Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აფხაზეთის სამთავროს გაუქმება

♥აფხაზეთი-Abkhazia

 

XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის ქრონიკები

 

ბეჟან ხორავა –  ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე”

 

Abhazya Prensliği'nin Kaldırılması ve Miheil Şarvaşidzeდიდი ხნის მანძილზე აფხაზეთის ისტორიას ქართული ისტორიოგრაფია რატომღაც “არ სწყალობდა”. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი საქართველოს ამ მხარის ისტორიის მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებს ან ცალკეულ საკითხებს შეეხნენ. მათ აფხაზეთის გაბმული ისტორიის დაწერა მოუცლელობის გამო არც კი უცდიათ. ათეული წლების მანძილზე ქართული ისტორიოგრაფია ძირითადად აფხაზი თუ რუსი ისტორიკოსების მიერ აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციასა და ანტიქართული გამოხტომების პასუხებით კმაყოფილდებოდა. ამ მხრივ ვითარება მხოლოდ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომის შემდეგ შეიცვალა. თანდათანობით, ქართველმა ისტორიკოსებმა დაიწყეს აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების დაწვრილებით შესწავლა და, უფრო მეტიც, გამოქვეყნდა ნაშრომები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ აფხაზეთის ისტორიის გადმოცემას უძველესი დროიდან დღემდე. ასეთ ნაშრომთა შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ზ. პაპასქირის მიერ ორ ტომად გამოცემული ,,ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან” (ნაკვ. I, თბ., 2004, ნაკვ. II, თბ., 2007) და მისი რუსულენოვანი მონოგრაფია ,,Абхазия. История без фальсификации” (თბ., 2009, მეორე გამოცემა, თბ., 2010). უკანასკნელ ხანებში ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა აგრეთვე კოლექტიური ნაშრომები, რომლებშიც აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე არის გადმოცემული: ნარკვევები  საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი (თბ., 2007);  Очерки из истории Грузии. Абхазия (Тб., 2009). სულ მალე გამოქვეყნდება ამ ნაშრომის ინგლისური ვარიანტიც.

        ქართული ისტორიოგრაფიის ამ ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, ბუნებრივია, აფხაზეთის ისტორიის ყველა პერიოდი ჯეროვანი სისრულით დღემდე არ არის შესწავლილი. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ნაშრომთა ნაკლებობა XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიაში იგრძნობა. ფაქტობრივად, ბოლო დრომდე არ არსებობდა ნაშრომები, სადაც სრულად იქნებოდა გადმოცემული აფხაზეთში რუსეთის ბატონობის დამყარების ისტორია. ქართულ ენაზე არ არსებობდა ნაშრომი, რომელიც აფხაზეთის სამთავროს გაუქმებას და აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) ცხოვრების ბოლო წლებს შეეხებოდა.

       ქართული ისტორიოგრაფიის ამ ხარვეზს გარკვეულწილად ავსებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ბეჟან ხორავას წიგნი ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე” (თბ., 2011), რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. 

       ბ. ხორავას წიგნის ერთ ნაწილს შეადგენს XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის შესახებ უკვე გამოქვეყნებული ნაშრომები, რომელთა მოძიება დაინტერესებული მკითხველისათვის საკმაოდ დიდ სიძნელეს წარმოადგენს. წიგნის მეორე ნაწილი კი ისეთი გამოკვლევებისაგან შედგება, რომელთაც მკითხველი პირველად გაეცნობა. ამით ავტორმა XIX საუკუნის 20-60-იანი წლების აფხაზეთის ისტორიის თითქმის სრული სურათი მოგვცა.     

       განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ წიგნში შესული ნაშრომი, რომელიც აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ცხოვრების ბოლო წლებს შეეხება.   ავტორი ამ საკითხების შესწავლაში, ისტორიოგრაფიაში პირველი მკვლევარია. თანაც, ეს ნაშრომი იმითაც გამოირჩევა, რომ ის დაწერილია სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოტანილი საარქივო მასალით. ასევე აღსანიშნავია წიგნში შესული ნაშრომი, რომელშიც დაწვრილებითაა გადმოცემული აფხაზეთის სამთავროს ისტორია 1853-1856 წლების ყირიმის ომის წლებში. ფრიად საინტერესოა, აგრეთვე, წიგნში შესული სამეცნიერო ნარკვევი ,,რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის ისტორიიდან აფხაზეთში (XIX ს.)”. ამ ნარკვევში კარგად ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული საეკლესიო და კულტურულ-პოლიტიკური სამყაროსაგან აფხაზეთისა და აფხაზების ჩამოშორებასა და ,,რუსული აფხაზეთის” შექმნის იდეის განხორციელებას ცდილობდა.

       ვფიქრობთ, ბეჟან ხორავას წიგნი  ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე” ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის საგრძნობად აღრმავებს ჩვენს ცოდნას XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის ტრაგიკული ფურცლების შესახებ.

                          გ. არახამია

    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

   ივ ჯავახიშვილის   ისტორიისა და ეთნოლოგიის

   ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.         

 

                                                                

                  

BEJAN HORAVA’NIN ABHAZYA TARİHİNİ ANLATAN YENİ KİTABI ÇIKTI

Gürcü bilim insanı ve tarihçi Prof. Dr. Bejan HORAVA, dikkat çekici yeni kitabıyla okurlarının karşısında…

Yazar daha önceki “Abkhazların 1867 Sürgünü” isimli kitabında Abhaz halkının acı dolu sürgün yıllarını objektif bir şekilde ele almıştı.

“Abhazya Prensliğinin Lağvedilmesi ve Mihail Şervaşidze” isimli (Tiflis 2011) yeni kitapta, Abhazya Prensliğinin son yarım asrındaki olaylar anlatılmaktır.

1823-1864 yılları arasında hüküm süren Abhazya Prensi Mihail ŞERVAŞİDZE, Rusya Çarlığının sadık ve samimi bir müttefikiydi.

1864 yılında Rusya Çarlığı lehine sona eren Rus-Kafkas savaşlarının ardından Çar 2. Aleksandır, Rusya Çarlığının bağlaşığı Abhazya Prensliğinin ortadan kaldırılması ve Abhazya’nın tümüyle Rusya Çarlığı bünyesinde bir idari birim haline getirilmesi emrini vermişti.

Abhazya Prensliğinin 1864 yılının Temmuz ayında lağvedilmesinin ardından bölgeye Rus mülki ve idari amirleri atanmıştır. Yaşlı ve hasta son Abhazya Prensi Mihail ŞERVAŞİDZE ise Rusya içlerinde sürgüne gönderildiği Voronej şehrinde 1866 yılında vefat etti.

Bejan HORAVA’nın son eserinde Abhazya’nın politik, ekonomik ve coğrafi sorunları deneyimli bir tarih araştırmasının çıktıları ışığında güncel analiz ve değerlendirmelerle işlenmektedir.

Türkiye’ye sürgüne gönderilen Abhazların neslinden gelen ve Türkiye’de doğmuş ve büyümüş bir kişi olarak bu eserin hem Türkiye’deki Abhaz Diyasporası hem de genel Türk okuyucu kitlesi için ilgi çekici olacağını düşünüyorum. Bu nedenle de bir an evvel Türkçe’ye tercüme edilmesini arzu ediyorum.

 

BEZHAN KORAVA’S NEW BOOK ON ABKHAZIAN HISTORY

Georgian scientist and historian Prof. Bezhan KHORAVA has recently published His new research for the readers.

Esteemed author had before objectively examined the trustful exodus process of Abkhazians with His previous book named “1867 Deportation of the Abkhaz”.

“Abkhazian Princedom’s Abolishment and Mikhail Shervashidze” (Tbilisi, 2011) commentates the history of Abkhazian Princedom’s last century.

Abkhazian Prince Mikhail SHERVASHIDZE who had reigned between 1823-1864, was a veracious and devout ally of Russian Tsardom.

Following the victory of the armed forces of Russian Tsardom in 1864 (Russo-Caucasian Wars), Tsar Alexandre II had ordained the abolition of Abkhazian Princedom thoroughly and to be reduced to an administrative unit of Russian Tsardom.

In July 1864, Abkhazian Princedom had been abolished, and Russian civil and military executives were appointed to Abkhazia. Russians exiled the last Abkhazian Prince Mikhail SHERVASHIDZE to Russia who died in the Russian city Voronezh, in 1866.

Abkhazia’s political, economical and geographical problems are discussed with analyses and evaluations in Bezhan KHORAVA’s book that is an outcome of experienced historical researchs.

As a Turkish born descendant of an Abkhaz-Ubykh aristocratic family called Laqhaa (ლაყაა)/Lakerbaia from my (maternal) grandmother’s side, I’m desirous of that book to be translated into Turkish language which shall be very attractive for both the Abkhazian Diaspora in Turkey and general Turkish audience.

Ahmet Fatih ACAR

 

 ***

წ ი ნ ა თ ქ მ ა

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა საქართველო დაიპყრო. იმპერიის ხელისუფლებამ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო, დასავლეთ საქართველოს სამთავროებს კი ავტონომიური მმართველობა დაუტოვა. აფხაზები გააფთრებით იბრძოდნენ რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ და აფხაზეთში დამკვიდრებისათვის რუსეთის ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

1864 წლის მაისში, დასავლეთ კავკასიის დაპყრობისა და რუსეთ-კავკასიის ომში (1763-1864) გამარჯვების შემდეგ, იმპერიამ აფხაზეთისთვისაც მოიცალა. იმავე წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და ამ მხარეში უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო.

როდესაც სამთავროს გაუქმების საკითხი დადგა, აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) ითხოვდა, ის აფხაზეთში დაეტოვებინათ, როგორც კერძო პირი, თუკი ეს შეუძლებელი იქნებოდა, მისთვის ზამთარში ქუთაისში, ზაფხულში კი რაჭაში ცხოვრების ნება დაერთოთ.

რუსეთის ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ მიხეილ შარვაშიძემ აფხაზეთში რუსეთის დამკვიდრების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა და ერთგულად ემსახურა მას ორმოცი წლის განმავლობაში. ხელისუფლება ჩვეული სისასტიკით მოექცა მოხუც, ავადმყოფ მთავარს, რომელიც რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტისა და იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდებას ატარებდა და ვორონეჟში გადაასახლა.

აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1866 წლის 16 აპრილს ვორონეჟში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მიხეილ შარვაშიძის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში დაკრძალეს. ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის საფლავის ქვას ქართული ასომთავრული წარწერა ამკობს: ,,აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე მიცვალებული 1866 წელსა”.

შუა საუკუნეებში აფხაზები და აფხაზეთი ქართული კულტურული და პოლიტიკური სამყაროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ და არც თვითონ გამოყოფდნენ თავს ამ სამყაროდან. XIX საუკუნეში რუსეთი საქართველოსაგან აფხაზეთისა და ქართული კულტურულ-პოლიტიკური სამყაროსაგან აფხაზთა ჩამოშორებას, საბოლოო ჯამში კი, ,,რუსული აფხაზეთის” შექმნას ცდილობდა. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ აფხაზები თანდათან მოწყდნენ იმ კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებს, რომლითაც მათი წინა თაობები სულდგმულობდნენ.

წიგნში შესულია სამეცნიერო ნარკვევები, რომელთაც ერთი თემა _ აფხაზეთი აერთიანებთ. მათში განხილულია ამ მხარის ისტორიის მთელი რიგი საკითხები: აფხაზეთის დღევანდელ საზღვრებში ჩამოყალიბება; რუსეთის ბრძოლა ამ მხარეში დამკვიდრებისათვის; აფხაზური წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობა; აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და რუსული მმართველობის შემოღება ამ მხარეში; აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ტრაგიკული ხვედრი; აფხაზთა დეპორტაცია; აფხაზეთის კულტურისა და ეკლესიის ისტორიის საკითხები და სხვა.

სრულიად აშკარად ჩანს, რომ რუსეთის ბატონობამ აფხაზეთში აფხაზური ეთნოსი, ფაქტობრივად, ფიზიკური გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. ეს საფრთხე თავიდან ვერ აიცილეს აფხაზთა უახლოესმა მეზობელმა და მონათესავე ხალხებმა და ეთნოგრაფიულმა ჯგუფებმა დასავლეთ კავკასიიდან, მათ შორის, უბიხებმა და ჯიქებმა, რომლებიც ისტორიის არენიდან გაქრნენ. ეს საფრთხე დღესაც რეალურად არსებობს და ძნელი წარმოსადგენი არ არის რასაც აფხაზ ხალხს უქადის.

წიგნში შესული სამეცნიერო ნარკვევების ერთი ნაწილი გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო კრებულსა და ჟურნალში. ისინი თითქმის უცვლელი სახით იბეჭდება. წიგნში შესულია _ ორი რუკა ავტორთა ჯგუფის (თ. ბერაძე, კ. თოფურია, მ. სანაძე, ბ. ხორავა) ,,აფხაზეთის ისტორიული ატლასიდან”; ფოტოები ქ-ნ ბაბო დადიანის არქივიდან, რომელიც ქ-ნმა თათული ღვინიაშვილმა მოგვაწოდა, აგრეთვე პ. ქურდოვანიძის ,,ქართულ-ახაზური ალბომიდან” (თბ., 2008), წიგნიდან ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი, ტ. 1″ (თბ., 2007) და ავტორის პირადი არქივიდან.

  

***

ქართული სალიტერატურო ენა და ქართული კულტურა _ საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული მხარის შემოქმედების ნაყოფი*

 

ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მწიგნობრობა საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის, ყველა ქართული კილოკავისა და დიალექტის მონაწილეობით შეიქმნა. ამ დიდ საქმეში საქართველოს სხვა მხარეებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი სამეგრელომ, სვანეთმა და აფხაზეთმა შეიტანეს.

ქართველ ტომებს ერთიანობის გრძნობა ძალზე შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ ძვ. წ. XV-XIV სს. გააჩნდათ, იმ დროს, როდესაც უძველესი ქართული სახელმწიფო _ კოლხეთი ჩამოყალიბდა.

მომდევნო საუკუნეებში ერთიანობის ეს გრძნობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ამას ,,ქართლის ცხოვრების” ის ეპიზოდიც მოწმობს, სადაც ეგრისის პატრონი _ ქუჯი საქართველოს ერთიანობისთვის ქართლის მეფე ფარნავაზის ერისთავობას ნებაყოფლობით თანხმდება. შეიძლება ეს ეპიზოდი მოვლენებს ზუსტად ვერ ასახავს. მთავარი ისაა, რომ VII-VIII საუკუნეებში, როდესაც “ქართლის ცხოვრების” უძველესი ნაწილი შეიქმნა, მის მკითხველს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მოვლენების ასეთ განვითარებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები გვიანანტიკურ ხანაში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ქართული დამწერლობის შექმნის შემდეგ, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. ამას მოწმობს თუნდაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე პეტრე იბერისა და იოანე ლაზის ურთიერთობა: პეტრე იბერი _ ერისკაცობაში მურვანოსი, ქართლის მეფის ბუზმირის ვაჟი იყო და როგორც მძევალი, ბიზანტიის სამეფო კარზე იზრდებოდა. აქ მისი სულიერი მასწავლებელი იყო ეგრისის მკვიდრი მითრიდატე “ლაზი”. მათ საერო ცხოვრებაზე უარი ერთად თქვეს და იერუსალიმში როგორც პეტრე იბერი და იოანე ლაზი ბერად აღიკვეცნენ. მათ სახელთანაა დაკავშირებული V საუკუნეში წმინდა მიწაზე აგებული ორი მონასტერი, რომლებიც ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში ქართველთა მონასტრების სახელითაა ცნობილი. ეს ორი მონასტერი, ისევე როგორც პეტრე იბერის ეპოქაში ქართველების მიერ პალესტინაში  აგებული სხვა ეკლესია-მონასტრები, V-VI საუკუნეებში ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანეს კერებად იქცა.

V-VIII საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლებმა დასავლეთ საქართველოდან დღემდე ვერ მოაღწია. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ამ ხანაში დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი ეკლესიურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. თუმცა დასავლეთ საქართველოში ამ საუკუნეების ბერძნული წარწერებიც უმნიშვნელო რაოდენობით არის შემორჩენილი. ბერძნული ეკლესია და ბერძნული დამწერლობა ამ ქართულენოვან სამყაროში თავსმოხვეული და უცხო იყო. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთ საქართველოში ადრე შუა საუკუნეების არც ერთი ბერძნული ხელნაწერი არ შემორჩენილა. ამიტომ, როდესაც დასავლეთ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში ქართული დამწერლობის გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ, აქ უამრავი ქართული ლაპიდარული და ფრესკული წარწერა გაჩნდა.

VIII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის ერისთავთა დინასტიამ დასავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გააერთიანა. ამიტომ მას ,,აფხაზთა” სამეფო ეწოდება. იგი ლიხის ქედიდან მდ. ნიკოფსიამდე და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან ჭოროხის ხეობამდე ტერიტორიას მოიცავდა. ,,აფხაზთა” სამეფო ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო, სადაც ღვთისმსახურებისა და მწიგნობრობის ენა ქართული იყო. “აფხაზთა” მეფეები საერთო ქართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ. ისინი ქართულ კულტურას და მწიგნობრობას ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ. “აფხაზთა” მეფეებმა დასავლეთ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩამოაშორეს და ჯერ აფხაზეთის კათალიკოსს, შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დაუქვემდებარეს.

აფხაზეთის საკათალიკოსოში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე იყო. ამიტომაც დასავლეთ საქართველოში ქართული დამწერლობის დღემდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნეს მიეკუთვნება.

დასავლეთ საქართველოში უძველესი ქართული ლაპიდარული წარწერები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მსიგხუას (ამჟ. გუდაუთის რაიონი) მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაშია აღმოჩენილი, რომელიც IX საუკუნით თარიღდება. მსიგხუას წარწერების გარდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ხანის სხვადასხვა შინაარსის მრავალი წარწერა გვხვდება: ტაძრის ქტიტორთა, ოსტატ-მაშენებელთა სავედრებელი, წმინდანთა სადიდებელი და სხვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტაძრის ქტიტორი, ოსტატ-მშენებლები, მრევლი ღვთისმსახურებას ქართულ ენაზე ეწეოდა და ქართულ ეთნოკულტურულ სამყაროს ეკუთვნოდა.1

,,აფხაზთა” სამეფო ქართული კულტურის კერა იყო. “აფხაზთა” მეფის გიორგი II-ის (922-957) კარზე მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი. მის ერთ-ერთ პოეტურ ნაწარმოებს “გალობანი გიორგისნი” ავტორი ურთავს კიდურწერილს: “ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა. წმიდაო გიორგი, შეეწიენ გიორგი მეფესა წინაშე მეუფეთა მეუფისა და ადიდე”.2 X საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილია კიდევ ერთი სახელგანთქმული ქართველი ჰიმნოგრაფი სტეფანე სანანოის ძე ჭყონდიდელი, რომელიც ასევე დასავლეთ საქართველოს ჰიმნოგრაფიული სკოლის წარმომადგენლად ითვლება.3 X საუკუნეშივე ,,აფხაზთა” სამეფო კარზე შეიქმნა ,,აფხაზთა მეფეთა დივანი”, სადაც VIII-X სს. ,,აფხაზთა” მეფეების გენეალოგიაა მოცემული.

ქართული კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს სვანეთი, სადაც ქართული ლაპიდარული წარწერები IX საუკუნიდან ჩნდება. ამ დროიდან სვანეთში შემოგვრჩა როგორც სამშენებლო-ქტიტორული, ისე სამართლებრივი ხასიათის წარწერები, ხის ნაჭრებსა თუ სხვადასხვა ხელნაწერებზე მიწერილი საბუთები.4 ეს მოწმობს, რომ ქართული წერა-კითხვა და მწიგნობრობა ამ მხარეში საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიაში შემორჩენილი X საუკუნის II ნახევრის ფრესკული ასომთავრული წარწერა საღმრთო წერილის ნაწყვეტების ტექსტით. პირველი მოთავსებულია გაშლილ წიგნზე, რომელიც ეკლესიის საკურთხევლის მხატვრობაში სხვა წმინდანებს შორის გამოსახულ იოანე მახარებელს უჭირავს: “პირველითგან იყო სიტყუაჲ” და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” (იოვანე, 1,1). მეორე წარწერა, შესრულებული დიდი ზომის მონუმენტური ასოებით, მოთავსებულია საკურთხევლის თაღის წინა მხარეს: ,,ქ. სახლსა შენსა შუჱნის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღჱთასა” (ფს. 92,5).5

ქართული მწერლობის კერას ოდითგანვე წარმოადგენდა სამეგრელო. ისტორიულ სამეგრელოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ღუმურიშში, აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში ყველაზე ადრეული _ გრიგოლ გალატოზთუხუცესის მხედრული წარწერა.

IX-X საუკუნეებში, თუ უფრო ადრე არა, ,,ქართველი” საქართველოს ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოსახლის ზოგად სახელად იქცა. ტერმინი “საქართველო” კი “ქართლის ცხოვრებაში” პირველად მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით იხსენიება.

საქართველოს ერთიანობის ხანაში ერთიანი ქართველი ხალხი ერთი სალიტერატურო ენით და საერთო ქართული დამწერლობით უკვე არსებობდა. ქვეყნის ნებისმიერ მხარეში ყველამ იცის, რომ ის ჯერ ქართველია, შემდეგ კი თავისი მხარის, თემის, სოფლის მკვიდრი. ამის ნათელი მაგალითია სვანეთში, სოფ. ლაჰილის წმ. გიორგის ეკლესიის მიქაელ მთავარანგელოზის ხატის (XIII-XIV სს.) წარწერა: ,,ქ. წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისაო, ჴელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი, და დადიანი, და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი და ჴევი ლატალისა; და აღაშენე მაშენებელი შენი სოფელი ლაილისა და ყოველნი მადიდებელნი შენნი, ამენ”.7 ნიშანდობლივია, რომ ამ შინაარსის წარწერა შექმნილია ერთ-ერთი სვანური სოფლის დაკვეთით, რომლის მოსახლენი ქართველი ხალხის შემადგენელ ორგანულ ნაწილად თვლიდა თავს. მათი გაგებით, სვანები, ისევე როგორც მეგრელები, აფხაზები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეთა მკვიდრნი.

The Gospel from Mokvi, 1300შუა საუკუნეებში აფხაზეთის, ოდიშის, სვანეთის ეკლესია-მონასტრები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებს წარმოადგენდნენ. ამ ტაძრებში შეიქმნა ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ძეგლები, გადაიწერა ოთხთავები და სხვა სასულიერო თუ საერო წიგნები. მათ შორის აღსანიშნავია XII საუკუნის ბიჭვინთის სახარება; 1300 წელს დანიელ მოქველის დაკვეთით მოქვის ღვთისმშობლის ტაძარში გადაწერილი ოთხთავი, რომელიც ,,მოქვის ოთხთავის” სახელითაა ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერი მინიატურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ. მოქვის ტაძრის კუთვნილება იყო XII-XIII საუკუნეებში გადაწერილი ოთხთავი, რომელიც მოგვიანებით დადიანთა ოჯახში მოხვდა, შემდეგ კი ჯრუჭის მონასტერს შესწირეს და დღეს “ჯრუჭის II ოთხთავის” სახელითაა ცნობილი. X-XI საუკუნეებში სვანეთში გადაწერილი საეკლესიო წიგნებიდან დღემდე მოაღწია “საწელიწადო იადგარმა”, “მესტიის ოთხთავმა”, “იერუსალიმის განჩინებამ”, საგალობლების კრებულმა. 1322 წელს სვანეთშია გადაწერილი ლახუშტის სახარება-აპარაკოსი. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ქართულ საეკლესიო წიგნებს იერუსალიმიდანაც აგზავნიდნენ. ასე, მაგალითად, XIV საუკუნეში იერუსალიმიდან იოვანე ქსცხიანის შვილმა ,,ფხოტრერის დეკანოზის ხელით” თავის ძმას მუხერის მთავარანგელოზისათვის შესაწირად გამოუგზავნა იერუსალიმის ქართველთა აღდგომის ეკლესიაში მის მიერ გადაწერილი სახარება, რომელსაც დღეს “ლაჰილის ოთხთავი” ეწოდება. იერუსალიმიდან სვანეთში ამ ძვირფასი ძღვენის გამოგზავნის შესახებ ცნობა სახარების ანდერძ-მინაწერშია დაცული: “ქ. სახელითა ღმრთისაითა, აღდგომისა ეკლესიასა შინა, წინაშე საფლავისა ქრისტესა მე, ცოდვილმან და უმეცარმან და უცბად მჩხრეკელმან, იოვანე ქსცხიანის შვილმან ხელვყავ აღწერად წმიდათა ამათ ოთხთავთა, და შევსწირე სუანეთს წმიდასა მთავარანგელოზსა მუხერისა…” 8

საქართველოს ძლიერების ხანაში ქართული ენა, ქართული კულტურა ქართულ ქრისტიანობასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაშიც ვრცელდებოდა. ცნობილია ქართულ-ხუნძური ორენოვანი წარწერა დაღესტნიდან, სადაც ხუნძური წარწერა ქართული ანბანითაა შესრულებული. 9 ჩრდილოეთ კავკასიისაგან განსხვავებით, საქართველოში ქართული ენის რომელიმე დიალექტზე ან კილოკავზე უბრალო წარწერაც კი არასოდეს შექმნილა.

 XV საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, მაგრამ ერთიანობის იდეა ამის შემდეგაც არ გამქრალა. XVI-XVIII საუკუნეებში საქართველოში ყველგან ქართული ენა რჩებოდა საკომუნიკაციო, ღვთისმსახურების, ლიტერატურისა და ხელოვნების ენად. ეს განსაკუთრებით რელიეფურად ჩანს ოდიშის (სამეგრელოს) და სვანეთის მაგალითზე.

XVI საუკუნეში ოდიშში, ბედიის ეპარქიის ცენტრში, ბედიის ღვთისმშობლის ტაძარში, შეიქმნა გულანი, რომელიც ბედიის გულანის სახელითაა ცნობილი. ს-ს. ორბელიანის განმარტებით, გულანი ,,გულთ სანდომად შეკრებული წიგნია”. ბედიის გულანი საეკლესიო კრებულია, რომელშიც ჩვეულებრივ, თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები _ სახარება, თვენი, მარხვანი, ზატიკი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ.10 მოქველი მთავარეპისკოპოსის ეფთვიმე საყვარელიძის დაკვეთით მოქვში გადაიწერა მეტაფრასი (XVI ს.); წალენჯიხაში, მოძღვართ-მოძღვარ ილარიონ წალენჯიხელის დაკვეთით მღვდელ გაბრიელ ბოკუჩავას 1667 წელს გადაუწერია კურთხევანი.11 ცაიშის ტაძარში გადაიწერა გულანი (XVIII ს.). ოდიშის მთავრების მიერ მოჭედილი ჯვარ-ხატები, მათ მიერ აგებული ეკლესია-მონასტრები შემკულია ქართული წარწერებით. ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) კარზე 1634-1657 წლებში მოღვაწეობდა იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარი და კალიგრაფი მამუკა თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი), რომელმაც მთავრის ბრძანებით 1646 წ. გადაწერა და მინიატურებით შეამკო “ვეფხისტყაოსანი”. აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ პოემის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი.

ლევან II დადიანის ბრძანებით მასვე გადაუწერია ,,შაჰ-ნამეს” ქართული პროზაული ვერსია “უთრუთიან-საამიანი” და გაულექსავს ,,ზააქიანის” პროზაული ტექსტი. ამავე ხანებში ოდიშის სამთავრო კარზე მოღვაწეობდა პოეტი ბარძიმ ვაჩნაძე. ლევან II დადიანის მთავრობის წლებში განახლდა ოდიშის ყველა ეკლესია, ხელახლა მოიხატა და შეიმკო წალენჯიხის, ცაიშის, ხობის ეკლესიები, აშენდა კორცხელის ეკლესია; ოდიშის მთავარმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ხოლო მისი საფასით ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა 1643 წელს განაახლა ტაძრის  მხატვრობა. ამ დროს ოდიშის სამთავრო კარზე არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც არაერთი ჯვარ-ხატი მოიჭედა, შეიმკო ოქრო-ვერცხლით და ძვირფასი თვლებით.12 “ჯვარცმის” (ოქონის) ხატის ვერცხლის ბუდეზე წარწერა გვაუწყებს: “ქ. ეჰა ძვირუხსენებელო, გონება მიუწდომელო, ცისა და ქვეყნის შემქმნელო, ყოვლის ფერის დამბადებელო, ღმერთო, ძეო მაცხოვარო ქრისტე მეუფეო, ჯვარცმაო ოქონისაო, რომელმან მოვაჭედინეთ კუბო ესე ვერცხლითა ჩუენ, დადიანმან, პატრონმან ლევან, მის კურთხეულისა ჩვენისა, ამ სოფლისა თვალის სინათლისა, დედოფლისა, პატრონისა ნესტან-დარეჯანისა სულის სახსრად და საოხად, რათა იხსენ ყოულისა სატანჯველისაგან. ლევან”.13 ისევე როგორც ეს წარწერა, ოდიშსა (სამეგრელო) და სვანეთში შედგენილი საბუთები, დაწერილია გამართული ქართულით, ქართულ დიპლომატიკაში არსებული ნორმების გათვალისწინებით და მათში კუთხურობა თითქმის არ იგრძნობა. ამიტომ ენათმეცნიერები ზოგჯერ მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ესა თუ ის ძეგლი სვანეთში ან სამეგრელოშია შედგენილი.

სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ქართულ წიგნებს მზითევშიც ატანდნენ. ლევან II დადიანის დის _ მარიამის მზითვის წიგნში დასახელებულია დავითნი, ჟამნი, “ყოვლად წმინდის სავედრებელი წიგნი”, “დაუჯდომელი საკითხავი წიგნი”, ,,როსტომიანი”, ,,ვეფხისტყაოსანი” და სხვა.14 ცნობილია, რომ ქართლის სამეფოში გადედოფლებისთანავე მარიამ დადიანი სათავეში ჩაუდგა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისა და ქართული მწიგნობრობის აღორძინების საქმეს. მისი ბრძანებით და საფასით აღადგინეს და მოხატეს სვეტიცხოველი და აღმოსავლეთ საქართველოს არაერთი ეკლესია-მონასტერი. ქართლის დედოფალმა, ისევე როგორც მისმა ძმამ, ლევან II დადიანმა, დიდი ღვაწლი დასდო იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

დედოფალ მარიამს დიდი ამაგი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გადანუსხვა-გამრავლებასა და აღდგენა-განახლების საქმეში. მისი ბრძანებით, დაახლოებით 1634-1645 წწ. შორის გადაიწერა “ქართლის ცხოვრების” ხელნაწერი, რომელიც ამჟამად ,,მარიამ დადიანისეული ქართლის ცხოვრების” სახელითაა ცნობილი. ეს არის “ქართლის ცხოვრების” ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი. დედოფალი მარიამი დიდად ზრუნავდა მტრის მიერ გატაცებულ ქართულ ხელნაწერთა დასახსნელად. მის მიერ თურქ-ოსმალთა ტყვეობიდან დახსნილ პარხლის მრავალთავს (X ს.) ასეთი მინაწერი ახლავს: “ჩუენ, ხელმწიფემა პატრონმა დადიანისა ასულმა დედოფალთ დედოფალმან მარიამ ესე წიგნი ურუმის ქვეყნიდამ გამოვიხსენ და გავაახლე, დაშლილი და წამხდარი ჩემდა სადღეგრძელოდ და ცოდვათა ჩუენთა შესანდობად”. მსგავსი შინაარსის მინაწერები ახლავს ტბეთის სახარებას (XII ს.), ჭალის გულანს, სვეტიცხოვლის ჟამნ-გულანს (1567 წ.) და სხვა ხელნაწერებს, რომლებიც ასევე მარიამ დედოფალს ,,ტყვეობიდან” დაუხსნია.15

ქართულ ხელნაწერებზე ზრუნვა ოდიშის სამთავრო კარზე არასოდეს შეწყვეტილა. ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა (1728-1758) და მისმა მეუღლემ დედოფალმა გულქანმა გადააწერინეს ტიპიკონი (1738 წ.); დედოფალ გულქანისავე ბრძანებითაა გადაწერილი ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი; ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის (1788-1804) ბრძანებით გადაუწერიათ პარაკლიტონი და ტ. გაბაშვილის ,,მიმოსლვა”.16 XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. დასაწყისში ოდიშის სამთავრო კარზე მოღვაწეობდა ისტორიკოსი ნიკო დადიანი, ფეოდალური ხანის ერთადერთი ცნობილი ისტორიკოსი დასავლეთ საქართველოდან. მისი საისტორიო თხზულების “ქართველთ ცხოვრება” ერთი ნაწილი წინამორბედი ავტორების თხზულებათა შემოკლებულ გადმოცემას წარმოადგენს, ხოლო ორიგინალური ნაწილი _ XVIII ს. მიწურულისა და XIX ს. დასაწყისის დასავლეთ საქართველოს ისტორია, _ საქართველოს ისტორიის ფონზეა გადმოცემული.

სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი (1846-1853) ქართული წიგნის დიდი ტრფიალი იყო. ის არა მარტო აგროვებდა ქართულ წიგნებსა თუ ხელნაწერებს, არამედ თვითონაც ეწეოდა ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას, წერდა ლექსებს. მისი დაკვეთით ითარგმნა მრავალი მხატვრული ნაწარმოები თუ სამეცნიერო ნაშრომი, გადაიწერა მრავალი ხელნაწერი. დავით დადიანის დაკვეთით გადაიწერა იოანესა და თორნიკეს მიერ ათონის მთაზე გადაწერილი “ბიბლია”, იოანე პეტრიწის “პროლოგი”, იოსებ ფლავიუსის, პლუტარქეს და სხვათა თხზულებები; მღვდელ იესე გარსევანიშვილს რუსულიდან ათარგმნინა ჰეროდოტეს “ისტორია”, პლუტარქეს “შედარებითნი ცხოვრების აღწერანი”, “შეყუანილება მითოლოღიად” და სხვა.17 ეს ხელნაწერები, და აგრეთვე ქართულად თარგმნილი სხვა მრავალი თხზულება, მათ შორის, ჰომეროსის “ილიადა”, ციცერონის “ლელი ანუ მეგობრობისათვის”, მონტესკიეს “გულისხმისყოფისათვის სჯულთასა”, იოანე სინელის “კლემაქსი”, ს.-ს. ორბელიანის “ლექსიკონი ქართული” (XVIII ს.), “როსტომიანი” (XVIII ს.), იონა ხელაშვილის “რონინი” და ,,კრებული” (XIX ს.), პეტრე ლარაძის “მრავალფერყუავილოვანი” (XIX ს.), სამეგრელოს სამთავრო ტახტის მემკვიდრემ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა ქშწკგ საზოგადოებას გადასცა. 17

დადიანების კოლექციაში არაერთი ძვირფასი ხელნაწერი შედიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შატბერდში გადაწერილი მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიული კრებული (978-988 წწ.). მასში შედის ქართული და ბერძნულიდან თარგმნილი ტექსტები. საგალობელთა ავტორები და მთარგმნელები არიან გიორგი მერჩულე, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოზისძე, ბასილი ხანძთელი, კურდანაი-კვირიკე, მაკარი ლეთეთელი. საგალობელთა კრებულის შემდგენელი, ერთ-ერთი ავტორი და გადამწერი არის მიქაელ მოდრეკილი. აღსანიშნავია, რომ საგალობლებს სანოტო ნიშნებიც ახლავს.18

გვიან შუა საუკუნეებში სვანეთი ქართული ხელნაწერებისა და ჯვარ-ხატების თავისებურ თავშესაფრად იქცა. ქართული დამწერლობის ძეგლები სვანეთში თითქმის გაფეტიშებული ჰქონდათ, ამიტომაც ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ხელნაწერი შეეძინათ და დაღუპვისგან გადაერჩინათ. ასეთ ხელნაწერებს შორის აღსანიშნავია: ადიშის (897 წ.), მესტიის (1033 წ.), ლაბსყალდის (XII ს.), ქურაშის (XII ს.), ლახამულის (XII ს.), იენაშის (XIII ს.), ლაჰილის (XIV ს.) ოთხთავები; იელის მარხვანი (XII ს.), ლატალის ლექციონარი (IX-X სს.) და სხვა.19 ისინი ცნობილია იმ სახელით, სადაც დაცული იყო. აღსანიშნავია, რომ ადიშის ოთხთავი არის ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი ნუსხა. გადაწერილია შატბერდის ლავრაში. ოთხთავზე XV-XVI სს. ნუსხურით გაკეთებულ მინაწერში ნათქვამია, რომ ნიკოლაოს ჯუმათელს ეს სახარება და სხვა წმიდა წიგნები _ მრავალთავი, ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება, _ მას კლარჯეთის მონასტრებიდან წამოუღია. შემდეგ, XVI საუკუნეში ისინი სვანეთში აღმოჩნდა.20 მესტიის ოთხთავი ოშკშია გადაწერილი, ლაჰილის ოთხთავი _ იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში და ა.შ.

სამეგრელოსა და სვანეთისაგან განსხვავებით, XVII-XVIII საუკუნეებში აფხაზეთი კულტურულად საქართველოს ნაწილობრივ მოწყდა, რაც ამ მხარეში დასავლეთ კავკასიის მთიელთა ჩამოსახლებამ გამოიწვია. თუმცა ასეთი რადიკალური ეთნიკური ცვლილების შემდეგაც აფხაზეთის ფეოდალური საზოგადოება, სამთავრო სახლი, მეტწილად ქართული დარჩა. XIX საუკუნეში მთავრის კანცელარია კვლავაც ქართულ ენაზე მუშაობდა. ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) და მისი მეუღლის, დედოფალ ალექსანდრა დადიანის საფლავის ქვების წარწერები მოქვის ეკლესიაში ქართულ ენაზეა შესრულებული.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ საქართველოს მიწა-წყალი ნაწილ-ნაწილ დაიპყრო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ცარიზმი ქვეყნის კოლონიზაციისა და მოსახლეობის ასიმილაციისთვის ზრუნვას შეუდგა, თუმცა ეს პროცესი რუსეთ-კავკასიის ომმა (1763-1864 წწ.) შეაფერხა. 1864 წელს ომის გამარჯვებით დასრულებისა და კავკასიელ მთიელთა დიდი ნაწილის ძალდატანებით ოსმალეთში გადასახლების (მუჰაჯირობა) შემდეგ ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო და ადგილობრივი მოსახლეობის გარუსების მცდელობა ახალი ძალით გააჩაღა. მეფის ხელისუფლებას სურდა კავკასია “სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით მჭიდროდ შეეკრა რუსეთთან და მის განუყოფელ ნაწილად ექცია”, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა “ენით, გონებით და გრძნობით რუსი გამხდარიყო”.22

XIX საუკუნის 80-იან წლებში ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკაში ახალი ტენდენციები გამოიკვეთა. აშკარად გამოხატული ასიმილატორული პოლიტიკა _ ადგილობრივი მოსახლეობის აყრა მშობლიური ადგილებიდან და გადასახლება, ფიზიკური განადგურება, რუსთა დასახლებების შექმნა, _ რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების დენაციონალიზაციის, ეროვნული ცნობიერების მოშლის პოლიტიკით შეიცვალა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ქართველების რუსიფიკაციის ჯერიც დადგა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მოხერხებულ გზად ერთიანი ქართული ეთნოსის ტომებად დაყოფა მიიჩნია. ამ დროიდან, მოსახლეობის აღწერის თუ სხვა სტატისტიკურ მასალებში ცალ-ცალკე აღწერდნენ ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს. ამიერკავკასიის მოსახლეობის აღწერის (1886 წელი) მასალებში ცალცალკეა შეტანილი: ქართველები, რომელშიც ქართლ-კახეთის მკვიდრნი იგულისხმებოდნენ, იმერლები, გურულები, აჭარლები, მეგრელები და ლაზები, აფხაზები, სვანები, თუშები, ფშავლები, ხევსურები, მთიულები. 23 ქართველების ეთნოტომობრივ ჯგუფებად დაყოფა 1897 წლის სრულიად რუსეთის იმპერიის მოსახლეობის პირველი და შემდგომი აღწერის დროსაც უცვლელი დარჩა. ამასვე ემსახურებოდა ქართული ენის მეგრული და სვანური დიალექტების ცალკე ენებად გამოცხადება.

უპირველეს ყოვლისა, ცარიზმი აფხაზეთში რუსული ორიენტაციის ინტელიგენციის ჩამოყალიბებისათვის ზრუნვას შეუდგა. აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობილებას; დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველ-აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს _ ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა და რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შექმნა. აფხაზური დამწერლობის შექმნა ემსახურებოდა არა კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს, რის შესახებაც მეფისნაცვლის საბჭოს წევრი ე. ვეიდენბაუმი დაუფარავად წერდა: “აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა განწირულია გასაქრობად, ასე თუ ისე ახლო მომავალში. საკითხი ისაა, რომელი ენა შეცვლის მას. ალბათ, მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებების გამტარებლის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენის ხმარების დასუსტებისა და სახელმწიფო ენით მისი თანდათან შეცვლის საშუალება”.24

რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა მოხელე-მეცნიერებმა დაიწყეს მიზანმიმართული კამპანია იმის დასამტკიცებლად, რომ მეგრელები, სვანები და სხვა ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფები ქართველები არ არიან, რასაც თითქოს მათ ,,ენებს” შორის არსებული განსხვავებაც ადასტურებდა. იმპერიის ხელისუფლების აზრით კავკასიაში სკოლა ადგილობრივი ერების გადაგვარებისა და გარუსების მძლავრი იარაღი უნდა გამხდარიყო; სკოლას უნდა აღმოეფხვრა ადგილობრივი კულტურა და დაენერგა რუსული, რათა საბოლოოდ გაერუსებინათ ეს ხალხები. 1885 წლის 11 იანვრის ცირკულიარით სამეგრელოს სკოლებში სწავლება მშობლიურ ენაზე _ ე. ი. მეგრულად უნდა წარმართულიყო. რადგან მეგრულ ენაზე დამწერლობა არ არსებობდა, რუსული ანბანით უნდა ესარგებლათ.25 მეგრულ ენას მიმართავდნენ იმ მიზნით, რათა მისი მეშვეობით სამეგრელოდან ქართული ენა განედევნათ და არა მასზე ზრუნვით, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ანბანის, მწერლობის, ლიტერატურული ტრადიციების არმქონე ენა ვერ შეცვლიდა ქართულს და ეს არც შეადგენდა მათ მიზანს. ქართველი საზოგადოება წინ აღუდგა ამ წამოწყებას. სენაკის მაზრის ინტელიგენციამ თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, ჩარეულიყო ამ ამბავში. სწორედ ამავე ხანებში სამეგრელოს სამთავრო ტახტის მემკვიდრემ ნიკო დადიანმა დადიანთა შესანიშნავი ბიბლიოთეკა _ 169 ხელნაწერი წიგნი და ნაბეჭდი წიგნები ქართულ და უცხოურ ენებზე _ საჩუქრად გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სწორედ ეს უნიკალური კოლექცია დაედო საფუძვლად ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკასა და მუზეუმს. დადიანთა ბიბლიოთეკის თბილისში გადმოტანის მოტივით სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე ჩავიდა.26 სწორედ ამ მოგზაურობის დროს წარმოთქვა დიდმა ილიამ ის ცნობილი სიტყვა, რომელიც სალბუნად დაედო ამ მრავალჭირნახულ მხარეს: ,,სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე! დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გარდაუვლია ზურგსზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა რღვევისა და გაწბილებისა, მაცხოვარი ძალა იგი, ქვეყნის მხსნელი სამეგრელოდან მომდინარეობდა, მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდა. ასე იყო წინეთ, აგრე არის ახლა, აგრე დარჩება მომავალშიც“.27 ქართველი ხალხის გათიშვის მიზნით, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კ. იანოვსკის (1878-1899) მოწვევით პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტის კანდიდატმა ა. გრენმა, რომელიც საქართველოში 1886 წელს ჩამოვიდა, შეადგინა მეგრული ანბანი და მეგრული ენის სახელმძღვანელო, მეგრულად თარგმნა ლოცვები და მათეს სახარების რამდენიმე თავი.28 ამის წინააღმდეგ კვლავ გამოვიდა სამეგრელოს მოწინავე ინტელიგენცია, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. იყო მცდელობა სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება მეგრულად დაენერგათ, საღვთო წერილი ეთარგმნათ. ეს ჯერ კიდევ XIX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (1844-1858) წინადადებით სამურზაყანოს ეკლესიათა ბლაღოჩინმა დავით მაჭავარიანმა ქართულიდან მეგრულად თარგმნა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია.29 სამეგრელოს მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა საეკლესიო წიგნების მეგრულად თარგმნას, მეგრულ ენაზე ღვთისმსახურების შემოღებას. მეგრულად წირვა-ლოცვის ჩატარების მცდელობა ხალხმა არ მიიღო.30 ცნობილმა მოღვაწემ თედო ჟორდანიამ, რომელიც იმხანად გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ მუშაობდა, ვრცელ მოხსენებაში სრულიად ნათლად აჩვენა ლოცვების მეგრულად თარგმნის შეუსაბამობა და უხამსობა, რასაც ამ საკითხის საბოლოოდ მოხსნა მოჰყვა.31

კ. იანოვსკის მფარველობით ზუგდიდის საქალაქო სკოლის მასწავლებელმა თ. აშორდიამ მეგრელებისა და სვანებისათვის საანბანო წიგნის შექმნის იდეა წამოაყენა. 1899 წელს გამოვიდა კიდეც თ. აშორდიას მეგრული საანბანო წიგნი “დიდა ნინა”, რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქმა სკოლების სახელმძღვანელოდ დაუშვა. იმავდროულად გამოვიდა სვანური საანბანო წიგნიც _ “ლუშნუ ანბან”. 1903 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს ეგზარქოსი ალექსი სამეგრელოს ეწვია, უამრავი ხალხი აწყდებოდა მას ლოცვა-კურთხევის მისაღებად, თან ემუდარებოდა, ეშუამდგომლა, რათა საეკლესიოსამრევლო სკოლებიდან ქართული ენა არ ამოეღოთ და მეგრული ანბანი არ შემოეღოთ.32 სამეგრელოს სამთავრო ტახტის მემკვიდრის ნიკო დადიანის ჩარევამაც მნიშვნელოვანწილად შეაჩერა სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისა და მის ნაცვლად მეგრულის შემოღების მცდელობა.33 1905 წლის რევოლუციის პერიოდში ცარიზმი დროებით დათმობა-ზე წავიდა და ნება დართო სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის, აჭარის სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე წარმართულიყო.34

ქართველი ხალხის შემადგენელი ცალკეული ეთნოგრაფიული ჯგუფების გრძნობებზე თამაში გათვლილი იყო ქართველთა ეროვნული ცნობიერების ამღვრევაზე. საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და საღვთო სჯულის მასწავლებელი ი. ვოსტორგოვი მოგვიანებით კიდეც აღნიშნავდა: ქართველებს ,,სამწუხაროდ, აქვთ ეროვნული ტრადიციები და ცნობიერება, მაგრამ ჩვენ ყველგან აღვძარით ტომობრივი გრძნობები იმ იმედით, რომ ტომი ტომზე და ძმა ძმის წინააღმდეგ აღდგება”.35 როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ეს მცდელობა ჩაიშალა. 1893 წელს მარტვილის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ასე მიმართა: ,,დაიხსომეთ, გულში ღრმად ჩაიმარხეთ, შვილებო, რომ მეგრელები ძველისძველი ქართველები ვართ. სამეგრელო, მეგრელი როდი შეადგენს განსაკუთრებულ ქვეყანას, განსაკუთრებულ ხალხს: სამეგრელო ნაწილია ერთის ქვეყნისა, ჩვენი საზოგადო სამშობლოსი, საქართველოსი: მეგრელი სახელია იმ ქართველისა, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილში, სამეგრელოში ცხოვრობს… ნუ დაუჯერებთ იმ ზოგიერთ სულმდაბლებს, რომელთაც მხოლოდ პირადის ინტერესებისათვის დაიწყეს ქადაგება ქართველისა და მეგრელის განსხვავებაზედ“. 36

ქართველმა საზოგადოებამ XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ცარიზმის მოხელე-მეცნიერების მცდელობებს საკადრისი პასუხი გასცა. სამეგრელოს სამთავრო ტახტის მემკვიდრე ნიკო დადიანი წერდა: ,,მე წავიკითხე ის სტატიები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ მეგრული ენის შუა და ქართული ენის შუა სიმსგავსეც არ არისო… ამას ვიტყვი, ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები, რომელნიც სწერენ მეგრულს და ქართულს ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი. ჯერე ჩვენი ენა ისწავლონ და მერმედ სწერონ… მე მენგრელიას, იმერეთს და გურიას უყურებ, როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის ან არც უნდა იყოს; ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ესღა გვაკლია ახლა, რომ ვინმე ჩინეთელმა ფილოლოგმა დასწეროს ჩვენს ძველ ენაზედ ან გვასწავლოს ქართული. ეგების ამასაც მოვესწროთ…”37

როგორც ვხედავთ, აფხაზეთი, სამეგრელო და სვანეთი ქართული კულტურის კერები იყო. ამ ეთნოგრაფიული მხარეების მოსახლეობამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს, ქართული კულტურის და ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. ქართული ენის განშტოებების _ მეგრულისა და სვანურის დამოუკიდებელ ენებად, ხოლო მეგრელებისა და სვანების ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობებად გამოცხადება ამ ეთნოგრაფიული ჯგუფების დიდი ქართული სამწიგნობრო კულტურისაგან მოწყვეტას გამოიწვევს. მეგრულისა და სვანურის ენებად გამოცხადება, რისკენაც ზოგიერთი ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერი დღესაც აქტიურად მიისწრაფვის, ფაქტობრივად, ქართველი ხალხის დაშლის მცდელობაა. ამით ისინი უარს ეუბნებიან სვანებსა და მეგრელებს იმ უზარმაზარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომლის შექმნაშიც ისინი საუკუნეების მანძილზე მონაწილეობდნენ; უარყოფენ მათ წვლილს ქართული სახელმწიფოს, ქართული სალიტერატურო ენის, ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის შექმნაში.38

,,ქართველური მემკვიდრეობა”, XII, ქუთაისი, 2008.

 

—————

* თანაავტორი თ. ბერაძე

1 ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, I, თბ., 2005, გვ. 146.
2 პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 669-670.
3 კ. კეკელიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980, გვ. 179-180.
4 პ. ინგოროყვა. სვანეთის საისტორიო ძეგლები, II, თბ., 1941.
5 სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), ტ. II, ეპიგრაფიკული ძეგლები. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ, თბ., 1988, გვ. 14-15.
6 ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, I, გვ. 83.
7 მ. ახალაშვილი. X-XV სს. წარწერები სვანეთის ჭედური ხელოვნების ძეგლებზე, თბ., 1987, გვ. 65.
8 სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), ტ. I, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიეროსაცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ, თბ., 1986, გვ. 53.
9 ტ. გუდავა. ორი წარწერა (ქართული და ქართულ-ხუნძური) დაღესტნიდან: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ., 1954, გვ. 185-196.
10 ა. ხელაია. ბედია და ბედიის ტაძარი, წიგნში: წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია)
და აფხაზეთი, თბ., 2006, გვ. 635-636. 
11 ვ. ბერიძე. ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967, გვ. 50.
12 ლ. ხუსკივაძე. ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, თბ., 1974, გვ. 15-16.
13 ლ. ხუსკივაძე. ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, გვ. 54.
14 მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიური ისტორიისათვის (მზითვის წიგნები). ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. იაშვილმა, თბ., 1974, გვ. 9.
15 ა. ტუღუში. ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბ., 1992, გვ. 36.
16 ლ. მენაბდე. ნაშრომი განძად დაშთების…, თბ., 1989, გვ. 64. 
 
17 გ. მიქაძე. დავით დადიანის ბიბლიოთეკა. _ ალმანახი “მწიგნობარი”, თბ., 1980, გვ. 75, 79. 
18 ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (შ კოლექცია), ტ. 1, ე. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1959.
19 ზ. ჭუმბურიძე. ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, თბ., 1983, გვ. 106-111.
20 სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), ტ. I, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები.
21 ზ. ჭუმბურიძე. ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, გვ.113-118.
22 История СССР с древнейших времен до наших дней т. IV, М  1967, გვ. 384.
 23 Свод статистических данных о населении Закавказского края, извлеченных из посемейних списков 1886 г., Тифлис,1893
24 З. В. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа, Сухуми,1970, გვ. 96.
25 ტრ. ხუნდაძე. ნარკვევები სახალხო განათლების ისტორიიდან საქართველოში (XIX საუკუნე), გვ. 98. 
26 სოლ. ცაიშვილი. ილიას ერთი მოგზაურობის ისტორიიდან, წიგნში: ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962, გვ. 205-207. 17
 
27 ვუკ. ბერიძის მოგონება, გაზ. “სახალხო განათლება”, 1987 წ., 23 ოქტომბერი, #85.
 
28 ტრ. ხუნდაძე. ნარკვევები სახალხო განათლების ისტორიიდან საქართველოში (XIX საუკუნე), თბ., 1951, გვ. 105, 108-109. 
29 გაზ. “დროება”, 1885, #59. 
30 გაზ. “ივერია”, 1889, #4. 
31 გაზ. “ახალი ქართლი”, 1912, #41.
 32 გაზ. “ივერია”, 1904, #14. 
33 ბ. ხორავა. დადიანთა სამთავრო სახლის ახალი დინასტია, თბ., 2001, გვ. 80.
34 გაზ. “ივერია”, 1906, #66. 
35 И. Восторгов. Церковная школа в Закавказье, “Народное образование”, март,1905, გვ. 332. 19
36 გაზ. “ივერია”, 1893, #114. 
37 გაზ. “ივერია”, 1904, #4.
38 საკითხის ისტორიისათვის იხ. თ. გვანცელაძე. ენისა და კილოს საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006.

 

 ***

 

თანამედროვე აფხაზეთის

ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა*

 

საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი მხარე – აფხაზეთი შავი ზღვის პირას, მდინარეებს ფსოუსა და ენგურს შორის მდებარეობს. ამ საზღვრებში მისი ჩამოყალიბება რთული ეთნო-პოლიტიკური პროცესების შედეგია.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანი ქვედა პალეოლითის ხანაში დასახლდა. ამ რეგიონში კარგად არის წარმოდგენილი ნეოლითის, ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანა.

ძვ. წ. XV-XIV სს. უძველესი ქართული სახელმწიფო – კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბდა. ეს სამეფო საუკუნეთა მანძილზე მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს (ძველ ეგრისს), მათ შორის, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიას მოიცავდა. ძველი ბერძნული საისტორიო წყაროების მონაცემებით, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე, მდინარეებს _ ფსოუსა და ენგურს შორის მოქცეული ტერიტორია მხოლოდ და მხოლოდ  ქართული მოდგმის ტომებით – კოლები, კოლხები, სვანო-კოლხები, ჰენიოხები, _ იყო დასახლებული.

ძველი ბერძნები, რომაელები და ბიზანტიელები კოლხეთის სამეფოს მემკვიდრედ ლაზიკას მიიჩნევდნენ. ამ სამეფოს საზღვრებში III-IV სს. მთელი დასავლეთ საქართველო, მათ შორის, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია შევიდა. ბიზანტიელ ავტორთა მონაცემებით, ამ ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი ზღვისპირას, მდინარეებს – კოდორსა და ენგურს შორის, ოდიშის საერისთავოში შედიოდა; მდ. კოდორის სათავეები მისიმიელთა ქართველ ტომს ეკავა, რომელიც უშუალოდ ეგრისის (ლაზეთის) მეფეს ემორჩილებოდა. მდ. კოდორის შუა წელზე მდებარე წებელს (წებელდა) და აფშილეთს, ტრაქეას (ქართულად უღაღის) იგივე ანაკოფიის (დღევ. ახალი ათონი) ციხე-ქალაქამდე ეკავა, რომელიც უშუალოდ ეგრისის მეფის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა. ტრაქეას (უღაღის) ციხე-სიმაგრიდან მდ. აქეუნტამდე (დღევ. მდ. შახე) ტერიტორია აბაზგიას (აფხაზეთი) ეჭირა, რომელიც ეგრისის მეფისადმი დაქვემდებარებულ ორ საერისთავოდ იყოფოდა.

VIII ს. დასასრულს დასავლეთ საქართველო კიდევ ერთხელ ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ახალ სამეფოს,  მმართველი დინასტიის წარმომავლობის მიხედვით, ქართული საისტორიო წყაროები აფხაზთა სამეფოს ეძახდნენ. ეს სამეფო რვა საერისთავოდ იყოფოდა, მდ. ნიკოფსიიდან (დღევ. მდ. ნეგოფსუხო) ,,ანაკოფიის მდინარემდე” (დღევ. მდ. ფსირცხა) აფხაზეთის საერისთავოს ეკავა. მის სამხრეთ დასავლეთით, მდ. კოდორამდე – ცხუმის საერისთავო მდებარეობდა; მდ. კოდორის სათავეები, ყოფილი მისიმიანეთი, სვანეთის საერისთავოს ეკუთვნოდა, ხოლო მდ. კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისევე როგორც ძველად, ოდიშის საერისთავო მდებარეობდა. X-XI სს. მიჯნაზე თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ახლად ჩამოყალიბებულ საქართველოს სამეფოში გაერთიანდა, სადაც ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა უცვლელი დარჩა. აქ, საერისთავოების საზღვრები მხოლოდ XIV საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოში გაერთიანდა. ამის შემდეგ, საუკუნეთა მანძილზე თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი – აფხაზეთისა და ოდიშის საერისთავოები არსებობდა, რომელთაც თავდაპირველად ,,ანაკოფიის მდინარე” მიჯნავდა.

XV საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფო დაიშალა. მთელი დასავლეთ საქართველო იმერეთის სამეფოში გაერთიანდა, რომელშიც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, როგორც ოდიშისა და აფხაზეთის საერისთავოები შევიდა. ამ დროისათვის, აფხაზეთის საერისთავო გაგრის ვიწროებსა და ,,ანაკოფიის მდინარეს” შორის მდებარეობდა. ამ მდინარის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურამდე ზღვის სანაპირო, ისევე როგორც ადრე, ოდიშის საერისთავოში შედიოდა. აფხაზეთის ერისთავი ერთდროულად ოდიშის ერისთავსა და იმერეთის მეფეს ექვემდებარებოდა. XVI ს. 50-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზღვისპირეთი ჩამოშორდა, ოდიშის ერისთავი დადიანი დამოუკიდებელ მმართველად _ მთავრად იქცა, რომელსაც აფხაზეთის ერისთავი დაექვემდებარა.

XVI ს. 80-90-იან წლებში ოსმალეთის უშუალო ჩარევით, აფხაზეთსა და ოდიშს შორის საზღვარი შეიცვალა და მდ. კელასურზე გავიდა. მოკლე ხანში, აფხაზეთის საერისთავო დამოუკიდებელი გახდა.  ოდიშის მთავარმა ლევან II  დადიანმა (1611-1657) აფხაზები დროებით დაიმორჩილა, მაგრამ მათი მარბიელი თავდასხმების მთლიანად აღკვეთა ვერ მოახერხა, ამიტომ ის იძულებული გახდა მდ. კელასურის მარცხენა ნაპირზე, დაახლოებით 60 კმ სიგრძის სიმაგრეთა სისტემა აეგო, რომელიც ისტორიაში ,,კელასურის კედლის”  სახელით შევიდა.

XVII ს. 70-90-იან წლებში ოდიშის სამთავრო ძალზე დასუსტდა. ამით, უპირველეს ყოვლისა, აფხაზმა ფეოდალებმა ისარგებლეს, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორია მდ. კელასურიდან მდ. ენგურამდე გააფართოვეს. ამ დაპყრობების შედეგად, მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის ქართულმა მოსახლეობამ, ფაქტობრივად, გენოციდი განიცადა, მათი დიდი ნაწილი ან მონებად გაიყიდა, ან იძულებული გახდა თავი საქართველოს სხვა მხარეებისთვის შეეფარებინა. ადგილზე მხოლოდ ძირძველი მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი დარჩა, რომელიც გადმოსახლებულ აფხაზებში შეერია.

XVIII ს. დასაწყისში, ამ მოვლენების შედეგად, აფხაზეთის პოლიტიკური რუკა მთლიანად შეიცვალა. მდ. ბზიფიდან მდ. გუმისთამდე ზუფუ მდებარეობდა; მდ. გუმისთასა და მდ. ღალიძგას შორის აბჟუა ჩამოყალიბდა. ეს სახელწოდება ქართული ,,შუა სოფლის” აფხაზური თარგმანია, მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის კიდევ ერთი აფხაზური ფეოდალური სამფლობელო ჩამოყალიბდა, რომელსაც სამურზაყანო ეწოდა. ოდიშის მთავრებმა, XVIII საუკუნის დასაწყისში, აფხაზეთისა და ოდიშის სამთავროებს შორის სასაზღვრო მიჯნის მდ. ენგურიდან მდ ღალიძგაზე გადატანა მოახერხეს. ასე, რომ თითქმის მთელი XVIII საუკუნე, სამურზაყანო ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა.

XIX ს. დასაწყისში ოდიშის (სამეგრელოს) სამთავრო რუსეთის იმპერიის ავტონომიური ერთეული გახდა. სამეგრელოს ავტონომიურ სამთავროში სამურზაყანოც შედიოდა და საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის მდ. ღალიძგაზე გადიოდა. მდ. კოდორის შუა და ზემო წელს – წებელსა და დალს მარშანიების ფეოდალური სახლი მართავდა, რომელსაც ასევე მდ. ბზიფის სათავეებში მდებარე ფსხუს მხარეც ემორჩილებოდა. ასე, რომ აფხაზეთის სამთავრო, რომელიც 1810 წელს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მხარე, რუსეთის იმპერიის ავტონომიური ერთეული გახდა, მხოლოდ შავიზღვისპირეთს მდ. ღალიძგიდან  მდ. ბზიფამდე მოიცავდა. თანაც, აფხაზეთის მთავრის რეალური ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ზუფუზე ვრცელდებოდა. აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ მხოლოდ XIX ს. 30-იან წლებში რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით მოახერხა თავისი ხელისუფლების მდ. ბზიფიდან მდ. ღალიძგამდე შავიზღვისპირეთზე გავრცელება. ასე, რომ აფხაზეთს, როგორც ერთიან პოლიტიკურ წარმონაქმნს, საფუძველი მხოლოდ ამ დროიდან ჩაეყარა.

1864 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა, მის ნაცვლად, იმავე საზღვრებში ,,აფხაზეთის სამხედრო განყოფილება~ ჩამოყალიბდა. ორი წლის შემდეგ, 1866 წელს, ამ განყოფილების ნაცვლად, ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში ,,სოხუმის ოკრუგი” შეიქმნა, რომელშიც პირველად სამურზაყანო, ანუ ტერიტორია მდ. ღალიძგასა და მდ ენგურს შორის შევიდა. XIX ს. 40-იანი წლებიდან, რუსეთის იმპერია ყოველნაირად ცდილობდა აფხაზეთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად საქართველოსგან ჩამოეშორებინა. რუსეთის ხელისუფლებამ ასეთი რამის პირდაპირ გაკეთება უხერხულად ჩათვალა, ამიტომ ,,მცოცავი აგრესიის” გზას დაადგა. 1903 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გაგრის სექტორი სოხუმის ოკრუგს ჩამოაშორა და ახლად შექმნილ შავიზღვისპირეთის  გუბერნიას მიუერთა. უკვე არსებობდა გეგმები, რომელიც თანამედროვე აფხაზეთის სხვა ნაწილების შავიზღვისპირეთის გუბერნიასთან მიერთებას ითვალისწინებდა. ასეთ გეგმებს წერტილი 1917 წელს თებერვლის რევოლუციამ დაუსვა. ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის  გადატრიალებამდე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დროებით მთავრობას აფხაზეთისათვის გაგრის სექტორის დაბრუნება სთხოვა, ეს ტერიტორია აფხაზეთის საზღვრებში იმავე წლის ბოლოს, უკვე დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ, საქართველოს და, შესაბამისად, აფხაზეთს დაუბრუნდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აფხაზეთი სოხუმის ოლქის სახელით შევიდა. თვით სახელწოდება ,,აფხაზეთი” ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მნიშვნელობით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919 წლის მარტში საგანგებო აქტით შევიდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ აფხაზეთს ავტონომია მიანიჭა.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის მოსკოვში ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ შავიზღვისპირეთში საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრად ფსოუ დაადგინა.

ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება, რუსეთმა მალევე დაარღვია და 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია მოახდინა.

საბჭოთა რუსეთის მთავრობა თავდაპირველად შეეცადა საქართველოსთვის აფხაზეთი ჩამოეშორებინა, მაგრამ ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის უარყოფით აზრს მოერიდა; ამიტომ როგორც ავტონომიური ერთეული, სამოკავშირეო რესპუბლიკის სახელით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში დატოვა, თუმცა საზღვარი მდ. ფსოუს ნაცვლად მდ. მეხადირზე გავიდა.

   მხოლოდ 1929 წელს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების დაჟინებული თხოვნით საზღვარი საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის მდ. ფსოუ გახდა. 1931 წელს აფხაზეთის რეალური სტატუსი იურიდიულადაც გაფორმდა, მან ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკის სტატუსი მიიღო. ასეთი ვითარება 1992-1993 წწ. აფხაზეთის კონფლიქტამდე გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად, XX საუკუნეში რუსეთ-საქართველოს მეორე ომს წარმოადგენდა.

            საქართველოში არსებული კონფლიქტები

        და მშვიდობის პერსპექტივები, თბილისი, 2009.

———-

* თანაავტორები: თამაზ ბერაძე და კონსტანტინე თოფურია.

***

 

,,აღმოსავლეთის საკითხი” XIX საუკუნის

20-იან  წლებში  და აფხაზეთი

 

XIX საუკუნის 20-იანი წლების საერთაშორისო ურთიერთობებში ,,აღმოსავლეთის საკითხს”* დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ საკითხის გადაწყვეტისათვის ბრძოლაში რუსეთი ცდილობდა: შავი ზღვის ვაჭრობაში სრული თავისუფლებისათვის მიეღწია; დუნაის სამთავროებში (მოლდავეთი და ვლახეთი) პოლიტიკური გავლენა განემტკიცებინა; კავკასიაში, სახელდობრ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამფლობელოები გაეფართოებინა.

ბუქარესტის ზავის (1812 წ.) დადების შემდეგ რუსეთოსმალეთის ურთიერთობა გართულდა. ოსმალეთს არ სურდა ზავის პირობები შეესრულებინა; ამასთანავე, ტრაქტატის პირობების დაცვის მოთხოვნით იმერეთსამეგრელოგურიააფხაზეთზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით  პეტერბურგის ურყევ პოზიციას აწყდებოდა.

1812 წლის სამამულო ომისა და რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის შემდეგ, ევროპის საქმეებში რუსეთის როლი გაიზარდა და მისი საერთაშორისო პრესტიჟი ამაღლდა. ამის გათვალისწინებით პორტამ პრეტენზიები შავი ზღვის სანაპირო ციხეებით _ სოხუმკალე, ანაკლია, კემხელი (რედუტკალე), _ შეზღუდა; ამასთანავე რუსეთს ბუქარესტის ტრაქტატის პირობების შეუსრულებლობაში სდებდა ბრალს. რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაშიც ურყევი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთი ბუქარესტის ზავის პირობებს ყოველთვის იცავდა ოსმალეთისაგან განსხვავებით, რომელიც, სრულიად უსაფუძვლოდ, შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების მისთვის გადაცემას მოითხოვდა.

რუსეთის გავლენის ზრდამ ევროპაში ხელი შეუწყო ცარიზმის პოლიტიკის გააქტიურებას შუა აღმოსავლეთში. რუსეთის მცდელობას, განეახლებინა ოსმალეთთან მოლაპარაკებები ბუქარესტის ტრაქტატის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, ბრწყინვალე პორტამ, რომელსაც ინგლისი უჭერდა მხარს, უარით უპასუხა და დასავლეთ საქართველოზე კვლავ პრეტენზია წამოაყენა.

რუსეთის ახალმა ელჩმა სტამბოლში პ.ა.სტროგანოვმა (1816-1821) ბალკანეთისა და კავკასიის საკითხებზე  მუჰამედ II-ის (1808-1839) მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა პორტა არ აპირებდა სერბიისთვის აღთქმული უფლებები გადაეცა, არც ბუქარესტის ზავის თანახმად 1812 წელს მისთვის ახალქალაქის, ფოთისა და ანაპის დაბრუნებით აპირებდა დაკმაყოფილებას. ოსმალეთი პრეტენზიას აცხადებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე რედუტკალედან სოხუმის ჩათვლით. ინგლისის დიპლომატია, რომელიც პორტას პრეტენზიებს მხარს უჭერდა, როგორც პეტერბურგში ფიქრობდნენ, ამ გზით ბუქარესტისა (1812 წ.) და გულისთანის (1813 წ.) საზავო ხელშეკრულებების შეცვლას მიელტვოდა.  

XIX საუკუნის 10იანმა წლებმა რუსეთოსმალეთის დიპლომატიურ ბრძოლაში ჩაიარა, 20იანი წლების დასაწყისში კი,  ,,აღმოსავლეთის საკითხი” გამწვავდა, რაც ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ 1821 წლის 25 მარტს (6 აპრილი) დაწყებულმა ბერძნების ეროვნულგანმათავისუფლებელმა აჯანყებამ გამოიწვია. იმავდროულად, ოსმალეთის თვითნებობა გაძლიერდა: პორტამ დუნაის სამთავროებში ჯარები შეიყვანა და რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, მოლდავეთში, ღიად მოუყარა თავი. რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრე დადებული ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენიმე უშედეგო პროტესტის შემდეგ ალექსანდრე I-მა (1801-1825) გ.სტროგანოვი სტამბოლიდან გამოიწვია, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავდა.

რუსეთს ოსმალეთის მიმართ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა. პეტერბურგის საგარეო უწყების განცხადებით პორტა დუნაის სამთავროების თაობაზე შეთანხმებას არ ასრულებდა; მხარს უჭერდა ახალციხის საფაშოდან მარბიელ ლაშქრობებს, აგრეთვე ჩრდილო კავკასიის მთიელთა ბრძოლას რუსეთის წინაღმდეგ; რუსეთის შემადგენლობაში ქართლკახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის ნებაყოფლობით შესვლას არ აღიარებდა; თავის ნებაზე განმარტავდა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობებს, რომელიც კავკასიაში ტერიტორიული გამიჯვნის საკითხს შეეხებოდა.  რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაპირისპირების ერთერთი ობიექტი აფხაზეთიც იყო. ბრწყინვალე პორტა აფხაზეთის სამთავრო ტახტისათვის ბრძოლაში ასლანბეი შარვაშიძეს უჭერდა მხარს და ახალგაზრდა მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) ჩამოცილებით ამ მხარეში რუსეთის გავლენის აღმოფხვრას ცდილობდა.

1826 წლის დასაწყისისათვის რუსეთოსმალეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც იმან გამოიწვია, რომ პორტამ დაარღვია შავი ზღვის სრუტეების ზონაში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობის რეჟიმი და ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მუხლები სერბიისა და დუნაის სამთავროების თაობაზე, ხოლო პეტერბურგი დადებითად გამოეხმაურა ბერძენი პატრიოტების თხოვნას ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების შესახებ და ბერძნების განმათავისუფლებელ ბრძოლას მხარი დაუჭირა. 1826 წლის 5 მარტს რუსეთმა ოსმალეთს ულტიმატუმის წესით მოსთხოვა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობების შესრულება _ ჯარების გაყვანა მოლდავეთიდან და ვლახეთიდან და ამ ტერიტორიებზე იმ წესის აღდგენა, რომელიც განსაზღვრული იყო რუსეთოსმალეთის ხელშეკრულებით, მაგრამ 1821 წელს ოსმალეთმა დაარღვია; სერბიისთვის ბუქარესტის ტრაქტატით მიცემული ყველა უფლების აღდგენა; რუსეთოსმალეთის მოლაპარაკებების განახლება, რომელიც 1816-1821 წწ. უშედეგოდ მიმდინარეობდა და, ახალი ხელშეკრულების დასადებად რწმუნებულების დანიშვნა. უარის შემთხვევაში რუსეთი პორტას წინააღმდეგ ომის დაწყებას ფიქრობდა.

ინგლისი და საფრანგეთი  ოსმალეთის სუსტი იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და რუსეთოსმალეთის ომის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. იმ მიზნით, რათა შეეკავებინა ცარიზმი ოსმალეთის წინააღმდეგ ერთპიროვნული გამოსვლისაგან, ინგლისი შეეცადა საბერძნეთის საკითხში ხელშეკრულებით მისთვის ხელფეხი შეეკრა.

1826 წლის თებერვალში პეტერბურგში ჩავიდა ჰერცოგი ა.ველინგტონი, რომელიც, როგორც ნაპოლეონზე გამარჯვების მომპოვებელი, ევროპელი მონარქებისა და, მათ შორის, რუსეთის ხელმწიფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა. ნიკოლოზ I (1825-1855) დათანხმდა ეთანამშრომლა ლონდონთან საბერძნეთის საკითხში.  4 აპრილს პეტერბურგში ინგლისისა და რუსეთის დოპლომატიურმა წარმომადგენლებმა საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი მოქმედების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, თუმცა მასში შევიდა მუხლი, რომელიც რუსეთს აუცილებლობის შემთხვევაში ოსმალეთის წინააღმდეგ ერთპიროვნული მოქმედების უფლებას აძლევდა.

ლონდონმა ეს ფაქტი ა.ველინგტონის მისიის ჩავარდნად შეაფასა. ამრიგად, ინგლისის განზრახვა, გამოჩენილი სარდლის დიპლომატირი გამოუცდელობის გამო ჩაიშალა. 

რადგან პორტა ომისთვის მზად არ იყო, ამასთან ლონდონის რჩევით, რომლის აზრითაც რუსეთთან ომი მკვეთრად დაასუსტებდა  იმპერიას და ბალკანეთის ხალხების განთავისუფლებას ხელს შეუწყობდა, რუსეთის მოთხოვნები მიიღო. 1826 წლის 1 ივლისს აკერმანში (დღევანდელი უკრაინა, ოდესის ოლქის ქ.ბელგოროდდნესტროვსკი) რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ ნოვოროსიის გენერალგუბერნატორი და ბესარაბიის მეფისნაცვალი მ.ს.ვორონცოვი და რუსეთის ელჩი ოსმალეთში ა.რიბოპიერი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მათ მითითება მიიღეს, რომ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები _ სოხუმკალე, ანაკლია, კემხელი, _ ოსმალეთს არ უნდა დაბრუნებოდა. საგარეო უწყების განმარტებით, სოხუმკალე აფხაზეთის ქალაქი იყო, აფხაზეთი კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რუსეთოსმალეთის 1806-1812 წწ. ომამდე შევიდა; ანაკლია და კემხელიც, როგორც სამეგრელოს სამთავროს სიმაგრეები, რუსეთმა ომამდე დაიკავა. სამეგრელო კი, ისევე როგორც ქართლკახეთი, იმერეთი და გურია, დიდი ხანია რაც რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. არცერთი მათგანი მანამდე პორტას დაქვემდებარებაში არ ყოფილა და მათზე მხოლოდ ირანი ახორციელებდა ზოგჯერ სიუზერენულ უფლებებს, შემდეგ კი მან ეს პროვინციები გულისთანის ზავით რუსეთის შემადგენლობაში ცნო.

ამრიგად, რუსეთი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები მან 1806-1812 წწ. ომამდე დაიკავა და პორტას პრეტენზიები მათზე უსაფუძვლო იყო. პეტერბურგი განწყობილი იყო პორტასთან ურთიერთობა მშვიდობიანად დაერეგულირებინა, ხოლო თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდებოდა, გადამწყვეტი მოქმედებისათვის მიემართა, ანუ ომით გადაეწყვიტა საკითხი.

ინგლისის დოპლომატია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთს ოსმალეთთან ომი არ დაეწყო და სადავო საკითხები თავის სასარგებლოდ არ გადაეჭრა. რუსეთოსმალეთის ურთიერთობის განვითარება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთირანის ურთიერთობის განვითარებაზე. ირანის ნეიტრალიტეტის გარეშე რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა, ამიტომ ინგლისის დიპლომატიამ ირანრუსეთის ახალი ომის პროვოცირება დაიწყო. ამ მხრივ ლონდონს ირანში სასურველი ნიადაგი ჰქონდა.

ირანის მმართველი წრეები, რომლებიც გულისთანის ზავს          (1813 წ.) დროებით დათმობად თვლიდნენ, რუსეთთან ახალი ომისათვის ემზადებოდნენ. ირანის მმართველი წრეების რევანშისტულ განწყობას ინგლისიც აღვივებდა, რომელიც ფათალი შაჰს გულისთანის ზავის გადასინჯვისაკენ უბიძგებდა.

1826 წლის 16 ივლისს ირანის 60 ათასიანმა არმიამ ტახტის მემკვიდრის აბასმირზას მეთაურობით მდ.არაქსი გადალახა და რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიჭრა. ინგლისელი მრჩევლების მიერ შემუშავებული გეგმით განზრახული იყო აბასმირზას თბილისი დაეკავებინა, რუსეთის ჯარები ქართლკახეთიდან განედევნა და თერგს იქით უკუეგდო. კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს, გენერალ ა. ერმოლოვს (1816-1827), საკმარისი ძალები არ ჰყავდა. მას კავკასიის მთიელთა წინააღმდეგაც უნდა დაებანდებინა ჯარის ნაწილები, ოსმალეთის საზღვარზეც და ირანის წინააღმდეგაც ებრძოლა.

ირანის ჯარების ამიერკავკასიაში შეჭრა აკერმანის კონფერენციის დაწყებასთან იყო დაკავშირებული.  რუსეთირანის ახალი ომის დაწყებას პორტა იმედით შეჰყურებდა და ირანის თავდაპირველი წარმატებებით იმედმიცემული ოსმალეთის დიპლომატია მოლაპარაკების გაჭიანურებას ცდილობდა.  რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ირანის მსგავსად, ინგლისის წაქეზებით მას ომს ოსმალეთიც გამოუცხადებდა.  რუსეთის დიპლომატიურ წრეებში ლაპარაკიც კი დაიწყო იმის თაობაზე, რომ დაეკმაყოფილებინათ პორტას პრეტენზია და სოხუმი და ანაკლია ოსმალეთისთვის  დაებრუნებინათ, თუმცა ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ სოხუმისა და ანაკლიის დათმობით მთელ დასვლეთ საქართველოს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. ა.ერმოლოვი ოსმალეთისათვის ამ ნავსადგურების დათმობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, სოხუმის დათმობა გამოიწვევდა ქრისტიანობის ამოძირკვას აფხაზეთში და იქ ისლამის გაბატონებას; სოხუმის დაკარგვით რუსეთი დაკარგავდა ერთადერთ საიმედო ნავსადგურს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და, საბოლოოდ, აფხაზეთსაც. აფხაზეთის დაკარგვა კი რთულ პირობებს შექმნიდა სამეგრელოში, რომელიც აფხაზეთიდან ოსმალთა გამუდმებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა, რაც ერთმორწმუნე ქართველებში რუსეთისადმი რწმენის დაკარგვას გამოიწვევდა. ამიტომ იგი სოხუმის სათანადოდ გამაგრების საკითხს აყენებდა.

ამავე ხანებში, პორტამ შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროსაც მიაქცია ყურადღება. 1826 წლის ზაფხულში ტრაპეზუნტიდან ანაპაში ახალი ფაშა, წარმოშობით ჩეჩენი ჰაჯი ჰასანოღლუ ჩავიდა. როგორც ჩანს, პორტა იმედოვნებდა, რომ წარმოშობით კავკასიელი ფაშა ადგილობრივ მთიელებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეძლებდა.  5 სექტემბერს ჰასანოღლუმ ანაპის მახლობლად შეკრიბა ჩერქეზული თემების მამასახლისები და მათგან სულთნის ერთგულებაზე ფიცის დადება და ანაპის თურქული გარნიზონის სურსათით უზრუნველყოფა მოითხოვა. მთიელებმა ფაშას განუცხადეს, რომ არცერთ ხელმწიფეს არ ემორჩილებოდნენ და არავის მისცემდნენ ნებას, ვინმეს ისინი დაპყრობილად მიეჩნია. მიუხედავად ამისა, ფაშამ ზოგიერთი მამასახლისისაგან ფიცის დადებას მიაღწია იმ პირობით, რომ გამოსაღებს არ მოითხოვდა. თუმცა, მალე, მთიელებმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვეს და პორტასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

ირანის ჯარის ნაწილების თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, კავკასიის კორპუსის ნაწილებმა ომის დასაწყისშივე ჩაშალეს ირანინგლისის გეგმები. 1826 წლის 3 სექტემბერს მდ.შამქორთან, ხოლო 13 სექტემბერს ელიზავეტოპოლთან (განჯა) ირანის არმია დაამარცხეს და მდ.არაქსის გაღმა გადარეკეს.  შამქორთან და ელიზავეტოპოლთან რუსეთის ჯარების გამარჯვებამ ირანის არმია წელში გატეხა და გამარჯვების იმედი დაუკარგა. რუსეთის ამ გამარჯვებამ ოსმალეთშიც ჰპოვა გამოძახილი. პორტა, რომელიც რუსეთთან ომის დასაწყებად ემზადებოდა, იძულებული გახდა თავი შეეკავებინა.  უფრო მეტიც, როდესაც ომში რუსეთის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა, პორტამ რუსეთის მიერ აკერმანში წამოყენებული კონვენციის ტექსტი უსიტყვოდ მიიღო.

1826 წლის 25 სექტემბერს აკერმანში რუსეთსა და ოსმალეთს შორის კონვენციას ხელი მოეწერა. აკერმანის კონვენცია ადასტურებდა ბუქარესტის ტრაქტატის პირობებს. ოსმალეთმა რუსეთის შემადგენლობაში ოფიციალურად აღიარა შავი ზღვის ნავსადგურები: სოხუმი, რედუტკალე (კემხელი) და ანაკლია; რუსეთის სავაჭრო ფლოტს ოსმალეთის ტერიტორიულ წყლებში თავისუფალი ნაოსნობის, ხოლო რუს ვაჭრებს ოსმალეთის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობის უფლება მიეცათ; რუსეთსა და ოსმალეთს შორის სასაზღვრო ხაზად მდ.დუნაი დაწესდა; დუნაის სამთავროებში  ექვს თვეში უნდა აღდგენილიყო თვითმართველობა, სერბიას შინაგანი მმართველობის თავისუფლება ენიჭებოდა, უბრუნდებოდა წართმეული ტერიტორიები და  სხვა.

ამრიგად, აკერმანის კონვენცია საგრძნობლად აძლიერებდა რუსეთის პოზიციებს კავკასიასა და ბალკანეთში და რუსეთის დიპლომატიის მნიშვნელოვანი წარმატება იყო.  მაგრამ ოსმალეთი აშკარად უკმაყოფილო იყო, იგი შეთანხმების პირობების დარღვევას ცდილობდა და აშკარა კონფრონტაციაზე მიდიოდა. კვლავ გააქტიურდა ოსმალეთის პოლიტიკა როგორც აფხაზეთის, ისე მთლიანად დასავლეთ კავკასიის მიმართ; გააქტიურდა აფხაზეთის ტახტის მაძიებელი ასლანბეი შარვაშიძეც, რომელსაც პორტა უჭერდა მხარს; თურქები იარაღით ამარაგებდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელებს, აფხაზეთიდან და ჩერქეზეთიდან კვლავ გაჰყავდათ ტყვეები.  წარმოშობით ლაზმა სერასკირმა ოსმანფაშამ, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ოსმალეთში და სულთნის კეთილგანწყობით სარგებლობდა, შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე გააგზავნა თავისი ბიძაშვილი აჰმედფაშა, რათა ემართა ეს მხარე და მისი მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ განეწყო.  ამრიგად, პორტა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაკარგული გავლენის აღსადგენად კვლავ ენერგიულად ემზადებოდა. მისი ასეთი მცდელობა რუსეთის ინტერესებს ეჯახებოდა, რასაც გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა მათ შორის კონფრონტაცია.

1827 წლის ზაფხულში ლონდონში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის ბერძნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებასთან დაკავშირებით შეთანხმების გასაფორმებლად. ინგლისი და საფრანგეთი ცდილობდნენ მოლაპარაკება გაეჭიანურებინათ და ოსმალეთისთვის ბერძნების აჯანყების ჩახშობის საშუალება მიეცათ. ამით განაწყენებულმა რუსეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთის საკითხს ერთპიროვნულად გადაწყვეტდა და ჯარის მობილიზაცია დაიწყო. ინგლისი და საფრანგეთი რუსეთის კატეგორიულმა განცხადებამ დააფრთხო და იძულებული გახდნენ შეთანხმების გაფორმება დაეჩქარებინათ.

1827 წლის 6 ივლისს ინგლისს, საფრანგეთს და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ლონდონის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებდა სამი სახელმწიფოს ერთობლივ მოქმედებას პორტასთან მიმართებაში. ისინი ვალდებულებას იღებდნენ ოსმალეთისთვის შეეთავაზებინათ თავიანთი შუამავლობა ბერძნებთან დაზავების თაობაზე; ოსმალეთს საბერძნეთისთვის ავტონომია უნდა მიეცა; კონვენციის ხელმომწერ მხარეებს ეკრძალებოდათ გავლენის გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ან სავაჭრო უპირატესობის მოპოვება. კონვენციის საიდუმლო მუხლის თანახმად, თუ პორტა უარს იტყოდა ინგლისსაფრანგეთრუსეთის შუამავლობაზე საბერძნეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში, მაშინ ოსმალეთის მიმართ იძულებითი ზომა იქნებოდა გამოყენებული. კონვენციის ხელმომწერი მხარეები საბერძნეთში გაგზავნიდნენ თავიანთ კონსულებს, ხოლო კონსტანტინოპოლიდან ელჩებს გამოიწვევდნენ; თუ ეს ღონისძიებაც არ იმოქმედებდა სულთანზე, სამხედროსაზღვაო ესკადრებს თავს მოუყრიდნენ ხმელთაშუა ზღვაში და აიძულებდნენ ოსმალეთს, ბერძნებთან ომზე ხელი აეღო.

ლონდონის კონვენციის მოთხოვნების შესრულებაზე სულთანმა უარი განაცხადა. მაშინ, მოკავშირეთა ესკადრა საბერძნეთის სანაპიროსაკენ გაემართა, რათა პორტაზე ზეწოლა მოეხდინა. 8(20) ოქტომბერს მოკავშირეთა ესკადრა ნავარინოს ყურეში შევიდა, სადაც ოსმალეთეგვიპტის სამხედრო ფლოტი იყო დისლოცირებული. თურქებმა საფრანგეთის საფლაგმანო ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მოკავშირეებმა ცეცხლით უპასუხეს და ბრძოლა გაჩაღდა. ნავარინოს ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტი მთლიანად განადგურდა, 7 ათასამდე თურქი დაიღუპა, მოკავშირეებს კი არცერთი ხომალდი არ დაუკარგავთ.

ოსმალეთის ფლოტის განადგურებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა პორტას საზღვაო სიძლიერე და ხელი შეუწყო ბერძენთა ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლის წარმატებას. სულთანი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პოზიციების შესუსტებას რუსეთს აბრალებდა, ამიტომ მან რუსეთთან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის, აკერმანის კონვენცია გააუქმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა და რუსულ საქონელს კონსტანტინოპოლში ემბარგო დაადო. ამასთან, იგი რუსეთთან ომისთვის გამალებულ მზადებას შეუდგა.

ოსმალეთი ამიერკავკასიის საზღვარზე – ყარსში, ბაიაზეთში, არზრუმში არტილერიასა და ჯარს უყრიდა თავს; პორტამ ანაპის, ფოთის, ახალქალაქის, ახალციხის ციხეები გააძლიერა. ოსმალეთი გამომწვევად აწყობდა სასაზღვრო ინციდენტებს და ომის პროვოცირებაზე მიდიოდა.  რუსეთმა კონტრღონისძიებებს მიმართა. შავი ზღვის ფლოტის სარდალმა ბრძანება მიიღო, აფხაზეთისა და ანაპის სანაპირო ოსმალეთის მტრული მოქმედებისაგან დაეცვა.

იმავდროულად, რუსეთი ირანთან ომს წარმატებით ეწეოდა. 1827 წლის აპრილში კავკასიის კორპუსი საერთო შეტევაზე გადავიდა. 26 ივნისს რუსეთის ჯარის ნაწილებმა ნახიჭევანი აიღეს. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ირანმა ოსმალეთს მატერიალური და ფინანსური დახმარება სთხოვა. მართლაც, პორტამ ზაფხულსა და შემოდგომაზე ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ინგლისიც საგანგებო ღონისძიებებს ატარებდა, რათა ირანის არმიას მძიმე მდგომარეობა გამოესწორებინა და წინა აზიაში რუსეთის წარმატება შეეზღუდა, მაგრამ მდგომარეობის შემობრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. კავკასიის კორპუსის  ნაწილებმა 1 ოქტომბერს ერევანი, ხოლო 31 ოქტომბერს თავრიზი აიღეს.  ნოემბრის პირველ რიცხვებში რუსეთირანის საზავო მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოსალოდნელი ომის მოლოდინში ირანი დროის გაჭიანურებას ცდილობდა. მაშინ, კავკასიის კორპუსი შეტევაზე გადავიდა, 1828 წლის 15 იანვარს ურმია, ხოლო 25 იანვარს არდებილი დაიკავა და ირანის დედაქალაქს, თეირანს, რეალური საფრთხე შეუქმნა. რუსეთის ჯარების წარმატებით შეშფოთებული ინგლისის დიპლომატიის ჩარევით კატასტროფის წინაშე მდგარმა ირანმა ზავი ითხოვა.

1828 წლის 10 (22) თებერვალს, თავრიზის მახლობლად, სოფ. თურქმანჩაიში, საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. თურქმანჩაის ზავით რუსეთის ხელში გადადიოდა ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები; რუსეთსა და ირანს შორის ახალი საზღვარი მდ.არაქსზე გავიდა; ირანს დაეკისრა 20 მლნ. მანეთი (ვერცხლით) კონტრიბუცია; რუსეთისა და ირანის სავაჭრო გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჰქონდათ კასპიის ზღვის აუზში, ამასთან რუსეთს ჰქონდა უპირატესი უფლება კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტი ჰყოლოდა; რუს ვაჭრებს ირანში შეღავათები ენიჭებოდათ; თურქმანჩაის ზავი სცნობდა გულისთანის საზავო ხელშეკრულებით შემოერთებულ სახანოებზე რუსეთის უფლებებს. ამით ბოლო უნდა მოღებოდა გაუთავებელ სასაზღვორ ინციდენტებს.

ამრიგად, რუსეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ინგლისის მცდელობა, ირანის მეშვეობით განედევნა რუსეთი ამიერკავკასიიდან, მარცხით დამთავრდა. თურქმანჩაის ზავმა განამტკიცა რუსეთის მდგომარეობა ამ რეგიონში, ირანთან ომში გამარჯვებამ რუსეთს აღმოსავლეთი ამიერკავკასია მოუპოვა და მათ შორის ომებს ბოლო მოუღო.  რუსეთის წარმატებამ, მისმა გაძლიერებამ აღმოსავლეთში, შეაშფოთა ინგლისი, რომელიც ცდილობდა ირანი ძლიერ ბუფერულ სახელმწიფოდ გადაექცია და მისი მეშვეობით რუსეთისათვის ინდოეთისაკენ გზა ჩაეკეტა. ამასთან, ,,ნისლიანი ალბიონი” ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა რუსეთის ბატონობისათვის კავკასიაში ბოლო მოეღო.

ირანთან ომში გამარჯვებამ ცარიზმს საშუალება მისცა ოსმალეთთან კონფლიქტი სამხედრო ძალით გადაეჭრა. წლების განმავლობაში ოსმალეთის ანტირუსულმა ქმედებებმა რუსეთს ,,ენერგიული რეაქციის საბაბი” მისცა. 1828 წლის 14 აპრილს, იმ მოტივით, რომ ოსმალეთი საერთაშორისო კონვენციებს უხეშად არღვევდა, რუსეთმა მას ომი გამოუცხადა. ნიკოლოზ I-მა ევროპის სახელმწიფოებს ოსმალეთთან ომის თაობაზე მანიფესტით ამცნო. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ომს ეწეოდა არა ახალი ტერიტორიების შესაძენად, არამედ არსებული შეთანხმებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

საომარი მოქმედებები ორ ფრონტზე _ ბალკანეთსა და კავკასიაში გაიშალა. რუსეთის ჯარის ნაწილების მხარდამხარ კავკასიის ფრონტზე გმირულად იბრძოდა ქართველთა სახალხო ლაშქარი. კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები ივნისში დაიწყო და თავიდანვე რუსეთის ჯარის ნაწილების წარმატებებით წარიმართა. 23 ივნისს კავკასიის კორპუსის ჯარებმა ყარსი აიღეს, ხოლო შემდეგ, ქართველთა სახალხო ლაშქრის აქტიური მონაწილეობით, 15 ივლისს _ ფოთი, 24 ივლისს _ ახალქალაქი, 16 აგვისტოს _ ახალციხე.  რუსეთის ჯარის ნაწილების გვერდით აფხაზთა სახალხო ლაშქარიც იბრძოდა ჰასანბეი შარვაშიძის მეთაურობით. მას მაიორის ჩინი ებოძა, ხოლო ფოთის აღებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ოქროს იარაღით, წარწერით ,,მამაცობისათვის”.

კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებების პარალელურად, 12 ივნისს, რუსეთის ჯარის ნაწილებმა არტილერიის გენერლის, გენერალადიუტანტ ა. მენშიკოვის სარდლობით, რომელსაც დახმარებას უწევდა შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ვიცეადმირალ ა. გრეიგის მეთაურობით, შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე თურქთა მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი ანაპა დაიკავეს.

ამრიგად, 1828 წლის ზაფხულში ოსმალეთმა კავკასიის ფრონტზე მნიშვნელოვანი დარტყმა იგემა. პორტა შეეცადა მდგომარეობა გამოესწორებინა, ამიტომ ფრონტის ახალი მთავარსარსალი დანიშნა, ჯარის ნაწილებიც გააძლიერა და შეეცადა კავკასიაში ანტირუსული აჯანყება მოეწყო, მაგრამ ამ ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.  ახალდანიშნულმა სერასკირმა ჰაჯი სალეჰმა და ოსმალეთის მოქმედი ჯარების სარდალმა ჰაკი ფაშამ სულთნის ბრძანება მიიღეს, რომ არამარტო ზღვარი დაედოთ რუსების წარმატებისათვის, არამედ დაპყრობილი პროვინციებიც დაებრუნებინათ, თუმცა მათი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 

იმავდროულად, რუსეთი თანდათან ამტკიცებდა თავის პოზიციებს საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში. ომის მსვლელობაში, 1828 წლის ოქტომბერში, იმერეთის მმართველის, გენერალმაიორ კ. გესეს (18271831) მეთაურობით გურიაში რუსთა ჯარი შეიჭრა. მას, გურიის სამთავრო სახლის ოსმალეთთან კავშირის საბაბით, ნაბრძანები ჰქონდა სოფიო გურიელი გადაეყენებინა და ახალი მმართველობა შეექმნა. რუსთა ჯარის გურიაში შესვლისთანავე სოფიო გურიელი ოსმალეთში გადავიდა. ამით ისარგებლა ცარიზმმა, 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო ფაქტობრივად გააუქმა და ,,დროებითი მმართველობა” შემოიღო, რომლის სათავეშიც რუსი მოხელე იდგა.  1829 წლის დეკემბერში გურიის სამთავრო ოფიციალურადაც გაუქმდა. ამრიგად, რუსეთმა სამთავროთა ფორმალური ავტონომიის შენარჩუნებაზე ხელი აიღო.

ცარიზმი შეეცადა ჩრდილოეთ კავკასიაშიც განემტკიცებინა თავისი გავლენა და ყარაჩაი, რომელიც ფორმალურად რუსეთის მფლობელობაში ითვლებოდა, რეალურად შეეერთებინა. ყარაჩაი მდებარეობდა იალბუზის ძირში, მდ. ყუბანის სათავეებში. მის დაუფლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, რადგან ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთ კავკასიისაკენ მიმავალი გზები მასზე გადიოდა.  თავის დროზე, ყარაჩაიზე გავლენის გავრცელებას ანაპის ფაშას მეშვეობით ოსმალეთიც ცდილობდა და 1826 წელს პორტამ მოახერხა კიდეც მისი დაქვემდებარება. ამან აიძულა ცარიზმი, ეზრუნა ყარაჩაის ფორმალური დამოკიდებულება რეალურად ექცია.

1828 წლის ოქტომბერში კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდალი, გენერალლეიტენანტი გ.ემანუელი ყარაჩაისაკენ დაიძრა. 20 ოქტომბერს რუსეთის ჯარსა და ყარაჩაელებს შორის მდ.ხუდესის სათავეებთან ბრძოლა გაიმართა. მთიელები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. 21 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა მათ მთავარ აულს უბრძოლველად მიაღწია. 23 ოქტომბერს ყარაჩაელებმა გ.ემანუელს მორჩილება გამოუცხადეს, იმპერატორის ქვეშევრდომობაში შესვლაზე ფიცი დადეს და მძევლები მისცეს. ამრიგად, ყარაჩაი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.  აქედან მოყოლებული ყარაჩაელებს კავკასიის ომში მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ და ამიერიდან ,,მშვიდობიან მთიელებად” ითვლებოდნენ.

1829 წლის ზაფხულში დუნაის არმიამ და კავკასიის კორპუსმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს, რამაც ომის ბედი გადაწყვიტა. ყარსის, ბაიაზეთისა და ახალციხის საფაშოების დაკავების შემდეგ, 1829 წლის ზაფხულში კავკასიის კორპუსი აღმოსავლეთ ანატოლიის სიღრმეში ღრმად შეიჭრა და 27 ივნისს ოსმალეთის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე არზრუმი აიღო. მალე, ბრძოლები ტრაპიზონის მიმართულებით გაჩაღდა. აგვისტოში დუნაის არმიამ ადრიანოპოლი აიღო და სტამბოლს რეალური საფრთხე შეუქმნა. რუსეთის ჯარის წარმატებებმა არამარტო სულთანი, არამედ ინგლისსაფრანგეთიც შეაშფოთა. ისინი დივანისაგან დაჟინებით მოითხოვდნენ სასწრფოდ დაედო ზავი.

1829 წლის 14 სექტემბერს ადრიანოპოლში, ოსმალეთის სულთანთა ძველ სასახლეში, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ადრიანოპოლის ზავით კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ციხეებით: ანაპა და ფოთი; ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილი _ სამცხეჯავახეთი ძველი ქართული ქალაქებით: ახლციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. ოსმალეთი ცნობდა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახიჭევანის სახანოების შეერთებას, რასაც ადრე თურქმანჩაის ზავი ადასტურებდა. პორტამ კვლავ დაადასტურა რუსეთისათვის ოსმალეთის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობისა და საკონსული იურისდიქციის უფლება; ის ბოსფორს და დარდანელსაც თმობდა თავისუფალი ნაოსნობისათვის; ოსმალეთს დაეკისრა აგრეთვე კონტრიბუცია _ 33 მლნ.  მანეთი ოქროთი; ხელშეკრულებამ დაადასტურა დუნაის სამთავროების – მოლდავეთისა და ვლახეთის, აგრეთვე სერბეთის ავტონომია; ოსმალეთმა ცნო საბერძნეთის ავტონომია.  სულ მალე კი, 1830 წლის 3 თებერვალს საბერძნეთი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ადრიანოპოლის ზავი რუსეთის დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო. მან უზრუნველყო რუსეთის პოზიციების განმტკიცება კავკასიაში, ხოლო ოსმალეთი კარგავდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ამ მხარეში. ადრიანოპოლის ზავით ბრწყინვალე პორტა უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთოსმალეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ ,,რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში” ცნობდა. ამ ტერიტორიებში შედიოდა დასავლეთ კავკასიაც, რომელიც, მართალია, ოსმალეთის მფლობელობაში არ იყო, მაგრამ მასზე ბრწყინვალე პორტას პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა.  ოსმალეთის ეს ნომინალური გავლენა იმით იყო გამოწვეული, რომ სულთანი ყველა მუსლიმანის, მათ შორის, კავკასიელი მთიელების უზენაეს მფარველად და მბრძანებლად ითვლებოდა. პოლიტიკურად ისინი სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით ცნობდნენ სულთნის უზენაესობას. ამდენად, თუმცა ოსმალეთმა დასავლეთ კავკასია რუსეთის მფლობელობაში ცნო, ეს მხარე რუსეთს ჯერ კიდევ დასაპყრობი ჰქონდა. სანამ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, მათ შორის, ყუბანის მხარეს არ დაიპყრობდა, მისი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა.

ამრიგად, XIX საუკუნის 20იან წლებში რუსეთმა ,,აღმოსავლეთის საკითხის” მის სასარგებლოდ გადაჭრაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

 

,,საისტორიო   ძიებანი“ , VIII-IX,  თბილისი, 2006.

 

 ***

 

1830 წლის “აფხაზეთის ექსპედიცია”

 

1828-1829 წლების რუსეთთურქეთის ომში რუსეთის გამარჯვებამ საბოლოოდ გადაწყვიტა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკითხი. ადრიანოპოლის ზავით (1829 წ. 14 სექტემბერი) კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილი _ სამცხეჯავახეთი ძველი ქართული ქალაქებით: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. აგრეთვე შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ქალაქებით: ანაპა და ფოთი.  ბრწყინვალე პორტა უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთთურქეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ “რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში” ცნობდა. ამ ტერიტორიებში შედიოდა ჩრდილოდასავლეთი კავკასია, რომელიც, მართალია, თურქეთის მფლობელობაში არ იყო, მაგრამ მასზე ბრწყინვალე პორტას პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა.  თურქეთის ეს ნომინალური გავლენა იმით იყო გამოწვეული, რომ სულთანი ყველა მუსლიმანის, მათ შორის, კავკასიელი მთიელების უზენაეს მფარველად და მბრძანებლად ითვლებოდა. პოლიტიკურად ისინი სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ რელიგიური თალსაზრისით ცნობდნენ სულთნის უზენაესობას. ამდენად, თუმცა თურქეთმა დასავლეთი კავკასია რუსეთის მფლობელობაში ცნო, ეს მხარე ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ დასაპყრობი ჰქონდა.

სანამ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, მათ შორის, ყუბანის მხარეს არ დაიპყრობდა, მისი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა. ამიტომ ცარიზმი ამ საკითხის გადაწყვეტისათვის ზრუნვას შეუდგა. როდესაც ნიკოლოზ I (1825-1855) კავკასიის მთავარმართებელსა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს, გენერალფელდმარშალ ი. პასკევიჩს (1827-1831) 1829 წლის 25 სექტემბრის წერილში რუსეთთურქეთის ომში გამარჯვებას ულოცავდა, წერდა: “…кончив таким образом, одно славное дело, предстоит вам другое, в моих глазах столь же славное, а в рассуждении прямых польз горадо важнейшее,  _ усмирение навсегда горских народов или истребление непокорных”. 

იმპერატორის დირექტივა _ “მთიელთა სრული დამორჩილება ან მათი განადგურება”, _ ნათლად ახასიათებს ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის არსს და მიზანს კავკასიაში. 

ირანთან და თურქეთთან ომებში გამარჯვების შემდეგ, XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ჯარებმა გაააქტიურეს მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე. ნიკოლოზ I-ის დირექტივის რეალიზების მიზნით ი. პასკევიჩმა შეიმუშავა კავკასიის მთის ხალხების, მათ შორის, აფხაზების სწრაფი დამორჩილების გეგმა, რომელიც იმპერატორმა 1829 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.  გეგმა ითვალისწინებდა დასავლეთ კავკასიაში _ ყუბანის მხარეში და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მცხოვრები ადიღური ტომების დამორჩილებას, რისთვისაც საჭიროდ იყო მიჩნეული შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული სიმაგრეების _ რედუტკალე, სოხუმი, ანაპა, _ გარდა ახალი სიმაგრეების აგება, მათი ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებას სანაპირო გზით; ყუბანის მხარესა და შავი ზღვის სანაპიროს შორის მტკიცე კავშირის დამყარებას საუღელტეხილო გზების გაყვანით; ჩრდილოეთიდან რამდენიმე ექსპედიციის მოწყობას ყუბანის მხარეში.

ამ გეგმის რეალიზების მიზნით განზრახული იყო სამხედრო ექსპედიციის მოწყობა აფხაზეთში. “აფხაზეთის ექსპედიციის” მიზანი იყო სოხუმიდან ანაპამდე სანაპირო ზოლის დაკავება, გამაგრებული სანაპირო ხაზის შექმნა და სიმაგრეებს შორის სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში კი დასავლეთ კავკასიის მთიანეთში რუსული სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება.

გეგმის უმთავრესი ნაწილი იყო ფოთსა და ანაპას შორის მტკიცე და მუდმივი სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფა. ასეთი სახმელეთო კავშირი არ არსებობდა თვით რედუტკალესა და სოხუმკალეს შორისაც, ამ ციხეებს შორის ურთიერთობა ზღვით ხორციელდებოდა. კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სოხუმკალესა და რედუტკალეს შორის სახმელეთო კავშირის დამყარებას ხელს უშლიდა რთული ბუნებრივი პირობები, პირველ რიგში, მრავალი წყალუხვი მდინარე, რომლებზეც ხიდები არ იყო, უგზოობა, ასევე აფხაზთა მშფოთვარე ხასიათი. აფხაზები ხშირად გამოდიოდნენ მთავრის მორჩილებიდან და ყოველთვის მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ რუსეთის ჯარის მცირერიცხოვან ნაწილებს, აფხაზეთიდან ანაპისკენ კი რუსეთის ჯარის ნაწილები არასდროს წასულან. ი. პასკევიჩი ფიქრობდა “აფხაზეთის ექსპედიციაში” მონაწილე ჯარის ნაწილების დაბანაკებას ლიხნში, აფხაზეთის მთავრის რეზიდენციასთან, რათა განემტკიცებინა მთავრისადმი ქვეშევრდომთა მორჩილება და მთელი აფხაზი ხალხის მორჩილება იმპერატორისადმი. მისი აზრით, თუ აფხაზებს ანაპისკენ ლაშქრობაში მონაწილეობაზეც დაიყოლიებდა, ექსპედიციის წარმატებისათვის ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათ მიერ მხარის კარგი ცოდნის გამო.

ი.პასკევიჩი ექსპედიციის მოწყობას 1830 წლის აპრილში გეგმავდა, მაგრამ 14 თებერვალს სამხედრო მინისტრმა ა. ჩერნიშევმა აუწყა, რომ ხომალდები, რომლებიც მას სჭირდებოდა, ივლისამდე ვერ გადმოეცემოდა. ამიტომ ექსპედიციის მოწყობა ივლისისთვის გადაიდო.

1830 წლის 28 მარტს ი. პასკევიჩმა ვრცელი წერილი გაუგზავნა იმერეთის მმართველსა და დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალმაიორ კ. გესეს (1827-1831), რომელიც თავისი მდგომარეობის გამო “აფხაზეთის ექსპედიციის” უშუალო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. მთავარსარდალი წერდა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ფოთსა და ანაპას შორის რუსეთის მფლობელობაში უნდა შესულიყო. ეს მხარე ძალზე მნიშვნელოვანი იყო როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო თვალსაზრისით და დიდი ხანია იქცევდა მთავრობის ყურადღებას. იმპერატორმა დაამტკიცა გეგმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსპედიციის მოწყობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების მტკიცედ დამკვიდრებას ამ მხარეში, და ფოთის ციხესა და ანაპას შორის სახმელეთო კავშირის დამყარებას. ექსპედიციის მოსაწყობად გამოიყო რაზმი, მისთვის ზღვიდან მხარი უნდა დაეჭირა ხომალდებს. ამასთან, შექმნილ ვითარებას შესაძლოა მოეთხოვა რაზმის ერთი ადგილიდან მეორეზე ზღვით გადაყვანა, საჭირო იქნებოდა რაზმის სურსათით მომარაგებაც, რისთვისაც ხომალდებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნებოდა. ი. პასკევიჩი კ. გესეს განუმარტავდა, რომ ექსპედიციას რუსეთისთვის უნდა დაემორჩილებინა მთებითა და უღრანი ტყეებით მიუდგომელი და ველური მხარე; ამასთან, ეს ღონისძიება დიდ წინდახედულებას მოითხოვდა: “по грубому невежеству обитателей ея абазинцев и черкесских племен с буйным и своевольным нравом, требует много соображений и большой осмотрительности”. მთავარსარდლის აზრით, ეს განსაკუთრებით იმ ტომებს ეხებოდა, რომლებიც გაგრიდან ანაპამდე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ეს ტომები განსხვავებულ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ, განსხვავდებოდნენ ენით, დაყოფილი  იყვნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თემებად. ისინი მხოლოდ გარეგნულად აღიარებდნენ პორტას ხელისუფლებას და ეწეოდნენ მასთან ვაჭრობას, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობას; პორტას მხოლოდ მაშინ ემორჩილებოდნენ, როცა ანაპის ფაშები, რომელთა გამგებლობაშიც ისინი შედიოდნენ, თავიანთ მოთხოვნებს იარაღის ძალით ამაგრებდნენ. თურქეთის იმპერიის დასუსტების შემდეგ, სულთანს არ შეეძლო ამ მხარეში სამხედრო ნაწილების მუდმივად შენახვა, ამიტომ ამ მხარის მკვიდრთა დამოუკიდებლობის ხარისხი იმ ზომამდე გაიზარდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი მათი დამორჩილება განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვდა. ასეთი ვითარების გამო ი. პასკევიჩს მიზანშეწონილად  მიაჩნდა ექსპედიციის ორ პერიოდად გაყოფა. პირველ პერიოდში უნდა მომხდარიყო მდ. ენგურიდან ბიჭვინთამდე სანაპირო ზოლის მტკიცედ დაუფლება, ხოლო მეორე პერიოდში ის ლაშქრობის ანაპისკენ გაგრძელებას ფიქრობდა.

რადგან ექსპედიციის მეორე ნაწილის წარმატება უშუალოდ იყო დამოკიდებული პირველი ნაწილის წარმატებაზე, ი. პასკევიჩის აზრით მთავარი ყურადღება უნდა მიქცეოდა აფხაზეთის დაკავებას. ამასთან, ის კ. გესეს ყურადღებას მიაპყრობდა იმ სირთულეებს, რაც ჯარს შეიძლება შეხვედროდა, სახელდობრ, რთული ბუნებრივი პირობების გამო; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფა ფოთსა და ანაპას შორის, ყუბანისპირეთის  მთიელთა  დასამორჩილებლად,  ვაჭრობის უზრუნველყოფისათვის ამიერკავკასიასა და რუსეთს შორის, ბოლოს, სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ამ მხარეში.

კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მშვენივრად იცოდა, რომ აფხაზთა შორის ბევრი იყო ოსმალოფილურად განწყობილი. პორტას ტრაპიზონის ფაშას მეშვეობით ჰქონდა კავშირი აფხაზებთან და მხარს უჭერდა მათ არაკეთილგანწყობას რუსეთისადმი. ი. პასკევიჩის აზრით, რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში მოხდებოდა აქ ჯარის ნაწილის მუდმივად განლაგებით, რომელიც ყოველთვის მზად იქნებოდა დაეცვა მთავრის ხელისუფლება და სიმშვიდე ამ მხარეში. ამიტომ მას განზრახული ჰქონდა 44-ე ეგერთა პოლკის შტაბბინა სამეგრელოდან აფხაზეთში გადაეტანა, მთავრის რეზიდენციასთან ახლოს; აქვე ახლოს იყო მშფოთვარე ჯიქების მიწაწყალი, რომელთა ალაგმვაც ჯარის უმთავრესი მოვალეობა იქნებოდა; ზღვის სიახლოვე უზრუნველყოფდა ჯარის მომარაგებას. მთავარსარდლის აზრით, ექსპედიციას შეეძლო აფხაზების მხრიდან წინააღმდეგობა გამოეწვია აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) მეამბოხე ბიძის, ასლანბეის მომხრეებისა და თურქოფილების წაქეზებით; აგრეთვე იმიტომაც, რომ აფხაზები შეჩვეულნი არ იყვნენ რუსებს. მას სასურველად მიაჩნდა ამ მხარის ნელნელა დამორჩილება: როდესაც მოსახლეობა გაიგებდა მშვიდობის ფასს, ნორმალურ ცხოვრებას და ვაჭრობას მიჰყოფდა ხელს, რუსეთის ჯარის ნაწილებთან ერთად მონაწილეობა საერთო მტრის _ მთიელების წინააღმდეგ ბრძოლებში, კიდევ უფრო დააახლოებდა მათ რუსებთან.  რაც შეეხება აფხაზების მხრიდან წინააღმდეგობას, მთავრის ბიძა ჰასანბეი შარვაშიძე მთავარსარდალს ჰპირდებოდა, რომ ხალხს მოამზადებდა, რათა მშვიდობიანად შეხვედროდნენ რუსებს და ჯარსაც თვითონ გააცილებდა.

ი. პასკევიჩმა მითითებები მისცა კ. გესეს, რომ ჯარის ნაწილებისთვის თავი მოეყარა 1 ივლისისთვის რედუტკალეში 44-ე ეგერთა პოლკის მეთაურის, პოლკოვნიკ ა. პაცოვსკის მეთაურობით; თვით კ. გესე  რედუტკალეში უნდა ყოფილიყო და მოემზადებინა “აფხაზეთის ექსპედიცია”. ამასთან, მას შარვაშიძეები უნდა მოეწვია და მათი აზრი გაეთვალისწინებინა. თუ ჰასანბეი დაარწმუნებდა, რომ ჯარის სახმელეთო გზით სოხუმისკენ მსვლელობა სისხლისღვრას არ გამოიწვევდა, შეიძლებოდა ჯარის ნაწილის ხმელეთით გაგზავნა, ხოლო ნაწილი ზღვით უნდა გადაეყვანათ.

ექსპედიციაში მონაწილეობა 2400-მდე მეომარს უნდა მიეღო. ი. პასკევიჩი ყოველნაირად ცდილობდა აფხაზებთან შეტაკებისთვის თავი აერიდებინა. მან კ. გესეს საგანგებოდ დაავალა, რომ ჯარი მოსახლეობას კარგად მოპყრობოდა; წებელდელებისა და მთელი აფხაზეთის მოსახლეობისათვის პროკლამაციების მეშვეობით განემარტა, რომ სულთანმა რუსეთს გადასცა ფოთიდან ანაპამდე მიწაწყალი. მთავარსარდლის აზრით, ამჯერად წებელდის დამორჩილება ვერ მოხერხდებოდა და ეს შემდეგისთვის უნდა გდაედოთ. 

ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ გელენჯიკის ყურესთან, სოფ. ჯუბღაში ცხოვრობდა აჰმეთფაშა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ განაწყობდა მთიელებს და მათ იარაღსაჭურვლით ამარაგებდა. ჯერ კიდევ რუსეთთურქეთის 1828-1829 წწ. ომის დაწყებამდე, ოსმალეთის სერასკირმა, წარმოშობით ლაზმა ოსმანფაშამ, სულთნის ნებართვით, შავი  ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩერქეზეთში, გააგზავნა თავისი ბიძაშვილი, ორთუღიანი ფაშა აჰმეთი, რათა ემართა ეს მხარე და რუსეთის წინააღმდეგ შეეიარაღებინა. ჩერქეზეთში იმყოფებოდა აგრეთვე ასლანბეი შარვაშიძე. მას სულთნის მიერ სამუდამო პენსია ჰქონდა დანიშნული. იგი დიდი გავლენით სარგებლობდა შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ტომებში, ამხედრებდა მათ რუსეთის წინააღმდეგ და აქტიურად ეხმარებოდა ფაშას.

ი. პასკევიჩს აუცილებლად მიაჩნდა ასლანბეის ხელში ჩაგდება ან მისი ლიკვიდაცია, რასაც შეეძლო დაეჩქარებინა წესრიგის დამყარება აფხაზეთში; თურქეთისა და სხვა უცხო სახელმწიფოების მხრიდან კავკასიის მთიელებთან ურთიერთობის აღკვეთის მიზნით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ კრეისირება უნდა მოეწყოთ რუსეთის ხომალდებს; ლიხნში ჩასვლისთანავე, ა. პაცოვსკის უნდა შეეკრიბა ცნობები ანაპისაკენ მიმავალი გზის, შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომების, მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების, რუსეთის ხელისუფლებისადმი განწყობის, მათი მმართველების, აგრეთვე აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზებისა და სხვათა შესახებ.

“აფხაზეთის ექსპედიციის” მომზადების პერიოდში სამთავროში პოლიტიკური სიტუაცია გართულდა. 1830 წლის მარტში სოხუმის კომენდანტმა, კაპიტანმა ჟილინმა გენერალ კ. გესეს აცნობა, რომ 4 ათასამდე წებელდელი სოხუმიდან 20 ვერსზე, სოფ. მერხეულის მახლობლად დაბანაკდა იმ განზრახვით, რომ თავს დასხმოდნენ სოფ. კელასურს და შემდეგ სოხუმის ციხეს, მაგრამ მთავრის ბიძამ თაიარბეიმ გადააფიქრებინა, ყოველ შემთხვევაში, ჰასანბეის თბილისიდან დაბრუნებამდე, სადაც ის ი. პასკევიჩთან იყო “აფხაზეთის ექსპედიციის” თაობაზე დეტალების შესათანხმებლად. ამის შემდეგ ბევრი წებელდელი უკან გაბრუნდა, მაგრამ ნაწილი ადგილზე დარჩა, თუმცა გაურკვეველ მდგომარეობაში.

29 მარტს ხუთმა ჩერქეზმა, როგორც რუსული ადმინისტრაცია ფიქრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთა მხარდაჭერით, ბიჭვინთის ტაძარი გატეხა და გაძარცვა. კ. გესე თვლიდა, რომ ასეთი ფაქტები აფხაზეთში მაშინაც კი არ ხდებოდა, როცა ეს მხარე მთლიანად მაჰმადიანთა დამოკიდებულებაში იყო. 

წებელდელმა მარშანიებმა და აბჟუის ოლქის უფროსმა ალიბეი შარვაშიძემ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ არ ცნობდნენ რუსეთის ბატონობას და რუსეთის მიერ დაყენებული მთავრის მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლებას.  გახშირდა წებელდელების მიერ საქონლის გარეკვის, ძარცვის, ტყვედ გატაცების ფაქტები.  ტყვედ გაიტაცეს სოხუმის ციხის გარნიზონის ერთი არტილერისტი ჯარისკაცი, რომელიც რაზმთან ერთად იყო გამოსული ციხიდან შეშისთვის. ამ ფაქტის შემდეგ კაპიტანმა ჟილინმა ყოველი შემთხვევისთვის ფორშტატი გაამაგრა და, როგორც აღმოჩნდა, დროულად. სოხუმის ციხის გარნიზონმა 6დან 7 და 7-დან 8 აპრილის ღამით სოხუმის ფორშტატზე აფხაზთა ორი შემოტევა მოიგერია. მიხეილ შარვაშიძემ კ. გესეს აცნობა, რომ მის სამფლობელოში შემოპარული მღელვარება თანდათან იზრდებოდა. მსტოვრები კ. გესეს ატყობინებდნენ, რომ წებელდელი თავადები და ალიბეი არა მხოლოდ არ უშვებდნენ მიხელ შარვაშიძეს თავიანთ სამფლობელოებში, არამედ აპრილის დამდეგს, თავს დაესხნენ მის სახლს ფოქვეშში, გაძარცვეს და მისი მამული აიკლეს. თავდამსხმელებმა ერთი ქალი ადგილზე მოკლეს, ხოლო მარშანიამ 10 ტყვე გაიტაცა. მიხეილ შარვაშიძეს სახიფათოდ მიაჩნდა ლიხნში ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა საცხოვრებლად სამეგრელოს მთავრის სამფლობელოში _ სამურზაყანოში გადასულიყო.

ამ ამბების შესახებ ჰასანბეიმაც მიიღო ცნობა. მისი ინფორმაციით მიხეილ შარვაშიძე წაეკიდა ალიბეის და წებელდელ მარშანიებს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ  ბზიფელების მძარცველობით. ამიტომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს ბზიფის თემთან და ბზიფელებს არ აძლევდნენ მათ სამფლობელოზე გავლის ნებასაც კი. ორივე მხარე უცდიდა ჰასანბეის ჩასვლას, რომელსაც ისინი უნდა შეერიგებინა.

კავკასიის რუსული ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო. აფხაზეთში შექმნილი ვითარება სერიოზული შიშის საფუძველს იძლეოდა, აფხაზეთში რუსეთის დამკვიდრებას შეიძლებოდა იმაზე მეტი სირთულეები შეხვედროდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ი. პასკევიჩი ფიქრობდა, რომ შექმნილ ვითარებაში მომავალი სისხლისღვრის თავიდან აცილება შეიძლებოდა აფხაზებზე ჰასანბეის გავლენის კეთილგონივრული გამოყენებით.

კ. გესემ სოხუმის ციხის გარნიზონის გაძლიერება გადაწყვიტა, რომელიც მაშინ 44-ე ეგერთა პოლკის მხოლოდ ერთი ასეულისაგან შედგებოდა. მან დაუყოვნებლივ გააგზავნა ხომალდებით სამხედრო ნაწილები სოხუმში და კომენდანტს უბრძანა სიფრთხილე გამოეჩინა. ეს ღონისძიება დროული აღმოჩნდა, რადგან 21 აპრილს აფხაზები კვლავ დაესხნენ თავს სოხუმის ფორშტატს, თუმცა უშედეგოდ.

ი. პასკევიჩმა სამხედრო მინისტრს, გენერალადიუტანტ ა. ჩერნიშევს აცნობა, რომ მისი სურვილი, მტკიცე ფეხით ჩამდგარიყო აფხაზეთში, აგვისტოს ბოლომდე ვერ განხორციელდებოდა, რადგან ამ დროისთვის კავკასიის ხაზზე უნდა მოსულიყო მე20 და 22-ე ქვეითთა დივიზიები. იგი ითხოვდა, 1 ივლისისთვის რედუტკალეში გამოეგზავნათ ხომალდები აფხაზეთში ჯარის გადასაყვანად და მინისტრს აუწყებდა, რომ განზრახული ჰქონდა 44-ე ეგერთა პოლკის ბიჭვინთაში დაბანაკება, სადაც სამეგრელოსთან შედარებით უკეთესი კლიმატი იყო. ამასთანავე, აქედან ადვილი იქნებოდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ მოქმედება, რაშიც იგი აფხაზთა სახალხო ლაშქრის გამოყენებასაც ფიქრობდა მიხეილ და ჰასანბეი შარვაშიძეების მეთაურობით. რაც შეეხება “აფხაზეთის ექსპედიციას”, ი. პასკევიჩი აღნიშნავდა, რომ მისი მომზადება გენერალ კ. გესეს, ხოლო რაზმის უშუალო ხელმძღვანელობა, პოლკოვნიკ ა. პაცოვსკის დაავალა.

კავკასიის რუსული ადმინისტრაცია სიფრთხილეს იჩენდა. გენშტაბის ოფიცერს, ბარონ აშს და ჰასანბეი შარვაშიძეს დაევალათ აფხაზეთში არსებული ვითარების გარკვევა და რედუტკალედან სოხუმამდე სანაპირო გზის დათვალიერება. აპრილის ბოლოს ბარონი აში და ჰასანბეი თბილისიდან აფხაზეთში გაემგზავრნენ. ისინი ჯერ რედუტკალეში ჩავიდნენ, იქიდან კი, ანაკლიის გავლით _ სოფ. ნაბაკევში და შემდეგ სოფ. ილორში. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ჰასანბეის შესახებ გავრცელდა ხმები, თითქოს ის კვლავ რუსეთში წაიყვანეს და არ დაბრუნდებოდა; ამბობდნენ იმასაც, რომ მას რუსის ჯარი მოჰყავდა აფხაზეთში; გაურკვეველი ვითარების გამო გახშირდა ყაჩაღობის ფაქტები. სოფ. გალის მახლობლად მათ შეხვდათ ბზიფის თემის აზნაური კაც მარღანია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ აზნაური იყო, თავადები დიდ პატივს სცემდნენ და მასთან მეგობრობას ეძიებდნენ. მან ბარონ აშს უთხრა, რომ დიდი ხანია სურდა გენერალ კ. გესეს ხლებოდა და დაედასტურებინა თავისი მზადყოფნა, ემსახურა იმპერატორისთვის, თუმცა, ადრე, სამეგრელოს მთავართან უთანხმოების გამო უფრთხოდა ამის გაკეთებას. აშს მიაჩნდა, რომ ხელისუფლება მის მიმართ კეთილგანწყობილი უნდა ყოფილიყო.

ილორიდან, ბარონი აში და ჰასანბეი აფხაზეთში, სოფ. ტამიშში ჩავიდნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ ალიბეი შარვაშიძე, წებელდელი მისოუსტ მარშანია და სხვა თავადაზნაურები შეიარაღებული ხალხის თანხლებით, რომელთა შორის, როგორც ბარონი აში მოგვიანებით თავის მოხსენებაში აღნიშნავდა, “განსაკუთრებით წებელდელები გამოირჩეოდნენ თავიანთი ველური გარეგნობით”. ალიბეიმ და წებელდელმა თავადებმა აშს სთხოვეს, ეუწყებინა თავისი უფროსებისთვის, რომ თუ რუსეთის ჯარი აფხაზეთში შევიდოდა, ისინი მას მშვიდობიანად შეხვდებოდნენ, თუმცა ითხოვდნენ იმ მიწების შენარჩუნებას, რასაც მათი მამები ფლობდნენ. საღამოს, აშს თაიარბეიც შეხვდა, რომელსაც, როგორც მოგვიანებით ბარონი აღნიშნავდა, რუსების მიმართ არაკეთილგანწყობა სახეზე ეწერა.

სამურზაყანოს საზღვრიდან სოფ. კელასურამდე, სოფლები დაცარიელებული იყო. მოსახლეობა მთებში გახიზნულიყო მიხეილ შარვაშიძის შიშით, რომელიც, როგორც ხმები დადიოდა, ალიბეისა და მისი მოკავშირე წებელდელების დასჯას აპირებდა. აშის დაკვირვებით, აფხაზები ორ პარტიად იყვნენ გაყოფილი. ბზიფის თემი მთავარს უჭერდა მხარს. მის წინააღმდეგ იყო განწყობილი აბჟუა ალიბეის მეთაურობით, რომელსაც წებელდაც გვერდში ედგა. ჰასანბეი ორი დაპირისპირებული პარტიის შერიგებას ცდილობდა. აში დარწმუნებული იყო, რომ ჰასანბეი თავისი გავლენის წყალობით შეძლებდა ამ მისიის შესრულებას. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავადებს შორისაც არ იყო ერთიანობა, ფარულად ყველა ერთმანეთს მტრობდა. მთავარსა და ჰასანბეის შორისაც უთანხმოება იყო. პატივმოყვარე მიხეილ შარვაშიძეს არ სურდა ჰასანბეის რჩევების გაზიარება. ეს უკანასკნელი კი, როგორც მისი ბიძა და აფხაზი თავადებიდან წარმოშობით ყველაზე მნიშვნელოვანი, დამამცირებლად თვლიდა უმცროსი და ხალხში ნაკლები გავლენის მქონე მთავრისადმი დამორჩილებას. აში ფიქრობდა, რომ ეს უთანხმოება იყო აფხაზეთში ყველა უთანხმოების მიზეზი.

30 აპრილს აში და ჰასანბეი სოხუმში ჩავიდნენ. ამის იქით ჰასანბეის გავლენა არ ვრცელდებოდა.  აშს არც უცდია ლიხნისკენ გზის გაგრძელება, მითუმეტეს, არც ჰქონდა  ასეთი დავალება. მისი ცნობით, აფხაზებს არ სჯეროდათ, რომ თურქეთმა რუსეთს დაუთმო შავი ზღვის სანაპირო ანაკლიიდან ანაპამდე. ამის დასტურად იმ ფაქტს იშველიებდნენ, რომ აჰმეთფაშა ჯერაც ჩერქეზებთან იმყოფებოდა. მეორენი აღნიშნავდნენ, რომ რუსეთიდან და თურქეთიდან ჩერქეზეთსა და აფხაზეთში უნდა გამოეგზავნათ ჩინოვნიკი იმის გასარკვევად, თუ ხალხს ვისი მორჩილება სურდა, რუსეთის თუ თურქეთის.  სოხუმის კომენდანტის ცნობით, აჰმეთფაშა ავრცელებდა ხმებს, თითქოს მთელი ჩერქეზთა სანაპირო თურქეთს ეკუთვნოდა და მის დასაცავად მალე ჯარი ჩამოვიდოდა. როგორც კაპიტანი ჟილინი აღნიშნავდა, მიხეილ შარვაშიძემ მას დაუდასტურა, რომ ასეთი ხმები აფხაზეთის ვითარებაზე გავლენას ახდენდა.

თავის მოხსენებით ბარათში ბარონი აში აღნიშნავდა, რომ მთელ აფხაზეთში კვლავ გრძელდებოდა სამარცხვინო ვაჭრობა ტყვე მეგრელებითა და რუსი ჯარისკაცებით და, განსაკუთრებით, სოფ. კელასურში, სადაც 60მდე თურქის ოჯახი ცხოვრობდა. მათთვის ამ ვაჭრობას დიდი სარგებელი მოჰქონდა. აფხაზეთის ყველა მდინარის შესართავში თურქული კანჯოები იდგა სიმინდისა და ტყვეების საყიდლად. ადამიანებით ვაჭრობას ფრთა ჰქონდა გაშლილი, რადგან არავინ ეწინააღმდეგებოდა. აფხაზები ცდილობდნენ ჩქარა გაეყიდათ რუსი ჯარისკაცები, რადგან რუსეთის ჯარის შემოსვლის ეშინოდათ. მოხსენებაში ბარონი აში თავის მოსაზრებასაც გამოთქვამდა, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდნენ ტყვეებით ვაჭრობას. მისი აზრით, აუცილებელი იყო მდინარეების: ღალიძგას, მერკულას, ტამიშის, კოდორის, კელასურის შესართავების დაკავება; ამასთანავე, ანაკლიიდან ღალიძგამდე და კოდორიდან კელასურამდე შუალედური საგუშაგოების მოწყობა, რითაც რედუტკალესა და სოხუმს შორის კავშირურთიერთობა სანაპირო გზით განმტკიცდებოდა.

მაისის დასაწყისში მიხეილ შარვაშიძემ 1300 კაციანი სახალხო ლაშქარი შეკრიბა და 8 მაისს სოხუმის ციხესთან დაბანაკდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ალიბეის დასჯა,  რომელსაც დაუმორჩილებლობასა და წებელდელებთან კავშირში ადანაშაულებდა. ჰასანბეიმ წინასწარ განჭვრიტა ამ ლაშქრობის მთელი უხერხულობა, ენერგიული ზომები მიიღო მთავრისა და ალიბეის შესარიგებლად და დაძაბული ვითარება განმუხტა.  12 მაისს მიხეილ შარვაშიძემ დაითხოვა ბზიფის ოლქის სახალხო ლაშქარი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში სოხუმის ციხესთან იდგა. მთავარი და ალიბეი შერიგდნენ და შეთანხმდნენ, იმერეთის მმართველს გაერკვია მათი უფლებები სოფ. ფოქვეშზე, რაც მათ შორის დაპირისპირების ერთერთი მთავარი მიზეზი იყო. მიხეილ შარვაშიძე სოფელს მამის ნაყიდად თვლიდა და მისი დასაკუთრება სურდა, ხოლო ალიბეი არ უთმობდა. იმავდროულად, წებელდელები ცდილობდნენ აეძულებინათ მიხეილ შარვაშიძე, თავისი და ერთერთი მარშანიასთვის მიეთხოვებინა და ამ მიზნით მისი რამდენიმე კაცი ტყვედ გაიტაცეს.  კაპიტან ჟილინის ცნობით, მთავარსა და რამდენიმე თავადს ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდათ. ამით სარგებლობდნენ წებელდელები და სხვა ყაჩაღები და მრავალ კანონდარღვევას სჩადიოდნენ. 

1830 წლის 15 მაისის წერილში ა. ჩერნიშევისადმი ი. პასკევიჩი შეეხო აპრილის მოვლენებს აფხაზეთში. მისი აზრით, ეს ამბები არ მოხდებოდა ჰასანბეის იქ ყოფნისას. შესაძლოა მისმა დაყოვნებამ თბილისში მისცა საბაბი არაკეთილმოსურნეებს, გაევრცელებინათ ხმა, რომ ხელისუფლება არ აძლევდა მას აფხაზეთში დაბრუნების ნებას, რისიც ჰასანბეისაც ეშინოდა. მთავარმართებელი აღნიშნავდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. იგი ეჭვობდა, რომ შესაძლოა მას გაუფრთხილებლობით და მოურიდებლობით  მიეცა უკმაყოფილების საბაბი ალიბეისთვის, რომელიც აქამდე წყნარად იყო. მისი განზრახვა, დაეტოვებინა თავისი სამფლობელო, ნათლად აჩვენებდა, თუ რამდენად მცირე გავლენა ჰქონდა მას და რამდენად მცირე შემწეობის იმედი უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას მისგან. რამდენადაც აფხაზეთი მიხეილ შარვაშიძეს არასოდეს ემორჩილებოდა, ი. პასკევიჩი სვამდა კითხვას, ამ მხარეში მტკიცე მშვიდობისა და რუსეთის პრესტიჟის შენარჩუნებისათვის კვლავ დაეჭირათ მისთვის მხარი, თუ დაეტოვებინათ ის მხოლოდ ბზიფის მამულის მფლობელად და არ დაემორჩილებინათ მისთვის სხვა აფხაზი მფლობელები. ის სამხედრო მინისტრს სთხოვდა გაერკვია ეს საკითხი იმპერატორთან და მისი აზრი ეცნობებინა.

იმავდროულად, აქტიურად მიმდინარეობდა “აფხაზეთის ექსპედიციის” მომზადება. ივნისში რედუტკალეში თავი მოიყარეს “აფხაზეთის ექსპედიციაში” მონაწილე ჯარის ნაწილებმა. 25 ივნისს აქ შეიკრიბნენ: კ. გესე, მიხეილ, ჰასანბეი და ალიბეი შარვაშიძეები და ექსპედიციის გეგმის განხილვას შეუდგნენ. ალიბეი და ჰასანბეი თავიანთ ოლქებში სიმშვიდის გარანტიას იძლეოდნენ და სარდლობას ჯარის სოხუმამდე მშვიდობიანი გადასვლის ხელშეწყობას აღუთქვამდნენ, მაგრამ მიხეილ შარვაშიძე ვერ იძლეოდა ბზიფის ოლქში სიმშვიდის გარანტიას, სადაც მას სუსტი გავლენა ჰქონდა. ყოველი შემთხვევისთვის, ჯარის სოხუმში გადაყვანა ზღვით გადაწყდა. ივნისის მიწურულს გემებზე მოთავსდნენ ჯარის ნაწილები და 30 ივნისს მათ სოხუმისკენ აიღეს გეზი. იმავე დღეს, ექსპედიციაში მონაწილე მხედართა ცხენები კაზაკთა ასეულისა და აფხაზ თავადთა თანხლებით, სანაპირო გზით ასევე სოხუმისკენ გაისტუმრეს.

3 ივლისს ესკადრა სოხუმში ჩავიდა და ჯარი ზღვის სანაპიროზე დაბანაკდა. სოხუმში კ. გესემ ცნობა მიიღო, რომ რუსეთის ჯარის აფხაზეთში გამოჩენის გამო აფხაზები, რომლებმაც ამ ფაქტში საფრთხე დაინახეს, კვლავ მღელვარებამ მოიცვა. ბზიფის თემის თავადაზნაურები ჩერქეზებთან გაემართნენ რუსების წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად. ჩერქეზებმა გაგრის გასასვლელის დაკავება, შემდეგ ლიხნში მთავრის სასახლის აკლება და ბზიფის თემის აფხაზებთან ერთად რუსების წინააღმდეგ მოქმედება გადაწყვიტეს. ასეთ პირობებში კ. გესემ გაგრის გასასვლელის საჩქაროდ დაკავება გადაწყვიტა, რათა ჩერქეზების აფხაზებთან შეერთება არ დაეშვა.

გაგრის გასასვლელის დაკავების შემდეგ კ. გესეს განზრახული ჰქონდა ბიჭვინთის კონცხის დაკავება და 44-ე ეგერთა პოლკის დროებით იქ დაბანაკება, შემდეგ კი აფხაზეთში სიმშვიდის დამყარებას შედგომოდა, რათა დიდი წინააღმდეგობისა და მსხვერპლის გარეშე მიეღწია ექსპედიციის პირველი ეტაპის მიზნისთვის: აფხაზეთში მტკიცედ დამკვიდრება და 44-ე ეგერთა პოლკის ლიხნში დაბინავება. ამიტომ მის განკარგულებაში მყოფი ესკადრის (მეთაური _ კაპიტანლეიტენანტი სტერლინგოვი) ექვს ხომალდზე მოათავსა 44-ე ეგერთა პოლკის ბატალიონი _ 604 მეომარი, აგრეთვე 50 მესანგრე, 10 არტილერისტი ქვემეხებით, 6 ივლისს ღამით სოხუმის ყურედან გავიდა და გაგრისაკენ გაემართა. ზღვაზე უქარო ამინდის გამო იალქნიანი ხომალდების ესკადრა გაგრის ყურეში მხოლოდ 8 ივლისის დილით შევიდა. 

გაგრის მაღალი, მრისხანე, ხშირი ტყით დაფარული მთები ბუნებრივ სიმაგრედ ჩანდა გიგანტური ბასტიონებით, რომელსაც ჯიქები, უბიხები და შაფსუღები იცავდნენ. ესკადრამ ისარგებლა ზღვის სიღრმით, ნაპირს მიუახლოვდა და ხომალის ქვემეხებიდან ცეცხლი დაუშინა ტყეს ჟოეკვარისა და გაგრიფშის ხეობაში, რამაც მთიელები აიძულა მიმალულიყვნენ. 

კ. გესემ პოლკოვნიკ ა. პაცოვსკის უბრძანა გაგრის ტაძრის ტერიტორია დაეკავებინა და მდ. გაგრიფშთან პოზიცია მოეწყო. როგორც კი დესანტი ნაპირზე გადასხდა, მთიელებმა მოპირდაპირე მთებიდან ცეცხლი გახსნეს და შეეცადნენ ხელი შეეშალათ მათთვის პოზიციის დაკავებაში, მაგრამ გემებიდან არტილერიის ცეცხლმა უკუაგდო ისინი. დესანტმა დიდი დანაკარგების გარეშე ავანპოსტები დაიკავა. ახლომახლო მაღლობებზე მაშინათვე გაიგზავნა რაზმები, რომლებსაც მთიელებისაგან უნდა გაეწმინდა შემოგარენი. იმავდროულად, სანაპიროზე დარჩენილი ასეულები გულმოდგინედ მუშაობდნენ მიწაყრილების ამოყვანაზე და ეკლესიის ქვის გალავნის გამაგრებაზე. მთიელებმა რამდენჯერმე განაახლეს შეტევა, მაგრამ ფრეგატებიდან დაშენილმა კარტეჩის ცეცხლმა ისინი აიძულა ქედის თხემებს იქით მიმალულიყვნენ. 

გაგრა მაშინ წარმოადგენდა ამავე სახელწოდების მდინარის ორივე ნაპირზე, სუროთი და ეკალბარდით გადახლართულ ხშირ ტყეში გაშლილ მცირე ვაკეს, რომელსაც ზედ ადგებოდა ხშირი ტყით დაფარული ციცაბო მთების კალთები, რომლებიც ზღვის სანაპიროზე აფხაზეთისკენ არსებულ ვიწრო გასასვლელს კეტავდნენ. ეკლესია, რომელიც მდ. გაგრის (გაგრიფშის) მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა, ნაწილობრივ დანგრეული იყო. მას მთის ძირიდან ზღვის ნაპირამდე 65 საჟენზე შემოვლებული ჰქონდა ქვის კედელი, რომელიც ასევე რამდენიმე ადგილას დანგრეული იყო. 

ამრიგად, გაგრის დაკავების ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. მასში მონაწილეობას ღებულობდა მიხეილ შარვაშიძის მიერ გამოგზავნილი 30 აფხაზიც, მათ შორის, კაც მარღანია და თავად როსტომ ინალიფას შვილი ნაულჩუკი.

გენერალი კ. გესე თვლიდა, რომ ეს პუნქტი დაკავებული უნდა ყოფილიყო გაძლიერებული გარნიზონით, რადგან ჩერქეზები აფხაზეთში სწორედ ამ გზით იჭრებოდნენ. მართალია, არსებობდა მთებზე გადმოსასვლელი ბილიკები გაგრის გვერდის ავლით, თუმცა მხედრებისათვის მოუხერხებელი. ჩერქეზებს ერთმეოდათ აფხაზეთში დაუბრკოლებლად შემოჭრისა და თარეშის, აგრეთვე ბზიფის თემის აფხაზებისათვის დახმარების შესაძლებლობა, ამიტომ კ. გესეს აზრით, ისინი ამ ფაქტს ვერ შეურიგდებოდნენ და გააძლიერებდნენ თავდასხმებს გაგრაზე, რომლის გარნიზონის გაძლიერებაც ყოველთვის პრობლემა იქნებოდა, რადგან სანაპირო გზა სოხუმიდან გაგრამდე არ არსებობდა.  კ. გესემ შეარჩია ადგილი სიმაგრის ასაგებად, უკანასკნელი მითითებები გასცა, დატოვა ჩამოყვანილი რაზმი მთლიანად, მაიორ პოლიაკოვის მეთაურობით, და ესკადრა, ხოლო თვითონ 10 ივლისს სოხუმში დაბრუნდა, რათა ამჯერად სანაპირო გზით ლიხნში და შემდეგ ბიჭვინთაში წასულიყო.

13 ივლისს კ. გესე სოხუმში დარჩენილი რაზმით ლიხნისაკენ გაემართა, სადაც 16 ივლისს ჩავიდა. გზაში მან მიიღო ცნობა, რომ გაგრის გარნიზონს 11-დან 12 ივლისის ღამით და 12 ივლისს დღისით სამჯერ დაესხნენ ჩერქეზები. გარნიზონმა მოიგერია თავდასხმები, მაგრამ მსხვერპლიც იყო. მაიორ პოლიაკოვის ცნობით, ძნელი იყო ერთდროულად სიმაგრის აგებაზე მუშაობა და თვალყურის დევნება მოწინააღმდეგისათვის, ამიტომ დამატებით ძალებს ითხოვდა. კ. გესემ ჩათვალა, რომ გაგრის გარნიზონს ნამდვილად სჭირდებოდა დახმარება და 18 ივლისს ლიხნიდან გაგრაში სამეგრელოს ქვეითთა პოლკის ერთი ასეული გაგზავნა.

ლიხნში ,,აფხაზეთის ექსპედიციას” მიხეილ შარვაშიძე შეუერთდა. კ. გესემ 44-ე ეგერთა პოლკის დასაბინავებლად ლიხნიდან 4 ვერსზე შეარჩია ადგილი, რომელსაც ბამბორას ეძახდნენ. ამის შემდეგ “აფხაზეთის ექსპედიციის” მიზანი ბიჭვინთის კონცხის დაკავება იყო. ბიჭვინთისაკენ გზა ბზიფის თემზე გადიოდა, აფხაზი თავადების ნარჩოუ, დარუყვა და ტაგუ ინალიშვილებისა და სხვათა მამულებზე, რომლებიც ჯარის გატარებას არ აპირებდნენ. კ. გესემ მოლაპარაკებები გამართა მათთან და განუმარტა თუ რა უსიამოვნებებს დაიტეხდნენ თავზე ასეთ შემთხევაში. მიხეილ შარვაშიძის, ჰასანბეისა და სხვა თავადების მხარდაჭერით, რომლებსაც ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათთან, კ. გესემ შეძლო დაერწმუნებინა ისინი, რომ რუსეთის ჯარების მიერ აფხაზეთის დაკავებისას მათი მამულები მათსავე მფლობელობაში დარჩებოდა. ის დათანხმდა აგრეთვე დარუყვა ინალიფას შეწყალებაზე, რომელიც მიხეილ შარვაშიძეს დიდი ხანი არ ემორჩილებოდა.

როდესაც კ. გესე დარწმუნდა, რომ ბიჭვინთამდე ლაშქრობა უსაფრთხო იქნებოდა, 19 ივლისს ლიხნიდან გავიდა. რაზმს რთული გადასვლა მოუხდა მთებისა და ტყეების გავლით უგზოობის პირობებში და 21 ივლისს ბიჭვინთას მიაღწია. ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის სანაპიროზე, სოფ. ბიჭვინთის მახლობლად იდგა ნახევრად დანგრეული ტაძარი. კ. გესემ ბრძანება გასცა ტაძრის ქვის გალავანი დაეკავებინათ და აქ სიმაგრე მოეწყოთ.

ამდენად, აფხაზეთის სანაპირო ზოლში _ ბამბორა, ბიჭვინთა, გაგრა, _ რუსები სიმაგრეების აგებას შეუდგნენ. ბამბორაში დაბინავდა “აფხაზეთის ექსპედიციის” შტაბი. ამ სიმაგრეებს ჯიქებისა და უბიხებისთვის უნდა გადაეკეტა ის სანაპირო გზა, რომლითაც ისინი აფხაზეთში იჭრებოდნენ; აგრეთვე, მათ უნდა განემტკიცებინათ რუსების ბატონობა აფხაზეთში.  ექსპედიციის შედეგების შესახებ ანგარიშში ი. პასკევიჩი ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძეს ნამდვილად არ ჰქონდა გავლენა აფხაზეთში და თვით მის სამკვიდრო მამულშიც, ბზიფშიც არ სარგებლობდა დიდი პატივისცემით; რაც შეეხება ჰასანბეის, “აფხაზეთის ექსპედიციის” წარმატებისათვის მან ყველაფერი გააკეთა. 

ივლისის ბოლოს, ჩერქეზების თავდასხმები გაგრაზე განახლდა, თუმცა გარნიზონმა მოიგერია ისინი. ამის შემდეგ, უბიხების ერთერთმა წინამძღოლმა, მიხეილ შარვაშიძის აღმზრდელმა ჰაჯი დაგუმოყვა ბარზეგმა 2 ათასამდე კაცით მდ. გაგრიფშის ხეობიდან ცეცხლი დაუშინა გაგრის ციხეს. 16 აგვისტოს ისინი შეეცადნენ შტურმით აეღოთ სიმაგრე, მაგრამ გარნიზონმა, რომელსაც ზღვიდან ხომალდებიც უჭერდნენ მხარს, უკუაგდეს ისინი. მთიელებმა დიდი მსხვერპლი ნახეს. მათ დაღამებისას ბრძოლის ველიდან გაიყვანეს დაჭრილები და დახოცილები, 17 აგვისტოს კი საერთოდ დატოვეს იქაურობა. ჩერქეზი თავადის ლაზ ანჩაბაძის ცნობით, რომელსაც რუსეთის ერთგულების ფიცი ჰქონდა დადებული, ჩერქეზებში მსხვერპლი დიდი იყო, თვით ჰაჯი დაგუმოყვა ბარზეგიც მძიმედ იყო დაჭრილი.

მალე დასრულდა სიმაგრეების აგება. ბამბორის სიმაგრეს დიდი პარალელოგრამის ფორმა ჰქონდა ბასტიონებით. შიგნით დაყოფილი იყო ექვს სწორ ნაწილად, სადაც აგებული იყო პატარა შეთეთრებული სახლები, გრძელი ყაზარმა და პროვიანტის მაღაზიები. მალე, სიმაგრესთან გაჩნდა პატარა ფორშტატი, რომელიც სომეხი და ბერძენი ვაჭრებით იყო დასახლებული. პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით ბამბორის სიმაგრის მდებარეობა ხელსაყრელი იყო, რადგან საშუალებას იძლეოდა გარნიზონს თვალყური ედევნებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის და მოვალე იყო დაეცვა მთავრის ხელისუფლება, რომლის რეზიდენციაც რამდენიმე ვერსზე იყო. თუმცა მას ორი ნაკლი ჰქონდა: მოუხერხებელი ყურე, რის გამოც გემები ნაპირიდან სამ მილზე უნდა გაჩერებულიყვნენ, და ციებიანი კლიმატი, რის გამოც ჯარისკაცები მალარიით ავადმყოფობდნენ.  ბიჭვინთის სიმაგრე მონასტრის ტერიტორიაზე აიგო. მონასტრის გალავანი განაახლეს და კუთხეებში ხის კოშკები ააგეს. აქვე აიგო ყაზარმა ჯარისკაცებისთვის. თავიდან ბიჭინთაში ორი ასეული იდგა, მაგრამ მალე, მალარიის გამო ერთ ასეულამდე შეამცირეს.  გაგრაშიც სიმაგრის ასაგებად ტაძრის ქვის კედელი გამოიყენეს, რომელიც სანაპიროდან მთის ძირამდე მიემართებოდა. გარნიზონის მდგომარეობა მძიმე იყო, სიმაგრის ეზოში თავისუფლად გავლაც არ შეიძლებოდა, რადგან ახლომახლო მთებიდან მთიელები განუწყვეტლივ ცეცხლს უშენდნენ სიმაგრეს; ლაზარეთი სავსე იყო მალარიით დაავადებული ჯარისკაცებით და, ფაქტობრივად, სიმაგრე გარესამყაროს მოწყვეტილი იყო.

1830 წლის 23 აგვისტოს ი. პასკევიჩმა პროკლამაციით მიმართა აფხაზებსა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს, სადაც აღნიშნავდა, რომ აჰმეთფაშას ისინი შეცდომაში შეჰყავდა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები და მათი მეზობელი ხალხები ეკუთვნოდნენ არა პორტას, არამედ რუსეთის იმპერატორს და სულთანმა აჰმეთფაშა და ყველა ჩინოვნიკი გაიწვია. იგი მთიელებს მოუწოდებდა დაეყარათ იარაღი, დამორჩილებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას და ერთგულების ფიცი დაედოთ, რისთვისაც ხელმწიფის მოწყალებას ჰპირდებოდა.

როგორც გათვალისწინებული იყო, “აფხაზეთის ექსპედიციის” პარალელურად, ოქტომბერში, ექსპედიცია მოეწყო ყუბანისპირეთშიც, შაფსუღეთში, რომელსაც უშუალოდ ი. პასკევიჩი ხელმძღვანელობდა. რუსეთის ჯარის ნაწილების გამოჩენამ იმ ადგილებში, რომელსაც შაფსუღები გაუვალად თვლიდნენ, შიში დანერგა მათში და ი. პასკევიჩს მორჩილება გამოუცხადეს; იმავდროულად, მთავარმართებელმა მდ. ყუბანზე რამდენიმე სიმაგრე ააგო.  მაგრამ რუსეთის ჯარის ნაწილების გასვლის შემდეგ, შაფსუღები კვლავ გამოვიდნენ მორჩილებიდან. ი. პასკევიჩიც თვლიდა, რომ ასეთ ექსპედიციებს დროებითი მნიშვნელობა ჰქონდა და შიშის დანერგვას ემსახურებოდა. მთიელები გაურბოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ ომს ეწეოდნენ. მან კარგად იცოდა, რომ მთიელებისათვის საარსებო საშუალებების წართმევით, მათი მიწაწყლის მუდმივად დაკავებით, აქ სიმაგრეების აგებითა და სამხედრო დასახლებათა მოწყობით შეიძლებოდა მხოლოდ მათი დამორჩილება.

რაც შეეხება აფხაზეთს, კავკასიის რუსული ადმინისტრაცია თვლიდა, რომ ამ მხარეში განმტკიცების პროცესი გაჭიანურდებოდა. აფხაზები მიჩვეულნი იყვნენ მშფოთვარე ცხოვრებას: ყაჩაღობას, ძარცვას, თითქმის არ ემორჩილებოდნენ მთავარს, ამიტომ გაძნელდებოდა მათი მორჩილებაში მოყვანა. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო რედუტკალედან გაგრამდე სანაპირო ზოლის დაკავება საგუშაგოებითა და კარანტინებით, სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა. ამით აღიკვეთებოდა აფხაზების ურთიერთობა თურქებთან, რომლებიც მათ იარაღითა და ტყვიაწამლით ამარაგებდნენ და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ. რუსეთის გემები, რომლებიც კრეისირებას ეწეოდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ თურქების აფხაზებთან ურთიერთობის აღკვეთას. რედუტკალედან გაგრამდე სანაპირო ზოლში საჭირო იყო რუსეთის ჯარის ნაწილების დამატებითი ძალები.  ამის შესაძლებლობა მაშინ რუსეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა. 

ამრიგად, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, “აფხაზეთის ექსპედიციის” მიზანი სრულად ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიკავეს აფხაზეთის სანაპირო ზოლი, მაგრამ გაგრის ჩრდილოდასავლეთით წინსვლა შეფერხდა ჯიქებისა და უბიხების მედგარი წინააღმდეგობის გამო და ანაპისკენ ლაშქრობა მომავლისთვის გადაიდო. 

                ,,საისტორიო ძიებანი”, VI, თბილისი, 2003.

 

                         

One Response to “• აფხაზეთის სამთავროს გაუქმება”

  1. […] XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის ქრონიკ… […]

    Like

დატოვე კომენტარი