორია არის იბერია//ივირი. კლავდიოს პტოლემაიოსი (100-178 წ.წ.) იბერიის საზღვრებს ასე წარმოადგენს: ჩრდილოეთით სარმარტია, დასავლეთით – კოლხიდა (სურამის ქედი), სამხრეთით – დიდი არმენია, აღმოსავლეთით – ალბანია (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.149). აპიანეს (90-170 წ.წ.) ცნობით იბერებმა 70 000 კაცი დაახვედრეს პომპეუსს მტკვართან (აპიანე, 1959, გვ.199). დიონიოს პერიეგეტის (II ს.) “მსოფლიოს აღწერილობაში” თანამედროვე ჭოროხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კასპიისა და შავი ზღვებს შორის არსებულ ყელში ცხოვრობენ აღმოსავლეთის იბერები; შდრ., მისი რწმენით, ჰენიოხები და ძიგიები პელაზგების ჩამომავლები არიან, ხოლო კოლხები – ეგვიპტელების (თ.ყაუხჩიშვილი, 1967, გვ.149-151) შდრ., სოკრატე სქოლასტიკოსი (380-440): “ეს იბერები ცხოვრობენ ევქსინის პონტოსთან; ესენი გამოსულები არიან ისპანიის იბერთაგან” (გეორგიკა, 1961, გვ. 229-230); შდრ., აგრეთვე, სტეფანე ბიზანტიელი: “იბერია ორია, ერთი ჰერაკლეს სვეტებთან, მდინარე იბერისაგან ატარებს სახელს; მას იხსენიებს აპოლოდორე… მეორე იბერია სპარსელების გვერდითაა. ეთნიკურია იბერები, როგორც პიერები, ბიზერები” (გეორგიკა, 1936, გვ.278-279). იპოლიტე რომაელი (III ს.) იბერებს ათავსებს კაბადოკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეს: “მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში, სკვითები, კოლხები და ბოსპორელები” (გეორგიკა, 1961, გვ.19). გელასი კესარიელი (IV ს.): “იმავე ხანებში ღმერთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწაწყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც ღმერთი არ სწამდათ” (გეორგიკა, 1961, გვ.186). იბერიის ამგვარ მდებარეობას ადასტურებს ეპიფანე კვიპრელი (314-403 წ.წ.), თემისტიოსი (317-338 წ.წ.), ევსეი კესარიელი (260-340 წ.წ.), არმენიელი აგათანგელოსი (IV ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.), ერემია სოზომენე (V ს.), რუფინუსი (V ს.), თეოდორიტე კვირელი (393-458 წ.წ.), მენანდრე პროტიქტორი (VI წ.წ.), გიორგი ამარტოლი (IX ს.).

განსაკუთრებით საყურადღებოა ნიკიფორე ქსანთოპულოსის (XIII-XIV ს.) ცნობა, რომელიც იბერიად მიიჩნევს დასავლეთ საქართველოს ნაწილსაც: “იმ მხარეში, სადაც არის დიდი სებასტოპოლისი, აფსარის ციხე, პისის ნავსადგური და მდინარე ფაზისი, მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტელები და ალანები”; შდრ., აგრეთვე: “ხოლო იგი ანდრია წამოვიდა ამისოდან და მოვიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკას ქალაქში… იქიდან წამოვიდა და შეჩერდა იბერიაში; მას შემდეგ რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი განანათლა, ის ჩავიდა იერუსალიმში (გეორგიკა, 1967, გვ. 113-114); აქვეა ს.ყაუხჩიშვილის შენდეგი კომენტარი: “ამრიგად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ უაღრესად შემცდარია დღემდე მოქმედი თეორია დასავლეთ საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის შესახებ: დასავლეთ საქართველო დასახლებული იყო არა მარტო მეგრულ-ჭანური ტომებით, არამედ იბერებითაც (გვ.117). შდრ, აგრეთვე, ლაონიკე ხალკოკონდილე (XV ს.): იბერია გადაჭიმულია ეგრეთწოდებულ ბათუმიდან და მდინარე ფაზისიდან ვიდრე ახალციხემდე; ისტორიკოსის აზრით იბერიაში შედის სამეგრელოც, გურიაც… (გეორგიკა, 1970, გვ. 91). აქვე აღვნიშნავთ, რომ რომაულ-ბიზანტიური ტრადიციის მიხედვით, იბერების ტომისანი არიან აბაზგებიც და ალანებიც (იხ., იოვანე ცეცეს ცნობები: გეორგიკა, 1967, გვ.23).

თუკი ვერწმუნებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მტკიცებებს (იხ.: ი. ჯავახიშვილი, 1908, გვ. 23; ი. ჯავახიშვილი, 1950, გვ. 18; ს.ჯანაშია, 1959, გვ. 48) და დავუშვებთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში მოხსენიებული ქართული პროვინცია სპერი//ისპირი (შდრ., “ქართლის ცხოვრება”: მდინარე სპერი – ჭოროხი; სპერის ზღვა – შავი ზღვა), ჰეროდოტეს მიერ ნახსენები სასპე~რები, ქორონიმი იბერია და საქართველოს სპარსული სახელწოდება ვირშან//ვირჩან საერთო წარმომავლობის ფუძეებია (შდრ., გ.წერეთელი, 1993, სადაც წარმოდგენილი მტკიცების მიხედვით, ქართველთა სპარსულ-სომხური სახელი მომდინარეობს საერთოინდოევროპული ფუძიდან, რომელსაც ძველ სპარსულში შეესაბამებოდა ვრკა > ვირშან > ვარუჩ > გურჩან > გურგან > გურჯ; აქედანა ნაწარმოები არაბული, სირიული, რუსული, ინგლისური და სხვა ვარიანტებიც), მაშინ იბერიის ქართულ ვარიანტად და საერთოდ, წარმოდგენილ ვარიანტთა ამოსავალ სახედ უნდა დავსახოთ სწორედ სპერი, შდრ., სპერი/ისპირი ჭოროხის ერთერთი სახელია (ს.ჯანაშია, 1952, გვ. 274); კერძოდ, შესაძლოა, მეზობლებმა ქართველთათვის ზოგად სახელად განაზოგადეს ამ ერთი ქართული მხარის (ან ტომის) სახელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სპერ- ფუძისგან კანონზომიერად ქართულშივე შეიძლებოდა მიგვეღო, ერთი მხრივ: სპერ > ~პერ > ~ბერ//იბერ (ს > ~ > ი, ს > ~ს/~ჰ, და ს > ჰ > 0 პროცესები ბუნებრივია ქართველური დიალექტებისათვის), მეორე მხრივ: სპერ > ჰპერ > ჰბერ > ბერ/ერ/ვერ/ვირ; შდრ.: სპარსულ-სომხური ვარიანტები: ვერია/ვირქი/ვრკან/ვირქან/არუჩან, გურგან, გურჩ/გურჯ; აქედან კი, აზიური თუ ევროპული სხვა ვარიანტები (გეორგია, ჯეორჯია, გურჯისტან, გრუზია; შდრ., აგრეთვე: არაბული წყაროების ჯურზაანი//ჯურჯაანი და საქართველოს ერთი ქალაქის, რაიონის სახელი – გურჯაანი).

შენიშვნა: პატრიარქ ნიკონის მატიანეში საქართველოს აღსანიშნავად ერთდროულად სხვა სამი ტერმინია გამოყენებული: კოლეხკია//კოლოხ, ივერი და გურზი (გ.პაიჭაძე, 1993).. აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ევროპაში საქართველოს სახელად ადრიდანვე იცოდნენ ბერძნულ-ლათინური (დასავლური) წარმომავლობის კოლხიდაც, მოსოხიც, იბერია (იხ. მაგ., გ.ზედგინიძე, 1993), მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპაშიც და რუსეთშიც საქართველოს სახელწოდებად დამკვიდრდა სპარსულ-არაბული (აღმოსავლური) ვარიანტი გურჯ//ჯურჯ ფუძის სახით.
სპერი > ბერი > ვერი გზის დაშვების შემთხვევაში ნათელი გახდება სომხურ ვირ-ქ ფორმაში -ქ სეგმენტის არსი: სომხური -ქ მომდინარე ჩანს კავკასიურ-წინაზიური ენობრივ ველში გავრცელებული -ხ- მორფემიდან, რომელიც კრებითობა-წარმომავლობა-მრავლობითობას გამოხატავდა; შესაბამისად, ვირ-ქ-ი შდრ., იბერ-ნ-ი, იბერ-ებ-ი. სომხური ფორმის ამგვარ წარმომავლობას ცხადყოფს სომხურშივე დადასტურებული ვერია ფორმაც, რომელიც ჯერ კიდევ ფსევდო მოსე ხორენელის გეოგრაფიის მოკლე რედაქციაში დასტურდება.

საპირები – საპირებს//საბირებს შუაგულ პონტოს მცხოვრებლებად თვლის სტეფანე ბიზანტიელი (გეორგიკა, 1936, გვ. 284); შდრ., საპირებსა და კოლხებს შორის მოსახლე ტომად ბიძერებს მიიჩნევს აპოლონიოს როდოსელი (აპ. როდოსელი, 1975, გვ.91); საპირებიც იგივე სასპე~რების მოდგმისანი ჩანან.

ქუთები//კოიტები//კვიტები – “ანაბასისის” დასასრულს ქსენოფონტე ჩამოთვლის იმ ქვეყნების მმართველებს, რომელიც მოლაშქრეებმა გაიარეს; აქვე ასახელებს იმ ხალხებსაც, რომლებიც თავისუფალნი არიან; მათ შორისაა კო~ტები: “კარდუხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, კო~ტები და ტიბარენები დამოუკიდებელნი არიან” (ქსენოფონტე, 1967, გვ. 115); პლინიუსი ამგვარი სახელწოდების ტომს სავრომატების სიახლოვეს ასახელებს. მ.მაქსიმოვა კი მათ მცირეაზიელ ხალხად თვლის. თ.ყაუხჩიშვილი ამ ტომს ქართული მოდგმისად მიიჩნევს და მის სახელად აღადგენს ქუთ-//კვიტ- ფუძეს, რომლისგანაც მიღებულად მიაჩნია ქუთაისის სახელიც (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 58-59). საყურადღებოა, რომ მოგზაურების აღწერისას ქსენოფონტე ამ ტომის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მოსინოიკებსა და ტიბარენებს შორის აღწერილია მათდამი მეგობრულად განწყობილი ხალიბების ტომი (უფრო ადრე კი, ტაოხების მეზობლად, ქსენოფონტეს ჯარმა გამოიარა ბერძენთა მიმართ მტრულად განწყობილი ხალიბების ქვეყანა). შესაძლოა, ქსენოფონტეს კო~ტები და მორჩილი ხალიბები აერია ერთმანეთში… ასევე, ვერ გამოირიცხება, რომ კო~ტების აღმნიშვნელ სახელთან იყოს დაკავშირებული ამავე ტერიტორიაზე არსებული ქალაქი კოტიორა (გვიანდელი ორდუ). აქვე აღვნიშნავთ, რომ ქუთაისის სახელის ყველა ვარიანტის მორფოლოგიური ანალიზი (განსაკუთრებით სვანური ქუთ@შ << *ქუთა-ში << *ქუთა-იშ-ი) მხარს უჭერს ტოპონიმის ფუძედ ქუთა-ს (ბერძნული ფორმით: კოტა//კო~ტა) განხილვას (იხ., ქვემოთ). პ.ინგოროყვას აზრით, შემთხვევითად არ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ერთმანეთს ემთხვევა ჯიქეთში მდებარე “ძველი ლაზიკის” თემის სახელწოდება (ქუთასი//ქოთაში) და ამჟამინდელ ქალაქ ქუთაისის სახელი. ვფიქრობთ, კო~ტები ფორმისთვის ამოსავალია *ქუთები; შდრ.: VI საუკუნის მოღვაწის პროკოფი კესარიელის ცნობით, ძველად ქუთაისს კო~ტაიონი ერქვა); შდრ.: მ.ინაძის მიხედვით ქუთ-ფუძიანი სახელი კოლხთა მიწას, მხარეს აღნიშნავდა (მ.ინაძე, 1994, გვ.64). წარმოდგენილი ქუთ- ფუძე შეიძლება გაცილებით ძველი დროიდან მომდინარეობდეს, კერძოდ, ლოგიკური შეუსაბამობა არ იქნება, თუკი დავუშვებთ ვარაუდს, რომ ქუთ- ფუძე ძველი ხათების აღმნიშვნელი სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს: ხათ-//ქათ- > ქუთ- (შდრ.: *მას-ხ- //მოსხ-//მუსხ-…

მარები – ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472) დასტურდება მარების ტომი; მარები ცხოვრობენ მაკრონებსა და მოსინო~კებს შორის ტრაპიზონ-კერასუნტის რეგიონში (თ.ყაუხჩიშვილი, 1972, გვ. 44); შდრ., გ. მელიქიშვილი: “მარები ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში” (გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.414). ჰეროდოტეს მიხედვით, მარებსა და კოლხებს ერთი მეთაური ჰყავდათ (ჰეროდოტე, 1975, გვ. 435).

ბექე~რები – პირველად ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472) ვხვდებით ბექე~რებსაც; ბექე~რები სახლობენ ხოიებს (ტაოხებს?) და დიძერებს შორის რიზეს რაიონში; ბექეირებს იცნობს ფსევდო-სკილაქსიც (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 43-44, 81-86), დიონისიოს პერიეგეტიც (III ს.) და მრავალი სხვა.

ჰალიძონები//ხალიბები და ხალდები//ქალდები – დასტურდება ჰომეროსთან; მათი ქვეყანაა ალიბე (ხეთური ჰალლუწა); სტრაბონის აზრით (XII, 3,19-24), ჰომეროსის ჰალიძონები, ხალიბები და ქალდები, რომლებიც ცხოვრობენ ტრაპიზონტისა და ფარნაკიის ზემოთ, ერთი და იგივე ხალხი არიან; ეს აზრი გაზიარებულია თანამედროვე მეცნიერებაშიც (იხ., მაგ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976 გვ. 34-35); ისინი ცხოვრობდნენ შავი ზღვის პირას ჰალისის ხეობაში; ანტიკურ წყაროებში ხალიბები კოლხური ტომადაა მიჩნეული (რ.გორდეზიანი, 1966, გვ.267); აღსანიშნავია, ისიც, რომ ხალიბები//ჰალიძონები გაიგივებული აქვს სტეფანე ბიზანტიელს (გეორგიკა, 1936, გვ.288); გარდა ამისა, ეს ტომები რკინის (ლითონის) დამუშავების პიონერებად მიიჩნევიან უძველესი პერიოდიდანვე, ამდენად, მათი იდენტიფიცირება ლოგიკური ჩანს. ვარაუდობენ, რომ ურარტულ წყაროებში მოსხენიებული დიდი გაერთიანება ხალიტუ ხალიბთა ტომების გაერთიანება იყო (თ.მიქელაძე, 1967, გვ.109). ხალიბები გაიგივებულნი არიან ხალდებთან; ხალიბებს მოგვიანებით ჭანებად იხსენიებენ; მივყვეთ ისტორიულ ცნობებს ქრონოლოგიური თანამინდევრობით:
ჰომეროსი (ძვ.წ. VIII ს.): “ჰალიძონები ეპისტროფოსს, ოდიოს მოჰყვნენ ვერცხლის შორეულ საბადოდან – ალიბეს მხრიდან” (ჰომეროსი, 1975, გვ.95). ტიბარენების მეზობლად ასახელებენ ხალიბებს ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. VI ს.) და ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.). ჰეროდოტეს მიხედვით, ხალიბები ცხოვრობენ მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროზე მისიებს, მარიანდინებსა და პაფლაგონელებს შორის (ჰეროდოტე, 1975, გვ. 45, 660). ქსენოფონტი (ძვ.წ. IV) სტრაბონისგან განსხვავებით, ხალიბებსა და ხალდებს სხვადასხვა ტომებად მიიჩნევს (შდრ., სტრაბონი: “ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ” XI, 14,12; XII, 3,12); კერძოდ: ბერძენმა მოქირავნეებმა ჯერ მძიმე ბრძოლებით გაიარეს კარდუხების ქვეყანა, შემდეგ მათ ვანის ტბის მეზობლად მცხოვრები ხალდები შეხვდნენ, შემდეგ ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნები და შემდეგ, კერასუნტსა და ორდუს შორის ისევ შეხვდნენ მოსინო~კებს დამორჩილებულ და ბერძნებისადმი კეთილგანწყობილ ხალიბებს (წყაროებისა და მსჯელობისათვის იხ., თ.მიქელაძე 1967). ქსენოფონტე, როგორც თვითმხილველი, ბევრად სარწმუნო ცნობებს უნდა გვაწვდიდეს, ამდენად, ტერმინების ხალიბებისა და ხალდების სინონიმებად მიჩნევა გაჭირდება (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.419; თ.ყაუხშიშვილი, 1976, გვ. 147) მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959 წ.წ.) ხალდიის თემის დედაქალაქად ტრაპეზუნტს ასახელებს (გეორგიკა, 1952, გვ.300); უფრო ლოგიკური ჩანს ვივარაუდოთ, რომ ხალიბები და ხალდები უკვე ქსენოფონტეს დროს ორი სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ქართველური ტომია; არ არის გამორიცხული, რომ მათი სახელები ერთი სიტყვის ვარიანტები იყოს; ამოსავალი ფუძე ხალ-//ჰალ- შეიძლება დადასტურებული იყოს მდინარე ჰალისის სახელშიც; ხალ-დ-, ჰალ-ის- და ხალ-იბ- ფორმებში ქართველური ენობრივი სამყაროს გარეთ საკვლევი დარჩება მხოლოდ -იბ- სუფიქსის საკითხი, თუკი გამოირიცხება რომ -იბ არ მომდინარეობს ქართველური -ებ- კრებითობა-მრავლობითობის სუფიქსისგან (*ხალ-ებ-ი > ხალიბი); შდრ.: ხალ-დ-/ქალ-დ- ფუძეში -დ-/-ად- კუთვნილობითობა-კრებითობის ისეთივე მაწარმოებელი შეიძლება იყოს, როგორც -ლ-/-ალ-/-ელ-, -ბ-/-ან-/-ენ-, -ს-/-ის-/-ეს- და სხვ.. შდრ., აგრეთვე: ხალ-/ხარ- ფუძე ხალდი/ქართუ – მამრობითი ღვთაება; არ გამოირიცხება არც ქალ- (დედა-კაცი) ფუძე (ღვთაების სახელი ხარის თუ ქალის კულტს უკავშირდება?)…
ხალდები//ქალდები ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში; ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს მოსულმა არმენებმა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ხალიბთა ცენტრი გადმოდის შავიზღვისპირეთში.

ხალიბებს იაფეტის შთამომავალ ტომად მიიჩნევს ბერძნული ტრადიცია (იხ., მაგ., გეორგიკა, 1961, გვ13). ხალიბებს მეომარ და რკინის დამამუშავებელ ხალხად თვლიან აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, დიონისიოს პერიეგეტი (II ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.) და მრავალი სხვა. საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: იოანე ცეცეს აზრით, სკვითური წარმოშობის ხალიბების ტომი ცხოვრობს ტრაპიზუნთტან ძალიან ახლოს; მათთან მოიპოვება საუკეთესო რკინა (გეორგიკა, 1976, გვ. 27-37). აშკარაა, რომ ტერმინი სკვითები ამ შემთხვევაში ან ქართველურ-კავკასიურ ტომებს მიემართება, ან უცხო ტომთა ზოგადი სახელია (შდრ., ბარბაროსი); რამდენადაც რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში სკვითებად იხსენიებიან კოლხებიც, მონღოლებიც, თათრებიც, ხვარაზმელებიც, ლოგიკურია სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდი, რომ სკვითები ზოგადი ტერმინია, მაგრამ გამოიყენება არა საერთოდ არაბერძენთა, არამედ, მოცემულ კონტექსტში, უცნობ ტომთა აღსანიშნავად. ჩანს, მოგვიანებით ზოგ უცხოურ წყაროში ტერმინები ხალდები და ხალდია განზოგადდა ქართველურ ტომთა ერთი ჯგუფის აღსანიშნავად (იხ., მაგ., იოსებ გენესიოსი (X ს.): “შემდეგ შექმნა სახელგანთქმული საერთო ჯარი აგარიანთა, ინდთა, ეგვიპტელთა, ასირიელთა, მიდიელთა, აბაზგთა, ჯიქთა, იბერთა, კაბირთა, სლავთა, ჰუნთა, ვანდალთა და გეტთაგან და ყველა იმათგან, ვინც მანის მწვალებლობას იზიარებდა, აგრეთვე ლაზთა და ალანთაგან, ხალდთა და არმენიელთაგან და ყოველგვარ სხვა ტომთაგან შექმნა ჯარი და მთელ აღმოსავლეთში გაბატონდა”. შდრ., იოვანე საბანისძე: დასავლეთ საქართველოში შედის შავიზღვისპირეთი ქალდიის ქალაქ ტრაპიზუნტიდან ნიკოფსიამდე: ,,…საზღვარ არს ზღვა~ იგი პონტო~სა~, სამკადრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთა~, მისაზღვრამდე ქალდა~სა, ტრაპეზუნტია~ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეა~სა~ და ნაფსა~ს (ე.ი. ნიკოფსიის) ნავთსადგური…” (გეორგიკა 1952, გვ. 232); იხ., აგრეთვე ს.ყაუხჩიშვილის კომენტარი ანნა კომნენეს (XII ს.) ცნობაზე, სადაც გაზიარებულია აზრი, რომ ხალდები ლაზურ-ჭანური ტომია (გეორგიკა, 1966, გვ.111).
 

შენიშვნა: ძვ.წ. VIII საუკუნის ეპიკოსის ევმელოს კორინთელის “კორინთიაკაში” ნათქვამია, რომ ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟი აიეტი//აიეტესი იყო პელაზგური კორინთოს (იმავე ეფირეს) პატრონი; მას არ მოსწონდა კორინთო, ამიტომ წავიდა კოლხეთში (შდრ., შემდეგ თავის მამისეულ სამემკვიდრეოში – კორინთოში – ბრუნდება მედეა). კოლხეთის მეფე აიეტის პელაზგურ წარმომავლობას ადასტურებს ეპიმენიდეც; სპეციალისტები ამ ცნობებს ნდობით ეკიდებიან (იხ., აკ. ურუშაძე, 1964 გვ. 21-26; გ. ქავთარაძე, 1985, გვ. 31). ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით აკ. ურუშაძე ასკვნის: ბერძნული (ინდოევროპული) ტომების სამხრეთ ევროპაში ჩამოსახლების პერიოდში პელაზგი მაკრისელები-მაკრონები, სხვა პელაზგური ტომების მსგავსად, ეგეოსის ზღვის რაიონიდან აყრილან და აღმოსავლეთით ჯერ მარმარილოს ზღვის, შემდეგ კი შავი ზღვის სანაპიროებისკენ გამოხიზნულან და იქ ძველთაგანვე დამკვიდრებული ნათესავი ტომების მეზობლად დაბინავებულან (აკ. ურუშაძე, 1964, გვ.135); შდრ., აპ. როდოსელი: მაკრიები – ტომი პელაზგური (აპ. როდოსელი, 1975, გვ. 70); შდრ., მაკრისი (ევბეი) კუნძული ეგეოსის ზღვაში. იხ., აგრეთვე, რ.გორდეზიანი: ჰალიძონ -ხალიბებიც პელაზგების მსგავსად ეგეოსის ზღვის აუზიდან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი. მათ ერთიანობას ტროასთან, ეტყობა ჰალიძონთა და ეგეოსურ ტომთა შორის არსებული ხანგრძლივი კავშირი განსაზღვრავდა (რ. გორდეზიანი, 1970, გვ.168). მაკრისელები-მაკრონები, ჰალიძონ-ხალიბები, ჰენიოხები (შდრ., დიონიოს პერიეგეტი: ჰენიოხები და ზიგიები – პელასგიდების ქვეყნის შვილები) და სხვა ქართველური ტომები ოდითგანვე მკვიდრად ჩანან წინა აზიასა და კავკასიაში, ამდენად, ჩვენი აზრით, პელაზგურ ტომებთან ერთიანობა-სიახლოვე შეპირობებულია არა ეგეოსის ზღვიდან ქართველურ ტომთა გადმოსახლებით (თუმცა ტომთა ერთი ნაწილის მიგრაცია, შესაძლოა, მართლაც მოხდა!), არამედ პელაზგურ და ქართველურ ტომთა საერთო წარმომავლობით. ამ კონტექსტში უფრო ლოგიკური გახდება ს. ყაუხჩიშვილის მიერ საგანგებოდ აღნიშნული ფაქტის კომენტირება: კოლხურ-კავკასიური მოდგმის მონათესავე ტროელებმა ელენე მოიტაცეს ადრე გატაცებული კოლხი მედეას სანაცვლოდ (შდრ., რ.გორდეზიანი, 1970, გვ.168).

მოსინო~კები/მასსინი/მოსსინები/მოსსვინი//ჰეპტაკომეტები – ჰეკატა~ოს მილეტელის თანახმად, მოსინო~კები ცხოვრობენ კერასუნტისა და ფარნაკიის მიდამოებში; ქსენოფონტეს ცნობით, მოსინო~კების ქვეყანა იყო მთაგორიანი, მაგრამ მათ ზღვაც ჰქონდათ; მათი მეზობლები აღმოსავლეთით იყვნენ კოლხები და დრილები, დასავლეთით – მათივე ქვეშევრდომები ხალიბები (თ.მიქელაძე, 1967, გვ. 97, 103-105; თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 58). მოსინო~კებს ასახელებს ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.), ფსევდო-სქილაკსი (ძვ.წ. IV ს.), ევდოქსე როდოსელი (ძვ.წ. III ს.), აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.), ფსევდო სკიმნოს ქიოსელი (ძვ.წ. II ს.), დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), დიონიოს პერიეგეტი (II ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403), ამიანე მარცელინე (IV ს.)… სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.)… მოსინო~კებზე ვრცლად მსჯელობს სტრაბონი; მისი აზრით, ხალიბების მეზობლები – ჰეპტაკომეტები ცხოვრობენ ხის კოშკებში, ამიტომ მათ ძველად მოსსვინიკებს ეძახდნენ (მსჯელობისათვის იხ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.419; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 146).
ბერძენი და რომაელი ავტორების რწმენით, მოსინო~კების სახელი მომდინარეობს ბერძნული მოსსუნ “ხის კოშკი” და ოიკოს “სახლი” სახელებისგან; ივ. ჯავახიშვილის აზრით, “მოსსვინიკი” არის ქართველური წარმომავლობის სიტყვა: მო-//მა- თავსართია, სსვინ- იგივე რაც ჭან- (ჭანეთი) ფუძე, ხოლო -იკ- არის მრავლობითობის -ხ- სუფიქსის რეფლექსი (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 25; ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ. 405; იხ., აგრეთვე, თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.56, 133, 146; აქვე იხ., მსჯელობა მუშვან- და მოსვინ- ფუძეების შესაძლო კავშირის შესახებ). ივ.ჯავახიშვილის მსჯელობას აგრძელებს ს.ჯანაშია (1959, გვ. 31, 60); მისი აზრით, სანიგ- ფუძე ამოსავალია მოსინიკ- ფუძისათვის; ამ უკანასკნელში გამოიყოფა მა-/მე-/მო-/მუ- ქართველური პრეფიქსი (შრდ., სვანური დიალექტების მუ-/მH-), სინ-/სან- ძირი და -იკ- სუფიქსი. ქ.ლომთათიძე იზიარებს რა ამგვარ ანალიზს, დამატებით არგუმენტად წარმოადგენს ქართველურ ენობრივ არეალში ს-ს გავლენით გ-ს კ-დ გამკვეთრების ლოგიკურობას (ქ.ლომთათიძე, 2000) ლოგიკურობას. სახელის ეტიმოლოგიის გარდა ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მოსინო~კები ქართველური წარმომავლობის ხალდებსა და კოლხებს შორის მტრობის გარეშე ცხოვრობენ (შდრ., კარდუხებისა და სპარსელ-არმენების მძიმე თანაარსებობა). საყურადღებოა ისიც, რომ სტრაბონის დროს ეს ადგილები უკვე ხალიბების ხელშია (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ. 419). საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ: მოსინიკებიც ქართველურ-კავკასიური მოდგმის ტომია.

დიძერები //ბიძერები //ბიზერები – ჰეკატა~ოს მილეტელთან (549-472) დადასტურებული დიძერები ცხოვრობენ მდინარე ჭოროხის სამხრეთით, დაახლოებით მდინარე ორხოფიდან მდინარე არხავემდე (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 44). ქსენოფონტე ბიძერებს საერთოდ არ ახსენებს, ხოლო იქ, სადაც მან კოლხები ნახა (ტრაპეზუნტ-კერასუნტის მიდამოები), 50 წლის შემდეგ ფსევდო-სქილაკსი კოლხთა უშუალო მეზობლად ასახელებს ბიძერების ტომს; თ.ყაუხჩიშვილის აზრით, ამ ცნობათა განსხვავებულობა შეპირობებულია იმით, რომ ქსენოფონტეს დროს კოლხების სახელი აერთიანებდა იქ მცხოვრებ წვრილ-წვრილ ტომებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 81-84). ბიძერებს საპირებსა და კოლხებს შორის მოსახლე ტომად მიიჩნევს აპოლონიოს როდოსელი (აპ. როდოსელი, 1975, გვ. 91); სტრაბონი მათ ჰეპტაკომები-მოსინიკების გვერდით ათავსებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 146); დიონიოს პერიეგეტთან (II ს.) ბიძერები ბექირებისა და მაკრონების მეზობლები არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 92). V საუკუნის ანონიმი ავტორი ბიზერებს ათავსებს აფსარის წყლიდან ვიდრე არქაბამდე (გეორგიკა, 1965, გვ. 3). თ.ყაუხჩიშვილის საყურადღებო შენიშვნით, ბიძერების სახელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ტოპონიმი ვიწე; შდრ., გ. მელიქიშვილი, რომელიც ამ ტერმინის დანაშთად მიაჩნია საქართველოს ერთერთი ისტორიული ოლქის სახელი ოძრხე (გ. მელიქიშვილი, 1970, გვ. 382). ბიძერების ქართველურ-კოლხური წარმომავლობა სადავო არ ჩანს; ჩვენი აზრით, ამ და სხვა შემთხვევებშიც საკამათოა ამ პერიოდის ტომთა (ხალიბების, ტიბარენების, მოსვინიკების, დრილების…) მეტყველების მიჩნევა საკუთრივ ლაზურ-ჭანურად (შდრ., მაგ., ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ. 423). ვფიქრობთ, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ ეს ტომები ლაპარაკობდნენ ძველ ქართველურ დიალექტებზე, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა პლასტების სახით შემორჩენილია თანამედროვე ქართველურ დიალექტებში.

ძიდრიტები – არიანეს მიხედვით, “მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომები არიან” (ბერძენი მწერლები… 1983, გვ. 158). ძიდრიტები პრიტანიდიდან (ფურტუნ-სუ) აფსაროსამდე ცხოვრობდნენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100); ნ.ლომოურის აზრით, ძიდრიტებს ეჭირათ დღევანდელი აჭარის ტერიტორია (ნ.ლომოური, 1968, გვ.10). არიანეს თხრობაში ფარსმანის სამფლობელოს შავ ზღვამდე გავრცობის აღიარება მეტყველებს დაქსაქსული სრულიად ქართლის აღდგენის რეალურობაზე.

მაკროკეფალები //მაკრონები – ჰეკატა~ოს მილეტელი (549-472) მაკრონებს ასახელებს დიძერებსა და მარებს შორის; მისი აზრით, მაკრონები ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში. ჰეროდოტეს (ძვ.წ. V) ცნობით მაკრონები სირიელების მეზობლები არიან. ჰიპოკრატესთვის (460-356) ცნობილი მაკროკეფალები, იგივე მაკრონები, ცხოვრობენ ტრაპეზუნტისა და კერასუნტის მიდამოებში (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.63, 84). ქსენოფონტე (435-355) მაკრონებს ასახელებს სკვითინებსა და კოლხებს შორის; მაკრონები და კოლხები სხვადასხვა ხალხია: მაკრონები ქსენოფონტეს ბერძენ მოლაშქრეებს ეხმარებიან, კოლხები კი – ებრძვიან; ქსენოფონტესვე ცნობით ტერმინი მაკრონი ამ ტომის თვითსახელწოდებაა (ქსენოფონტე, 1967, გვ. 86-87). ჰეროდოტეს ცნობით, მაკრონებმა კოლხებისგან ისწავლეს წინდაცვეთა (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 52, 63; ჰეროდოტე, 1975, გვ. 156); შდრ., მაკრონები იგივე სანები//ჭანები არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 100); შდრ., აგრეთვე, მაკრონებს აიგივებენ თანამედროვე მეგრელებთან. ეგრ- ძირთან აკავშირებენ პტოლემაიოსის მიერ დადასტურებულ ეკრიტიკე ფუძესაც (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 55, 100)… შეუძლებელია მაკრონ- და ეკრიტიკ- ფუძეებით ნაწარმოები სახელები ერთსადაიმავე ქართველურ ტომს მიემართებოდეს ერთსა და იმავე ენაში, მითუმეტეს, მაკრონები ტრაპიზონში ცხოვრობდნენ, იმდროინდელი ეგრისი//ეკრიტიკეს ქვეყანა კი რიონსა და ღალიძგას შუაა; თუმცა, დასაშვებია ამ ფუძეთა ფონეტიკური ვარიანტულობა – საერთო წარმომავლობა (ოღონდ, არა როგორც ე.წ. ქართული და ზანური ვარიანტებისა!). თითქოსდა, წინააღმდეგობას ქმნის ისიც, რომ სხვა წყაროების მიხედვით, ჭანები აშკარად კოლხთა მემკვიდრენი არიან, აქ კი მაკრონები, სანები და კოლხები სხვადასხვა ტომია; ფაქტი ახსნადია, კოლხი ვიწრო გაგებით მხოლოდ ერთ ქართველურ ტომს აღნიშნავდა, ფართო გაგებით კი ბევრ ქართველურ ტომს აერთიანებდა. შდრ., ფსევდო-სქილაქსი (ძვ.წ. IV ს.) მიიჩნევს, რომ ტრაპეზუნტი მაკრონების ელინური ქალაქია; აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.): “ფილირებს ზემოთ მაკრონებია, მაკრონებს იქეთ ბექირთა გვარი, შემდეგ საპირთა ტომი, მათ გვერდით – ბიძერები და ზემოთ – მეომარ კოლხთა ტომები” (გვ. 90-91). არიანეც სხვადასხვა ტომებად თვლის მაკრონებს, სანებს, კოლხებს, სანიგებს… (თ.აუხჩიშვილი, 1976, გვ.99)… დიონიოს პერიეგეტი (II ს.) მაკრონებს ე.წ. პონტოელ ტომებში ასახელებს: ბიძერები, ბეგირები, მაკრონები, ფილირები, მოსინიკები, ტიბარენები, ხალიბები; ესენი ცხოვრობენ “ევქსინის პონტოს სანაპიროზე, კოლხებისა და ფასისიდან დასავლეთისკენ, ვიდრე თრაკიის სრუტემდე”; თ.ყაუხჩიშვილის შენიშვნით, მისი აზრი ეფუძნება ძველ ცნობებს (თ.აუხჩიშვილი, 1976, გვ.92). მაკრონებს ასახელებს ამიანე მარცელინეც (IV ს.): “შავი ზღვის ნაპირზე ხალიბების შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ… ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს… ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან” (გეორგიკა, 1961, გვ. 111).
მიუხედავად იმისა, რომ მემნონსა და სტრაბონს მაკრონების გვიანდელ სახელად სანები მიაჩნიათ, არიანე მათ მაინც გვერდიგვერდ ასახელებს როგორც სხვადასხვა ტომებს: :ტრაპეზუნტიდან ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსიამდე) ცხოვრობდნენ: კოლხები, სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბაზგები, სანიგები, ძილქები (იხ თ.აუხჩიშვილი, 1976, გვ99); თავად არიანე სანებსა და ჭანებს მიიჩნევს სინონიმებად… ეს წინააღმდეგობრივი ცნობები, ერთი მხრივ, სათუოს ხდის მაკრონებისა და სან-ჭანების იგივეობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადყოფს ამ ტომთა ნათესაობას!
შენიშვნა: V საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელიც არიანეს ეყრდნობა, მაკრონების ნაცვლად ასახელებს მახელონებს (გეორგიკა, 1965, გვ. 7-8): “ძველი აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდინარე აქეუნტამდე (სოჭის მიდამოებში!) უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანხლენები, მახელონები, კოლხები, და ლაზები, ახლა კი ცხოვრობენ ზიხები” (თ.ყაუხჩიშვილი, 1969 გვ. 130; იხ. აგრეთვე: მახერონ- და მანრალ- ფუძეები); მ.ინაძის აზრით მახელონები იგივე მაკრონებია (მ.ინაძე, 1953, გვ.231-233); შდრ., სახელებს შორის დიდი მსგავსებაა და, შესაბამისად, მექანიკური აღრევაც მოსალოდნელი იყო, თუმცა, შეიძლება ვილაპარაკოთ სახელთა ფონეტიკურ ვარიანტულობაზეც: მაკ-რ-ონ- შდრ.: მახ-ელ-ონ-: საყრდენი ფუძეა მაკ-//მაგ-//მახ//მაქ-; -რ-//-ელ- თავდაპირველი სუფიქსია, ხოლო -ონ- ფორმანტით მომხდარია მეორადი სუფიქსაცია. არ არის გამორიცხული მახ- // მაკ- ფუძე დავუკავშიროთ *მასხ- ფორმას. შდრ., სქოლიასტის განმარტებით, მაკრიელები მაკრონები არიან (აპ. როდოსელი, 1975, გვ. 70, 231); შდრ., აგრეთვე ბენვენისტის ცნობა: “ინგუშების თვითსახელწოდებაა მ@გგ@ლ” (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.258).
 
ფასიანები – ამგვარი სახელწოდების ტომს ახსენებს ქსენოფონტე (ძვ. წ. V_IV ს.): ,,…[სტარტეგოსები] მოვიდნენ ქსენოფონტთან და უთხრეს, რომ ისინი ინანიებენ [ყოველივეს]. ამასთან გამოთქვეს აზრი, რომ უმჯობესია ფასისაკენ გაცურვა, რაკი ხომალდები არის, და ფასიანთა ქვეყნის დაპყრობა. იქ მაშინ აიეტის შვილიშვილი მეფობდა.” (თ. მიქელაძე, 1967, გვ. 113); შდრ., თ.ყაუხჩიშვილი: პაფლაგონიაში მყოფი მოქირავნეები ამბობენ: ,,რადგან ჩვენ გვაქვს ხომალდები, ამიტომაც უმჯობესია გავცუროთ ფასისისკენ და დავიპყროთ ფასიანთა ქვეყანა. იქ მაშინ აიეტის ჩამომავალი მეფობდა.” (თ. ყაუხჩიშვილი, 1983, გვ. 125). ქსენოფონტესთან ფასიანთა უფრო მეორე ტომზეა ლაპარაკი, რომელიც ცხოვრობდა არაქს-ფასისის ზემო წელში არსებულ მთებში (ქსენოფონტე, 1967, გვ.124).
მდინარის სახელის მიხედვით ხალხის სახელდება (ან პირიქით!) უცხო არ არის ბერძნული სამყაროსთვის. ქსენოფონტესთან ფასისი არაქსია (სხვაგან ფასისი ჭოროხიცაა, რიონიცაა… შდრ., ,,ესქილე ,,განთავისუფლებულ პრომეთევსში” ევროპისა და აზიის საზღვრად ფასისს თვლის), ხოლო ფასიანების ქვეყანა ტაოხების, ხალიბების და ჰესპერიტების (სვისპირიტების, სასპეირების) მეზობლები არიან. ფასიანებს ამავე ტერიტორიაზე ასახელებს დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.): კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოსვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124). კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების მიხედვით, ერაქსი ფასისის, აქვეა ქართული (იბერთა) პროვინცია ფასიანი//ბასიანი (გეორგიკა 1952, გვ. 271-172). ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ, არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიანები შემონახული იყოს ტოპონიმ ბასიანის სახით. თ.მიქელაძის აზრით, ფასიანი ეთნიკურ-გეოგრაფიული ტერმინია; მისი მტკიცებით ერთი ხალხი – ფასიანები – ცხოვრობდნენ არაქსის სათავეებიდან კავკასიონამდე (თ.მიქელაძე, 1955, გვ.35). ფასიანთა საზღვრების ამგვარი განსაზღვრა გაჭირდება (ამავე პერიოდში არაქსიდან კავკასიონამდე ათზე მეტი სხვა ტომი ივარაუდება!), მაგრამ საყურადღებოა თ.მიქელაძის დაკვირვება ბერძნულ მითოლოგიაში კოლხების ეთნარქოსის კოლხის შესახებ; კერძოდ, ეთნარქი კოლხი ფასისის შვილად არის მიჩნეული, ფასისი კი წყლის ღვთაებაა (თ.მიქელაძე, 1955, გვ. 33-34). აქ საინტერესოა ის, რომ ბერძენთა ცნობიერებაში წყლის ღვთაება (შესაბამისად, მდინარეების აღმნიშვნელი სიტყვა) ფასისი და კოლხიდა ( მხარე მდინარეებუხვი?) ფაქტობრივ სინონიმებადაა მიჩნეული, რაც ლოგიკურია, მაგრამ ამის მიუხედავად, არა გვაქვს საფუძველი, რომ თუნდაც ქსენოფონტეს დროს არაქსიდან კავკასიონამდე არსებული ტერიტორია ერთი ქართული ტომის – ფასიან-კოლხების – საცხოვრისად გამოვაცხადოთ; როგორც აღვნიშნეთ, ამ რეგიონში გაცილებით მეტი ქართველური ტომი ცხოვრობს; მაგ., ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. V ს.) მიხედვით: ბიძერები, კოლხები, გელონები, მელანქლა~ნრბი, კოლები, კორაქსები, ჰენიოხები, აქა~ები, ტორეტები, კერკეტები… თავად ქსენოფონტე მხოლოდ არაქსისა და ჭოროხის ხეობაში ასახელებს: ტაოხებს, ხალიბებს, სკვითინებს; შდრ., არაქსიდან კავკასიონამდე არიანე (ძვ.წ. II ს): ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები…

მელანქლაინები და გელონები – მელანქლაინების ტომი პირველად სახელდება ჰეკატა~ოს მილეტელთან; ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.) მელანქლაინებისა და გელონების ტომებს ათავსებს კორაქსებს, კოლებსა და კოლხებს შორის; მელანქლაინების ქვეყანაში არის მდინარეები მეტასოსისი და ა~გიპოსი. თ.ყაუხჩიშვილის ვარაუდით, მელანქლაინები და გელონები ცხოვრობდნენ კორაქსსა (ბზიფს) და დიოსკურიას შორის (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.81-82; შდრ., ნ.ლომოური, 1963, გვ.22; შდრ., აგრეთვე: მიულერის, ტომაშეკის, ჰერმანის და კისლინგის პოზიცია; ისინი ამ ტომთა საცხოვრისს დღევანდელ ოჩამჩირეში ათავსებენ, თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.86). ჰეროდოტეც (ძვ.წ. V ს.) იცნობს მელანქლაინებსა და გელონებს; მისი აზრით მელანქლაინები არიან არასკვითური მოდგმის ხალხი; ისინი შავ ტანისამოსს ატარებენ, ამიტომაც ჰქვიათ მათ ეს სახელი (ჰეროდოტე, 1975, გვ. 262-286). რამდენადაც ეს ორი ტომი ცხოვრობდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე კოლებსა და კოლხებს შორის, ბუნებრივია მსჯელობა მათი ქართველური წარმომავლობის შესახებ; შდრ.: ჰეროდოტეს “სკვითეთში” მიჩნეულია, რომ გელონები წარმოშობით ელინები არიან; შდრ.: ოლბიელი ბერძნები გელონებს ბუდინებს (ცხოვრობდნენ დონის შუა წელზე, სავრომატების მეზობლად) მიაკუთვნებენ (ქსე, ტ. III, გვ.39).

ეკექე~რები //ეკხირიელები //ეკრიკტიკე //ეკრექტიკე – ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით ეკექე~რები ცხოვრობდნენ მდინარეებს არქაბისსა და ოფიუნტს შორის; მათი საცხოვრისი ივარაუდება ათინას (ფაზარის) რეგიონში; გ.მელიქიშვილი ამათ სახელწოდებას უკავშირებდა -ეგრ- (ეგრისი) ძირს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 84). შდრ., V საუკუნის პერიპლუსში დაცული ცნობა: “მდინარე არქაბიდან მოკიდებული ვიდრე ოფიუნტის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ეგრეთწოდებული ეკხირიელების ტომი (ხოლო ამჟამად ცხოვრობენ მაქეკონები და ჰენიოხები). აფსარის წყლიდან ვიდრე მდინარე არქაბემდე წინათ ცხოვრობდნენ ეგრეთწოდებული ბიზირები; ამჟამად ცხოვრობენ ზიდრიტები (გეორგიკა, 1965, გვ. 3).
აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დაწერილობის მცდარ წაკითხვასთან: ეკხირიელები და ეკექე~რები ერთი და იგივე ხალხია; აქვე განსახილველია ტერმინი ეკრიკტიკე, თუმცა, პტოლემაიოს მერ დამოწმებული ეკრიკტიკეს ქვეყანა არის რიონის მიდამოებში (ამავე ტერმინს იმოწმებენ პომპონიუს მელა, პლინიუსი…). წარმოდგენილ სიტყვათა, აგრეთვე, მაკრონ-, მახერონ- მანრალ-, კერკეტ-, კეგრიტიკე- ფუძეთა ამოსავალი ფორმად განიხილება ეგრ- ძირი (ლიტერატურისა და მსჯელობისათვის იხ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 233, 257); ეგერ-//ეგირ- ფუძე მართლაც შეიძლება დავსახოთ ეკექე~რები //ეკხირიელები //ეკრიკტიკე //ეკრექტიკე სიტყვების ამოსავლად, მაგრამ მაკრონ-, მახერონ- და მანრალ- ფუძეთათვის ამოსავლად მისი მიჩნევა გაჭირდება.

ჰენიოხები – ძველი წყაროების მიხედვით, ჰენიოხები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე ცხოვრობენ, ხოლო შედარებით ახალი, I-II საუკუნეების ცნობების მიხედვით კი ისინი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე – რიზე-აფსაროსის რეგიონში ჩანან; კერძოდ: ფსევდო-სკოლაქსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით აქა~ები და ჰენიოხები თანამედროვე ტუაფსესა და გაგრას შორის უნდა ვივარაუდოთ, საიდანაც, შემდგომ, ჯიქების დაწოლის გამო ისინი სამხრეთით გადაადგილდნენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 83; თ.ყაუხჩიშვილი, 1980); შდრ.: მ. ინაძე, 1955, გვ. 13-17, სადაც გატარებულია აზრი, რომ კოლხთა გაბატონებამდე, ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში, ჰენიოხები ფლობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს, კერძოდ, ჩილდირის ტბისა და ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიას; მ.ინაძისვე აზრით, არგონავტები სწორედ ჰენიოხთა სახელმწიფოში მოვიდნენ; მათ სახელს ეთნონიმი კოლხები გვიან ჩაენაცვლა… კოლხების დაწოლით, ჰენიოხები გადაადგილდნენ ჩრდილოეთით. არისტოტელეს აზრით (384-322) “ფასისში თავდაპირველად ჰენიოხები ცხოვრობდნენ, კაციჭამია და ადამიანთა ტყავისგამხდელი ტომი, შემდეგ კი მილეტელები (თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 19, 57, 73). პლინიუსი (ძვ.წ. I ს.): “ამ მხარეში მთებს იქით მდებარეობს იბერია, ხოლო სანაპიროზე ცხოვრობენ ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები”. სტრაბონი ვრცლად მსჯელობს ჰენიოხთა შესახებ; მისი რწმენით კავკასიელი ჰენიოხები არიან ბერძენი (ლაკონელი) ჰენიოხების შთამომავლები, რომლებიც პონტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გადმოსახლდნენ იასონის ლაშქრობის შემდეგ და რომლებიც ზღვაზე მეკობრეობით ცხოვრობენ; მათ ჰყავთ 4 ბასილევსი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 137). კოლხთა მეზობლად ასახელებს ჰენიოხებს იოსებ ფლავიუსი (I ს.); აფსაროსამდე (გონიომდე) ნახა ჰენიოხები არიანემ (II ს.); მისი ცნობით, ჰენიოხებსა და მაკრონებს ერთი მეფე ანქიალე ჰყავთ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 101). აპიანე (II ს.) ჰენიოხებს ასახელებს მითრიდატეს მოკავშირეებში ტავრების, აქეელების, ლევკოსირების, ხალიბების, სკვითებისა და არმენიელების გვერდით (აპიანე, 1959, გვ. 23, 25, 144, 196). V საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელიც არიანეს მიჰყვება, ჰენიოხთა ტომს ნარევად აცხადებს და მათ ასახელებს საკუთრივ კოლხების (აგრეთვე, სანებად ჩათვლილი დრილების) და მაქელონების შემდეგ, ზიდრიტებამდე და ლაზებამდე, ე.ი. შავი ზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (გეორგიკა, 1965, გვ.7-8). შავი ზღვის სანაპიროზე ასახელებენ ჰენიოხებს უფრო გვიანაც; II საუკუნეში ისინი მაკრონმახელონებთან ერთად რიზე-აფსაროსს შორის ქმნიან ერთიან სახელმწიფოს; IV-V საუკუნეებში კი შავი ზღვის სანაპიროზე ჰენიოხები აღარ ჩანან (თ.ყაუხჩიშვილი, 1980, გვ. 68-71).
სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ჰენიოხი არის ვარიანტი მეორე სატომო სახელისა “სანიგი”; მაგ., ი.ორბელი და ნ.მარი ჰენიოხ- ფორმას განიხილავდნენ სან-//სანიგ- ფუძეების პარალელურად და მათ სვანებად მიიჩნევდნენ (შდრ., სანებს, სანიგებს და ჰენიოხებს პ.ინგოროყვა და ს.ჯანაშია მეგრელ-ჭანებად მიიჩნევდნენ; იხ., მაგ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ. 124, 135). კისლინგი ჰენიოხებს აკავშირებს სანებთან და ლაზებთან და მათ ქართველურ ტომად მიიჩნევს; რაც მეტად საყურადღებოა, იგი სანებსა და ლაზებს კერკეტებთან (ჩერქეზებთან!) აკავშირებს, მიიჩნევს რა მათ ერთი წარმოშობის ხალხად (მიმოხილვისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1980, სადაც გაზიარებულია კისლინგის მოსაზრება). ლინგვისტურ გამოკვლევებშიც ჰენიოხ- ფუძე დაკავშირებულია ჭან- ძირთანაც: ჭან-//ჭენ- > ჰენ-; ჰენ- ფუძე ჭან-ის სვანურ ვარიანტად მიიჩნევა; ამოსავალ საერთოქართველურ ფორმად ივარაუდება *წენ- (ბ.გიგინეიშვილი, 1975). წარმოდგენილ სახელთა დაკავშირება ლოგიკური წესებით ხდება, მაგრამ რთული წარმოსადგენია ჭანების სვანური სახელწოდების ურარტული სუფიქსით გაფორმება; ასევე, არალოგიკურია დასახელებულ ტომთა გაიგივება, ვინაიდან წელთაღრიცხვათა მიჯნაზე არიანეც, სტრაბონიც და სხვებიც გვერდიგვერდ და სხვადასხვა ტომებად ადასტურებენ ჭანებს//სანებს, სანიგებს, ჰენიოხებს და სვანებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჭან- და ჰენ- ძირებს შორის ჭან- ფორმის ძირითადობას, ხელი შეიძლება შეუშალოს იმ ფაქტმაც, რომ ბერძნულ წყაროებში ჰენიოხ- ძირი თითქმის 500 წლით ადრე ფიქსირდება, ვიდრე ჭან-; ჰენ- და ჭან- ფუძეთა დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ, ვფიქრობთ, ფორმათა ცვალებადობის სხვა გზა უნდა დავუშვათ (იხ. ქვემოთ). ჩვენი აზრით, წელთაღრიცხვაა მიჯნაზე ცალკ-ცალკე ტომებად თუ თემებად არსებობდნენ ჰენიოხებიც, სანებიც, სანიგებიც, ჭანებიც… მათ კონკრეტული საცხოვრისი და თავიანთი ენა თუ დიალექტი ჰქონდათ! ცხადია, დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი ქრება ასპარეზიდან. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მრავალი დოკუმენტი და ლოგიკური არგუმენტი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ამ და სხვა ქართველურ ტომებს საერთო წარმომავლობა, წინა ისტორია და კულტურა, შემდგომ კი ერთი სახელმწიფო და ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება აქვთ.

სანები //ჭანები – მემნონისა (I ს.) და სტრაბონის (I ს.) მტკიცებით “ისინი, ვინც წინათ მაკრონები იყვნენ, ახლა სანები არიან” (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.22; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 94, 146, 233). ჭანები პირველად მოიხსენიებიან არიანესთან (II ს.): კოლხების მეზობლები არიან ჭანები, იგივე სანები; თ.ყაუხჩიშვილის დასკვნით, რამდენადაც არიანე იყენებს ოთხ პარალელურ ფორმას (სანნოი, ტსანნოი, თიანნოი//ტიანნოი, ტუანნოი), ცხადია, რომ ბერძენს უჭირს ქართული ჭ-ს წარმოთქმა (თ. ყაუხჩიშვილი 1976, გვ.99-100). არიანეს აზრს ეხმიანება დიონისოს პერიეგეტის (II ს.) კომენტატორის ევსტათი ეპისკოპოსის (XII ს.) კომენტარიც: “ძველ მაკრონებს ახლა სანები ეწოდებათ, რაც ადგილობრივი გამოთქმით “ჭანებს” ნიშნავს (თ. ყაუხჩიშვილი 1976, გვ.94); შდრ., პროკოფი კესარიელი (VI ს.): “ზოგიერთი ამბობს, რომ ტრაპეზუნტიელთა მოსაზღვრენი არიან სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ, ან კოლხები, სხვაგვარად ლაზებს რომ ეძახდნენ… არც ერთი ამათგან სიმართლეს არ შეეფერება: ჭანები ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებულნი და ცხოვრობენ არმენიელების გვერდით შუახმელეთზე მეტად მიუალ მთებში… ლაზები კი კოლხები არიან” (გეორგიკა, 1965, გვ.120). ჩვენ უფლება არა გვაქვს არ ვენდოთ თვითმხილველსა და მკვლევარს პროკოფი კესარიელს: ლაზებისა და ჭანების გაიგივება მართლაც შეუძლებელია, ისინი უფრო მონათესავე ქართველური ტომები არიან. ჭანებისა და სანების სახელთა დაკავშირება ალბათ რეალურია, შესაძლოა მათი იგივეობის მტკიცებაც. აქვე აღვნიშნავთ, რომ სომხური ჭანივ-//ჭანეთ- ფორმის დამოწმებით ჭან- და სან- ფუძეების სინონიმურობა ნათლადაა დასაბუთებული ბ.გიგინეიშვილის მიერ (ბ.გიგინეიშვილი, 1975). არნ. ჩიქობქვას ვარაუდით, სანი იგივეა, რაც ზანი (არნ.ჩიქობავა, 1936, გვ. 3). ს. ჯანაშიას აზრით, ამოსავალია სან- ძირი, რომლის თავკიდური ბგერიდან ჩრდილოეთ სამეგრელოში წარმოიქმნა ზან-//წან-, ხოლო სამხრეთ სამეგრელოში (ჭანეთში) – ჭან- (ს.ჯანაშია, 59, გვ. 27-34).
ამიანე მარცელინეს “ისტორიაში” ერთო მხრივ ჭანები, მეორე მხრივ კი ლაზიკა არმენების მეზობლადაა (სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა ჭანების ლეგიონის მეთაური ვეტრანიონი. ძველი კომენტატორები ანრი ვალუა და ლინდენბროგი აღნიშნავენ: აქ მოხსენებული ძიანნი, იგივე ძანნი, თზანნი, შანნი და თჰანნი, ლაზებისა და სომხების მოსაზღვრე ხალხია; გეორგიკა I, 1961, გვ. 89, 124, 128, 161, 173); აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ქსენოფონტეს მიერ ნანახი ხალდებიც კარდუხების მეზობლად (იგივე არმენების მიერ დაპყრობილი მიწების!) მთებში ცხოვრობენ, შესაბამისად, შეიძლება დავუშვათ, რომ ხალდებიც და ჭანებიც კარდუხების მონათესავე თუ შემადგენელი ტომები არიან; შდრ.: ,,ხალდები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთ-ერთ ჭანურ ტომად არის მიჩნეული, ასევე განთავისუფლებულან სპარსთაგან და ამ დროისათვის არმენიელებთან და მარდებთან ერთად სპარსელი სატრაპის, ორონტას და მისი სარდლის არტუხას მოქირავნეები არიან…” (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 53). ამ თვალსაზრისით მეტად ფასეულია მოსე ხორენეცის ცნობა კეისარ ტაკიტეს მკვლელობის შესახებ: ” ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში, ესე იგი ხალდეთში” (მოვსეს ხორენეცი, 1984, გვ. 162, 277); შდრ., ს.ყაუხჩიშვილის თარგმანი: “ტაკიტე მოკლულ იქნა პონტოს პროვინცია ჭანიუკში, ესე იგი ხალტიკში (გეორგიკა, 1936, გვ.262, შენიშვნა). ჭანიკეს ქვეყანას პონტოში მოიაზრებს იოანე მალალაც (491-578): “იმავე ტაკიტეს მეფობის დროს მოხდა ომი პონტოში და თვით მეფე გაემართა იქ საომრად და ის მოკლული იქნა პონტოს ერთ ქვეყანაში ჭანიკეში…” (გეორგიკა, 1936, გვ. 262).
პროკოფი კესარიელი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს ჭანების შესახებ; იგი თვლის რომ ჭანები არ არიან ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი; ჭანები – არაზღვისპირა ხალხი – ცხოვრობენ მთებში, შუახმელეთზე, არმენიელების გვერდით (ლაზები, იგივე კოლხები კი ზღვისპირა ხალხია!): “…იმ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომები არმენიელები ცხობრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბოასი, რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას… ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი, ვინაიდან, როდესაც ზღვის მახლობლად მიდის, იცვლის ამ სახელს… მას სხვათა შორის ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ…” (გეორგიკა 1965, გვ. 120-122). შდრ., აგრეთვე: ,,არმენიის ადგილებიდან პერს-არმენიაში რომ მიდიხარ, მარჯვნივ არის ტავრი, მიმავალი იბერიაში და იქ მოსახლე ხალხებამდე, ხოლო მარცხნივ მეტად დაქანებული, დიდ მანძილზე გაჭიმული გზა არის და აღმართულია მეტად ციცაბო და მუდამ ნისლითა და თოვლით დაფარული მთები, საიდანაც გამოდის მდინარე ფაზისი და მიდის კოლხეთის ქვეყნისაკენ. აქ მოსახლეობს ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად წოდებული ირგვლივ მოსახლე რომაელების მძარცველნი” (გეორგიკა 1965, გვ. 53).
შდრ., აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.): ,,ამ დროს ჭანთა ტომი გახდა საზრუნავი. ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქ. ტრაპეზუნტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა… უმეტესი მათგანი კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა… თავს ესხმოდა არმენიასაც… ამიტომ მათ წინააღმდეგ იგზავნება თეოდორე მათივე თვისტომი (გეორგიკა 1936, გვ. 181-182).
ლაზები და ჭანები სხვადასხვა ქართველური ტომია უფრო გვიანაც; კერძოდ, ტერმინ ლაზიკას გვერდით ბიზანტიურ წყაროებში (იხ., IX საუკუნის მოღვაწე კონსტანტინე პორფიროგენეტი; გეორგიკა, 1952, გვ 292) არსებობს ჭანარია (ჭანარის ერისთავები); იხ., აგრეთვე: ნიკიფორე გრიგორასი (XIVს.): XIV საუკუნის I ნახევარში ტრაპიზონის იმპერიაში მეფე ბასილის ქალიშვილსა და ცოლს შორის დაწყებულ შინა ბრძოლების დროს ლაზები, ჭანები და ყველა სხვა ადგილობრივნი თავიანთ მშობლიურ, კომნენოსთა ოჯახიდან გამოსულ, დედოფალ ანა ხუთლუს აძლევდნენ უპირატესობას პალეოლოგოსთა გვარიდან გამოსულ ირინესთან შედარებით (გეორგიკა III, 1967, გვ. 146).
შდრ., აგრეთვე:
ლაონიკე ხალკოკონდილე (XV ს.): მიხედვით ,,…ჭანიდებს უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრიამდე…” (გეორგიკა 1970, გვ. 107).
ს.ყაუხჩიშვილი: ,,ერთ-ერთი შესაძლებელი ახსნა (იმისა თუ რატომ ვერ მოახერხა ბიზანტიის იმპერიამ ისევე შეეერთებია ტრაპეზონის სამეფოს ტერიტორია, როგორც ბიზანტიის იმპერიის დანარჩენი ტერიტორიები), ის იქნება, რომ ჩვენ ვაღიაროთ:,,ტრაპიზონის სამეფოს” მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული ტომისაგან – ჭანებისაგან – შედგებოდა”. (გეორგიკა 1967, გვ. 164).
აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს ან ჭანების ტერიტორიის ცვალებადობა, ან ჭანებისა და ლაზების, როგორც მონათესავე ტომების, აღრევა; ყოველ შემთხვევაში, ჭანები უთუოდ ქართველური მოდგმისანი არიან.
შენიშვნა: V საუკუნის ანონიმი ავტორი იმეორებს არიანეს აზრს და ქსენოფონტეს დრილებს ხაზგასმით სანებად იხსენიებს; შემდეგ მათ კოლხებში აერთიანებს
(ბერძენი მწერლები… 1983, გვ.158; გეორგიკა, 1965, გვ. 7).

 

One Response to “●ქართველური ტომები”

  1. Dave Bertagna said

    Of course, what a great site and informative posts, I will add backlink – bookmark this site? Regards, Reader

    Like

დატოვე კომენტარი