Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

როგორი იყო თამარი და მისი სამეფო?

Posted by iberiana on მაისი 14, 2024


441063509_10229964900443138_5102615471121565981_nბექა ჭიჭინაძე – როგორი იყო თამარი და მისი სამეფო?

როგორი იყო თამარის სამეფო სასახლე?


რამდენიმე წელია ვაგროვებ წყაროებს თამარის სასახლეზე (,,ისანთა/ისნი”), სამეფო კარზე და მის ეტიკეტზე, რაც შეიძლება დაწვრილებითი სურათის მისაღებად, რაღაცებს ვამატებ სულ, ბოლო ვერსია ასეთია:

წყაროთა თანახმად, თამარის სამეფო სასახლე დიდშენია და კეთილმოწყობილი, სამეფო სიდიადის გარდა ამას წმინდა საჭიროებითი მხარეც აქვს, მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად დიდებულებიც უმეტესად დროს თამარის კარზე ატარებენ.

სასახლეს ჭეშმარიტად მეფურ იერს სძენენ მრავლად დატანებული კოშკები (აჯა იბ ად-დუნჲა), თაღებით შეკრული მაღალი სვეტები და კარიბჭის სტოები.

სამეფო სასახლეს ძირს, ძალიან ახლოს, წყალი ჩაუდის, მდინარეზე გადმოკიდებითაა ნაგები, განსაკუთრებულ დიდებულებას ამ სასახლეს სძენენ დიდი და მშვენიერი ბაღები (,,მტილ-სამოთხენი“), ფილოპატი, ანუ იშვიათი ცხოველების ნაკრძალი, სადაც სხვათაშორის ალადინ სულთნისაგან მოძღვნილი სპილოს და შარვანშასაგან მოგვრილი ლომის ნახვაც შეიძლებოდა ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან და ფრინველთან ერთად (შამქორის ომში დავლად ორმოცი ავაზაც დარჩათ).

სასახლეს ამშვენებდნენ აუზები (,,ავაზანნი“) და ფართო იპოდრომი (,,განხმული იპოდრომი“), რომელთაც ესდენ აქებენ მეფის მეხოტბენი და მემატიანენი.

აქვე უნდა ვახსენოთ მისი კარის ეკლესიაც, სადაც სჯულიერი ცხოვრება საბაწმინდის შავმთური ტიპიკონის რიგზე წარმოებს. მეფისა და დიდებულებისათვის აქ ხშირად თავად კათალიკოსი მღვდელმოქმედებს.

ალ ჰუსაინის მიხედვით საქართველოს (აბხაზის) მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, ,,რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა”, ბოლოს აქ ერთი ,,ზარგანსახდელი” ინციდენტი მოხდა, იოანე კათალიკოსმა არ აზიარა საქართველოს ,,მწვალებელი”, სომეხი მთავარსარდალი ზაქარია მხარგრძელი, შეურაცხყოფილმა ზაქარიამ კი მას ძალად გამოსტაცა სეფისკვერი, გაცოფებულმა კათალიკოსმა მთავარსარდალს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა: ძაღლიც კი არ იზამდა ამასო, ეს მძიმე ამბავია, უფრო მძიმე გაგრძელებებით…

მხურვალე ქრისტიანული სულის გარდა, წყაროთა მიხედვით თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა, რაც ასე ძალიან ჰგავს რაინდულ ტურნირებს. ,,კარგი მოყმის” – ამირ მირმანის სტუმრობისას მისმა ქვეშევრდომებმა დაიტრაბახეს, მისნაირი მობურთალი მთელს ირანსა და ერაყში არ მოიძებნებაო. თამარი რაინდული ასპარეზობების დიდი მოყვარული იყო, მალე მოეწყო დიდი ტურნირი ბურთაობაში, იქით ამირ მირმანი და მისი მოყმეები გაეწყვნენ, აქეთ სოსლან დავითი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, თამაშს თავად თამარი ესწრებოდა, ამიტომ ორივე მხარის თავმომწონე ჭაბუკები წელებზე ფეხს იდგამენ, ქართული წყაროების მტკიცებით, ამირ მირმანი დიდი გარჯილობის მიუხედავად მალე იძლია სოსლანის მობურთალებისაგან, რამაც ძლიერ დააჭმუნაო ძლევისმოყვარე ყმაწვილი, ამ და სხვა გამარჯვებებმა ქართველ მოასპარეზეებს ისე გაუთქვა სახელი, რომ თამარის მოყმეთა ქებამ სალადინის სამეფომდე ჩააღწია, როგორც ამას ეგვიპტურ ეპიკურ პოემა ,,ალ ჰიმმა“-დან ვიგებთ.

თამარის სასახლის აუზები მხოლოდ სამშვენისები არ არიან, იპოდრომზე ბურთაობის, ცხენოსნობისა და მშვილდოსნობის გარდა თამარის მოყმეები ერთმანეთს ცურვაშიც ეჯიბრებიან. ქართული სამხედრო აღზრდის იდეალები ესწორებიან არამხოლოდ დახელოვნებულ მხედარსა და მშვილდოსანს, არამედ კარგ მცურავსაც, თუ სამეფო ოჯახის პანეგირისტებს დავუჯერებთ მათ შორის პირველობას დავით სოსლანი ფლობდა.

თამარის კარისკაცები, დიდებული დარბაისელნი უმეტესად მხედარნი არიან და ბილწსიტყვაობისკენ ,,მხედრულად” მიდრეკილნი, ამიტომ მათ სასახლის ტერიტორიაზე სასტიკად აქვთ აკრძალული უშვერი მეტყველება, ისე როგორც ეს დავით ახლის (აღმაშენებლის) ლაშქარში იყო.

***

თამარის ბრწყინვალე კარი საკმარისად გავაშუქეთ, ახლა უშუალოდ მეფის აღსაწერად რამდენიმე სიტყვა.

თამარს ლურჯი თვალები აქვს – „გრემანია თუალითა“, ანუ აქვს „თუალნი ზღუებრ ლურჯი“. მეფე-ქალი ტანადია, თანაზომადი პროპორციებით, მართალია წელში გამოყვანილ პორფირს არ ატარებს, მაგრამ ეს მაინც თვალსაჩინოა. პირისახე თეთრი აქვს, ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, რაშიც მისი რამდენიმე თვითმხილველიც დაგვემოწმება. პირველი შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა აქვს, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილია სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვევია. („ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე“).

ტანადი, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილია იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (მისივე თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის – ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინი არქვია. გვირგვინში ჩასმული ზმირის (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიან.

რაც შეეხება მეფის ტახტს, ძალიან მაღლაა აზევებული, ბიზანტიის იმპერატორებთან წაბაძვით, „კედელ-ყურენი“ ფიქლით არის შეძერწილი, შთამბეჭდავია მასში ელვარე სარდიონის, ხურუმზის, ბივრილიონისა და ლიგვირიონის „ურთიერთს შთათხზვა“, რის შედეგადაც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებითაა აციალებული.

სარდიონი და ბივრილიონი არის „თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარება“, ამგვარად, ღამეც კი მეფის ტახტი საოცარი ფერადებით იყო აციალებული, მისი თვითმხილველები ალბათ ამიტომ ამბობდნენ: „უგავს ელობა კრონოს ციერსა“.

სხვამხრივაც აქ ბევრ უცხო სანახავს გადააწყდებით, თამარის ტყვე ინდოელებსაც კი, ქართველები რომ ზანგებს ეძახდნენ, ეს შამქორის ომის ნადავლია (ნიჯადნი ინდონი), ჩახრუხაძემ სწორედ მათზე თქვა:

,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად”

მეფე ობოლი ყმაწვილების დიდ ჯგუფზე ზრუნავს, თამარი ხშირად შენიშნავდა რომ იყო ,,მამა ობოლთა”, იგი საგანგებოდ მეურვეობდა ბიზანტიური ორფანოტროფეიონების მსგავს დაწესებულებას, სადაც ობლებს არამხოლოდ არჩენდნენ, არამედ განსწავლიდნენ კიდეც, რაც მათი სოციალური გარანტია უნდა გამხდარიყო, ყველაფერ ამის გამო თამარი იწოდება ,,მშიერთა პურად და სიბრძნის სადგურად”, ხანაც ,,სწავლის ებგურად” (გუშაგად), მეცნიერთა თავშესაფრად, სამწირო ხანაგად და ასე შემდეგ.

სამეუფეო სერზე მოწვეული თამარის ობლები ძლევისა გალობისა შემსხმელნი, გარს შემორტყმიან მეფის მაღალ ტახტს, ირგვლივ საუცხოო ღვინის კეთილსურნელება იკმევა.

ალ ჰუსაინი ჩამოთვლის ოქროს მაგიდებს, სინებს, თეფშებს და ფიალებს, რითაც აბხაზის მეფე სადილობდა, ვერცხლის გეჯებს, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინას – სავსეს დიდძალი მარგალიტით, სარდიონით და მარჯნით, ,,როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში”.

წარმტაცია სამეფო სუფრის ჭურჭელი, რომელიც ალისფერი ბადახშისგანაა დამზადებული (შავთელი) და მგზნებარედ აფრქვევს წითელ ციალებს, ზღაპრულად ეხამება მეფის ტახტის ფოსფორული ქვების ნაკვერჩხლისებურ კვესებს და მისი გვირგვინის ზურმუხტებიდან გადმოღვრილ მწვანე კიაფებს.

აქა-იქ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაგრამ მაინც ცხადად, შემდეგი სილუეტები იხლართებიან ერთმანეთში: მუშაითები – აკრობატები, თამარის კარზე მათ საპატიო ადგილი უჭირავთ და მეჯლისების აუცილებელი თანმხლები არიან.

მათ გვერდს უმშვენებენ მუტრიბნი თავიანთი ჩანგებით, აქვე არიან მგოსნები და მოშაირეები – სიტყვის ოსტატები როგორ მოაკლდებოდა ,,სწავლის გუშაგად“ წოდებული, დედის კვალზე თავადაც მწერალი თამარის სასახლეს.



***

და რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვას, ვინ იყო შოთა და რა ევალებოდა მას თამარის კარზე.

ჩვენს მითომან საზოგადოებას დიდად არ აინტერესებს ისტორიული ჭეშმარიტება რუსთაველზე, ბრჭყვიალა მითები უფრო სახალისო სარწმუნებელია, მერამდენედ მხვდება ,,თეორია” მის იერუსალემში გადასახლებაზე

სინამდვილეში ,,შოთა მეჭურჭლეთუხუცესის” ბიოგრაფია არც ისეთი ბურუსითაა მოცული, თუკი არსებულ წყაროებს სწორად განვმარტავთ ბევრ რამეს სწორად დავინახავთ, ოთხ ნაწილად დავაჯგუფებ ამ ხელჩასაჭიდ მომენტებს

1. პირველყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტიგასაღები რომ შოთა გარკვეული აზრით ვაჭართუხუცესია, რადგანაც ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: ,,ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო”, ეს კი სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის” სამყაროა, აქედანვე ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა ,,ვეფხისტყაოსანში”.

ხელმწიფის კარის გარიგება განაჩინებს, რომ მეჭურჭლეთუხუცესმა უნდა განაგოს სამეფო კარის არქივიც, რომელიც ხაზინის ნაწილია. აქედან შესაძლოა ვიგულისხმოთ, რომ შოთა, როგორც ,,მეჭურჭლეთუხუცესი” განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ.

რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, მუსლიმური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერ ამის შემდეგ გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს ,,ვეფხისტყაოსანში”.

მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც, შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების – ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული, ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული ,,ძველნი, სავაჭრო ქალაქნი” – ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე შოთას კომპეტენციის სფეროა.

ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.

შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ პროფესიული ცოდნა.

2. 1180-ან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა:
,,25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის). როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად) თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი… მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს…”
ასეთი შემთხვევების გამო აუცილებელი გახდა რომ თამარს საზღვარგარეთ ქართველთა მონასტრებში დაეწყო ,,სარწმუნოთა თვისთა წარვლენა”.

ფინანსური ოპერაციები შუა საუკუნეებში ერთმანეთისგან დაცილებულ დიდად დაცილებულ ადგილებში, ცხადია დიდად სარისკო იყო, სწორედ ამიტომ დაიკარგა თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობის ნაწილი 1180-ან წლებში.

მეჭურჭლეთუხუცესი შოთა იერუსალემის ჯვრის მონასტერში სწორედ ამ პერიოდში, ნიკოლოზ გულაბერისძის შემდეგ ჩადის, იერუსალემის დაცემის შემდეგ, და იწყებს ზრუნვას საზღვარგარეთის ამ ყველაზე დიდ ქართულ მონასტერზე.

მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ საკითხებში თამარის ,,სარწმუნოთა” შორის უპირველესად, ამიტომ უშუალოდ მისი ჩასვლა იერუსალემში ხსენებული ათონური ინციდენტის შემდეგ კარგად გასაგებია.

3. იერუსალემის ჯვრის მონასტრის წინაშე დამსახურებისათვის მისი ერისკაცი შემწირველები იხსენებიან ოჯახთან, ძირითადად, შვილებთან ერთად.

ჯვრის მონასტრის დიდი მეცენატი შოთა აღაპში ცალად იხსენიება, უშვილძიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ღრმად მოხუცებული კაცი ჩანს ფრესკაზე.

შესაძლოა ამ გარემოების უკან ,,ერთის ერთგულების” ის რაინდული პრინციპი იდგეს, რაც ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორის მრწამსია და რომელსაც ამ ეპოქის რაინდულ საზოგადოებაში მიმდევრები არ აკლდა.

4. ისევ ,,ვეფხისტყაოსნის” საზღვაო სამყაროზე
ამ ეპოქის საქართველო ნაწილი იყო უზარმაზარი საზღვაო გზისა წმინდა მიწისკენ, რომელიც მუსლიმური ექსპანსიისგან ჩაკეტილი სახმელეთო გზების ალტერნატივა იყო, შოთას სწორედ ეს გზა უნდა გაევლო იერუსალემში ჩასასვლელად, ალ-მაკრიზის მიხედვით, ეს საზღვაო გზა იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან – სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა” ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინეპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით…

მოკლედ, ეს ძალიან გრძელი საზღვაო გზა მოიცავდა მე-12 საუკუნის ყველაზე დიდ საზღვაო სავაჭრო ქალაქებს, წარმოიდგინეთ რამდენი ფერით უნდა გამდიდრებულიყო შოთას პოეტური სამყარო ამ მოგზაურობისას, სანამ იერუსალემში ჩავიდოდა, იერუსალემი თავის მხრივ კი იყო შუა საუკუნეების ნამდვილი ინტერნაციონალური მეგაპოლისი, სადაც შოთას მთელი იმდროინდელი სამყაროს ერების უმეტესობა უნდა ენახა, მათ შორის ,,ზანგები”, რამდენჯერმე ახსენებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ერთის მხრივ ზანგ, ეთიოპიელ მეფეს – იემრეჰანას დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა მე-12 საუკუნის საქართველოსთან, მეორე მხრივ კი სალადინმა ქრისტეს საფლავის ტაძარში ცხოვრების უფლება მხოლოდ ზანგ და ქართველ ბერებს – აღდგომელებს მისცა. ქრისტიანული სამყაროს მთავარი საკურთხევლის- გოლგოთის ტაძარშიც ქართველი და ზანგი ბერები ერთად ცხოვრობდნენ, ყველაფერ ამან ქართული ეკლესია დაახლოვა ეთიოპურ ეკლესიასთან, რამაც ერთი ძალიან საინტერესო და თბილი გამოვლინება ჰპოვა ძველ ქართულ ხელნაწერებში – ზოგიერთი ქართული სახარება მორთულია ზანგების მინიატურებით. ეთიოპურ ხელნაწერებშიც ამავე დროს ჩნდება ცნობები მეგობარი ქრისტიანი ხალხის, კოერჯებს – ქართველების შესახებ.

მე-12 საუკუნის საქართველოს და შოთას პოეტური სამყაროს ფართო გეოგრაფიული თვალსაწიერი დიდწილად სწორედ ამ დიდი საზღვაო გზის შედეგია, რომელიც უზარმაზარსა და უმდიდრეს კულტურულ გამოცდილებას იძლეოდა.


***
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მე-12-13 საუკუნეში

 

მე-12 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე მსჯელობისას ავიწყდებათ.რომ ორი ერის მოსახლეობა აქვთ დასათვლელი, საქართველო+სომხეთი, თავისი მაღალგანვითარებული ქალაქებით და მჭიდრო მოსახლეობით, ცნობილია რომ ევროპელი მოგზაურები საქართველოში ჩამოსვლას იწყებენ რუსუდანის მეფობიდან, მაგრამ ევროპელმა ებრაელმა რაბიმ და ვაჭარმა – ფეთახია რეგენსბურგელმა საქართველოზე გაიარა თამარის მეფობისას.

საინტერესოა, როგორ აისახა საქართველოს ოქროს ხანა ამ ეპოქის ევროპელი დიდვაჭრის თვალსაწიერში.

ფეთახია დაიძრა რეგენსბურგიდან, აუყვა დუნაის, შავი ზღვით ჩავიდა კაფაში, აქედან კი ჩრდილო კავკასიაში, საიდანაც ქართველთა და სომხეთა სამეფოში (არარატის ქვეყანა) ჩამოვიდა, იგი წერს:

,,ქალაქები აქ დიდია და მრავალრიცხოვანი…”
მეტად მრავლისმეტყველია, რომ დიდ ევროპულ ქალაქებს მიჩვეულ ფეთახიას საქართველოს ქალაქების სიდიდე და მრავალრიცხოვნება ხვდება თვალში, მალევე იმავეს დაადასტურებს მარკო პოლოც.

თავი მოვუყარე ჩემს ხელთ არსებულ ყველა წყაროს, რათა შემედგინა სია მე-12-13 საუკუნეების ქართული ქალაქებისა, აღირიცხა სამოცამდე ქალაქი, ცხადია, სია სრული ვერანაირად ვერ იქნება:

1. ხუფათი, 2. ბათომი, 3. ფოთი, 4. ცხომი, 5. ბიჭვინთა, 6. ანაკოფი, 7. ნიკოპსი, 8. ქუთაისი, 9. ვარდციხე, 10. შორაპანი, 11. თმოგვი, 12. ოლთისი, 13. წუნდა, 14. ოძრხე, 15. ბანა, 16. კარი, 17. თუხარისი, 18. არტაანი, 19. არტანუჯი, 20. ახალქალაქი, 21. ახალციხე, 22. აწყური, 23. სურამი, 24. ჟინვანი, 25. ატენი, 26. ალი, 27. ზოვრეთი, 28. ბარალეთი, 29. ლორე, 30. ხუნანი, 31. ხორნაბუჯი, 32. ჭერემი, 33. სამშვილდე, 34. თბილისი, 35. რუსთავი, 36. თელავი, 37. შაქი, 38. გორი, 39. უფლისციხე, 40. დმანისი, 41. ანისი, 42. დვინი, 43. ვაღარშაპატი, 44. გაღზოვანი, 45. სურბ მარი, 46. ამბერდი, 47. ბიჯნისი, 48. კარჰნი, 49. გარდმანი, 50. განძაკი, 51. ჭარეახი, 52. ჰერი, 53. შანქორი, 54. ბარდავი, 55. ჭარაბერდი, 56. ოროდნი, 57. პოროდი, 58. პზენი

ეს ქალაქები უშუალოდ მდებარეობდნენ საქართველოს საზღვრებში, მაგრამ იყვნენ გავლენის სფეროში მოქცეული და მოხარკე დიდი ქალაქებიც: კარნუ ქალაქი, დარუბანდი, განჯა, ნახჭევანი, ბაილაყანი და სხვა.

და მაინც, დაახლოებით რამდენი უნდა ყოფილიყო ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის (საქართველო+სომხეთი) მოსახლეობის რაოდენობა? 12 მილიონი არის ზღაპრულად დიდი რიცხვი, 2 მილიონი კი ზღაპრულად მცირე, ვფიქრობ, ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის მოსახლეობა დაახლოებით 4-5 მილიონი უნდა ყოფილიყო, ეს ეპოქისთვის უზარმაზარი, ,,იმპერიული მასშტაბის” რიცხვი იყო, ამიტომ ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია უცხოურ (ლათინურ, ბულგარულ) წყაროებში კლასიკურ იმპერიადაა აღწერილი.

მე-13-საუკუნის ფრანგული ,,სამყაროს აღწერა” აცხადებს: ,,ქართველთა მიწები იმაზე ვრცელია, ვიდრე ფრანგთა იმპერია…”.

ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შესადარებლად აღებულია საფრანგეთი იმ ზომებში, რაც ამ იმპერიას რეალურად ეკავა, თავის მხრივ, საფრანგეთიც შუა საუკუნეებში იმაზე ათჯერ დიდად მიაჩნდათ, ვიდრე რეალურად იყო. არსებობს ანეგდოტი, რომ როცა მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ საფრანგეთის რეალური, წარმოდგენილთან შედარებით ძალიან პატარა რუკა ნახა, გაოცებულმა თქვა, რომ ამ კარტოგრაფებმა ერთ დღეში გაანადგურეს ის, რისთვისაც მისი გენერლები მთელი ცხოვრება იბრძოდნენ.

როდესაც ფრანგული წყაროები აცხადებენ, რომ საქართველო საფრანგეთზე დიდია, შესადარებლად აღებულ საფრანგეთში გულისხმობენ რეალურ საფრანგეთზე რამოდენიმეჯერ დიდ ტერიტორიას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ზომების შესახებ არსებობს ფანტასტიკური წარმოდგენები, ამ საზომით საქართველო ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” შუა საუკუნეების ადამიანისთვის თითქმის სამყაროს ნახევარია. შესადარებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი მიჩნეულია თანამედროვე რუსეთის ან აშშ-ს ზომის სუპერსახელმწიფოდ.

შეიძლება ითქვას, რომ თუკი თამარიც ნახავდა მე-12-საუკუნის საქართველოს რეალურ რუკას, რაც ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში გვაქვს, დიდი ალბათობით, ლუდოვიკოს მსგავსად ისიც გაოცებული, ან შეურაცხყოფილი დარჩებოდა და იტყოდა, რომ ეს არაა მისი ,,შვიდი სამეფო” და რომ აქ დაკნინებულია მისი და მისი წინაპრების დიადი მონაპოვრები.

დავუბრუნდეთ მთავარს, ამ წარმოდგენების რეალურ საფუძვლებს

შუა საუკუნეების საფრანგეთი და ფეოდალური ქართული მონარქია (საქართველო +სომხეთი) სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები იყვნენ, საქართველოს მოსახლეობა თითქმის ხუთ მილიონს ითვლიდა, რაც იმდენივე იყო, რამდენიც საღვთო რომის იმპერიისა…

ამიტომ იყო დავით აღმაშენებელი, ანუ პრესვიტერი იოანე მიჩნეული სამყაროს ყველაზე დიდი სახელმწიფოს მეფედ, ამიტომ უწოდებს უილიამ ტირელი საქართველოს იმპერიას, და არა სამეფოს და ამიტომ მოიხსენიებს მე-12 საუკუნის ბულგარული ,,რაზუმნიკი” საქართველოს იმპერატორს სამყაროს სამ იმპერატორთა შორის, ეს წყარო თავისი ბიბლიოგრაფიით უკვე გაგიზიარეთ.

 

14.05.2024

დატოვე კომენტარი