Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. 23.03.1991

Posted by iberiana on მარტი 23, 2023


eltsin-gamsakhurdia

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია “ყოფილი სამხრეთ ოსეთი”! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი – ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

***

P.S. და ეს მიღწევა მიშა სააკაშვილმა წყალში ჩაგვიყარა!

დატოვე კომენტარი