Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

დემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

Posted by iberiana on მარტი 24, 2023


demur giorkheidzeდემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

ახალგაზრდებს მივმართავ, – განსაკუთრებით იმ ნაწილს, ახალგაზრდული დამოუკიდებლობისა და მაქსიმალიზმის გამოვლენისა და წარმატებაზე ორიენტაციის ნაცვლად, შეუმჩნევლად, პოლიტიკური გავლენის ობიექტი გახდნენ, შეაგუეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაზიზღრეს საგანმანათლებლო სისტემას, როგორსაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენს!

შეატყუეს ფსევდო-სპეციალობები და ამ არაფრისმომცემ “სპეციალობებში” ფულს ახდევინებენ და ფულის შოვნის წყაროდ აქციეს!

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი რაზეა დამოკიდებული, საერთოდ დაუმალეს და დამპალმა მესვეურებმა
განათლებისა, ხელისუფლებების მხარდაჭერით,

ჩაუნერგეს, უტვინობა და სისულელე, რომ “განათლებამ ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს!” და “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს!

მხოლოდ უტვინო და არაკვალიფიცირებულ ე.წ. “პროფესორებს” შეუძლიათ ამ სისულელის ქადაგება!

სხვა სისულელეებზე აქ არ ვისაუბრებ!

ახალგაზრდებო!
დასავლეთი გნებავთ?!
განათლების და მეცნიერების გარეშე, –
დამპალი იდეოლოგიის ქადაგებით,
უტიფრობით, უტვინობით, უზრდელობით და
გაუნათლებლობით გნებავთ დასავლეთი?!

მაგრამ ეს შეუთავსებელი რამეებია!

რაც თქვენ დასავლეთად მოგასაღეს თახსირმა თქვენმა “მასწავლებლებმა” და “პროფესორებმა” – ეს დასავლური ცივილიზაციის ჭუჭყია მხოლოდ, ანუ მისი განვითარების გვერდითი, თანმხლები ეფექტები!

დასავლური ორიენტაცია ისაა, კლასიკური დასავლური ტიპის სახელმწიფოს აგება გსურდეს ქართულ ნიადაგზე, რადგან ეს შესანიშნავი კონსტრუქცია იქნებოდა ქართველთა განვითარებისთვის და მსოფლიოში მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის!

უძლიერესი თანამედროვე განათლება და ეროვნულ ფუძეზე განვითარებული ინტელექტი, – აი, თქვენი მსოფლიოში უმძლავრესი კონკურენტუნარიანობის საფუძველი!

განათლება და პროფესიონალიზმი კი ისაა, რაც თქვენს სასწავლო აუდიტორიებში უნდა მოგეწოდებოდეთ და ეს ყველაფერი არაფრით უნდა განსხვავდებოდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ანალოგიურ სპეციალობებზე წაკითხული ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისგან!

მე არათავმოწონებისა და არარეკლამისთვის გწერთ ახლა ამას!

ჩემს ხელში უკვე 3600-მა სტუდენტმა გაიარა, – ვისთვისაც მე არც ძალა და ენერგია, არც ცოდნა და მონდომება დამიკლია, რომ საუკეთესოდ მიმეწოდებინა ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული საგნები!

მე ვიცი, თუ როგორია ქართველი ახალგაზრდის გონებაგახსნილობის ხარისხი – უსაშველოდ მაღალი, რომელიც ამ განათლების სისტემაში ნადგურდება!

მე გამიმართლა და მსოფლიოში სულ წინა ხაზზე მყოფ მეცნიერებაში მიმუშავნია, ახლაც ინტენსიურად ვმუშაობ!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ჩემი მონოგრაფიები თუ ფუნდამენტური ხასიათის სახელმძღვანელოები, პუბლიცისტური წერილები და ა.შ.

მე დღესაც არაერთი სალექციო კურსს ვკითხულობ, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს წაკითხულა და ეს თანამედროვე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების დონეზეა შესრულებული.

არ არსებობს ტოპ-უნივერსიტეტი, სადაც ეს საგნები უფრო კარგად და სრულად იკითხებოდეს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

ჩემი სრულიად უნიკალური სალექციო კურსი “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები” – 12 ლექცია, რომელიც 2022 წლის ზაფხულში წავიკითხე, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ურთულესი პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის მეცნიერების ერთ-ერთ ფუძე საყრდენს “არაწრფივ დინამიკას” იყენებს!

რატომ გწერთ ამ ყველაფერს?!

აი, რატომ:

დასავლური ორიენტაცია– ეს არის განათლება და მეცნიერება, ინსტიტუტები, თანხმობა მომავალზე და ნორმები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო სივრცეში ადამიანთა ურთიერთობას.

თქვენ თუ მართლა ასეთი რამ გსურთ, –
ინტერესს გამოაჩენდით და დაინტერესდებოდით იმით, რაც თქვენ განვითარება-განათლებას უწყობს ხელს და არ შეეგუებოდით უსაშინელეს საგანმანათლებლო სისტემას, მოტყუებასა და მდარე სპეციალობებს, პროგრესს ქმნის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო განათლება და სოციალური მეცნიერებები ხსნიან ამ პროგრესის მიმართულებებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს.

დასავლეთი – მისი კლასიკური ეპოქის ატმოსფერო საქართველოში უნდა შეიქმნას და ამას მხოლოდ განათლება და ცოდნა სჭირდება.

როცა ახალგაზრდები იმეორებენ უყალბეს ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსზე
(და არც შეიძლება ჰქონდეთ წამოდგენა!), როცა ახალგაზრდები ინტელექტუალური დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ჩანაცვლებას ახდენენ თავსმოხვეული ყალბი იდეოლოგიური შტამპებით, – ისინი ანადგურებენ საკუთარ მომავალს!

ამ მონაწერის ერთადერთი მიზანია, – დაფიქრდეთ რაც ხდება თქვენს თავს.

მე კი ყველა ახალგაზრდის გვერდით ვიქნები, ვისაც განათლება სურს უმაღლეს დონეზე და შემიძლია მოკრძალებულად გითხრათ, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც მიმუშავია და ვმუშაობ, – გვერდით მიგულეთ!

სხვაგან უფრო დიდ რამეს ვერ შეითვისებთ, თუმცა, ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ!

საქართველო იარსებებს მხოლოდ განათლებული, მცოდნე და საკუთარ სახელმწიფოზე ორიენტირებული ხალხის ხელში!

ბოლომდე გნებავთ საკუთარი თავის განადგურება?
გაანადგურეთ!

არ ხართ უმრავლესობაში და საქართველოს მომავალი არ არის თქვენზე დამოკიდებული, თუ ასეთებად დარჩებით!

საქართველოს მომავალი განათლებულ, კულტურულ და ცოდნის დაუფლების მოსურნე ახალგაზრდებისაა!

24 მარტი, 2023

დატოვე კომენტარი