Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

Posted by iberiana on იანვარი 4, 2024


345782325-1038992933743753-4724060327925484175-n-1684239196

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

ხალხური:
,,შვიდი წლის ქალი თამარი მეფედ თქვეს, დედოფალიო
ზღვის პირას შავიყარენით, შეგვექმნა საომარიო…”

სხვა გადმოცემებში ეს ზღვა კასპიის ზღვადაა დაკონკრეტებული, მოხდა თუ არა ქართველთა საზღვაო ბრძოლა თამარის ბავშვობისას კასპიის ზღვაზე ?

დიახ!

ამ ხალხურ ლექსს კოსმოგონიურ მითოლოგემებთან ერთად ისტორიული განზომილებაც აქვს.

მე-12 საუკუნის შირვანელი ავტორის, ხაყანი შარვანის ნაწერების სრულ გამოცემას გავეცანი, გაოგნებული დამტოვა. ხაყანის ცნობით, 1173 წელს, საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია ,,ქერა-ჟღალ” რუსთა და დარუბანდელთა დიდი ლაშქარი, რუსები ზღვით – ფლოტით და დარუბანდელები ხმელეთით.

გიორგი მესამის მამიდაშვილიშირვანშაჰი აღსართანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარება გიორგის სთხოვა, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა გიორგის მამიდაშვილი, მომავალი იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც, ამავე დროს, აღსართანის დეიდაშვილი იყო.

ქართველთა ლაშქარი სწრაფად გაემართა შირვანში, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, რომ ესაა სამი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ხელმწიფის ამბავი, (ანდრონიკე, გიორგი, აღსართანი), სამივე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გიორგი მამის ხაზით, ანდრონიკე და აღსართანი დედის. ერთი მოძმე ხელმწიფე შველის ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაშემორტყმულ მოძმე ხელმწიფეს
ხაყანის მიხედვით, განადგურებულ იქნა რუსთა 73 გემი! ეს ხომ მთელი ფლოტია?!

შესაძლოა, ავტორი აჭარებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ თამარის ბავშვობისას ქართველთა დიდმა ლაშქარმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი. სწორედ ეს გარემოებაა ასახული ზემო წამძღვარებულ ხალხურ ლექსში, და არამხოლოდ, გაიხსენეთ ფრიდონის ამბავი, რომელიც საზღვაო ქვეყნის მეფეა და რომელსაც მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება, სწორედ ისე, როგორც აღსართანს, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს:

,,ნავი წინა მომეგება არა ვიცი შვიდი თუ რვა
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ,,ვა”
კვლა სხვა მივე მოვკივდე ხელი ნავისა ბაგესა
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა
სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა”

რა თქმა უნდა, ტარიელისაგან ფრიდონის შველაში არეკლილია გიორგი მესამის დიდი საზღვაო ომი რუსების წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა.

გიორგი მესამეს ამ ბრძოლაში ახლდა ლიხთიმერთა და ამერთა ლაშქარი, საზღვაო ბრძოლაში იგი უნდა დაყრდნობოდა ლიხთიმერთა და აფხაზთა ლაშქარს, რომელსაც ზღვაზე ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გააჩნდა.

ქართული წყარო ამ მოვლენაზე მოკლედ საუბრობს და არ აკონკრეტებს შირვანს შესეულ ,,ხაზართა” ვინაობას, მაგრამ ხაყანი და სხვა მუსლიმი ავტორები დაწვრილებით საუბრობენ დარუბანდელთა მოკავშირე ამ რუსულ ლაშქარზე და ფლოტზე, რომელიც გიორგიმ გაანადგურა

ამ ,,ქერა-ჟღალ” რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავალად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს.

1.01.2024

***

დამატება:

პოსტის კომენტარებში რამდენიმე კრიტიკული, საფუძვლიანი, მაგრამ მაინც მცდარი მოსაზრებაა, რომელთაც აქ ვუპასუხებ

1. ,,დასავლეთ საქართველოდან ხელით წაიღეს კასპიის ტბამდე გემები თუ ადგილზე იშოვეს?”

,,საეჭვოა… თუ Შირვანს Შეესიენ ესე იგი ბრძოლა კასპიის ზᲦვაᲨი უნდა მომხდარიყო, სადაც ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ლიხთიმერთა, აფხაზთა და კომნენოსთა გემები… თანაც ამ პერიოდᲨი რუსეთი არც კასპიის ზღვას ესაზღვრებოდა და არც ვოლგაზე ნაოსნობდა და თვითონ საიდან მოხვდა კასპიაᲨი… თუმცა საინტერესოა, იქნებ რამე სხვა ახსნა ჰქონდეს…”

– დიახ, სხვ ახსნა აქვს, ჯერაც ანტიკურობიდან მოყოლებული არსებობდა კირ-ფაზისის დიდი სანაოსნო მაგისტრალი, რომელიც ფაზისიდან ინდოეთამდეც კი ჩადიოდა, არათუ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიამდე, შავი ზღვის ხომალდები ფაზისის გავლით მიემართებოდნენ მტკვრის აუზისკენ, წყვეტისას, ჩანს, ხდებოდა ხომალდების ხმელეთზე გადაზიდვა, რაც ძალიან ცნობილი პრაქტიკა იყო, მტკვრის აუზიდან კი კასპიის ზღვაში ძალიან მარტივი იყო მოხვედრა, ეს საზღვაო მარშრუტი არსებობდა შუა საუკუნებშიც და შესაბამისად, არაფერი ედგა წინ იმას რომ ლიხთიმერთა და აფხაზთა ფლოტი კასპიის ზღვაში აღმოჩენილიყო.

2. ,,და რატომ არ შეიძლება ფლოტი შირვანშაჰის კუთვნილება ყოფილიყო. მათ ხომ კასპიის ზღვა ესაზღვრებოდა. და ქართველთა მეფე მოხმარებოდა ხალხით. თუნდაც საზღვაო ბრძოლებში გამოწრთობილი აფხაზებით.და რაც შეეხება რუსებს, როგორც ჩანს მართლაც ჩრდილოეთიდან მოხდა შემოსევა….”

– დიახ, სავსებით შესაძლებელია რომ შირვანშაჰის ფლოტი ყოფილიყო, მაგრამ განადგურებულ იქნა 73 გემი, ანუ მტრის უდიდესი ნაწილი ზღვაზე იყო კონცენტრირებული და ნებისმიერ შემთხვევაში ქართველთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა

3. ,,ბექა, რომელ ენაზე თარგმნილი წაიკითხე ხაყანის ტექსტი? მაინტერესებს, რა სახელწოდებით მოიხსენიებიან რუსები? მე მგონი, აშკარად თრიაქი ჰქონდა მოწეული და სიზმარი ნახა. ვინ მიაშავა რუსებს ფლოტი მე-12 საუკუნეში, ან საერთოდ საიდან გაჩნდნენ კასპიის ზღვაში, როცა ზღვის მთელი ჩრდილო დასავლეთი ტერიტორია ხაზარებს ეკავათ (მათი სახელმწიფო, სახაკანო დიდი ხანია, აღარ არსებობდა, მაგრამ მოსახლეობა დარჩა), მათ მეზობლად კი ყივჩაღები ცხოვრობდნენ და რუსული სამთავროების გავლენის ტერიტორია ქვემო ვოლგისპირეთამდეც არ ვრცელდებოდა. არც ეთნიკურად რუსული მოსახლეობა იყო იქ. ეს პროცესი მხოლოდ მე-16 საუკუნეში, ივანე მრისხანეს მიერ ასტრახანის სახანოს დამორჩილების შემდეგ დაიწყო. აშკარაა, რაკი გიორგის მიშველება გახდა საჭირო, შირვანზე თავდასხმა სერიოზული მასშტაბის იყო, მაგრამ ამისი გაკეთება მხოლოდ ყოფილი სახაკანოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლო. ხაყანი შირვანელი პოეტი იყო. მას საქართველოზე საინტერესო ცნობები აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ მთლად კარგად ვერ ერკვეოდა ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთის ეთნოპოლიტიკურ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომ თავდამსხმელები რომელიმე რუსული სამთავროს შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდნენ. უახლოესი რუსული სამთავრო, ტმუტარაკანი, მაგ პერიოდისათვის შავი და აზოვების ზღვების შეერთების ადგილზე მდებარეობდა”

– ამ რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავლად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს

აქვე, Nika Khoperia ს ძალიან კარგი კომენტარი:

,,კასპიის ზღვაზე სკანდინავიელები, რომლებიც უმეტესად “რუსებად” მოიხსენიებიან აღმოსავლეთში, მანამდეც ჩამოსულან და შირვანსაც დასხმიან თავს. ეს წლები ცოტა უფრო გვიანია მათი აქტივობისთვის, თუმცა გამორიცხული არ არის, ცალკეული ეპიზოდები ყოველთვის ცდება ქრონოლოგიურ ჩარჩოებს. 1030-იანებში იყვნენ დანამდვილებით და ადგილობრივ სამოქალაქო ომშიც მიიღეს მონაწილეობა”.

დანარჩენზე, ჩემს სტატიაში, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მკითხველს გაგიზიარებთ, მიიღეთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული, ნუ აჩქარდებით, ეს მხოლოდ ფეისბუქპოსტია.

***
მე-12 საუკუნის კიდევ ერთი საზღვაო ბრძოლა ქართველთა მონაწილეობით. 

ნორმანთა წინააღმდეგ, ბიზანტიურ ფლოტში იმპერატორ მანუელის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ამ კამპანიაში იყო ქართული შენაერთი, რომელსაც უზარმაზარი თანხა- 30. 000 ოქრო გადაუხადა, მაგრამ ქართველები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ.

ნიკიტა ხონიატე ამ საზღვაო ბრძოლაზე წერს: ,,დაუპირისპირდნენ უილიამის ძალებს დიდ, სასტიკ საზღვაო ბრძოლაში, გაანადგურეს მისი გემები და ძალიან მალე აიღეს ბრინდისი ალყით”

ბექა ჭიჭინაძე

დატოვე კომენტარი