Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ჰელსინკი’

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები. 7.07.1992

Posted by iberiana on ივლისი 8, 2023

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები

168096164_1113392149172250_5007109722460250067_n

1992 წლის 7 ივლისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (1991-1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ გაავრცელა მიმართვები:
– ფინეთის რესპუბლიკის დედაქალქ ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის (გაიმართა 1992 წლის 9 – 10 ივლისს) მონაწილეებისა და
– რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ნიკოლოზის ძე ელცინის (Бори́с Никола́евич Е́льцин; 1931-2007 წლები) სახელზე.

მიმართვა
ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის მონაწილეებს

რუსეთის ფედერაცია ანხორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ“-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა/Содру́жество Незави́симых Госуда́рств დაარსდა 1991 წლის 8 დეკემბერს) წევრი ქვეყანა, ამ გაერთიანების ჯარები, რომლებიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ კოლაბორაციონისტული

ე. შევარდნაძის დროებითი მთავრობის ძალებთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში სისხლიანი პუტჩისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად ყოფილი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერით. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხუთი შვეულმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ძალებისაგან, რომელიც ეწევა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა.

ერთდროულად რუსეთის ჯარები – ვითომდა სამშვიდობო ძალები, ჩრდილოეთ ოსეთის ძალებთან ერთად შეჰყავთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დამსჯელი ოპრაციების ჩასატარებლად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო გაუარესდა დაგომისში ბ. ელცინისა და ე. შევარდნაძის გარიგების შედეგად.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. რომელიც სულ უფრო და უფრო გარდაიქმნება მეორე ავღანეთად. ეს არის გენოციდი, რომელიც მიმდინარეობს წამყვან სახელმწიფოთა ჩუმი თანხმობით.

რუსეთის ჯარების აგრესიული ქმედებანი შენიღბულია რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების, სამშვიდობო მოღვაწეობის აუცილებლობის შესახებ.

მოგიწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნებს დაგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე ე. შევარდნაძის მარიონეტული რეჟიმის კოლაბორაციონიზმი და მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარების გაყვანა, რომლებიც წარმოადგენენ დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყაროს, საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს და ხელს უშლიან რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

***

მიმართვა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ. ნ. ელცინს

ბატონო პრეზიდენტო!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ”-ს წევრი, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ამ გაერთიანების ჯარები სულ უფრო ხშირად ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს ძალებთან ერთად. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 ვერტმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული მხედრიონის დამსჯელი ბანდებისგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეაგზავნეს ე. შევარდნაძემ და მისმა დამქაშებმა და რომლებიც აწარმოებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა იმსხვერპლა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე. ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში, აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც შენიღბულია სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობის, ლოკალური კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ თქვენი განცხადებებით.

მე პროტესტს ვაცხადებ რუსეთის ხელმძღვანელობის ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ. მოვითხოვ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების შეწყვეტას და “СНГ”-ს საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან.

გამოცემა “ქართული აზრი” №27 6 აგვისტო 1992 წელი

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »