Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რაინდ რივალონის წერილი იერუსალემის ლათინთა პატრიარქს

Posted by iberiana on აგვისტო 17, 2023


raindiდავით ქართველთა და აფხაზთა მეფის მოქირავნე რაინდის – რივალონის წერილი თავის მოძღვარს – იერუსალემის ლათინთა პატრიარქს – უფალ გიბელენს

1124-წლის 9 დეკემბერი

“…მივიღეთ საყვედური თქვენი სიწმიდის მოყვარებისა, რომ ,,არაა საქები, როცა იერუსალემის სამეფოდან ამდენი ფრანგი რაინდი გაედინება ქართველთა (ავასგთა) ქვეყანაში, სამოთხის საიქიო ნეტარების სააქაოდ მოხვეჭის ავხორცი სურვილით” წერილში გულითადად მოგახსენებთ ამ ნაძრახი ლტოლვის მიზეზებს.

მომიტევოს თქვენმა მეუფებამ მეხორცეობა, მაგრამ თეთრი და მწყაზარი ქალები მთელ აღმოსავლეთში მხოლოდ ქართველებს ჰყავთ, მათი ქალები უფრო მიმზიდველობი არიან, ვიდრე სომხებისა და სირიელებისა, თუმც, სრულ ბრწყინვალებას ცხვირის კეხი უშლით, ისე რომ ჩვენს რაინდებს უფრო კოხტა ცხვირ-პირი აქვთ, რის გამოც დიდად მოსწონთ ქართველ ასულებს, რაინდთა ნახევარმა უკვე იქორწინა დიდგვარიანთა ასულებზე და მეფისგან საფეოდალო ნაკვეთებიც მიიღო.

თქვენო მაღალღირსებავ, მაკურთხეველო მარჯვენავ რომის ღვთივდამყარებული ეკლესიისა, აქ უკვე სიმღერებს მღერიან ფრანგი რაინდის – ბრეტონ გაიმარისა და ერთი აქაური მთავრის – ქვენიფნევნელის ასულ ასპაის სიყვარულზე. ქართველი ქალის სიყვარულმა პირველად აადგმევინა ჩვენს შორის ქართულად ენა ბრეტონს, ისე რომ დავით მეფესთან უკვე ბერძენი და სომეხი შუამავლები არ გვჭირდებოდნენ, ბრეტონი თარჯიმნობდა, მანვე, პირველად უღალატა რაინდთა შორის რაინდული ქალწულების და უქორწინებლობის აღთქმას, თუმცა ადრე თავი მოჰონდა ამ აღთქმით, ერთხელ, ნადიმისას, რომელიც მისი სატრფოს მამის – ვირშელ ქვენიფნევნელისას იმართებოდა, ბრეტონი ქადილს მოყვა თავის რაინდულ ქალწულების აღთქმაზე, რაზეც წერწეტმა და სახენათელმა ქართველმა ასულებმა სიცილი დააყარეს, ასეთ აღთქმას საქართველოში დედაკაცებიც კი არ დებენო, ამპარტავანი ყმაწვილი თავისი მამაკაცური ღირსების ამ შელახვაზე წამოწითლდა და გარეთ გაიჭრა, სადაც ასპაის მოწყალე მზერაში, და ვინ იცის, იქნებ მკლავებშიც, პოვა ნუგეში, იმავე დღეს გამართულ ასპარეზობაშიც ვერ წარიმართა ყველაფერი მისი გულის წადილით.

იმ დღეს, ასპარეზობაში საუკეთესო ქართველი, ალანი, სომეხი, ყივჩაღი, შარვანელი და ფრანგი მოასპარეზეები მონაწილეობდნენ, დამსწრეთა შორის იყვნენ ვირშელი და ასპაი, მის დობილებთან ერთად, ხარბად სწყუროდა გამარჯვება ძლევისმოყვარე ბრეტონს მისი საცოლის და სასიმამროს წინაშე, ძალიან ეცადა და ბევრი სახელოვანი ფალავანიც დასცა, მაგრამ ბოლოს თავადაც იძლია ერთი ყივჩაღი ბუმბერაზისაგან, ძალიან განიცადა ყმაწვილმა, ფიქრობდა, რომ ყველა შეიძულებდა და საცინად აიგდებდა მის რაინდობას, შეცბა, როცა გვარიანად დაბეგვილი ასპაიმ და მისმა დობილებმა ინახულეს, დიდი თანალმობა აჩვენეს ძლეულ ვაჟკაცს ზრდილმა ქართველმა ქალებმა, დამარტოხელებულს, ასპაიმ ისიც გაუმხილა, რომ ამ ვაჟკაცური ძლეულობის შემდეგ კიდევ უფრო საყვარელი და სასურველი გახდა მისთვის… ბრეტონმაც იწამა ქართველი ქალის სიყვარული, მალე მომჯობინდა და უწინდებურად გალაღდა, სოლომონის ,,ქებათა-ქებას” მღეროდა ქართულად, შეზარხოშებული შიოს მარნის შავით, ყველაზე მეტს კოხტაობდა ეს თავმომწონე ყმაწვილი და მისად ეგულებოდა ქართველთა შვიდი სამეფო, მთელ მის გასამრჯელოს ყანდაარის აბრეშუმით ნამზად სამოსში და თბილისის აბანოებში ხარჯავდა და უამისოდაც, ასპაის იგი მეცხრე ცამდე უყვარდა, მაგრამ მალე, სახელმწიფო მოსაზრებით, ბრეტონის ასპაი ერთ გონჯ ყივჩაღ მთავარს შერთეს, ქალს კი ბრეტონი უყვარდა თავდავიწყებამდის, ამ უბედური სიყვარულის შემდეგ, ჩვენი ლომგული რაინდი სიკვდილს ეძებდა.

დეკორის (დიდგორის) ომში იმათ შუა იყო, მეფემ რომ სელჩუკთა შუაგულში შეგზავნა, შვიდ თურქ ემირს აღმოხადა სული, მის გვერდით ომობდა ასპაის ყივჩაღი ქმარიც, ჩვენი ბრეტონის რაყიფი და მასზე არანაკლებ მამაცი, რომელმაც სული დალია სელჩუკთა მახვილით, თუმცა, ზოგი გვარწმუნებს, სინამდვილეში ეს ბრეტონის შუბი იყოო, რაც არ უნდა იყოს, ახლა ბრეტონი და ასპაი დავით მეფის თანხმობით შეერთდნენ, მეფემ მას რამდენიმე თვით სამხედრო სამსახურისგან შეუვალობა უბოძა და წყვილიც მოწყვეტილია მთელ საქრისტიანოს თავის მამულში, ქვენიფნევს, ნეტარებით გაბანგული.

1. Tanti regis, veri et perfectissimi christiani – ავასგთა მეფე დავითი ყველაზე დიდი მეფე და ქრისტიანია, აღმოსავლეთში მოსული ფრანგები პირველად აღმოჩდნენ არაქრისტიანულ გარემოცვაში და ამან დიდად შეაძრწუნა ისინი, ფრანგთა ნათესავი მხოლოდ დიდ ქრისტიან მეფეთა სკიპტრის მსახურებაში პოულობს მოწოდებას, ასეთი კი აღმოსავლეთში ახლა მხოლოდ დავით აფხაზია

2. რაინდები აღმოსავლეთში მხოლოდ დავით მეფის სამეფოში მოიძებნებიან, პირველი რაინდიც თვითონ დავით მეფეა, აქ რაინდებს mokme (მოყმე)-ს ეძახიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ მოიდონ ჩვენი გულის ცეცხლი, როცა როლანდის სიმღერას ვმღერით, გულისგულამდე გმირავთ ჩვენი სათქმელი და მათი ,,ამირანდარეჯანიანიც” თითქოს ჩვენი რაინდული სჯულის ჰიმნია

3. ქართველთა და აფხაზთა სამეფო ერთადერთია აღმოსავლეთში, რომელიც უწმიდესის პაპის ომოფორის დიდად მსასოოვარია, აქ დიდი სიყვარული აქვთ რომის მღვდელმთავრისა და ჩვენს პაპებს წმიდის ნიკოლოზის გვერდით ხატავენ, ნიშნად დასავლეთის და აღმოსავლეთის მღვდელმთავრობის ერთობისა, ეს დიდი ნუგეშია ჩვენი რაინდებისთვის.

აფხაზთა საკათალიკოსოში საეკლესიო გალობაც მრავალხმიანი აქვთ, რომელიც დიდად მოჰგავს შარტრელ და პარიზელ კანტორებს.

აღმოსავლელი ქრისტიანები – სომხები, სირიელები, ეთიოპიელები და ნესტორიანნი ეჭვით გვზვერავენ მუდამ, დავით აფხაზის ქვეყანაში კი გულითად სიყვარულს ვპოულობთ

4. უწმიდესმა პაპმა ურბანომ კლერმონის კრებისას მოგვიწოდა, რომ თურქთა უწმინდური ნათესავი კავკასიის კართან შეგვეკავებინა, ამ კარიბჭეს სწორედ დავით მეფე ფლობს და იცავს, ამგვარად, ჩვენ თანამოზიარე ვართ ამ აპოკალიპტური ბჭის მცველობის უაღრესი პატივისა

5. მთელ აღმოსავლეთში ფრანგულ ფოლადს მხოლოდ ქართული ფოლადი თუ შეედრება, ჩვენი რაინდები დიდად აფასებენ ქართულ საჭურველს, მტკიცეს და ბრწყინვალეს, ქართველებიც დიდად აქებენ ფრანგულ ჯავარდნებს და საუკეთესო მახვილს სწორედ ფრანგულს ეძახიან. ქართველმა რაინდებმა (მოყმე) ძმობა თქვეს ჩვენთან, ფრანგ რაინდებთან, ფიცვერცხლით – ერთმანეთის სისხლის წვეთი შევსვით, ბოლოს მათ ასე გვითხრეს: ფრანგი ფრანგულის (მახვილის) სწორიაო, ანუ, ფრანგი ესოდენ აღმატებულია, როგორც მახვილი ,,ფრანგულიო”, დიდი ძმობა და სიყვარულია ჩვენს რაინდებსა და მათ მოყმეებს შორის, ისეთი მხურვალე, ქველი და წრფელი, როგორიც დავითსა და იონათანს შორის

6. ღვინო ! სისხლი უფლისა მთავარმამაო გიბელინ ! ჭეშმარიტად, ქართველთა ქვეყანაში ისეთია, როგორიც ფრანგთა ღმრთივდამყარებულ სამეფოში, წამალია სასიკეთო და ნუგეშინისსაცემელი ფრიად, დავით მეფე გულისხმიერი და უხვი ხელმწიფეა, სამ ნაშაღმაგეველ გლეხს დაავალა ჩვენი უზრუნველყოფა საუკეთესო ღვინით
ყივჩაღთა ჩამოყვანის შემდეგ დავით მეფე ლაშქარმრავალი ხელმწიფე შეიქნა და ჩვენი სამსახური ისე არა სჭირია, როგორც უწინ, მაგრამ, ყველა იმ მიზეზის გამო, რაც უკვე მოგახსენე სიწმიდის მოყვარე და უფალში ხელის აღმპყრობელო მამავ, იერუსალემს დაბრუნებას არ ვჩქარობთ.

წელსა უფლისა ათას ას ოცდაოთხს დეკემბრის ცხრას, ქუთათისით იერუსალემს, საჭურვლის ვაჭარ გილერმო გენუელის ხელით”

ტექსტის ყველა დეტალი ისტორიულ წყაროებს ემყარება, მაგრამ მხატვრული ტექსტია, ხაზგასმით აღვნიშნავ

ბექა ჭიჭინაძე

17.08.2023

დატოვე კომენტარი