Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘სამხედრო საბჭო’

ცაიშელების განცხადება პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. 1992

Posted by iberiana on იანვარი 28, 2023

იოსელიანი და კიტოვანი1992 წლის 28 იანვარი.

საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებულის სახელმწიფო გადატრიალებით ანტიკონსტიტუციური ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ ე. წ. სამხედრო საბჭო (მოქმედებდა 1992 წლის 2 იანვრიდან 1992 წლის 10 მარტამდე, წევრები: თენგიზ კალისტრატეს /შოთას/ ძე კიტოვანი /დაბადებული 1938 წელს/ და ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი /1926–2003 წლები/), საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით, მათი ანტიკონსტიტუცი ქმედებების წინააღმდეგ გამოსული ხალხის ნების გასატეხად, ანხორციელებენ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს, ეწევიან პირადი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების ყაჩაღურ დაუფლებასა და ძარცვას საქართველოს რესპუბლიკის ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში.

***

photo0n

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მცხოვრებთა განცხადება

1991–1992 წლების დეკემბერ–იანვარში საქართველოში მოხდა ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის დამხობა სამხედრო გადატრიალების გზით. ხელისუფლებას სათავეში უდგას ნეობოლშევიკური კრიმინალური ხუნტა, დამყარდა დიქტატურა. ქართველმა ერმა პროტესტი გამოუცხადა რეაქციულ ხელისუფლებას, მთელს საქართველოში გამოცხადდა ეროვნული დაუმორჩილებლობა, რის საპასუხოდაც თვითმარქვია ხელისუფლებამ მთელს საქართველოში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და თავად გააჩაღა ფართო მასშტაბის დაპყრობითი ომი. ე. წ. “სამხედრო საბჭოს” განკარგულებით დედაქალაქიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისაკენ დაიძრა დიდძალი სამხედრო ტექნიკა და სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილი ე. წ. “საქართველოს მთავრობის ჯარები” (რომლის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ საპატიმროებიდან გამოყვანილი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და კბილებამდე შეიარაღებული ქალების ჯგუფი), რომლებიც ქალაქებისა და სოფლების “შტურმით აღების” დროს ძარცვავდნენ და ხოცავდნენ მოასახლეობას, ანადგურებდნენ, აგრეთვე, მათ კუთვნილ შინაურ ცხოველებს, ანალოგიური მოვლენები განვითარდა ჩვენს სოფელშიც.

1992 წლის 28 იანვარს, დილით, მრავალრიცხოვანი, მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილნი, სროლით შემოიჭრნენ სოფ. ცაიშში. დაცხრილეს საცხოვრებელი სახლები. ტყვიას გვიშენდნენ ვერტმფრენიდანაც (რამაც დააზიანა საცხოვრებაელი სახლების სახურავები), სროლის შედეგად გუჩნდა ცეცხლი და დაიწვა მოქალაქე სონია ჯანაშიას საცხოვრებელი სახლი (ს. ჯანაშიას წერილი განცხადებას თან ერთვის).

შეშინებული მოსახლეობა საჩქაროდ გაიხიზნა სახლებიდან. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ სახლებში შეიჭრნენ ე. წ. მთავრობის “ჯარისკაცები” და გაძარცვეს 20–ზე მეტი ოჯახი, გაიტანეს საკვები პროდუქტების მარაგი, საოჯახო ნივთები (თეთრეული, ტანსაცმელი, ფული, ჭურჭელი, ხალიჩები, ძვირფასეულობა, კანონიერად რეგისტრირებული სანადირო თოფები). ნივთების, რომელთა წაღებაც ვერ შეძლეს, დაამტვრიეს – ტელე რადიო და ვიდეო აპარატურები, ჭაღები და ა. შ. დაარბიეს და გაძარცვეს კომერციული მაღაზიები, საიდანაც დაიტაცეს დიდი რაოდენობით სასურსათო და სხვა სახის საქონელი. მოურიდებლად ითხოვდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და მოსახლეობის თვალწინ იკეთებდნენ ნარკოტიკებს, ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფნი ცინიკურად ეპყრობოდნენ ხალხს.

საქართველოს სისხლიანი ხუნტის დამსჯელი ჯარების მიერ სოფ. ცაიშში ჩადენილ ვანდალიზმს მოსახლეობა აღიქვამს, როგორც ადამიანთა უფლებების იგნორირებისა და ღირსების ფეხქვეშ გამთელავ ფაქტს. ამის გამო მოგმართავთ თქვენ, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები და ჩვენი სახელით მიმართოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა შესწავლილ და ობიექტურად შეფასებულ იქნას ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტები.

დღეს, საქართველოში არსებული უკანონო ხელისუფლება სისტემატურად, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ქართველი ხალხი, ვთხოვთ, მსოფლიოს პროგრესულ ძალებს და საზოგადოებას მტკიცედ დაგვიჭირონ მხარი ჩვენი უფლებების და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის საქმეში.

აღვნიშნავთ აგრეთვე იმას, რომ “საქართველოს მთავრობის ჯარების” თანმხლებ ტანკებსა და “ბტრ”–ში ისხდნენ საბჭოთა არმიის რუსი ოფიცრები. რამდენიმე მათგანის ხელში შევნიშნეთ ტოპოგრაფიული რუკები – ქ. ზუგდიდისა და მისი რაიონისა.

გთხოვთ, ჩვენი განცხადება გააცნოთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციას.

განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებს ვადასტურებთ და ხელს ვაწერთ დაზარალებულები და თვითმხილველები.
ნ. გოგინავა, ო. გოგინავა, ვ. ჯგერენაია, ა. ნაროუშვილი, რ. ნაროუშვილი, ნ. ფირცხალავა, ლ. კაკაშვილი, მ. ჟორჟოლიანი … სულ ხელს აწერს 188 ოჯახი.”

გაზეთი “აღდგომა” №4 24 მაისი 1992 წელი

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , , , | Leave a Comment »